მთავარი თემა | აპოკალიფსის ოთხი მხედარი
რას განასახიერებს ოთხი მხედარი?
ოთხი მხედარი შეიძლება საიდუმლოებით მოცული და შიშის მომგვრელი მოგეჩვენოთ, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? ბიბლია და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გვეხმარება, დავინახოთ, რას განასახიერებს თითოეული მხედარი. მართალია, მათმა ასპარეზზე გამოსვლამ დედამიწას უბედურება მოუტანა, მაგრამ ეს ფაქტი შეიძლება სასიკეთოც კი აღმოჩნდეს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. რა გაგებით? მოდი, თავდაპირველად გავიგოთ, რას განასახიერებს თითოეული მხედარი.
თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი
ხილვა ასე იწყება: „გავიხედე და, აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს მშვილდი ჰქონდა. მას გვირგვინი მიეცა, გამოვიდა და იპყრობდა, რათა სრულად დაეპყრო“ (გამოცხადება 6:2).
ვინ არის თეთრ ცხენზე ამხედრებული? მის ვინაობას ამავე წიგნიდან ვიგებთ — მას „ღვთის სიტყვა“ ეწოდება (გამოცხადება 19:11—13). წოდება „სიტყვა“ იესო ქრისტეს ეკუთვნის, რადგან ის ღვთის წარმომადგენელია (იოანე 1:1, 14). გარდა ამისა, მას ეწოდება „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“, რომელიც დახასიათებულია როგორც „ერთგული და ჭეშმარიტი“ (გამოცხადება 19:16). აქედან გამომდინარე, მას აქვს მინიჭებული უფლება, იბრძოლოს, როგორც მებრძოლმა მეფემ, რომელიც თავის ძალაუფლებას არასდროს იყენებს ბოროტად და სხვების დასაჩაგრად. თუმცა მაინც იბადება რამდენიმე კითხვა.
ვინ მისცა იესო ქრისტეს სრულად დაპყრობის ძალაუფლება? (გამოცხადება 6:2). წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვაში ნახა „კაცის ძის მსგავსი“. ეს იყო მესია, რომელიც „ძველ დღეთასთან“, იეჰოვა ღმერთთან,a მივიდა და მისგან მიიღო „მმართველობა, დიდება და სამეფო“ (დანიელი 7:13, 14). ამგვარად, ყოვლისშემძლე ღმერთმა იესოს მმართველობისა და განაჩენის აღსრულების უფლებამოსილება მიანიჭა. ბიბლიაში თეთრი ფერი ხშირად სამართლიანობის სიმბოლოდ გამოიყენება, ამიტომ ამ ხილვაში თეთრი ცხენი მართებულად ასიმბოლოებს სამართლიან ომს, რომელიც ღვთის ძემ წამოიწყო (გამოცხადება 3:4; 7:9, 13, 14).
როდის გამოვიდა ასპარეზზე თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი? ყურადღება მიაქციეთ, რომ პირველი მხედარი იესო ქრისტე მას შემდეგ გამოვიდა ასპარეზზე, რაც გვირგვინი მიეცა (გამოცხადება 6:2). როდის მიეცა მას სამეფო გვირგვინი? ეს ზეცად ამაღლებისთანავე არ მომხდარა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იგი გარკვეული პერიოდი ელოდა ამ დროის დადგომას (ებრაელები 10:12, 13). დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ თავის მოწაფეებს აუხსნა, თუ რა იქნებოდა იმის მიმანიშნებელი, რომ ლოდინის პერიოდი დასრულდა და მან მეფობა დაიწყო ზეცაში. იესომ თქვა, რომ მისი გამეფების შემდეგ დედამიწაზე მდგომარეობა სულ უფრო და უფრო გაუარესდებოდა — იქნებოდა ომები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა (მათე 24:3, 7; ლუკა 21:10, 11). იესოს გამეფებიდან მალევე, 1914 წელს, პირველმა მსოფლიო ომმა იფეთქა. აშკარა იყო, რომ კაცობრიობას შავბნელი ეპოქა დაუდგა, რომელსაც ბიბლია „ბოლო დღეებს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1—5).
საინტერესოა, რატომ მოჰყვა იესოს გამეფებას ამდენი უბედურება? განა მდგომარეობა უკეთესობისკენ არ უნდა შეცვლილიყო?! ამის მიზეზი ის არის, რომ 1914 წელს იესომ მმართველობა დედამიწაზე კი არა, ზეცაში დაიწყო, სადაც მიქაელი, იგივე ახალგამეფებული იესო, სატანასა და მის დემონებს შეებრძოლა. შედეგად, ეს უკანასკნელნი დედამიწაზე იქნენ გადმოყრილნი (გამოცხადება 12:7—9, 12). დედამიწაზე გადმოგდებული სატანა დიდად განრისხებულია, რადგან მისი მოქმედების არეალი შეზღუდულია და მისი დღეები დათვლილია. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე ღმერთი ზომებს მიიღებს სატანის წინააღმდეგ, რათა დედამიწის მცხოვრებნიც გაათავისუფლოს მისი გავლენისგან (მათე 6:10). ახლა ვიმსჯელოთ, როგორ გვარწმუნებს სხვა სამი მხედრის გამოჩენა, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ. პირველი მხედრისგან განსხვავებით, რომელიც კონკრეტულ პიროვნებას განასახიერებს, მომდევნო სამი მხედრით წარმოდგენილია მსოფლიოში არსებული უმძიმესი მდგომარეობა.
ალისფერ ცხენზე ამხედრებული მხედარი
„გამოვიდა მეორე, ალისფერი ცხენი. მასზე მჯდომს ნება მიეცა, მშვიდობა წაეღო დედამიწიდან, რათა ადამიანებს ერთმანეთი დაეხოცათ, და მიეცა მას დიდი მახვილი“ (გამოცხადება 6:4).
ალისფერ ცხენზე ამხედრებული მხედარი ომებზე მიანიშნებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ის მშვიდობას მხოლოდ ცალკეულ ერებს კი არა, მთელ მსოფლიოს ართმევს. 1914 წელს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ომი მოხდა, რასაც რამდენიმე ათწლეულში კიდევ უფრო სისხლიანი II მსოფლიო ომი მოჰყვა. ზოგიერთი გამოთვლის თანახმად, 1914 წლიდან მოყოლებული ომებსა თუ შეიარაღებულ კონფლიქტებს 100 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ უამრავ ადამიანზე, რომლებიც ომებმა დაასახიჩრა!
რამდენად საგანგაშოა დღეს მდგომარეობა? პირველად კაცობრიობის ისტორიაში ადამიანს შეუძლია ხელის ერთი მოსმით მოსპოს სიცოცხლე დედამიწაზე. ისეთ ორგანიზაციებსაც კი, რომლებიც მშვიდობის დამყარებას ცდილობენ, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, არ შესწევთ ძალა, შეაჩერონ ალისფერ ცხენზე ამხედრებული მხედარი.
შავ ცხენზე ამხედრებული მხედარი
«გავიხედე და, აი, შავი ცხენი. მასზე მჯდომს ხელში სასწორი ეჭირა. გავიგონე ხმა, თითქოს ოთხ ცოცხალ არსებას შორის, რომელიც ამბობდა: „ერთი კილო ხორბალი დინარად და სამი კილო ქერი დინარად, ნუ გამოლევ ზეითუნის ზეთსა და ღვინოს“» (გამოცხადება 6:5, 6).
ეს მხედარი საკვების უკმარისობას მოასწავებს. ზემოხსენებული მუხლებიდან ვიგებთ, რომ ერთი კილო ხორბალი ერთი დინარი ეღირებოდა, რაც პირველ საუკუნეში მთლიანი დღის გასამრჯელო იყო (მათე 20:2). ერთი დინარი ეღირებოდა სამი კილო ქერიც, რომელიც ხორბალთან შედარებით დაბალი ხარისხის იყო. ასეთი აღწერილობა უკიდურეს გაჭირვებაზე მიუთითებს. ამ ხილვაში მოხსენიებული ზეითუნის ზეთი და ღვინო კი, რაც იმ დროს ყოველდღიურ საკვებ პროდუქტად ითვლებოდა, იმაზე მიანიშნებს, რომ ხალხს გაუჭირდებოდა აუცილებელი საკვების ყიდვა.
მეტყველებს 1914 წლიდან განვითარებული მოვლენები იმაზე, რომ შავ ცხენზე ამხედრებული მხედარი მართლაც ჯირითობს? დიახ. XX საუკუნეში დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი დაიღუპა შიმშილისგან. ერთ წყაროში ნათქვამია: „2012—2014 წლებში 805 მილიონი ადამიანი, ანუ თითქმის ყოველი მეცხრე, სრულფასოვნად ვერ იკვებებოდა“. სხვა წყაროდან კი ვიგებთ, რომ „ყოველწლიურად შიმშილით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე შიდსით, მალარიით და ტუბერკულოზით ერთად აღებული“. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი გულწრფელად ცდილობს ამ პრობლემის აღმოფხვრას, შავ ცხენზე ამხედრებული მხედარი კვლავაც ჯირითობს.
ფერმიხდილ ცხენზე ამხედრებული მხედარი
„გავიხედე და, აი, ფერმიხდილი ცხენი. მასზე მჯდომს სიკვდილი ერქვა. მას სამარე მოჰყვებოდა. მათ მიცემული ჰქონდათ ძალაუფლება დედამიწის მეოთხედ ნაწილზე, რათა დაეხოცათ დიდი მახვილით, შიმშილით, სასიკვდილო ჭირითა და დედამიწის მხეცებით“ (გამოცხადება 6:8).
მეოთხე მხედარი სიკვდილს განასახიერებს, რომელიც სასიკვდილოდ ასნეულებს ან სხვა საშუალებებით უსწრაფებს ადამიანებს სიცოცხლეს. ქრისტეს გამეფებიდან, სულ რაღაც, რამდენიმე წელიწადში ესპანური გრიპი გავრცელდა, რომლითაც, სავარაუდოდ, 500 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მესამე, დაინფიცირდა. სამწუხაროდ, ათობით მილიონმა ადამიანმა ფატალურად დაასრულა სიცოცხლე!
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ზოგი ექსპერტი აღნიშნავს, რომ მე-20 საუკუნის განმავლობაში ასობით მილიონი ადამიანი იმსხვერპლა ყვავილის ვირუსმა. მედიცინის წინსვლის მიუხედავად, ისეთი დაავადებები, როგორიცაა შიდსი, ტუბერკულოზი და მალარია დღემდე მილიონებს უსწრაფებს სიცოცხლეს.
ფაქტი ერთია: ომებს, შიმშილობასა და ავადმყოფობას სიკვდილი მოაქვს. სამარე კი ხარბად ნთქავს ამ მხედრების მიერ დახოცილთ.
წინ უკეთესი ცხოვრება გველის!
მალე ეს ავადსახსენებელი დრო წარსულს ჩაჰბარდება. გახსოვდეთ, რომ 1914 წლიდან თეთრ ცხენზე ამხედრებული იესო ქრისტე გამოსულია, რათა „სრულად დაიპყროს“! ახალგამეფებულმა იესომ სატანა დედამიწაზე გადმოაგდო, მაგრამ ამით არ დაუსრულებია დაპყრობა (გამოცხადება 6:2; 12:9, 12). მალე არმაგედონის ომში იესო გაანადგურებს სატანის მხარდამჭერებს დედამიწაზე და ადამიანებს მისი გავლენისგან გაათავისუფლებს (გამოცხადება 20:1—3). იესო არა მხოლოდ ბოლოს მოუღებს ამ სამი მხედრის თარეშს, არამედ საბოლოოდ აღმოფხვრის იმ სავალალო შედეგებს, რაც მათ კაცობრიობას მოუტანეს.
ომებს ერთხელ და სამუდამოდ მოეღება ბოლო და ყველგან მშვიდობა გამეფდება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „[იეჰოვა] წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს“ (ფსალმუნი 46:9). მშვიდობისმოყვარე ღვთის მსახურები „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11).
საკვები არავის გამოელევა და მეტად აღარავინ იშიმშილებს. „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).
სიკვდილი და ავადმყოფობა სამუდამოდ მიეცემა დავიწყებას. ადამიანებს სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ და მარადიულად იცოცხლებენ. ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).
იესომ თავის მიმდევრებს დაანახვა, რომ მისი მმართველობის დროს ადამიანები შესანიშნავ პირობებში იცხოვრებენ. დედამიწაზე ყოფნის დროს ის ხელს უწყობდა მშვიდობას, სასწაულებრივად აპურებდა ათასებს, კურნავდა ავადმყოფებს და მკვდრებსაც კი აცოცხლებდა (მათე 12:15; 14:19—21; 26:52; იოანე 11:43, 44).
იეჰოვას მოწმეები ბიბლიის დახმარებით სიამოვნებით აგიხსნიან, რა უნდა გააკეთოთ, რომ მზადყოფნით შეხვდეთ იმ დღეს, როცა წიგნ „გამოცხადებაში“ მოხსენიებული მხედრების ჯირითი დასრულდება. გსურთ, მეტი გაიგოთ ამის შესახებ?
a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.