საკმეველი
სხვადასხვა არომატული ფისისა და ბალზამის ნაზავი, რომელიც ნელა იწვის და კეთილსურნელებას აფრქვევს. საკმევლის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვები კეტორეთ და კეტორაჰ მომდინარეობს ფუძიდან კატარ, რაც „შესაწირავის აბოლებას“ ნიშნავს. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში საკმევლის ბერძნული შესატყვისია თიმიამა.
წმინდა საკმეველი, რომელიც უდაბნოში აღმართულ კარავში უნდა ეკმიათ, კრებულის მიერ შეწირული ძვირფასი მასალისგან იყო დამზადებული (გმ. 25:1, 2, 6; 35:4, 5, 8, 27—29). იეჰოვას მითითებით მოსეს საკმეველი ოთხი კომპონენტისგან უნდა დაემზადებინა. „აიღე სურნელებანი: შტახსი და სურნელოვანი ონიკა, სურნელოვანი ქალბანა და სუფთა გუნდრუკი, ყველაფერი თანაბრად. გააკეთე მათგან საკმეველი, სურნელოვანი მცენარეების ნაზავი, როგორც მენელსაცხებლე აკეთებს, მარილიანი, სუფთა, წმინდა. დაფხვენი და ნაწილი მოწმობის კიდობნის წინ დადე, შეხვედრის კარავში, სადაც გამოგეცხადები. ის უწმინდესი რამ უნდა იყოს თქვენთვის“. იმის ხაზგასასმელად, თუ რაოდენ წმინდა და განსაკუთრებული იყო ეს საკმეველი, იეჰოვამ თქვა: „ვინც მის მსგავსს გააკეთებს, რომ დატკბეს მისი სურნელით, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან“ (გმ. 30:34—38; 37:29).
მოგვიანებით რაბინებმა ტაძრის საკმეველს სხვა ინგრედიენტებიც დაუმატეს. იოსებ ფლავიუსის ცნობით, ის 13 სურნელოვანი კომპონენტისგან შედგებოდა („იუდეველთა ომი“, V, 218 [v, 5], ინგლ.). ებრაელი ფილოსოფოსი მაიმონიდი გვატყობინებს, რომ ამ კომპონენტებს შორის იყო ქარვა, კასია, დარიჩინი, სმირნა, ზაფრანა და ნარდი.
კარვის წმინდაში, დასავლეთით, ფარდასთან, რომელიც წმინდას წმინდათაწმინდისგან ჰყოფდა, „საკმევლის სამსხვერპლო“ იდგა (გმ. 30:1; 37:25; 40:5, 26, 27). მსგავსი სამსხვერპლო სოლომონის ტაძარშიც იყო (1მტ. 28:18; 2მტ. 2:4). ამ სამსხვერპლოებზე ყოველ დილა-საღამოს წმინდა საკმეველს აკმევდნენ (გმ. 30:7, 8; 2მტ. 13:11). წელიწადში ერთხელ, გამოსყიდვის დღეს, მღვდელმთავარი სამსხვერპლოდან აღებულ ნაკვერჩხლებს საცეცხლურში დებდა, იღებდა ორ სავსე მუჭა საკმეველს და წმინდათაწმინდაში მოწმობის კიდობნის სახურავთან აკმევდა (ლვ. 16:12, 13).
სამსხვერპლოზე საკმევლის კმევა თავდაპირველად მღვდელმთავარ აარონს დაევალა (გმ. 30:7). საკმეველსა და კარვის სხვა ნივთებზე მისი ვაჟი, ელეაზარი ზრუნავდა (რც. 4:16). საკმევლის კმევა მღვდელმთავრის გარდა, როგორც ჩანს, სხვა მღვდლებსაც შეეძლოთ (ოღონდ არა გამოსყიდვის დღეს). მაგალითად, მღვდელ ზაქარიაზე (იოანე ნათლისმცემელის მამა) ნათქვამია, რომ საკმეველს აკმევდა (ლკ. 1:8—11). კარავში მსახურების დაწყებიდან მალევე აარონის ვაჟებმა, ნადაბმა და აბიჰუმ უკანონო ცეცხლით მოინდომეს საკმევლის კმევა, რის გამოც იეჰოვამ ისინი სიკვდილით დასაჯა (ლვ. 10:1, 2; შდრ. გმ. 30:9; იხ. აბიჰუ. მოგვიანებით კორახმა და 250 ლევიანმა, რომლებიც სამღვდელო შტოს არ მიეკუთვნებოდნენ, აარონის მღვდლობა გააპროტესტეს. მოსემ უთხრა მათ, მოეტანათ საცეცხლურები და კარვის შესასვლელთან ეკმიათ საკმეველი იმის გასარკვევად, აღიარებდა თუ არა იეჰოვა მათ მღვდლებად. კორახი და მისი თანამოაზრენი ჯერ კიდევ აკმევდნენ საკმეველს, როცა ცეცხლმა შთანთქა ისინი (რც. 16:6, 7, 16—18, 35—40). გარდა ამისა, იეჰოვამ მეფე უზიას კეთრი შეჰყარა, როცა გაკადნიერებულმა მეფემ ტაძარში საკმევლის კმევა მოინდომა (2მტ. 26:16—21).
რაც დრო გადიოდა, ისრაელები სულ უფრო უგულოდ ეკიდებოდნენ იეჰოვას მითითებებს და ბოლოს ტაძარიც კი დაკეტეს და საკმეველს სხვა სამსხვერპლოებზე აკმევდნენ (2მტ. 29:7; 30:14). მეტიც, ისინი საკმეველს უკმევდნენ სხვა ღმერთებს, მათ წინაშე მეძაობდნენ და სხვა მხრივაც ბილწავდნენ წმინდა საკმეველს, რაც სისაძაგლე იყო იეჰოვასთვის (ეზკ. 8:10, 11; 16:17, 18; 23:36, 41; ეს. 1:13).
მნიშვნელობა. კანონის შეთანხმება მომავალ კურთხევათა ჩრდილი იყო (ებ. 10:1). საკმეველი, რომლის კმევასაც კანონი ითვალისწინებდა, როგორც ჩანს, ღვთის ერთგულ მსახურთა ლოცვებს განასახიერებს. ფსალმუნმომღერალი ამბობდა: „საკმეველივით მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე [იეჰოვა]“ (ფს. 141:2). სიმბოლური მნიშვნელობის მქონე წიგნ „გამოცხადებაში“ ნათქვამია, რომ ღვთის ზეციერი ტახტის გარშემო მდგომთ საკმევლით სავსე ოქროს თასები ჰქონდათ. ეს „საკმეველი წმინდათა ლოცვებს ნიშნავს“. „[ანგელოზს] ბევრი საკმეველი მიეცა, რათა მიეტანა მსხვერპლად ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ, როცა წმინდები ლოცულობდნენ“ (გმც. 5:8; 8:3, 4). საკმეველი სათანადო სიმბოლოა ლოცვების, რომელთაც წმინდები დღედაღამ აღავლენენ და რომლებიც იეჰოვასთვის სასურველია (ებ. 5:7; 1თს. 3:10; იგ. 15:8).
თავისთავად ცხადია, რომ საკმეველი ცრუთაყვანისმცემელ ისრაელთა ლოცვებს ღვთისთვის მისაღებს ვერ გახდიდა (იგ. 28:9; მრ. 12:40). მხოლოდ მართალთა ლოცვას აქვს დიდი ძალა (იაკ. 5:16). მაგალითად, როცა ღმერთმა ისრაელების ჟლეტა დაიწყო, აარონმა მაშინვე „საკმეველი მოაყარა [საცეცხლურს] და ხალხისთვის გამოსყიდვის წესის შესრულება დაიწყო“ (რც. 16:46—48).
ქრისტიანები საკმეველს არ აკმევდნენ. დღეს ზოგიერთ ქრისტიანულ რელიგიაში, აგრეთვე ბუდიზმში, მიღებულია საკმევლის კმევა, თუმცაღა ბიბლია ქრისტიანებს ამის კეთების საფუძველს არ აძლევს. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ოთხი საუკუნის ისტორიულ წყაროებში ეკლესიის ნივთებს შორის საცეცხლურები არ არის მოხსენიებული. მხოლოდ გრიგოლ დიდის (VI ს. II ნახ.) დროიდან ხდება ცნობილი, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს საკმეველს აკმევდნენ. ქრისტეს მოსვლისა და წამების ბოძზე კანონისა და მისი დადგენილებების „მილურსმვის“ (კლ. 2:14), განსაკუთრებით კი ტაძრის განადგურებისა და აარონის შტოს სამღვდელოების გაუქმების შემდეგ ღვთისმსახურების დროს საკმევლის კმევა შეწყდა. ქრისტიანულ კრებას არ მიუღია არანაირი დადგენილება საკმევლის კმევის შესახებ. არც ქრისტიანები და არც ებრაელები ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად არ უკმევდნენ ღმერთს საკმეველს.
პირველი ქრისტიანები საკმეველს არ აკმევდნენ იმპერატორის პატივსაცემად, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დასჯდომოდათ. დანიელ მანიქსი თავის წიგნში წერდა: «რწმენას თითო-ოროლა ქრისტიანი უარყოფდა. ცეცხლდანთებული სამსხვერპლო იქვე არენაზე იდგა და პატიმარს ისღა დარჩენოდა მასზე მცირეოდენი საკმეველი მოეფრქვია. თუ ამას გააკეთებდა, „მსხვერპლშეწირვის მოწმობას“ მისცემდნენ და გაათავისუფლებდნენ. მას უხსნიდნენ, რომ ეს იმპერატორის თაყვანისცემა კი არა, რომის მმართველის ღვთაებრივი ბუნების აღიარება იყო. მაგრამ თითქმის არც ერთ ქრისტიანს არ გამოუყენებია გადარჩენის ეს შესაძლებლობა» (Those About to Die, 1958, გვ. 137).
ტერტულიანე (ახ. წ. II—III სს.) წერდა, რომ ქრისტიანები არც კი ვაჭრობდნენ საკმევლით („კერპთაყვანისცემის შესახებ“, თ. XI), იმათგან განსხვავებით, ვინც სიმბოლურ დიდ ბაბილონთან საკმევლით ვაჭრობს (გმც. 18:11, 13).