თავი 14
იეჰოვას ზეციერი ტახტის სიდიადე
ხილვა 2 გამოცხადება 4:1—5:14
თემა: ღვთის სასამართლო ტახტის წინ განვითარებული შიშის მომგვრელი მოვლენები.
შესრულების დრო: აღწერილი მოვლენების შესრულება იწყება 1914 წლიდან და გრძელდება ათასწლიანი მეფობის ბოლომდე და მარადიულად, როდესაც ყველა ქმნილება ზეცაში თუ დედამიწაზე იეჰოვას განადიდებს (გამოცხადება 5:13).
1. რატომ უნდა მოვეკიდოთ დიდი გულისყურით იოანეს ხილვებს?
იოანე განაგრძობს თხრობას. ახლა ის სხვა ამაღელვებელ ხილვებს გვიყვება. ღვთის შთაგონებით იოანე ისევ უფლის დღეს ხედავს. ჩვენთვის, ვინც უფლის დღის განმავლობაში ცხოვრობს, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ის აღწერს. ამ ხილვების მეშვეობით იეჰოვა თითქოს უხილავ ფარდას ხდის ზეციერ მოვლენებს და იმასაც გვიმხელს, თუ როგორ აღასრულებს თავის განაჩენს დედამიწაზე. ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ეს ხილვები გვეხმარება, დავინახოთ, რა ადგილი გვიკავია იეჰოვას ორგანიზაციაში. ამიტომ თითოეული გულისყურით უნდა მოვეკიდოთ იოანეს სიტყვებს: „ბედნიერია, ვინც ხმამაღლა კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს და ვინც იცავს მასში დაწერილს“ (გამოცხადება 1:3).
2. რას ხედავს ახლა იოანე?
2 იმას, რაც იოანემ იხილა, ვერანაირად ვერ შეედრება ის, რაც თანამედროვე კინემატოგრაფიამ შექმნა. იოანე წერს: «ამის შემდეგ გავიხედე და, აი, ღია კარი ცაში. პირველი ხმა, რომელიც მომესმა, საყვირის ხმას ჰგავდა და მეუბნებოდა: „ამოდი აქ და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს“ » (გამოცხადება 4:1). ხილვაში იოანეს თვალწინ იხსნება უხილავი ზეცა, სადაც თვითონ იეჰოვაა. ეს ზეცა აღმატებულია კოსმონავტების კვლევის საგანზე — ფიზიკურ კოსმოსზე და მატერიალური სამყაროს გალაქტიკებზე. იოანე, რომელიც მოწვევას იღებს, თითქოს ღია კარში შედის. მის თვალწინ საოცარი სურათი იშლება: ის ხედავს სულიერი ზეცის მწვერვალს, სადაც იეჰოვა ზის ტახტზე (ფსალმუნი 11:4; ესაია 66:1). ამის ხილვა უდიდესი პატივი იყო იოანესთვის!
3. რას გვაგონებს „საყვირის ხმა“ და ვისია ეს ხმა?
3 ბიბლიაში დაზუსტებით არ არის ნათქვამი, ვის ეკუთვნის ეს „პირველი ხმა“. იესოს მძლავრი ხმის მსგავსად, რომელიც ადრე გაისმოდა, ეს ხმაც მბრძანებლურად ჟღერს, თითქოს საყვირიდან ისმისო (გამოცხადება 1:10, 11). ის წააგავს იმ საყვირის ხმას, რომელიც სინას მთაზე იეჰოვას იქ ყოფნის სიმბოლო იყო (გამოსვლა 19:18—20). მოწვევა დიდებული ღვთისგან, უსათუოდ, იეჰოვასგან მომდინარეობდა (გამოცხადება 1:1). მან გახსნა კარი და იოანემაც ხილვაში უზენაესი იეჰოვას უკიდეგანო სამეფოს წმინდათაწმინდაში შესვლა შეძლო.
იეჰოვას ბრწყინვალება
4. ა) რა მნიშვნელობა აქვს იოანეს ხილვას ცხებული ქრისტიანებისთვის? ბ) რა მნიშვნელობა აქვს ამ ხილვას დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის მომლოდინეთათვის?
4 რას ხედავს იოანე? ყური დავუგდოთ, ახლა ის იეჰოვას ბრწყინვალებაზე საუბრობს: „მაშინვე მომიცვა სულის ძალამ და, აი, ზეცაში ტახტი იდგა და ტახტზე ვიღაც იჯდა“ (გამოცხადება 4:2). იოანე წმინდა სულს, ღვთის მოქმედ ძალას, იეჰოვას ტახტთან მიჰყავს. ის სულით ხორცამდეა შეძრული! იოანე თვალისმომჭრელ ბრწყინვალებას ხედავს: ეს არის ზეცა, რომელიც მისთვის და სხვა ცხებული ქრისტიანებისთვის ინახება, როგორც „უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა“ (1 პეტრე 1:3—5; ფილიპელები 3:20). იოანეს ხილვას დედამიწაზე მარადიული ცხოვრების მომლოდინეთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ხილვის წყალობით მათ ესმით, რამდენად დიდებულია იეჰოვა და მისი ზეციერი მმართველობის სისტემა, რომელსაც იეჰოვა ერების გასასამართლებლად და შემდეგ ადამიანთა სამართავად გამოიყენებს. იეჰოვას მართლაც ყველაზე დიდებული ორგანიზაცია აქვს!
5. რას ხედავს იოანე, რასაც ადრე შეთანხმების კიდობნის სახურავი განასახიერებდა?
5 რასაც იოანე ზეცაში ხედავს, ჰგავს უდაბნოში აგებულ კარავს. ეს კარავი იოანემდე დაახლოებით 1 600 წლით ადრე იყო აგებული და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ საწმინდარს წარმოადგენდა. კარვის წმინდათაწმიდაში იყო შეთანხმების კიდობანი, რომელსაც ხალასი ოქროს სახურავი ჰქონდა. ამ სახურავის ზემოდან თვით იეჰოვას ხმა ისმოდა (გამოსვლა 25:17—22; ებრაელები 9:5). კიდობნის სახურავი იეჰოვას ტახტს განასახიერებდა და იოანე სწორედ ამას ხედავს: თვით უზენაესი უფალი იეჰოვა თავის ზეციერ ტახტზე ზის მთელი თავისი დიდებითა და სიდიადით.
6. როგორ წარმოდგენას გვიქმნის იოანე იეჰოვაზე და რატომ შეეფერება იეჰოვას ასეთი აღწერილობა?
6 წინათ მცხოვრები წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით, რომლებსაც ხილვებში ნანახი ჰქონდათ იეჰოვას ტახტი, იოანეს დაწვრილებით არ აღუწერია ტახტზე მჯდომი წმინდა (ეზეკიელი 1:26, 27; დანიელი 7:9, 10). მაგრამ იოანე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მასზე: „ტახტზე მჯდომი შესახედაობით იასპსა და ძვირფას წითელ ქვას ჰგავდა; ტახტის ირგვლივ ცისარტყელა იყო, რომელიც ზურმუხტს ჰგავდა“ (გამოცხადება 4:3). რა სიდიადეა! იოანე ხედავს სიმშვიდეს და ისეთ თვალისმომჭრელ სილამაზეს, რომელიც ძვირფასი ქვების ბზინვარებას მოგვაგონებს. ეს აღწერილობა კარგად შეეფერება მოწაფე იაკობის სიტყვებს, რომელმაც იეჰოვა „ციურ მნათობთა მამად“ მოიხსენია (იაკობი 1:17). მალევე „გამოცხადების“ დაწერიდან იოანემ თქვა: „ღმერთი სინათლეა და არანაირი სიბნელე არ არის მასში“ (1 იოანე 1:5). იეჰოვა მართლაც დიდებული ღმერთია!
7. რას ნიშნავს ის, რომ იეჰოვას ტახტს გარს ცისარტყელა აკრავს?
7 ყურადღება მიაქციეთ, რომ იოანე ტახტის ირგვლივ ზურმუხტისფერ ცისარტყელას ხედავს. ცისარტყელად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ირის სრულ სიმრგვალეზე მიუთითებს. ბიბლიაში ცისარტყელა პირველად ნოეს დროის აღწერისას მოიხსენიება. წარღვნის შემდეგ წყლის დონემ რომ დაიწია, იეჰოვამ ცაზე ღრუბელში ცისარტყელა გამოაჩინა და ახსნა მისი მნიშვნელობაც: „ვაფუძნებ ჩემს ცისარტყელას ღრუბლებში და ის იქნება ჩემსა და დედამიწას შორის დადებული შეთანხმების ნიშანი. მაშინ გავიხსენებ მე და თქვენ შორის და ყველა ცოცხალ, ხორციელ სულს შორის დადებულ შეთანხმებას; წარღვნით აღარ განადგურდება ყოველი ხორციელი“ (დაბადება 9:13, 15). რას გაახსენებდა იოანეს ეს ზეციური ხილვა? ნანახი ცისარტყელა, როგორც ჩანს, იეჰოვასთან ისეთი მშვიდობიანი ურთიერთობის აუცილებლობას შეახსენებდა, როგორიც დღეს იოანეს კლასს აქვს. იოანეზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა იეჰოვასგან მომდინარე მშვიდობა. ამ მშვიდობას შეიგრძნობს ყველა მორჩილი ადამიანი, როდესაც იეჰოვა თავის კარავს გაუშლის დედამიწის ახალ საზოგადოებას (ფსალმუნი 119:165; ფილიპელები 4:7; გამოცხადება 21:1—4).
ვინ არის 24 უხუცესი
8. ვის ხედავს იოანე იეჰოვას ტახტის ირგვლივ და ვის განასახიერებენ ისინი?
8 იოანემ იცოდა, რომ მღვდლებს კარავში მსახურება ჰქონდათ დავალებული. მას, ალბათ, განაცვიფრებდა ის, რომ: „ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი იყო, რომლებზეც თეთრებში ჩაცმული ოცდაოთხი უხუცესი იჯდა, თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ“ (გამოცხადება 4:4). იოანე მღვდლების ნაცვლად 24 უხუცესს ხედავს, რომლებიც სამეფო ტახტებზე სხედან და თავზე გვირგვინები ადგათ. ვინ არიან ეს უხუცესები? ისინი ქრისტიანული კრების ცხებული წევრები არიან, რომლებიც აღდგნენ სიკვდილის შემდეგ და ზეცაში იეჰოვას მიერ აღთქმული ადგილები დაიკავეს. საიდან ვიცით ეს?
9, 10. საიდან ვიცით, რომ 24 უხუცესი განასახიერებს ცხებულ ქრისტიანებს, რომლებმაც ზეცაში დიდებული ადგილი დაიკავეს?
9 ოცდაოთხივე უხუცესს სამეფო გვირგვინები ადგას. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ცხებული ქრისტიანები მიიღებდნენ ‘უხრწნელ გვირგვინსა’ და სამუდამო სიცოცხლეს — უკვდავებას (1 კორინთელები 9:25; 15:53, 54). მაგრამ რაკი ეს 24 უხუცესი ტახტებზე ზის, ოქროს გვირგვინები მათ სამეფო ძალაუფლებაზეც მიუთითებს (შეადარეთ გამოცხადების 6:2; 14:14). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს 24 უხუცესი იესოს ცხებულ მიმდევრებს განასახიერებს. მათ ზეცაში თავიანთთვის განკუთვნილი ადგილები უკავიათ, რადგან იესოს შეთანხმების თანახმად ისინი ტახტებზე უნდა მსხდარიყვნენ მის სამეფოში (ლუკა 22:28—30). მხოლოდ იესო და ეს 24 უხუცესი, და არა ანგელოზები, იმმართველებდნენ ზეცაში იეჰოვას წინაშე.
10 ეს ხდება იესოს დაპირების თანახმად, რომელიც მან ლაოდიკეელების კრებას მისცა: „მძლეველს ნებას მივცემ, ჩემთან ერთად დაჯდეს ჩემს ტახტზე“ (გამოცხადება 3:21). მაგრამ 24 უხუცესის მოვალეობა ზეცაში მხოლოდ მმართველობით არ შემოიფარგლება. „გამოცხადების“ შესავალში იოანემ იესოს შესახებ თქვა: „თავისი ღვთისა და მამის სამეფოდ და მღვდლებად გაგვხადა“ (გამოცხადება 1:5, 6). ისინი მეფეებიც არიან და მღვდლებიც. „ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხადება 20:6).
11. რატომ არის უხუცესთა რიცხვი 24 და რისი მაჩვენებელია ეს რიცხვი?
11 რა მნიშვნელობა აქვს რიცხვ 24-ს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იოანე ტახტის გარშემო 24 უხუცესს ხედავს? ამ უხუცესების პირველსახე, გარკვეულწილად, ძველი ისრაელის ერთგული მღვდლები არიან. მოციქულმა პეტრემ ცხებულ ქრისტიანებს მისწერა: «თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება“ » (1 პეტრე 2:9). საინტერესოა, რომ ძველად ისრაელის სამღვდელოება 24 ჯგუფად იყო დაყოფილი. თითოეული ჯგუფი წელიწადში რამდენიმე კვირას მსახურობდა იეჰოვას წინაშე; წმინდა მსახურება არ წყდებოდა (1 მატიანე 24:5—19). ამიტომ მართებულია 24 უხუცესის გამოჩენა იოანეს ხილვაში, სადაც ზეციერი სამღვდელოებაა აღწერილი, რადგან ეს მღვდლები განუწყვეტლივ ემსახურებიან იეჰოვას. საბოლოოდ შეიქმნება 24 ჯგუფი და თითოეულ მათგანში 6 000 „მძლეველი“ იქნება, რადგან გამოცხადების 14:1—4-ის თანახმად 144 000 (24 x 6 000) „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი“, რათა ზეციერი სიონის მთაზე კრავის, იესო ქრისტეს გვერდით მდგარიყვნენ. რიცხვი 12 იმაზე მიუთითებს, რომ ღვთის ორგანიზაციაში სრული ჰარმონიაა, გაორმაგებული რიცხვი 24 კი ორგანიზაციის განმტკიცებული მდგომარეობის მაჩვენებელია.
ელვა, ხმები და ქუხილი
12. რას ხედავს იოანე, რა ესმის და რას გვახსენებს „ელვა, ხმები და ქუხილი“?
12 რას ხედავს და რა ესმის იოანეს? „ტახტიდან ელვა, ხმები და ქუხილი გამოდიოდა“ (გამოცხადება 4:5ა). ეს სიტყვები გვახსენებს იმ შემთხვევებს, როდესაც იეჰოვა ზეციურ ძლიერებას ავლენდა. მაგალითად, აი რას ამბობს მოსე, როცა იეჰოვა სინას მთაზე „ჩამოვიდა“: „მესამე დღე რომ გათენდა, დაიწყო ქუხილი და ელვა, ჩამოწვა მთაზე შავი ღრუბელი, გაისმა საყვირის ძლიერი ხმა. . . საყვირის ხმა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა; ლაპარაკობდა მოსე და ჭეშმარიტი ღმერთი ეხმიანებოდა“ (გამოსვლა 19:16—19).
13. რას განასახიერებს იეჰოვას ტახტიდან გამოსული ელვა?
13 უფლის დღის განმავლობაში იეჰოვა თავის ძლიერებას განსაკუთრებულად ავლენს. თუმცა ეს პირდაპირი გაგებით ელვას არ ნიშნავს, რადგან იოანე ნიშნებს ხედავს. მაშ, რას ნიშნავს ეს ელვა? ელვას ნათებაც შეუძლია და მოკვლაც. ამგვარად, იეჰოვას ტახტიდან გამოსული ელვა განასახიერებს სინათლეს, რომელსაც ის განუწყვეტლივ აძლევს თავის ხალხს. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის იეჰოვას ცეცხლოვანი განაჩენის აღსრულებას მოასწავებს (შეადარეთ ფსალმუნების 18:14; 144:5, 6; მათეს 4:14—17; 24:27).
14. როგორ ისმის დღეს ხმები?
14 რას განასახიერებს ხმები? როცა იეჰოვა სინას მთაზე „ჩამოვიდა“, ხმა ესაუბრებოდა მოსეს (გამოსვლა 19:19). „გამოცხადებაში“ არაერთხელაა მოხსენიებული ხმები, რომლებიც ზეციდან იძლეოდა მითითებებს ან რაიმე ცნობას იუწყებოდა (გამოცხადება 4:1; 10:4, 8; 11:12; 12:10; 14:13; 16:1, 17; 18:4; 19:5; 21:3). იეჰოვა დღესაც აძლევს მითითებებს თავის ხალხს, აუწყებს სხვადასხვა ცნობას და ამგვარად ნათელს ჰფენს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებსა და პრინციპებს. სულიერ სინათლეს ეს ხალხი ხშირად საერთაშორისო კონგრესებზე იღებს, მერე კი ეს ბიბლიური ჭეშმარიტება მთელ მსოფლიოს ეუწყება. მოციქულმა პავლემ სასიხარულო ცნობის ერთგულ მქადაგებლებზე თქვა: „მთელ დედამიწაზე გაისმა მათი ხმა, მსოფლიოს კიდით კიდემდე — მათი სიტყვები“ (რომაელები 10:18).
15. რა ქუხილის ხმა ისმის ღვთის ტახტიდან უფლის დღეს?
15 როგორც წესი, ელვას ქუხილი მოსდევს. დავითმა „იეჰოვას ხმა“ ქუხილს შეადარა (ფსალმუნი 29:3, 4). როდესაც დავითის მტრებს ებრძოდა, „ციდან დაიქუხა იეჰოვამ“ (2 სამუელი 22:14; ფსალმუნი 18:13). ელიჰუმაც უთხრა იობს, რომ იეჰოვას ხმა ქუხილივით ისმის, როცა ის „დიდებულ და ჩვენთვის ჩაუწვდომელ საქმეებს აკეთებს“ (იობი 37:4, 5). იეჰოვამ უფლის დღის დროსაც „დაიქუხა“, რაც იმას მოასწავებდა, რომ ის წარმატებით გაილაშქრებდა თავისი მტრების წინააღმდეგ. ამ სიმბოლური ჭექა-ქუხილის ექო კვლავაც გაისმის მთელ დედამიწაზე. ბედნიერია ის, ვინც ყურს უგდებს ამ მჭექარე ხმას, და გონივრულად იყენებს ენას, რათა უფრო მეტად ისმოდეს ქუხილის ხმა! (ესაია 50:4, 5; 61:1, 2).
ცეცხლის ლამპრები და მინის ზღვა
16. რას ნიშნავს „ცეცხლის შვიდი ლამპარი“?
16 კიდევ რას ხედავს იოანე? „ტახტის წინ ცეცხლის შვიდი ლამპარი ენთო, რაც ღვთის შვიდ სულს ნიშნავს; ტახტის წინ თითქოს ბროლის მსგავსი მინის ზღვა იყო“ (გამოცხადება 4:5ბ, 6ა). იოანე თვითონვე გვიხსნის, რომ ეს შვიდი ლამპარი „ღვთის შვიდ სულს ნიშნავს“. რიცხვი შვიდი ღვთიური სისრულის სიმბოლოა. აქედან გამომდინარე, შვიდი ლამპარი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ წმინდა სული ღვთის ხალხს მთელი სისრულით აძლევს სულიერ სინათლეს. მართლაც მადლიერია იოანეს კლასი, რომ მას მიეცა ეს სინათლე და მთელ დედამიწაზე სულიერად მოშიებული ხალხისთვის ამ სინათლის განაწილების პასუხისმგებლობა მას დაეკისრა! ბედნიერნი ვართ ჩვენც, რომ ყოველწლიურად 150 ენაზე გამომავალი „საგუშაგო კოშკის“ ასობით მილიონი ეგზემპლარი კვლავაც ავრცელებს სულიერ სინათლეს! (ფსალმუნი 43:3).
17. რას ნიშნავს „ბროლის მსგავსი მინის ზღვა“?
17 იოანე „ბროლის მსგავს მინის ზღვასაც“ ხედავს. რას ნიშნავს ეს იეჰოვას ზეციერ ეზოში მიწვეულთათვის? პავლეს სიტყვების თანახმად იესომ განწმინდა კრება, ‘გაასუფთავა სიტყვის საშუალებით წყალში განბანით’ (ეფესოელები 5:26). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენ უკვე სუფთები ხართ იმ სიტყვის წყალობით, რომელიც გითხარით“ (იოანე 15:3). ასე რომ, „ბროლის მსგავსი მინის ზღვა“ უნდა ნიშნავდეს ღვთის სიტყვაში მოხსენიებულ განწმენდას. სამეფო სამღვდელოების წევრები, რომლებიც იეჰოვას წინაშე დგებიან, საგულდაგულოდ უნდა იყვნენ განწმენდილნი ღვთის სიტყვით.
აი „ოთხი ცოცხალი არსება“!
18. რას ხედავს იოანე ტახტის შუა და მის ირგვლივ?
18 იოანე შემდეგ სურათს ხედავს: „ტახტის შუა და მის ირგვლივ ოთხი ცოცხალი არსება იყო, წინიდან და უკნიდან თვალებით სავსე“ (გამოცხადება 4:6ბ).
19. რას განასახიერებს ოთხი ცოცხალი არსება და საიდან ვიცით ეს?
19 რას განასახიერებენ ეს არსებები? ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში სხვა წინასწარმეტყველის, ეზეკიელის ხილვა გვეხმარება. ეზეკიელმა იხილა, რომ იეჰოვა თავის ტახტზე იჯდა ზეციერ ეტლში, რომელსაც თან ახლდნენ ცოცხალი არსებები. მათი აღწერილობა იმათი მსგავსი იყო, იოანემ რომ იხილა (ეზეკიელი 1:5—11, 22—28). ეზეკიელმა მოგვიანებით კვლავ იხილა ეს ტახტი, რომელსაც თან ახლდა ოთხი არსება, ოღონდ ამჯერად მან ის ოთხი არსება ქერუბიმებად მოიხსენია (ეზეკიელი 10:9—15). იოანეს ნანახი ოთხი არსება, ღვთის ქერუბიმები, ღვთის სულიერ ორგანიზაციაში მაღალი წოდების არსებებს უნდა განასახიერებდეს. იოანეს უცნაურად არ მოეჩვენებოდა იეჰოვასთან ქერუბიმების ასე ახლოს დგომა, რადგან ძველად ისრაელში კარავში შეთანხმების კიდობნის სახურავზეც, რომელიც იეჰოვას ტახტს განასახიერებდა, ორი ოქროს ქერუბიმის ქანდაკება იყო. სწორედ ქერუბიმების შუაგულიდან ისმოდა იეჰოვას ხმა, რომელიც მითითებებს აძლევდა ისრაელს (გამოსვლა 25:22; ფსალმუნი 80:1).
20. რას ნიშნავს, რომ ოთხი არსება „ტახტის შუა და მის ირგვლივაა“?
20 ეს ოთხი ცოცხალი არსება „ტახტის შუა და მის ირგვლივაა“. მაინც რას უნდა ნიშნავდეს ეს? შეიძლება იმას, რომ ქერუბიმები ტახტის გარშემო ყოველი მხარის შუაში დგანან. ამიტომ ბერძნული დედნიდან ეს ფრაზა ბიბლიის ერთ-ერთ გამოცემაში, კერძოდ, „თანამედროვე ინგლისურ თარგმანში“ ასეა ნათარგმნი: „გარს ერტყმიან ტახტს ყოველი მხრიდან“. ეს ფრაზა შეიძლება იმაზეც მიუთითებდეს, რომ ეს ოთხი არსება ზეცის ცენტრში იმყოფება, სადაც ტახტი დგას. ამიტომ, „იერუსალიმის ბიბლიაში“ ეს ფრაზა ასე თარგმნეს: „ცენტრში, ტახტის გარშემო“. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ქერუბიმები იეჰოვას ტახტის ახლოს არიან, როგორც ის ქერუბიმები, ეზეკიელმა რომ იხილა იმ ეტლის ყოველ კუთხეში, რომელიც იეჰოვას ორგანიზაციას განასახიერებს (ეზეკიელი 1:15—22). ეს ყოველივე ეთანხმება ფსალმუნის 99:1-ში ჩაწერილ სიტყვებს: „გამეფდა იეჰოვა. . . ის ქერუბიმებზე ზის“.
21, 22. ა) როგორ აღწერს იოანე ოთხ ცოცხალ არსებას? ბ) რას განასახიერებს თითოეული მათგანი?
21 იოანე განაგრძობს: „პირველი ცოცხალი არსება ლომს ჰგავდა, მეორე — მოზვერს, მესამეს ადამიანის სახე ჰქონდა, მეოთხე კი ჰგავდა მფრინავ არწივს“ (გამოცხადება 4:7). რატომ განსხვავდება გარეგნულად ეს ოთხი ცოცხალი არსება? როგორც ჩანს, ისინი ღვთის კონკრეტულ თვისებებს განასახიერებენ. პირველად ლომია მოხსენიებული. ბიბლიაში ლომი სიმამაცის სიმბოლოა, სიმამაცე კი სამართლიანობისა და სიმართლის დასაცავადაა საჭირო (2 სამუელი 17:10; იგავები 28:1). ამგვარად ლომი კარგად განასახიერებს იმას, რომ ღმერთი სიმამაცით იცავს სამართლიანობას (მეორე კანონი 32:4; ფსალმუნი 89:14). მეორე ცოცხალი არსება მოზვერს წააგავს. რისი სიმბოლო შეიძლება იყოს მოზვერი? ისრაელში მოზვერი დიდად ფასობდა ძალის გამო (იგავები 14:4; იხილეთ აგრეთვე იობის 39:9—11). ამგვარად, მოზვერი განასახიერებს ძალას, იეჰოვასგან მომდინარე დინამიკურ ენერგიას (ფსალმუნი 62:11; ესაია 40:26).
22 მესამე ცოცხალ არსებას ადამიანის სახე აქვს. ეს, როგორც ჩანს, ისეთ სიყვარულს უნდა განასახიერებდეს, როგორსაც ღმერთი ავლენს, რადგან დედამიწაზე მხოლოდ ადამიანია შექმნილი ღვთის ანარეკლად და მხოლოდ მას შეუძლია ამ განსაკუთრებული თვისების — სიყვარულის გამოვლენა (დაბადება 1:26—28; მათე 22:36—40; 1 იოანე 4:8, 16). ეჭვგარეშეა, რომ ქერუბიმები ავლენენ ამ თვისებას იეჰოვას ტახტის ირგვლივ მსახურებისას. მეოთხე ცოცხალი ქმნილება რაღას განასახიერებს? ის მფრინავ არწივს ჰგავს. იეჰოვას ყურადღების მიღმა არ რჩება არწივის მახვილი თვალი: „შორს იყურება მისი თვალი“ (იობი 39:29). ამგვარად, არწივი მართებულად განასახიერებს შორსმჭვრეტელობასა და სიბრძნეს. სიბრძნე იეჰოვასგან მომდინარეობს. სწორედ ღვთიურ სიბრძნეს ავლენენ ქერუბიმები, როდესაც მის ბრძანებებს ემორჩილებიან (იგავები 2:6; იაკობი 3:17).
ისმის იეჰოვას დიდება
23. რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ცოცხალი არსებების ფრთები სავსეა თვალებით, და რისი მაჩვენებელია მათი სამი წყვილი ფრთა?
23 იოანე კვლავ განაგრძობს: «ამ ოთხ ცოცხალ არსებას ექვს-ექვსი ფრთა ჰქონდა, რომლებიც გარშემო და ქვემოდან თვალებით იყო სავსე. ისინი დღედაღამ შეუსვენებლივ ამბობდნენ: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა ღმერთი, ყოვლისშემძლე, რომელიც იყო, არის და მოდის“ » (გამოცხადება 4:8). თვალებით სავსე ფრთები მიუთითებს მახვილ მხედველობაზე, ყველაფრის დანახვის უნარზე, რასაც ეს ოთხი არსება განუწყვეტლივ იყენებს; მათ არა აქვთ ძილის მოთხოვნილება. ისინი ჰბაძავენ მას, ვისზეც წერია: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატიანე 16:9). ვინაიდან ამდენი თვალი აქვთ, ქერუბიმები ყველაფერს ხედავენ, მათ თვალს არაფერი ეპარება. ამიტომ ისინი მზად არიან, იეჰოვას ემსახურონ სამართლის აღსრულების საქმეში. იეჰოვაზე ნათქვამია: „იეჰოვას თვალი ყველგან არის, აკვირდება კეთილებსა და ბოროტებს“ (იგავები 15:3). ქერუბიმებს სამი წყვილი ფრთა აქვთ (ბიბლიაში რიცხვი სამი ხაზგასმისთვის გამოიყენება) და ისინი ელვის სისწრაფით გადადიან ერთი ადგილიდან მეორეზე იეჰოვას განაჩენის საუწყებლად და აღსასრულებლად.
24. როგორ განადიდებენ ქერუბიმები იეჰოვას და რას ნიშნავს ეს?
24 ყური დაუგდეთ მელოდიურ და ამაღელვებელ სადიდებელს, რომელსაც ქერუბიმები ასრულებენ: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა ღმერთი, ყოვლისშემძლე, რომელიც იყო, არის და მოდის“. სამჯერ გამეორება ამჯერადაც ხაზგასმის მაჩვენებელია. ქერუბიმები შემართებით ადასტურებენ იეჰოვა ღმერთის სიწმინდეს. სწორედ ის ადგენს სიწმინდის ნორმებს და ის იძლევა სიწმინდის უდიდეს მაგალითს. იეჰოვა „მარადიულობის მეფეა“, „ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული“ (1 ტიმოთე 1:17; გამოცხადება 22:13). ქერუბიმები შეუსვენებლივ აუწყებენ ყველა ქმნილებას იეჰოვას შეუდარებელ თვისებებს.
25. როგორ განადიდებენ იეჰოვას ცოცხალი ქმნილებები და 24 უხუცესი ერთსულოვნად?
25 იეჰოვას განდიდების ხმა ზეცათა ზეცაში ისმის! იოანე განაგრძობს: «როცა ცოცხალი არსებები დიდებას, პატივსა და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომს, მას, ვინც მარადიულად ცოცხლობს, ოცდაოთხი უხუცესი ტახტზე მჯდომის წინ ემხობოდა, თაყვანს სცემდნენ მას, ვინც მარადიულად ცოცხლობს, თავიანთ გვირგვინებს ტახტის წინ აგდებდნენ და ამბობდნენ: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ » (გამოცხადება 4:9—11). მთელ ბიბლიაში ეს იეჰოვას, ჩვენი ღვთისა და უზენაესი უფლისადმი მოწიწების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოხატულებაა!
26. რატომ ყრის ოცდაოთხივე უხუცესი გვირგვინებს იეჰოვას წინაშე?
26 ოცდაოთხივე უხუცესს ისეთი განწყობა აქვს, როგორიც იესოს. ისინი თავიანთ გვირგვინებსაც კი ყრიან იეჰოვას წინაშე. მათთვის წარმოუდგენელია იმის გაფიქრებაც კი, რომ შეიძლება საკუთარი თავი განადიდონ ღვთის წინაშე. ისინი თავმდაბლად აღიარებენ, რომ მათი მეფობის მიზანია, პატივი და დიდება ღმერთს მიაგონ, როგორც ამას იესო აკეთებს (ფილიპელები 2:5, 6, 9—11). ისინი მორჩილად აღიარებენ, რომ იეჰოვაზე დაბალი მდგომარეობა უკავიათ. უზენაესი ღვთის, იეჰოვას გარეშე ისინი ვერ იმეფებდნენ. ოცდაოთხივე უხუცესი მთელი გულით უერთდება ქერუბიმებსა და ყველა სხვა ერთგულ ქმნილებას, რომლებიც ხოტბას ასხამენ და განადიდებენ ყოვლისშემქმნელ ღმერთს (ფსალმუნი 150:1—6).
27, 28. ა) რისკენ უნდა აღგვძრას იოანეს ხილვამ? ბ) რა კითხვები წამოიჭრება იმის საფუძველზე, რასაც ხედავს და ისმენს იოანე?
27 განა შეიძლება გულგრილი დაგვტოვოს იოანეს დიდებულმა ხილვამ?! ეს ჩვენს აღტაცებას იწვევს! თუ ხილვა ასეთია, რეალობა როგორიღა იქნება! იეჰოვას ბრწყინვალებამ ყველა მადლიერი ადამიანი უნდა აღძრას, შეუერთდეს ოთხ ცოცხალ არსებას და 24 უხუცესს და ლოცვითა და მისი სახელის საჯაროდ გაცხადებით განადიდოს ღმერთი. სწორედ ამ ღვთის მოწმეებად მსახურების პატივი აქვთ დღეს ქრისტიანებს (ესაია 43:10). გვახსოვდეს, რომ იოანეს ხილვა უფლის დღეს, ჩვენს დროს ეხება. „შვიდი სული“ ყოველთვის მზადაა, ხელმძღვანელობა გაგვიწიოს და ძალები შეგვმატოს (გალატელები 5:16—18). დღეს ღვთის სიტყვაც გვეხმარება, რომ წმინდები ვიყოთ და ასე ვემსახუროთ წმინდა ღმერთს (1 პეტრე 1:14—16). ჩვენ მართლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობთ ამ წინასწარმეტყველებაში ჩაწერილ სიტყვებს (გამოცხადება 1:3). სწორედ ეს სიტყვები აღგვძრავს, დავრჩეთ იეჰოვას ერთგულები და არ დავუშვათ, რომ ქვეყნიერებამ ხელი შეგვიშალოს ღვთის სადიდებელი სიმღერის შესრულებაში! (1 იოანე 2:15—17).
28 იოანემ აღწერა ის, რაც ზეციერ ღია კარში შებიჯებისას იხილა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ იეჰოვა მთელი თავისი სიდიადითა და დიდებულებით ზის თავის ზეციერ ტახტზე. მასთანაა უმძლავრესი ორგანიზაცია, რომლის ბრწყინვალებაც თვალისმომჭრელია. ეს ორგანიზაცია განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა. ღვთის სასამართლო დაწყებულია (დანიელი 7:9, 10, 18). ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს. რა არის ეს და როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე? მოდი ვნახოთ!
[გვერდი 75 დათმობილი აქვს სურათს]
[გვერდი 78 დათმობილი აქვს სურათს]