ალფა და ომეგა
ბერძნული ანბანის პირველი და უკანასკნელი ასოების სახელწოდება, რომელიც სამჯერ გვხვდება ტიტულის სახით „გამოცხადებაში“. ეს ფრაზა დამატებით გვხვდება „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“, კერძოდ, გამოცხადების 1:11-ში, მაგრამ მისი არსებობა არ დასტურდება ძველბერძნული ხელნაწერებით — ალექსანდრიის, სინური და ეფრემის კოდექსებით. სწორედ ამიტომ არ გვხვდება იგი ბევრ თანამედროვე თარგმანში.
მრავალი ბიბლეისტი ამ ტიტულს ღმერთსაც მიაკუთვნებს და ქრისტესაც, მაგრამ საგულდაგულო გამოკვლევას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ეს ტიტული მხოლოდ იეჰოვა ღმერთს ეკუთვნის. „გამოცხადების“ პირველი მუხლიდან ჩანს, რომ იოანემ გამოცხადება თავდაპირველად ღვთისგან მიიღო იესო ქრისტეს მეშვეობით. ამიტომ მოსაუბრედ (ანგელოზის შუამავლობით) ხან ღმერთი გვევლინება, ხან ქრისტე იესო (გმც. 22:8). გამოცხადების 1:8-ში (აფ) ნათქვამია: „მე ვარ ალფა და ომეგა, ამბობს უფალი ღმერთი [„იეჰოვა ღმერთი“, აქ], ის ვინც არის, და ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი“. მართალია, წინა მუხლში საუბარია ქრისტე იესოზე, მე-8 მუხლში ეს ტიტული აშკარად „ყოვლისმპყრობელ“ ღმერთს უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით ერთ ნაშრომში ვკითხულობთ: „შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად ითქვას, რომ დამწერი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაინცდამაინც უფალ იესოს გულისხმობდა ... არ გადავაჭარბებთ, თუ ვივარაუდებთ, რომ დამწერი ღმერთს გულისხმობს“ (Barnes’ Notes on the New Testament, 1974).
ეს ტიტული კიდევ ერთხელ გვხვდება გამოცხადების 21:6-ში. მომდევნო მუხლიდან მოსაუბრის ვინაობას ვიგებთ: „მძლეველი დაიმკვიდრებს ამ ყოველივეს, მე ვიქნები მისი ღმერთი და ის იქნება ჩემი ძე“. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იესო თავისი სამეფოს თანამემკვიდრეებს ძმებს უწოდებს და არა ძეებს, მოსაუბრე სხვა ვერავინ იქნება, თუ არა იესოს ზეციერი მამა, იეჰოვა ღმერთი (მთ. 25:40; შდრ. ებ. 2:10—12).
ამ ტიტულს მესამეჯერ და უკანასკნელად გამოცხადების 22:13-ში ვხვდებით: „მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული“. ნათელია, რომ გამოცხადების 22-ე თავში რამდენიმე მოსაუბრე მონაწილეობს: მე-8 და მე-9 მუხლებში ანგელოზი ელაპარაკება იოანეს, მე-16 მუხლში აშკარად იესოა მოსაუბრე, მე-17 მუხლის პირველ ნაწილში — „სული და პატარძალი“, ხოლო მე-20 მუხლის ბოლო ნაწილში — იოანე. ასე რომ, 12—15-ე მუხლებში მოსაუბრე „ალფა და ომეგა“, როგორც პირველ ორ შემთხვევაში, აქაც იეჰოვა ღმერთია. მე-12 მუხლში მოხსენიებული ფრაზა „აი, მალე მოვალ“, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზემოხსენებულ მუხლებში იესოზეა საუბარი, ვინაიდან ღმერთზეც არის ნათქვამი, რომ ის „მოდის“ განაჩენის აღსასრულებლად (შდრ. ეს. 26:21). მალაქიას 3:1—6-ში საუბარია იეჰოვასა და „შეთანხმების მაცნის“ ერთობლივ მოსვლაზე გასასამართლებლად.
იეჰოვასთვის მინიჭებული ტიტული „ალფა და ომეგა“ იგივეა, რაც „პირველი და უკანასკნელი“, „დასაწყისი და დასასრული“. მის გარდა არც მანამდე ყოფილა ყოვლისშემძლე ღმერთი და არც მომავალში იქნება. ის გადაჭრის ღვთაებრიობასთან დაკავშირებულ საკამათო საკითხს და ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცებს, რომ ერთადერთი ყოვლისშემძლე ღმერთია (შდრ. ეს. 44:6).