თავი 6
წმინდა საიდუმლო ცხადდება
1. რისკენ უნდა აღგვძრავდეს გამოცხადების 1:10—17-ში აღწერილი შთამბეჭდავი ხილვა?
ხილვა, რომელშიც იესოა განდიდებული, მოწიწების მომგვრელია! უეჭველია, მოციქულ იოანესთან ერთად რომ ვყოფილიყავით, ჩვენც თავზარს დაგვცემდა ეს ხილვა და პირქვე დავემხობოდით (გამოცხადება 1:10—17). ეს ზებუნებრივი ხილვა დღესაც აღგვძრავს მოქმედებისკენ. იოანეს მსგავსად, ჩვენც მადლიერები უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, რასაც ამ ხილვიდან ვიგებთ. ყოველთვის ღრმა პატივისცემით უნდა ვიყოთ გამსჭვალულნი იესოს, როგორც დანიშნული მეფის, მღვდელმთავრისა და მსაჯულის მიმართ (ფილიპელები 2:5—11).
„პირველი და უკანასკნელი“
2. ა) რას უწოდებს იესო თავის თავს? ბ) რა გაგებით იყენებს იეჰოვა სიტყვებს „მე ვარ პირველი და უკანასკნელი“? გ) რას გულისხმობს იესო სიტყვებში „პირველი და უკანასკნელი“?
2 მოწიწება ავადმყოფურ შიშში არ უნდა გადაიზარდოს. იესომ გაამხნევა იოანე. იოანე მოგვითხრობს: «მარჯვენა ხელი დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია. მე ვარ პირველი და უკანასკნელი და ცოცხალი“ » (გამოცხადება 1:17ბ, 18ა). ესაიას 44:6-ში იეჰოვა ამბობს, რომ მხოლოდ ის არის ერთადერთი ყოვლისშემძლე ღმერთი: „მე ვარ პირველი და უკანასკნელი, ჩემ გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი!“a. იესომაც თქვა თავის თავზე, რომ ის იყო „პირველი და უკანასკნელი“, მაგრამ მას არ უგულისხმია, რომ იეჰოვას, დიდებული შემოქმედის, თანასწორი იყო. იესომ ეს წოდება სამართლიანად მიიღო ღვთისგან, რაზეც ეს სიტყვები მიუთითებს. ესაიას წიგნში იეჰოვა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია. ის მარადიული ღმერთია და მის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს (1 ტიმოთე 1:17). „გამოცხადებაში“ კი იესო სიტყვებით „პირველი და უკანასკნელი“ თავის განუმეორებელ მკვდრეთით აღდგომას გულისხმობს.
3. ა) რა გაგებით არის იესო „პირველი და უკანასკნელი“? ბ) რას ნიშნავს, რომ იესოს „სიკვდილისა და სამარის გასაღებები“ აქვს?
3 იესო პირველი ადამიანი იყო, რომელიც უკვდავ სულიერ ქმნილებად აღდგა (კოლოსელები 1:18). ამასთანავე, ის არის უკანასკნელი, ვინც უშუალოდ იეჰოვამ აღადგინა. ამიტომაც ეწოდება მას ‘ცოცხალი, სამარადისოდ ცოცხალი’. თავისი უკვდავი მამის, „ცოცხალი ღვთის“ მსგავსად იესოც უკვდავია (გამოცხადება 7:2; ფსალმუნი 42:2). სხვა ყველასთვის კი იესო თვითონაა „აღდგომა და სიცოცხლე“ (იოანე 11:25). ის ამბობს: „მკვდარი ვიყავი, მაგრამ, აი, ცოცხალი ვარ სამარადისოდ და მაქვს სიკვდილისა და სამარის გასაღებები“ (გამოცხადება 1:18ბ). იეჰოვამ თვითონ გახადა იესო უფლებამოსილი, რომ მკვდრები აღედგინა. ამიტომ ამბობს იესო, რომ მას აქვს გასაღებები სიკვდილისა და სამარის ტყვეობაში მყოფთა გასათავისუფლებლად (შეადარეთ მათეს 16:18).
4. რას ავალებს კვლავ იესო იოანეს და ეს ვის გამხნევებასა და დამოძღვრას მოემსახურება?
4 იესო უმეორებს იოანეს, რომ ჩაწეროს ხილვა: „დაწერე, რაც ნახე, რაც არის და რაც ამის შემდეგ მოხდება“ (გამოცხადება 1:19). კიდევ რას გავიგებთ იოანესგან, რაც ჩვენს გამხნევებასა და დამოძღვრას მოემსახურება?
ვარსკვლავები და სალამპრეები
5. როგორ ხსნის იესო „შვიდი ვარსკვლავისა“ და „შვიდი სალამპრის“ მნიშვნელობას?
5 იოანე ხედავს შვიდ სალამპრეს შორის მდგომ იესოს, რომელსაც ხელში შვიდი ვარსკვლავი უჭირავს (გამოცხადება 1:12, 13, 16). ახლა იესო ხსნის, თუ რას ნიშნავს ეს: „აი წმინდა საიდუმლო შვიდი ვარსკვლავის შესახებ, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და შვიდი ოქროს სალამპრის შესახებ: შვიდი ვარსკვლავი შვიდი კრების ანგელოზები არიან, შვიდი სალამპრე კი შვიდი კრებაა“ (გამოცხადება 1:20).
6. რას ნიშნავს შვიდი ვარსკვლავი, და რატომ მისწერა იესომ ეს ცნობა უშუალოდ მათ?
6 ვარსკვლავები „შვიდი კრების ანგელოზებს“ განასახიერებს. „გამოცხადებაში“ ვარსკვლავი ზოგჯერ ანგელოზს ნიშნავს, მაგრამ იესო არ დაავალებდა ადამიანს, რომ უხილავი სულიერი ქმნილებებისთვის მიეწერა. აქედან გამომდინარე, „ვარსკვლავები“ კრების ზედამხედველებს ანუ უხუცესებს — იესოს მაცნეებს — უნდა ნიშნავდესb. ეს ცნობა იესომ „ვარსკვლავებს“ მისწერა, რადგან მათ იეჰოვას სამწყსო უნდა ემწყემსათ (საქმეები 20:28).
7. ა) საიდან ჩანს, რომ თითოეულ კრებაში მხოლოდ ერთი უხუცესი არ მსახურობდა, მიუხედავად იმისა, რომ იესო ერთ ანგელოზს მიმართავდა? ბ) ვის განასახიერებს შვიდი ვარსკვლავი იესოს მარჯვენა ხელში?
7 მართალია, იესო მხოლოდ თითოეული კრების თითო ანგელოზს მიმართავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თითოეულ კრებაში მხოლოდ ერთი უხუცესი იყო. პავლეს დროს ეფესოს კრებაში რამდენიმე უხუცესი მსახურობდა (გამოცხადება 2:1; საქმეები 20:17). ასე რომ, იოანეს დროს, როდესაც იესომ შვიდ „ვარსკვლავს“ მისწერა ცნობა კრებებისთვის წასაკითხად (მათ შორის ეფესოს კრებისთვისაც), ვარსკვლავებში იგულისხმებოდა ყველა, ვინც იეჰოვას ცხებულთა კრების უხუცესთა საბჭოში მსახურობდა. ზედამხედველები დღესაც კითხულობენ კრებებში ხელმძღვანელი საბჭოს, იესოს მორჩილი ცხებული ზედამხედველების წერილებს. უხუცესთა საბჭო ყურადღებას უნდა აქცევდეს, რომ კრება იესოს მითითებებს მიჰყვებოდეს. ცხადია, იესოს მითითებები სასარგებლოა არა მხოლოდ უხუცესებისთვის, არამედ კრების ყველა წევრისთვის (იხილეთ გამოცხადების 2:11ა).
8. რაზე მეტყველებს ის, რომ უხუცესები იესოს „მარჯვენაში“ არიან?
8 ვინაიდან იესო კრების თავია, მართებულია იმის თქმა, რომ უხუცესები მის „მარჯვენაში“ არიან ანუ მას ემორჩილებიან (კოლოსელები 1:18). ის მთავარი მწყემსია, უხუცესები კი მისი დამხმარე მწყემსები არიან (1 პეტრე 5:2—4).
9. ა) რა არის წარმოდგენილი შვიდი სალამპრით და რატომ არის ეს მართებული? ბ) რა შეიძლებოდა შეეხსენებინა ხილვას მოციქული იოანესთვის?
9 შვიდი სალამპრე შვიდი კრებაა, რომელთაც იოანემ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი სიტყვები მისწერა. ეს კრებებია: ეფესო, სმირნა, პერგამონი, თიატირა, სარდისი, ფილადელფია და ლაოდიკეა. რატომ არის წარმოდგენილი ეს კრებები სალამპრეებით? იმიტომ, რომ ქრისტიანები ინდივიდუალურად თუ ერთობლივად ‘ადამიანთა წინაშე უნდა ანათებდნენ’ ამ პირქუშ ქვეყნიერებაში (მათე 5:14—16). სალამპრეები სოლომონის ტაძარშიც იდგა. იესომ რომ კრებებს სალამპრეები უწოდა, ეს იოანეს შეახსენებდა, რომ ცხებულთა თითოეული კრება „ღვთის ტაძარი“ იყო, ღვთის სულის სამკვიდრო (1 კორინთელები 3:16). ცხებულთა კრების წევრები „სამეფო სამღვდელოებას“ ქმნიან იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარში, რომლის მღვდელმთავარიც იესოა. სწორედ ამ ტაძარში, რომლის პირველსახეც იერუსალიმის ტაძარია, ზეციერი ღმერთი, უწმინდესი იეჰოვა მკვიდრობს (1 პეტრე 2:4, 5, 9; ებრაელები 3:1; 6:20; 9:9—14, 24).
დიდი განდგომილება
10. როგორ დაკარგეს ახ. წ. 70 წელს მოუნანიებელმა იუდეველებმა სახელმწიფოებრიობა?
10 როდესაც იოანემ „გამოცხადება“ დაწერა, ქრისტიანობა უკვე 60 წელზე მეტ ხანს არსებობდა. პირველ 40 წელს იუდაიზმი გაუთავებელ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობას. ახ. წ. 70 წელს კი რომაელებმა სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს მოუნანიებელ იუდეველებსა და იერუსალიმის ტაძარს, და იუდეველებმა სახელმწიფოებრიობა დაკარგეს. განადგურდა მათთვის კერპად ქცეული იერუსალიმის ტაძარი.
11. რატომ იყო დროული მთავარი მწყემსის გაფრთხილება, რომ კრებებში მოსალოდნელი იქნებოდა განდგომილება?
11 მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ ცხებულ ქრისტიანებს შორის გამოჩნდებოდნენ განდგომილები. როგორც იესოს სიტყვებიდან ჩანს, იოანეს სიცოცხლის ბოლოს განდგომილება უკვე იკიდებდა ფეხს. სატანა ყველანაირად ცდილობდა, გაერყვნა ქალის შთამომავლობა; იოანე ბოლო იყო, ვინც აკავებდა სატანის თავდასხმას (2 თესალონიკელები 2:3—12; 2 პეტრე 2:1—3; 2 იოანე 7—11). ამიტომ მისწერა დროულად იეჰოვას დაყენებულმა მთავარმა მწყემსმა კრების უხუცესებს, რომ მოსალოდნელი იყო განდგომილება, და წაახალისა გულწრფელი ადამიანები, ბოლომდე დაეცვათ სიმართლე.
12. ა) როგორ ვრცელდებოდა განდგომილება იოანეს სიკვდილის შემდეგ საუკუნეების განმავლობაში? ბ) როგორ წარმოიშვა ქრისტიანული სამყარო?
12 ჩვენ არ ვიცით, ყურად იღეს თუ არა კრებებმა იესოს სიტყვები ახ. წ. 96 წელს, მაგრამ ცნობილია, რომ იოანეს სიკვდილის შემდეგ განდგომილება სწრაფად გავრცელდა. „ქრისტიანები“ ბიბლიის გადაწერისას ღვთის სახელის, იეჰოვას, ნაცვლად იყენებდნენ წოდებებს „უფალი“ და „ღმერთი“. IV საუკუნეში კრებებში შეაღწია სამების შესახებ ცრუ სწავლებამ, იმავე პერიოდში დამკვიდრდა მოძღვრება სულის უკვდავების შესახებ, ბოლოს კი, რომის იმპერატორმა კონსტანტინემ „ქრისტიანობას“ მხარდაჭერა გამოუცხადა, რითაც ხელი შეუწყო ქრისტიანული სამყაროს განვითარებას. შედეგად ეკლესიას და სახელმწიფოს ერთად უნდა ემმართველათ ათასი წლის განმავლობაში. რთული არ იყო ასეთ „ქრისტიანად“ გახდომა. წარმართული წეს-ჩვეულებები შეერწყა ამ ახალ რელიგიას. ქრისტიანული სამყაროს მრავალი წინამძღოლი გახდა დესპოტი პოლიტიკური მმართველი, რომლებიც მახვილით ამკვიდრებდნენ განდგომილებას.
13. იესოს გაფრთხილების მიუხედავად როგორ მოიქცნენ განდგომილი ქრისტიანები?
13 განდგომილმა ქრისტიანებმა სრულიად უგულებელყვეს შვიდი კრებისადმი მიწერილი იესოს სიტყვები. იესომ ეფესოელ ქრისტიანებს მოუწოდა, განეახლებინათ თავდაპირველი სიყვარული, მაგრამ „ქრისტიანული“ სამყაროს წევრებს იეჰოვას სიყვარული აღარ აერთიანებდათ (გამოცხადება 2:4). ისინი სისხლისმღვრელ ომებში მონაწილეობდნენ და სასტიკად დევნიდნენ ერთმანეთს (1 იოანე 4:20). იესომ პერგამონის კრება გააფრთხილა, რომ გავრცელდებოდა სექტანტობა. სექტები II საუკუნეშივე გამოჩნდა და ქრისტიანული სამყარო დღესაც ერთმანეთის მოწინააღმდეგე ათასობით სექტასა და მიმდინარეობას ითვლის (გამოცხადება 2:15).
14. ა) იესოს გაფრთხილების მიუხედავად როგორ იქცეოდნენ ეგრეთ წოდებული ქრისტიანები? ბ) როგორ ცხადყვეს ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა, რომ უგულებელყვეს იესოს გაფრთხილება კერპთაყვანისმცემლობასა და უზნეობაზე?
14 იესომ სარდისის კრებას მისწერა, რომ ისინი სულიერად მკვდრები იყვნენ (გამოცხადება 3:1). როგორც სარდისელმა, ისე ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა მალევე დაივიწყეს ქრისტიანული საქმეები. მათ უმნიშვნელოვანესი დავალება, ქადაგება, სასულიერო პირთა მცირე ჯგუფს მიანდეს, რომელსაც გასამრჯელოს აძლევდნენ. იესომ თიატირის კრება გააფრთხილა, რომ არ დაეშვათ კერპთაყვანისმცემლობა და მეძაობა, ქრისტიანულმა სამყარომ კი გამოსახულებების თაყვანისცემა შემოიღო (გამოცხადება 2:20). გარდა ამისა, ხელს უწყობდა კერპთაყვანისმცემლობის ფარულ ფორმებს — ნაციონალიზმსა და მატერიალიზმს. მართალია, ზოგჯერ გმობდა უზნეობას, მაგრამ მაინც ყოველთვის აშკარად იწყნარებდა.
15. რაზე მეტყველებს იესოს სიტყვები და სინამდვილეში რას წარმოადგენს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება?
15 შვიდი კრებისადმი მიწერილი იესოს სიტყვები გვიჩვენებს, რომ ქრისტიანული სამყაროს რელიგიების მიმდევრებს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ იეჰოვას რჩეულ ხალხს. ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება მართლაც სატანის შთამომავლობის მთავარი ნაწილია. მოციქულმა პავლემ ამ რელიგიებს „უკანონობის მოქმედი“ უწოდა და იწინასწარმეტყველა, რომ მათ „თან ახლავს სატანის მოქმედება ყოველგვარი სასწაულით, ცრუ ნიშნით, საკვირველებითა და ყოველგვარი უმართლო ცდუნებით“ (2 თესალონიკელები 2:9, 10).
16. ა) ვის უსწორდებოდნენ განსაკუთრებული სიძულვილით ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები? ბ) რა ხდებოდა შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში? გ) მოუღო ბოლო განდგომილებას პროტესტანტულმა აჯანყებამ ანუ რეფორმაციამ?
16 თუმცა თავი ღვთის სამწყსოს მწყემსებად მოჰქონდათ, ქრისტიანული სამყაროს სასულიერო და საერო პირები განსაკუთრებული სიძულვილით უსწორდებოდნენ ყველას, ვინც ხალხს ბიბლიის კითხვისკენ მოუწოდებდა ან მათ არაბიბლიურ საქციელს ამხელდა. ისინი დევნიდნენ იან ჰუსსა და ბიბლიის მთარგმნელ უილიამ ტინდალს და ბოლოს წამებით მოკლეს კიდეც. სიბნელით მოცულ შუა საუკუნეებში, კათოლიკური ინკვიზიციის დროს, განდგომილებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. უმოწყალოდ უსწორდებოდნენ ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა ეკლესიის მოძღვრებებსა და უფლებამოსილებას; ათასობით ეგრეთ წოდებული ერეტიკოსი წამებით მოკლეს, ბევრი მათგანი ბოძზე დაწვეს. ასე ცდილობდა სატანა, დაუყოვნებლივ გაენადგურებინა ნებისმიერი, ვინც ქალით წარმოდგენილი ღვთის ორგანიზაციის შთამომავლობას მიეკუთვნებოდა. პროტესტანტების აჯანყების ანუ რეფორმაციის დროს, რომელიც 1517 წლიდან დაიწყო, მრავალი პროტესტანტული ეკლესია მსგავსი შეუწყნარებლობის სულს ავლენდა. მათაც მიუძღოდათ ბრალი სისხლის ღვრაში, რადგან აწამებდნენ ღვთისა და ქრისტეს ერთგულ მსახურებს. მათ მართლაც „დაღვარეს წმინდათა. . . სისხლი“ (გამოცხადება 16:6; შეადარეთ მათეს 23:33—36).
შთამომავლობა გადარჩა
17. ა) რა იწინასწარმეტყველა იესომ ხორბლისა და სარეველას მაგალითით? ბ) რა მოხდა 1918 წელს და რა მოჰყვა ამას შედეგად?
17 მაგალითში ხორბლისა და სარეველას შესახებ იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანული სამყაროს ბატონობის დროს ქვეყნიერება სულიერი სიბნელით იქნებოდა მოცული. მიუხედავად ამისა, განდგომილების მთელი ამ დროის განმავლობაში მაინც იქნებოდნენ ხორბლის მსგავსი ცხებული ქრისტიანები (მათე 13:24—29, 36—43). 1914 წლის ოქტომბერში, როდესაც უფლის დღე დაიწყო, დედამიწაზე ჯერ კიდევ იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები (გამოცხადება 1:10). როგორც ჩანს, სამ-ნახევარი წლის შემდეგ, 1918 წელს, იეჰოვა იესოსთან, თავის „შეთანხმების მაცნესთან“ ერთად მოვიდა გასასამართლებლად (მალაქია 3:1; მათე 13:47—50). ეს იყო დრო, როცა ბატონს სამუდამოდ უნდა ჩამოეცილებინა ცრუ ქრისტიანები და დაენიშნა ‘ერთგული და გონიერი მონა მთელ თავის ქონებაზე’ (მათე 7:22, 23; 24:45—47).
18. რა „საათი“ დაიწყო 1914 წლიდან და როგორ უნდა მოქცეულიყო მონა ამ დროს?
18 ეს ის დრო იყო, როცა მონას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცია იესოს სიტყვებისთვის, რომლებიც იოანემ შვიდ კრებას მისწერა. ეს თავად იესოს სიტყვებიდანაც ჩანს. მაგალითად, იესო საუბრობდა, რომ მოვიდოდა კრებების გასასამართლებლად; ეს სასამართლო კი 1918 წელს დაიწყო (გამოცხადება 2:5, 16, 22, 23; 3:3). მან ისიც თქვა, რომ დაიცავდა ფილადელფიის კრებას ‘გამოცდის საათისგან, რომელიც მთელ მსოფლიოზე მოვიდოდა’ (გამოცხადება 3:10, 11). ეს „გამოცდის საათი“ უფლის დღის დადგომიდან, 1914 წლიდან დაიწყო, როცა ქრისტიანები გამოიცადნენ, უერთგულებდნენ თუ არა ღვთის მიერ დამყარებულ სამეფოს (შეადარეთ მათეს 24:3, 9—13).
19. ა) რას განასახიერებს შვიდი კრება დღეს? ბ) ვინ უერთდება ცხებულ ქრისტიანებს, და რატომ არის მათთვისაც გასათვალისწინებელი იესოს რჩევა? გ) რას ნიშნავს ჩვენთვის იესოს სიტყვები, რომლებიც მან I საუკუნის შვიდ კრებას მისწერა?
19 იესოს სიტყვები უმთავრესად 1914 წლიდან სრულდება. ასე რომ, შვიდი კრება უფლის დღის დროს არსებულ ცხებულ ქრისტიანთა ყველა კრებას გულისხმობს. გარდა ამისა, ბოლო 70 წლის განმავლობაში იოანეს კლასით წარმოდგენილ ცხებულ ქრისტიანებს უამრავი მორწმუნე შეუერთდა, რომელთაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ. განდიდებული იესო ქრისტეს რჩევები უამრავ მორწმუნესაც ეხება, რადგან შვიდ კრებაში არსებული მდგომარეობის მსგავსი მდგომარეობა შეიძლება მათ კრებებშიც იყოს, ვინაიდან სამართლიანობისა და ერთგულების ნორმები იეჰოვას ყველა მსახურისთვის ერთია (გამოსვლა 12:49; კოლოსელები 3:11). აქედან გამომდინარე, იესოს სიტყვებს, რომლებითაც მან I საუკუნეში შუა აზიის შვიდ კრებას მიმართა, მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა როდი აქვს. იესოს სიტყვებზე ჩვენი მომავალია დამოკიდებული. მაშ, ყურადღებით მოვუსმინოთ იესოს ხმას!
[სქოლიოები]
a ებრაულ დედნისეულ ტექსტში ესაიას 44:6-ში სიტყვებიდან „პირველი“ და „უკანასკნელი“ არც ერთს არ უძღვის წინ განსაზღვრული არტიკლი, ბერძნულ დედნისეულ ტექსტში კი გამოცხადების 1:17-ში იესოს ნათქვამი სიტყვებიდან ორივეს უძღვის განსაზღვრული არტიკლი. აქედან გამომდინარე, გრამატიკული თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, გამოცხადების 1:17-ში საუბარია ერთგვარ წოდებაზე, ხოლო ესაიას 44:6-ში კი ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ იეჰოვაა ღმერთი.
b ბერძნული სიტყვა ანგელოს ნიშნავს მაცნეს ანუ ანგელოზს. მალაქიას 2:7-ში ლევიან მღვდელს იეჰოვას მაცნე ეწოდება, ებრაულად მალაქ.
[ჩარჩო 32 გვერდზე]
შემოწმებისა და გასამართლების დრო
იესო ახ. წ. 29 წლის ოქტომბრისთვის მდინარე იორდანეში მოინათლა და ღმერთმა მომავალ მეფედ ცხო. სამ-ნახევარი წლის შემდეგ, ახ. წ. 33 წელს, ის იერუსალიმის ტაძარში შევიდა და იქიდან გამოყარა ყველა, ვინც ტაძარი ყაჩაღთა ბუნაგად აქცია. ეს მოგვაგონებს იმ სამ-ნახევარ წელს, რომელიც 1914 წლის ოქტომბერში ზეცაში იესოს გამეფებით დაიწყო და დასრულდა მაშინ, როცა იესო ეგრეთ წოდებული ქრისტიანების შესამოწმებლად მოვიდა; სწორედ ამ დროს დაიწყო გასამართლება ღვთის სახლიდან (მათე 21:12, 13; 1 პეტრე 4:17). 1918 წლის დასაწყისში იეჰოვას ხალხის სამეფო საქმიანობას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. ეს იყო გამოცდის დრო მთელ დედამიწაზე, და ისინი, ვინც შეშინდნენ, განზე გადგნენ. 1918 წლის მაისში ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების წაქეზებით დააპატიმრეს „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოების პასუხისმგებელი პირები, მაგრამ ცხრა თვეში გაათავისუფლეს. მოგვიანებით მათ ცრუ ბრალდებები მოუხსნეს. 1919 წლიდან მოყოლებული ღვთის გამოცდილი და განწმენდილი ხალხის ორგანიზაცია ენთუზიაზმით ქადაგებდა, რომ ადამიანთა ერთადერთი იმედი იეჰოვას სამეფოა, რომელსაც ქრისტე მეთაურობს (მალაქია 3:1—3).
როდესაც 1918 წელს იესომ შემოწმება დაიწყო, ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება დამსახურებულად გაასამართლა. ისინი არა მხოლოდ დევნიდნენ ღვთის ხალხს, არამედ საშინელ სისხლის ღვრაშიც მონაწილეობდნენ, რადგან მხარს უჭერდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს (გამოცხადება 18:21, 24). მაშინ სამღვდელოება იმედს ამყარებდა ადამიანთა მიერ დაარსებულ ერთა ლიგაზე. 1919 წელს ქრისტიანულმა სამყარომ და ზოგადად ცრუ რელიგიამ ღვთის კეთილგანწყობილება დაკარგა.
[რუკა 28, 29 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ეფესო
სმირნა
პერგამონი
თიატირა
სარდისი
ფილადელფია
ლაოდიკეა
[სურათი 31 გვერდზე]
ქრისტიანული სამყარო დამნაშავეა საშინელ სისხლის ღვრაში, რადგან დევნიდა და ხოცავდა ყველას, ვინც თარგმნიდა, კითხულობდა ან ვისაც უბრალოდ ჰქონდა ბიბლია.