დანართი
რა არის სასამართლოს დღე?
როგორ წარმოგიდგენია სასამართლოს დღე? ბევრს თვალწინ წარმოუდგება მილიარდობით ადამიანი, რომლებიც რიგ-რიგობით მიდიან ღვთის ტახტთან და თითოეული თავის განაჩენს ელის: ზოგი ზეცაში, მარადიულ ნეტარებაში მოხვდება, ზოგი კი — მარადიულ სატანჯველში. მაგრამ ბიბლია დროის ამ მონაკვეთთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულ სურათს გვიხატავს და მას სულაც არ წარმოგვიდგენს შიშისმომგვრელ დროდ. ღვთის სიტყვის თანახმად, სასამართლოს დღე იმედის მომცემი და განახლების პერიოდია.
გამოცხადების 20:11, 12-ში მოციქული იოანე აღწერს სასამართლოს დღეს: „ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომი. მისგან გარბოდა ცა და დედამიწა და აღარ იყო ადგილი მათთვის. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გაშლილი იყო გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი. მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ“. ვინ არის აქ აღწერილი მოსამართლე?
იეჰოვა ღმერთი კაცობრიობის უზენაესი მოსამართლეა. მაგრამ ადამიანთა გასასამართლებლად მას ჰყავს წარმომადგენელი. საქმეების 17:31-ში მოციქული პავლე ამბობს, რომ ღმერთმა „დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო თავის მიერ დანიშნული კაცის მეშვეობით“. ეს მოსამართლე არის მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე (იოანე 5:22). როდის დაიწყება სასამართლოს დღე? რამდენ ხანს გაგრძელდება ის?
წიგნ „გამოცხადებიდან“ ჩანს, რომ სასამართლოს დღე დაიწყება არმაგედონისa ომის შემდეგ, როდესაც დედამიწაზე სატანის ბოროტი ქვეყნიერება განადგურდება (გამოცხადება 16:14, 16; 19:19—20:3). არმაგედონის შემდეგ სატანა და მისი დემონები ათასი წლით უფსკრულში იქნებიან ჩაყრილნი. ამ პერიოდის განმავლობაში ქრისტეს 144 000 თანამემკვიდრეს გასამართლების უფლებამოსილება ექნებათ მიცემული და ისინი „ქრისტესთან ერთად ათას წელს“ იმეფებენ (გამოცხადება 14:1—3; 20:1—4; რომაელები 8:17). სასამართლოს დღე არ იქნება უბრალოდ 24-საათიანი, რომელიც სწრაფადვე დასრულდება. სასამართლოს დღე ათასი წელი გაგრძელდება.
ამ ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში იესო ქრისტე გაასამართლებს „ცოცხლებსა და მკვდრებს“ (2 ტიმოთე 4:1). „ცოცხლებს“ შორის იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც არმაგედონის დროს გადარჩებიან. „გამოცხადებაში“ ისინი „უამრავ ხალხად“ არიან მოხსენიებულნი (გამოცხადება 7:9—17). მოციქულმა იოანემ ასევე იხილა „მკვდრები . . . რომლებიც ტახტის წინ იდგნენ“. იესოს დაპირების თანახმად, „ვინც სამარხებში არიან, მის [ქრისტეს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“, ანუ აღდგებიან (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). რის მიხედვით მოხდება თითოეულის გასამართლება?
მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა, რომ „გაშლილი იყო გრაგნილები“ და „მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ“ (გამოცხადება 20:12). ჩაწერილია ამ გრაგნილებში ის, რაც მათ წარსულში გააკეთეს? არა. გასამართლება არ მოხდება იმის საფუძველზე, რასაც ისინი სიკვდილამდე აკეთებდნენ. საიდან ვიცით ეს? ბიბლიაში ნათქვამია: „ვინაიდან მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“ (რომაელები 6:7). ამგვარად, მკვდრეთით აღდგენილებს ყველა წარსული ცოდვა მიტევებული ექნებათ. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ გრაგნილებით ღვთის მომავალი მოთხოვნებია წარმოდგენილი. მარადიულად რომ იცხოვრონ, არმაგედონის დროს გადარჩენილებიც და მკვდრეთით აღდგენილებიც უნდა დაემორჩილონ ღვთის მითითებებს, მათ შორის ნებისმიერ ახალ მითითებას, რომლებიც შეიძლება მიიღონ იეჰოვასგან ათასი წლის განმავლობაში. ასე რომ, ადამიანები გასამართლდებიან იმის მიხედვით, რასაც სასამართლოს დღის განმავლობაში გააკეთებენ.
სასამართლოს დღეს მილიარდობით ადამიანი პირველად გაიგებს, რა არის ღვთის ნება და როგორ შეუძლიათ მის თანახმად ცხოვრება. ეს შესაძლებელი გახდება მსოფლიო საგანმანათლებლო საქმიანობის წყალობით. მაშინ „სიმართლეს ისწავლიან მიწის მკვიდრნი“ (ესაია 26:9). მაგრამ ყველას არ ექნება იმის სურვილი, რომ ღვთის ნების შესაბამისად იცხოვროს. ესაიას 26:10-ში ნათქვამია: „ბოროტმა წყალობა რომც პოვოს, სიმართლეს მაინც ვერ ისწავლის. სიმართლის ქვეყანაში უსამართლოდ მოიქცევა და ვერ დაინახავს იეჰოვას აღმატებულობას“. ასეთი ბოროტი ადამიანები სამუდამოდ განადგურდებიან სასამართლოს დღის განმავლობაში (ესაია 65:20).
სასამართლოს დღის დასასრულს გადარჩენილნი სრულად „გაცოცხლდებიან“ იმ გაგებით, რომ სრულყოფილები გახდებიან (გამოცხადება 20:5). ასეთი სახით, სასამართლოს დღის განმავლობაში კაცობრიობა დაიბრუნებს თავდაპირველ სრულყოფილებას (1 კორინთელები 15:24—28). შემდეგ კი საბოლოო გამოცდა იქნება. სატანა გათავისუფლდება და მას კიდევ ერთხელ, უკანასკნელად მიეცემა კაცობრიობის შეცდომაში შეყვანის საშუალება (გამოცხადება 20:3, 7—10). ვინც ამ გამოცდას გადაიტანს, საკუთარი თვალით დაინახავს, თუ როგორ შესრულდება ბოლომდე ბიბლიის შემდეგი სიტყვები: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). დიახ, სასამართლოს დღე დიდ სიკეთეს მოუტანს ყველა ერთგულ ადამიანს!
a არმაგედონის შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“, თავი 20 და „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 2, გვერდები 594, 595, 1037, 1038 [ინგლ.]; ქართულად იხილეთ ონლაინ ბიბლიოთეკაში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.