ზეცა
განმარტება: იეჰოვა ღმერთისა და ერთგული სულიერი ქმნილებების სამყოფელი, რომელიც უხილავია ადამიანებისთვის. ბიბლიაში სიტყვა „ზეცას“ სხვა მნიშვნელობებიც აქვს. მაგალითად, „ზეცაში“ ზოგჯერ იგულისხმება თავად ღმერთი, მისი ერთგული სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი ორგანიზაცია, ღვთის კეთილგანწყობის მაჩვენებელი მდგომარეობა, მატერიალური სამყარო დედამიწის გარდა, დედამიწის ატმოსფერო, სატანის ძალაუფლებაში მოქცეული მმართველობები და ახალი ზეციერი ხელისუფლება, რომელშიც შედიან იეჰოვასგან უფლებამოსილი იესო ქრისტე და მისი თანამემკვიდრეები.
სულიერ სამყაროში ვიყავით, სანამ ადამიანებად დავიბადებოდით?
იოან. 8:23: „[იესო ქრისტემ თქვა:] თქვენ დაბლიდან ხართ, მე — მაღლიდან. თქვენ ამ ქვეყნიერებიდან ხართ, მე არა ვარ ამ ქვეყნიერებიდან“ (იესო სულიერი სამყაროდან იყო. მაგრამ, როგორც იესოს სიტყვებიდან ჩანს, სხვა ადამიანებზე ვერ ვიტყვით ამას).
რომ. 9:10—12: «რებეკასაც ჩაესახა ტყუპები . . . როცა ჯერ არ იყვნენ დაბადებულნი და არც კარგი ჰქონდათ გაკეთებული და არც ცუდი — ღვთის განზრახვა არჩევანთან დაკავშირებით საქმეებზე რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული, არამედ მომწოდებელზე — უთხრა მას ღმერთმა: „უფროსი უმცროსს დაემონება“» (იაკობსა და ესავს დაბადებამდე სულიერ სამყაროში რომ ეცხოვრათ, უკვე ექნებოდათ გაკეთებული კარგი ან ცუდი საქმეები. მაგრამ დაბადებამდე მათ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული).
ზეცაში მიდის ყველა კარგი ადამიანი?
საქ. 2:34: «დავითი [რომელსაც ბიბლიაში იეჰოვასთვის „გულით სასურველი კაცი“ ეწოდება] არ ასულა ზეცაში».
მათ. 11:11: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ქალის მიერ ნაშობთა შორის არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ის, ვინც მცირეა ზეციერ სამეფოში, მასზე დიდია“ (ამგვარად, სიკვდილის შემდეგ იოანე არ წასულა ზეცაში).
ფსალმ. 37:9, 11, 29: „ბოროტმოქმედნი მოისპობიან, იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით. მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“.
წავიდოდა ზეცაში ადამი, რომ არ შეეცოდა?
დაბ. 1:26: «შემდეგ თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ანარეკლად, ჩვენს მსგავსებად; მათ ემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები, შინაური ცხოველები, ყველა სხვა ცხოველი დედამიწაზე და მთელი დედამიწა“» (ღვთის განზრახვით, ადამს დედამიწაზე და ცხოველებზე უნდა ეზრუნა. არაფერია ნათქვამი ზეცაში მის წასვლაზე).
დაბ. 2:16, 17: «უბრძანა იეჰოვა ღმერთმა კაცს: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“» (იეჰოვას განზრახვით, ადამიანი არ უნდა მომკვდარიყო. როგორც ამ მუხლებიდან ჩანს, ღმერთმა გააფრთხილა ადამი, რომ არ გაეკეთებინა ის, რაც მის სიკვდილს გამოიწვევდა. სიკვდილი სასჯელი იყო და არა ზეცაში მოხვედრისა და უკეთესი ცხოვრების მიღების საშუალება. თუ ადამი მორჩილი იქნებოდა, მარადიულად იცხოვრებდა სამოთხეში, რომელიც ღმერთმა მისცა. იხილეთ აგრეთვე ესაიას 45:18).
აუცილებელია ზეცაში წასვლა ბედნიერი მომავლისთვის?
ფსალმ. 37:11: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“.
გამოცხ. 21:1—4: «ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა . . . გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“».
მიქ. 4:3, 4: „ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს. თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ, რადგან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ბაგე ლაპარაკობს ამას“.
გაუხსნა იესომ გზა ზეცისკენ მათ, ვინც მის სიკვდილამდე მოკვდა?
რა იგულისხმება 1 პეტრეს 3:19, 20-ში? „[იესო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ] წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებს, რომლებიც ურჩები იყვნენ მაშინ, როცა მოთმინებით იცდიდა ღმერთი ნოეს დროს, სანამ კიდობანი შენდებოდა, რომელშიც რამდენიმე ადამიანი, სულ რვა სული გადაურჩა წყალს“ (იგულისხმება საპყრობილეში მოხვედრილ სულებში იმ ადამიანთა სულები, რომლებმაც წარღვნამდე ყურად არ იღეს ნოეს გაფრთხილება? მათ მისცა იესომ ზეცაში წასვლის შესაძლებლობა? თუ 2 პეტრეს 2:4-სა და იუდას 6-ს შევადარებთ დაბადების 6:2—4-თან, დავინახავთ, რომ ამ სულებში იგულისხმებიან ღვთის ძეები ანუ ანგელოზები, რომლებმაც ხორცი შეისხეს ნოეს დროს და „ადამიანთა ასულები“ მოიყვანეს ცოლად. 1 პეტრეს 3:19, 20-ში ერთ შემთხვევაში სულად [„საპყრობილეში სულები“] ნათარგმნია ბერძნული სიტყვა „პნევმასინ“, ხოლო მეორე შემთხვევაში [„რვა სული“] ბერძნული სიტყვა „ფსიქე“. პირველ შემთხვევაში სულებში ურჩი ანგელოზებია ნაგულისხმები, მეორე შემთხვევაში კი — ცოცხალი ადამიანები, ნოე და მისი ოჯახის წევრები. იესომ „სულებს საპყრობილეში“ უქადაგა ანუ, როგორც ჩანს, განაჩენი გაუცხადა).
რა მნიშვნელობა აქვს 1 პეტრეს 4:6-ში ჩაწერილ სიტყვებს? „მკვდრებსაც ამიტომ ეხარათ სასიხარულო ცნობა, რომ ადამიანური თვალსაზრისით გასამართლებულიყვნენ ხორცის მიხედვით, ხოლო ღვთის თვალსაზრისით ეცხოვრათ სულის მიხედვით“ (იგულისხმებიან „მკვდრებში“ ის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს სიკვდილამდე მოკვდნენ? როგორც აღვნიშნეთ, საპყრობილეში მყოფ სულებში დაუმორჩილებელი ანგელოზები იგულისხმებიან და არა მკვდრები. ფიზიკურად მკვდარი ადამიანებისთვის ქადაგებას აზრი არ ექნებოდა, რადგან ეკლესიასტეს 9:5-ში ნათქვამია, რომ „მკვდრებმა არაფერი იციან“. ფსალმუნის 146:4-ში კი წერია, რომ სიკვდილის დროს „ქრება მისი [ადამიანის] ფიქრები“. ეფესოელების 2:1—7, 17-ში საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სულიერი გაგებით იყვნენ მკვდრები და სასიხარულო ცნობის მოსმენის შემდეგ სულიერად გაცოცხლდნენ).
ზეცაში ცხოვრების იმედს აძლევს „ახალი აღთქმა“ ყველა ქრისტიანს?
იოან. 14:2, 3: „მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია. ასე რომ არ იყოს, გეტყოდით. მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ. თუ წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ“ (იესო თავის ერთგულ მოციქულებს ეუბნება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ზეცაში მასთან ერთად იქნებიან მისი მამის „სახლში“. აქ იესოს არ დაუკონკრეტებია, მათ გარდა კიდევ რამდენი ადამიანი წავიდოდა ზეცაში).
იოან. 1:12, 13: „ვინც მიიღო [იესო], ყველას ღვთის შვილებად გახდომის უფლება მისცა, რადგან სწამდათ მისი სახელი. ისინი სისხლისგან, ხორციელი სურვილისგან ან მამაკაცის სურვილისგან კი არ იშვნენ, არამედ ღვთისგან“ (კონტექსტში, მე-11 მუხლში ნათქვამია, რომ იესო მოვიდა „თავისიანებთან“ ანუ ებრაელებთან. ყველა, ვინც ის მიიღო პირველ საუკუნეში, ღვთის შვილი გახდა. ისინი ზეცაში უნდა წასულიყვნენ. ამ მუხლებში ზმნები წარსულ დროშია, ამიტომ ეს სიტყვები არ ეხება ყველა ადამიანს, რომლებიც მას შემდეგ გახდნენ ქრისტიანები).
რომ. 8:14, 16, 17: „ყველანი, ვისაც ღვთის სული მიუძღვება, ღვთის ძეები არიან. ეს სული თვითონვე მოწმობს ჩვენს სულთან ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ. და თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიც ვართ — ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვიტანჯებით, რომ მასთან ერთად განვდიდდეთ კიდეც“ (როცა ეს სიტყვები დაიწერა, ყველა, ვისაც ღვთის სული მიუძღოდა, ღვთის ძედ ითვლებოდა. მათ ქრისტესთან ერთად განდიდების იმედი ჰქონდათ. მაგრამ ეს ნებისმიერ დროს მცხოვრებ ყველა ადამიანს არ ეხება. ლუკას 1:15-ში ნათქვამია, რომ იოანე ნათლისმცემელი წმინდა სულით აღივსებოდა, თუმცა მათეს 11:11-დან აშკარად ჩანს, რომ ის არ შევიდოდა ზეციერ სამეფოში. ზეციერი სამეფოს მემკვიდრეების შეკრების შემდეგაც იესოს ეყოლებოდა მიმდევრები, რომლებიც ემსახურებოდნენ ღმერთს, მაგრამ ზეცაში არ წავიდოდნენ).
„ახალი აღთქმის“ რომელი მუხლები ამტკიცებს, რომ ქრისტიანები დედამიწაზე იცხოვრებენ მარადიულად?
მათ. 5:5: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“.
მათ. 6:9, 10: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (რა მიზნით შექმნა ღმერთმა დედამიწა? რას ვიგებთ დაბადების 1:28-დან და ესაიას 45:18-დან?).
მათ. 25:31—33, 40, 46: «როცა მოვა კაცის ძე ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, თხებს კი — მარცხნივ. მეფე პასუხად ეტყვის [ცხვრებს]: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: რაც კი ერთ ამ ჩემს უმცირეს ძმას გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ“. და ესენი [თხები] მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები [ცხვრები] კი მარადიულად იცოცხლებენ» (აღსანიშნავია, რომ „ცხვრები“ არ არიან მეფის ძმები, „ზეციური მოწოდების მოზიარენი“ [ებრ. 2:10—3:1]. ეს ცხვრისმაგვარი ადამიანები ცოცხლები იქნებოდნენ, როცა ქრისტეს ზოგ „ძმას“ ჯერ კიდევ ექნებოდა სხვადასხვა სირთულე დედამიწაზე და როცა ის დაჯდებოდა თავის ტახტზე).
იოან. 10:16: „მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა, ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (ვინ იგულისხმება „სხვა ცხვარში“? კარგი მწყემსის, იესო ქრისტეს მიმდევრები. მაგრამ ისინი არ არიან მათ შორის, ვისთანაც „ახალი შეთანხმებაა“ დადებული და ვისაც ზეცაში ცხოვრების იმედი აქვს. მიუხედავად ამისა, „სხვა ცხვარს“ ახლო ურთიერთობა აქვს მათთან).
2 პეტ. 3:13: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (აგრეთვე გამოცხადების 21:1—4).
გამოცხ. 7:9, 10: «ამის შემდეგ [მას შემდეგ, რაც მოციქულმა იოანემ გაიგონა „ბეჭედდასმულთა“ სრული რიცხვი, რომლებიც „დედამიწიდან არიან ნაყიდი“, რათა ქრისტესთან ერთად იყვნენ ზეციერი სიონის მთაზე; იხილეთ გამოცხადების 7:3, 4; 14:1—3] გავიხედე და, აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, იდგნენ ტახტისა და კრავის წინ თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი, ხელში პალმის ტოტები ეჭირათ და ხმამაღლა ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“».
ბიბლიის თანახმად, რამდენ ადამიანს ეძლევა ზეცაში ცხოვრების შესაძლებლობა?
ლუკ. 12:32: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“.
გამოცხ. 14:1—3: „გავიხედე და, აი, კრავი [იესო ქრისტე] დგას სიონის მთაზე [ზეცაში; იხილეთ ებრაელების 12:22—24] და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი . . . ისინი თითქოს ახალ სიმღერას მღერიან . . . არავის შეეძლო ამ სიმღერის შესწავლა, გარდა დედამიწიდან ნაყიდი ას ორმოცდაოთხი ათასისა“.
მხოლოდ ებრაელები შედიან 144 000-ში?
გამოცხ. 7:4—8: „გავიგონე ბეჭედდასმულთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი, ბეჭედდასმულნი ისრაელის ძეთა ყველა ტომიდან: იუდას . . . რეუბენის . . . გადის . . . აშერის . . . ნაფთალის . . . მენაშეს . . . სიმონის . . . ლევის . . . ისაქარის . . . ზებულონის . . . იოსების . . . ბენიამინის ტომიდან“ (აქ პირდაპირი გაგებით არ იგულისხმება ისრაელის ტომები, რადგან იოსების ტომს არასოდეს უარსებია. გარდა ამისა, ამ სიაში მოხსენიებული არ არის ეფრემისა და დანის ტომები. 12 ტომში არც ლევიანები შედიოდნენ, ვინაიდან ისინი გამოცალკევებულნი იყვნენ ტაძართან დაკავშირებული მსახურებისთვის. იხილეთ რიცხვების 1:4—16).
რომ. 2:28, 29: „ის კი არ არის იუდეველი, ვინც გარეგნულად არის ასეთი, და ის კი არ არის წინადაცვეთა, რაც გარეგნულად ჩანს ხორცზე, არამედ იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი და ვისი გულიც წინადაცვეთილია სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით“.
გალ. 3:26—29: „თქვენ ყველა ღვთის ძეები ხართ ქრისტე იესოსადმი რწმენის მეშვეობით . . . არ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც კაცი და არც ქალი, რადგან თქვენ ყველა ერთნი ხართ ქრისტე იესოსთან ერთობაში. და თუ ქრისტესნი ხართ, ნამდვილად აბრაამის შთამომავლები ხართ და, დანაპირების თანახმად, მემკვიდრეები“.
სიმბოლური რიცხვია 144 000?
განსაზღვრულ რიცხვზე, 144 000-ზე, საუბრის შემდეგ გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებულია „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო“. 144 000-ის „უამრავ ხალხთან“ შედარებას აზრი არ ექნებოდა, ეს რიცხვი სიმბოლური რომ ყოფილიყო. იმ აზრს, რომ ეს რიცხვი სიმბოლური არ არის, ამტკიცებს იესოს სიტყვებიც. მათეს 22:14-ში ზეციერ სამეფოსთან დაკავშირებით ის ამბობს: „მოწვეული ბევრია, რჩეული კი — ცოტა“.
გამოცხადების 7:9, 10-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხიც“ ზეცაში მიდის?
144 000-ისგან განსხვავებით, „გამოცხადებაში“ მათზე არ არის ნათქვამი, რომ „დედამიწიდან არიან ნაყიდი“, რათა ქრისტესთან იყვნენ ზეციერი სიონის მთაზე (გამოცხ. 14:1—3).
მათზე ნათქვამია, რომ „იდგნენ ტახტისა და კრავის წინ“. ამაში კონკრეტული ადგილი არ იგულისხმება. ეს უფრო იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთი და ქრისტე იწონებენ მათ (შეადარეთ ლუკას 21:36). ფრაზა „ტახტის . . . წინ“ (ბერძნულად „ენოპიონ ტუ თრონუ“; სიტყვასიტყვით „ტახტის მხედველობის არეში“) მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ზეცაში არიან. „უამრავი ხალხი“ ღვთის „მხედველობის არეშია“. ღვთის შესახებ ნათქვამია, რომ ის ზეციდან ხედავს „ადამიანთა ძეებს“ (ფსალმ. 11:4; შეადარეთ მათეს 25:31—33; ლუკას 1:74, 75; საქმეების 10:33).
გამოცხადების 19:1, 6-ში ვკითხულობთ: „გავიგონე ციდან დიდი ხმა, როგორც დიდძალი ხალხის ხმა“. „დიდძალ ხალხში“ არ იგულისხმება გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხი“. „დიდძალ ხალხზე“ არ არის ნათქვამი, რომ „ყველა ერიდან“ არიან ან ხსნას კრავს უმადლიან. ეს ხმა ანგელოზებისგან მომდინარეობს. ფრაზებს „დიდძალი ხალხი“ და „უამრავი ხალხი“ ბიბლია სხვადასხვა კონტექსტში იყენებს (მარ. 5:24; 6:34; 12:37).
რას გააკეთებენ ისინი, ვინც ზეცაში წავლენ?
გამოცხ. 20:6: „ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (აგრეთვე დანიელის 7:27).
1 კორ. 6:2: „განა არ იცით, რომ ქვეყნიერებას წმინდები გაასამართლებენ?“.
გამოცხ. 5:10: «ჩვენი ღვთის სამეფოდ და მღვდლებად გახადე ისინი და მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები [„იმეფებენ დედამიწაზე“, ბთი, აფ; „მიწაზე“, ბსგ; „ქვეყნად“, სსგ]» (იგივე ბერძნული წინდებული [„ზე“ თანდებულად ნათარგმნი] და გრამატიკული წყობა გვხვდება გამოცხადების 11:6-ში: „ხელმწიფება წყალთა მიმართ“, სსგ; „ხელმწიფება წყლებზე“, ბთი, ბსგ; „ძალაუფლება წყლებზე“, აფ).
ვისზეა დამოკიდებული ის, თუ ვინ წავა ზეცაში?
2 თეს. 2:13, 14: „ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის ძმებო, იეჰოვასთვის საყვარელნო, რადგან ღმერთმა დასაწყისიდანვე ამოგირჩიათ ხსნისთვის სულით განწმენდითა და ჭეშმარიტებისადმი თქვენი რწმენის საფუძველზე, რისთვისაც მოგიწოდათ სასიხარულო ცნობით, რომელსაც ჩვენ ვაუწყებთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების მისაღებად“.
რომ. 9:6, 16: „ისრაელთაგან ყველა როდია ნამდვილი ისრაელი. ეს მასზე კი არ არის დამოკიდებული, ვისაც სურს ან ვინც ისწრაფვის, არამედ მწყალობელ ღმერთზე“.