ისმინეთ, რას ამბობს სული!
„ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს“ (გამოცხადება 3:22).
1, 2. რა დარიგება მეორდება გამოცხადებაში მოხსენიებული შვიდი კრებისთვის გადაცემულ სიტყვებში?
იეჰოვას მსახურებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იესო ქრისტეს სიტყვებს, რომლებიც მან ღვთის შთაგონებით გადასცა ბიბლიის წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებულ შვიდ კრებას. თითოეული კრებისთვის გადაცემულ სიტყვებში შემდეგ დარიგებას ვხვდებით: „ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს“ (გამოცხადება 2:7, 11, 17, 29; 3:6, 13, 22).
2 ჩვენ უკვე განვიხილეთ, რა უთხრა იესომ ეფესოს, სმირნისა და პერგამონის კრების ანგელოზებს ანუ ზედამხედველებს. რის სწავლა შეგვიძლია იქიდან, რასაც სული დანარჩენ ოთხ კრებას ეუბნება?
თიატირის კრების ანგელოზს
3. სად მდებარეობდა თიატირა და რა ნაწარმით ჰქონდა სახელი განთქმული?
3 „ძე ღვთისა“ აქებს და საყვედურობს კიდეც თიატირის კრებას (წაიკითხეთ გამოცხადება 2:18—29). თიატირა (ამჟამად აქჰისარი) მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში, მდინარე გედიზის (ძველად ჰერმუსი) შენაკადის სანაპიროზე იყო გაშენებული. ქალაქი ცნობილი იყო ხელოსნობით. თიატირაში ენდროს ფესვებისგან ამზადებდნენ საღებავს, რამაც ქალაქს ძვირფასი ალისფერი ქსოვილებით ანუ ძოწეულით გაუთქვა სახელი. ლიდია, რომელმაც ქალაქ ფილიპეში (საბერძნეთი) პავლეს ყოფნის დროს ქრისტიანობა მიიღო, სწორედ „ძოწეულით მოვაჭრე“ იყო „ქალაქ თიატირიდან“ (საქმეები 16:12—15).
4. რისთვის შეაქო იესომ თიატირის კრება?
4 იესო აქებს თიატირის კრებას კარგი საქმეების, სიყვარულის, რწმენის, მოთმინებისა და მსახურებისთვის. ამ კრების ‘უკანასკნელი საქმეები ადრინდელზე მეტი იყო’. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც კარგი საქმეებით გამოვირჩევით, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და ნაკლებად მნიშვნელოვნად არასდროს უნდა ჩავთვალოთ საკუთარი ზნეობის საკითხი.
5—7. ა) ვინ იყო „დედაკაცი იეზაბელი“ და რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა კრებას მისი ზეგავლენისადმი? ბ) რაში ეხმარება ღვთისმოშიშ ქალებს ქრისტეს მიერ თიატირის კრებისთვის გადაცემული სიტყვები?
5 თიატირის კრებას შემწყნარებლური დამოკიდებულება ჰქონდა კერპთაყვანისმცემლობის, ცრუსწავლებისა და სექსუალური უზნეობის მიმართ. ის იწყნარებდა „დედაკაც იეზაბელს“ — შესაძლოა, ისეთ ქალებს, რომლებიც თვისებებით ისრაელის ათტომიანი სამეფოს დედოფალ იეზაბელს (იზებელს) ჰგავდნენ. ზოგი მკვლევარის სიტყვების თანახმად, თიატირაში „წინასწარმეტყველი“ ქალები ცდილობდნენ ქრისტიანები ხელოსნობის ღვთაებების თაყვანისცემით და ისეთ დღესასწაულებში მონაწილეობით ეცდუნებინათ, რომლებზეც კერპებს საკვებს სწირავდნენ. მოდი არ დავუშვათ, რომ თვითმარქვია წინასწარმეტყველებმა მართონ ქრისტიანული კრება!
6 ქრისტე მზად იყო, იეზაბელი ‘სარეცელზე დაეგდო [„ლოგინად ჩაეგდო“, აქ], ხოლო ისინი, ვინც მასთან ერთად მეძაობდნენ, დიდ გასაჭირში ჩაეყარა, თუ არ მოინანიებდნენ თავიანთ საქმეებს’. ზედამხედველებს შემწყნარებლური დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეთ ცრუსწავლებისა და ცუდი ზეგავლენისადმი. არც ერთ ქრისტიანს არ სჭირდება, გამოსცადოს სულიერი თუ ფიზიკური მრუშობა ან მონაწილეობა მიიღოს კერპთაყვანისმცემლობაში, რათა დარწმუნდეს, რომ „სატანის სიღრმეები“ მხოლოდ და მხოლოდ ბოროტებაა. იესოს გაფრთხილებას თუ ყურად ვიღებთ, ‘ჩავეჭიდებით იმას, რაც გვაქვს’ და ცოდვა აღარ იბატონებს ჩვენზე. ცხებულები ზურგს აქცევენ უღვთო ქცევას, ავხორცობასა და ისეთ მიზნებს, რომლებიც ღვთის ნების საწინააღმდეგოა. ამიტომაც მკვდრეთით აღდგენის შემდეგ მიიღებენ „ხელმწიფებას წარმართებზე“ და ქრისტესთან ერთად ‘დაამსხვრევენ მათ’. დღევანდელმა კრებებმა სიმბოლური ვარსკვლავები მიიღეს, ცხებულები კი მიიღებენ „ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავს“ — ნეფე იესო ქრისტეს, — როდესაც ზეცაში იქნებიან აღდგენილი (გამოცხადება 22:16).
7 თიატირის კრებამ გაფრთხილება მიიღო, არ შეეწყნარებინა განდგომილ ქალთა ზეგავლენა. ქრისტეს მიერ ამ კრებისთვის სულიწმიდის შთაგონებით მიცემული რჩევა დღეს ღვთისმოშიშ ქალებს ეხმარება, ღვთის მიერ დაკისრებული როლი შეასრულონ კრებაში. ისინი არ ცდილობენ, იბატონონ მამაკაცებზე და აცდუნონ ძმები სულიერი თუ ფიზიკური მრუშობის ჩასადენად (1 ტიმოთე 2:12). პირიქით, ასეთი ქალები კარგი ქცევისა და მსახურების შესანიშნავ მაგალითს იძლევიან, რითაც ღმერთს განადიდებენ (ფსალმუნები 67:12; 1 პეტრე 3:1—6). კრება თუ დაიცავს იმას, რაც აქვს — წმინდა სწავლებას, ქცევასა და ფასდაუდებელ მსახურებას, — ქრისტე კი არ დასჯის მას, არამედ აკურთხებს.
სარდისის კრების ანგელოზს
8. ა) სად მდებარეობდა სარდისი და რა არის ცნობილი ამ ქალაქის შესახებ? ბ) რატომ სჭირდებოდა დახმარება სარდისის კრებას?
8 სარდისის (სარდეს) კრებას დაუყოვნებლივ სჭირდებოდა დახმარება, რადგან ის სულიერად მკვდარი იყო (წაიკითხეთ გამოცხადება 3:1—6). სარდისი აყვავებული ქალაქი იყო, რომელიც თიატირის სამხრეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობდა. ვაჭრობის განვითარების, უხვმოსავლიანობის, აგრეთვე შალის ქსოვილების წარმოებისა და ხალიჩების ქსოვის წყალობით გამდიდრებულ ქალაქს ერთ დროს 50 000 მცხოვრები ჰყავდა. იოსებ ფლავიუსის სიტყვების თანახმად, ძვ. წ. პირველ საუკუნეში სარდისში ბევრი იუდეველი ცხოვრობდა. ძველი ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სინაგოგის და ეფესელთა ქალღმერთ არტემიდას ტაძრის ნანგრევები.
9. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ზერელედ ვეკიდებით მსახურებას?
9 ქრისტემ სარდისის კრების ანგელოზს უთხრა: „ვიცი შენი საქმენი, რომ გაქვს სახელი, თითქოს ცოცხალი იყო, შენ კი მკვდარი ხარ“. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენც, ერთი შეხედვით, სულიერად ფხიზლები ვჩანვართ, მაგრამ სინამდვილეში გვძინავს, ანუ ზერელედ ვეკიდებით ქრისტიანულ მსახურებას და სულიერად ‘სიკვდილთან ახლოს ვიმყოფებით’? ასეთ შემთხვევაში, უნდა ‘გავიხსენოთ, როგორ მივიღეთ და მოვისმინეთ’ სამეფოს შესახებ ცნობა, და კვლავ სულითა და გულით განვაახლოთ წმინდა მსახურება. საჭიროა, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ქრისტიანულ შეხვედრებზე (ებრაელთა 10:24, 25). ქრისტემ სარდისის კრება გააფრთხილა: „თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც ქურდი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ“. ჩვენც გვეხება ეს გაფრთხილება? დიახ, მალე ჩვენც მოგვიწევს ანგარიშის ჩაბარება.
10. როგორი ქრისტიანები შეიძლება იყვნენ ისეთ კრებაშიც კი, რომელშიც ისეთივე სიტუაციაა, როგორიც სარდისის კრებაში იყო?
10 ისეთ კრებაშიც კი, რომელიც სარდისის კრებას მოგვაგონებს, შესაძლოა, იყვნენ ქრისტიანები, რომელთაც ‘არ წაუბილწავთ თავიანთი სამოსელნი და ქრისტესთან ერთად დადიან თეთრებში, ვინაიდან ღირსნი არიან’. ისინი ყოველთვის ქრისტიანულად იქცევიან და წუთისოფლისგან ზნეობრივად თუ სულიერად შეურყვნელად იცავენ თავს (იაკობი 1:27). ამიტომაც იესო ‘არ ამოშლის მათ სახელებს სიცოცხლის წიგნიდან და აღიარებს მათ მამისა და მისი ანგელოზების წინაშე’. ქრისტესთან ერთად სიარულის ღირსად აღიარებული ცხებულებისგან შემდგარი მისი პატარძლის კლასი მბრწყინავი და წმინდა ბისონით შეიმოსება, რითაც სიმბოლურად წმინდების „სიმართლის საქმეებია“ წარმოდგენილი (გამოცხადება 19:8, აქ). ზეცაში მსახურების უდიდესი პატივი უფრო მეტად აღძრავს მათ წუთისოფელზე გასამარჯვებლად. ცხებულების გარდა, კურთხევები მათაც მოელით, ვისაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვს. სიცოცხლის წიგნში მათი სახელებიც არის ჩაწერილი.
11. რა უნდა გავაკეთოთ, თუ სულიერად ვთვლემთ?
11 არც ერთ ჩვენგანს არ გვინდა, სარდისის კრების წევრების მსგავსად, სულიერად სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. რა უნდა გავაკეთოთ, თუ ვამჩნევთ, რომ სულიერად ვთვლემთ? დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ. დავუშვათ, უღვთო საქმეები გვიტაცებს ან სერიოზულად არ ვუდგებით კრების შეხვედრებზე დასწრების საკითხსა თუ ქადაგებას. ასეთ შემთხვევაში, დახმარებისთვის გულწრფელი ლოცვით მივმართოთ იეჰოვას (ფილიპელთა 4:6, 7ბ, 13). ბიბლიის ყოველდღიური კითხვა, აგრეთვე საღვთო წერილისა და „ერთგული განმგებლის მიერ“ მომზადებული პუბლიკაციების შესწავლა დაგვეხმარება სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში (ლუკა 12:42—44). თუ ასე მოვიქცევით, სარდისის კრების ზოგიერთი წევრივით, ჩვენც მოვიპოვებთ ქრისტეს კეთილგანწყობას და გამამხნევებელ მაგალითს მივცემთ თანამორწმუნეებს.
ფილადელფიის კრების ანგელოზს
12. როგორ აღწერდით ძველი ფილადელფიის რელიგიურ მდგომარეობას?
12 იესო აქებს ფილადელფიის კრებას (წაიკითხეთ გამოცხადება 3:7—13). ფილადელფია (ამჟამად ალაშეჰირი) მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. ქალაქს მეღვინეობით ჰქონდა სახელი განთქმული. ფილადელფიის მთავარი ღვთაება დიონისე, ღვინის ღმერთი, იყო. როგორც ჩანს, ამ ქალაქში იუდეველები უშედეგოდ ცდილობდნენ გაქრისტიანებულ იუდეველთა დარწმუნებას, მოსეს რჯულის ზოგიერთი რიტუალი დაეცვათ ან ძველ რწმენას დაბრუნებოდნენ.
13. როგორ გამოიყენა ქრისტემ „დავითის გასაღები“?
13 ქრისტეს „დავითის გასაღები“ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს მინდობილი ღვთის სამეფოსა და სულიერი სახლეულის მართვა (ესაია 22:22; ლუკა 1:32). იესომ ეს გასაღები გამოიყენა, რათა სამეფოს ინტერესებისთვის მსახურების შესაძლებლობები მიეცა, როგორც ძველი ფილადელფიელი, ისე სხვა კრებების ქრისტიანებისთვის. 1919 წელს მან „ერთგულ განმგებელს“ სამეფოს შესახებ ცნობის საქადაგებლად „ფართე კარი“ გაუღო, რომელსაც ვერც ერთი მოწინააღმდეგე ვერ დახურავს (1 კორინთელთა 16:9; კოლასელთა 4:2—4). ცხადია, სამეფოს ინტერესებისთვის მსახურების კარი დაკეტილია «სატანის საკრებულოს [„სინაგოგის“, აქ]» წევრებისთვის, რადგან ისინი არ არიან სულიერი ისრაელები.
14. ა) რას დაჰპირდა იესო ფილადელფიის კრებას? ბ) რა დაგვიცავს „გამოცდის საათს“ დაცემისგან?
14 ფილადელფიის კრების ქრისტიანებს იესო დაჰპირდა: „რაკი შენ დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან, რომელიც მოვა მთელ მსოფლიოზე“. ქადაგებას სჭირდება ისეთი მოთმინება, როგორიც იესომ გამოავლინა. ის არასოდეს შეუჩერებია მტრების წინააღმდეგობას და მამის ნების შესრულებას განაგრძობდა. ამისათვის ქრისტე მკვდრეთით იქნა აღდგენილი და ზეცაში უკვდავება მიიღო. თუ საკუთარი გადაწყვეტილების თანახმად, ერთგულად ვემსახურებით იეჰოვას და სასიხარულო ცნობის ქადაგებით მხარს ვუჭერთ ღვთის სამეფოს, ამ «განსაცდელის ჟამს [„გამოცდის საათს“, აქ]» დაცემისგან დაცული ვიქნებით. სამეფოს ინტერესების გაფართოებით ‘ხელში გვეპყრობა ის, რაც [ქრისტესგან] გვაქვს’ მიღებული. შედეგად, ცხებულები ფასდაუდებელ ზეციერ გვირგვინს მიიღებენ, მათი ერთგული თანამსახურები კი დედამიწაზე მარადიული სიცოცხლით იქნებიან კურთხეული.
15. რა მოეთხოვებათ მათ, ვინც ‘სვეტად გახდება ღვთის ტაძარში’?
15 იესო განაგრძობს: „გამარჯვებულს გავხდი სვეტად ჩემი ღვთის ტაძარში . . . დავაწერ მასზე ჩემი ღვთის სახელს და ჩემი ღვთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს“. ცხებულმა ზედამხედველებმა მხარი უნდა დაუჭირონ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. მათ ღვთის სამეფოს შესახებ უნდა იქადაგონ და სულიერი სიწმინდე შეინარჩუნონ, რათა „ახალი იერუსალიმის“ წევრებად დარჩნენ. ამის გაკეთება აუცილებელია, თუ მათ სურთ სვეტებად იქცნენ ღვთის დიდებულ ზეციერ ტაძარში და ღვთის ზეციერი ქალაქის მოქალაქეების სახელთან ერთად, როგორც ქრისტეს პატარძალმა, მისი სახელიც ატარონ. ცხადია, მათ უნდა ‘ისმინონ, რას ეუბნება სული ეკლესიებს’.
ლაოდიკეის კრების ანგელოზს
16. რა არის ჩვენთვის ცნობილი ლაოდიკეის შესახებ?
16 ქრისტემ ამხილა ლაოდიკეის (ლაოდიკიის) თვითკმაყოფილი კრება (გამოცხადება 3:14—22). ლაოდიკეა ეფესოდან აღმოსავლეთით, ლიკიის ველზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისგან დაახლოებით 150 კილომეტრით იყო დაშორებული. ქალაქში განვითარებული იყო მრეწველობა და საბანკო საქმე. მხარეს სახელი ჰქონდა განთქმული შავი მატყლისგან დამზადებული ტანსაცმლით. შესაძლოა ლაოდიკეაში მზადდებოდა ფრიგიული ფხვნილის სახელით ცნობილი თვალის წამალი, რამდენადაც სწორედ იქ იყო საყოველთაოდ აღიარებული სამედიცინო სკოლა. მთავარ ღვთაებად ქალაქი მკურნალობის ღმერთ ასკლეპიოსს მიიჩნევდა. როგორც ჩანს, ლაოდიკეაში ბევრი იუდეველი ცხოვრობდა, რომელთაგან ზოგი საკმაოდ შეძლებული იყო.
17. რატომ გაიკიცხნენ ლაოდიკეელები?
17 ლაოდიკეის კრებას მისი „ანგელოზის“ შუამავლობით იესო ავტორიტეტულად ელაპარაკება, როგორც „მოწამე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა“ (კოლასელთა 1:13—16). ლაოდიკეელი ქრისტიანები გაიკიცხნენ, რადგან სულიერად ‘არც ცივი იყვნენ და არც ცხელი’. ისინი ნელთბილი იყვნენ, რის გამოც ქრისტე მათ ‘პირიდან ამოანთხევდა’. მათთვის ძნელი არ უნდა ყოფილიყო ნათქვამის მნიშვნელობის გაგება. ლაოდიკეის მახლობლად, ქალაქ ჰიერაპოლისის (იერაპოლი) მცხოვრებლებს ცხელი წყლის წყაროები ჰქონდათ, ხოლო კოლასში ცივი წყლის წყაროები იყო. ლაოდიკეაში კი წყალი მხოლოდ ნელთბილი აღწევდა, რადგანაც საკმაოდ შორიდან იყო გაყვანილი. თავიდან წყალი მილებში მიედინებოდა, ქალაქის ახლოს კი ერთმანეთზე დაცემენტებულ შუაში გახვრეტილ ქვის ლოდებში გადიოდა.
18, 19. რა დახმარების მიღება შეუძლიათ ქრისტიანებს, რომლებიც ლაოდიკეელ ქრისტიანთა მდგომარეობაში არიან?
18 ლაოდიკეელთა მსგავსი ცალკეული პიროვნებები არც მასტიმულირებლად ცხელი არიან და არც გამომაცოცხლებლად ცივი. ისინი ნელთბილი წყალივით ამოინთხევიან პირიდან! იესოს არ სურს, რომ ასეთი ადამიანები მისი ცხებული მაცნეები, „ქრისტესმიერი ელჩები“ იყვნენ (2 კორინთელთა 5:20). თუ არ მოინანიებენ, ისინი დაკარგავენ სამეფოს მაუწყებლობის შესაძლებლობას. ლაოდიკეელები სიმდიდრის შეძენისკენ ისწრაფოდნენ და ‘არც კი იცოდნენ, რომ უბედურები, საცოდავები, ღატაკები, ბრმები და შიშვლები იყვნენ’. დღესაც, სულიერი სიღატაკისგან, სიბრმავისა და სიშიშვლისგან თავდასაღწევად ნებისმიერმა ქრისტესგან უნდა იყიდოს „ცეცხლით განწმედილი ოქრო“ (გამოცდილი რწმენა), სიმართლის „თეთრი სამოსელი“ და „თვალის მალამო“, რომელიც მათ სულიერ მხედველობას გაუუმჯობესებს. ქრისტიანი უხუცესები სიხარულით დაეხმარებიან მათ იმის დანახვაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რათა ‘რწმენით გამდიდრდნენ’ (იაკობი 2:5; მათე 5:3). ზედამხედველები ასეთ ადამიანებს უნდა დაეხმარონ, ისარგებლონ „თვალის მალამოთი“ — ყურად იღონ იესოს სწავლება, რჩევები, აგრეთვე მიჰბაძონ მის ქცევასა და აზროვნებას. სწორედ ამით განიკურნება „ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა“ (1 იოანე 2:15—17).
19 იესო ამხელს და წვრთნის ყველას, ვინც უყვარს. უხუცესებმა, რომლებიც მის მეთაურობას აღიარებენ, რბილად უნდა გააკეთონ იგივე (საქმეები 20:28, 29). ლაოდიკეელები ‘მოშურნეები უნდა გამხდარიყვნენ და უნდა მოენანიებინათ’ — მათ უნდა შეეცვალათ აზროვნება და ცხოვრების წესი. დავუშვათ, ჩვენ შორის ვინმე გაიტაცა ცხოვრების ისეთმა წესმა, რომელიც უკანა პლანზე სწევს ღვთისადმი წმინდა მსახურებას. ასეთ შემთხვევაში, იესოსგან უნდა ‘ვიყიდოთ თვალის მალამო’, რათა დავინახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია პირველ ადგილზე ღვთის სამეფოს ინტერესების დაყენება (მათე 6:33).
20, 21. ვის აქვს სათანადო რეაქცია, როდესაც იესო ‘აკაკუნებს’ და რას მიიღებენ ისინი ამისათვის?
20 „აჰა, — ამბობს იესო, — ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან“. იესო ხშირად ჭამის დროს მოძღვრავდა მსმენელებს სულიერად (ლუკა 5:29—39; 7:36—50; 14:1—24). ახლა ის იმ კრების კარზე აკაკუნებს, რომელიც ლაოდიკეელთა კრებას მოგვაგონებს. გამოეხმაურებიან მას ასეთი კრების წევრები? გაიღვივებენ გულში მისდამი სიყვარულს? მიიღებენ და მოუსმენენ მას? ასეთ შემთხვევაში, იესო მათთან ერთად ივახშმებს, რაც მათ დიდ სულიერ სარგებლობას მოუტანს.
21 დღეს „სხვა ცხვრები“ სიმბოლურად კარს უღებენ იესოს, რაც მათ მარადიულ სიცოცხლემდე მიიყვანს (იოანე 10:16; მათე 25:34—40, 46). თითოეულ გამარჯვებულ ცხებულ ქრისტიანს იესო ‘გვერდში მოისვამს თავის ტახტზე ისევე, როგორც თვითონ გაიმარჯვა და დაჯდა მამასთან მის ტახტზე’. დიახ, გამარჯვებულ ცხებულებს, იესო ზეცაში, მამის მარჯვნივ, თავისთან ერთად ტახტზე დაჯდომას ჰპირდება. გამარჯვებული სხვა ცხვრები კი იცხოვრებენ დედამიწაზე ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით.
რას ვსწავლობთ თითოეული ჩვენგანი
22, 23. ა) რა სარგებლობას მოუტანს თითოეულ ქრისტიანს იესოს სიტყვები, რომლებიც მან შვიდ კრებას გადასცა? ბ) რას უნდა შეეცადოს თითოეული ჩვენგანი?
22 ცხადია, თითოეული ქრისტიანისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია იესოს სიტყვებს, რომლებიც მან მცირე აზიაში არსებულ შვიდ კრებას გადასცა. მაგალითად, ქრისტიანი უხუცესები ხედავენ, რომ ქრისტემ სათანადოდ შეაქო კრებები. ეს მათ აღძრავს, თვითონაც სიყვარულით შეაქონ ცალკეული ქრისტიანები თუ კრებები, რომლებიც სულიერად წინ მიიწევენ. მათ კი, ვისაც სისუსტეები აქვს, სულიერად განკურნებაში ეხმარებიან. ქრისტეს მიერ შვიდი კრებისთვის მიცემული რჩევები თითოეულ ჩვენგანს დაგვეხმარება, თუ მათ გულწრფელი ლოცვის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოვიყენებთa.
23 ამ უკანასკნელ დღეებში თვითკმაყოფილებისა და მატერიალურ საკითხებზე გადამეტებული ზრუნვის დრო არ არის. ნამდვილად არა გვაქვს დრო იმისათვის, რომ რაღაცის გამო სულითა და გულით აღარ ვემსახუროთ ღმერთს. დაე ყველა კრებამ განაგრძოს იმ სალამპრეებივით ნათება, რომლებსაც იესო თავ–თავის ადგილზე დატოვებს. მოდი ვიყოთ ერთგული ქრისტიანები და შევეცადოთ ყოველთვის მივაქციოთ ყურადღება ქრისტეს სიტყვებს და ვისმინოთ, რას ამბობს სული. ასეთ შემთხვევაში მარადიულად გავიხარებთ და მუდამ სინათლის მატარებლები ვიქნებით იეჰოვას განსადიდებლად.
[სქოლიოები]
a გამოცხადების 2:1—3:22 აგრეთვე განხილულია წიგნში „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“, თავები 7—13; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ (რუს.).
როგორ უპასუხებდით?
• ვინ იყო „დედაკაცი იეზაბელი“ და რატომ ერიდებიან მასავით მოქცევას ღვთისმოშიში ქალები?
• რა მდგომარეობა იყო სარდისის კრებაში და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იმ კრების წევრთა უმრავლესობას არ დავემსგავსოთ?
• რას დაჰპირდა იესო ფილადელფიის კრებას და ჩვენ როგორ გვეხება მისი დაპირება?
• რატომ გაკიცხა იესომ ლაოდიკეელები და, მათგან განსხვავებით, როგორ იქნებიან კურთხეული ერთგული ქრისტიანები?
[სურათი 16 გვერდზე]
უნდა მოვერიდოთ „დედაკაც იეზაბელის“ ბოროტ საქმეებს.
[სურათები 18 გვერდზე]
იესომ თავის მიმდევრებს „ფართო კარი“ გაუღო, რაც მათ ღვთის სამეფოს ინტერესებისთვის მსახურების შესაძლებლობას აძლევს.
[სურათი 20 გვერდზე]
იღებთ იესოს და ისმენთ მის სიტყვებს?