თავი 26
ღვთის წმინდა საიდუმლო და მისი დიდებული აპოგეა
1. ა) როგორ გვამცნობს იოანე წმინდა საიდუმლოს დასრულებას? ბ) რატომ ისმოდა ზეცაში ანგელოზთა დიდი ხმა?
გახსოვთ რა დაიფიცა ძლიერმა ანგელოზმა, რაც გამოცხადების 10:1, 6, 7-შია ჩაწერილი? მან განაცხადა: „აღარ დაყოვნდება, არამედ იმ დღეებში, როცა მეშვიდე ანგელოზის ხმა გაისმება, როცა ის საყვირის ჩაბერვას დააპირებს, დასრულდება ღვთის წმინდა საიდუმლო, როგორც მან ახარა თავის მონებს, წინასწარმეტყველებს“. მოვიდა იეჰოვას მიერ დანიშნული დრო ბოლო საყვირის ჩასაბერად! როგორ დასრულდება წმინდა საიდუმლო? იოანე სიხარულით გვიხსნის ამას: «ჩაჰბერა საყვირს მეშვიდე ანგელოზმა და გაისმა ზეცაში დიდი ხმები: „ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა და ის იმეფებს მარადიულად“ » (გამოცხადება 11:15). ანგელოზთა დასს ნამდვილად აქვს მიზეზი, დიდი, მქუხარე ხმით დასჭექოს და ყველას ამცნოს ისტორიული ცნობა, რადგან ეს მთელი სამყაროსთვის მნიშვნელოვანია. ის ყველა ცოცხალ ქმნილებას ეხება.
2. როდის და როგორ მიაღწია წმინდა საიდუმლომ თავის ტრიუმფალურ დასასრულს?
2 წმინდა საიდუმლო თავის ბედნიერ აპოგეას უახლოვდება. ის დიდებულად აღწევს თავის ტრიუმფალურ დასასრულს 1914 წელს, როცა უფალ იეჰოვას ტახტზე აჰყავს ქრისტე, რათა ერთად იმეფონ. იესო ქრისტე მამის სახელით აქტიურად იწყებს მმართველობას მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაზე. როგორც აღთქმული შთამომავალი, ის იღებს სამეფო ძალაუფლებას, რათა მოსპოს „გველი“ და მისი შთამომავლობა და დედამიწაზე მშვიდობა აღადგინოს (დაბადება 3:15; ფსალმუნი 72:1, 7). როგორც მესია და მეფე, იესო შეასრულებს იეჰოვას სიტყვას და გაამართლებს მამას, „მარადიულობის მეფეს“, რომელმაც მარადიულად უნდა იმეფოს როგორც უზენაესმა უფალმა (1 ტიმოთე 1:17).
3. რატომ დაუშვა იეჰოვამ, მარადიულმა მეფემ, დედამიწაზე სხვა უმაღლესი ხელისუფლებების არსებობა?
3 რა გაგებით გახდა „ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლის“ იეჰოვასი? განა იეჰოვა ყოველთვის მეფე არ იყო?! მართალია, რადგან ლევიანი ასაფი მღეროდა: „ღმერთია ჩემი მეფე უხსოვარი დროიდან“. სხვა ფსალმუნმომღერალი კი ამბობდა: „გამეფდა იეჰოვა! . . უხსოვარი დროიდან არის განმტკიცებული შენი ტახტი. მარადიულად ხარ შენ“ (ფსალმუნები 74:12; 93:1, 2). იეჰოვამ თავისი სიბრძნით დაუშვა, რომ სხვა უმაღლეს ხელისუფლებებსაც ეარსება დედამიწაზე. ამგვარად შესაძლებელი გახდა საბოლოოდ პასუხი გასცემოდა ედემის ბაღში წამოჭრილ საკამათო საკითხს — შეეძლო თუ არა ადამიანს ღვთის გარეშე მმართველობა. ადამიანთა მმართველობა ყოველმხრივ წარუმატებელი აღმოჩნდა. გამართლდა ღვთის წინასწარმეტყველის სიტყვები: „ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). პირველი მშობლების შეცოდების შემდეგ მთელი დედამიწა სატანის, „ძველი გველის“ ძალაუფლებაში გადავიდა (გამოცხადება 12:9; ლუკა 4:6). ახლა დროა, ყველაფერი შეიცვალოს! იმის საჩვენებლად, რომ იეჰოვა კანონიერი მმართველია, ის ახლებურად ანუ მესიის სამეფოს მეშვეობით იწყებს თავისი უზენაესი ძალაუფლების გამოვლენას დედამიწაზე.
4. რაზე გამახვილდა განსაკუთრებული ყურადღება 1922 წელს საყვირების ჩაბერვის დროს? ახსენით.
4 შვიდი საყვირის ჩაბერვის დროს, 1922 წელს, სიდარ-პოინტში (ოჰაიო) ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე ჯ. ფ. რუტერფორდმა წაიკითხა თემა, რომელიც დაფუძნებული იყო ბიბლიურ მუხლზე: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მათე 4:17). მოხსენების დასასრულს მან აღნიშნა: „მაშ, კვლავ გასწიეთ ველისკენ, ო, უზენაესი ღვთის ძეებო! შეიმოსეთ საჭურვლით! ნუ მოდუნდებით, იფხიზლეთ, იყავით აქტიურნი და გაბედულნი, იყავით უფლის ერთგული და ჭეშმარიტი მოწმეები! იბრძოლეთ, ვიდრე ბაბილონის უკანასკნელი კვალი არ წაიშლება! ყველგან აუწყეთ ეს ცნობა! ქვეყნიერებამ უნდა გაიგოს, რომ იეჰოვა ღმერთია და იესო ქრისტე მეფეთა მეფე და უფალთა უფალია! ეს არის დღეთა დღე. მეფე მეფობს! თქვენ ხართ მისი ცნობის საჯაროდ განმცხადებლები. ამიტომ აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“ მას შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება მახვილდებოდა ღვთის სამეფოზე, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას. ამან დიდი ბიძგი მისცა სამეფოს შესახებ ქადაგებას და იმ სხვადასხვა განაჩენის გაცხადებას, რაც შვიდმა ანგელოზმა საყვირების ჩაბერვით გააცხადა.
5. რა მოხდა 1928 წელს ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე, როცა მეშვიდე საყვირის ხმა გაისმა?
5 მეშვიდე ანგელოზის საყვირის ხმა 1928 წლის 30 ივლისიდან 6 აგვისტომდე დეტროიტში (მიჩიგანი) ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე წარმოთქმულ საკვანძო თემებში გაისმა. ტრანსლაცია მიმდინარეობდა 107 რადიოსადგურის საშუალებით, რასაც „ნიუ-იორკ ტაიმზმა“ „ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული რადიოტრანსლაცია“ უწოდა. ამ კონგრესზე დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მტკიცე „გადაწყვეტილება სატანის წინააღმდეგ და იეჰოვას მხარდასაჭერად“. მასში ასევე ნათქვამი იყო, რომ არმაგედონში სატანა და მისი ბოროტი ორგანიზაცია განადგურდებიან და სიმართლის მოყვარულები გათავისუფლდებიან. ღვთის სამეფოს ერთგულმა ქვეშევრდომებმა სიხარულით მიიღეს ახალი 368 გვერდიანი წიგნი „მთავრობა“. მასში მოყვანილი იყო დამაჯერებელი მტკიცებები იმისა, რომ „1914 წელს ღმერთმა თავისი ცხებული მეფე გაამეფა“.
იეჰოვა ძალას იყენებს
6. როგორ აღგვიწერს იოანე, რა მოჰყვა ღვთის სამეფოში ქრისტეს გამეფებას?
6 ღვთის სამეფოში ქრისტეს გამეფებას დიდი სიხარული მოჰყვა. იოანე გვამცნობს: «ოცდაოთხი უხუცესი, რომლებიც ღვთის წინაშე ისხდნენ თავიანთ ტახტებზე, პირქვე დაემხვნენ, თაყვანი სცეს ღმერთს და უთხრეს: „გმადლობთ, იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო, რომელიც ხარ და რომელიც იყავი, შენი დიდი ძალა რომ გამოიყენე და დაიწყე მეფობა“ » (გამოცხადება 11:16, 17).
7. როგორ სწირავდნენ მადლობას იეჰოვა ღმერთს: ა) 24 სიმბოლურ უხუცესთაგან ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფნი? ბ) 24 სიმბოლურ უხუცესთაგან ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილნი?
7 იეჰოვა ღმერთს მადლობას სწირავს 24 უხუცესი, რომლებიც ზეცაში მყოფ ქრისტეს ცხებულ ძმებს განასახიერებენ. 1922 წლიდან მოყოლებული 144 000 სულითცხებულიდან დედამიწაზე დარჩენილები აქტიურად მონაწილეობდნენ საქმეში, რომელიც საყვირების დაყვირებით დაიწყო. ისინი მიხვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათეს 24:3—25:46-ში აღწერილი ნიშანი. მათი თანამსახურები, რომლებიც სიკვდილამდე ერთგულები დარჩნენ, უფლის დღის დასაწყისში აღდგნენ ზეციერი ცხოვრებისთვის. ამგვარად, როცა პირქვე ემხობოდნენ და თაყვანს სცემდნენ იეჰოვას, ისინი 144 000 სულითცხებულის მთელ ჯგუფს წარმოადგენდნენ (გამოცხადება 1:10; 2:10). ისინი მადლიერნი არიან, რომ უზენაესმა უფალმა არ დააყოვნა და დიდებულად დაასრულა თავისი წმინდა საიდუმლო.
8. ა) როგორ იმოქმედა მეშვიდე საყვირის ჩაბერვამ ერებზე? ბ) ვის ებრძოდნენ ერები?
8 რა შეიძლება ითქვას ერებზე? მეშვიდე საყვირის ჩაბერვას სიხარული არ მოუტანია მათთვის. მოვიდა დრო, რომ საკუთარ თავზე გამოსცადონ იეჰოვას რისხვა, როგორც ამას იოანე აღგვიწერს: „მაგრამ ხალხები განრისხდნენ, მოვიდა შენი რისხვა და დანიშნული დრო, რათა გაასამართლო მკვდრები და საზღაური მიაგო შენს მონებს, წინასწარმეტყველებს, წმინდებსა და შენი სახელის მოშიშებს, პატარებსა და დიდებს, და მოსპო დედამიწის მომსპობნი“ (გამოცხადება 11:18). 1914 წლიდან ერები გააფთრებით ებრძოდნენ ერთმანეთს, ღვთის სამეფოსა და, განსაკუთრებით, იეჰოვას „ორ მოწმეს“ (გამოცხადება 11:3).
9. როგორ სპობენ ერები დედამიწას და რა განიზრახა ღმერთმა მათ შესაჩერებლად?
9 ისტორიის განმავლობაში ერები უწყვეტი ომებითა და ზიანის მომტანი მმართველობით სპობდნენ დედამიწას. 1914 წლიდან დედამიწის გავერანებამ შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია. სიხარბისა და კორუფციის შედეგად, უდაბნოების საზღვრები გაფართოვდა და უზარმაზარი ნაყოფიერი მიწები უნაყოფო მიწებად იქცა. მჟავე წვიმებმა და რადიოაქტიულმა ღრუბლებმა ვრცელი ტერიტორიები დააზიანა. დაბინძურდა საკვები. დაბინძურდა ჰაერიც, რომელსაც ვსუნთქავთ, და წყალიც, რომელსაც ვსვამთ. წარმოების ნარჩენები საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს ზღვაში თუ ხმელეთზე. მსოფლიო მპყრობელები ბირთვული იარაღით სრული განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ კაცობრიობას. საბედნიეროდ, იეჰოვა მოსპობს დედამიწის მომსპობთ. ის განაჩენს აღასრულებს ამაყ, უღვთო ადამიანებზე, რომლებსაც დედამიწის ასეთ სავალალო მდგომარეობამდე მიყვანაში მიუძღვით ბრალი (მეორე კანონი 32:5, 6; ფსალმუნი 14:1—3). იეჰოვა მესამე ვაის ამზადებს, რათა პასუხი მოსთხოვოს ამ ბოროტ ადამიანებს (გამოცხადება 11:14).
ვაი მომსპობთ!
10. ა) რა არის მესამე ვაი? ბ) რა გაგებით არის მესამე ვაი ტანჯვაზე უარესი?
10 აი, მესამე ვაიც სწრაფად ახლოვდება. მისი მეშვეობით იეჰოვა მოსპობს მათ, ვინც ბილწავს მის „ფეხსადგამს“, ჩვენს მშვენიერ საცხოვრებელს, დედამიწას (ესაია 66:1). ამ ვაის მესიის სამეფო, ღვთის წმინდა საიდუმლო გამოიწვევს. პირველმა ორმა ვაიმ — კალიების შემოსევამ და ცხენოსანთა ჯარმა — ღვთის მტრების, განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლების, ტანჯვა გამოიწვია. მესამე ვაი კი, რომელიც ღვთის სამეფოდან მოდის, ტანჯვაზე უარესია (გამოცხადება 9:3—19). ის სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს ბოროტ ხალხს და მათ მმართველებს. ეს მოხდება არმაგედონში, როცა იეჰოვას განაჩენი საბოლოოდ აღსრულდება. დანიელი წინასწარმეტყველებდა ამის შესახებ: „იმ მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“. როგორც უზარმაზარი მთა, ღვთის სამეფო უხელმძღვანელებს გალამაზებულ დედამიწას, დაამტკიცებს, რომ იეჰოვაა უზენაესი ხელისუფალი, და მარადიულ სიხარულს მიანიჭებს კაცობრიობას (დანიელი 2:35, 44; ესაია 11:9; 60:13).
11. ა) რა სასიხარულო მოვლენებს აღწერს წინასწარმეტყველება? ბ) ვინ ავლენს წყალობას, როგორ აკეთებს ამას და რა არის ამის შედეგი?
11 მესამე ვაის მოჰყვება სასიხარულო მოვლენები, რომლებიც თანდათანობით ვითარდება უფლის დღის განმავლობაში. მოვიდა დრო, რათა ‘გასამართლდნენ მკვდრები და ღმერთმა საზღაური მიაგოს თავის მონებს, წინასწარმეტყველებს, წმინდებსა და მისი სახელის მოშიშებს’. ეს მკვდრეთით აღდგომას ნიშნავს. სიკვდილის ძილით მიძინებული ცხებული წმინდებისთვის ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი უფლის დღის დასაწყისში აღდგებოდნენ (1 თესალონიკელები 4:15—17). დარჩენილი წმინდები სიკვდილისთანავე აღდგებიან და შეუერთდებიან მათ. ჯილდოს სხვებიც მიიღებენ, მათ შორის ღვთის მონები, ძველი დროის წინასწარმეტყველები, და იეჰოვას სახელის მოშიში სხვა ადამიანები. მათ შორის იქნებიან დიდი გასაჭირის დროს გადარჩენილი უამრავი ხალხი და „მკვდრები, დიდები და პატარები“, რომლებიც ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს აღდგებიან. ღვთის ძეს, მესიასა და მეფეს აქვს სიკვდილისა და სამარის გასაღებები, ამიტომ თავისი მეფური ძალაუფლებით შეუძლია მარადიული სიცოცხლე უბოძოს მათ, ვინც ილტვის ამ ძვირფასი ძღვნისკენ (გამოცხადება 1:18; 7:9, 14; 20:12, 13; რომაელები 6:22; იოანე 5:28, 29). უკვდავება ზეცაში და მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე იეჰოვას წყალობის შედეგად მიღებული ძღვენია, რისთვისაც თითოეული მარადიულად მადლიერი უნდა იყოს! (ებრაელები 2:9).
იხილეთ ღვთის შეთანხმების კიდობანი!
12. ა) გამოცხადების 11:19-ის თანახმად, რა იხილა იოანემ ზეცაში? ბ) რას ადასტურებდა შეთანხმების კიდობანი და რა მოუვიდა მას ისრაელის ბაბილონში გადასახლების შემდეგ?
12 იეჰოვა მეფობს! მესიის სამეფოს მეშვეობით ის უზენაეს ძალაუფლებას იყენებს ადამიანების საკეთილდღეოდ. ამას ადასტურებს ის, რაც იოანემ იხილა: „გაიხსნა ღვთის ტაძრის საწმინდარი ზეცაში და ტაძრის საწმინდარში გამოჩნდა მისი შეთანხმების კიდობანი. დაიწყო ელვა და ჭექა-ქუხილი, გაისმა ხმები, მოხდა მიწისძვრა და ძლიერი სეტყვა წამოვიდა“ (გამოცხადება 11:19). „გამოცხადებაში“ ღვთის შეთანხმების კიდობანი მხოლოდ ამ მუხლში მოიხსენიება. ძველად კიდობანი იმას ადასტურებდა, რომ იეჰოვა თავის ხალხთან, ისრაელთან იყო. კარავში, მოგვიანებით კი სოლომონის ტაძარში, ის წმინდათაწმინდაში იდგა. ძვ. წ. 607 წელს, როცა ისრაელი ბაბილონში გადაასახლეს, იერუსალიმი განადგურდა და შეთანხმების კიდობანიც დაიკარგა. იმ დროიდან დავითის სახლის წარმომადგენლები აღარ გამეფებულან და აღარ დამსხდარან იეჰოვას ტახტზე (1 მატიანე 29:23)a.
13. რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ღვთის შეთანხმების კიდობანი ღვთის ზეციერ საწმინდარში დგას?
13 ახლა, 2 500-ზე მეტი წლის შემდეგ, კიდობანი ისევ გამოჩნდა, მაგრამ იოანეს ხილვაში ის მიწიერ ტაძარში არ მდგარა; ის ღვთის ზეციერ საწმინდარში იდგა. იეჰოვა კვლავ მმართველობს, მან დავითის სამეფო ხაზიდან მოსული მეფე დასვა ტახტზე. მეფე, იესო ქრისტე, ამჯერად ზეციერ იერუსალიმში გამეფდა. მას ამაღლებული მდგომარეობა უკავია და სისრულეში მოჰყავს იეჰოვას სამართალი (ებრაელები 12:22). „გამოცხადების“ მომდევნო თავები უფრო მეტს გვეტყვის ამის შესახებ.
14, 15. ა) ვის შეეძლო შეთანხმების კიდობნის დანახვა ძველ იერუსალიმში და რატომ? ბ) ვის შეუძლია შეთანხმების კიდობნის დანახვა ღვთის ზეციერი ტაძრის საწმინდარში?
14 ძველ იერუსალიმში ისრაელები ვერ ხედავდნენ კიდობანს. მას ვერც ტაძარში მომსახურე მღვდლები ხედავდნენ, რადგან ის წმინდათაწმინდაში იდგა, რომელიც წმინდა ადგილისგან ფარდით იყო გამოყოფილი (რიცხვები 4:20; ებრაელები 9:2, 3). მისი დანახვა მხოლოდ წელიწადში ერთხელ გამოსყიდვის დღეს წმინდათაწმინდაში შესულ მღვდელმთავარს შეეძლო. მას შემდეგ, რაც ზეციერი ტაძრის საწმინდარი გაიხსნა, სიმბოლური კიდობნის დანახვა არა მარტო იეჰოვას მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს შეუძლია, არამედ მის ქვეშევრდომ ასორმოცდაოთხი ათას მღვდელსაც, რომელთა შორის იოანეც არის.
15 ზეცაში საცხოვრებლად აღდგენილები ხედავენ ამ სიმბოლურ კიდობანს, რადგან ისინი, როგორც 24 უხუცესის წარმომადგენლები, თავიანთ ადგილებზე სხედან იეჰოვას ტახტის ირგვლივ. დედამიწაზე იოანეს კლასს წმინდა სულმა დაანახვა, რომ იეჰოვა თავის სულიერ ტაძარში იმყოფება. ისეთი ნიშნებიც ხდებოდა, რომლებიც ხალხს ამ მოვლენის უდიდეს მნიშვნელობას დაანახვებდა. იოანე საუბრობდა ელვაზე, ხმებზე, ქუხილზე, მიწისძვრაზე და სეტყვაზე (შეადარეთ გამოცხადების 8:5). რას ნიშნავდა ეს?
16. რას ნიშნავდა ელვა, ხმები, ქუხილი, მიწისძვრა და ძლიერი სეტყვა?
16 1914 წლიდან რელიგიურ სამყაროში დიდი ძვრები ხდება. ეს ძვრები შეიძლება მიწისძვრას შევადაროთ, რომელსაც, საბედნიეროდ, თან ახლავს ღვთის ერთგულ მსახურთა ხმებიც. ეს ხმები ღვთის სამეფოს დამყარებას იუწყებიან. ბიბლიიდან ქუხილივით ისმის გაფრთხილებები „ქარიშხლის“ მოახლოების შესახებ. ელვის მსგავსად, ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვას ნათელი ეფინებოდა და შემდეგ საჯაროდ ცხადდებოდა. ქრისტიანულ სამყაროსა და მთლიანად ცრუ რელიგიას თავს დაატყდა ღვთის განაჩენის ძლიერი „სეტყვა“. ამ ყოველივეს უნდა მიეპყრო ხალხის ყურადღება, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხის უმრავლესობა, იესოს დროს იერუსალიმში მცხოვრებთა მსგავსად, ყურადღებას არ აქცევდა გამოცხადებაში აღწერილი ნიშნების შესრულებას (ლუკა 19:41—44).
17, 18. ა) რა პასუხისმგებლობას აკისრებს მიძღვნილ ქრისტიანებს შვიდი ანგელოზის საყვირების ხმა? ბ) როგორ ასრულებენ ქრისტიანები თავიანთ დავალებას?
17 კვლავ ისმის შვიდი ანგელოზის საყვირების ხმა და გვაუწყებს ისტორიულ მოვლენებს, რაც დედამიწაზე ხდება. მიძღვნილ ქრისტიანებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომ კვლავაც გააცხადონ ეს ცნობები მთელ მსოფლიოში. ისინი სიხარულით ასრულებენ ამ დავალებას, რასაც ბოლო ოცი წლის მონაცემები ცხადყოფს. 1986—2005 წლებში მათ თითქმის გააორმაგეს იმ საათების რაოდენობა, რომელსაც ყოველწლიურად უთმობენ მსახურებას. საათების რიცხვი 680 837 042 საათიდან 1 278 235 504 საათამდე გაიზარდა. „ღვთის წმინდა საიდუმლო“ მართლაც ემცნო „მსოფლიოს კიდით კიდემდე“ (გამოცხადება 10:7; რომაელები 10:18).
18 ჩვენ სხვა ხილვებსაც გავეცნობით, რადგან ღვთის სამეფოს განზრახვები კვლავ ცხადდება.
[სქოლიოები]
a რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი გვამცნობს, რომ ძვ. წ. 63 წელს, როცა იერუსალიმი აიღეს და გნეუს პომპეუსი ტაძრის საწმინდარში შევიდა, ის ცარიელი დახვდა. იქ აღარ იდგა შეთანხმების კიდობანი (Tacitus “History”, 5.9).
[ჩარჩო 173 გვერდზე]
საყვირით გაცხადებული იეჰოვას განაჩენის საყურადღებო დეტალები
1. 1922 წ. სიდარ-პოინტი, ოჰაიო: ქრისტიანული ქვეყნების რელიგიურ, პოლიტიკურ ლიდერებსა და წამყვან ბიზნესმენებს პასუხი მოსთხოვეს, თუ რატომ ვერ მოუტანეს ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და ბედნიერება. ამას მხოლოდ მესიის სამეფო შეძლებს.
2. 1923 წ. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია: საჯარო მოხსენებამ „ერები არმაგედონისკენ მიემართებიან, დღეს მცხოვრები მილიონები კი არასდროს დაიხოცებიან“ მოუწოდა მშვიდობის მოყვარულ „ცხვარს“, გამოსულიყო კაცობრიობის დამღუპველი მორევიდან.
3. 1924 წ. კოლუმბუსი, ოჰაიო: სამღვდელოება მხილებულია, რადგან თავს განიდიდებს და უარს ამბობს მესიის სამეფოს შესახებ ქადაგებაზე. ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა უნდა იქადაგონ ღვთის შურისგებაზე და ანუგეშონ მგლოვიარე კაცობრიობა.
4. 1925 წ. ინდიანაპოლისი, ინდიანა: ქრისტიანული სამყაროს სულიერი სიბნელე დაპირისპირებულია სამეფოს შესახებ დამაიმედებელ ცნობასთან, რომელიც გვპირდება მშვიდობას, კეთილდღეობას, სიცოცხლეს, თავისუფლებასა და მარადიულ ბედნიერებას.
5. 1926 წ. ლონდონი, ინგლისი: ქრისტიანულ სამყაროსა და მის სამღვდელოებას თავს ესხმის „კალია“ და ამხელს მათ, რადგან ისინი უარყოფენ ღვთის სამეფოს. დიდ სიხარულს იწვევს ზეციერი მმართველობის დაბადება.
6. 1927 წ. ტორონტო, კანადა: ცხენოსანთა ლაშქარი მოუწოდებს ხალხს, მიატოვონ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები და მთელი გულით უერთგულონ იეჰოვა ღმერთს, მის სამეფოს და მის დანიშნულ მეფეს.
7. 1928 წ. დეტროიტი, მიჩიგანი: მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სატანის წინააღმდეგ და იეჰოვას მხარდასაჭერად, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 1914 წელს გამეფებული ღვთის ცხებული მეფე გაანადგურებს სატანის ბოროტ ორგანიზაციას და გაათავისუფლებს კაცობრიობას.
[ჩარჩო 175 გვერდზე]
დედამიწის მოსპობა
„ყოველ სამ წამში ფეხბურთის მოედნისხელა ტენიანი ტყის მონაკვეთი ნადგურდება. . . ტყის განადგურება მცენარეთა და ცხოველთა ათასობით სახეობის მოსპობას იწვევს“ (რენდ მაკნელის მსოფლიო ატლასი „Illustrated Atlas of the World“).
„ორი საუკუნეა, რაც დასახლებები გაჩნდა და [ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ტბები] მსოფლიოს უდიდეს საკანალიზაციო სისტემად იქცა“ („The Globe and Mail“, კანადა).
1986 წლის აპრილში ჩერნობილში (ყოფილი სსრკ) მომხდარი ატომური ელექტროსადგურის აფეთქება და ხანძარი „ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ. . . ყველაზე მასშტაბური ბირთვული კატასტროფა იყო“. „ჰაერში, მიწასა და წყალში გავრცელებული რადიაციის დონე ბირთვული იარაღის გამოცდისა და ოდესმე აფეთქებული ბომბების შედეგად გავრცელებულ რადიაციის დონეს გაუტოლდა“ (“JAMA”; “The New York Times”).
მინამატაში (იაპონია) ქიმიურმა ქარხანამ მეთილვერცხლისწყალი ახლომდებარე ყურეში ჩაუშვა. ამ ნივთიერებით მოწამლული თევზისა და მოლუსკების საკვებად გამოყენებამ გამოიწვია მინამატას დაავადება, „ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება. . . [1985 წლის] ოფიციალური მონაცემებით მთელ იაპონიაში 2 578 ადამიანს აღმოაჩნდა მინამატას დაავადება“ (“International Journal of Epidemiology”).
[ჩარჩო 176 გვერდზე]
მნიშვნელოვანი ცნობები, რომლებიც გამოცხადების 11:15—19-შია ჩაწერილი, მომდევნო ხილვების შესავალია. „გამოცხადების“ მე-12 თავში დაწვრილებით აღიწერება ის, რაც ანგელოზმა გამოცხადების 11:15, 17-ში გააცხადა. მე-13 თავი კი გვიხსნის გამოცხადების 11:18-ს, კერძოდ, სატანის პოლიტიკური ორგანიზაციის, დედამიწის მომსპობი ორგანიზაციის, წარმოშობასა და განვითარებას. მე-14 და მე-15 თავები დაწვრილებით აღგვიწერს განაჩენს, რომელსაც სამეფო აღასრულებს და რომელიც მეშვიდე საყვირის დაყვირებასა და მესამე ვაის მოჰყვება.
[სურათები 174 გვერდზე]
იეჰოვა მოსპობს დედამიწის მომსპობთ.