ᲡᲝᲓᲝᲛᲘ
ქალაქი, რომელიც მდებარეობდა ქანაანის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან (დბ. 10:19; 13:12). სოდომი, რომელიც ხშირად გომორასთან ერთად მოიხსენიებოდა ხოლმე, აშკარად ყველაზე გამორჩეული იყო იმ ხუთ ქალაქს შორის, რომლებიც, როგორც ჩანს, სიდიმის ველზე იყო განლაგებული (დბ. 14:2, 3). მრავალი მეცნიერი თვლის, რომ სოდომიცა და იმ მხარის სხვა ქალაქებიც მკვდარი ზღვის ფსკერზე უნდა ვეძებოთ, თუმცა ამ ბოლო დროს ზოგიერთმა სწავლულმა გამოთქვა აზრი, რომ ამ ძველი ქალაქების ნანგრევების ხილვა მკვდარი ზღვის აღმ. და სამხრ.-აღმ. სანაპიროებზეა შესაძლებელი (დბ. 13:12; იხ. ᲛᲐᲠᲘᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲖᲦᲕᲐ).
როდესაც აბრაამმა და ლოტმა თავიანთ მწყემსებს შორის დავის თავიდან ასარიდებლად ერთმანეთისგან გაყრა გადაწყვიტეს, ლოტი აღმოსავლეთით, იორდანის წყალუხვი მხარისკენ გაეშურა და სოდომის მახლობლად გაშალა კარავი. თუმცა ლოტმა დაინახა, რომ „ბოროტები იყვნენ სოდომელები და დიდად სცოდავდნენ იეჰოვას“, და ეს მას ძალიან სტანჯავდა (დბ. 13:5—13; 2პტ. 2:7, 8). გარკვეული ხნის შემდეგ სოდომისა და სხვა ოთხი ქალაქის მცხოვრებლები აუჯანყდნენ ელამის მეფე ქედარლაომერს, რომელიც 12 წელი ბატონობდა მათზე. მომდევნო წელს ქედარლაომერმა და მისმა მოკავშირეებმა დაამარცხეს სოდომის მეფე ბერა და მისი მხარდამჭერები. ქონებისა და საკვების დატაცების გარდა გამარჯვებულებმა ტყვეებიც წაასხეს, რომელთა შორის ლოტიც აღმოჩნდა (დბ. 14:1—12).
აბრაამი თავის მსახურებთან და ბრძოლაში გამოცდილ კაცებთან ერთად დაედევნა ქედარლაომერს, დაამარცხა ის, წაართვა მას ნადავლი და გაათავისუფლა ტყვეები, მათ შორის ლოტი და მისი ოჯახი. სოდომის მეფე დაჟინებით სთხოვდა აბრაამს, რომ ქონება თავისთვის დაეტოვებინა, მაგრამ აბრაამმა ამაზე უარი უთხრა, რათა მეფე ბერას არ ეთქვა, „აბრამი მე გავამდიდრეო“ (დბ. 14:13—24).
მარადიული განადგურება. სოდომელები ჯიუტად ეურჩებოდნენ იეჰოვას და ისეთ ამაზრზენ საქციელს სჩადიოდნენ, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი. «შემდეგ თქვა იეჰოვამ: „დიდია სამდურავი სოდომსა და გომორაზე და მეტისმეტად მძიმეა მათი ცოდვა“». ამიტომაც ღმერთმა ანგელოზები გაგზავნა სოდომის გასანადგურებლად, თუმცა მანამდე დაარწმუნა აბრაამი იმაში, რომ თუ ათ მართალ ადამიანს მაინც იპოვიდა იმ ადგილას, მთელ ქალაქს დაინდობდა (დბ. 18:16, 20—33).
ის, რომ ქალაქი ნამდვილად იმსახურებდა განადგურებას, ამაზე კიდევ ერთი ფაქტი მოწმობს: როდესაც ანგელოზები ლოტის სახლში მივიდნენ, სოდომის გარყვნილი მცხოვრებლებისგან შემდგარი ბრბო, როგორც ყმაწვილები, ისე მოხუცები, ლოტის სახლს გარს შემოეხვივნენ და მისი სტუმრების გაუპატიურება უნდოდათ. მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც ლოტმა თავის ცოლთან და ორ ქალიშვილთან ერთად დატოვა ქალაქი, სოდომი და გომორა ცეცხლითა და გოგირდით განადგურდა (დბ. 19:1—29; ლკ. 17:28, 29). იმ დროიდან მოყოლებული სოდომი და გომორა იქცა გამოთქმად, რომლითაც გამოხატავდნენ ყოვლისშემძლე ღვთისგან მოვლენილი სრული განადგურების (კნ. 29:23; ეს. 1:9; 13:19; იერ. 49:18; 50:40; გდ. 4:6; ამ. 4:11; სფ. 2:9; რმ. 9:29) და უკიდურესი ბოროტების აზრს (კნ. 32:32; ეს. 1:10; 3:9; იერ. 23:14; ეზკ. 16:46—56; იხ. ᲒᲝᲛᲝᲠᲐ).
იუდაური ქალაქის შესახებ, რომელიც უარყოფდა სასიხარულო ცნობას, იესომ თქვა: „სოდომისა და გომორისთვის უფრო ადვილი გადასატანი იქნება სასამართლოს დღე, ვიდრე იმ ქალაქისთვის“ (მთ. 10:15; 11:23, 24). აღსანიშნავია, რომ იუდას მე-7 მუხლში სოდომისა და გომორის შესახებ ნათქვამია, რომ ეს ქალაქები „სამუდამოდ განადგურდნენ ცეცხლით, და გამაფრთხილებელი მაგალითი არიან ჩვენთვის“. აქედან გამომდინარე, იესომ, როგორც ჩანს, გამოიყენა ჰიპერბოლა იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად ნაკლები იყო იმის ალბათობა, რომ პირველი საუკუნის რომელიმე იუდაური ქალაქის მკვიდრნი მოინანიებდნენ, თუნდაც სასამართლოს დღეს.
„სიმბოლურად“. გამოცხადების 11:3, 8-ში ნათქვამია, რომ ღვთის „ორი მოწმის“ გვამი დიდი ქალაქის მთავარ ქუჩაზე ეყრებოდა, ქალაქისა, რომელსაც „სიმბოლურად, სოდომი და ეგვიპტე ჰქვია“. ესაიას წინასწარმეტყველებაში (1:8—10) სიონი ანუ იერუსალიმი სოდომსაა შედარებული, ხოლო მისი მმართველები — „სოდომის ულმობელ მმართველებს“. თუმცაღა დაახლ. ახ. წ. 96 წლისთვის, როდესაც იოანემ გამოცხადება იხილა და მომავალში მოსახდენი მოვლენები ნახა, ქალაქი იერუსალიმი უკვე აღარ არსებობდა — ის დიდი ხნით ადრე, ახ. წ. 70 წელს განადგურდა. აქედან გამომდინარე, გამოცხადებაში მოხსენიებული გამოთქმა „დიდი ქალაქი“ უნდა მიუთითებდეს სიმბოლურ იერუსალიმზე ანუ გარკვეულ ორგანიზაციაზე, რომელიც ძველი დროის ორგული იერუსალიმითაა წარმოდგენილი.