თავი 16
ოთხი მხედარი ჯირითობს
ხილვა 3 გამოცხადება 6:1—17
თემა: ოთხი მხედრის ჯირითი, წამებული მოწმეები სამსხვერპლოს ძირთან და დიდი რისხვის დღე.
შესრულების დრო: 1914 წლიდან ამ ქვეყნიერების განადგურებამდე.
1. როგორ უცხადებს იეჰოვა იოანეს იმ უჩვეულო გრაგნილის შინაარსს, რომელსაც იესო ხსნის?
დღევანდელ კრიტიკულ დროს განსაკუთრებით გვაინტერესებს ის, „რაც უნდა მოხდეს მალე“, რადგან ეს ჩვენ გვეხება. ამიტომ, მოდი, იოანესთან ერთად ვნახოთ, როგორ გახსნის იესო ამ უჩვეულო გრაგნილს. იოანე არ კითხულობს გრაგნილს, მის შინაარსს „ნიშნებით“ ანუ ცოცხალი სცენებით იგებს (გამოცხადება 1:1, 10).
2. ა) რას ხედავს და რას ისმენს იოანე და რაზე მეტყველებს ქერუბიმის ლომისმაგვარი სახე? ბ) ვის მიმართავს პირველი ქერუბიმი და საიდან ვიცით ეს?
2 აი რას მოგვითხრობს იოანე, როცა გრაგნილს იესო პირველ ბეჭედს ხსნის: «დავინახე, რომ კრავმა ახსნა შვიდი ბეჭდიდან ერთი, და გავიგონე, რომ ოთხიდან ერთმა ცოცხალმა არსებამ თითქოს ქუხილის ხმით თქვა: „მოდი!“ » (გამოცხადება 6:1). ამას პირველი ქერუბიმი ამბობს, რომელსაც სახე ლომისას მიუგავს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას ორგანიზაცია ღვთის ყველა სამართლიან განაჩენს გაბედულად აღასრულებს. ვის მიმართავს ეს ქერუბიმი? ალბათ, იოანეს არა, რადგან იოანე უკვე იქ არის, რათა იხილოს ეს წინასწარმეტყველური ხილვები (გამოცხადება 4:1). ქერუბიმი „ქუხილის ხმით“ ხილვის პირველი მოქმედების სხვა მონაწილეებს მიმართავს.
თეთრ ცხენზე ამხედრებული სახელოვანი მხედარი
3. ა) რას აღწერს იოანე? ბ) რისი სიმბოლოა თეთრი ცხენი?
3 იოანეს მსგავსად იოანეს ერთგული კლასი და მათი თანამოაზრეებიც თვალს ადევნებენ მოქმედების სწრაფ განვითარებას. იოანე მოგვითხრობს: „გავიხედე და, აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს მშვილდი ჰქონდა. მას გვირგვინი მიეცა, გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“ (გამოცხადება 6:2). მჭექარე მოწოდებას — „მოდი!“ — თეთრი ცხენის გამოსვლა მოჰყვება. ბიბლიაში ცხენი ხშირად ომის სიმბოლოა (ფსალმუნი 20:7; იგავები 21:31; ესაია 31:1). როგორც იოანე აღნიშნავს, ეს ცხენი, მშვენიერი რაში, თეთრია, რაც შეუბღალავი სიწმინდის მაჩვენებელია (შეადარეთ გამოცხადების 1:14; 4:4; 7:9; 20:11). ეს მართლაც შესაფერისი აღწერილობა იეჰოვას თვალში სამართლიანსა და წმინდა ომს განასახიერებს! (იხილეთ გამოცხადების 19:11, 14).
4. ვინ არის თეთრ ცხენზე მჯდომი მხედარი? ახსენით.
4 თეთრ ცხენზე მჯდომ მხედარს ხელში საომარი იარაღი, მშვილდი უჭირავს და თავზე გვირგვინი ადგას. უფლის დღეს გვირგვინები მხოლოდ მართლებს ადგათ, იესოსა და 24 უხუცესით წარმოდგენილ კლასს (დანიელი 7:13, 14, 27; ლუკა 1:31—33; გამოცხადება 4:4, 10; 14:14)a. საეჭვოა, რომ ეს მხედარი 24 უხუცესიდან ერთ-ერთი ყოფილიყო, რადგან ისინი გვირგვინს საკუთარი დამსახურებით ვერ მიიღებდნენ. აქედან გამომდინარე, მხედარი მხოლოდ იესო ქრისტე თუ იქნება. იოანე იესო ქრისტეს ხედავს და 1914 წელს მომხდარი ისტორიული მოვლენის მომსწრე ხდება, როცა იეჰოვა აცხადებს: „მე, მე დავაყენე ჩემი მეფე“. იეჰოვა იესოს გამეფების მიზანსაც ეუბნება: „რომ მოგცე ხალხები მემკვიდრეობად“ (ფსალმუნი 2:6—8)b. პირველი ბეჭდის ახსნით იესო, ახლად გამეფებული მეფე, გვიმხელს, როგორ გაიჭრება საომრად ღვთის მიერ დანიშნულ დროს.
5. რა საერთო აქვს ფსალმუნის 45:4—7-ს გამოცხადების 6:2-თან?
5 ფსალმუნის 45:4—7-შიც მსგავსი სიტყვებით მიმართავს იეჰოვა გამეფებულ იესოს: „წარმატებისკენ ისწრაფე შენი სიდიადით; ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის ამხედრდი და შენი მარჯვენა გასწავლის შიშის მომგვრელ საქმეებს. შენი ბასრი ისრები მეფის მტრებს გულში ესობა; შენ ფეხქვეშ ეცემიან ხალხები. ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ, სამუდამოდ. შენი სამეფოს კვერთხი სამართლიანობის კვერთხია. შენ გიყვარს სიმართლე და გძულს ბოროტება. ამიტომაც დიდი სიხარულის ზეთით გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, შენს მოზიარეებზე მეტად“. იოანეს ეცოდინებოდა ეს წინასწარმეტყველება და დარწმუნებული იქნებოდა, რომ ეს სიტყვები იესოს მეფობას ეხებოდა (შეადარეთ ებრაელების 1:1, 2, 8, 9).
წინ, დასაპყრობად!
6. ა) რატომ გამოდის მხედარი გასამარჯვებლად? ბ) რა პერიოდში განაგრძობდა ბრძოლას იესო?
6 რატომ გამოვიდა საომრად ახალგამეფებული მეფე? იეჰოვას მთავარი მტერი, სატანა ეშმაკი და ისინი, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად სატანის მიზნებს ემსახურებიან, მისი გამეფების წინააღმდეგნი იყვნენ. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად ზეცაში სამეფო მაინც დამყარდა, რასაც დიდი ომი მოჰყვა. მიქაელის [ნიშნავს: „ვინ არის ღვთის მსგავსი?“] სახელით მებრძოლმა იესომ დაამარცხა სატანა და მისი დემონები და ისინი დედამიწაზე გადმოყარა (გამოცხადება 12:7—12). უფლის დღის დადგომიდან მოყოლებული პირველი ათწლეულების განმავლობაში იესო განაგრძობს ბრძოლას. სწორედ ამ ათწლეულების განმავლობაში გროვდება ცხვრისმაგვარი ხალხი. მართალია, მთელი ქვეყნიერება „ბოროტის ხელშია“, მაგრამ იესო კვლავაც სიყვარულით მწყემსავს თავის ცხებულ ძმებსა და მათ თანამოაზრეებს და ეხმარება მათ, რომ გაიმარჯვონ რწმენის ბრძოლაში (1 იოანე 5:19).
7. რა ბრძოლებში გაიმარჯვა იესომ დედამიწაზე უფლის დღის პირველ ათწლეულებში, და რისი გაკეთება გვმართებს ჩვენ?
7 უფლის დღის დადგომიდან 90 წელზე მეტი გავიდა. კიდევ რა ბრძოლებში გაიმარჯვა იესომ ამ ხნის განმავლობაში? მთელ მსოფლიოში, როგორც იეჰოვას ცალკეულ მსახურებს, ისე კრებებს, ბევრჯერ მოუწიათ ისეთი სირთულეების, შევიწროებისა და დევნის ატანა, როგორიც პავლე მოციქულმა გადაიტანა (2 კორინთელები 11:23—28). იეჰოვას მოწმეებს განსაცდელების გადასატანად სჭირდებათ „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც ომი და ძალადობა მძვინვარებს (2 კორინთელები 4:7). ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი ერთგულ მოწმეებს შეეძლოთ, გაემეორებინათ პავლეს სიტყვები: „უფალი მედგა გვერდში და მაძლიერებდა, რათა ჩემი მეშვეობით ბოლომდე შესრულებულიყო ქადაგების საქმე“ (2 ტიმოთე 4:17). იესომ მათ საკეთილდღეოდ გაიმარჯვა ქვეყნიერებაზე. ის ჩვენ საკეთილდღეოდაც გაიმარჯვებს, თუ მზად ვართ, ჩვენც ბოლომდე ვიბრძოლოთ რწმენისთვის და გავიმარჯვოთ (1 იოანე 5:4).
8, 9. ა) რა გამარჯვებები მოიპოვა იეჰოვას მოწმეთა კრებამ მთელ მსოფლიოში? ბ) რომელ ქვეყნებში შეიმჩნეოდა განსაკუთრებული ზრდა?
8 გამარჯვებული მეფის წყალობით იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო კრებამ მრავალი გამარჯვება მოიპოვა. 1918 წელს მან დაიცვა ბიბლიის მკვლევარები, რათა მათ, სატანის პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ „დაპყრობილებს“, არსებობა არ შეეწყვიტათ. 1919 წელს მეფემ ციხის ურდულები დალეწა, გაათავისუფლა და გამოაცოცხლა ისინი, რათა „დედამიწის კიდით კიდემდე“ ექადაგათ სასიხარულო ცნობა (გამოცხადება 13:7; საქმეები 1:8).
9 მეორე მსოფლიო ომამდე და ომის დროს „ღერძი ბერლინი-რომის“ დიქტატორული სახელმწიფოები ცდილობდნენ იეჰოვას მოწმეების განადგურებას მრავალ ქვეყანაში, იქ, სადაც რელიგიური წინამძღოლები, განსაკუთრებით კი რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები, აშკარად ან ფარულად უჭერდნენ მხარს აგრესიულ დიქტატორებს. მაგრამ იეჰოვას მოწმეთა რიცხვი მაინც იზრდებოდა. 1939 წელს, როდესაც ომი დაიწყო, 71 509 იეჰოვას მოწმე ქადაგებდა, 1945 წელს კი, ომის დამთავრებისას, მათი რიცხვი 141 606-მდე გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ 10 000-ზე მეტმა მოწმემ არაერთი წელი გაატარა ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში, ხოლო 2 000-მდე მოწმე მოკლეს. დღეს აქტიური მოწმეების რიცხვმა მთელ მსოფლიოში ექვს მილიონს გადააჭარბა. არაჩვეულებრივი ზრდა შეინიშნებოდა კათოლიკურ ქვეყნებში და იმ ქვეყნებშიც, სადაც მოწმეებს განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდნენ, მაგალითად, გერმანიაში, იტალიასა და იაპონიაში. ამჟამად ამ ქვეყნებში სამქადაგებლო მსახურებაში 600 000-ზე მეტი აქტიური მოწმე მონაწილეობს (ესაია 54:17; იერემია 1:17—19).
10. რა გამარჯვებებით აკურთხა მებრძოლმა მეფემ თავისი ხალხი სასიხარულო ცნობის დასაცავად და კანონით განსამტკიცებლად?
10 მებრძოლმა მეფემ თავისი გულმოდგინე ხალხი სასიხარულო ცნობის დასაცავად და კანონით განსამტკიცებლად სასამართლოებში და ხელისუფლების წინაშე მრავალი გამარჯვებით აკურთხა (ფილიპელები 1:7; მათე 10:18; 24:9). ასე ხდება ყველგან — ავსტრალიაში, არგენტინაში, თურქეთში, ინდოეთში, კანადაში, საბერძნეთში, სვაზილენდში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში. შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში იეჰოვას მოწმეების მიერ მოპოვებული 50 გამარჯვებიდან ზოგიერთი სასიხარულო ცნობის „სახალხოდ და კარდაკარ“ ქადაგების უფლებას იცავდა. გარდა ამისა, მოწმეებს კერპთაყვანისმცემლურ, პატრიოტულ ცერემონიებში მონაწილეობისგან ათავისუფლებდა (საქმეები 5:42; 20:20; 1 კორინთელები 10:14). ამგვარად, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის გაფართოებისთვის კარი კვლავ ღია იყო.
11. ა) როგორ ‘დაიპყრობს სრულად’ მხედარი? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე მეორე, მესამე და მეოთხე ბეჭდების ახსნამ?
11 როგორ ‘დაიპყრობს სრულად’c იესო? როგორც დავინახავთ, იესო მოსპობს ცრუ რელიგიას, ხოლო მათ, ვინც სატანის ხილულ ორგანიზაციაში რჩება, გასანადგურებლად „ცეცხლის ტბაში“ ჩაყრის, რომ დაამტკიცოს იეჰოვას უზენაესობა. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა არმაგედონში ჩვენი „მეფეთ მეფე“ საბოლოოდ გაიმარჯვებს სატანის ძალაუფლებაში მყოფ მჩაგვრელ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე (გამოცხადება 16:16; 17:14; 19:2, 14—21; ეზეკიელი 25:17). ამჟამად კი თეთრ ცხენზე ამხედრებული უძლეველი დამპყრობი წინ მიიწევს და იეჰოვა გულწრფელ ადამიანებს სძენს თავის მართალ ერს დედამიწაზე (ესაია 26:2; 60:22). თქვენც მონაწილეობთ იოანეს კლასთან ერთად სამეფოს სასიხარულო საქმის წინსვლაში? მაშინ ის, რასაც იოანე მოციქული მომდევნო სამი ბეჭდის ახსნისას ხედავს, უდავოდ აღგძრავთ, უფრო მეტი აკეთოთ იეჰოვას საქმეში.
აი, ალისფერი ცხენი!
12. იესოს სიტყვების თანახმად რა მოვლენები მოჰყვებოდა მის გამეფებას?
12 როდესაც დედამიწაზე იესოს მსახურების დასასრული ახლოვდებოდა, მოწაფეებმა სხვებისგან განცალკევებით ჰკითხეს მას: „რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ მაშინ იესომ იწინასწარმეტყველა იმ უბედურებათა შესახებ, რომლებიც „მშობიარობის ტკივილების დასაწყისი“ იქნებოდა. იესომ თქვა: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება დიდი მიწისძვრები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. იქნება საზარელი მოვლენები და დიდი ნიშნები ციდან“ (მათე 24:3, 7, 8; ლუკა 21:10, 11). იესოს წინასწარმეტყველება საოცრად ჰგავს იმას, რასაც იოანე ხედავს გრაგნილის დანარჩენი ბეჭდების ახსნისას. ვნახოთ, რა მოხდება, როცა იესო მეორე ბეჭედს ახსნის.
13. რას იხილავს იოანე?
13 «როცა მეორე ბეჭედი ახსნა, გავიგონე, რომ მეორე ცოცხალმა არსებამ თქვა: „მოდი!“ » (გამოცხადება 6:3). ამას ამბობს მეორე ქერუბიმი, რომელიც მოზვერს ჰგავს. ამ შემთხვევაში მოზვერი სამართლიანად გამოყენებული ძალის სიმბოლოა. მალე იოანე სრულიად საპირისპიროს — საზარელი, მომაკვდინებელი ძალის გამოვლენას იხილავს.
14. როგორ ცხენსა და მხედარს ხედავს იოანე, და რას აღწერს ეს ხილვა?
14 რა ხდება მას შემდეგ, რაც მოწოდება — „მოდი!“ — მეორედ ისმის? „გამოვიდა მეორე, ალისფერი ცხენი. მასზე მჯდომს ნება მიეცა, მშვიდობა წაეღო დედამიწიდან, რათა ადამიანებს ერთმანეთი დაეხოცათ, და მიეცა მას დიდი მახვილი“ (გამოცხადება 6:4). ეს შიშის მომგვრელი ხილვა ომს აღწერს. ეს არის არა იეჰოვას გამარჯვებული მეფის მიერ წარმოებული სამართლიანი ომი, რომელიც გამარჯვებით დაგვირგვინდება, არამედ მსოფლიოში მიმდინარე სასტიკი ომები, რომლებსაც უაზრო სისხლის ღვრა და ტანჯვა მოჰყვება. მართლაც შესაფერისი სიმბოლოა ალისფერ ცხენზე ამხედრებული მხედარი!
15. რატომ არ გვსურს, გვქონდეს საერთო მეორე მხედართან?
15 აშკარაა, რომ იოანეს სურს, საერთო არაფერი ჰქონდეს მოჯირითე მხედართან, რადგან ღვთის ხალხის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ‘აღარ ისწავლიდნენ ომს’ (ესაია 2:4). მართალია, იოანე ქვეყნიერებაში ცხოვრობდა, მაგრამ „ქვეყნიერების ნაწილი“ არ ყოფილა; იმავეს თქმა შეიძლება იოანეს კლასსა და უამრავ ხალხზე, რომლებსაც ამ სისხლისმღვრელ ქვეყნიერებაში უწევთ ცხოვრება. ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს სისხლისმღვრელ ომთან, ჩვენი იარაღი სულიერია, მას „ღვთისგან აქვს მიცემული ძალა“, რათა გულმოდგინედ ვაცხადებდეთ ჭეშმარიტებას (იოანე 17:11, 14; 2 კორინთელები 10:3, 4).
16. როდიდან და რა გაგებით იბრძვის „დიდი მახვილით“ ალისფერი ცხენის მხედარი?
16 თეთრი ცხენის მხედრის ტახტზე ასვლამდე, 1914 წლამდე, არაერთი ომი გამართულა, მაგრამ ამჯერად ალისფერი ცხენის მხედარი „დიდი მახვილით“ იბრძვის. რას ნიშნავს ეს? პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული ომებმა განსაკუთრებით სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ხასიათი მიიღო. 1914—1918 წლების ხოცვა-ჟლეტის დროს პირველად და უპრეცედენტო მასშტაბით გამოიყენეს ტანკები, მომწამლავი აირები, თვითმფრინავები, წყალქვეშა ნავები, მძიმე არტილერია და ავტომატური იარაღი. დაახლოებით 28 ქვეყნის თითქმის მთელი მოსახლეობა სამხედროებთან ერთად იძულებით ჩააბეს საომარ მოქმედებებში. ამ ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცხრა მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, მშვიდობიან მოსახლეობას შორის კი დაღუპულთა რაოდენობამ ასტრონომიულ რიცხვს მიაღწია. ომი დამთავრდა, მაგრამ მშვიდობა არ აღდგენილა დედამიწაზე. ომის დამთავრებიდან 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ გერმანიის სახელმწიფო მოღვაწემ კონრად ადენაუერმა აღნიშნა: „1914 წლიდან კაცობრიობას დაკარგული აქვს უსაფრთხოება და სიმშვიდე“. ალისფერი ცხენის მხედარს დედამიწიდან მართლაც მშვიდობის წაღების ნება აქვს მიცემული!
17. როგორ დაიხოცა ხალხი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ „დიდი მახვილით“?
17 შემდეგ წითელ ცხენზე მჯდომმა სისხლსმოწყურებულმა მხედარმა მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა. გამანადგურებელი იარაღი უფრო დაიხვეწა, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა ოთხჯერ გადააჭარბა პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა რიცხვს. 1945 წელს ორი ატომური ბომბი ჩამოაგდეს იაპონიაში; თითოეულმა ათი ათასობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. მეორე მსოფლიო ომის დროს წითელ ცხენზე მჯდომმა მხედარმა თითქმის 55 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა და მაინც ვერ დაკმაყოფილდა. ერთ-ერთი სანდო წყაროს თანახმად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „დიდი მახვილით“ 20 მილიონზე მეტი ადამიანი კიდევ დაეცა.
18, 19. ა) რაზე მოწმობს მეორე მსოფლიო ომით დაწყებული ხოცვა-ჟლეტა, რასაც სამხედრო ტექნიკის ტრიუმფს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ? ბ) რა საფრთხე ემუქრება კაცობრიობას, და რას მოიმოქმედებს თეთრ ცხენზე მჯდომი მხედარი?
18 ამას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ სამხედრო ტექნიკის უდიდეს მიღწევებს. პირიქით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ წითელ ცხენზე მჯდომი ულმობელი მხედარი კვლავ ჯირითობს. რით დამთავრდება წითელი ცხენის ჯირითი? ზოგიერთი მეცნიერი არ გამორიცხავს ბირთვული ომის მოულოდნელად დაწყების შესაძლებლობას, რომ აღარაფერი ვთქვათ ბირთვული იარაღის წინასწარ დაგეგმილ გამოყენებაზე. საბედნიეროდ, თეთრ ცხენზე ამხედრებული დამპყრობი სხვაგვარად ფიქრობს.
19 ეროვნული სიამაყითა და სიძულვილით გაჟღენთილი კაცობრიობა დენთის კასრზე ზის ბირთვული კატასტროფის მოლოდინში. მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად ქვეყნებმა რომც გაანადგურონ მთელი ბირთვული არსენალი, მისი შექმნის მეთოდებს მაინც ვერ დაივიწყებენ. მათ არ გაუჭირდებათ მოკლე ხანში გამანადგურებელი ბირთვული იარაღის ხელახლა წარმოება, რის გამოც ნებისმიერი ომი შეიძლება მსოფლიო კატასტროფით დასრულდეს. მსოფლიოში გაბატონებული სიამაყე და სიძულვილი კაცობრიობას თვითგანადგურებამდე მიიყვანს, თუ თეთრ ცხენზე მჯდომი მხედარი არ შეაჩერებს ალისფერი ცხენის თავაწყვეტილ ჯირითს. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ გამეფებული ქრისტე სრულ გამარჯვებას მოიპოვებს სატანის ქვეყნიერებაზე და დედამიწაზე ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გაერთიანებულ ახალ საზოგადოებას შექმნის. სწორედ ასეთი სიყვარულია მშვიდობის გარანტია და არა ის ატომური იარაღი, რომელიც ამ შეშლილ მსოფლიოში ბირთვული საშიშროების თავიდან ასაცილებლად არსებობს (ფსალმუნი 37:9—11; მარკოზი 12:29—31; გამოცხადება 21:1—5).
შავი ცხენის ჯირითი
20. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ თეთრ ცხენზე მჯდომი მხედარი ნებისმიერ უბედურებას მოსპობს?
20 იესო ახლა მესამე ბეჭედს ხსნის! რას ვხედავთ? «როცა მესამე ბეჭედი ახსნა, გავიგონე, რომ მესამე ცოცხალმა არსებამ თქვა: „მოდი!“ » (გამოცხადება 6:5ა). მესამე ქერუბიმს ადამიანის სახე აქვს, რაც სიყვარულის სიმბოლოა. ღვთის ახალ ქვეყნიერებაში სიყვარული გამეფდება, რაც დღესაც სუფევს იეჰოვას ორგანიზაციაში (გამოცხადება 4:7; 1 იოანე 4:16). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ თეთრ ცხენზე მჯდომი მხედარი, რომელმაც „უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს“, ბოლოს მოუღებს უბედურებას, რომელსაც ახლა იოანეს დაკვირვებული თვალი იხილავს (1 კორინთელები 15:25).
21. ა) რას განასახიერებენ შავი ცხენი და მისი მხედარი? ბ) რა ამტკიცებს, რომ შავი ცხენი კვლავ ჯირითობს?
21 რას ხედავს იოანე, როდესაც ისმის მესამე მოწოდება — „მოდი!“? „გავიხედე და, აი, შავი ცხენი. მასზე მჯდომს ხელში სასწორი ეჭირა“ (გამოცხადება 6:5ბ). ეს წინასწარმეტყველება დიდი შიმშილობის მაუწყებელია, რაც უფლის დღის დადგომისთანავე დაიწყებოდა, როცა საკვები წონით განაწილდებოდა. 1914 წლიდან მოყოლებული შიმშილობა გადაუჭრელ მსოფლიო პრობლემად იქცა. დღეს ომები კიდევ უფრო ამწვავებს შიმშილობის პრობლემას, რადგან ის სახსრები, რაც ადამიანთა გამოკვებას უნდა ხმარდებოდეს, ხშირად საომარი იარაღის წარმოებას ხმარდება. გლეხები ჯარში მიჰყავთ, მინდვრები კი საომარი მოქმედებებისა და მიწის გადაწვის სტრატეგიის შედეგად გაუდაბურებულია, რის გამოც საგრძნობლად მცირდება მოსავლის რაოდენობა. ეს ასე იყო პირველი მსოფლიო ომის დროსაც, როდესაც მილიონობით ადამიანი შიმშილობდა და კვდებოდა კიდეც. მაგრამ შავ ცხენზე მჯდომი მხედარი, რომელიც შიმშილობას იწვევდა, ომის დამთავრების შემდეგაც ულმობელი დარჩა. XX საუკუნის 30-იან წლებში შიმშილობამ მარტო უკრაინაში ხუთი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მეორე მსოფლიო ომს უფრო დიდი მასშტაბით მოჰყვა საკვების უკმარისობა და შიმშილობა. შავ ცხენზე მჯდომი მხედარი კვლავ ჯირითობს. როგორც „მსოფლიო სურსათის საბჭო“ იუწყება, ცუდი კვება ყოველწლიურად 5 მილიონზე მეტი ბავშვის სიკვდილის მიზეზი ხდება.
22. ა) რას აცხადებს ერთხმად ოთხი ქერუბიმი? ბ) რას ვიგებთ ერთი კილო ხორბლისა და სამი კილო ქერის ღირებულებიდან?
22 იოანე უფრო მეტს მოგვითხრობს: «გავიგონე ხმა, თითქოს ოთხ ცოცხალ არსებას შორის, რომელიც ამბობდა: „ერთი კილო ხორბალი დინარად და სამი კილო ქერი დინარად, ნუ გამოლევ ზეითუნის ზეთსა და ღვინოს“ » (გამოცხადება 6:6). ოთხი ქერუბიმი ერთხმად აცხადებს, რომ ხალხმა საკვები ეკონომიურად გამოიყენოს, ისევე როგორც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებამდე ხალხს ‘წონითა და სიმწრით უნდა ეჭამა პური’ (ეზეკიელი 4:16). იოანეს დროს ერთი კილო ხორბალი ჯარისკაცის დღიურ ულუფად ითვლებოდა. რა ღირდა ეს ერთი ულუფა? ერთი დინარი — მთელი დღის გასამრჯელო (მათე 20:2)d. რას იყიდდა ოჯახის პატრონი? სამ კილო ქერს, რაც მხოლოდ პატარა ოჯახს გამოკვებავდა, არადა ქერი ხორბალზე დაბალხარისხოვან მარცვლეულად ითვლებოდა.
23. რა იგულისხმება ფრაზაში „ნუ გამოლევ ზეითუნის ზეთსა და ღვინოს“?
23 რა იგულისხმება ფრაზაში „ნუ გამოლევ ზეითუნის ზეთსა და ღვინოს“? ზოგიერთის აზრით, საკვების დეფიციტისა და შიმშილობის მიუხედავად, მდიდრები არ დაზარალდებოდნენ. ახლო აღმოსავლეთში თუ ადამიანს ზეთი და ღვინო ჰქონდა, ეს სიმდიდრის მაჩვენებელი არ იყო. ბიბლიურ დროში პური, ზეთი და ღვინო ძირითადი პროდუქტები იყო (შეადარეთ დაბადების 14:18; ფსალმუნის 104:14, 15). ისრაელში ყოველთვის არ ჰქონდათ სუფთა წყალი, ამიტომ ხშირად ღვინოს სვამდნენ, მას სამკურნალოდაც იყენებდნენ (1 ტიმოთე 5:23). ზეთი კი ელიას დროს, ერთ სარეფთელ ქვრივს სიღარიბის მიუხედავად მაინც ჰქონდა, საჭმელი რომ მოემზადებინა დარჩენილი ფქვილით (1 მეფეები 17:12). მაშასადამე, რჩევა „ნუ გამოლევ ზეითუნის ზეთსა და ღვინოს“ ძირითადი საკვები პროდუქტების დასაზოგად იყო ნათქვამი, რათა შიმშილობის დამთავრებამდე ხალხს საკვები არ გამოლეოდა.
24. რატომ ვერ გასტანს დიდხანს შავი ცხენის ჯირითი?
24 მალე თეთრი ცხენის მხედარი შეაჩერებს შავი ცხენის მხედარს, ვინაიდან აი რას გააკეთებს ის ახალ ქვეყნიერებაში: „მის დროს აყვავდება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:7, 16; იხილეთ აგრეთვე ესაიას 25:6—8).
ფერმიხდილი ცხენი და მისი მხედარი
25. ვისი ხმა ესმის იოანეს იესოს მიერ მეოთხე ბეჭდის ახსნისას და რისი მაჩვენებელია ეს?
25 იოანეს ამით არ დაუსრულებია თხრობა. იგი გვიყვება, რა მოჰყვება შედეგად იესოს მიერ მეოთხე ბეჭდის ახსნას: «როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა, გავიგონე მეოთხე ცოცხალი არსების ხმა, რომელმაც თქვა: „მოდი!“ » (გამოცხადება 6:7). ეს მოწოდება იმ ქერუბიმისგან ისმის, რომელიც არწივს ჰგავს. არწივი შორსმჭვრეტელობის სიმბოლოა. ხილვაში აღწერილისამებრ იოანესგან, იოანეს კლასისა და ღვთის მიწიერი მსახურებისგან მართლაც შორსმჭვრეტელობა მოითხოვება. ასე მოქმედება გარკვეულწილად დაგვიცავს იმ უბედურებისგან, რაც თავს ატყდება ქვეყნიერების ბრძენთა ამაყ და უზნეო საზოგადოებას (1 კორინთელები 1:20, 21).
26. ა) ვინ არის მეოთხე მხედარი და რატომ არ არის გასაკვირი, რომ მისი ცხენი ფერმიხდილია? ბ) ვინ მისდევს მეოთხე მხედარს და რა ემართება მის მსხვერპლთ?
26 კიდევ რა უბედურება ხდება მას შემდეგ, რაც მეოთხე მხედარი ეხმაურება მოწოდებას? იოანე განაგრძობს: „გავიხედე და, აი, ფერმიხდილი ცხენი. მასზე მჯდომს სიკვდილი ერქვა. მას სამარე მოჰყვებოდა“ (გამოცხადება 6:8ა). მეოთხე ცხენის მხედრის სახელი სიკვდილია. „გამოცხადებაში“ მოხსენიებულ ოთხ მხედართა შორის პირდაპირ მხოლოდ ის ამხელს თავის ვინაობას. გასაკვირი არ არის, რატომაა სიკვდილი ფერმიხდილ ცხენზე ამხედრებული, რადგან „ფერმიხდილად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ქლოროს ბერძნულ ლიტერატურაში ფერდაკარგული, ავადმყოფის სახის აღსაწერად გამოიყენება. არც ისაა გასაკვირი, რომ სიკვდილს ფეხდაფეხ სამარე მისდევს (არ არის აღწერილი როგორ), რადგან მეოთხე მხედრის მსხვერპლნი სამარეში ხვდებიან; საბედნიეროდ, ისინი მკვდრეთით აღდგებიან, როცა ‘სიკვდილი და სამარე მისცემს მათში მყოფ მკვდრებს’ (გამოცხადება 20:13). როგორღა ეწირებიან ადამიანები მხედარს, რომელსაც სიკვდილი ჰქვია?
27. ა) როგორ ანადგურებს ხალხს მხედარი, რომელსაც სიკვდილი ჰქვია? ბ) რა იგულისხმება „დედამიწის მეოთხედ ნაწილში“, რომელზეც სიკვდილს აქვს ძალაუფლება?
27 იოანეს ხილვაში აღწერილია, თუ რითი იხოცება ხალხი: „მათ მიცემული ჰქონდათ ძალაუფლება დედამიწის მეოთხედ ნაწილზე, რათა დაეხოცათ დიდი მახვილით, შიმშილით, სასიკვდილო ჭირითა და დედამიწის მხეცებით“ (გამოცხადება 6:8ბ). ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ მხედარი პირდაპირი გაგებით დედამიწის მოსახლეობის მეოთხედს შეიწირავდა. ამაში ის უნდა ყოფილიყო ნაგულისხმები, რომ მხედარი დედამიწის მოსახლეობის დიდ ნაწილს მოსპობდა. ის ანადგურებს მათ, ვინც მეორე მხედრის დიდ მახვილსა და მესამე მხედრის გამოწვეულ შიმშილობასა თუ საკვების უკმარისობას ეწირება. ის სასიკვდილო ჭირითა და მიწისძვრებით იმკის მოსავალს, რაზეც ლუკას 21:10, 11-შიც არის საუბარი.
28. ა) როგორ სრულდება წინასწარმეტყველება სასიკვდილო ჭირის შესახებ? ბ) როგორ არის დაცული დღეს იეჰოვას ხალხი მრავალი დაავადებისგან?
28 „სასიკვდილო ჭირის“ თემა დღესაც აქტუალურია. 1918—1919 წლებში, სისხლისმღვრელი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ესპანურმა გრიპმა სულ რამდენიმე თვეში ოც მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამ უბედურებას მთელ დედამიწაზე მხოლოდ წმინდა ელენეს პატარა კუნძული გადაურჩა. ეპიდემიის მსხვერპლთა გვამებს ერთად აგროვებდნენ და წვავდნენ. დღეს შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურმა დაავადებებმა, რომელთა გამომწვევი მიზეზიც ხშირად თამბაქოს წევაა. XX საუკუნის 80-იან წლებში, ეგრეთ წოდებულ „საზარელ ათწლეულში“, ბიბლიის თვალსაზრისით უზნეო ცხოვრების წესის შედეგად ‘სასიკვდილო ჭირს’ შიდს—იც დაემატა. როგორც იუწყებიან, 2000 წელს შეერთებული შტატების ჯანდაცვის სამსახურის მთავარმა ექიმმა შიდს—ი „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელ ეპიდემიად“ მოიხსენია. მან ახსენა, რომ მთელ მსოფლიოში აივ-ის ვირუსით ინფიცირებული 52 მილიონი ადამიანიდან 20 მილიონი უკვე მკვდარი იყო. იეჰოვას ხალხი ბედნიერია, რომ ღვთის სიტყვიდან ბრძნული რჩევების წყალობით საერთო არაფერი აქვს მრუშობასთან და სისხლის არასწორად გამოყენებასთან, რის შედეგადაც ბევრი დაავადება ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის (საქმეები 15:28, 29; შეადარეთ 1 კორინთელების 6:9—11).
29, 30. ა) როგორ შეიძლება დავუკავშიროთ დღევანდელობას ეზეკიელის 14:21-ში მოხსენიებული ოთხი მკაცრი სასჯელი? ბ) რას შეიძლება გულისხმობდეს გამოცხადების 6:8-ში მოხსენიებული მხეცები? გ) როგორც ჩანს, რა არის ამ წინასწარმეტყველური სურათის მთავარი აზრი?
29 იოანეს ხილვაში მოხსენიებული იყო უდროო სიკვდილის მეოთხე მიზეზი — მხეცები. მეოთხე ბეჭდის ახსნისას მოხსენიებული ომი, შიმშილი, დაავადებები და მხეცები ძველად უდროო სიკვდილის მთავარი მიზეზები იყო. ისინი დღესაც იწვევენ უდროო სიკვდილს. ეს იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემულ გაფრთხილებას ჰგავს: „იგივე მოხდება, როცა ოთხ მკაცრ სასჯელს — მახვილს, შიმშილს, მძვინვარე მხეცებსა და ჭირს — მოვუვლენ იერუსალიმს ადამიანისა და პირუტყვის მოსასპობად“ (ეზეკიელი 14:21).
30 დღეს ახალ ამბებში იშვიათად თუ მოვისმენთ, რომ მხეცმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუ არ ჩავთვლით ტროპიკულ ქვეყნებს. მომავალში მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს ომის შედეგად მიწის გაუდაბურების ან იმის გამო, რომ შიმშილისგან დასუსტებული ადამიანები იოლად ვეღარ მოიგერიებენ დამშეულ მხეცებს. გარდა ამისა, დღეს მრავალი ადამიანი უგუნური ცხოველების მსგავსად ისეთ მხეცურ თვისებებს ავლენს, რაც სრულიად განსხვავდება ესაიას 11:6—9-ში აღწერილი სურათისგან. უმეტესად სწორედ ასეთი ადამიანები არიან დამნაშავეები, რომ სქესობრივმა ძალადობამ, მკვლელობამ, ტერორიზმმა და დაბომბვამ გლობალური ხასიათი მიიღო (შეადარეთ ეზეკიელის 21:31; რომაელების 1:28—31; 2 პეტრეს 2:12). მეოთხე მხედარიც სპობს მათ მსხვერპლთ. ამ წინასწარმეტყველური სურათის მთავარი აზრი, როგორც ჩანს, ისაა, რომ ფერმიხდილი ცხენის მხედარი ნებისმიერი საშუალებით იწვევს უდროო სიკვდილს.
31. რატომ არ უნდა დავკარგოთ იმედი იმ უბედურებების მიუხედავად, რაც წითელი, შავი და ფერმიხდილი ცხენების მხედრების ჯირითს მოაქვს?
31 რაც პირველი ოთხი ბეჭდის ახსნიდან გავიგეთ, გვაიმედებს და გვასწავლის, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავცვივდეთ ომის, შიმშილის, დაავადებებისა და უდროო სიკვდილის გამომწვევი სხვა ფართოდ გავრცელებული მიზეზების გამო; არც იმან უნდა დაგვიკარგოს იმედი, რომ პოლიტიკური ლიდერები უძლურები არიან დღევანდელ პრობლემებთან ჭიდილში. მსოფლიო ვითარება ცხადყოფს, რომ წითელი, შავი და ფერმიხდილი ცხენების მხედრები დიდი შემართებით ჯირითობენ მთელ დედამიწაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ პირველად თეთრი ცხენის მხედარი გამოვიდა ასპარეზზე. იესო გამეფდა, მან უკვე გაიმარჯვა და სატანა ზეციდან გადმოაგდო. მისი გამარჯვება იმაშიც აისახება, რომ ის მთელ მსოფლიოში კრებს სულიერი ისრაელის ძეთაგან დარჩენილებსა და უამრავ ხალხს, რომელთა რიცხვიც მილიონებს აღწევს. იესო მათ დიდი გასაჭირის გადასატანად ამზადებს (გამოცხადება 7:4, 9, 14). ის არ შეჩერდება, ვიდრე საბოლოოდ არ გაიმარჯვებს.
32. რა მოჰყვება თითოეული ბეჭდის ახსნას?
32 პირველი ოთხი ბეჭდიდან თითოეულის ახსნას მოჰყვება მოწოდება — „მოდი!“. ყოველი მოწოდების შემდეგ ასპარეზზე გამოდის ცხენზე ამხედრებული მხედარი, მეხუთე ბეჭდის ახსნისას კი მსგავსი მოწოდება აღარ ისმის. მიუხედავად ამისა, ეს მხედრები კვლავ ჯირითობენ და ქვეყნიერების აღსასრულამდე არც გაჩერდებიან (შეადარეთ მათეს 28:20). კიდევ რა შთამბეჭდავი მოვლენები მოჰყვება დარჩენილი სამი ბეჭდის ახსნას? ზოგი მოვლენა უკვე ვითარდება, თუმცა თვალისთვის უხილავად, ზოგის დანახვა კი მხოლოდ მომავალში იქნება შესაძლებელი; შესრულებით კი ყველა წინასწარმეტყველება შესრულდება. მოდი გავიგოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
[სქოლიოები]
a აღსანიშნავია, რომ გამოცხადების 12:1-ში მოხსენიებულ „ქალს“ „თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა“.
b 1914 წელს იესოს გამეფების შესახებ დაწვრილებითი ცნობებისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 215—218.
c თუმცა სხვადასხვა თარგმანში ეს ფრაზა ნათარგმნია როგორც „რათა სძლიოს“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა), „რათა გაემარჯვა“ (საქართველოს ბიბლიური საზოგადოების გამოცემა), „რათა გაიმარჯვოს“ („ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, 1992 წ.), დედნისეულ ბერძნულ ტექსტში გამოყენებული აორისტი (ზმნის ფორმა) მოქმედების დასრულებას, დამთავრებას აღნიშნავს. ერთ-ერთმა სწავლულმა, რობერტსონმა, ასეთი კომენტარი გააკეთა: „ამ კონტექსტში აორისტი საბოლოო გამარჯვებაზე მიუთითებს“ („Word Pictures in the New Testament“).
d იხილეთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, დანართი 6ა.
[ჩარჩო 92 გვერდზე]
მეფე იმარჯვებს
XX საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში იეჰოვას მოწმეების დაუძინებელი მტრები ცდილობდნენ, მათი მსახურება უკანონო და დანაშაულებრივ საქმიანობად შეერაცხათ (ფსალმუნი 94:20). 1936 წელს მხოლოდ შეერთებულ შტატებში მოწმეთა დაპატიმრების 1 149 ფაქტი დაფიქსირდა. იეჰოვას მოწმეებმა ბევრი სასამართლო საქმე აღძრეს, რომელთაგან ზოგი შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომაც კი განიხილა. აი რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება:
1943 წლის 3 მაისს უზენაესმა სასამართლომ საქმის „მარდოკი პენსილვანიის წინააღმდეგ“ მოსმენის შემდეგ დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეებს ლიტერატურის გასაყიდად ლიცენზია არ სჭირდებოდათ. იმავე დღეს საქმის „მარტინი ქალაქ სტრატერსის წინააღმდეგ“ განხილვის შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კარზე ზარის დარეკვა და კარდაკარ მოსაწვევი ბარათებისა და სხვა სარეკლამო ფურცლების დარიგება კანონს არ ეწინააღმდეგებოდა.
1943 წლის 14 ივნისს უზენაესმა სასამართლომ საქმის „ტეილორი მისისიპის შტატის წინააღმდეგ“ განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ მოწმეები ქადაგებით ხალხს სახელმწიფოს დაუმორჩილებლობისკენ არ მოუწოდებდნენ. იმავე დღეს საქმის „დასავლეთ ვირჯინიის შტატის განათლების სისტემა ბარნეტის წინააღმდეგ“ მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლის დირექციას არ ჰქონდა უფლება, სკოლიდან გაერიცხა იეჰოვას მოწმეთა შვილები, რომლებიც დროშას არ ესალმებოდნენ. მომდევნო დღეს ავსტრალიის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვა გააუქმა და პირველ გადაწყვეტილებას „დესპოტური, თვითნებური და სასტიკი“ უწოდა.
[ჩარჩო 94 გვერდზე]
„ნება მიეცა, მშვიდობა წაეღო დედამიწიდან“
საით მივყავართ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს? კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამომავალი გაზეთის „გლოუბ ენდ მეილის“ 1987 წლის 22 იანვრის ნომერში დაიბეჭდა საერთაშორისო განვითარებისა და კვლევითი ცენტრის პრეზიდენტის აივენ ჰედის კომენტარი:
„როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, მსოფლიოს ყოველი ოთხი მეცნიერიდან და ინჟინერ-ტექნოლოგიდან, რომლებიც კვლევით საქმიანობას ემსახურებიან, ერთი იარაღის მწარმოებელია. . . 1986 წლის მონაცემებით ამ საქმეში გაღებული ხარჯები წუთში 1, 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. იძლევა ეს მეტი უსაფრთხოების გარანტიას? ზესახელმწიფოების ბირთვული არსენალის სიმძლავრე 6 000-ჯერ აღემატება მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ყველა იარაღის სიმძლავრეს. წარმოიდგინეთ ექვსი ათასი მეორე მსოფლიო ომი! 1945 წლიდან მოყოლებული მსოფლიოში ერთად აღებული შვიდი კვირაც კი არ ყოფილა საომარი მოქმედებების გარეშე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 150-ზე მეტი საერთაშორისო თუ სამოქალაქო ომი გაჩაღდა. როგორც ვარაუდობენ, ამ ომებმა 19, 3 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; მათი უმრავლესობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსებობის ეპოქაში შექმნილი მოწინავე ტექნიკის გამოყენების შედეგად დაიღუპა“.
2005 წლისთვის საომარმა მოქმედებებმა 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
[ჩარჩო 98, 99 გვერდებზე]
რა თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი ხილვები წიგნ „გამოცხადებაში“
გამოცხადების წიგნიდან გარკვეული ნაწილის განხილვის შემდეგ აშკარად გამოიკვეთა, რა თანმიმდევრობითაა წარმოდგენილი ხილვები. შთამბეჭდავი შესავლის (გამოცხადება 1:1—9) შემდეგ „გამოცხადებაში“ შეიძლება 16 ხილვა გამოვყოთ.
1-ლი ხილვა (1:10—3:22) — იოანე შთაგონებით ხედავს განდიდებულ იესოს, რომელიც გულთბილად აძლევს რჩევებს შვიდ კრებას.
მე-2 ხილვა (4:1—5:14) — იოანეს თვალწინ დიდებული სანახაობა იშლება. ის ხედავს იეჰოვა ღმერთის ზეციერ ტახტს და იეჰოვას, რომელიც გრაგნილს აწვდის კრავს.
მე-3 ხილვა (6:1—17) — გრაგნილის პირველი ექვსი ბეჭდის ახსნისას კრავი თანდათანობით ამჟღავნებს იმ მოვლენების თანამიმდევრობას, რომლებიც უფლის დღის დადგომის შემდეგ განვითარდება. ასპარეზზე გამოდის აპოკალიფსის ოთხი მხედარი, ღვთის წამებული მონები თეთრ გრძელ სამოსელს იღებენ. აღწერილია დიდი რისხვის დღე.
მე-4 ხილვა (7:1—17) — ანგელოზები აკავებენ ოთხ გამანადგურებელ ქარს, სანამ სულიერი ისრაელის 144 000 წარმომადგენელს ბეჭედი არ დაესმება. უამრავი ხალხი ყველა ერიდან ხსნას უმადლის ღმერთსა და ქრისტეს. ისინი ერთად გადაურჩებიან დიდ გასაჭირს.
მე-5 ხილვა (8:1—9:21) — მეექვსე ბეჭდის ახსნისას ისმის შვიდი საყვირის ხმა, რომელთაგან პირველი ექვსი მეხუთე ხილვას უკავშირდება. ეს ექვსი ხმა აცხადებს იეჰოვას განაჩენს. მეხუთე და მეექვსე საყვირების ხმას პირველი და მეორე ვაი მოჰყვება.
მე-6 ხილვა (10:1—11:19) — ანგელოზი იოანეს პატარა გრაგნილს აწვდის; იოანე ტაძარს ზომავს; ვიგებთ, რა გადახდა თავს ორ მოწმეს. ხილვა კულმინაციას აღწევს მეშვიდე საყვირის დაყვირებისას, რომელიც ღვთის მტრებს ამცნობს მესამე ვაის — იეჰოვასა და მისი ქრისტეს სამეფოს დამყარებას.
მე-7 ხილვა (12:1—17) — იბადება სამეფო, რის შედეგადაც მიქაელი გველს, იგივე სატანას, დედამიწაზე აგდებს.
მე-8 ხილვა (13:1—18) — ზღვიდან ამოდის ძლიერი მხეცი; მხეცი, რომელსაც ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა აქვს, ადამიანებს პირველი მხეცის თაყვანისცემას აიძულებს.
მე-9 ხილვა (14:1—20) — იოანე ხედავს ბრწყინვალე სურათს: 144 000 სიონის მთაზე დგას. მთელ დედამიწაზე ისმის ანგელოზების გაცხადებული ცნობები; იჭრება დედამიწის ვაზი და იწნეხება ღვთის მრისხანების საწნახელი.
მე-10 ხილვა (15:1—16:21) — იოანე კიდევ ერთხელ ხედავს ზეციერ სასამართლოს, რის შემდეგაც დედამიწაზე იეჰოვას რისხვის შვიდი თასი იღვრება. ამ ხილვაშიც აღწერილია სატანის ქვეყნიერების აღსასრული.
მე-11 ხილვა (17:1—18) — დიდი მეძავი, „დიდი ბაბილონი“ ზის ალისფერ მხეცზე, რომელიც მცირე ხნით ვარდება უფსკრულში, მაგრამ ამოდის იქიდან და ანადგურებს მეძავს.
მე-12 ხილვა (18:1—19:10) — ცხადდება დიდი ბაბილონის დაცემა და საბოლოო განადგურება. ზოგი მას გლოვობს, ზოგი კი იეჰოვას განადიდებს; ცხადდება კრავის ქორწილი.
მე-13 ხილვა (19:11—21) — იესო მიუძღვის ზეციერ ლაშქარს, რომ სატანის ქვეყნიერებაზე, მის ლაშქარსა და მხარდამჭერებზე ღვთის მრისხანე განაჩენი აღასრულოს; დახოცილთა გვამებს ფრინველები ჭამენ.
მე-14 ხილვა (20:1—10) — სატანა ეშმაკის უფსკრულში ჩაგდება; ქრისტესა და მისი თანამეფეების ათასწლიანი მეფობა; კაცობრიობის საბოლოო გამოცდა; სატანისა და მისი დემონების განადგურება.
მე-15 ხილვა (20:11—21:8) — საყოველთაო აღდგომა და განკითხვის დიდი დღე; ახალი ცა და ახალი დედამიწა, რომლებსაც მართალი ხალხისთვის მარადიული კურთხევები მოაქვთ.
მე-16 ხილვა (21:9—22:5) — „გამოცხადება“ ახალი იერუსალიმის, კრავის ცოლის დიდებული ხილვით მთავრდება. ღვთის ნებით კაცობრიობისთვის ქალაქიდან კურნება და სიცოცხლე მოედინება.
„გამოცხადება“ სრულდება იეჰოვას, იესოს, ანგელოზებისა და თვით იოანეს თბილი სალმითა და რჩევით. ყველა მოწვეულია სიტყვით — „მოდი!“ (გამოცხადება 22:6—21).