თავი 21
განკითხვის დღე და რა მოჰყვება მას
1. როგორია საერთო წარმოდგენა განკითხვის დღის შესახებ?
როგორი სურათი წარმოგიდგება თვალწინ, როდესაც განკითხვის დღის შესახებ ფიქრობ? ზოგიერთებს წარმოუდგენია დიდი ტახტი და მის წინ მკვდრეთით აღმდგარი ადამიანების გრძელი მწკრივი. ყოველი, რომელიც ტახტის წინაშე წარდგება, განიკითხება წარსული საქმეების მიხედვით, რომლებიც ჩაწერილია მსაჯულის წიგნში. იმის საფუძველზე, თუ რას აკეთებდა ეს ადამიანი, გაიგზავნება ან ზეცაში, ან ცეცხლოვან ჯოჯოხეთში.
2. ა) ვინ დანიშნა განკითხვის დღე? ბ) ვინ დანიშნა ღმერთმა მოსამართლედ?
2 ბიბლია კი სრულიად სხვა წარმოდგენას იძლევა განკითხვის დღის შესახებ. ეს არ არის ისეთი დღე, რომლისაც უნდა გვეშინოდეს. ყურადღება მიაქციე, თუ რას ამბობს ბიბლია ღმერთზე: „მან დაადგინა დღე, როდესაც ქვეყნიერებას განიკითხავს სამართლით წინასწარ არჩეული კაცის ხელით“ (საქმეები 17:31). რასაკვირველია, ღმერთის დანიშნული მოსამართლე არის იესო ქრისტე.
3. ა) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ ქრისტე სამართლიანი მსაჯული იქნება? ბ) რის საფუძველზე გასამართლდებიან ადამიანები?
3 ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქრისტე იქნება სამართლიანი და პატიოსანი მსაჯული. ამაში გვარწმუნებს ესაიას 11:3, 4-ში მოცემული წინასწარმეტყველება. საყოველთაოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, ის არ გაასამართლებს ადამიანებს მათი წარსული ცოდვების საფუძველზე, რომელთაგანაც მრავალი, შესაძლოა, ჩადენილი იყო უმეცრების გამო. ბიბლია გვიხსნის, რომ სიკვდილის დროს ადამიანი თავისუფლდება ყველა ჩადენილი ცოდვისგან. მასში ნათქვამია: „ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია“ (რომაელთა 6:7). ეს ნიშნავს, რომ მკვდრეთით აღდგენილი გასამართლდება იმის საფუძველზე, რასაც ის განკითხვის დღის განმავლობაში გააკეთებს და არა იმის საფუძველზე, რასაც სიკვდილამდე აკეთებდა.
4. ა) რამდენ ხანს გასტანს განკითხვის დღე? ბ) ვინ იქნებიან მოსამართლეებად ქრისტესთან ერთად?
4 ამიტომ, განკითხვის დღე არ არის სიტყვასიტყვით 24 საათიანი დღე. ბიბლია ამას ნათლად გვიჩვენებს, როცა ლაპარაკობს მათ შესახებ, რომლებიც იესო ქრისტესთან ერთად იქნებიან მსაჯულებად (1 კორინთელთა 6:1–3). „ვიხილე ტახტები, — ამბობს ბიბლიის მწერალი, — და მათზე მსხდომარენი, და მათ მიეცათ სამსჯავრო“. ეს მოსამართლეები ქრისტეს ერთგული, სულით ცხებული მიმდევრები არიან, რომლებიც „გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს.“ მაშასადამე, განკითხვის დღე გაგრძელდება 1 000 წელი. ეს ზუსტად ის 1 000 წლიანი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც ქრისტე და მისი 144 000 ერთგული, სულით ცხებული მიმდევარი, როგორც ‘ახალი ცა’, ზეციდან უხელმძღვანელებს „ახალ მიწას“ (გამოცხადება 20:4, 6; 2 პეტრე 3:13).
5, 6. ა) როგორ აღწერს ფსალმუნმომღერალი განკითხვის დღეს? ბ) როგორი ცხოვრება იქნება დედამიწაზე განკითხვის დღის განმავლობაში?
5 დახედე ამ გვერდებს. ისინი გარკვეულ წარმოდგენას იძლევიან იმაზე, თუ რამდენად შესანიშნავი იქნება განკითხვის დღე კაცობრიობისთვის. ამ უმშვენიერესი დროის შესახებ ფსალმუნმომღერალი წერდა: „გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი. უფლის წინაშე, რადგანაც მოვა, ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ხალხებს — თვისი ჭეშმარიტებით“ (ფსალმუნი 95:12, 13).
6 ისინი, რომლებიც არმაგედონს გადაიტანენ, განკითხვის დღის განმავლობაში იმუშავებენ, რომ დედამიწა სამოთხედ გადააქციონ. ამ სამოთხეში მიესალმებიან მკვდრეთით აღდგენილ ადამიანებს (ლუკა 23:43). როგორი სიხარული იმეფებს მაშინ, როცა კვლავ გაერთიანდებიან სიკვდილის გამო დიდი ხნით დაშორებული ოჯახის წევრები! დიახ, მართლაც რა საამური იქნება იცხოვრო მშვიდობიანად, გაიხარო კარგი ჯანმრთელობით და ისწავლო ღმერთის განზრახვების შესახებ! ბიბლია ამბობს: „როდესაც მსჯავრს სდებდი ქვეყანას, სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს“ (ესაია 26:9). განკითხვის დღის განმავლობაში ადამიანები იეჰოვას მიერ იქნებიან დამოძღვრილი და ყოველგვარი შესაძლებლობა მიეცემათ, დაემორჩილონ და ემსახურონ მას.
7. რა დაემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც განკითხვის დღის განმავლობაში აირჩევენ ღმერთის მსახურებას და იმ ადამიანებს, რომლებიც უარს იტყვიან ამაზე?
7 სამოთხის ასეთ პირობებში იესო ქრისტე და მისი 144 000 თანამმართველი გაასამართლებენ კაცობრიობას. ადამიანები, რომლებიც აირჩევენ იეჰოვას მსახურებას, მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს. მაგრამ ასეთ საუკეთესო პირობებშიც კი, ზოგიერთი უარს იტყვის ღმერთისადმი მორჩილებაზე. ბიბლია ამბობს: „შეწყალებულ იქნება ბოროტეული, მაგრამ სიმართლეს ვერ ისწავლის; იუკუღმართებს წრფელ ქვეყანაში“ (ესაია 26:10). ამიტომ, მას შემდეგ, რაც მიეცემათ სრული შესაძლებლობა, შეცვალონ თავიანთი მოქმედება და ისწავლონ სიმართლე, ბოროტები განადგურდებიან. ზოგიერთები სიკვდილით დაისჯებიან ჯერ კიდევ განკითხვის დღის დამთავრებამდე (ესაია 65:20). მათ არ მიეცემათ ნება დარჩნენ ცოცხლები, რომ არ გარყვნან და არ გააბინძურონ სამოთხედ ქცეული დედამიწა.
8. როგორი იყო სოდომელი მამაკაცების მორალური მდგომარეობა?
8 ეს ნამდვილად შესანიშნავი უპირატესობაა, იყო მკვდრეთით აღდგენილი დედამიწაზე საცხოვრებლად იეჰოვას უდიდესი განკითხვის დღეს. მაგრამ როგორც ბიბლიიდან გამომდინარეობს, ეს უპირატესობა ყველას არ ექნება. მაგალითად, გაიხსენე ძველი სოდომელები. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სოდომელ მამაკაცებს სურდათ ლოტის სტუმარ ‘კაცებთან’ დაემყარებინათ სქესობრივი კავშირი. ამორალური ყოფაქცევისკენ მათი სწრაფვა იმდენად ძლიერი იყო, რომ მას შემდეგაც კი, როცა სასწაულით დაბრმავდნენ, „მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში“, რომ სქესობრივი კავშირი ჰქონოდათ ლოტის სტუმრებთან (დაბადება 19:4–11).
9, 10. რას ამბობს საღვთო წერილი ბოროტი სოდომელების აღდგომის პერსპექტივის შესახებ?
9 განკითხვის დღის განმავლობაში აღდგებიან თუ არა უკიდურესად გარყვნილი ადამიანები? როგორც საღვთო წერილიდან გამომდინარეობს, ცხადია, ეს არ მოხდება. მაგალითად, იესოს ინსპირირებულმა მოწაფემ იუდამ მოიხსენია ანგელოზები, რომლებმაც მიატოვეს თავიანთი ადგილი ზეცაში, რომ სქესობრივი კავშირი დაემყარებინათ ადამიანთა ასულებთან. იუდა წერდა: „სოდომი და გომორი და მოსაზღვრე ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითებად არიან დადგენილი“ (იუდა 6, 7; დაბადება 6:1, 2). დიახ, სოდომისა და მოსაზღვრე ქალაქების უზომოდ გარყვნილი მოსახლეობა განადგურდა. ამიტომ ნათელია, რომ ისინი აღარასოდეს აღდგებიან (2 პეტრე 2:4–6, 9, 10ა).
10 იესომაც მიუთითა, რომ სოდომელები არ აღდგებიან. ქალაქ კაპერნაუმზე, ერთ-ერთ იმ ქალაქზე, სადაც სასწაულებს ახდენდა, მან განაცხადა: „სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი, შენში რომ მოხდა [კაპერნაუმ], იგი ამ დღემდე მოაღწევდა. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ“ (მათე 11:22–24). აქ იესომ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად საძრახისად იქცეოდნენ კაპერნაუმის მცხოვრებლები და თქვა, რომ სოდომელებისთვის, რომლებიც იუდეველი მსმენელების აზრით, აბსოლუტურად უღირსნი იყვნენ აღდგენისთვის, განკითხვის დღე უფრო ადვილი იქნებოდა.
11. რატომ იქნება განკითხვის დღეს ‘მართლებისთვის’ უფრო ადვილი, ვიდრე ‘უკეთურებისთვის’?
11 ამიტომ გვმართებს, მთელი ძალისხმევა მოვახმაროთ, ვიცხოვროთ ისე, რომ ვიყოთ მკვდრეთით აღდგენის ღირსნი. მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლება დაისვას კითხვა: ზოგიერთ მკვდრეთით აღმდგარს უფრო გაუჭირდება სიმართლის სწავლა და მისი გამოყენება, ვიდრე სხვებს? განვიხილოთ შემდეგი: ისეთი ‘მართალი’ ადამიანები, როგორებიც იყვნენ აბრაამი, ისაკი, იობი, დებორა, რუთი და დანიელი, სიკვდილამდე მესიის მოსვლას ელოდნენ. როგორ გაიხარებენ ისინი განკითხვის დღეს, როცა უფრო მეტს შეიტყობენ მის შესახებ და გაიგებენ, რომ ის უკვე მეფობს ზეცაში! მაშასადამე, იმ დროს ამ ‘მართლებისთვის’ გაცილებით უფრო ადვილი იქნება, მოიქცნენ სამართლიანად, ვიდრე მკვდრეთით აღმდგარი რომელიმე ‘უკეთურისთვის’ (საქმეები 24:15).
‘სიცოცხლისა’ და ‘სამსჯავროს’ აღდგენა
12. იოანეს 5:28–30 მუხლების თანახმად, ვინ მიიღებს ‘სიცოცხლის აღდგენას’, და ვინ ‘სამსჯავროს აღდგენას’?
12 როდესაც აღწერდა განკითხვის დღეს, იესომ თქვა: „ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი — სამსჯავროს აღდგომისთვის . . .როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ და ჩემი სამსჯავრო სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას“ (იოანე 5:28–30). რა იგულისხმება ‘სიცოცხლის აღდგენაში’ და რა — ‘სამსჯავროს აღდგენაში’? ვინ მიიღებს მათში მონაწილეობას?
13. რას ნიშნავს ‘სიცოცხლის აღდგომის’ მიღება?
13 ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ მკვდრეთით აღმდგარნი არ გასამართლდებიან თავიანთი წარსული საქმეების მიხედვით. პირიქით, ისინი იმის საფუძველზე განიკითხებიან, რასაც გააკეთებენ განკითხვის დღის განმავლობაში. ამიტომ, როდესაც იესო მოიხსენიებდა ‘კეთილის მოქმედთ’ და ‘სიავის მქნელთ’, ის მიუთითებდა იმ კარგსა და ცუდ საქმეებზე, რომლებსაც ისინი გააკეთებენ განკითხვის დღის განმავლობაში. 1 000 წლიანი განკითხვის დღის ბოლოსთვის მკვდრეთით აღდგენილებიდან მრავალი წაიწევს წინ ადამიანური სრულყოფილებისკენ იმ კარგი საქმეებით, რომელსაც გააკეთებს. ამრიგად, მათი მკვდრეთით აღდგომა აღმოჩნდება ‘სიცოცხლის აღდგომად’, რადგან ისინი მიაღწევენ ცოდვისგან თავისუფალ, სრულყოფილ სიცოცხლეს.
14. რას ნიშნავს ‘სამსჯავროს აღდგომის’ მიღება?
14 რა დაემართებათ განკითხვის დღეს ‘სიავის მქნელთ’? სიკვდილიდან მათი დაბრუნება აღმოჩნდება ‘სამსჯავროს აღდგომა’. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ისინი სიკვდილით დაისჯებიან. ამიტომ ეს პირები განადგურდებიან განკითხვის დღის განმავლობაში ან მის ბოლოს. ამის მიზეზია ის, რომ ისინი სჩადიან ბოროტებას, ჯიუტად უარყოფენ, ისწავლონ და ცხოვრებაში გამოიყენონ სამართლიანობა.
როდის იწყება განკითხვის დღე
15. რა მოხდება, ვიდრე დაიწყება განკითხვის დღე?
15 მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა, თუ რა ხდება უშუალოდ განკითხვის დღის წინ. იგი წერდა: „ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა. . . ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ . . .და განკითხულ იქნენ მკვდრები“ (გამოცხადება 20:11, 12). მაშასადამე, ვიდრე დაიწყება განკითხვის დღე, დღევანდელი სისტემა, რომელიც შედგება ‘ცისა და მიწისგან’, გადაივლის. იმ დროს, როცა არმაგედონში განადგურდება ყველა ბოროტი, მხოლოდ ის დარჩება ცოცხალი, ვინც ემსახურება ღმერთს (1 იოანე 2:17).
16. ა) მკვდრების გარდა ვინ განისჯებიან განკითხვის დღეს? ბ) რის მიხედვით გასამართლდებიან ისინი?
16 მაშასადამე, განკითხვის დღეს გასამართლდებიან არა მხოლოდ აღდგენილი ‘მკვდრები’, არამედ არმაგედონგადატანილი ‘ცოცხლებიც’ და ბავშვები, რომლებიც შეიძლება მათ ჰყავთ (2 ტიმოთე 4:1). იოანემ ხილვაში ნახა, თუ როგორ განიკითხებიან ისინი. ის წერდა: «გადაშლილი იყო წიგნები. . . და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერებიდან, მათი საქმეებისამებრ. მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; [სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა მისცეს მათში მყოფი მკვდრები, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“ 1990 წლის გამოცემა]; და თითოეული გასამართლდა თავისი საქმეებისამებრ» (გამოცხადება 20:12, 13).
17. რა არის ‘წიგნები’, რომელთა მიხედვითაც განისჯებიან ‘ცოცხლები’ და „მკვდრები“?
17 რა „წიგნები“ იყო გადაშლილი, რომელთა მიხედვითაც განისჯებიან „მკვდრები“ და ‘ცოცხლები’? ალბათ, ეს იქნება ბიბლიის გარკვეული დამატებები. ეს იქნება ინსპირირებული წერილები, ანუ წიგნები, რომლებიც შეიცავენ იეჰოვას კანონებსა და ინსტრუქციებს. მათი წაკითხვით, დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი გაეცნობა ღმერთის ნება-სურვილს. ხოლო შემდეგ, ამ „წიგნებში“ მოცემული კანონებისა და ინსტრუქციების საფუძველზე განისჯება თითოეული დედამიწაზე. ადამიანები, რომლებიც დაემორჩილებიან ამ კანონებს, სარგებლობას მიიღებენ ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლიდან და თანდათანობით მიაღწევენ ადამიანურ სრულყოფილებას.
18. ა) როგორი მდგომარეობა იქნება განკითხვის დღის ბოლოს? ბ) რა გაგებით გაცოცხლდებიან „მკვდრები“ 1 000 წლის დასასრულს?
18 ათასწლიანი განკითხვის დღის ბოლოს აღარავინ მოკვდება დედამიწაზე ადამის ცოდვის გამო, არამედ თითოეული ‘გაცოცხლდება’ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ბიბლია ამაზე მიუთითებს, როდესაც ამბობს: „სხვა მკვდრები კი [144 000-ის გარდა, რომლებიც ამაღლდებიან ზეცაში] არ გაცოცხლდნენ, ვიდრე არ შესრულდა ათასი წელი“ (გამოცხადება 20:5). გამოთქმა „სხვა მკვდრები“ არ ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი აღდგება 1 000 წლიანი განკითხვის დღის დასასრულს. ეს უფრო იმას ნიშნავს, რომ ყველა გაცოცხლდება იმ გაგებით, რომ ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს ადამიანურ სრულყოფილებას. ისინი ისეთივე სრულყოფილები იქნებიან, როგორებიც იყვნენ ადამი და ევა ედემის ბაღში. რა მოხდება შემდეგ?
განკითხვის დღის შემდეგ
19. რას გააკეთებს ქრისტე 1 000 წლის ბოლოს?
19 როცა იესო ქრისტე ყველაფერს გააკეთებს, რაც ღმერთმა უბრძანა, „მეფობას გადასცემს უფალსა და მამას“. ეს მოხდება 1 000 წლიანი განკითხვის დღის ბოლოს. იმ დროისთვის ყველა მტერი განადგურდება. მათგან უკანასკნელი არის ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილი. ის განადგურდება! მაშინ სამეფო იეჰოვა ღმერთის საკუთრება გახდება. ის უშუალოდ იხელმძღვანელებს, როგორც მეფე (1 კორინთელთა 15:24–28).
20. ა) რას გააკეთებს იეჰოვა იმის დასადგენად, თუ ვისი სახელები უნდა იყოს ჩაწერილი „სიცოცხლის წიგნში“? ბ) რატომ არის მართებული კაცობრიობის საბოლოო გამოცდა?
20 როგორ გადაწყვეტს იეჰოვა, თუ ვისი სახელები უნდა ჩაიწეროს „სიცოცხლის წიგნში“? (გამოცხადება 20:12, 15). ეს მოხდება კაცობრიობის გამოცდის საშუალებით. გაიხსენე, თუ როგორ ცდუნდნენ მსგავსი გამოცდის დროს ადამი და ევა, ხოლო განსაცდელში მყოფმა იობმა როგორ შეინარჩუნა უმწიკვლოება. ათასი წლის ბოლოს მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა კი არასოდეს ყოფილა რწმენაში გამოცდილი. აღდგენამდე მათ არ იცოდნენ იეჰოვას განზრახვა. ისინი იყვნენ ეშმაკის ბოროტი სისტემის ნაწილი და იყვნენ ‘უკეთურები’. მკვდრეთით აღდგენის შემდეგ მათთვის ადვილი იქნება, ემსახურონ იეჰოვას, რადგან იცხოვრებენ სამოთხეში, ეშმაკის მხრიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. მაგრამ ემსახურება თუ არა იეჰოვას სრულყოფილებას მიღწეული მილიარდობით ადამიანი, თუ სატანას მიეცემა შესაძლებლობა, შეაკავოს ისინი? შეუძლია თუ არა სატანას იმ ადამიანებთან მიაღწიოს იმას, რასაც მიაღწია სრულყოფილ ადამსა და ევასთან?
21. ა) როგორ გამოცდის იეჰოვა კაცობრიობას? ბ) რა დაემართება ყველა მონაწილეს გამოცდის ბოლოს?
21 ამ საკითხების გადასაწყვეტად, იეჰოვა უფსკრულიდან გაათავისუფლებს სატანასა და მის დემონებს, სადაც ისინი 1 000 წელი იქნებიან. რა იქნება შედეგი? ბიბლია გვიჩვენებს, რომ სატანა წარმატებას მიაღწევს იეჰოვას გზიდან ზოგიერთების გადაცდენაში. ისინი ‘ზღვის ქვიშასავით’ იქნებიან, რაც ნიშნავს, რომ მათი რიცხვი განუსაზღვრელია. მას შემდეგ, როცა გამოცდა დამთავრდება, სატანა, მისი დემონები და ისინიც, რომლებიც ვერ გაუძლებენ გამოცდას, ჩაყრილი იქნებიან სიმბოლურ „ცეცხლის ტბაში“, რაც მეორე (მარადიული) სიკვდილია (გამოცხადება 20:7–10, 15). ხოლო ისინი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი იქნება „სიცოცხლის წიგნში“, დარჩებიან შესანიშნავ მიწიერ სამოთხეში. „სიცოცხლის წიგნში“ ჩაწერა კი ნიშნავს, რომ იეჰოვას თვალსაზრისით, ისინი სრულიად მართლები არიან გულით, გონებითა და სხეულით და ამიტომ იმსახურებენ მარადიულ სიცოცხლეს სამოთხეში, დედამიწაზე.
ახლანდელი განკითხვის დღე
22. რა უნდა გადავიტანოთ ახლა, თუ გვსურს ვიხილოთ განკითხვის დღე და კაცობრიობის საბოლოო გამოცდა?
22 მაშასადამე, ბიბლია იძლევა ცნობებს იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც მოხდება მომავალი 1 000 წლის შემდეგ ის ცხადყოფს, რომ არ არსებობს საფუძველი გვეშინოდეს მომავლის. მაგრამ საკითხავია, იქნები თუ არა შენ დედამიწაზე სამოთხეში, რომ გაიხარო ყველა იმ სიკეთით, რაც გაითვალისწინა იეჰოვა ღმერთმა? ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, გადაიტან თუ არა უფრო ადრეულ განკითხვის დღეს, სახელდობრ კი, ახლანდელ, ‘უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღეს’ (2 პეტრე 3:7).
23. ა) რომელ ორ კლასად იყოფიან ახლა ადამიანები? ბ) რა დაემართება თითოეულ კლასს და რატომ?
23 დიახ, იმ დროიდან, რაც ქრისტე დაბრუნდა და დაჯდა თავის ზეციერ ტახტზე, მიმდინარეობს კაცობრიობის განკითხვა. ეს ახლანდელი ‘განკითხვის დღე’ 1 000 წლიანი განკითხვის დღის წინამორბედია. ახლანდელი სასამართლოს მსვლელობის მანძილზე მიმდინარეობს ადამიანების გამორჩევა ერთმანეთისგან, როგორც ‘თხების’ — ქრისტეს მარცხნივ და როგორც ‘ცხვრების’ — ქრისტეს მარჯვნივ. ‘თხები’ განადგურდებიან, რადგან ისინი არ ეხმარებიან ქრისტეს სულითცხებულ ‘ძმებს’ ღმერთის მსახურებაში. დროთა განმავლობაში ‘თხები’ თავიანთი უსამართლო მოქმედებებით გამოავლენენ, რომ არიან მოუნანიებლები, ცოდვილები, ბოროტები და გასასტიკებულები თავიანთ არასწორ საქმეებში. ‘ცხვრები’ კი კურთხეულები იქნებიან, იცხოვრონ, როგორც სამეფოს მმართველობის ქვეშევრდომებმა, რადგან ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ ქრისტეს ‘ძმებს’ (მათე 25:31–46).
[სურათები 178-ე გვერდზე]
რატომ თქვა იესომ, რომ განკითხვის დღეს სოდომის მცხოვრებლებისთვის უფრო ადვილი იქნება?