თავი 10
შეიძულეთ „სატანის სიღრმეები“
თიატირა
1. სად მდებარეობდა თიატირა და როგორი იყო რელიგიური გარემო ამ ქალაქში?
ბერგამიდან (პერგამონი) სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 65 კილომეტრის დაშორებით, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, მდებარეობს ქალაქი აქჰისარი. დაახლოებით 1900 წლის წინათ აქ ქალაქი თიატირა მდებარეობდა. მიმომსვლელი ზედამხედველი ადვილად ჩავიდოდა პერგამონიდან თიატირაში და, იქ ჩასული, გამოცხადების მე-3 თავში მოხსენიებულ სარდისის, ფილადელფიისა და ლაოდიკეის კრებებსაც მოინახულებდა. პერგამონისგან განსხვავებით თიატირა არ წარმოადგენდა იმპერატორის თაყვანისცემის ცენტრს, თუმცა მასში უხვად იყო წარმართული ღვთაებებისთვის მიძღვნილი საწმინდრები და ტაძრები. თიატირა მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ითვლებოდა.
2, 3. ა) რა არის ცნობილი თიატირელ ქალზე, რომელიც ქრისტიანი გახდა? ბ) რას ნიშნავდა თიატირელი ქრისტიანებისთვის ის, რომ იესო „ღვთის ძეა“ და „თვალები ცეცხლის ალს მიუგავს“?
2 მაკედონიაში ქადაგებისას პავლე შეხვდა ძოწეულით მოვაჭრე ერთ თიატირელ ქალს, ლიდიას. ლიდიამ თავის ოჯახის წევრებთან ერთად სიხარულით მიიღო პავლეს ცნობა და სიამოვნებით უმასპინძლა (საქმეები 16:14, 15). წერილობითი ცნობების თანახმად თიატირელთაგან ის პირველი გახდა ქრისტიანი. დროთა განმავლობაში ქალაქში ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა. იესოს მათთვის ყველაზე მეტი ჰქონდა სათქმელი: „თიატირის კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო ღვთის ძე, რომელსაც თვალები ცეცხლის ალს მიუგავს, ფეხები კი — სუფთა სპილენძს“ (გამოცხადება 2:18).
3 ეს ერთადერთი მუხლია „გამოცხადებაში“, სადაც გამოყენებულია გამოთქმა „ღვთის ძე“, თუმცა არის მუხლები, რომლებშიც იესო იეჰოვას თავის მამად მოიხსენიებს (გამოცხადება 2:27; 3:5, 21). ამ სიტყვებით იესო, როგორც ჩანს, თიატირელ ქრისტიანებს უჩვენებს, როგორი ახლო ურთიერთობა აქვს იეჰოვასთან. ძეს „თვალები ცეცხლის ალს მიუგავს“, რაც თიატირელ ქრისტიანებს მიანიშნებს, რომ მისი რისხვა აინთება კრებაში არსებული ყველანაირი უწმინდურების წინააღმდეგ. იესო უკვე მეორედ იხსენიებს თავის მბრწყინავ, სპილენძისმაგვარ ფეხებს, რითაც იმას აღნიშნავს, რომ დედამიწაზე ყოფნისას თვითონ ერთგულების ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა. უეჭველია, თიატირელმა ქრისტიანებმა ყურად იღეს მისი რჩევა. მსგავსადვე უნდა მოვიქცეთ ჩვენც! (1 პეტრე 2:21).
4, 5. ა) რატომ შეაქო იესომ თიატირელი ქრისტიანები? ბ) რითი ჰგავს თიატირის კრება იეჰოვას მოწმეთა 100 000-მდე კრებას დღეს?
4 საბედნიეროდ, იესოს თიატირელი ქრისტიანების შექების მიზეზიც აქვს. ის ამბობს: „ვიცი შენი საქმეები, შენი სიყვარული, რწმენა, მსახურება, მოთმინება და ის, რომ შენი უკანასკნელი საქმეები ადრინდელზე მეტია“ (გამოცხადება 2:19). ეფესოელი ქრისტიანებისგან განსხვავებით თიატირელ ცხებულ ქრისტიანებს არ განელებიათ იეჰოვას სიყვარული, რაც თავდაპირველად ჰქონდათ. მათი რწმენა მტკიცე იყო. უფრო მეტიც, მათი საქმეები ადრინდელზე უკეთესი იყო და ადრე მოხსენიებული სამი კრების ქრისტიანების მსგავსად ისინიც სიმტკიცეს ინარჩუნებდნენ. იმავეს თქმა შეიძლება დღესაც მთელ მსოფლიოში 100 000-მდე კრებად გაერთიანებულ იეჰოვას მოწმეთა შესახებ! იეჰოვას სიყვარული და მისთვის მსახურებაში გულმოდგინება ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს მოქმედებისკენ აღძრავს. იზრდება იმ პიონერთა რიცხვი, რომლებიც ბრძნულად იყენებენ დროს და აუწყებენ ღვთის იმ სამეფოს დიდებული იმედის შესახებ, რომელიც მალე დამყარდება (მათე 24:14; მარკოზი 13:10).
5 ათწლეულების განმავლობაში ღვთის მრავალი ერთგული მსახური, როგორც ცხებულები, ისე უამრავი ხალხი, ღვთის მსახურებაში სამაგალითო სიმტკიცეს ავლენენ, როცა ადამიანებს მათ გარშემო სულ უფრო მეტად ეწურებათ იმედი. მაგრამ ჩვენ უიმედობის არანაირი საფუძველი არა გვაქვს! „გამოცხადება“ ადასტურებს ღვთის წინასწარმეტყველთა სიტყვებს: „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“ (სოფონია 1:14; იოელი 2:1; აბაკუმი 2:3; გამოცხადება 7:9; 22:12, 13).
„ქალი იზებელი“
6. ა) შექების მიუხედავად იესომ რა სერიოზული შენიშვნა მისცა თიატირის კრებას, რაც დაუყოვნებლივ მოითხოვდა ყურადღებას? ბ) ვინ იყო იზებელი და ჰქონდა თუ არა უფლება, წინასწარმეტყველად წოდებულიყო?
6 იესოს ცეცხლოვანი თვალები უფრო მეტს ხედავს. ის ისეთ რამეს ამჩნევს, რაც დაუყოვნებლივ მოითხოვს ყურადღებას. იესო თიატირელ ქრისტიანებს ეუბნება: „მაგრამ შენ წინააღმდეგ ისა მაქვს, რომ ნებაზე უშვებ ქალ იზებელს, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს, ასწავლის ჩემს მონებს და შეცდომაში შეჰყავს ისინი, რომ იმეძაონ და კერპთშენაწირი ჭამონ“ (გამოცხადება 2:20). ძვ. წ. X საუკუნეში ისრაელის მეფე ახაბის ცოლმა, ბაალის თაყვანისმცემელმა დედოფალმა იზებელმა მკვლელობებით, გარყვნილებითა და ძალაუფლების სიყვარულით გაითქვა სახელი. ის მოკლეს იეჰოვას ცხებული იეჰუს ბრძანებით (1 მეფეები 16:31; 18:4; 21:1—16; 2 მეფეები 9:1—7, 22, 30, 33). კერპთაყვანისმცემელ იზებელს უფლება არ ჰქონდა, წინასწარმეტყველად წოდებულიყო. ის არაფრით ჰგავდა მირიამსა და დებორას, რომლებსაც ისრაელში ერთგულ წინასწარმეტყველებად იცნობდნენ (გამოსვლა 15:20, 21; მსაჯულები 4:4; 5:1—31). იეჰოვას სულს არ აღუძრავს ის, რომ მოხუცებული ანასა და მახარობელი ფილიპეს ოთხი ქალიშვილის მსგავსად ეწინასწარმეტყველა (ლუკა 2:36—38; საქმეები 21:9).
7. ა) რა გავლენაზე საუბრობს იესო, როცა მოიხსენიებს „ქალ იზებელს“? ბ) რა შესაძლო გამართლებას უძებნიდა ზოგიერთი ქალი თავის თვითნებურ საქციელს?
7 ცხადია, რომ „ქალი იზებელი“, რომელსაც თავი თიატირელ წინასწარმეტყველად მოაქვს, მატყუარაა. მას არა აქვს ღვთის სული. ვინ არის ის? როგორც ჩანს, ის არის ერთი ქალი ან ქალთა ჯგუფი, რომელიც უსირცხვილოდ რყვნის კრებას. შესაძლოა ისინი კრების წევრთაგან ზოგს უზნეობაში ითრევენ და საღვთო წერილების არასწორი ახსნით თავიანთ გარყვნილებას უსირცხვილოდ ამართლებენ. ისინი მართლაც ცრუწინასწარმეტყველები არიან! ეს ქალები სხვებს აცდუნებენ, რომ ისინიც აჰყვნენ „სიძვას, უწმინდურებას, ვნებას, მავნებელ სურვილებსა და სიხარბეს, რაც კერპთაყვანისმცემლობაა“ (კოლოსელები 3:5). ისინი კრების წევრებს უბიძგებენ უზნეობისა და ეგოისტური ცხოვრებისკენ, რასაც ქრისტიანული სამყაროს მიმდინარეობათა უმეტესობა იწყნარებს.
8. ა) რა განაჩენი გამოაქვს იესოს თიატირელი „იზებელისთვის“? ბ) ქალების რა შეუფერებელი ზეგავლენა შეიმჩნევა დღეს?
8 შემდეგ იესო თიატირის კრების უხუცესებს მიმართავს: „დრო მივეცი მოსანანიებლად, მაგრამ არ სურს თავისი სიძვის მონანიება. აი, მზად ვარ, ის ლოგინად ჩავაგდო, ხოლო ვინც მასთან ერთად მრუშობს, დიდ გასაჭირში ჩავყარო, თუ არ მოინანიებენ მის საქმეებს“ (გამოცხადება 2:21, 22). დედოფალ იზებელის მსგავსად, რომელიც, როგორც ჩანს, მბრძანებლობდა ახაბზე და ეწინააღმდეგებოდა ღვთის განაჩენის აღმსრულებელ იეჰუს, შეიძლება ეს ქალებიც ცდილობენ, თავიანთი ქმრები და უხუცესები თავიანთ ჭკუაზე ატარონ. როგორც ჩანს, თიატირელი უხუცესები ურიგდებიან ურცხვი იზებელის გავლენას კრებაზე. ამიტომ იესო მთელი სერიოზულობით აფრთხილებს მათ. მისი სიტყვები დღესაც საყურადღებოა იეჰოვას მოწმეთა ყველა კრებისთვის. ახლაც არიან ისეთი თავნება ქალები, რომლებიც განდგომილებისკენ უბიძგებენ თავიანთ ქმრებს და იეჰოვას ერთგულ მსახურთა წინააღმდეგ სასამართლოშიც კი შეაქვთ საჩივრები (შეადარეთ იუდას 5—8).
9. ა) რატომ არ აყენებს ქრისტიან ქალებს ჩრდილს ის სიტყვები, რომლებიც იესომ იზებელზე წარმოთქვა? ბ) რა შემთხვევაში ვლინდება იზებელის გავლენა?
9 ეს ფაქტი არავითარ შემთხვევაში არ აყენებს ჩრდილს ერთგულ ქრისტიან ქალებს. დღეს სამქადაგებლო საქმიანობაში სწორედ მათ შეაქვთ უდიდესი წვლილი; ისინი ატარებენ ბიბლიის საშინაო შესწავლებს, რისი წყალობითაც კრებებს უამრავი ახალი ქრისტიანი ემატება. მათ რომ ღვთის კურთხევა არ აკლიათ, ეს ფსალმუნის 68:11-დანაც ჩანს: „იეჰოვა გასცემს ბრძანებას; ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას“. ქმრებზე კი დადებითად მოქმედებს ცოლების მოკრძალება და მათი პატივისცემა, ვინაიდან ეს „ღვთის თვალში ძალიან ძვირფასია“ (1 პეტრე 3:1—4). მარჯვე და შრომისმოყვარე ცოლს მეფე ლემუელიც აქებს (იგავები 31:10—31). იზებელის გავლენა მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ქალები ზღვარს სცდებიან, აცდუნებენ მამაკაცებს და ეჭვქვეშ აყენებენ ან არ ცნობენ მეთაურობის პრინციპს (ეფესოელები 5:22, 23; 1 კორინთელები 11:3).
10. ა) რატომ იმსახურებენ იზებელი და მისი შვილები სასჯელს? ბ) რა საფრთხის წინაშე დგანან ისინი, ვინც იზებელის შვილები ხდებიან, და რისი გაკეთება მართებთ მათ?
10 აი კიდევ რას ამბობს იესო „ქალ იზებელზე“: „მის შვილებს სასიკვდილო ჭირით დავხოცავ და ყველა კრება გაიგებს, რომ მე თირკმელებსა და გულებს ვიკვლევ და თითოეულ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ“ (გამოცხადება 2:23). იესომ იზებელსა და მის შვილებს მოსანანიებლად დრო მისცა, მაგრამ მათ არ ისურვეს თავიანთი გარყვნილი გზების მიტოვება და ამიტომ სასჯელი დაიმსახურეს. ეს სიტყვები ჩვენთვისაც საყურადღებოა. ისინი, ვინც ჰბაძავენ იზებელს, კაცები თუ ქალები, და მეთაურობისა და ზნეობრივი ბიბლიური პრინციპების დარღვევით ან თეოკრატიული წესრიგის უგულებელყოფით მისი შვილები ხდებიან, სულიერი გაგებით დაავადებულები არიან. რა თქმა უნდა, თუ ასეთი ადამიანი კრების უხუცესებს სთხოვს, ილოცონ მისთვის, მაშინ „რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას“. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თავმდაბლურად მოიქცევა ამ ლოცვების შესაბამისად. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ უზნეო საქციელის დაფარვით ან მსახურებაში მოჩვენებითი გულმოდგინებით ღვთისა და ქრისტეს მოტყუებას შეძლებს (იაკობი 5:14, 15).
11. რა კეთდება იმისათვის, რომ კრებებში ქალთა ზეგავლენამ ფეხი არ მოიკიდოს?
11 საბედნიეროდ, იეჰოვას მოწმეთა კრებების უმეტესობას არ ავიწყდება ეს საშიშროება. უხუცესები ფხიზლობენ, რომ კრებაში ფეხი არ მოიკიდოს არათეოკრატიულმა აზროვნებამ და უწმინდურებამ. ისინი ცდილობენ, დაეხმარონ როგორც ძმებს, ისე დებს, რომლებიც ამ საშიშროების წინაშე დგანან, რომ სულიერად გაძლიერდნენ და დროულად გამოსწორდნენ (გალატელები 5:16; 6:1). ეს ქრისტიანი ზედამხედველები სიყვარულით და, ამავე დროს, მტკიცედ მოქმედებენ, რომ ქალები თანასწორუფლებიანობისთვის მებრძოლ ჯგუფებად არ გაერთიანდნენ. გარდა ამისა, დროდადრო დროული რჩევები იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ პუბლიკაციებშიც იბეჭდებაa.
12. იეჰუს მსგავსად როგორ ავლენს შემართებას იოანეს კლასი?
12 თუ ვინმე უზნეობას სჩადის და, განსაკუთრებით, თუ ეს ჩვევად ექცა, ეს მოუნანიებელი შემცოდველი კრებიდან უნდა გაირიცხოს. გავიხსენოთ, როგორი შემართებით ცდილობდა იეჰუ ისრაელიდან იზებელის ნებისმიერი გავლენის აღმოფხვრას. იოანეს კლასიც მსგავს სიმტკიცეს ავლენს დღეს და თავის თანამსახურ იონადაბის კლასს მაგალითს აძლევს. ისინი ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებისგან განსხვავებით არ იწყნარებენ ასეთ საქმეებს (2 მეფეები 9:22, 30—37; 10:12—17).
13. რა დაემართებათ ქალების გამხრწნელი ზეგავლენის ქვეშ მოქცეულებს?
13 ღვთის ძეს, როგორც იეჰოვას მაცნესა და მის მიერ დანიშნულ მოსამართლეს, სრული უფლება აქვს, ამხილოს და სულიერი გაგებით ლოგინად ჩააგდოს თანამედროვე იზებელი, ვინაიდან მას ქრონიკული ავადმყოფობა ჭირს (მალაქია 3:1, 5). ისინი, ვინც ამ ქალების გამხრწნელი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, დიდ უბედურებას დაიტეხენ თავს — დამწუხრდებიან გარიცხვის, ქრისტიანული კრებიდან მოკვეთის გამო, რადგან სულიერად მკვდრები იქნებიან. თუ ისინი არ მოინანიებენ, არ მობრუნდებიან და არ აღდგებიან კრებაში, პირდაპირი გაგებითაც „სასიკვდილო ჭირით“ სიკვდილი ელოდებათ, დღეს თუ არა, დიდი გასაჭირის დროს მაინც. თუმცა ჯერ კიდევ შეუძლიათ უკან დაბრუნება, თუ ბოლომდე მოინანიებენ თავიანთ არასწორ საქციელს (მათე 24:21, 22; 2 კორინთელები 7:10).
14. ა) როგორ იყენებს იესო უხუცესებს გარკვეული პრობლემების, მაგალითად, იზებელის გავლენის აღმოსაფხვრელად? ბ) როგორ უნდა დაუჭიროს მხარი კრებამ უხუცესებს, რომლებიც მსგავს პრობლემებს წყვეტენ?
14 „ყველა კრებამ“ უნდა იცოდეს, რომ იესო იკვლევს „თირკმელებს“, ანუ ყველაზე ღრმა გრძნობებს, და „გულებს“, ანუ შინაგან ადამიანს და მისი გულის ზრახვებს. ამიტომ იესო თავისი „ვარსკვლავების“ ანუ უხუცესების დახმარებით აღმოფხვრის გარკვეულ პრობლემებს, მაგალითად, კრებაში იზებელის ნებისმიერ გავლენას (გამოცხადება 1:20). მას შემდეგ, რაც უხუცესები საგულდაგულოდ განიხილავენ მსგავს საქმეს, მათ მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს. ყველა თავმდაბლობით უნდა შეხვდეს უხუცესების გადაწყვეტილებას და მხარი უნდა დაუჭიროს კრების „ვარსკვლავებს“. თუ იეჰოვას ერთგულები ვართ და მზადყოფნით ვემორჩილებით ორგანიზაციაში დადგენილ წესრიგს, აუცილებლად დავჯილდოვდებით (ფსალმუნი 37:27—29; ებრაელები 13:7, 17). დაე, თქვენც მიიღოთ კურთხევები, როცა იესო თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მიაგებს (გალატელები 5:19—24; 6:7—9).
„იმას ჩაეჭიდეთ, რაც გაქვთ“
15. ა) რა უთხრა იესომ მათ, ვინც იზებელის გამხრწნელი ზეგავლენის ქვეშ არ მოქცეულა? ბ) საიდან ჩანს, რომ ყველა, ვინც 1918 წელს თავს ქრისტიანს უწოდებდა, არ მოქცეულა განდგომილი ქრისტიანული სამყაროს გამხრწნელი ზეგავლენის ქვეშ?
15 იესოს შემდეგი სიტყვები მანუგეშებელია: «დანარჩენებს კი, ვინც თიატირაში ხართ, ყველას, ვისაც ეს სწავლება არა გაქვთ, მათ, ვისაც არ შეგიცნიათ „სატანის სიღრმეები“, გეუბნებით: მეტს აღარაფერს დაგაკისრებთ. ჩემ მოსვლამდე კი კვლავ იმას ჩაეჭიდეთ, რაც გაქვთ» (გამოცხადება 2:24, 25). თიატირაში იყვნენ ისეთი ერთგული ქრისტიანებიც, რომლებიც არ მოექცნენ იზებელის გავლენის ქვეშ. ამის მსგავსად, 40 წლის განმავლობაში, 1918 წლამდე და შემდეგაც ყველა, ვინც თავს ქრისტიანად თვლიდა, არ იწყნარებდა უზნეობასა და გარყვნილებას, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტიანულ სამყაროში. ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი, რომელიც ახლა იეჰოვას მოწმეების სახელითაა ცნობილი, ცდილობდა ეკლესიის მრევლისთვის დაენახვებინა, რომ ქრისტიანული სამყაროს მრავალ მოძღვრებას არაქრისტიანული საწყისი ჰქონდა. ბიბლიის მკვლევარები თავისუფლდებოდნენ განდგომილი ქრისტიანობისგან გადმოღებული ბაბილონური მოძღვრებებისა და წეს-ჩვეულებებისგან, რომლებშიც „ქალ იზებელის“ ისეთი სწავლებებიც შედიოდა, რომლებიც ხალხს ყველაფრის უფლებას აძლევდა.
16. მართალია, იესო და I საუკუნის ქრისტიანთა ხელმძღვანელი საბჭო მორწმუნეებს დამატებით ტვირთს არ აკისრებდნენ, მაგრამ რისგან უნდა შეეკავებინათ მათ თავი?
16 დღეს იოანეს კლასიც მოუწოდებს თავის თანამსახურ უამრავ ხალხს, რომ არ მოექცნენ გართობას აყოლილი ქვეყნიერების გამხრწნელი ზეგავლენის ქვეშ. გაუმართლებელია, უყურო ან მონაწილეობა მიიღო გარყვნილებაში ცნობისმოყვარეობის გამო ან მხოლოდ იმის გამო, რომ იცოდე, რას ერიდო. სიბრძნე მოგვიწოდებს, ვერიდოთ „სატანის სიღრმეებს“. იესომ თქვა: „მეტს აღარაფერს დაგაკისრებთ“. I საუკუნეში ქრისტიანთა ხელმძღვანელმა საბჭომაც მსგავსი დადგენილება მიიღო: „წმინდა სულმა და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის ამ აუცილებლის გარდა, რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს, სისხლს, დამხრჩვალსა და სიძვას. თუ ამისგან დაიცავთ თავს, წარმატებული იქნებით. იყავით ჯანმრთელად“ (საქმეები 15:28, 29). იმისათვის, რომ სულიერად წინ წაიწიოთ, ერიდეთ ცრუ რელიგიას, სისხლის არასწორად გამოყენებას (მაგალითად, სისხლის გადასხმას) და უზნეობას! ამგვარად ფიზიკურ ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ.
17. ა) როგორ აცდუნებს სატანა ადამიანებს თავისი „სიღრმეებით“? ბ) როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სატანის ქვეყნიერების „სიღრმეებისადმი“, თავგზას რომ უბნევს ხალხს?
17 სატანას დღეს სხვა „სიღრმეებიც“ აქვს. მაგალითად, გონების მაამებელი რთული, ფილოსოფიური მსჯელობები და უზნეობისა და თავაშვებულობის მხარდამჭერი საუბრები. სატანის „სიღრმეები“ სპირიტიზმსა და ევოლუციის თეორიასაც მოიცავს. როგორ უყურებს ამ „სიღრმეებს“ ყოვლადბრძენი შემოქმედი? მოციქული პავლე ციტირებს მის სიტყვებს: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ“. სატანის „სიღრმეებისგან“ განსხვავებით „ღვთის სიღრმეები“ უბრალო, ადვილად გასაგები და სასიამოვნოა. გონიერი ქრისტიანები გაურბიან სატანის ქვეყნიერების „სიღრმეებს“, თავგზას რომ უბნევს ხალხს. გახსოვდეთ, რომ „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 კორინთელები 1:19; 2:10; 1 იოანე 2:17).
18. რა კურთხევებს ჰპირდება იესო ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც ბოლომდე ერთგულები რჩებიან, და რა პატივი ხვდებათ წილად მათ, მკვდრეთით აღდგენილებს, არმაგედონის დროს?
18 თიატირელ ქრისტიანებს იესო ახლა გამამხნევებელი სიტყვებით მიმართავს. ეს სიტყვები დღეს ცხებულ ქრისტიანებსაც ამხნევებს: „მძლეველსა და ჩემი საქმეების ბოლომდე დამცველს მივცემ ძალაუფლებას ხალხებზე, როგორიც მე მივიღე მამაჩემისგან; დამწყემსავს ის ხალხს რკინის კვერთხით და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან“ (გამოცხადება 2:26, 27). რაოდენ დიდი პატივია! ძალაუფლებაში, რასაც „მძლეველი“ ცხებულები აღდგომისას მიიღებენ, იგულისხმება ის, რომ იესოსთან ერთად არმაგედონში ისინი „რკინის კვერთხით“ გაანადგურებენ ურჩებს. ხალხთა ბირთვული იარაღი ნესტიან ასანთს დაემსგავსება, როდესაც ქრისტე თიხის ჭურჭელივით ნაცარტუტად აქცევს თავის მტრებს (ფსალმუნი 2:8, 9; გამოცხადება 16:14, 16; 19:11—13, 15).
19. ა) ვინ არის „ცისკრის ვარსკვლავი“ და როგორ „მიეცემა“ ის ‘მძლეველებს’? ბ) რა ამხნევებს უამრავ ხალხს?
19 იესო დასძენს: „და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს“ (გამოცხადება 2:28). მოგვიანებით იესო თვითონ განმარტავს ამ ვარსკვლავის მნიშვნელობას: „მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი და კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“ (გამოცხადება 22:16). წინასწარმეტყველება, რომელიც იეჰოვამ ურჩ ბალაამს ათქმევინა, იესომ შეასრულა: „ვარსკვლავი ამოვა იაკობიდან და კვერთხი აღიმართება ისრაელიდან“ (რიცხვები 24:17). რა გაგებით მისცემს იესო „ცისკრის ვარსკვლავს“ ‘მძლეველებს’? როგორც ჩანს, იმ გაგებით, რომ საკუთარ თავს „აძლევს“ მათ, ანუ ძალიან ახლო ურთიერთობა ექნება მათთან (იოანე 14:2, 3). მათ მართლაც უღირთ ერთგულების შენარჩუნება! უამრავ ხალხს ძალებს მატებს ის, რომ „კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“ მალე თავისი მეფური ძალაუფლების წყალობით დედამიწაზე სამოთხეს აღადგენს.
შეინარჩუნეთ უმწიკვლობა
20. რა მხრივ მოგვაგონებს ქრისტიანული სამყარო თიატირის კრებას?
20 ამ ცნობას თიატირელი ქრისტიანები ძლიერ უნდა გაემხნევებინა. წარმოიდგინეთ, ზეცაში განდიდებული ღვთის ძე თიატირელ ქრისტიანებს ელაპარაკა იმ პრობლემებზე, რომლებსაც უნდა გამკლავებოდნენ! უეჭველია, კრებაში ზოგიერთი გამოეხმაურა მოსიყვარულე მწყემსის ასეთ მზრუნველობას. შვიდიდან ეს ყველაზე გრძელი მიმართვა დღეს ჭეშმარიტი კრების ამოცნობაში გვეხმარება. 1918 წელს, როცა იესო იეჰოვას ტაძარში მივიდა როგორც მოსამართლე, იმ მიმდინარეობათა უმეტესობა, რომლებიც ქრისტიანებად აცხადებდნენ თავს, კერპთაყვანისმცემლობითა და სულიერი უზნეობით იყო წაბილწული (იაკობი 4:4). ზოგიერთი თავის მრწამსს XIX საუკუნის თავისუფლად მოაზროვნე ქალთა მოძღვრებებზე აფუძნებდა, მაგალითად, ელენ უაიტისა (მეშვიდე დღის ადვენტისტები) და მერი ბეიკერ ედის მოძღვრებაზე („ქრისტიანული მეცნიერება“); ამ ბოლო დროს არაერთი ქალი ქადაგებს აუდიტორიის წინაშე (შეადარეთ 1 ტიმოთეს 2:11, 12). კათოლიციზმის ბევრ მიმდინარეობაში მარიამს უფრო დიდ პატივს სცემენ, ვიდრე ღმერთსა და ქრისტეს; იესოს არ აღუზევებია ის ასე (იოანე 2:4; 19:26). განა შეიძლება ქრისტიანულად მივიჩნიოთ ის მიმდინარეობები, რომლებშიც ქალებს ასეთი დიდი ზეგავლენა აქვთ, რაც არ შეშვენით?
21. რით არის ჩვენთვის საყურადღებო თიატირელებისთვის ნათქვამი სიტყვები?
21 თითოეული ქრისტიანი, იქნება ის იოანეს კლასის წარმომადგენელი თუ სხვა ცხვრისა, უნდა დაფიქრდეს ამ ცნობაზე (იოანე 10:16). ზოგიერთმა შეიძლება თიატირელი იზებელის მიმდევრების მსგავსად ადვილი გზა აირჩიოს და კომპრომისზეც წავიდეს. დღეს ისეთი საკითხების წინაშე გვიწევს დგომა, როგორიცაა სისხლის გადასხმა ან სისხლის შემცველი პროდუქტების საკვებად გამოყენება. შეიძლება ზოგი ფიქრობდეს, რომ თუ გულმოდგინე მქადაგებელია ან მოხსენებებით გამოდის, შეუძლია თავს უფლება მისცეს, უყუროს ძალადობის ან გარყვნილების ამსახველ ფილმებს ან დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღოს. იესოს მიერ თიატირელი ქრისტიანებისთვის მიცემული გაფრთხილება ჩვენთვისაც საყურადღებოა, რომ თავს ზედმეტის უფლება არ მივცეთ. იეჰოვას სურს, თიატირელი ქრისტიანების უმეტესობის მსგავსად ჩვენც წმინდები, ერთსულოვნები და ერთგულები ვიყოთ.
22. როგორ დაგვანახვა იესომ, რომ მნიშვნელოვანია, ყური მზად გვქონდეს მოსასმენად?
22 ბოლოს იესო ამბობს: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“ (გამოცხადება 2:29). იესომ მეოთხედ გაიმეორა ეს დამაფიქრებელი სიტყვები და ამავე სიტყვებით ასრულებს მომდევნო სამ მიმართვასაც. მზად გაქვთ ყური მოსასმენად? მაშ, ყურად იღეთ დარიგებები, რომლებსაც ღმერთი თავისი სულისა და თავისი „არხის“ მეშვეობით გვაძლევს.
[სქოლიოები]
a მაგალითად, იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ 2003 წლის 1 ნოემბრის ნომერში სტატია „ერთგული ქრისტიანი ქალები — ღვთის ძვირფასი მსახურები“.
[სურათები 51 გვერდზე]
დღეს სამქადაგებლო საქმიანობა ძირითადად ერთგული დების მხარდაჭერით სრულდება. ისინი თავმდაბლობით ემორჩილებიან თეოკრატიულ ძალაუფლებას.