თავი 11
ჩაწერილია შენი სახელი სიცოცხლის წიგნში?
სარდისი
1. რა მდგომარეობა იყო სარდისის კრებაში და როგორ იწყებს იესო თავის მიმართვას?
თანამედროვე ქალაქ აქჰისარიდან (თიატირა) სამხრეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობდა ქალაქი სარდისი. სწორედ ამ ქალაქშია კრება, რომელსაც ახლა მიმართავს განდიდებული იესო. ძვ. წ. VI საუკუნეში ის ლიდიის სამეფოს დიდებული დედაქალაქი და უსაზღვროდ მდიდარი მეფე კრეზუსის სატახტო ქალაქი იყო. იოანეს დროს ქალაქს ძნელბედობის ჟამი დასდგომოდა და კრეზუსის დროინდელი კეთილდღეობა წარსულს ჩაჰბარებოდა. ამ დროს ქრისტიანული კრების სულიერი მდგომარეობა სავალალო იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა იესო თავის მიმართვას შექებით არ იწყებს. ის ამბობს: «სარდისის კრების ანგელოზს მისწერე, აი რას ამბობს-თქო ის, ვისაც აქვს ღვთის შვიდი სული და შვიდი ვარსკვლავი: „ვიცი შენი საქმეები, ისეთი სახელი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, თუმცა მკვდარი ხარ“ » (გამოცხადება 3:1).
2. ა) რას ნიშნავს სარდისელი ქრისტიანებისთვის ის, რომ იესოს „შვიდი სული“ აქვს? ბ) როგორი სახელი ჰქონდა სარდისის კრებას, მაგრამ სინამდვილეში რა მდგომარეობაში იყო ის?
2 რატომ ამბობს იესო, რომ „შვიდი სული“ აქვს? შვიდი სულით წარმოდგენილია იეჰოვას წმინდა სული, რომელიც შეუფერხებლად ვლინდება. მოგვიანებით იოანე შვიდ სულს აღწერს, როგორც „შვიდ თვალს“, რაც მიუთითებს მახვილ მხედველობაზე, რომელიც ღვთის წმინდა სულის წყალობით აქვს იესოს (გამოცხადება 5:6). ეს საშუალებას აძლევს მას, აღმოაჩინოს და გამოასწოროს კრების ნებისმიერი პრობლემა (მათე 10:26; 1 კორინთელები 4:5). სარდისის კრება თითქოს ცოცხალი და აქტიურია, მაგრამ იესო ხედავს, რომ ის სულიერად მკვდარია. როგორც ჩანს, კრებაში უმრავლესობა ისეთივე უმოქმედო მდგომარეობაშია, როგორშიც ქრისტიანობამდე იყვნენ (შეადარეთ ეფესოელების 2:1—3; ებრაელების 5:11—14).
3. ა) რატომ უნდა მიაქციოს „სარდისის კრების ანგელოზმა“ განსაკუთრებული ყურადღება იმას, რომ იესოს „შვიდი ვარსკვლავი“ აქვს? ბ) რა მკაცრი გაფრთხილება მისცა იესომ სარდისის კრებას?
3 „სარდისის კრების ანგელოზს“ იესო იმასაც შეახსენებს, რომ მას აქვს „შვიდი ვარსკვლავი“. მას მარჯვენაში ჰყავს კრების უხუცესები ანუ ხელმძღვანელობს მათ სამწყემსო საქმიანობას. უხუცესებმა გული უნდა დაუდონ ფარის კარგად გაცნობას (იგავები 27:23). ასე რომ, მეტი გულისყურით უნდა მოისმინონ იესოს შემდეგი სიტყვები: „იფხიზლე და განამტკიცე ისინი, ვინც სიკვდილის პირას იყვნენ, რადგან ვერ ვნახე, რომ ბოლომდე შეგესრულებინოს შენი საქმეები ჩემი ღვთის წინაშე. ამიტომ გახსოვდეს: რაც მიიღე და მოისმინე, კვლავაც დაიცავი და მოინანიე. თუ არ გამოფხიზლდები, ქურდივით მოვალ და არ გეცოდინება, რომელ საათზე დაგადგები თავს“ (გამოცხადება 3:2, 3).
4. როგორ დაეხმარებოდა პეტრეს სიტყვები სარდისის კრებას განმტკიცებაში?
4 სარდისელმა უხუცესებმა უნდა გაიხსენონ, თავდაპირველად რა დიდი სიხარულით მიიღეს ჭეშმარიტება და რა კურთხევები ჰქონდათ მაშინ; ახლა კი ისინი მკვდრები ანუ სულიერად უმოქმედოები არიან. რწმენის საქმეების სიმცირის გამო მათი კრების ლამპარი ძლივსღა ბჟუტავს. დიდი ხნით ადრე პეტრე მოციქულმა მისწერა აზიის კრებებს (როგორც ჩანს, სარდისის კრებასაც), რომ უფრო მეტად დაეფასებინათ დიდებული სასიხარულო ცნობა, გაცხადებული „ზეციდან გამოგზავნილი წმინდა სულით“, რომელიც იოანეს ხილვაში შვიდი სულით იყო წარმოდგენილი. აზიელ ქრისტიანებს პეტრემ ისიც შეახსენა, რომ ისინი იყვნენ ‘რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან ეუწყებინათ მისი აღმატებულობის შესახებ, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოიხმო ისინი’ (1 პეტრე 1:12, 25; 2:9). ამ ჭეშმარიტებებზე დაფიქრება სარდისის კრებას მონანიებასა და განმტკიცებაში დაეხმარებოდა (შეადარეთ 2 პეტრეს 3:9).
5. ა) შერჩათ თუ არა სარდისელ ქრისტიანებს მადლიერება? ბ) რა მოხდებოდა, თუ სარდისელი ქრისტიანები არ გამოეხმაურებოდნენ იესოს რჩევას?
5 იმ დროს სარდისელი ქრისტიანების მადლიერება ჭეშმარიტებისთვის და ჭეშმარიტების სიყვარული წააგავდა მბჟუტავ ცეცხლს; მხოლოდ რამდენიმე ნაკვერჩხალიღა ღვიოდა. იესო მოუწოდებდა მათ, რომ ნაკვერჩხლისთვის შეებერათ, ცეცხლი გაეჩაღებინათ, გულგრილობის შედეგად ჩადენილი ცოდვები მოენანიებინათ და კვლავაც სულიერად გამოეცოცხლებინათ კრება (შეადარეთ 2 ტიმოთეს 1:6, 7). თუ არადა, როდესაც იესო მოულოდნელად, „ქურდივით“ მოვიდოდა განაჩენის აღსასრულებლად, სარდისის კრება მოუმზადებელი დახვდებოდა (მათე 24:43, 44).
იესო „ქურდივით“ მოდის
6. რა გაგებით მოვიდა იესო 1918 წელს „ქურდივით“ და რა მდგომარეობაში დახვდნენ ეგრეთ წოდებული მიმდევრები?
6 იესოს გაფრთხილება, რომ „ქურდივით“ მოვა, ჩვენს დროსაც ეხება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც უფლის დღის მომსწრენი იყვნენ. 1914 წლის შემდეგ მალევე შესრულდა მალაქიას წინასწარმეტყველება: « „უეცრად მოვა თავის ტაძარში ჭეშმარიტი უფალი, რომელსაც ეძებთ, და შეთანხმების მაცნე, რომლის მოსვლაც გწადიათ. აი, უეჭველად მოვა ის“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა» (მალაქია 3:1; გამოცხადება 1:10). იესო, როგორც „შეთანხმების მაცნე“, მოვიდა მათ შესამოწმებლად და განსასჯელად, ვინც თავს მის მიმდევრად აცხადებდა (1 პეტრე 4:17). იმ დროს, 1918 წელს, ქრისტიანული სამყაროს ხელი ერია პირველი მსოფლიო ომით გამოწვეულ სისხლის ღვრაში და ის სულიერი გაგებით მკვდარი იყო. ჭეშმარიტი ქრისტიანებიც კი, რომლებიც ომის დაწყებამდე მთელი მონდომებით ქადაგებდნენ, დროებით სულიერად მიძინებულები იყვნენ. ყველასთვის ცნობილი უხუცესებიდან ზოგი დაპატიმრებული იყო, სამქადაგებლო საქმიანობა თითქმის შეწყდა. მომდევნო წელს, როდესაც იეჰოვას სულმა გამოაფხიზლა ეს ქრისტიანები, ყველანი მზად არ აღმოჩნდნენ. იესოს იგავში მოხსენიებული უგუნური ქალწულების მსგავსად, ზოგი სულიერად არ იყო მზად იეჰოვას საპატიო მსახურების შესასრულებლად. მაგრამ, საბედნიეროდ, გონიერი ქალწულების მსგავსად მრავალმა გაითვალისწინა იესოს გაფრთხილება: „იფხიზლეთ, რადგან არც დღე იცით და არც საათი“ (მათე 25:1—13).
7. რატომ უნდა იფხიზლონ ქრისტიანებმა?
7 ქრისტიანებისთვის სიფხიზლე მხოლოდ უფლის დღის დასაწყისში როდი იყო საჭირო. თავის დიდებულ წინასწარმეტყველებაში, თუ რა იქნებოდა „იმ დროის ნიშანი“, როცა ეს ყველაფერი დასრულდებოდა, იესომ მთელი სერიოზულობით გაგვაფრთხილა: „იმ დღეზე ან საათზე კი მამის გარდა არავინ იცის. . . ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარკოზი 13:4, 32, 33, 37). ყველამ, ცხებულებმა თუ უამრავი ხალხის წარმომადგენლებმა, უნდა ვიფხიზლოთ და ვიბრძოლოთ ამ საათამდე, რათა სულიერად არ ჩაგვთვლიმოს. დაე, ფხიზლად დავხვდეთ იეჰოვას დღეს, რომელიც ღამე ქურდივით მოვა, რათა ღმერთმა ჩვენ სასარგებლოდ გამოიტანოს განაჩენი (1 თესალონიკელები 5:2, 3; ლუკა 21:34—36; გამოცხადება 7:9).
8. როგორ ეხმარება ღვთის ხალხს იოანეს კლასი სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში?
8 იოანეს კლასს კარგად ესმის, თუ რამდენად აუცილებელია, ხელი შეუწყოს ღვთის ხალხის სულიერ სიფხიზლეს. ამიტომაც მთელ მსოფლიოში წელიწადში რამდენჯერმე ტარდება სპეციალური შეხვედრები. გასულ წელს ჩატარებულ 2 981 საოლქო კონგრესს მთლიანობაში 10 953 744 ადამიანი დაესწრო და მათგან 122 701 მოინათლა. უკვე ას წელზე მეტია, რაც იოანეს კლასი ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ იეჰოვას სახელისა და მისი განზრახვების გასაცხადებლად გამოსცემს. ორივე მსოფლიო ომის დროს სასტიკი დევნების საპასუხოდ „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნებულმა სტატიებმა — „კურთხეულნი არიან უშიშარნი“ (1919 წ.), „მოწოდება მოქმედებისკენ“ (1925 წ.) და „დევნაზე გამარჯვება“ (1942 წ.) — ახალი ძალები შემატა იეჰოვას მოწმეებს.
9. ა) რაზე უნდა დაფიქრდეს ყველა ქრისტიანი? ბ) რა გამამხნევებელი სტატიები დაიბეჭდა „საგუშაგო კოშკში“?
9 სარდისელი ქრისტიანების მსგავსად დღეს ქრისტიანული კრების ყველა წევრისთვის აუცილებელია თვითშემოწმება. თითოეული უნდა დავფიქრდეთ: ‘ბოლომდე ვასრულებთ ჩვენს საქმეებს’ ღვთის წინაშე? ვივითარებთ თავგანწირვის სულს და ვცდილობთ, მთელი სულით ვემსახუროთ ღმერთს ისე, რომ სხვები არ განვსაჯოთ? ამ თემას განიხილავს ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ სტატიებში: „გამოსცადეთ საკუთარი თავი“ და „ჩვენ აღარ ვცოცხლობთ საკუთარი თავისთვის“a. მოდი, ასეთი სულიერი დახმარების წყალობით შევამოწმოთ საკუთარი თავი, რათა კვლავაც თავმდაბლად და უმწიკვლოდ ვიაროთ იეჰოვას წინაშე, რაშიც ლოცვაც დაგვეხმარება (ფსალმუნები 26:1—3; 139:23, 24).
„რამდენიმე კაცი“
10. რა სასიამოვნო რამ აღმოაჩინა იესომ სარდისის კრებაში და როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე?
10 იესო შემდეგ ძალიან გამამხნევებელი სიტყვებით მიმართავს სარდისის კრებას: „მაგრამ გყავს სარდისში რამდენიმე კაცი, რომლებსაც კარგი სახელი აქვთ და არ წაუბილწავთ თავიანთი ტანსაცმელი. ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, რადგან ღირსნი არიან. მძლეველი თეთრი ტანსაცმლით შეიმოსება. მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს მამაჩემისა და მისი ანგელოზების წინაშე“ (გამოცხადება 3:4, 5). ეს სიტყვები მართლაც გვამხნევებს და გაბედულებას გვმატებს ერთგულების შესანარჩუნებლად. უხუცესთა საბჭოს უყურადღებობის გამო შეიძლება მთელმა კრებამ სულიერი გაგებით ღრმად ჩაიძინოს, თუმცა კრებაში შეიძლება მაინც იყვნენ ისეთები, რომლებიც გაბედულად შეეცდებიან ქრისტიანული სახის წმინდად და შეუბღალავად შენარჩუნებას, და ამგვარად იეჰოვას თვალში კარგი სახელის დამკვიდრებას (იგავები 22:1).
11, 12. ა) რა მსგავსება იყო „რამდენიმე“ სარდისელ ერთგულ კაცსა და დიდი განდგომილების დროს მცხოვრებ ქრისტიანებს შორის? ბ) რა შვება იგრძნეს ხორბალთან შედარებულმა ქრისტიანებმა უფლის დღეს?
11 „ტანსაცმელი“ მიუთითებს სიმართლეზე, რომლითაც ამოიცნობა ქრისტიანი (შეადარეთ გამოცხადების 16:15; 19:8). იესოსთვის ალბათ სასიამოვნო იქნებოდა ის, რომ უმრავლესობის გულგრილობის მიუხედავად „რამდენიმე კაცი“, ანუ სარდისის კრების რამდენიმე ცხებული წევრი, კვლავაც ინარჩუნებდა ქრისტიანულ სახეს. ამის მსგავსად, მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული ქრისტიანები მრავალსაუკუნოვანი დიდი განდგომილების დროს „დიდ ბაბილონს“ ანუ ცრუ რელიგიურ სამყაროს შეუერთდნენ, როგორც ჩანს, ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ცდილობდნენ იეჰოვას ნების შესრულებას. ეს მართალი ადამიანები ხორბლის მსგავსად იყვნენ ჩაკარგული სარეველასავით ამოსულ სექტანტებს შორის (გამოცხადება 17:3—6; მათე 13:24—29).
12 ხორბალთან შედარებულ ქრისტიანებს იესო შეჰპირდა, რომ „ყოველდღე. . . ქვეყნიერების აღსასრულამდე“ მათთან იქნებოდა. მან იცის, ვინ არიან ისინი, და ისიც იცის, რომ კარგ სახელს იხვეჭენ (მათე 28:20; ეკლესიასტე 7:1). წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებდა ეს „რამდენიმე“ ერთგული კაცი, რომლებიც უფლის დღეს მოესწრნენ! ისინი საბოლოოდ გამოეყვნენ სულიერად მკვდარ ქრისტიანულ სამყაროს და გაერთიანდნენ მართალი ხალხის კრებულში, რომელიც ძალიან წააგავდა სმირნის კრებას (მათე 13:40—43).
13. რა კურთხევები ელით ცხებულ ქრისტიანებს, რომელთაც არ „წაიბილწეს ტანსაცმელი“?
13 სარდისელ ქრისტიანებს, რომლებიც ბოლომდე ერთგულები იყვნენ და არ შეუბღალავთ თავიანთი ქრისტიანული სახე, არაჩვეულებრივი იმედი რეალობად ექცათ. მას შემდეგ, რაც 1914 წელს იესოს, მესიის სამეფო დამყარდა, ისინი სულიერი ცხოვრებისთვის იქნენ აღდგენილნი და როგორც ‘მძლეველები’, უბიწოებისა და შეუბღალავი სიმართლის ნიშნად თეთრი ტანსაცმლით არიან შემოსილნი. მარადიული იქნება მათი ჯილდო, რადგან სიცოცხლის ვიწრო გზა განვლეს (მათე 7:14; იხილეთ აგრეთვე გამოცხადების 6:9—11).
სიცოცხლის წიგნში სამარადისოდ ჩაწერილნი
14. რა არის „სიცოცხლის წიგნი“ და ვისი სახელებია მასში ჩაწერილი?
14 რა არის „სიცოცხლის წიგნი“ და ვისი სახელები დარჩება მასში? სიცოცხლის წიგნში ანუ გრაგნილში იგულისხმება იეჰოვას იმ მსახურთა ნუსხა, რომლებიც ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ (მალაქია 3:16). „გამოცხადებაში“ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცხებული ქრისტიანების სახელებს, მაგრამ სიცოცხლის წიგნში ჩაწერილია მათი სახელებიც, ვისაც დედამიწაზე ელის მარადიული სიცოცხლე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ წიგნიდან სახელების „ამოშლაც“ შესაძლებელია (გამოსვლა 32:32, 33). იოანეს კლასის წევრები, რომელთა სახელებიც მათ სიკვდილამდე დარჩება სიცოცხლის წიგნში, ზეცაში უკვდავებას მიიღებენ (გამოცხადება 2:10). ეს მათი სახელებია, ვისაც იესო თავისი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე ცნობს. ეს მართლაც დიდებული ჯილდოა!
15. რა შემთხვევაში ჩაიწერება სამარადისოდ უამრავი ხალხის სახელები სიცოცხლის წიგნში?
15 უამრავი ხალხი, რომელთა სახელებიც სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი, გადაურჩება დიდ გასაჭირს. და თუ კვლავაც გამოავლენენ რწმენას იესოს ათასწლიანი მეფობისა და საბოლოო გამოცდის დროს, ისინი მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე (დანიელი 12:1; გამოცხადება 7:9, 14; 20:15; 21:4). მაშინ მათი სახელები სამარადისოდ ჩაიწერება სიცოცხლის წიგნში. თუ ყურად ვიღებთ იმას, რასაც წმინდა სული უცხადებს კრებებს, მზადყოფნითა და ენთუზიაზმით გამოვეხმაურებით იესოს არაერთხელ გამეორებულ მოწოდებას: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“ (გამოცხადება 3:6).
[სქოლიოები]
a იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ 2005 წლის 15 მარტისა და 15 ივლისის ნომრები.
[სურათი 57 გვერდზე]
დაე, თქვენი სახელიც დარჩეს სიცოცხლის წიგნში!