თავი 44
„გამოცხადება“ და თქვენ
1. ა) რაში არწმუნებს ანგელოზი იოანეს? ბ) ვინ ამბობს: „მალე მოვალ“ და როდის „მოვა“?
ბრწყინვალე ახალი იერუსალიმის წარმოდგენის შემდეგ ალბათ გებადებათ კითხვა: ნუთუ შესაძლებელია მართლა არსებობდეს ასეთი სასწაული? ამ კითხვაზე პასუხს იოანე ანგელოზის სიტყვებით გვცემს: «და მითხრა: „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია. იეჰოვამ, წინასწარმეტყველთა შთამაგონებელმა ღმერთმა, თავისი ანგელოზი გამოგზავნა, რათა თავისი მონებისთვის ეჩვენებინა, რაც უნდა მოხდეს მალე. აი, მალე მოვალ. ბედნიერია ამ გრაგნილზე დაწერილი წინასწარმეტყველების სიტყვების დამცველი“ » (გამოცხადება 22:6, 7). „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ყველა დანაპირები უეჭველად შესრულდება. ანგელოზი იესოს სახელით ლაპარაკობს და ამბობს: „მალე მოვალ“. ეს ფრაზა იმას გულისხმობს, რომ იესო „ქურდივით“ მოვა იეჰოვას მტრების მოსასპობად, რასაც გამოცხადების დიდებული და ბედნიერი აპოგეა მოჰყვება (გამოცხადება 16:15, 16). ამიტომ „ამ გრაგნილში“, „გამოცხადებაში“ ჩაწერილ სიტყვებს უნდა დავემორჩილოთ, რომ იმ დროს ბედნიერთა შორის აღმოვჩნდეთ.
2. ა) მოვლენებით დატვირთული ხილვების ნახვის შემდეგ რა გააკეთა იოანემ და რა უთხრა მას ანგელოზმა? ბ) რას ვიგებთ ანგელოზის სიტყვებიდან: „იცოდე“ და „ღმერთს ეცი თაყვანი“?
2 მოვლენებით დატვირთული ასეთი ხილვების ნახვის შემდეგ არავის გაუკვირდება იოანეს გაოგნება: «მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს ყველაფერი და, როცა მოვისმინე და ვიხილე, თაყვანსაცემად დავემხვე ანგელოზის ფეხებთან, რომელიც ამას მაჩვენებდა, მაგრამ მან მითხრა: „იცოდე, ნუ იზამ ამას! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორც შენ, შენი ძმები — წინასწარმეტყველები — და ამ გრაგნილის სიტყვების დამცველნი. ღმერთს ეცი თაყვანი“ » (გამოცხადება 22:8, 9; შეადარეთ გამოცხადების 19:10). იოანე ანგელოზმა ორჯერ გააფრთხილა, მისთვის არ ეცა თაყვანი. იმ დროს ეს გაფრთხილება დროული იყო, რადგან, როგორც ჩანს, ზოგი თაყვანს სცემდა ანგელოზებს, ზოგი კი იმას ამტკიცებდა, რომ ანგელოზები ეცხადებოდნენ (1 კორინთელები 13:1; გალატელები 1:8; კოლოსელები 2:18). ეს იმას ნიშნავს, რომ თაყვანისცემას მხოლოდ ღმერთი იმსახურებს (მათე 4:10). წმინდა თაყვანისმცემლობა არ უნდა წავბილწოთ ვისიმე ან რისამე თაყვანისცემით (ესაია 42:5, 8).
3, 4. რა უთხრა ანგელოზმა იოანეს და როგორ დაემორჩილნენ ცხებულები ამ სიტყვებს?
3 იოანე განაგრძობს თხრობას: «მან აგრეთვე მითხრა: „ბეჭედს ნუ დაადებ ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან დანიშნული დრო ახლოსაა. ვინც უმართლობას სჩადის, კვლავ სჩადიოდეს უმართლობას, ბინძური კვლავ ბინძურდებოდეს, ხოლო მართალი კვლავ სიმართლით მოქმედებდეს და წმინდა კვლავ წმინდავდებოდეს“ » (გამოცხადება 22:10, 11).
4 დღეს ცხებულები ემორჩილებიან ანგელოზის სიტყვებს. ისინი ბეჭედს არ ასვამენ ამ წინასწარმეტყველებას. ამიტომაც „სიონის საგუშაგო კოშკში და ქრისტეს მოსვლის მაცნის“ (1879 წლის ივლისი) პირველივე ნომერში „გამოცხადების“ მრავალი მუხლი იყო ახსნილი. როგორც პირველ თავში აღვნიშნეთ იეჰოვას მოწმეებმა წლების განმავლობაში „გამოცხადების“ ამხსნელი მრავალი წიგნი გამოსცეს. ჭეშმარიტების მოყვარულთა ყურადღებას ახლაც მივაპყრობთ „გამოცხადებაში“ ჩაწერილ წინასწარმეტყველებებსა და მათ შესრულებას.
5. ა) რა ელით მათ, ვინც არ მოუსმენს „გამოცხადებაში“ ჩაწერილ გაფრთხილებასა და რჩევას? ბ) როგორ უნდა მოიქცნენ თვინიერი და მართალი ადამიანები?
5 თუ ხალხი არ მოუსმენს „გამოცხადებაში“ ჩაწერილ გაფრთხილებასა და რჩევას — ნუ მოუსმენს. „ვინც უმართლობას სჩადის, კვლავ სჩადიოდეს უმართლობას“. თუ ასე უნდათ, დაე, ნუ ამოვლენ იმ ქვეყნიერების წუმპიდან, რომელიც ყველაფრის ნებას რთავს კაცს; ეს წუმპე მომაკვდინებელია. მალე აღსრულდება იეჰოვას განაჩენი, რაც დიდი ბაბილონის განადგურებით დაიწყება. დაე, ყურად იღონ თვინიერებმა წინასწარმეტყველური სიტყვები: „ეძებეთ იეჰოვა . . . ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს“ (სოფონია 2:3). იეჰოვასთვის მიძღვნილ მსახურებზე კი ნათქვამია: „მართალი კვლავ სიმართლით მოქმედებდეს“. გონიერმა ადამიანებმა იციან, რომ ცოდვილი ცხოვრების წარმავალი სიამოვნება ვერ შეედრება იმ მარადიულ კურთხევებს, რომლებსაც სიმართლისა და სიწმინდის მოყვარულები მიიღებენ. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორინთელები 13:5). თუ არ გადაუხვევთ არჩეული გზიდან, უეჭველად დაჯილდოვდებით (ფსალმუნები 19:9—11; 58:10, 11).
6. რა სიტყვებით მიმართავს იეჰოვა „გამოცხადების“ მკითხველებს?
6 იეჰოვა, მარადიულობის მეფე უკანასკნელად მიმართავს „გამოცხადების“ მკითხველებს: „აი, მალე მოვალ და საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მივუზღა. მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული. ბედნიერნი არიან ისინი, ვინც გაირეცხა გრძელი სამოსელი, რათა სიცოცხლის ხეებთან მისვლის უფლება ჰქონდეთ და კარიბჭეებით ქალაქში შევიდნენ. გარეთ არიან ძაღლები, სპირიტიზმის მიმდევრები, მეძავები, მკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა სიცრუის მოყვარული და ცრუ“ (გამოცხადება 22:12—15).
7. ა) რატომ მოდის იეჰოვა მალე? ბ) რატომ არა აქვს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას წილი ახალ იერუსალიმში?
7 იეჰოვა ღმერთი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მხოლოდ ის არის უზენაესი სამარადისოდ, და იმაზეც, რომ თავდაპირველ განზრახვას საბოლოოდ შეასრულებს. ის მალე მოვა განაჩენის აღსასრულებლად და თავის გულმოდგინე მძებნელთა დასაჯილდოებლად (ებრაელები 11:6). ის თავისი ნორმების მიხედვით განსაზღვრავს, ვის დააჯილდოებს და ვის არა. ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება „უტყვი ძაღლივით“ იქცევა და თვალს ხუჭავს იმ ბოროტ საქმეებზე, რომლებსაც იეჰოვა მოიხსენიებს (ესაია 56:10—12; იხილეთ აგრეთვე მეორე კანონის 23:18, სქოლიო). მათ, ცრუ სწავლებებისა და დოგმების მოყვარულებმა, არაფრად ჩააგდეს იესოს მიერ შვიდი კრებისთვის მიცემული რჩევა. მათ წილი არა აქვთ ახალ იერუსალიმში.
8. ა) მხოლოდ ვის ეძლევა „სიცოცხლის ხეებთან მისვლის უფლება“ და რას ნიშნავს ეს? ბ) როგორ გაირეცხა უამრავმა ხალხმა „გრძელი სამოსელი“ და როგორ ინარჩუნებენ ისინი სიწმინდეს?
8 „სიცოცხლის ხეებთან მისვლის უფლება“ მხოლოდ იმ ცხებულ ქრისტიანებს მიეცათ, რომლებმაც „გაირეცხეს გრძელი სამოსელი“ და განიწმინდნენ იეჰოვას თვალში. მათ ზეცაში უკვდავების მიღების უფლება ეძლევათ (შეადარეთ დაბადების 3:22—24; გამოცხადების 2:7; 3:4, 5). სიკვდილის შემდეგ ისინი აღდგებიან და ახალ იერუსალიმში შევლენ, სადაც მათ 12 ანგელოზი შეუშვებს; იმათ კი, ვინც ცრუობს და უწმინდურებას სჩადის, თუმცა ზეცაში ცხოვრებაზე აცხადებს პრეტენზიას, ანგელოზები ქალაქში არ შეუშვებენ. უამრავი ხალხის წარმომადგენლებმაც „გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“. მათ ბოლომდე უნდა შეინარჩუნონ სიწმინდე. ისინი უნდა მოერიდონ ბოროტებას, რის შესახებაც იეჰოვა გვაფრთხილებს, და ყურად იღონ იესოს მიმართვა შვიდი კრებისადმი (გამოცხადება 7:14; მე-2 და მე-3 თავები).
9. რას ამბობს იესო, ვის მიმართავს და ძირითადად ვის ეხება „გამოცხადების“ სიტყვები?
9 იეჰოვას შემდეგ იესო იწყებს საუბარს. ის გამამხნევებელი სიტყვებით მიმართავს „გამოცხადების“ წამკითხველ მართალი გულის ადამიანებს: „მე, იესომ, გამოვგზავნე ჩემი ანგელოზი, რათა დაემოწმებინა ეს თქვენთვის კრებებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი და კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“ (გამოცხადება 22:16). ეს სიტყვები უპირველესად დედამიწაზე მცხოვრებ სულითცხებულთა კრებას ეხება. ყველაფერი, რაც „გამოცხადებაშია“ ჩაწერილი, ძირითადად იმ ცხებულ ქრისტიანებს ეხებათ, რომლებიც ახალ იერუსალიმს დაიმკვიდრებენ. სულითცხებულთა კრების წყალობით უამრავი ხალხიც იგებს ამ დიდებული წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებას (იოანე 17:18—21).
10. რატომ უწოდა იესომ საკუთარ თავს: ა) „დავითის ფესვი და შთამომავალი“? ბ) „კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“?
10 იოანესთვის გამოცხადების გადაცემა იესო ქრისტეს დაევალა, იოანეს კი ის, თავის მხრივ, კრებებისთვის უნდა გადაეცა. იესო „დავითის ფესვი და შთამომავალია“. რადგან ის დავითის შთამომავალია, იეჰოვას სამეფოს ტახტზე ჯდომას იმსახურებს. ის დავითის „მარადიული მამა“ გახდება და, ამგვარად, — დავითის „ფესვი“ (ესაია 9:6; 11:1, 10). ის არის მარადიული, უკვდავი მეფე დავითის სამეფო ხაზიდან, დავითთან დადებული შეთანხმების შემსრულებელი და მოსეს დროს ნაწინასწარმეტყველები „კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“ (რიცხვები 24:17; ფსალმუნები 89:34—37). ის არის ამომავალი „ცისკრის ვარსკვლავი“, დღის გამნათებელი (2 პეტრე 1:19). ღვთის მტრის, დიდი ბაბილონის ბოროტი საქმეები ხელს ვერ შეუშლის ამ ვარსკვლავის ამობრწყინებას.
„მოდი!“
11. ვის მოუწოდებს და რას მოუწოდებს იოანე და ვინ ეხმაურება ამ მოწვევას?
11 ახლა იოანეს ჯერი დგება. ნანახისა და გაგონილის გამო მადლიერებით გულსავსე იოანე ამბობს: «სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხადება 22:17). იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი მხოლოდ 144 000-ს როდი მოუტანს კურთხევებს; მოწვევა ხომ ყველას ეხება. იეჰოვას სული აშკარად მოქმედებს პატარძლის კლასზე, რის შედეგადაც უფრო და უფრო გარკვევით ისმის მოწოდება: „უსასყიდლოდ აიღეთ სიცოცხლის წყალი“ (იხილეთ აგრეთვე ესაიას 55:1; 59:21). სიმართლეს მოწყურებულნი იმიტომ არიან მიწვეულნი, რომ იეჰოვას გულუხვობით ისარგებლონ (მათე 5:3, 6). რა კურთხეულები არიან ის ადამიანები, რომლებიც ეხმაურებიან იოანეს სულითცხებული კლასის მოწვევას.
12. როგორ ეხმაურება უამრავი ხალხი გამოცხადების 22:17-ში ჩაწერილ მოწოდებას?
12 1930-იანი წლების დასაწყისიდან უამრავი ხალხი ისმენს ანუ ეხმაურება ამ მოწვევას. ცხებული მონების მსგავსად ისინიც მართლები არიან იეჰოვას თვალში. ისინი მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა ახალი იერუსალიმი ზეციდან ადამიანთა საკურთხებლად ჩამოვა. უამრავმა ხალხმა მოისმინა ეს გამომაფხიზლებელი ცნობა და ამბობს: „მოდი!“. ისინი გულმოდგინედ ცდილობენ, სხვებიც მოიწვიონ იეჰოვას ორგანიზაციაში, რათა ასწავლონ მათ და მათაც გააცხადონ: „მოვიდეს მწყურვალი“. ამგვარად, უამრავი ხალხის რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება. მათგან 6 000 000-ზე მეტი ღვთის მსახური ცხებული პატარძლის კლასის 9 000-ზე ნაკლებ წარმომადგენელთან ერთად 235 ქვეყანაში მოუწოდებს ყველას, უსასყიდლოდ აიღონ სიცოცხლის წყალი.
13. როგორ გვაფრთხილებს იესო?
13 ახლა კვლავ იესო აგრძელებს საუბარს: „ვმოწმობ ყველასთვის, ვინც ისმენს ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაამატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ გრაგნილზე დაწერილ წყლულებს. და თუ ვინმე რამეს მოაკლებს გრაგნილზე დაწერილ ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხეებიდან და წმინდა ქალაქიდან, რაც ამ გრაგნილზეა დაწერილი“ (გამოცხადება 22:18, 19).
14. როგორ ეკიდება იოანეს კლასი „გამოცხადებაში“ ჩაწერილ წინასწარმეტყველებას?
14 იოანეს კლასმა ყურად უნდა იღოს „გამოცხადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველება. მათ არც უნდა დამალონ ნაწინასწარმეტყველები და არც არაფერი უნდა დაუმატონ მას. ეს ცნობა თამამად, „ბანებიდან“ უნდა იქადაგონ (მათე 10:27). „გამოცხადება“ ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. ვინ გაბედავს თუნდაც უმნიშვნელოდ შეცვალოს ის, რაც ღმერთმა წარმოთქვა და რაც მეფე იესო ქრისტემ გადასცა ადამიანებს?! ასეთი ადამიანი ვერ გაიმარჯვებს სიცოცხლისთვის ბრძოლაში და იმ წყლულებს დაიტეხს თავს, რაც დიდ ბაბილონსა და მთელ ქვეყნიერებას უნდა დაატყდეს.
15. რას ნიშნავს იესოს სიტყვები: „ამის შესახებ მოწმობს“ და „მალე მოვალ“?
15 იესო ბოლო გამამხნევებელ სიტყვებს წარმოთქვამს «ვინც ამის შესახებ მოწმობს, ამბობს: „მალე მოვალ“ » (გამოცხადება 22:20ა). იესო არის „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე“ (გამოცხადება 3:14). ის ამოწმებს, რომ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ხილვები ჭეშმარიტია. იესოც და იეჰოვა ღმერთიც არაერთხელ იმეორებენ, რომ მალე მოვლენ. ამჯერად იესო ამას უკვე მეხუთედ ამბობს (გამოცხადება 2:16; 3:11; 22:7, 12, 20). ამ მოსვლის დროს განაჩენი აღსრულდება დიდ მეძავზე, „მეფეებზე“ და მათზე, ვინც ეწინააღმდეგება „ჩვენი უფლისა [იეჰოვას] და მისი ქრისტეს სამეფოს“ (გამოცხადება 11:15; 16:14, 16; 17:1, 12—14).
16. როგორ უნდა იმოქმედოთ, თუ იცით, რომ იეჰოვა ღმერთი და იესო მალე მოვლენ?
16 თქვენ იცით, რომ იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე მალე მოვლენ, ამიტომ „ყოველთვის გახსოვდეთ ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე“ (2 პეტრე 3:12). „დედამიწის“ ანუ სატანის ქვეყნიერების სტაბილურობა მოჩვენებითია. სატანის ქვეყნიერებაში „ცის“ ანუ პოლიტიკოსების მიერ მიღწეული წარმატება წარმავალია. ეს ყველაფერი მოისპობა (გამოცხადება 21:1). მარადიული მხოლოდ იეჰოვა, მისი სამეფო, რომელსაც ქრისტე მართავს, და მისი აღთქმული ახალი ქვეყნიერებაა. ყოველთვის გახსოვდეთ ეს! (1 იოანე 2:15—17).
17. რისკენ უნდა აღგვძრას იეჰოვას სიწმინდემ?
17 „გამოცხადების“ წიგნმა წარუშლელი კვალი უნდა დატოვოს თქვენს ცხოვრებაში. განა ოდესმე დაგვავიწყდება ჩვენი შემოქმედის ზეციერი დიდება და სიწმინდე, რაც თვალწინ გადაგვიშალა მისმა სამყოფელმა?! (გამოცხადება 4:1—5:14). რა დიდი პატივია ასეთი ღვთის მსახურება! დაე, აღგვძრას ღვთის სიწმინდემ, რომ სერიოზულად მოვეკიდოთ იესოს მიერ შვიდი კრებისთვის მიცემულ რჩევებს და ნუ ვიქნებით ნელთბილები, მოვერიდოთ სიმდიდრის სიყვარულს, კერპთაყვანისმცემლობას, უზნეობას, განდგომილებასა და ყველაფერს, რაც ჩვენს მსახურებას იეჰოვასთვის მიუღებელს გახდის (გამოცხადება 2:1—3:22). პეტრეს მიერ იოანეს კლასისთვის ნათქვამი სიტყვები უამრავ ხალხსაც ეხება: „ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით იმ წმინდასავით, რომელმაც მოგიხმოთ“ (1 პეტრე 1:15, 16).
18. რისთვის არ უნდა დავზოგოთ თავი და რატომ არის ეს საქმე გადაუდებელი?
18 დაე, ძალები განგიახლდეთ, რომ „იეჰოვას კეთილგანწყობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისძიების დღის“ შესახებ გააცხადოთ (ესაია 35:4; 61:2). მცირე სამწყსოს ეკუთვნით, თუ უამრავ ხალხს, თავს ნუ დაზოგავთ იეჰოვას რისხვის შვიდი თასის გადმოღვრისა და სატანის ქვეყნიერებაზე ღვთის განაჩენის გასაცხადებლად. ამავე დროს, შემართებით გააცხადეთ მარადიული სასიხარულო ცნობა იეჰოვასა და მისი ქრისტეს სამეფოს დამყარების შესახებ (გამოცხადება 11:15; 14:6, 7). ნუ დავივიწყებთ, რამდენად გადაუდებელია ეს საქმე. დაე, უფლის დღემ, რომლის განმავლობაშიც ვცხოვრობთ, აღძრას ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ ემსახურებიან იეჰოვას, შემოგვიერთდნენ სასიხარულო ცნობის გაცხადების საქმეში! დაე, მათაც მიუძღვნან თავი ღმერთს და მოინათლონ! გახსოვდეთ: „დანიშნული დრო ახლოსაა“! (გამოცხადება 1:3).
19. რა სიტყვებით ასრულებს „გამოცხადებას“ ხანდაზმული მოციქული იოანე და როგორ ეხმაურებით მის სიტყვებს?
19 ჩვენც ვუერთდებით იოანეს მხურვალე ლოცვას: „ამინ! მოდი, უფალო იესო“. ხანდაზმული მოციქული იოანე განაგრძობს: „უფალ იესო ქრისტეს წყალობა იყოს წმინდებთან“ (გამოცხადება 22:20ბ, 21). დაე, ამ წიგნის ყველა წამკითხველთან იყოს იესო ქრისტეს წყალობა! გჯეროდეთ, რომ გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა, რათა ჩვენთან ერთად მთელი გულით წარმოთქვათ: „ამინ!“
[სურათი 314 გვერდზე]
„გარეთ არიან ძაღლები. . “.
[სურათი 315 გვერდზე]
ბედნიერნი არიან ქალაქში კარიბჭეებით შემსვლელნი.