თავი 20
უამრავი ხალხი
1. კიდევ ვის ხედავს იოანე მას შემდეგ, რაც გავიგეთ, როგორ დაესვა ბეჭედი 144 000 ცხებულ ქრისტიანს?
მას შემდეგ, რაც იოანემ მოგვითხრო, როგორ იქნა ბეჭედდასმული 144 000 ქრისტიანი, ის აღგვიწერს ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ ხილვას. იოანეს სიხარულს საზღვარი არ ექნებოდა: „ამის შემდეგ გავიხედე და, აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, იდგნენ ტახტისა და კრავის წინ თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი, ხელში პალმის ტოტები ეჭირათ“ (გამოცხადება 7:9). ოთხი ქარის შეკავება ხსნის საშუალებას აძლევს არა მხოლოდ 144 000 სულიერ ისრაელს, არამედ მრავალენოვან და მრავალეროვან უამრავ ხალხს (გამოცხადება 7:1).
2. როგორ აღწერდნენ სწავლულები უამრავ ხალხს და რას ფიქრობდნენ ბიბლიის მკვლევარები ამ ჯგუფზე?
2 სწავლულთა აზრით, უამრავი ხალხის რიცხვში შეიძლება შედიოდნენ გაქრისტიანებული არაებრაელები ან ის წამებული ქრისტიანები, რომლებსაც ზეციერი სამკვიდრო ელით. თავდაპირველად ბიბლიის მკვლევარებიც იმას ფიქრობდნენ, რომ ეს მეორეხარისხოვანი ზეციერი კლასი იყო. მაგალითად, 1886 წელს გამოცემულ წიგნში „ღვთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“ („საღვთო წერილის გამოკვლევა“, ტომი I) აღნიშნული იყო: „ისინი ვერ მიიღებენ ჯილდოდ ტახტსა და ღვთიურ ბუნებას. მართალია, საბოლოოდ სულიერ ქმნილებებად დაიბადებიან, მაგრამ ღვთიური ბუნებას ვერ ეზიარებიან. ისინი ღვთისთვის მიძღვნილი ქრისტიანები არიან, მაგრამ მათზე იმდენად მოქმედებს ქვეყნიერების სული, რომ თავგანწირული სულისკვეთებით ვერ ცხოვრობენ“. ეს შეხედულება დიდი ხნის განმავლობაში იყო გავრცელებული, რაზეც მოწმობს 1930 წელს გამოცემული წიგნი „სინათლე“ (ტომი I), მასში წერია: „უამრავი ხალხი არ ეხმაურება მოწოდებას, გახდნენ უფლის გულმოდგინე მოწმეები“. მათ თვლიდნენ თვითკმაყოფილ ადამიანებად, რომლებსაც ჰქონდათ ჭეშმარიტების ცოდნა, მაგრამ ქადაგებას დიდ დროს არ უთმობდნენ. როგორც იმ დროს ფიქრობდნენ, ზეცაში ისინი მეორეხარისხოვანი ჯგუფის ადგილს დაიკავებდნენ და ქრისტესთან ერთად ვერ იმეფებდნენ.
3. ა) რა იმედი ჰქონდათ სიმართლის მოყვარულ ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით გულმოდგინედ შეუდგნენ ქადაგებას? ბ) როგორ აიხსნა 1923 წელს გამოცემულ „საგუშაგო კოშკში“ იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ?
3 ცხებულ ქრისტიანებს სხვა თანამოაზრეებიც ჰყავდათ, რომლებიც მოგვიანებით მთელი გულმოდგინებით შეუდგნენ ქადაგებას. მათ არ ჰქონიათ ზეცაში ცხოვრების სურვილი. მათ იმედს კარგად გადმოსცემდა მოხსენება სათაურით — „მოაწია ქვეყნიერების აღსასრულმა — დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“, რომელიც 1918—1922 წლებში იკითხებოდა იეჰოვას ხალხის წინაშეa. ამის შემდეგ მალევე, 1923 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ განხილული იყო იესოს იგავი ცხვრებისა და თხების შესახებ (მათე 25:31—46). მასში ნათქვამი იყო: „ცხვრით წარმოდგენილნი არიან ყველა ეროვნების ადამიანები, რომლებიც არ არიან სულითცხებულები, მაგრამ სიმართლისკენ ისწრაფვიან. ისინი გონებით აღიარებენ იესო ქრისტეს როგორც უფალს და ელიან უკეთეს მომავალს, რომელსაც მისი სამეფო მოიტანს“.
4. როგორ ხდებოდა უფრო და უფრო გასაგები მიწიერ კლასთან დაკავშირებული საკითხები 1931, 1932 და 1934 წლებში?
4 რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ 1931 წელს, წიგნში „გამართლება“ (ტომი I) განიხილებოდა ეზეკიელის მე-9 თავი, სადაც ნათქვამი იყო, რომ შუბლზე ნიშანდადებულნი ქვეყნიერების აღსასრულს გადაურჩებოდნენ. წიგნში ეს ადამიანები იესოს იგავში მოხსენიებულ ცხვრებთან იყვნენ გაიგივებული. 1932 წელს კი გამოიცა წიგნ „გამართლების“ III ტომი, რომელშიც აღწერილი იყო იეჰონადაბის, იმ არაისრაელი მამაკაცის სულისკვეთება, რომელიც ისრაელის ცხებული მეფის, იეჰუს ეტლზე ავიდა და იმის სანახავად გაეშურა, როგორი შემართებით მოსპობდა იეჰუ ცრუ ღმერთის თაყვანისმცემლებს (2 მეფეები 10:15—17). წიგნში ვკითხულობთ: «იეჰონადაბი წარმოადგენდა, ანუ განასახიერებდა, დედამიწაზე დღეს მცხოვრებ კეთილი ნების ადამიანთა ჯგუფს, რომელიც იეჰუს საქმიანობის [იეჰოვას განაჩენის გაცხადების] პერიოდში სატანის ორგანიზაციის წესებისამებრ კი არ ცხოვრობს, არამედ სიმართლეს უჭერს მხარს. არმაგედონის დროს უფალი გადაარჩენს მათ, იხსნის გასაჭირის დროს და დედამიწაზე მარადიულად დაამკვიდრებს. ისინი „ცხვრების“ ჯგუფს წარმოადგენენ». 1934 წელს „საგუშაგო კოშკში“ გარკვევით იყო ნათქვამი, რომ მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებმა თავი უნდა მიუძღვნან იეჰოვას და უნდა მოინათლონ. მიწიერ კლასთან დაკავშირებული საკითხები სულ უფრო და უფრო გასაგები ხდებოდა (იგავები 4:18).
5. ა) 1935 წელს რასთან იყო გაიგივებული უამრავი ხალხი? ბ) რა მოხდა, როდესაც ჯ. ფ. რუტერფორდმა სთხოვა იმ დელეგატებს, რომლებსაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი ჰქონდათ, ფეხზე წამომდგარიყვნენ?
5 დგებოდა დრო, როცა გამოცხადების 7:9—17 მუხლების მნიშვნელობა ცხადი უნდა გამხარიყო (ფსალმუნები 97:11). ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ არაერთხელ აღინიშნა, რომ კონგრესი, რომელიც 1935 წლის 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით უნდა ჩატარებულიყო ვაშინგტონში (აშშ), „ნამდვილად მანუგეშებელი და სასარგებლო“ იქნებოდა იმ ჯგუფისთვის, რომელსაც იეჰონადაბი განასახიერებდა. მოლოდინი გამართლდა! ჯ. ფ. რუტერფორდმა, რომელიც იმ დროს სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა, კონგრესის 20 000-მდე დამსწრის წინაშე წარმოთქვა ამაღელვებელი მოხსენება სახელწოდებით „უამრავი ხალხი“. ბიბლიის საფუძველზე მან ჩვენს დღეებში მცხოვრები სხვა ცხვრები გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებულ უამრავ ხალხთან გააიგივა. მოხსენების კულმინაციური მომენტი დადგა მაშინ, როცა რუტერფორდმა თხოვნით მიმართა დამსწრეებს: „გთხოვთ, ფეხზე წამოდგეთ, ვისაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი გაქვთ!“ როდესაც დამსწრეთა დიდი ნაწილი წამოდგა, მომხსენებელმა განაცხადა: „აი, უამრავი ხალხი!“ უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა, რასაც მალე მქუხარე ოვაცია მოჰყვა. იოანეს კლასიცა და იეჰონადაბის კლასიც სიხარულს ვერ მალავდა! მომდევნო დღეს 840 ადამიანი მოინათლა. მათგან უმრავლესობა უამრავ ხალხს მიეკუთვნებოდა.
ვინ არის უამრავი ხალხი
6. ა) რატომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ უამრავი ხალხი ღვთისთვის მიძღვნილი და დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედის მქონე ქრისტიანები არიან? ბ) რას განასახიერებს უამრავი ხალხის თეთრი გრძელი სამოსელი?
6 საიდან ჩანს, რომ უამრავი ხალხი ღვთისთვის მიძღვნილი და დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედის მქონე ქრისტიანები არიან? ადრე იოანემ იხილა ზეციერი ჯგუფი, რომელიც „ნაყიდი“ იყო ღვთისთვის „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ (გამოცხადება 5:9, 10). უამრავი ხალხიც „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ არის, მაგრამ ისინი ზეცაში არ მიდიან. ღვთის ისრაელისგან განსხვავებით მათი რიცხვი წინასწარ განსაზღვრული არ ყოფილა. წინასწარ ვერავინ იტყვის, რამდენი ადამიანი გაერთიანდება უამრავ ხალხში. მათ გაირეცხეს და გაათეთრეს თავიანთი გრძელი სამოსელი კრავის სისხლით, რაც იმას ნიშნავს, რომ იესოს მსხვერპლისადმი გამოვლენილი რწმენის საფუძველზე იეჰოვა მათ მართლებად აღიარებს (გამოცხადება 7:14). მათ ხელში პალმის ტოტები უჭირავთ და ხმამაღლა ამბობენ, რომ მესია მათი მეფეა.
7, 8. ა) რას გაახსენებდა მოციქულ იოანეს პალმის ტოტები? ბ) რატომ აქნევს უამრავი ხალხი პალმის ტოტებს?
7 როდესაც ამ ხილვას ხედავდა, იოანე ალბათ გაიხსენებდა, რაც 60 წელზე მეტი ხნის წინ დედამიწაზე მოხდა, იესოს ცხოვრების ბოლო კვირას. ახ. წ. 33 წლის 9 ნისანს ხალხი ესალმებოდა იერუსალიმში შემოსულ იესოს; მათ «აიღეს პალმის ტოტები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ: „გევედრებით, იხსენი! კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი, ისრაელის მეფე!“ » (იოანე 12:12, 13). პალმის ტოტების ქნევითა და მხიარული შეძახილებით უამრავი ხალხიც მსგავსადვე გამოხატავს თავის უსაზღვრო სიხარულს და იესოს იეჰოვას მიერ დანიშნულ მეფედ ცნობს.
8 პალმის ტოტები და მხიარული შეძახილები იოანეს კარვობის დღესასწაულსაც მოაგონებდა, რომელსაც ძველ ისრაელში ზეიმობდნენ. ამ დღესასწაულის შესახებ იეჰოვამ თქვა: „პირველ დღეს აიღეთ საუცხოო ხეების ნაყოფი, პალმის რტოები, შეფოთლილი ტოტები, ხევის ალვის ხის ტოტები და შვიდ დღეს იმხიარულეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე“. პალმის ტოტები სიხარულის სიმბოლო იყო. დროებითი კარვები ისრაელებს შეახსენებდა, რომ იეჰოვამ თავისი ხალხი ეგვიპტიდან დაიხსნა და უდაბნოში ყოფნისას კარვებში ცხოვრობდნენ. ხიზნები, ქვრივები და უმამო ბავშვებიც ზეიმობდნენ ამ დღესასწაულს. მთელ ისრაელს უნდა გაეხარა (ლევიანები 23:40; მეორე კანონი 16:13—15).
9. რას ამბობს ერთხმად უამრავი ხალხი?
9 გასაკვირი არ არის, რომ უამრავი ხალხი პალმის ტოტებს აქნევს, მიუხედავად იმისა, რომ არ შედიან სულიერ ისრაელში; ისინი დიდი სიხარულით ემადლიერებიან ღმერთსა და კრავს გამარჯვებისა და ხსნისთვის. ეს იოანეს ხილვაში ჩანს: «და ხმამაღლა ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“» (გამოცხადება 7:10). თუმცა უამრავ ხალხს შორის ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია, ისინი ხმამაღლა და ერთხმად ყიჟინებენ. ეროვნული და ენობრივი სხვაობის მიუხედავად როგორ ახერხებენ ისინი ამას?
10. ეროვნული და ენობრივი სხვაობის მიუხედავად როგორ ყიჟინებს უამრავი ხალხი ერთხმად?
10 უამრავი ხალხი იმ ერთადერთი, მართლაც ერთიანი მრავალეროვანი ორგანიზაციის ნაწილია, რომელიც დღეს დედამიწაზე არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, განსხვავებული ნორმებით არ ხელმძღვანელობენ, ისინი ერთსა და იმავე ბიბლიურ პრინციპებს მიჰყვებიან. უამრავი ხალხი არ მონაწილეობს არც ეროვნულ მოძრაობებში და არც რევოლუციებში, ისინი „მახვილებისგან სახნისებს ჭედავენ“ (ესაია 2:4). ისინი არ არიან დაყოფილი სექტებად და კონფესიებად, ქრისტიანული სამყაროს რელიგიებისგან განსხვავებით სხვადასხვა ხმაზე არ ყიჟინებენ და ურთიერთსაპირისპირო მოძღვრებებს არ ასწავლიან; მათ არც სამღვდელო კლასი ჰყავთ, რომელიც მათ მაგივრად უძღვნის ღმერთს ქება-დიდებას; ხსნას წმინდა სულს არ უმადლიან, რადგან არ ემსახურებიან სამერთიან ღმერთს. 230-ზე მეტ ქვეყანაში ისინი ერთხმად მოუხმობენ იეჰოვას სახელს, რადგან ჭეშმარიტების ერთ სუფთა ენაზე ლაპარაკობენ (სოფონია 3:9). ისინი საჯაროდ აცხადებენ, რომ მათი ხსნა იესო ქრისტეს, ხსნის მეთაურის მეშვეობით იეჰოვასგან, ხსნის ღვთისგანაა (ფსალმუნი 3:8; ებრაელები 2:10).
11. როგორ ეხმარება ტექნიკური პროგრესი უამრავ ხალხს, რომ მათი ხმა უფრო მძლავრად ისმოდეს?
11 ტექნიკური პროგრესის წყალობით უამრავი ხალხის ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა. არც ერთი რელიგიური მიმდინარეობა არ გამოსცემს ბიბლიის შესასწავლ დამხმარე პუბლიკაციებს 400-ზე მეტ ენაზე, რადგან არც ერთი მათგანი არ არის დაინტერესებული, რომ ყველა ეროვნების ადამიანამდე ერთი ცნობა მიიტანოს. ამ საქმის გასაადვილებლად იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს სულითცხებული წევრების ზედამხედველობით შეიქმნა მრავალენოვანი ელექტრონული ფოტოაწყობის სისტემა (MEPS). დღეისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ სისტემის სხვადასხვა ვერსია გამოიყენება, რისი წყალობითაც შესაძლებელია ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ თვეში ორჯერ 130-ზე მეტ ენაზე ერთდროულად გამოცემა. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები ამ წიგნის, „გამოცხადების“ მსგავს წიგნებს ერთდროულად გამოსცემენ მრავალ ენაზე. ამგვარად, იეჰოვას მოწმეები, რომელთა უმრავლესობაც უამრავი ხალხია, ყოველწლიურად ავრცელებენ მრავალ ენაზე გამოცემულ ასობით მილიონ პუბლიკაციას; ეს ყველა ტომიდან და ენიდან კიდევ უფრო მეტ ადამიანს აძლევს ღვთის სიტყვის შესწავლისა და უამრავ ხალხთან ერთად ყიჟინის საშუალებას (ესაია 42:10, 12).
ზეცაში თუ დედამიწაზე?
12, 13. რა გაგებით დგას უამრავი ხალხი „ტახტისა და კრავის წინ“?
12 საიდან ვიცით, რომ „ტახტის წინ“ დგომა უამრავი ხალხის ზეცაში ყოფნას არ ნიშნავს? ამის საკმაოდ ნათელი მტკიცება არსებობს. მაგალითად, ბერძნული სიტყვა ენოპიონ, რომელიც ბიბლიაში ითარგმნა როგორც „წინ“ (ან „წინაშე“), სიტყვასიტყვით ნიშნავს „მხედველობის არეში“, და რამდენჯერმე გამოიყენება იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ, მაგრამ იეჰოვას „წინ“ ანუ მისი „მხედველობის არეში“ არიან (1 ტიმოთე 5:21; 2 ტიმოთე 2:14; რომაელები 14:22; გალატელები 1:20). ერთხელ, ისრაელების უდაბნოში ყოფნისას, მოსემ უთხრა აარონს: «უთხარი ისრაელის ძეების მთელ კრებულს: „წარდექით იეჰოვას წინაშე, რადგან გაიგონა მან თქვენი დრტვინვა“ » (გამოსვლა 16:9). იეჰოვას წინაშე წარსადგომად ისრაელებს ზეცაში ასვლა არ სჭირდებოდათ (შეადარეთ ლევიანების 24:8). ისინი ისედაც იეჰოვას მხედველობის არეში იყვნენ და მისი ყურადღება მათკენ იყო მიპყრობილი.
13 ჩვენ აგრეთვე ვკითხულობთ: „როცა მოვა კაცის ძე. . . თავისი დიდებით. . . შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი“. ამ წინასწარმეტყველების შესრულების დროს ადამიანები ზეცაში არ იქნებიან; არც ისინი იქნებიან ზეცაში, ვინც „მარადიულად მოიკვეთებიან“ (მათე 25:31—33, 41, 46). ადამიანები იესოს მხედველობის არეში არიან; ის გაასამართლებს მათ. ამის მსგავსად, უამრავი ხალხი „ტახტისა და კრავის წინ“ დგას იმ გაგებით, რომ ისინი მხედველობის არეში ჰყავთ იეჰოვასა და მის მიერ დანიშნულ მეფეს, იესო ქრისტეს, რომელსაც განაჩენი მათ სასარგებლოდ გამოაქვს.
14. ა) ვინ დგას „ტახტის ირგვლივ“ და ზეციერი „სიონის მთაზე“? ბ) რატომ არ შედის უამრავი ხალხი სამღვდელო კლასში მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს „მის ტაძარში“ ემსახურება?
14 „გამოცხადებაში“ 24 უხუცესისა და 144 000 ცხებული ქრისტიანის შესახებ წერია, რომ ისინი იეჰოვას „ტახტის ირგვლივ“ და ზეციერი „სიონის მთაზე“ არიან (გამოცხადება 4:4; 14:1). უამრავი ხალხი სამღვდელო კლასში არ შედის და ამ ამაღლებულ მდგომარეობას არ იკავებს. მართალია, მოგვიანებით, გამოცხადების 7:15-ში მათზე ნათქვამია, რომ ღმერთს ისინი „მის ტაძარში“ ემსახურებიან, მაგრამ ამ ტაძარში არ იგულისხმება საწმინდრის შიდა ნაწილი ანუ წმინდათაწმინდა. აქ ლაპარაკია ღვთის სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოზე. ბერძნული სიტყვა ნაოს, რომელიც აქ ტაძრად არის ნათარგმნი, ხშირად უფრო ფართო გაგებით გამოიყენება და მასში იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის აგებული მთლიანი ნაგებობა იგულისხმება. დღეს იეჰოვას ტაძარი წარმოადგენს სულიერ ნაგებობას, რომელშიც შედის როგორც ზეცა, ისე დედამიწა (შეადარეთ მათეს 26:61; 27:5, 39, 40; მარკოზის 15:29, 30; იოანეს 2:19—21).
მთელ სამყაროში ღვთის სადიდებელი ისმის
15, 16. ა) როგორ ხვდებიან ზეცაში უამრავი ხალხის გამოჩენას? ბ) როგორ რეაგირებენ იეჰოვას სულიერი ქმნილებები ღვთის ყოველი განზრახვის გაცხადებაზე? გ) ჩვენ როგორ შეგვიძლია შევუერთდეთ ამ სადიდებელ სიმღერას?
15 უამრავი ხალხი განადიდებს იეჰოვას, მაგრამ მის სადიდებელს სხვებიც მღერიან. იოანე მოგვითხრობს: «ყველა ანგელოზი ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცოცხალი არსების ირგვლივ იდგა. ისინი პირქვე დაემხვნენ ტახტის წინ, თაყვანი სცეს ღმერთს და თქვეს: „ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძლიერება და ძალა ჩვენს ღმერთს მარადიულად. ამინ!“ » (გამოცხადება 7:11, 12).
16 როდესაც იეჰოვა ქმნიდა დედამიწას, წმინდა ანგელოზები „ერთად ჟრიამულობდნენ. . . ღვთის ძეები ყიჟინებდნენ“ (იობი 38:7). ანგელოზები იეჰოვას განზრახვების ყოველი ახალი გაცხადებისასაც იყიჟინებდნენ. როდესაც 24 უხუცესი — ზეცაში განდიდებული 144 000 ცხებული ქრისტიანი — ხმამაღლა აქებს კრავს, ღვთის სხვა ყველა ზეციერი ქმნილება უერთდება მათ იესოსა და იეჰოვა ღმერთის განდიდებაში (გამოცხადება 5:9—14). ამ ქმნილებების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იხილეს, თავისი განზრახვისამებრ როგორ აღადგინა იეჰოვამ ერთგული ცხებული ქრისტიანები, რათა მათ დიდებული ადგილი დაემკვიდრებინათ სულიერ სამყაროში. ახლა კი, უამრავი ხალხის გამოჩენას იეჰოვას ყველა ერთგული ზეციერი ქმნილება დიდი სიხარულითა და მელოდიური სადიდებლით ხვდება. იეჰოვას ყველა მსახურისთვის უფლის დღე მართლაც ამაღელვებელი დროა (გამოცხადება 1:10). ჩვენ ნამდვილად დიდი პატივი გვხვდა წილად, განვადიდოთ იეჰოვა სადიდებელი სიმღერით, რომელსაც ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებით ვასრულებთ.
ჩნდება უამრავი ხალხი
17. ა) რა კითხვა დასვა 24 უხუცესთაგან ერთ-ერთმა, და რაზე მეტყველებს ის, რომ პასუხის გაცემა თავადვე შეეძლო? ბ) როდის გაეცა პასუხი უხუცესის კითხვას?
17 მოციქულ იოანეს დროიდან უფლის დღემდე ცხებული ქრისტიანები ვერ იგებდნენ უამრავი ხალხის ვინაობას. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ერთ-ერთი იმ 24 უხუცესთაგან, რომლებიც ზეცაში მყოფ ცხებულებს განასახიერებენ, იოანეს სავსებით მართებულ და დამაფიქრებელ კითხვას უსვამს: «მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მკითხა: „ვინ არიან ეს თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი, და საიდან მოვიდნენ?“ მე მაშინვე მივუგე: „ჩემო ბატონო, შენ იცი“ » (გამოცხადება 7:13, 14ა). ესე იგი ამ უხუცესს შეეძლო ამ კითხვაზე იოანესთვის ეპასუხა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 24 უხუცესის ჯგუფში შემავალი აღდგენილი ცხებულები შეიძლება დღეს მონაწილეობას იღებდნენ ღვთისგან მომდინარე ჭეშმარიტების გაცხადებაში, ხოლო დედამიწაზე მყოფმა იოანეს კლასმა იეჰოვას საქმეებზე დაკვირვებით პასუხი მიიღო კითხვაზე — ვინ იყო უამრავი ხალხი. მათ მალევე იხილეს ღვთიური სინათლის თვალისმომჭრელი ნათება, რისი წყალობითაც 1935 წელს, იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს, სულიერი საკითხები უფრო გასაგები გახდა.
18, 19. ა) რის იმედზე ამახვილებდა ყურადღებას იოანეს კლასი XX საუკუნის 20—30-იან წლებში, მაგრამ უფრო მეტად ვინ ეხმაურებოდა მათ ცნობას? ბ) 1935 წელს უამრავი ხალხის ამოცნობამ რა გახადა ცხადი? გ) რას ცხადყოფს გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვი?
18 იოანეს კლასი XX საუკუნის 20—30-იან წლებში ხშირად ამახვილებდა ყურადღებას ზეციერ იმედზე, როგორც პუბლიკაციებში, ისე ქადაგებისას. როგორც ჩანს, მაშინ ცხებულთა რიცხვი — 144 000 — ჯერ კიდევ არ იყო შევსებული. მიუხედავად ამისა, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს, რომელიც ყურადღებით ისმენდა ნაქადაგებ ცნობას და თავადაც გულმოდგინედ იწყებდა ქადაგებას, დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრება იზიდავდა; მათ არ ჰქონიათ ზეცაში ცხოვრების სურვილი. ეს არ იყო მათი მოწოდება. ისინი მცირე სამწყსოს კი არ მიეკუთვნებოდნენ, არამედ სხვა ცხვარს (ლუკა 12:32; იოანე 10:16). 1935 წელს უამრავი ხალხის გამოჩენა იმაზე მიუთითებდა, რომ 144 000 ცხებულის არჩევა დასასრულს უახლოვდებოდა.
19 ამას ამტკიცებს სტატისტიკური მონაცემებიც. 1938 წელს მთელ მსოფლიოში 59 047 იეჰოვას მოწმე ქადაგებდა. მათგან 36 732-მა მიიღო სიმბოლოები იესოს სიკვდილის გახსენების ყოველწლიურ დღესასწაულზე, რითაც ცხადყვეს, რომ მათ ზეციერი მოწოდება ჰქონდათ. წლების შემდეგ მათი რიცხვი თანდათანობით შემცირდა, უმთავრესად იმის გამო, რომ ერთგული იეჰოვას მოწმეები მიწიერ ცხოვრებას ასრულებდნენ. 2005 წელს გახსენების საღამოს 16 390 116 ადამიანი დაესწრო და მათგან მხოლოდ 8 524-მა მიიღო სიმბოლოები, ანუ დამსწრეთა 0, 05 პროცენტმა.
20. ა) რა უთქვამს ჯ. ფ. რუტერფორდს უამრავი ხალხის შესახებ მეორე მსოფლიო ომის დროს? ბ) რა ცხადყოფს, რომ უამრავი ხალხი მართლაც მრავალრიცხოვანია?
20 როცა მეორე მსოფლიო ომმა იფეთქა, სატანა გააფთრებით შეეცადა უამრავი ხალხის შეკრების შეჩერებას. იეჰოვას საქმე ბევრ ქვეყანაში შეიზღუდა. იმ შავბნელ დროს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჯ. ფ. რუტერფორდს (გარდაიცვალა 1942 წლის იანვარში) უთქვამს: „საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უამრავი ხალხი შეიძლება არც ისე ბევრი აღმოჩნდეს“. მაგრამ ღმერთმა სულ სხვაგვარად წარმართა მოვლენები. 1946 წელს მოწმეთა რიცხვი მთელ მსოფლიოში შესამჩნევად გაიზარდა და 176 456-ს მიაღწია. მათი უმრავლესობა უამრავი ხალხი იყო. 2005 წელს 235 ქვეყანაში 6 390 022 მოწმე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას — მართლაც უამრავია ეს ხალხი! მათი რიცხვი კვლავაც იზრდება.
21. ა) როგორ შეესაბამება იოანეს ხილვას უფლის დღის განმავლობაში ღვთის ხალხის შეკრება? ბ) როგორ დაიწყო მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებების შესრულება?
21 უფლის დღის განმავლობაში ღვთის ხალხის შეკრება სრულად შეესაბამება იოანეს ხილვას: თავდაპირველად შეიკრიბნენ ის ცხებულები, რომლებსაც რიცხვი 144 000 უნდა შეევსო, ხოლო შემდეგ — უამრავი ხალხი. ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად ახლა, „უკანასკნელ დღეებში“, ყველა ეროვნების ადამიანი „მიედინება“ იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობისკენ. ჩვენ მადლიერები ვართ იეჰოვასი „ახალი ცისა და ახალი დედამიწის“ შექმნისთვის (ესაია 2:2—4; 65:17, 18). ღმერთი ქრისტეში კვლავ თავს უყრის ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა (ეფესოელები 1:10). ზეციერი სამეფოს ცხებული მემკვიდრეები, რომელთა არჩევაც იესოს ცხოვრების შემდეგ საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა, არიან ისინი, ვისზეც ნათქვამია: „რაც ზეცაშია“, უამრავი ხალხი კი ისინი არიან, ვისზეც ნათქვამია: „რაც დედამიწაზეა“. ასეთი თეოკრატიული წესრიგით მსახურება მარადიული ბედნიერების საწინდარია.
უამრავი ხალხი კურთხევებს იმკის
22. კიდევ რას იგებს იოანე უამრავი ხალხის შესახებ?
22 ღვთის მაცნის პირით იოანე უფრო მეტს იგებს უამრავი ხალხის შესახებ: «მან [უხუცესმა] კი მითხრა: „ესენი დიდი გასაჭირიდან მოსულები არიან, მათ გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით. ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინ, მის ტაძარში წმინდა მსახურებას ასრულებენ მისთვის დღე და ღამე. ტახტზე მჯდომი კი თავის კარავს გაშლის მათზე“ » (გამოცხადება 7:14ბ, 15).
23. რა არის დიდი გასაჭირი, საიდანაც უამრავი ხალხია მოსული?
23 ადრე იესოს ნათქვამი ჰქონდა, რომ მისი მეფობის დროს განსაკუთრებული მოვლენა იქნებოდა „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათე 24:21, 22). როცა ამ წინასწარმეტყველების შესრულების დრო დადგება, ანგელოზები აუშვებენ დედამიწის ოთხ ქარს სატანის ქვეყნიერების გასანადგურებლად. პირველი, რაც წარსულს ჩაბარდება, დიდი ბაბილონია, ცრუ რელიგიური სამყარო. შემდეგ კი, როდესაც დიდი გასაჭირი პიკს მიაღწევს, იესო გაათავისუფლებს 144 000-გან დედამიწაზე დარჩენილებს და უამრავ ხალხს (გამოცხადება 7:1; 18:2).
24. რის საფუძველზე გადარჩება უამრავი ხალხი?
24 რის საფუძველზე გადარჩება უამრავი ხალხი? უხუცესი ეუბნება იოანეს, რომ „მათ გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ავლენენ რწმენას იესოსადმი, როგორც გამომსყიდველისადმი, თავს უძღვნიან იეჰოვას, რასაც წყალში ნათლობით გამოხატავენ, და სწორი საქციელის წყალობით „სუფთა სინდისი“ აქვთ (1 პეტრე 3:16, 21; მათე 20:28). ამგვარად, ისინი წმინდები და მართლები არიან იეჰოვას თვალში. ისინი უმანკოდ იცავენ თავს ქვეყნიერებისგან (იაკობი 1:27).
25. ა) როგორ ასრულებს უამრავი ხალხი იეჰოვასთვის „მის ტაძარში წმინდა მსახურებას. . . დღე და ღამე“? ბ) როგორ „შლის“ იეჰოვა „თავის კარავს“ უამრავ ხალხზე?
25 გარდა ამისა, ისინი იეჰოვას გულმოდგინე მოწმეები ხდებიან და „მის ტაძარში წმინდა მსახურებას ასრულებენ მისთვის დღე და ღამე“. თქვენც ღვთისთვის მიძღვნილ უამრავ ხალხს შორის ხართ? თუ დიახ, მაშინ წილად გხვდათ პატივი, მუდმივად ემსახუროთ იეჰოვას მისი დიდებული სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოში. ცხებულთა ხელმძღვანელობით დღეს უამრავი ხალხი სამქადაგებლო საქმიანობის უდიდეს ნაწილს ასრულებს. ამ ჯგუფის ასობით ათასი წარმომადგენელი სრული დროით პიონერად მსახურობს მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საქმის კეთებაც უწევთ. პიონერი ხარ თუ არა, შენ, როგორც ღვთისთვის მიძღვნილ მსახურსა და უამრავი ხალხის ერთ-ერთ წარმომადგენელს, უნდა გიხაროდეს, რადგან შენი რწმენისა და საქმეების გამო მართლად ხარ აღიარებული როგორც ღვთის მეგობარი, და მის კარავში სტუმრად ხარ მიწვეული (ფსალმუნი 15:1—5; იაკობი 2:21—26). ამგვარად, იეჰოვა „თავის კარავს“ შლის მათზე, ვისაც უყვარს ის, და კეთილი მასპინძელივით იცავს მათ (იგავები 18:10).
26. კიდევ რა კურთხევებს მოიმკის უამრავი ხალხი?
26 უხუცესი განაგრძობს: „აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დაჰკრავთ და აღარც პაპანაქება შეაწუხებთ, რადგან ტახტთან მყოფი კრავი დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება მათ. და მოსწმენდს მათ ღმერთი ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხადება 7:16, 17). გარდა იმისა, რომ იეჰოვა სტუმართმოყვარეა, კიდევ რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვებს?
27. ა) რა საერთოა ესაიას წინასწარმეტყველებასა და უხუცესის სიტყვებს შორის? ბ) საიდან ჩანს, რომ ესაიას წინასწარმეტყველების შესრულება დაიწყო პავლეს დროს და უშუალოდ ქრისტიანულ კრებას უკავშირდებოდა?
27 მოდი, განვიხილოთ მსგავსი წინასწარმეტყველება: «აი რას ამბობს იეჰოვა: „სასურველ დროს გიპასუხე, ხსნის დღეს დაგეხმარე. . . არც მოშივდებათ და არც მოსწყურდებათ, არც მზე დაჰკრავთ და არც მწველი სიცხე, რადგან მათი შემბრალებელი წაუძღვება მათ და წყლის წყაროებზე მიიყვანს“ » (ესაია 49:8, 10; იხილეთ აგრეთვე ფსალმუნის 121:5, 6). პავლე მოციქულმა ამ წინასწარმეტყველების ნაწყვეტი მოიყვანა და ის „ხსნის დღეს“ დაუკავშირა, რომელიც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დაიწყო. პავლე წერდა: «რადგან ის [იეჰოვა] ამბობს: „სასურველ დროს მოგისმინე და ხსნის დღეს დაგეხმარე“. აი ახლაა ყველაზე სასურველი დრო. აი ახლაა ხსნის დღე» (2 კორინთელები 6:2).
28, 29. ა) როგორ შესრულდა ესაიას სიტყვები I საუკუნეში? ბ) როგორ სრულდება უამრავ ხალხზე გამოცხადების 7:16? გ) რა იქნება იმის შედეგი, რომ უამრავ ხალხს კრავი „სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ“ წაუძღვება? დ) რითი განსხვავდება სხვებისგან უამრავი ხალხი?
28 როგორ შესრულდა დანაპირები, რომ ადამიანებს არ მოშივდებოდათ, არ მოსწყურდებოდათ და მწველი სიცხე არ შეაწუხებდათ? I საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები დროდადრო, რა თქმა უნდა, განიცდიდნენ შიმშილსა და წყურვილს, თუმცა სულიერი გაგებით მათ არაფერი აკლდათ (2 კორინთელები 11:23—27). ყველაფერი უხვად ჰქონდათ, სულიერად არც შიოდათ და არც სწყუროდათ. უფრო მეტიც, მათ წინააღმდეგ იეჰოვას მწველი რისხვა არ ანთებულა, როდესაც მან ახ. წ. 70 წელს იერუსალიმი და მისი ტაძარი გაანადგურა. გამოცხადების 7:16-ში ჩაწერილი სიტყვები სულიერი გაგებით დღეს უამრავ ხალხზეც სრულდება. ცხებულ ქრისტიანებთან ერთად ისინიც ხარობენ უხვი სულიერი საკვებით (ესაია 65:13; ნაუმი 1:6, 7).
29 რა გაჭირვებასა და სიძნელეებსაც არ უნდა აწყდებოდეთ სატანის ქვეყნიერების ამ შავბნელ დროში, თუ თქვენ უამრავ ხალხს მიეკუთვნებით, „მხიარული გული“ გექნებათ (ესაია 65:14). ამ გაგებით იეჰოვას ახლაც კი შეუძლია მოგწმინდოთ „ყოველი ცრემლი თვალებიდან“. თქვენ აღარ გემუქრებათ მცხუნვარე „მზე“ ღვთის სასჯელად, და როცა ანგელოზები გამანადგურებელ ოთხ ქარს აუშვებენ, თქვენ არ იგრძნობთ იეჰოვას უკმაყოფილებით გამოწვეულ „მწველ სიცხეს“. დასრულდება ეს განადგურება და კრავი წაგიძღვებათ, რათა სრულად ისარგებლოთ „სიცოცხლის წყლის“ გამომაცოცხლებელი „წყაროებით“. ამ წყაროებით წარმოდგენილია ყველაფერი, რასაც იეჰოვა ჩვენი მარადიული სიცოცხლისთვის აკეთებს. კრავის სისხლისადმი თქვენი რწმენა გამართლდება და თანდათანობით სრულყოფილებას მიაღწევთ. თქვენ, უამრავი ხალხი, იმ „მილიონთა“ შორის იქნებით, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, და სწორედ ეს განგვასხვავებს სხვებისგან! თქვენი თვალებიდან ცრემლი გაქრება (გამოცხადება 21:4).
ჩაეჭიდეთ თქვენს მოწოდებას
30. რა დიდებული სურათი იშლება ჩვენ თვალწინ იოანეს ხილვიდან გამომდინარე, და ვინ „იდგება“?
30 ამ სიტყვებიდან გამომდინარე, მართლაც დიდებული სურათი იშლება ჩვენ თვალწინ! იეჰოვა თავის ტახტზე ზის, მისი მსახურები კი, ზეცაში თუ დედამიწაზე, გაერთიანებულად განადიდებენ მას. მის მიწიერ მსახურებს ესმით, რა დიდი პატივი ხვდათ წილად, რომ მონაწილეობენ ღვთის განდიდებაში იმ ხალხთან ერთად, რომელთა რიცხვიც მუდმივად იზრდება. იეჰოვა და იესო ქრისტე ძალიან მალე აღასრულებენ განაჩენს და გაისმება შეძახილი: „მოვიდა მათი რისხვის დიდი დღე და ვინ გაუძლებს?“ (გამოცხადება 6:17). გაუძლებს კაცობრიობის მხოლოდ მცირე ნაწილი: 144 000 ბეჭედდასმულ ცხებულ ქრისტიანთაგან დედამიწაზე მცხოვრებნი და უამრავი ხალხი, რომელიც „იდგება“, ანუ მათთან ერთად გადარჩება (იერემია 35:19; 1 კორინთელები 16:13).
31. როგორ უნდა მოქმედებდეს იოანეს ხილვის შესრულება ცხებულ ქრისტიანებსა და უამრავ ხალხზე?
31 ამის გამო იოანეს კლასი, ცხებული ქრისტიანები, ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ისწრაფონ „მიზნისკენ, ღვთის მიერ ზეციური მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 3:14). მათ კარგად ესმით, რომ დღევანდელი მდგომარეობის გამო განსაკუთრებული სიმტკიცე მართებთ (გამოცხადება 13:10). ისინი დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას, ამიტომ მტკიცედ არიან ჩაჭიდებული თავიანთ რწმენას და ხარობენ იმით, რომ მათი სახელები „ზეცაში ჩაიწერა“ (ლუკა 10:20; გამოცხადება 3:5). უამრავი ხალხის წარმომადგენლებმაც იციან, რომ მხოლოდ „ბოლომდე მომთმენი. . . გადარჩება“ (მათე 24:13). მართალია, უამრავმა ხალხმა, როგორც ჯგუფმა, დიდი გასაჭირი გამოიარა, მაგრამ ამ ჯგუფის თითოეული წევრი თავის მხრივ ყველანაირად უნდა ცდილობდეს სიწმინდის შენარჩუნებას და მსახურებაში აქტიურობას.
32. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იეჰოვას რისხვის დღეს მხოლოდ ორი ჯგუფი „იდგება“, რისი გაკეთება გვმართებს დაუყოვნებლივ?
32 არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ ორი ჯგუფის გარდა კიდევ ვინმე „იდგება“ იეჰოვას რისხვის დღეს. რას ნიშნავს ეს იმ მილიონებისთვის, რომლებიც ყოველ წელს ესწრებიან იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს ქრისტეს გაღებული მსხვერპლისადმი პატივისცემის ნიშნად, მაგრამ ჯერ იმდენად არ ავლენენ იესოს მსხვერპლისადმი რწმენას, რომ თავი მიუძღვნან იეჰოვას, მოინათლონ და აქტიურად ემსახურონ მას? გარდა ამისა, რისი თქმა შეიძლება მათზე, ვინც ერთ დროს აქტიურად მსახურობდა, მაგრამ ახლა გული დაიმძიმა ცხოვრებისეული საზრუნავით? დაე, გამოფხიზლდნენ ასეთები და არ მოდუნდნენ, რათა თავი დააღწიონ მოსახდენს და წარსდგნენ კაცის ძის, იესო ქრისტეს წინაშე! დრო არ ითმენს! (ლუკა 21:34—36).
[სქოლიოები]
a „საგუშაგო კოშკი“, 1 აპრილი, 1918 წელი, გვერდი 98 (ინგლ).
[ჩარჩო 119 გვერდზე]
ახსნა ღვთისგან არის
ათწლეულების განმავლობაში იოანეს კლასი ცდილობდა, გაეგო, ვინ იყო უამრავი ხალხი, მაგრამ დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ პოულობდა. რატომ? ამის მიზეზს ღვთის ერთგული მსახურის, იოსების სიტყვებიდან ვიგებთ: „განა ღვთისგან არ არის ახსნა?“ (დაბადება 40:8). როდის და როგორ იხსნება წინასწარმეტყველებები? წინასწარმეტყველებებს ღმერთი ხსნის მაშინ, როცა მათი შესრულების დრო დგება ან უკვე სრულდება. ეს საშუალებას აძლევს კვლევის მოყვარულებს, ჩასწვდნენ წინასწარმეტყველებების არსს. ღმერთი წინასწარმეტყველებებს გვიხსნის „სასწავლებლად. . . რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4).
[ჩარჩო 124 გვერდზე]
უამრავი ხალხი
▪ გამოდის ყველა ერიდან, ტომიდან, ხალხიდან და ენიდან;
▪ დგას იეჰოვას ტახტის წინ;
▪ გაირეცხა თავისი სამოსელი და გაათეთრა კრავის სისხლით;
▪ ხსნას იეჰოვასა და იესოს უმადლის;
▪ გამოდის დიდი გასაჭირიდან;
▪ ემსახურება იეჰოვას მის ტაძარში დღე და ღამე;
▪ იეჰოვა სიყვარულით ზრუნავს მასზე და მფარველობს მას;
▪ იესო მიუძღვის მას სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ;
[გვერდი 121 დათმობილი აქვს სურათს]
[სურათი 127 გვერდზე]
უამრავი ხალხი ხსნას ღმერთსა და კრავს უმადლის.
[სურათი 128 გვერდზე]
კრავი სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება უამრავ ხალხს.