ღვთის განზრახვა მალე განხორციელდება
სამოთხეში ცხოვრების დროს ადამმა და ევამ ღვთისგან დავალება მიიღეს: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28, სსგ).
დედამიწის ‘დაუფლებაში’ მხოლოდ მისი რომელიმე ნაწილის დამუშავება ან მოვლა არ იგულისხმებოდა. ადამს, ევასა და მათ შთამომავლებს მთელი დედამიწა უნდა ექციათ სამოთხედ. სამწუხაროდ, ადამმა და ევამ შესცოდეს, რის გამოც მათ სამოთხის დატოვება მოუწიათ (დაბადება 3:23, 24). თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა არასოდეს განხორციელდებოდა.
ღვთის მორჩილი ადამიანები მისი კურთხევით ‘დაეუფლებიან’ დედამიწას. ძველ დროში, როდესაც ისრაელებს ღმერთი აკურთხებდა, ისინი უხვად იღებდნენ მოსავალს. მსგავსი მდგომარეობა იქნება მომავალშიც, როდესაც მთელი დედამიწა თანდათანობით სამოთხედ გადაიქცევა. ბიბლიაში, რომელიც ღვთისგან არის შთაგონებული, ვკითხულობთ: „დედამიწა მოგვცემს თავის ნაყოფს და გვაკურთხებს ღმერთი, ჩვენი ღმერთი“ (ფსალმუნები 67:6, აქ [66:7]). ‘მოილხენს და გაიხარებს’ ველი, მთები, ხეები და ყვავილები; ‘ახმაურდება’ მდინარეები და ზღვები (ფსალმუნები 95:11—13; 97:7—9). ჩვენს პლანეტას ლაზათს შესძენს მცენარეთა, ფრინველთა, ცხოველთა მრავალფეროვნება და ის, რომ ადამიანები იქნებიან ბედნიერები.
ახალი ქვეყნიერება ახლოსაა!
დღეს ჩვენ იეჰოვა ღმერთის მიერ დაპირებული ახალი ქვეყნიერების ზღურბლზე ვდგავართ. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ჩვენ კი, მისი დაპირებისამებრ, ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, რომლებზეც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). პეტრეს სიტყვების წაკითხვის შემდეგ ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ჩვენი პლანეტა არასდროს გადაიქცევა სამოთხედ. მათ შეიძლება დაასკვნან, რომ ცა და დედამიწა რაიმე ახლით შეიცვლება. ნამდვილად ასე იქნება?
რა არის „ახალი ცა“? ამაში არ იგულისხმება ღვთის მიერ შექმნილი ფიზიკური ცა (ფსალმუნები 18:2, 3). წინა მუხლებში პეტრე საუბრობს სიმბოლურ „ცაზე“ — ადამიანთა მთავრობებზე, რომლებიც თავიანთ ქვეშევრდომებზე მაღლა დგანან (2 პეტრე 3:10—12). ამ მთავრობებმა ვერ შეძლეს კაცობრიობის წარმატებით მართვა და მათ მმართველობას ბოლო მოეღება (იერემია 10:23; დანიელი 2:44). მათ ადგილს დაიკავებს „ახალი ცა“ — ღვთის სამეფო. იესო ქრისტე იქნება მეფე და მას ეყოლება ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილი 144 000 თანამმართველი (რომაელები 8:16, 17; გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 3).
როდესაც პეტრე ლაპარაკობდა „ახალ დედამიწაზე“, მას მხედველობაში არ ჰქონდა ახალი პლანეტა. იეჰოვამ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლისთვის იდეალური პირობები შექმნა (ფსალმუნები 103:5). როცა ბიბლიაში „დედამიწაა“ მოხსენიებული, ზოგჯერ დედამიწაზე მცხოვრები ხალხი იგულისხმება (ფსალმუნები 32:8). „დედამიწა“, რომელიც მალე განადგურდება, გულისხმობს ბოროტი ადამიანებისგან შემდგარ ქვეყნიერებას. მსგავსი რამ მოხდა ნოეს დროს, როდესაც წარღვნამ უღვთო ადამიანებისგან შემდგარი ქვეყნიერება გაანადგურა (2 პეტრე 3:5—7). აქედან გამომდინარე, რა არის „ახალი დედამიწა“? ღვთის ჭეშმარიტი, „გულმართალი“ თაყვანისმცემლებისგან შემდგარი ახალი საზოგადოება (ფსალმუნები 124:4; 1 იოანე 2:17). „ახალი დედამიწა“ კანონმდებლობას „ახალი ცისგან“ მიიღებს. დედამიწაზე მცხოვრები ერთგული ადამიანები მიღებული კანონების თანახმად იცხოვრებენ.
საოცარი ცვლილებები
იეჰოვამ დედამიწა ისე შექმნა, რომ მასზე საცხოვრებლად შესანიშნავი პირობებია შექმნილი. მას შემდეგ, რაც დედამიწა ჩვენს საცხოვრებლად მოამზადა, ღმერთმა თქვა, რომ ყოველივე „ძალზე კარგი იყო“ (დაბადება 1:31). სატანა ეშმაკმა ადამი და ევა ღმერთს დაუპირისპირა (დაბადება 3:1—5; გამოცხადება 12:9). მაგრამ მალე ღმერთი ზომებს მიიღებს, რომ მართალ ადამიანებს ჰქონდეთ „ჭეშმარიტი სიცოცხლე“ ანუ მარადიული სიცოცხლე სამოთხის შესანიშნავ პირობებში (1 ტიმოთე 6:12, 19). განვიხილოთ, როგორი პირობები იქნება იმ დროს.
ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს სატანა ზიანს ვეღარ მიაყენებს კაცობრიობას. იოანე მოციქულმა დაწერა: „ვიხილე ციდან ჩამომავალი ანგელოზი [მთავარანგელოზი მიქაელი ანუ იესო ქრისტე], რომელსაც უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა ხელში. შეიპყრო დრაკონი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებოჭა იგი ათასი წლით. ჩააგდო ის უფსკრულში, რომელიც ჩაკეტა და დაბეჭდა, რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები, სანამ ათასი წელი არ დასრულდება“ (გამოცხადება 20:1—3; 12:12). გარდა იმისა, რომ ადამიანები სატანის ზეგავლენისგან გათავისუფლდებიან, ღვთის სამეფო მათ სხვა მრავალ კურთხევასაც მოუტანს.
ბოროტება, ძალადობა და ომები წარსულს ჩაჰბარდება. ბიბლიაში ნათქვამია: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნები 36:10, 11, 29). იეჰოვა ღმერთი „შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე“ (ფსალმუნები 45:10). ეს მუხლები მომავალი უსაფრთხოებისა და მშვიდობის მართლაც შესანიშნავ იმედს გვაძლევს!
სასარგებლო და გემრიელი საკვები ყველას საკმარისად ექნება. „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს“ (ფსალმუნები 71:16, სსგ). იმ დროს აღარავინ იშიმშილებს.
ავადმყოფობა აღარ იარსებებს. «არ იტყვის მკვიდრი: „ავადა ვარ“» (ესაია 33:24; 35:5, 6). დედამიწაზე ყოფნისას იესო კურნავდა კეთროვნებს, კოჭლებსა და უსინათლოებს (მათე 9:35; მარკოზი 1:40—42; იოანე 5:5—9). წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო მეტს გააკეთებს ის ახალ ქვეყნიერებაში! რაოდენ სიხარულის მომტანი იქნება უსინათლოების, ყრუ–მუნჯებისა და კოჭლების განკურნება.
ღვთის მორჩილი ადამიანები თანდათანობით გათავისუფლდებიან სიბერის შედეგებისგან და მიაღწევენ სრულყოფილებას. აღარავის დასჭირდება სათვალეები, ხელჯოხები, ყავარჯნები, ინვალიდის სავარძლები და წამლები. აღარ იქნება საჭირო საავადმყოფოები. რა საოცარი ცვლილება იქნება, როდესაც ახალგაზრდული ძალები დაგვიბრუნდება! (იობი 33:25). ყოველ დილით განახლებული ძალებით გავიღვიძებთ და სიხარულით შევუდგებით საქმეებს.
უდიდეს სიხარულს მოგვანიჭებს ჩვენთვის ძვირფასი და სხვა ადამიანების მკვდრეთით აღდგომა (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). რა ამაღელვებელი იქნება, როდესაც შევხვდებით აბელს, ნოეს, აბრაამს, სარას, იობს, მოსეს, რუთს, დავითს, ელიას, ესთერსა და ღვთის სხვა მრავალ მსახურს! მათ გარდა, კიდევ მილიონობით ადამიანი აღდგება. მათგან უმრავლესობას არასოდეს სმენია იეჰოვას შესახებ, მაგრამ მათ სიამოვნებით დაეხმარებიან ღვთის, მისი განზრახვებისა და იესო ქრისტეს გაცნობაში. როდესაც აღდგენილები გაეცნობიან თავიანთ შემოქმედს, დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვექნება შესაძლებლობა, მარადიულად ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვცეთ თაყვანი. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა გვექნება, ‘ვემსახუროთ იეჰოვას სიხარულით’, ავაშენოთ სახლები, დავამუშაოთ მიწა და ‘დავეუფლოთ’ მთელ დედამიწას (ფსალმუნები 99:1—3; ესაია 65:21—24). მართლაც, რაოდენ დიდ კმაყოფილებას მოგვიტანს მარადიული ცხოვრება ნაყოფიერ, მშვიდობიან და ლამაზ სამოთხეში, რაც პატივს მიაგებს იეჰოვას წმინდა სახელს! (ფსალმუნები 144:21; იოანე 17:3).
საბოლოო გამოცდა
ათასწლიანი მეფობის პერიოდში ქრისტეს მიერ გაღებული გამოსასყიდი ყველა მორჩილ ადამიანს მოუტანს კურთხევებს. დროთა განმავლობაში ცოდვის ყოველგვარი კვალი გაქრება და ადამიანები სრულყოფილებას მიაღწევენ (1 იოანე 2:2; გამოცხადება 21:1—4). ადამის ცოდვის შედეგებისგან გათავისუფლება სრულყოფილ ადამიანებს საშუალებას მისცემს, ფიზიკურად, გონებრივად, ზნეობრივად და სულიერად ღვთის ნორმებს შეესაბამებოდნენ. ამგვარად, ისინი მიაღწევენ სრულყოფილებას და ‘გაცოცხლდებიან’ ამ სიტყვის სრული გაგებით (გამოცხადება 20:5). ადამიანთა გასრულყოფილება და დედამიწაზე სამოთხის არსებობა დიდებას მოუტანს იეჰოვას!
ქრისტეს ათასწლიანი მეფობის შემდეგ სატანა ეშმაკი და მისი დემონები ანუ ბოროტი ანგელოზები, ცოტა ხნით გათავისუფლდებიან უფსკრულიდან (გამოცხადება 20:1—3). დაახლოებით ათსაუკუნოვანი უმოქმედობის შემდეგ, მათ საბოლოოდ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ადამიანები ღმერთს ჩამოაშორონ. სატანის მცდელობა წარუმატებელი იქნება, თუმცა ზოგი აჰყვება არასწორ სურვილებს. იეჰოვა გაანადგურებს ეგოისტურ სურვილებს აყოლილ ადამიანებს სატანასა და მის დემონებთან ერთად. ბოროტება აღარასოდეს იარსებებს. ყველა ბოროტმოქმედი სამუდამო დავიწყებას მიეცემა და მართალი ადამიანები მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ (გამოცხადება 20:7—10).
თქვენც იქნებით იქ?
მარადიული ბედნიერება ელის ყველას, ვისაც უყვარს იეჰოვა ღმერთი. მარადიული ცხოვრება სამოთხეში ნამდვილად არ იქნება მოსაწყენი. პირიქით, დროის სვლასთან ერთად ცხოვრება უფრო და უფრო საინტერესო იქნება, რადგან იეჰოვა ღმერთის ცოდნას საზღვარი არა აქვს (რომაელები 11:33). ყოველთვის რაღაც ახალს ისწავლით და ცოდნის შესაძენად უამრავი დრო გექნებათ. თქვენ მარადიულად იცოცხლებთ და არა მხოლოდ 70 ან 80 წელი (ფსალმუნები 21:27; 89:10; ეკლესიასტე 3:11).
თუ გიყვართ ღმერთი, ყოველთვის სიამოვნებას მოგანიჭებთ მისი ნების შესრულება. იოანე მოციქულმა დაწერა: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, ხოლო მისი მცნებები დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3). დაე ნურაფერი შეგიშლით ხელს იმაში, რომ სიმართლის კეთებით იეჰოვა ღმერთს ასიამოვნოთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რა შესანიშნავ მომავალს გპირდებათ ღვთის სიტყვა, ბიბლია. იცხოვრეთ იეჰოვას ნების თანახმად და ნურასოდეს გადაუხვევთ ამ გზიდან. ამგვარად, თქვენც საკუთარი თვალით იხილავთ ღვთის განზრახვის შესრულებას და იმას, თუ როგორ გადაიქცევა დედამიწა სამოთხედ.
[სურათი 4 გვერდზე]
ღვთის კურთხევით ისრაელები მოსავალს უხვად იღებდნენ.
[სურათი 7 გვერდზე]
რა კურთხევების მიღებას ელოდებით სამოთხეში?