თავი 38
ადიდეთ იაჰი მისი სამართლისთვის!
1. რას ამბობს „ციდან დიდი ხმა, როგორც დიდძალი ხალხის ხმა“?
დიდი ბაბილონი მეტად აღარ არსებობს! ეს ნამდვილად სასიხარულო ცნობაა, ამიტომაც ესმის იოანეს სიხარულით წარმოთქმული ქება-დიდების სიტყვები. «ამის შემდეგ გავიგონე ციდან დიდი ხმა, როგორც დიდძალი ხალხის ხმა. ისინი ამბობდნენ: „ადიდეთ იაჰი [ალილუია]a! ხსნა, დიდება და ძლიერება ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, რადგან ჭეშმარიტი და მართალია მისი სამართალი. აღასრულა განაჩენი დიდ მეძავზე, რომელმაც გარყვნა დედამიწა თავისი სიძვით, და მოჰკითხა მან მეძავს თავისი მონების სისხლი“. მათ მაშინვე გაიმეორეს: ადიდეთ იაჰი [ალილუია]b! მეძავის კვამლი არ შეწყდება მარადიულად“ » (გამოცხადება 19:1—3).
2. ა) რას ნიშნავს „ალილუია“ და რისი მიმანიშნებელია ის, რომ იოანეს ორჯერ ესმის „ალილუია“? ბ) ვის ეკუთვნის დიდება დიდი ბაბილონის განადგურებისთვის? ახსენით.
2 ალილუია! როგორც ვხედავთ, ეს სიტყვა ნიშნავს „ადიდეთ იაჰი!“. იაჰი ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმაა. გვახსენდება ფსალმუნმომღერლის მოწოდება: „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს იაჰი. ადიდეთ იაჰი!“ (ფსალმუნი 150:6). მოზეიმე ზეციერი გუნდი ახლა უკვე მეორეჯერ მღერის ალილუიას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღვთიური ჭეშმარიტება განუწყვეტლივ ცხადდება. როგორც ებრაულ, ისე ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მხოლოდ ერთ ღმერთზე მიდის საუბარი, რომლის სახელიც იეჰოვაა. ეს ის ღმერთია, რომელმაც დაამხო ძველი ბაბილონი, განაჩენი გამოუტანა დიდ ბაბილონს და გაანადგურა ის. დიდება მიაგეთ მას ამ გამარჯვებისთვის! ბაბილონი ღვთის ძალამ დაამხო და არა იმ ერების ძალამ, რომელთაც ღმერთმა ბაბილონი გაანადგურებინა. ჩვენ ხსნას მხოლოდ იეჰოვას უნდა ვუმადლოდეთ (ესაია 12:2; გამოცხადება 4:11; 7:10, 12).
3. რატომ დაიმსახურა დიდმა მეძავმა ასეთი სასჯელი?
3 რატომ იმსახურებდა ეს დიდი მეძავი ასეთ სასჯელს? იეჰოვას კანონით, რომელიც მან ნოეს და შესაბამისად მთელ კაცობრიობას მისცა, სისხლის უმიზეზოდ დამღვრელი სიკვდილით უნდა დასჯილიყო. ეს კანონი ისრაელისთვის მიცემულ კანონშიც გამეორდა (დაბადება 9:6; რიცხვები 35:20, 21). გარდა ამისა, მოსეს კანონით როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მრუშობა სიკვდილით ისჯებოდა (ლევიანები 20:10; მეორე კანონი 13:1—5). ათასობით წელია, რაც დიდ ბაბილონს სისხლის ღვრაში ედება ბრალი. ის ურცხვად მრუშობს. მაგალითად, რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ მღვდლებისთვის ქორწინების აკრძალვის გამო არაერთი მღვდელი ჩაეფლო დიდ უზნეობაში და დღეს ბევრი მათგანი შიდს—ით არის დაავადებული (1 კორინთელები 6:9, 10; 1 ტიმოთე 4:1—3). დიდი ბაბილონის უდიდესი ცოდვა, რომელიც „ცას მისწვდა“, გამაოგნებელი სულიერი მეძაობაა, რაშიც ცრუ სწავლებების გავრცელება და გახრწნილ პოლიტიკოსებთან ახლო ურთიერთობა იგულისხმება (გამოცხადება 18:5). ის საბოლოოდ დაისაჯა, რის გამოც უამრავი ზეციერი ქმნილება მეორედ წარმოთქვამს „ალილუიას“.
4. რას ნიშნავს ის, რომ დიდი ბაბილონის კვამლი „არ შეწყდება მარადიულად“?
4 დიდი ბაბილონი დაპყრობილი ქალაქივით დაიწვა და მისი კვამლი „არ შეწყდება მარადიულად“. როცა ქალაქს დამპყრობელთა ჯარი წვავს, კვამლი მანამდე ასდის, სანამ ნაკვერჩხლები არ ჩაინავლება. ვინც შეეცდება მბოლავი ქალაქის აღდგენას, მხრჩოლავ ნანგრევებში დაიწვება. დიდი ბაბილონის კვამლი „არ შეწყდება მარადიულად“, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სასჯელი საბოლოოა და ვერავინ შეძლებს ამ შემზარავი ქალაქის აღდგენას. ცრუ რელიგია სამუდამოდ მოისპო. ალილუია! (შეადარეთ ესაიას 34:5, 9, 10).
5. ა) რას აკეთებენ და რას ამბობენ 24 უხუცესი და ოთხი ცოცხალი ქმნილება? ბ) რატომ არის ეს „ალილუია“ ქრისტიანულ სამყაროს ტაძრებში შესრულებულ „ალილუიაზე“ ბევრად მელოდიური?
5 ადრეულ ხილვაში იოანემ იხილა ტახტის ირგვლივ ოთხი ცოცხალი ქმნილება 24 უხუცესთან ერთად, რომლებიც ზეცაში განდიდებულ სამეფოს მემკვიდრეებს განასახიერებენ (გამოცხადება 4:8—11). ახლა იოანე კვლავ ხედავს მათ. ამჯერად ისინი დიდი ბაბილონის განადგურების გამო გრგვინვით წარმოთქვამენ მესამე „ალილუიას“: «ოცდაოთხი უხუცესი და ოთხი ცოცხალი არსება დაემხვნენ, თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომ ღმერთს და თქვეს: „ამინ! ადიდეთ იაჰი [ალილუია]c!“ » (გამოცხადება 19:4). კრავის სადიდებელი „ახალი სიმღერის“ გარდა ეს დიდებული გუნდი „ალილუიასაც“ მღერის (გამოცხადება 5:8, 9). ისინი დიდებული გამარჯვების სიმღერას მღერიან და დიდებას მიაგებენ უზენაეს უფალ იეჰოვას დიდ ბაბილონზე, დიდ მეძავზე სრული გამარჯვებისთვის. ეს „ალილუია“ ქრისტიანული სამყაროს ტაძრებში შესრულებულ „ალილუიაზე“ ბევრად მელოდიურია; ამ ტაძრებში შეურაცხყოფენ იეჰოვას ანუ იაჰს და არაფრად აგდებენ მას. მეტად არავინ იმღერებს იეჰოვას სახელის შეურაცხმყოფელ ფარისევლურ სიმღერას.
6. ვისი ხმა ისმის, რისკენ მოუწოდებს ის და ვინ ეხმაურება ამ ხმას?
6 იეჰოვამ 1918 წლიდან დაიწყო თავისი „სახელის მოშიშების, პატარებისა და დიდების“ დაჯილდოება. იეჰოვამ აღადგინა სიკვდილამდე ერთგული ცხებული ქრისტიანები და ზეცაში 24 უხუცესს მიაკუთვნა (გამოცხადება 11:18). როგორც იოანე ამბობს, სხვებიც უერთდებიან „ალილუიას“: «ტახტიდან გამოვიდა ხმა, რომელმაც თქვა: „ადიდეთ ჩვენი ღმერთი ყველა მისმა მონამ, ვისაც მისი შიში გაქვთ, დიდებმაც და პატარებმაც“ » (გამოცხადება 19:5). ეს ხმა იეჰოვას წარმომადგენლის, მისი ძის, იეჰოვას ტახტთან მდგომი იესო ქრისტეს ხმაა (გამოცხადება 5:6). ამ სიმღერას „ყველა მისი მონა“ მღერის, როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. დედამიწაზე ამ სიმღერას ცხებული იოანეს კლასი უძღვება. რა სიხარულით ემორჩილებიან ისინი მითითებას: „ადიდეთ ჩვენი ღმერთი“!
7. დიდი ბაბილონის განადგურების შემდეგ ვინ განადიდებს იეჰოვას?
7 მონების რიცხვში უამრავი ხალხიც შედის. 1935 წლიდან ისინი დიდი ბაბილონიდან გამოვიდნენ. მათზეც შესრულდა ღვთის დაპირება: „ის აკურთხებს იეჰოვას მოშიშებს, დიდებსა და პატარებს“ (ფსალმუნი 115:13). მეძავის, დიდი ბაბილონის განადგურების შემდეგ უამრავი ხალხის მილიონობით წარმომადგენელი იოანეს კლასთან და ზეციერ ლაშქართან ერთად განადიდებს ღმერთს. მოგვიანებით, როცა დიდი ბაბილონის სამუდამო განადგურებას შეიტყობენ, უეჭველად იმღერებენ „ალილუიას“ დედამიწაზე აღდგენილები, როგორც ცნობილი ისე უცნობი ადამიანები (გამოცხადება 20:12, 15). მთელი დიდება იეჰოვას ეკუთვნის ძველ მეძავზე ბრწყინვალე გამარჯვებისთვის!
8. დიდი ბაბილონის განადგურებამდე რისკენ უნდა აღგვძრას ზეცაში შესრულებულმა სადიდებელმა სიმღერამ?
8 ეს აღგვძრავს, რომ დღეს სრული მონაწილეობა მივიღოთ ღვთის საქმეში! დაე, ახლავე, დიდი ბაბილონის დამხობამდე და განადგურებამდე, იაჰის ყველა მსახურმა მთელი სულითა და გულით გააცხადოს ღვთის განაჩენი და სამეფოს დიდებული იმედი! (ესაია 61:1—3; 1 კორინთელები 15:58).
ალილუია, იეჰოვაა მეფე!
9. რატომ ჟღერს ბოლო „ალილუია“ ასე მძლავრად?
9 იოანე სიხარულის სხვა მიზეზებსაც მოიხსენიებს: «გავიგონე ხმა, როგორც დიდძალი ხალხის ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმა, და როგორც ძლიერი ჭექა-ქუხილის ხმა: „ადიდეთ იაჰი [ალილუია]d, რადგან გამეფდა ჩვენი ღმერთი იეჰოვა, ყოვლისშემძლე“ » (გამოცხადება 19:6). ეს მეოთხე და ბოლო „ალილუიაა“, რომელიც ამ ცნობის ყოვლისმომცველობაზე მიუთითებს. ეს ძლიერი, ზეციერი ხმა ადამიანთა ნებისმიერი გუნდის ხმაზე დიდებულია, ნებისმიერი ჩანჩქერის ხმაზე შთამბეჭდავია და ნებისმიერი ჭექა-ქუხილის ხმაზე შიშის მომგვრელია. მილიონობით ზეციერი ქმნილების ხმა საზეიმოდ აცხადებს, რომ „გამეფდა ჩვენი ღმერთი იეჰოვა, ყოვლისშემძლე“!
10. რა გაგებით შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა დიდი ბაბილონის განადგურების შემდეგ გამეფდა?
10 რა გაგებით გამეფდა იეჰოვა? ჯერ კიდევ ასწლეულების წინ ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ღმერთია ჩემი მეფე უხსოვარი დროიდან“ (ფსალმუნი 74:12). იეჰოვა მანამდეც მეფობდა. მაშ, როგორ მღერის ზეციერი გუნდი, რომ „იეჰოვა გამეფდა“? ის იმ გაგებით გამეფდა, რომ დიდი ბაბილონის განადგურებით მან ჩამოიშორა კადნიერი მტერი, რომელიც ხალხს ხელს უშლიდა სამყაროს უზენაესი ღვთის მორჩილებაში. ცრუ რელიგია მეტად ვეღარ აღძრავს დედამიწის მმართველებს ღვთის წინააღმდეგ. როცა ძველმა ბაბილონმა მსოფლიო ბატონობა დაკარგა, სიონმა ასეთი ტრიუმფალური ცნობა მოისმინა: „გამეფდა შენი ღმერთი!“ (ესაია 52:7). 1914 წელს სამეფოს დაბადების შემდეგ, 24 უხუცესმა განაცხადა: „გმადლობთ, იეჰოვა ღმერთო, . . შენი დიდი ძალა რომ გამოიყენე და დაიწყე მეფობა“ (გამოცხადება 11:17). შეძახილი დიდი ბაბილონის განადგურების შემდეგაც მეორდება: „გამეფდა იეჰოვა!“ ადამიანთა შექმნილი ვერც ერთი ღმერთი ვერ შეედავება უზენაესობაში ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას.
კრავის ქორწილი ახლოსაა!
11, 12. ა) როგორ მიმართავდა ძველი იერუსალიმი ძველ ბაბილონს, და როგორ შეეძლო მიემართა ახალ იერუსალიმს დიდი ბაბილონისთვის? ბ) დიდ ბაბილონზე გამარჯვების შემდეგ რას მღერის და რას აცხადებს ზეციერი ლაშქარი?
11 „ქალო, ჩემო მტერო“, — კერპთაყვანისმცემელ ბაბილონს ასე მიმართავდა იერუსალიმი, სადაც იეჰოვას თაყვანსსაცემად ტაძარი იდგა (მიქა 7:8). ამის მსგავსად „წმინდა ქალაქს, ახალ იერუსალიმს“, 144 000-ით წარმოდგენილ პატარძალს, სრული საფუძველი აქვს, რომ დიდ ბაბილონს თავისი მტერი უწოდოს (გამოცხადება 21:2). ბოლოს და ბოლოს ამ დიდ მეძავს გასაჭირი, უბედურება და განადგურება ეწია. ვერც სპირიტიზმმა იხსნა იგი და ვერც ასტროლოგიამ (შეადარეთ ესაიას 47:1, 11—13). ეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დიდი გამარჯვებაა!
12 დიდი ბაბილონი, საძულველი მეძავი განადგურდა. ამიტომ ახლა მთელი ყურადღება ქალწულზე, კრავის უმწიკვლო პატარძალზე გადადის. ზეციერი ლაშქარი სიხარულით განადიდებს იეჰოვას: „ვიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ მას, რადგან დადგა კრავის ქორწილის დრო და მისი პატარძალი გაემზადა. მას ნება მიეცა, ჩაეცვა მბრწყინავი და სუფთა, ძვირფასი სელის სამოსელი, რადგან ძვირფასი სელის სამოსელი წმინდების სიმართლის საქმეებს ნიშნავს“ (გამოცხადება 19:7, 8).
13. რა მზადება მიმდინარეობდა კრავის ქორწილისთვის საუკუნეების განმავლობაში?
13 საუკუნეების განმავლობაში იესო სიყვარულით უძღვება სამზადისს ამ ზეციერი ქორწილისთვის (მათე 28:20; 2 კორინთელები 11:2). მან განწმინდა სულიერი ისრაელის 144 000 წარმომადგენელი, რომ „საკუთარი თავისთვის წარედგინა კრება მთელი სიდიადით, რომელსაც არ ექნება ლაქა, ნაოჭი ან რაიმე მსგავსი, არამედ წმინდა და უმანკო იქნება“ (ეფესოელები 5:25—27). „ზეციური მოწოდების ჯილდოს“ მისაღებად თითოეულმა ცხებულმა ქრისტიანმა უნდა გაიხადოს „ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ“ და შეიმოსოს ახალი პიროვნებით და სიმართლით იმოქმედოს იეჰოვასთვის სულითა და გულით (ფილიპელები 3:8, 13, 14; კოლოსელები 3:9, 10, 23).
14. როგორ ცდილობდა სატანა კრავის პატარძლის წაბილწვას?
14 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან სატანა დიდ ბაბილონს იყენებდა კრავის პატარძლის წასაბილწავად. I საუკუნის დასასრულისთვის მან კრებაში ბაბილონური რელიგიის თესლი ჩათესა (1 კორინთელები 15:12; 2 ტიმოთე 2:18; გამოცხადება 2:6, 14, 20). მოციქულმა პავლემ რწმენის დამანგრევლები ასეთი სიტყვებით აღწერა: „ასეთები ცრუმოციქულები არიან, ცბიერი მუშები, რომლებიც ქრისტეს მოციქულთა სახეს იღებენ. თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“ (2 კორინთელები 11:13, 14). მას შემდეგ განდგომილი ქრისტიანული სამყარო, ისევე როგორც დიდი ბაბილონის სხვა წარმომადგენლები, „ძოწისფერი და ალისფერი ქსოვილით“ იმოსებოდა და „ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით“ იყო შემკული, ანუ მდიდრდებოდა და განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობდა (გამოცხადება 17:4). მღვდლები და პაპები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ისეთ სისხლისმსმელ იმპერატორებთან, როგორებიც იყვნენ კონსტანტინე და კარლოს დიდი. ის არასოდეს შემკულა „წმინდების სიმართლის საქმეებით“. მას ქრისტეს პატარძლის მხოლოდ იერი აქვს, სინამდვილეში კი სატანის სიცრუის „შედევრია“. როგორც იქნა, მას სამუდამოდ მოეღო ბოლო.
კრავის პატარძალი გაემზადა
15. როგორ ხდება ბეჭდის დასმა და რა მოეთხოვებათ ცხებულ ქრისტიანებს?
15 ახლა, თითქმის 2 000 წლის შემდეგ პატარძლის კლასის 144 000 წევრი მზად არის. მაგრამ როდის შესრულდება სიტყვები: კრავის „პატარძალი გაემზადა“? ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მორწმუნე ცხებულები „გამოსასყიდით გათავისუფლების დღისთვის“ ბეჭედდასმული იქნენ დაპირებული წმინდა სულით. როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, ღმერთმა „თავისი ბეჭედიც დაგვასვა და მოგვცა სული ჩვენს გულებში, რაც მომავლის საწინდარია“ (ეფესოელები 1:13; 4:30; 2 კორინთელები 1:22). ყოველი ცხებული ქრისტიანი მოწოდებული, რჩეული და ერთგულია (გამოცხადება 17:14).
16. ა) როდის დაესვა ბეჭედი მოციქულ პავლეს და საიდან ვიცით ეს? ბ) როდის იქნება საბოლოოდ მზად კრავის პატარძალი?
16 ათწლეულების განმავლობაში გამოცდის შემდეგ პავლეს შეეძლო ეთქვა: „ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე. ამიერიდან სიმართლის გვირგვინი მენახება, რომლითაც იმ დღეს დამაჯილდოებს უფალი, მართალი მოსამართლე, და მარტო მე კი არა, ყველას, ვინც მისი გამოცხადება შეიყვარა“ (2 ტიმოთე 4:7, 8). როგორც ჩანს, მოციქულს უკვე ბეჭედი ჰქონდა დასმული, თუმცა ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და წამებით სიკვდილი ელოდა. ამის მსგავსად, უნდა მოვიდეს დრო, როცა დედამიწაზე დარჩენილი 144 000 სათითაოდ დაიბეჭდება როგორც იეჰოვას საკუთრება (2 ტიმოთე 2:19). ეს მაშინ მოხდება, როცა კრავის პატარძალი საბოლოოდ იქნება მზად. იმ დროისთვის 144 000 სულითცხებულიდან უმეტესობას უკვე მიღებული ექნება ზეციური ჯილდო, დედამიწაზე მცხოვრები სულითცხებულებიც, როგორც ერთგული მსახურები, საბოლოოდ იქნებიან გამართლებულნი და ბეჭედდასმულნი.
17. როდის იქნება კრავის ქორწილი?
17 იეჰოვას განზრახვის თანახმად მაშინ, როცა 144 000-ს საბოლოოდ დაესმება ბეჭედი, ანგელოზები დიდი გასაჭირის ოთხ ქარს აუშვებენ (გამოცხადება 7:1—3). განაჩენი ჯერ დიდ ბაბილონზე შესრულდება, რომელიც მეძავს მოგვაგონებს. ამის შემდეგ გამარჯვებული ქრისტე დაუყოვნებლივ დაიწყებს დედამიწაზე სატანის ორგანიზაციის სხვა ნაწილების განადგურებას არმაგედონში, ბოლოს კი სატანას და მის დემონებს უფსკრულში ჩაყრის (გამოცხადება 19:11—20:3). თუ ცხებულთაგან იმ დროს ზოგიერთი დედამიწაზე იქნება, ისინი ქრისტეს ლაშქრობის დასრულებისთანავე მიიღებენ ზეციერ ჯილდოს და პატარძლის კლასს შეუერთდებიან. კრავის ქორწილი ღვთის მიერ დანიშნულ დროს იქნება.
18. რა თანამიმდევრობით არის აღწერილი კრავის ქორწილი 45-ე ფსალმუნში?
18 მოვლენების თანამიმდევრობა 45-ე ფსალმუნშია ნაწინასწარმეტყველები. პირველ რიგში ტახტზე ასული მეფე გამოდის თავისი მტრების წინააღმდეგ გასალაშქრებლად (1—7 მუხლები). ამას მოჰყვება ქორწილი. ზეციერ პატარძალს დედამიწაზე ეყოლება ქალწული მხლებლები, უამრავი ხალხი (8—15 მუხლები). ამ ქორწინების ნაყოფი ის იქნება, რომ აღდგენილი კაცობრიობა სრულყოფილებას მიაღწევს დედამიწაზე დანიშნული მთავრების ხელმძღვანელობით (16, 17 მუხლები). კრავის ქორწილი დიდებულ კურთხევებს მოიტანს.
ბედნიერნი არიან მიწვეულნი
19. რა არის ბედნიერების შვიდი მიზეზიდან მეოთხე და ვინ იზიარებს ამ ბედნიერებას?
19 იოანე ახლა ბედნიერების შვიდი მიზეზიდან მეოთხეს მოიხსენიებს: «ანგელოზმა მითხრა: „დაწერე: ბედნიერნი არიან კრავის საქორწილო ვახშამზე მიწვეულნი“. აგრეთვე მითხრა: „ეს ღვთის ჭეშმარიტი სიტყვებია“ » (გამოცხადება 19:9)e. „კრავის საქორწილო ვახშამზე“ მიწვეულნი არიან პატარძლის კლასის წევრები (შეადარეთ მათეს 22:1—14). ყველა ცხებული ანუ პატარძლის კლასის ყველა წარმომადგენელი ამ მოწვევით ხარობს. მიწვეულთა უმეტესობა უკვე ზეცაშია, სადაც საქორწილო ვახშამი გაიმართება; მათგან ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრებნი კი იმით ხარობენ, რომ მიწვეულნი არიან. ისინი უეჭველად იქნებიან საქორწილო ვახშამზე (იოანე 14:1—3; 1 პეტრე 1:3—9). პატარძლის კლასის ზეცაში აღდგომის შემდეგ პატარძალი და კრავი იქორწინებენ.
20. ა) რას ნიშნავს ფრაზა: „ეს ღვთის ჭეშმარიტი სიტყვებია“? ბ) როგორ იმოქმედა იოანეზე ანგელოზის სიტყვებმა და რა უთხრა ანგელოზმა?
20 ანგელოზმა თქვა: „ეს ღვთის ჭეშმარიტი სიტყვებია“. სიტყვა „ჭეშმარიტი“ თარგმნილია ბერძნული სიტყვიდან ალეტინოს და ნიშნავს ნამდვილს ან საიმედოს. ეს სიტყვები სრულიად ჭეშმარიტი და სანდოა, რადგან თვითონ იეჰოვა ამბობს (შეადარეთ 1 იოანეს 4:1—3; გამოცხადების 21:5; 22:6). იოანეს, როგორც საქორწილო წვეულებაზე ერთ-ერთ მიწვეულთაგანს, დიდი სიხარული უნდა განეცადა ამის მოსმენით და იმაზე დაფიქრებით, თუ რა კურთხევები ელოდა პატარძლის კლასს. ამან იოანე ისე შეძრა, რომ ანგელოზს მისთვის შენიშვნის მიცემა მოუწია. იოანე ამბობს: «მაშინ დავემხვე მის ფეხებთან, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: „იცოდე, ამას ნუ იზამ! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორიც შენ და შენი ძმები, რომლებიც იესოს შესახებ დამოწმების საქმეს ასრულებენ. ღმერთს ეცი თაყვანი“ » (გამოცხადება 19:10ა).
21. ა) რას ვიგებთ „გამოცხადებიდან“ ანგელოზების შესახებ? ბ) როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს ანგელოზების მიმართ?
21 „გამოცხადება“ ანგელოზების ერთგულებისა და გულმოდგინების შესახებ მოწმობს. მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ ჭეშმარიტების გაცხადებაში (გამოცხადება 1:1). ისინი ადამიანებთან ერთად მონაწილეობენ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში და სიმბოლური წყლულების გადმოღვრაში (გამოცხადება 14:6, 7; 16:1). ანგელოზებმა იესოსთან ერთად ზეციდან გადმოყარეს სატანა და მისი ანგელოზები და არმაგედონშიც იესოსთან ერთად იბრძოლებენ (გამოცხადება 12:7; 19:11—14). მათ თვით იეჰოვას წინაშე წარდგომის უფლება აქვთ (მათე 18:10; გამოცხადება 15:6). მიუხედავად ამისა, ისინი თავმდაბლად ემსახურებიან ღმერთს. წმინდა თაყვანისმცემლობა გამორიცხავს ანგელოზების თაყვანისცემას ან წმინდანების, ან ანგელოზების მეშვეობით ღვთის თაყვანისცემას (კოლოსელები 2:18). ქრისტიანები მხოლოდ იეჰოვას სცემენ თაყვანს და მას იესოს სახელით მიმართავენ თხოვნით (იოანე 14:12, 13).
იესოს როლი წინასწარმეტყველებაში
22. რა უთხრა ანგელოზმა იოანეს და რას ნიშნავს ეს სიტყვები?
22 შემდეგ ანგელოზი ამბობს: „იესოს შესახებ დამოწმებაა წინასწარმეტყველების მიზანი“ (გამოცხადება 19:10ბ). რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისგან შთაგონებული ყველა წინასწარმეტყველება იესოს ირგვლივ ტრიალებს და ნათელს ჰფენს, რა როლი აკისრია იესოს იეჰოვას განზრახვებში. ბიბლიის პირველ წინასწარმეტყველებაში შთამომავლის მოსვლა იყო ნაწინასწარმეტყველები (დაბადება 3:15). ეს შთამომავალი იესო იყო და ამ ძირითად წინასწარმეტყველებაზე უამრავი სხვა წინასწარმეტყველება იყო დაფუძნებული. მოციქულმა პეტრემ მორწმუნე კორნელიუსს, უცხოტომელ კაცს უთხრა: „მასზე [იესოზე] ყველა წინასწარმეტყველი მოწმობს“ (საქმეები 10:43). დაახლოებით 20 წლის შემდეგ მოციქულმა პავლემ თქვა: «რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი [იესოს] მეშვეობით» (2 კორინთელები 1:20). 43 წლის გასვლის შემდეგ იოანე წერს: „ჭეშმარიტება. . . იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა“ (იოანე 1:17).
23. იესოს მდგომარეობა და ძალაუფლება რატომ არ ხდის იეჰოვას თაყვანისცემას უმნიშვნელოს?
23 ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ იეჰოვას თაყვანისცემა უმნიშვნელო ხდება? არა. გავიხსენოთ ანგელოზის რჩევა: „ღმერთს ეცი თაყვანი“. იესო იეჰოვას არასოდეს უპირისპირდება (ფილიპელები 2:6). მართალია, ყველა ანგელოზს მდაბლად უნდა ეცა თაყვანი იესოსთვის და ყველა ქმნილებას უნდა ეღიარებინა მისი მაღალი მდგომარეობა, რათა „იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ“, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხდება „ღვთის, მამის სადიდებლად“ და მისი ბრძანებისამებრ (ებრაელები 1:6; ფილიპელები 2:9—11). იეჰოვამ იესოს დიდი ძალაუფლება მისცა და ამ ძალაუფლების აღიარებით ღმერთს განვადიდებთ. თუ არ დავემორჩილებით იესოს მმართველობას, ეს იგივეა, რომ თავად იეჰოვა ღმერთის მორჩილებაზე ვთქვათ უარი (ფსალმუნი 2:11, 12).
24. რა ორ გასაოცარ მოვლენას მოველით და რომელ სიტყვებს უნდა გამოვეხმაუროთ?
24 მოდი, ერთად გამოვეხმაუროთ 146—150 ფსალმუნების შესავალი სიტყვების მოწოდებას: „ადიდეთ იაჰი!“ დაე, ხმამაღლა გაისმოდეს „ალილუია“, ვიდრე ველოდებით იეჰოვას გამარჯვებას ბაბილონურ ცრუ რელიგიურ სამყაროზე! დაე, დიდი სიხარულით დაველოდოთ კრავის ქორწილს!
[სქოლიოები]
a „ახალი ქვეყნიერების თარგმანი სქოლიოებით“ (ინგლ.).
b „ახალი ქვეყნიერების თარგმანი სქოლიოებით“ (ინგლ.).
c „ახალი ქვეყნიერების თარგმანი სქოლიოებით“ (ინგლ.).
d „ახალი ქვეყნიერების თარგმანი სქოლიოებით“ (ინგლ.).
e აგრეთვე იხილეთ გამოცხადების 1:3; 14:13; 16:15.
[ჩარჩო 273 გვერდზე]
„წერილი სოდომსა და გომორას“
ამ სათაურით ლონდონის „დეილი ტელეგრაფის“ 1987 წლის 12 ნოემბრის გამოცემა იუწყებოდა, რა შუამდგომლობით მიმართეს ანგლიკანური ეკლესიის გენერალურ სინოდს. სინოდს სთხოვდნენ, ეკლესიიდან მოეკვეთათ ჰომოსექსუალისტი „ქრისტიანები“. ჟურნალისტმა გოდფრი ბარკერმა დაწერა: «გუშინ კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დამწუხრებულმა აღნიშნა: „საინტერესოა დღეს რა წერილს მისწერდა წმინდა პავლე ანგლიკანურ ეკლესიას?“ ». ბატონმა ბარკერმა თავად უპასუხა ამ კითხვას: „წერილი სოდომსა და გომორას“. შემდეგ განაგრძო: „დ-რ რანსის [არქიეპისკოპოსი] თვალსაზრისით ეს წერილი რომაელებისთვის მიწერილი წერილის პირველი თავის მსგავსი იქნებოდა“.
ჟურნალისტმა მოიყვანა პავლეს სიტყვები რომაელების 1:26—32-დან: „გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, . . გახურდნენ ერთმანეთთან ავხორცობით — კაცები კაცებთან. . . თუმცა შესანიშნავად იციან ღვთის სამართალი, რომ ამის ჩამდენნი სიკვდილს იმსახურებენ, ისინი არა მხოლოდ აგრძელებენ ასე მოქმედებას, არამედ სხვებსაც უწონებენ ასეთ საქციელს“. მან დაასკვნა: „წმინდა პავლე მრევლზე დარდობდა, დ-რ რანსის კი სამღვდელოება ადარდებს“.
რატომ ადარდებდა არქიეპისკოპოსს ეს საკითხი? ლონდონის 1987 წლის 22 ოქტომბრის „დეილი მეილში“ თვალშისაცემი სათაურები გამოჩნდა: „ყოველი მესამე მღვდელი ჰომოსექსუალისტია. . “., „ჰომოსექსუალისტები რომ განდევნონ, ანგლიკანური ეკლესია დაიხურება“. სტატიებში მოყვანილი იყო ლესბოსელთა და ჰომოსექსუალისტთა ქრისტიანული მოძრაობის „წმინდა“ გენერალური მდივნის სიტყვები: „ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ეკლესიის დაღუპვას ნიშნავს და კენტერბერის არქიეპისკოპოსმა იცის ეს. ჩვენი მონაცემებით ანგლიკანური ეკლესიის სამღვდელოების 30—40 პროცენტი ჰომოსექსუალისტია. ისინი ყველაზე აქტიურად მონაწილეობენ ეკლესიის საქმეებში“. ეკლესიის მრევლის შემცირება, უდავოა, ნაწილობრივ იმ სიძულვილის შედეგია, რასაც ხალხში ჰომოსექსუალისტი მღვდლები იწვევენ.
რა გადაწყვიტა საეკლესიო სინოდმა? სინოდის წევრების უმეტესობამ, 388 წევრმა (სამღვდელოების 95 პროცენტმა), ბოლომდე არ დაუჭირა მხარი შუამდგომლობას. 1987 წლის 14 ნოემბრის „ეკონომისტში“ ნათქვამი იყო: «ანგლიკანური ეკლესია ჰომოსექსუალიზმს ეწინააღმდეგება, თუმცა არა კატეგორიულად. გენერალურმა სინოდმა, ეკლესიის უმაღლესმა ორგანომ, ანგარიში გაუწია ჰომოსექსუალისტ მღვდლებს და იმავე კვირას გადაწყვიტა, რომ სიძვისა და მრუშობისგან განსხვავებით ჰომოსექსუალიზმი ცოდვა არ არის. უბრალოდ, ეს არის „გადახვევა კანონზომიერებისგან“, ეს კანონზომიერება კი ის არის, რომ „სქესობრივი ურთიერთობა გამართლებულია დაქორწინებულებს შორის და ცოლ-ქმარს შორის ერთგულების გამოხატვის საშუალებაა“ ». „ეკონომისტში“ დაბეჭდილ სტატიაში კენტერბერის არქიეპისკოპოსის პოზიციას რომაელების 1:26, 27-დან მოციქული პავლეს არაორაზროვანი სიტყვები უპირისპირდებოდა. პავლეს სიტყვების ქვემოთ აღნიშნული იყო: „წმინდა პავლეს კარგად ესმოდა, რასაც ამბობდა“.
იესო ქრისტესაც კარგად ესმოდა, რასაც ამბობდა, და თავის აზრს ნათლად გამოხატავდა. მან აღნიშნა, რომ „სოდომის მიწისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება სასამართლოს დღე“, ვიდრე იმ რელიგიური წინამძღოლებისთვის, რომლებიც არაფრად აგდებდნენ მის ცნობას (მათე 11:23, 24). იესომ აქ ჰიპერბოლა გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ ღვთის ძისა და მისი სწავლებების უარმყოფელი რელიგიური წინამძღოლები სოდომელებზე დამნაშავეები იყვნენ. „იუდას“ მე-7 მუხლში ნათქვამია, რომ სოდომელები „საუკუნო ცეცხლით დაისაჯნენ“, რაც მარადიულ განადგურებას ნიშნავს (მათე 25:41, 46). რამდენად მკაცრი იქნება ეგრეთ წოდებულ ქრისტიან წინამძღოლთა სასჯელი, რომლებიც ბრმებივით მიუძღვიან თავიანთ დაბრმავებულ სამწყსოს, ავიწყებენ ღვთის სამეფოს მაღალზნეობრივ ნორმებს და ამ ქვეყნიერების გახრწნილ, „შემწყნარებლურ“ გზებზე ერეკებიან?! (მათე 15:14) რაც შეეხება ცრუ რელიგიას, დიდ ბაბილონს, ზეციდან ასეთი დროული მოწოდება ისმის: „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო, თუ არ გინდათ, მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისი წყლულები მიიღოთ“ (გამოცხადება 18:2, 4).
[სურათები 275 გვერდზე]
ზეცაში ოთხჯერ ისმის „ალილუია“ იაჰის განსადიდებლად, რადგან მან საბოლოოდ გაიმარჯვა დიდ ბაბილონზე.