იობი — მოთმინებისა და ერთგულების მაგალითი
„შეამჩნიე ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე, უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს დგას“ (იობი 1:8, აქ).
1, 2. ა) რა უბედურება დაატყდა თავს იობს მოულოდნელად? ბ) როგორ ცხოვრობდა იობი, ვიდრე უბედურება დაატყდებოდა?
დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა — სიმდიდრე, კარგი სახელი, ჯანმრთელობა და ბედნიერი ოჯახი. მოულოდნელად, მას ზედიზედ სამი დიდი უბედურება დაატყდა. ერთ ღამეში მან მთელი თავისი ქონება დაკარგა. უეცრად ამოვარდნილი ქარიშხლის შედეგად მას ათივე შვილი დაეღუპა. ამის შემდეგ ის მძიმედ დაავადდა და მთელი სხეული დაუწყლულდა. ალბათ, მიხვდით, რომ ეს მამაკაცი იობია. იგი ბიბლიის იმ წიგნის მთავარი პერსონაჟია, რომელიც მისი სახელით იწოდება (იობი, თავები 1, 2).
2 „ნეტავ ისე ვიყო, როგორც იმ წარსულ თვეებში“, — ამბობდა იობი (იობი 3:3; 29:2). ვის არ გაახსენდება უბედურების დროს წარსულის მშვიდი დღეები?! ერთი შეხედვით, იობს არ უნდა დამართოდა ასეთი რამ, რადგან პატიოსანი ადამიანი იყო. პატივდებული ადამიანები აფასებდნენ მას და რჩევისთვის მიმართავდნენ (იობი 29:5—11). ის მდიდარი იყო, მაგრამ სიმდიდრეზე გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდა (იობი 31:24, 25, 28). იობი ეხმარებოდა გაჭირვებულ ქვრივ–ობლებს (იობი 29:12—16). ის არც ცოლს ღალატობდა (იობი 31:1, 9, 11).
3. რას ფიქრობდა იეჰოვა იობზე?
3 იობი უმწიკვლოდ ცხოვრობდა, რადგან ღვთის თაყვანისმცემელი იყო. მის შესახებ იეჰოვამ თქვა: „არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე, უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს დგას“ (იობი 1:1, 8, აქ). ამის მიუხედავად, უბედურებამ წერტილი დაუსვა მის მშვიდ ცხოვრებას. იობმა დაკარგა ყველაფერი, რასაც მთელი ცხოვრება აგროვებდა. მან დიდი ტკივილი მიიღო და იმედგაცრუება დაეუფლა, რის გამოც მისი ხასიათის სიმტკიცე გამოიცადა.
4. რატომ ღირს იობის განსაცდელზე დაფიქრება?
4 რასაკვირველია, იობი არ იყო ღვთის ერთადერთი მსახური, რომელიც ცხოვრებაში სერიოზულ განსაცდელს შეხვდა. დღეს ბევრი ქრისტიანი განიცდის დიდ სირთულეებს. ამიტომ ღირს დავფიქრდეთ ორ კითხვაზე: როგორ გვეხმარება იობის განსაცდელზე ფიქრი, როდესაც თავად ვხვდებით განსაცდელს? როგორ გვეხმარება მისი შემთხვევა, გასაჭირში მყოფთა მიმართ მეტი თანაგრძნობა გამოვავლინოთ?
ერთგულების გამოცდა
5. სატანის სიტყვების თანახმად, რატომ ემსახურებოდა იობი ღმერთს?
5 იობის შემთხვევა გამონაკლისი იყო. ეშმაკი ამტკიცებდა, რომ ის გულწრფელად არ ემსახურებოდა ღმერთს. ამ საკამათო საკითხის შესახებ თავად იობმა არაფერი იცოდა. როდესაც ზეცაში სულიერი ქმნილებები შეიკრიბნენ, იეჰოვამ ყურადღება გაამახვილა იობის კარგ თვისებებზე. ამაზე სატანამ მიუგო: „განა შენ არ შემოაკავე მისი გარემო და მისი სახლი, და მთელი მისი საბადებელი ყოველმხრივ?“ ამგვარად სატანამ განაცხადა, რომ იობს ეგოისტური მიზნები ამოძრავებდა. ეს განაცხადი, ფაქტობრივად, ღვთის ყველა მსახურს ეხებოდა. სატანამ იეჰოვას უთხრა: „ხელი გაიწოდე და შეახე მთელ მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობი 1:8—11).
6. რა საკამათო საკითხი წამოჭრა სატანამ?
6 ეს საკმაოდ სერიოზული საკითხი იყო. სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ის, თუ რამდენად სამართლიანად მართავდა იეჰოვა სამყაროს. შეეძლო ღმერთს სამყარო სიყვარულით ემართა? თუ, როგორც სატანა ამტკიცებდა, საბოლოოდ მაინც ეგოიზმი გაიმარჯვებდა? იეჰოვამ დართო ეშმაკს იობის გამოცდის ნება, რადგან დარწმუნებული იყო თავისი მსახურის უმწიკვლობასა და ერთგულებაში. სატანამ იობს ზედიზედ რამდენიმე უბედურება დაატეხა თავს. როდესაც დაინახა, რომ არაფერი გამოუვიდა, მან იობს საშინელი სენი შეჰყარა. ეშმაკი ამტკიცებდა: „ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობი 2:4).
7. რა სირთულეებს შეიძლება შეხვდნენ დღეს იობის მსგავსად ღვთის მსახურები?
7 ქრისტიანთა უმრავლესობა დღეს იობის მსგავს განსაცდელებს არ ხვდება, თუმცა მათ უწევთ სხვადასხვა სირთულის წინაშე დგომა. ბევრი დევნას ან ოჯახურ პრობლემებს აწყდება. ეკონომიკური სიდუხჭირე ან ავადმყოფობა შეიძლება სერიოზულ განსაცდელად იქცეს. ზოგმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო რწმენისთვის. ცხადია, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა პრობლემის მიზეზი, რომლებსაც ვხვდებით, უშუალოდ სატანაა. ბევრი სირთულე შეიძლება ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების ან მემკვიდრეობითი ფაქტორების შედეგი იყოს (გალატელები 6:7). გარდა ამისა, არავინ არის დაზღვეული ასაკით გამოწვეული პრობლემებისა თუ სტიქიური უბედურებებისგან. ბიბლიიდან აშკარად ვხედავთ, რომ დღეს იეჰოვა სასწაულებრივად არ იცავს თავის მსახურებს ასეთი სირთულეებისგან (ეკლესიასტე 9:11).
8. როგორ შეუძლია სატანას ისარგებლოს სირთულეებით, რომლებსაც ვხვდებით?
8 სირთულეები, რომლებსაც ვხვდებით, სატანამ შეიძლება ჩვენი რწმენის შესასუსტებლად გამოიყენოს. მოციქულმა პავლემ თქვა: „სხეულში ეკალი მომეცა, სატანის ანგელოზი, რომ სახეში მირტყას“ (2 კორინთელები 12:7). ეს შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, მაგალითად სუსტი მხედველობა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, პავლეს ესმოდა, რომ სატანას შეეძლო ესარგებლა ამ პრობლემით და შედეგად გამოწვეული გულგატეხილობით, რათა მისთვის სიხარული წაერთმია და მისი ერთგულება შეერყია (იგავები 24:10). დღეს სატანამ შეიძლება გამოიყენოს ოჯახის წევრები, თანაკლასელები და დიქტატორი მმართველებიც კი ღვთის მსახურთა შესავიწროებლად.
9. რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ სირთულეებსა და დევნას ვხვდებით?
9 როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ასეთ პრობლემებს? სათანადო თვალსაზრისის შენარჩუნებით: ამ დროს იმის დამტკიცების შესაძლებლობა გვეძლევა, რომ იეჰოვასადმი ჩვენს სიყვარულზე და მისი უზენაესობისადმი მორჩილებაზე ვერაფერი მოახდენს გავლენას (იაკობი 1:2—4). რა განსაცდელსაც უნდა შევხვდეთ, სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში იმის გათვითცნობიერება დაგვეხმარება, რომ ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. პეტრე მოციქულმა ქრისტიანებს მისწერა: „საყვარელნო, ნუ ჩავარდებით საგონებელში თქვენ შორის გაჩაღებული ცეცხლის გამო, რაც თქვენი გამოცდისთვის არის, თითქოს უცნაური რამ გემართებოდეთ“ (1 პეტრე 4:12). პავლემ კი დაწერა: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). სატანა დღემდე ეჭვქვეშ აყენებს იეჰოვას მოწმეების ერთგულებას, როგორც ეს იობის შემთხვევაში იყო. უფრო მეტიც, ბიბლიიდან ჩანს, რომ სატანა უფრო გააფთრებით ებრძვის ღვთის ხალხს ამ ბოლო დღეებში (გამოცხადება 12:9, 17).
გაურკვევლობა და არასწორი რჩევა
10. რა არასახარბიელო მდგომარეობაში იყო იობი?
10 იობს მდგომარეობას ურთულებდა კიდევ ერთი რამ, რისგანაც ჩვენ დაცულნი ვართ. მან არ იცოდა, რატომ დაატყდა თავს ამდენი უბედურება. იობმა არასწორად დაასკვნა: „უფალმა მომცა და უფალმა წაიღო“ (იობი 1:21). შესაძლოა, სატანა განზრახ ცდილობდა, ისეთი წარმოდგენა შეექმნა იობისთვის, რომ მისი უბედურება ღმერთმა გამოიწვია.
11. ახსენით, რა რეაქცია ჰქონდა იობს თავს დატეხილ უბედურებაზე.
11 იობი სასოწარკვეთილებაში იყო, მაგრამ არ დაგმო ღმერთი, როგორც ამისკენ ცოლი მოუწოდებდა (იობი 2:9, 10). იობი ამბობდა, რომ ბოროტები მასზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ (იობი 21:7—9). მას ვერ გაეგო, რატომ სჯიდა ღმერთი. იობი სიკვდილსაც კი ნატრობდა: „ნეტავ შავეთში დაგემალე, დაგეფარე, ვიდრე დაცხრებოდა შენი რისხვა“ (იობი 14:13).
12, 13. რა გავლენა იქონია იობზე სამი მეგობრის სიტყვებმა?
12 იობს სამი მეგობარი ესტუმრა, რათა „თანაეგრძნოთ და ენუგეშებინათ იგი“ (იობი 2:11, აქ). თუმცა ისინი „ამაო ნუგეშისმცემელნი“ აღმოჩნდნენ (იობი 16:2). ალბათ, იობი მოელოდა, რომ სამი მეგობრისთვის გასაჭირის გაზიარებით შვებას იგრძნობდა. მაგრამ მას უფრო მეტად დაეუფლა გაურკვევლობისა და იმედგაცრუების გრძნობა (იობი 19:2; 26:2).
13 იობი, შესაძლოა, საკუთარ თავს ეკითხებოდა: „რატომ მაინცდამაინც მე? რა გავაკეთე ისეთი, რომ ამდენი უბედურება შემემთხვა?“ ის, რასაც მეგობრები ეუბნებოდნენ, სრულიად მცდარი იყო. ისინი ვარაუდობდნენ, რომ იობი სერიოზული ცოდვების გამო იტანჯებოდა. ელიფაზმა მას უთხრა: „ვინმე თუ დაღუპულა უდანაშაულო? . . როგორც მინახავს: სიავის მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან“ (იობი 4:7, 8).
14. რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ პრობლემების მიზეზი მაინცდამაინც არასწორი მოქმედებაა?
14 პრობლემებს შეიძლება იმ შემთხვევაში შევხვდეთ, თუ ‘ხორცისთვის ვთესავთ და არა — სულისთვის’ (გალატელები 6:7, 8). მაგრამ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში სირთულეები შეიძლება ჩვენგან დამოუკიდებლადაც წამოიჭრას. უდანაშაულოები არ არიან დაზღვეულნი გასაჭირისგან. იესო ქრისტე „წაუბილწველი, ცოდვილებს ჩამოშორებული“ იყო, მაგრამ ის წამებით მოკვდა. მოციქული იაკობიც მოკლეს რწმენის გამო (ებრაელები 7:26; საქმეები 12:1, 2). ელიფაზისა და მისი ორი თანამზრახველის არასწორი მსჯელობის შედეგად იობმა საკუთარი სახელის დაცვა და თავის მართლება დაიწყო. მათ დაჟინებულ სიტყვებს იმის შესახებ, რომ იობი იმსახურებდა ტანჯვას, შეეძლო დაემახინჯებინა მისი თვალსაზრისი ღვთის სამართლიანობაზე (იობი 34:5; 35:2).
დახმარება სირთულეების დროს
15. როგორი თვალსაზრისი დაგვეხმარება სირთულეების დროს?
15 რას ვსწავლობთ იობის შემთხვევიდან? შეიძლება ვიფიქროთ, რომ უსამართლოდ ვხდებით უბედურების, ავადმყოფობის ან დევნის მსხვერპლი. შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ სხვები დაცულნი არიან ასეთი პრობლემებისგან (ფსალმუნები 72:3—12). დროდადრო საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „მიყვარს ღმერთი ისე ძლიერ, რომ რაც უნდა მოხდეს, მაინც განვაგრძობ მის მსახურებას? ვაძლევ იეჰოვას იმის საშუალებას, რომ ‘პასუხი გასცეს თავის დამცინავს’?“ (იგავები 27:11, აქ; მათე 22:37). არასდროს უნდა დავუშვათ, რომ სხვების დაუფიქრებელმა ნათქვამმა ჩვენი ზეციერი მამისადმი ნდობა შეგვირყიოს. ერთმა ერთგულმა ქრისტიანმა, რომელიც წლების მანძილზე ქრონიკული დაავადებით იტანჯება, თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ, რაც უნდა დაუშვას იეჰოვამ, ყველაფრის ატანას შევძლებ. ვიცი, რომ ის მომცემს საჭირო ძალას. ყოველთვის ვგრძნობ მის ძალას“.
16. როგორ ეხმარება ღვთის სიტყვა მათ, ვინც სირთულეებს ხვდება?
16 იობმა არაფერი იცოდა სატანის ტაქტიკის შესახებ. დღეს კი „ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები“ ანუ ხრიკები (2 კორინთელები 2:11). გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს უამრავი პრაქტიკული რჩევის მიღების შესაძლებლობა. ბიბლიაში ვკითხულობთ ერთგული მამაკაცებისა და ქალების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა სახის გასაჭირს იტანდნენ. პავლე მოციქულმა, რომელმაც არაერთი განსაცდელი გადაიტანა, დაწერა: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4). ევროპაში მცხოვრებმა ერთმა იეჰოვას მოწმემ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს რწმენის გამო დააპატიმრეს, სამი დღის საკვები ბიბლიაში გაცვალა. ის ამბობს: „ამის გაკეთება ნამდვილად ღირდა. მშიერი ვიყავი, მაგრამ მქონდა სულიერი საზრდო, რომელიც იმ რთულ პერიოდში როგორც მე, ისე სხვებს განსაცდელების გადატანაში გვეხმარებოდა. ეს ბიბლია დღემდე მაქვს შენახული“.
17. როგორ გვეხმარება ღმერთი სირთულეების ატანაში?
17 ბიბლიის გარდა, ჩვენ გვაქვს ბიბლიაზე დაფუძნებული მრავალი პუბლიკაცია, რომლებშიც პრობლემებთან გასამკლავებლად სასარგებლო რჩევებია მოცემული. «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებლის» დახმარებით შეგიძლიათ მოძებნოთ იმ თანაქრისტიანების მაგალითები, რომლებიც თქვენს მსგავს განსაცდელებს ხვდებიან (1 პეტრე 5:9). აგრეთვე დაგეხმარებათ თანამგრძნობ უხუცესებთან ან სხვა მოწიფულ ქრისტიანებთან საუბარი. რაც ყველაზე მთავარია, შეგიძლიათ ყოველთვის გქონდეთ იმის იმედი, რომ ლოცვებზე პასუხად იეჰოვა წმინდა სულით დაგეხმარებათ. როგორ უწევდა წინააღმდეგობას პავლე სატანის „დარტყმებს“? ღვთის ძალაზე დანდობით (2 კორინთელები 12:9, 10). მან დაწერა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13).
18. როგორ შეუძლიათ თანაქრისტიანებს ჩვენი გაძლიერება?
18 ასე რომ, დახმარება ხელმისაწვდომია და ყოველთვის უნდა ეძებოთ ის. ბიბლიაში ნათქვამია: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“ (იგავები 24:10, აქ). როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ისე გულგატეხილობას შეუძლია ქრისტიანის ერთგულების შერყევა. ამ საფრთხის თავიდან ასარიდებლად იეჰოვა თანაქრისტიანების მეშვეობით გვიჭერს მხარს. იმ ღამეს, როდესაც დააპატიმრეს, იესოს ანგელოზი მოევლინა განსამტკიცებლად (ლუკა 22:43). როდესაც დაპატიმრებული პავლე რომში მიჰყავდათ და აპიუსის მოედანსა და „სამ ფუნდუკთან“ ძმებს შეხვდა, მან „ღმერთს მადლობა გადაუხადა და გამხნევდა“ (საქმეები 28:15). გერმანიაში მცხოვრები ერთი იეჰოვას მოწმე ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. ამ დას დღემდე ახსოვს, როგორ დაეხმარნენ თანაქრისტიანები: „თანამორწმუნეებმა დაუყოვნებლივ მომძებნეს და გულთბილად მიმიღეს. ერთი და განსაკუთრებით ზრუნავდა ჩემზე და იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცებაში მეხმარებოდა“.
„ერთგული დარჩი“
19. რა დაეხმარა იობს სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევაში?
19 იეჰოვამ იობის შესახებ თქვა: „ის კვლავაც უმწიკვლოა“ (იობი 2:3, აქ). იობს ვერაფერმა შეურყია ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ გულგატეხილი იყო და არ იცოდა თავისი ტანჯვის მიზეზი. მას უარი არ უთქვამს ღვთის მსახურებაზე, რადგან ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი მიზანი. ის მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე: „სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას!“ (იობი 27:5).
20. რატომ ღირს მოთმინების გამოვლენა?
20 მსგავსი სულისკვეთება ჩვენც დაგვეხმარება ერთგულების შენარჩუნებაში ნებისმიერი ვითარების დროს — ცდუნების, წინააღმდეგობის თუ განსაცდელის პირისპირ ყოფნისას. სმირნის კრებას იესომ მიმართა: „ნურაფრის გეშინია, რის გამოც ტანჯვა მოგიწევს. ეშმაკი კვლავ საპყრობილეში ჩააგდებს ზოგიერთ თქვენგანს, რათა ბოლომდე გამოიცადოთ და გასაჭირი გქონდეთ ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული დარჩი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხადება 2:10).
21, 22. რის ცოდნა გვანუგეშებს, როცა ჩვენი მოთმინება იცდება?
21 ამ ქვეყნიერებაში, რომელსაც სატანა მართავს, ჩვენი მოთმინება და ერთგულება გამოიცდება. მაგრამ იესო გვარწმუნებს, რომ არ გვაქვს შიშის მიზეზი, რადგან წინ შესანიშნავი მომავალი გველის. მთავარია ბოლომდე ერთგულები დავრჩეთ. როგორც პავლე მოციქული ამბობს, „გასაჭირი ხანმოკლეა“, ხოლო „დიდება“ ანუ იეჰოვას მიერ დაპირებული ჯილდო „ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და მარადიულად რჩება“ (2 კორინთელები 4:17, 18). იობის განსაცდელიც კი ხანმოკლე იყო იმ ბედნიერ წლებთან შედარებით, რომლებიც მას მანამდე და მის მერე ჰქონდა (იობი 42:16).
22 და მაინც, დროდადრო შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ჩვენს განსაცდელებს ბოლო არ უჩანს და მეტის ატანა აღარ შეგვიძლია. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, კიდევ რის სწავლა შეგვიძლია იობის შემთხვევიდან მოთმინებასთან დაკავშირებით. აგრეთვე დავინახავთ, როგორ შეგვიძლია გავამხნევოთ ისინი, ვინც განსაცდელებს ხვდება.
როგორ უპასუხებთ?
• რა საკამათო საკითხი წამოჭრა სატანამ იობის ერთგულებასთან დაკავშირებით?
• რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ სირთულეებს ვხვდებით?
• როგორ გვეხმარება იეჰოვა სირთულეების ატანაში?
[სურათები 23 გვერდზე]
მოთმინების გამოვლენაში დაგვეხმარება პირადი შესწავლა, მოწიფულ ქრისტიანებთან საუბარი და იეჰოვასთვის ლოცვაში გულის გადაშლა.