ხსნა იესო ქრისტეს გამოცხადებისას
„გიხაროდეთ. . . რათა. . . იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას“ (1 პეტრე 4:13).
იეჰოვამ თავისი მოწმეები მრავალი საჩუქრით გაამდიდრა. მან, როგორც უდიდესმა მასწავლებელმა, გაგვანათლა თავისი ნებისა და განზრახვის სრული შემეცნებით. სულიწმიდის მეშვეობით ჩვენში განავითარა სინათლის უფრო შორს გავრცელების უნარი. ღმერთის სულიწმიდით აღძრული მოციქული პავლე 1 კორინთელთა 1:6, 7-ში გვეუბნება: „ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში, — ისე, რომ არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში“.
2 რა იგულისხმება „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში“? აქ იგულისხმება დრო, როცა იესო ცხადდება, როგორც დიდებული მეფე და მიიღებს ზომებს, რათა დააჯილდოოს თავისი ერთგული მიმდევრები და შური იძიოს უღმერთო ადამიანებზე. როგორც 1 პეტრეს 4:13-შია ნაჩვენები, უმწიკვლოებაშენარჩუნებულ სულით ცხებული ქრისტიანებისა და „უამრავი ხალხი“-დან მათი ერთგული თანამგზავრებისთვის ეს იქნება ‘სიხარულისა და მხიარულების’ დრო, რადგანაც ის სატანის სისტემის აღსასრულის მომასწავებელია.
3 ვინაიდან ეს დრო ახლოვდება, გამძვინვარებული სატანა სულ უფრო და უფრო მეტ დაწოლას ახდენს ჩვენზე. მბრდღვინავი ლომის მსგავსად, ის ცდილობს ჩაგვყლაპოს. ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ! (1 პეტრე 5:8–10). ჭეშმარიტებაში ახალგაზრდა ჩვენმა თესალონიკელმა ძმებმა, ისევე როგორც ჩვენს დღეებში იეჰოვას მრავალმა მოწმემ, გადაიტანეს მსგავსი მწუხარება. ამიტომ, მათდამი მიმართულ მოციქულ პავლეს სიტყვებს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის წერდა: „რამეთუ სამართლიანია ღმერთის წინაშე — ჭირით მიუზღოს თქვენს შემაჭირვებლებს. თქვენ კი, შეჭირვებულთ, — მოსვენება ჩვენთან ერთად უფალ იესოს გამოცხადებაში ციდან, მისი ძალის ანგელოზებითურთ, რომელიც ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფლის იესოს სახარებას“ (2 თესალონიკელთა 1:6–8). დიახ, შვებისმომტანი დრო დადგება!
4 პავლეს დროს მრავალი მწუხარება იუდეველი რელიგიური ბელადების მიერ იყო გამოწვეული. დღესაც, ასევე, იეჰოვას მშვიდობისმოყვარე მოწმეებს პროვოცირებას უკეთებენ ისინი, რომლებიც აცხადებენ, რომ ღმერთის წარმომადგენლები არიან, განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება. ისინი პრეტენზიას აცხადებენ, რომ იცნობენ ღმერთს, მაგრამ უარყოფენ ‘ერთადერთ იეჰოვას’, ბიბლიის ღმერთს და მას მისტიკურ სამებაზე ცვლიან (მარკოზი 12:29). ისინი არ ემორჩილებიან ჩვენი უფლის, იესოს, კეთილ ცნობას და მოელიან, რომ შემსუბუქებას მოიტანს ადამიანთა ხელისუფლებები და უარყოფენ კეთილ ცნობას მომავალი სამართლიანი ქრისტეს სამეფოს შესახებ. ყველა ეს რელიგიური მოწინააღმდეგე უნდა დაიღუპოს ‘უფალ იესოს ციდან გამოცხადების’ დროს!
„მოდის“ იესო ქრისტე
5 იესომ ამ გამოცხადების ნათელი სურათი წარმოგვიდგინა. ეს ჩაწერილია მათეს 24:29, 30-ში. თავისი თანდასწრებისა და სისტემის აღსასრულის სხვადასხვა დამახასიათებელი ნიშნების აღწერის შემდეგ ის ამბობს: „და მაშინვე, ჭირის იმ დღეების შემდგომ მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან“. იმ დროს „გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში“. დედამიწის ყველა ტომი „მოჰყვება მოთქმას. . . და იხილავენ ძე კაცისას [ღმერთის მესიანურ მეფეს] — ცის ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალითა და დიდებით“. ამ სიტყვაში ‘მომავალი’, ბერძნულად ერ·ხო·მე·ნონ, იგულისხმება იესოს, როგორც იეჰოვას გამმართლებლის გამოჩენა.
6 ის რომ „მოდის“, ამას ასევე, აღწერს მოციქული იოანე გამოცხადების 1:7-ში, სადაც ამბობს: „აი, ის მოდის ღრუბლებით“. ოჰ, ის მტრები, პირდაპირი მნიშვნელობით, ვერ იხილავენ იესოს, ვინაიდან სიტყვა ‘ღრუბლები’ მიუთითებს, რომ განაჩენის შესასრულებლად ის უხილავად მოვა. თუ ადამიანები პირდაპირ დაინახავდნენ მის ზეციურ დიდებას, ისინი დაბრმავდებოდნენ, როგორც პავლე დამასკოს გზაზე, რომელსაც კაშკაშა სინათლის სახით მოევლინა სახელგანთქმული იესო (საქმე 9:3–8; 22:6–11).
7 გამოცხადების წიგნში ნათქვამია, რომ „დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი“. ეს ნიშნავს, რომ განადგურების დროს, რომელსაც იესო დაატეხავს მათ, დედამიწაზე მისი მოწინააღმდეგეები გაიგებენ, რომ ის მოვიდა ძალითა და ბრწყინვალე დიდებით იეჰოვას განაჩენის შესასრულებლად. რატომ აღიწერებიან ეს მტრები როგორც ‘ისინი, რომელთაც განგმირეს იგი’? იმიტომ, რომ ისინი ისევე გამძვინვარებულნი არიან დღეს იეჰოვას მსახურთა მიმართ, როგორც ის პირები, რომლებიც იესოს დევნიდნენ. ისინი ნამდვილად ‘აქვითინდებიან მის წინაშე’.
8 როგორ მოვა იეჰოვას შურისგების ეს დღე? იესოს წინასწარმეტყველება, რომელიც ჩაწერილია ლუკას სახარების 21-ე თავში, აღწერს კატასტროფულ მოვლენებს, რომლებიც მისი თანდასწრების ნიშანია 1914 წლიდან. შემდეგ, 34-ე და 35-ე მუხლებში იესო იძლევა გაფრთხილებას: „გაფრთხილდით, რომ თქვენი გული არ დამძიმდეს ღრეობით, ლოთობით და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ თქვენც არ გისწროთ მოულოდნელად, ვინაიდან, ის როგორც მახე, დაეცემა ყველა მცხოვრებს მთელი დედამიწის პირზე“. დიახ, იეჰოვას შურისგების ეს დღე უეცრად, თვალის დახამხამებაში მოვა! ამას ადასტურებს პავლე მოციქულის სიტყვები 1 თესალონიკელთა 5:2, 3-დან: «უფლის დღე ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი. ვინაიდან, როცა იტყვიან: „მშვიდობა და უსაფრთხოება“, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება». ხალხები უკვე ახლა ლაპარაკობენ მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ და განზრახული აქვთ, განამტკიცონ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რათა მან სამხედრო ძალებით დაამყაროს წესრიგი იმ ადგილებში, სადაც არეულობაა.
9 შემდეგ, მე-4 და მე-5 მუხლებში მოციქული გვეუბნება: „მაგრამ თქვენ, ძმებო, სიბნელეში არ იმყოფებით, რომ დღე წამოგეწიოთ ქურდივით. ვინაიდან თქვენ ყველანი სინათლის ძენი ხართ და დღის ძენი; არც ღამის ვართ ჩვენ და არც სიბნელისა“. ჩვენ მოხარულნი ვართ ვიყოთ სინათლის შვილები — სინათლის მატარებლები სხვა ადამიანებისთვის, რომლებსაც წყურიათ ჭეშმარიტი მშვიდობა და უსაფრთხოება ღმერთის ახალ ქვეყნიერებაში. ფსალმუნის 96:10, 11-ში ვკითხულობთ: „უფლის მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება; ის იცავს მის წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ. შუქი იღვრება წმიდისათვის და გულმართალთათვის — მხიარულება“.
მოვლენების თანმიმდევრობა
10 რა თანმიმდევრობით განვითარდება მოვლენები, როცა გაჩაღდება დიდი ჭირი? მოდით, მივმართოთ გამოცხადების მე-16 თავს. ყურადღება მიაქციე, რომ მე-13 და მე-16 მუხლების თანახმად, დემონური ძალები მთელი მსოფლიოს ხალხებს აგროვებენ ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიდი დღისთვის ჰარ-მეგიდონში. ისევ მახვილდება ყურადღება ანგარიშის გასწორების დღის, როგორც ქურდის, მოახლოებაზე და გვეძლევა გაფრთხილება, რომ უნდა დავრჩეთ ფხიზელნი — შევინარჩუნოთ სულიერი სამოსელი, რომელიც ჩვენთვის გადარჩენას ნიშნავს. მოვიდა დრო, ხალხებისა და ერების და კიდევ ვიღაცის სასამართლოს ჩატარებისა. ვინ არის ეს ვიღაცა?
11 ეს სიმბოლური ქალია, რომელიც ნამდვილად ცდილობდა თავი ‘რაღაცად’ წარმოედგინა. ის გამოცხადების 17:5-ში აღწერილია, როგორც „საიდუმლო: დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედა“. მაგრამ იეჰოვას მოწმეებისთვის იგი უკვე საიდუმლო აღარ არის. ის სავსებით ნათლად შეიცნობა, როგორც ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი, რომელშიც წამყვანი ადგილი ქრისტიანული სამყაროს სექტებს უკავია. ის, რომ იგი ერევა პოლიტიკურ საქმეებში, ის, რომ იგი ‘თვრება წმიდანთა სისხლით’, ვინაიდან დევნის ჭეშმარიტ ქრისტიანებს, და რომ ის პასუხისმგებელია „დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი“-ს გამო, მხოლოდ ჩვენს XX საუკუნეში ომებში მოკლული ას მილიონზე მეტის ჩათვლით, ყველაფერი ეს სისაძაგლეა იეჰოვას თვალში (გამოცხადება 17:2, 6; 18:24).
12 და რაც ყველაზე ცუდია — ესაა ის, რომ ქრისტიანული სამყაროს სექტებმა სირცხვილი მოუტანეს მის სახელს, ვისაც, მათი პირფერული მტკიცების თანახმად, ისინი წარმოადგენენ. ღმერთის სპეტაკი სიტყვის ნაცვლად მათ შემოგვთავაზეს ბაბილონური და ბერძნული ფილოსოფიები, ყველაფერზე ნების დამრთველი ცხოვრების სტილით, რომელიც ბიბლიური პრინციპების უგულებელყოფის გამომხატველია და რომელებმაც ხელი შეუწყეს მთელი რიგი ხალხების მორალურ დაცემას. მათ შორის არიან ძუნწი საქმოსნები, რომლებიც იაკობის 5:1, 5-ში განსჯილია შემდეგი სიტყვებით: „მოდით აწ თქვენ, მდიდრებო, იტირეთ და მოსთქვით იმ უბედურებაზე, თქვენზე რომ მოდის. თქვენ განცხრომას ეძლეოდით ქვეყანაზე და ნებივრობდით, გული გაისუქეთ, როგორც დღეზე დაკვლისა“.
ძირს, დიდი ბაბილონი!
13 იეჰოვას განაჩენის შესასრულებლად დიდი ჭირის პირველი დარტყმა დიდ ბაბილონზე მოდის. გამოცხადების 17:15–18-ში მოცემულია ღმერთის ‘ნების’ ნათელი აღწერა — აღძრას „ათი რქა“, მრავალეროვანი „მხეცი“-ს, გაეროს, ძლევამოსილი ძალები, რომ გაანადგუროს იგი. „და ათი რქა შენ რომ ნახე და მხეცი, ისინი შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ; ვინაიდან ღმერთმა მისცა მათ გულებს, რომ შეასრულონ ერთი ნება“. გასაკვირი არ არის, რომ ხმა ზეციდან დაჟინებით აცხადებს გამოცხადების 18:4, 5-ში ჩაწერილ სიტყვებს: „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო, რომ არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მიიღოთ მისი წყლულებისაგან. ვინაიდან მისმა ცოდვებმა ცამდე მოაღწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი“. მოწოდება ისევ ჟღერს: ვიდრე გვიან არ არის გაწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი ცრუ რელიგიასთან!
14 როგორ მიიღებს მსოფლიო დიდი ბაბილონის განადგურებას? მოღალატე პოლიტიკოსები — „დედამიწის მეფეები“ — შორიდან იგლოვებენ მას, ვინაიდან ასწლეულების განმავლობაში ისინი სულიერ მეძაობაში ურთიერთკმაყოფილებას პოულობდნენ. ასევე, მის შესახებ ატირდებიან და აქვითინდებიან ძუნწი კომერსანტები, „დედამიწის ვაჭრები. . . რომლებიც მისგან გამდიდრდნენ“. ისინიც მისგან მოშორებით დადგებიან და იტყვიან: „ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირით და ძოწეულით შემოსილო, ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტით მორთულო, ვინაიდან ერთ საათში დაიღუპა ესოდენ დიდი სიმდიდრე“. სამუდამოდ გაქრება სამღვდელო ტანსაცმლის მთელი ბრწყინვალება და მსოფლიოს ყველა საუცხოო ტაძრები! (გამოცხადება 18:9–17). მაგრამ იგლოვებს თუ არა ყველა დიდ ბაბილონზე?
15 პასუხი მოცემულია გამოცხადების 18:20, 21-ში: „გაიხარეთ მასზე, ცაო და წმიდანებო, და მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, ვინაიდან თქვენი სასამართლოთი გაასამართლა ღმერთმა იგი“. როგორც წისქვილის დოლაბი ვარდება ზღვაში, „ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იპოვება“.
16 რა კარგი მიზეზია სიხარულისთვის! ამას ადასტურებს გამოცხადების 19:1–8. ოთხჯერ გაისმის ზეციდან მოწოდება: „ალილუია [ადიდეთ იაჰ, აქ]!“ პირველი სამი „ალილუია“ ხოტბას ასხამს იეჰოვას, სამარცხვინო მეძავზე მის მიერ სამართლიანი განაჩენის სისრულეში მოყვანის გამო. მეტად აღარ არსებობს ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი! ხმა ღმერთის ტახტიდან ამბობს: „აქებდეთ ჩვენ ღმერთს ყოველნი მისი მონანი, მისი მოშიშნი, პატარები და დიდები“. რამხელა პრივილეგია იქნება ჩვენთვის ამ სიმღერაში მონაწილეობის მიღება!
კრავის ქორწილი
17 მეოთხე „ალილუია“-ს შემოაქვს სხვა თემა: „ალილუია! რამეთუ გამეფდა ჩვენი უფალი ღმერთი ყოვლისმპყრობელი“. მაგრამ, ნუთუ არ იყო მსგავსი სიტყვები ნათქვამი გამოცხადების 11:17-ში? იქ ჩვენ ვკითხულობთ: „გმადლობთ შენ, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო. . . რომ აიღე შენი დიდი ძალა და გამეფდი“. დიახ, ასეა. მაგრამ გამოცხადების 11:17-ის კონტექსტი ლაპარაკობს იეჰოვას მიერ 1914 წელს დამყარებული მესიანური სამეფოს შესახებ, რათა „მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით“ (გამოცხადება 12:5). გამოცხადება 19:6-ის კონტექსტი კი ლაპარაკობს დიდი ბაბილონის განადგურების შესახებ. მეძავის მსგავსი რელიგიის ჩამოშორებით იეჰოვა, როგორც ღმერთი, გამართლდება. იმ დროიდან მოყოლებული, მარადიულად გაბატონდება მისადმი, როგორც უზენაესი სუვერენისა და მეფისადმი თაყვანისცემა!
18 მაშასადამე, შეიძლება საზეიმოდ გამოვაცხადოთ: „გავიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივცეთ მას [იაჰ], ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი, და მისმა ცოლმა თავი გაიმზადა. და მიეცა მას, რომ ჩაეცვა ნათელი და წმინდა ბისონი; ვინაიდან ბისონი წმიდანთა სამართლიანობაა“ (გამოცხადება 19:7, 8). ზუსტად არ არის ნათქვამი, როდის იქნება ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფი ცხებულების ზეციური აღდგენა. მაგრამ ამ კონტექსტიდან ვრწმუნდებით, რომ კრავის, იესო ქრისტეს, ქორწილში მათი მონაწილეობა იქნება ბედნიერი დროის პერიოდი, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ისინი იქნებიან სამარცხვინო მეძავის, დიდი ბაბილონის, განადგურების თვითმხილველნი.
სატანის ქვეყნიერება განადგურებულია
19 ისევ გამოჩნდება თეთრი ცხენი, რომელიც პირველად მოხსენიებულია გამოცხადების 6:2-ში. გამოცხადების 19:11-ში ვკითხულობთ: „ზედ [თეთრ ცხენზე] მჯდომარე იწოდება ერთგულად და ჭეშმარიტად, და სიმართლით ასამართლებს და იბრძვის“. ასე მოდის „მეფეთ-მეფე და უფალთ-უფალი“, რათა გაანადგუროს ხალხები და ფეხქვეშ გათელოს ‘ყოვლისმპყრობელი ღმერთის რისხვის, მძვინვარების ღვინის საწნახელი’. ტყუილად იკრიბებიან „მეფენი და მათი ლაშქარნი“ ჰარ-მაგედონში საბრძოლველად. თეთრი ცხენის მხედარი აგვირგვინებს თავის გამარჯვებას. სატანის მიწიერი ორგანიზაციიდან აღარაფერი დარჩება (გამოცხადება 19:12–21).
20 რა მოუვა თვით ეშმაკს? გამოცხადების 20:1–6-ში იესო ქრისტე აღწერილია, როგორც ანგელოზი, „რომელსაც თავის ხელში ჰქონდა უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი“. ის შეიპყრობს დრაკონს, ძველ გველს, რომელიც არის სატანა და ეშმაკი, ბორკავს და აგდებს უფსკრულში, კეტავს და ბეჭედს ადებს. სატანის ჩამოშორებითა და მისგან კაცობრიობის ცდუნების შეუძლებლობით იწყება ქრისტესა და მისი პატარძლის დიდებული ათასწლიანი მმართველობის პერიოდი. მეტად აღარ იქნება სიმწრის ცრემლები! არ იქნება ადამისგან მომდინარე სიკვდილი! არც გლოვა, არც გოდება, არც ავადმყოფობა! „წინანდელნი განქარდნენ“ (გამოცხადება 21:4; ახალი აღთქმა და ფსალმუნები, კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანი).
21 იმ დროს, როდესაც მოუთმენლად მოველით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას, მოდით, გულმოდგინეთ მოვუთხროთ სხვებს სამეფოსთან დაკავშირებული ღმერთის სიყვარულით აღსავსე განზრახვების შესახებ. ხსნა ახლოსაა! დაე, ვიაროთ წინ, მუდამ წინ, როგორც სუვერენი უფლის, იეჰოვას განათლებულმა შვილებმა!
გამეორებისთვის
◻ რა მიუთითებს იმაზე, რომ იესო ქრისტეს გამოცხადება ახლოსაა?
◻ როგორ მოვა იეჰოვას შურისგების დღე?
◻ როგორ უნდა განიხილონ ‘უფლის მოყვარულებმა’ მსოფლიოს დღევანდელი სიტუაცია?
◻ როგორი იქნება მოვლენათა თანმიმდევრობა, როცა დიდი ჭირი დაიწყება?
[სასწავლო კითხვები]
1. როგორ გაამდიდრა იეჰოვამ თავისი მსახურები?
2. რა სასიხარულო პერსპექტივას გვთავაზობს ‘ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადება’?
3. რატომ უნდა ვიდგეთ მტკიცედ, როგორც ჩვენი თესალონიკელი ძმები?
4. რატომ იმსახურებს სამღვდელოება იმ სასამართლოს, რომელიც მასზე განხორციელდება იესოს გამოცხადებისას?
5. რამდენად ნათლად არის აღწერილი იესოს გამოცხადება მათეს 24:29, 30-ში?
6, 7. როგორ „დაინახავს მას ყოველი თვალი“ და ვინ იგულისხმება ამაში?
8. რა გაფრთხილებას აცხადებენ იესოც და პავლეც მოულოდნელი განადგურების შესახებ?
9. ვისთვის ‘იღვრება შუქი’ და რატომ?
10. რომელი წინასწარ გაფრთხილება უნდა გავითვალისწინოთ ღმერთისგან სამაგიეროს გადახდის დღესთან დაკავშირებით? (გამოცხადება 16:15).
11. როგორ გამოიცნობა მთელი სიაშკარავით ქალი გამოცხადების 17:5-დან?
12. რატომ არის ქრისტიანული სამყაროს სექტები მსჯავრდადებული?
13. როგორ მოვა დიდი ჭირის პირველი დარტყმა და რაზეა დაჟინებით გამახვილებული ყურადღება გამოცხადების 18:4, 5-ში?
14. ვინ იქვითინებს დიდი ბაბილონის განადგურების გამო და რატომ?
15, 16. სიხარულის რა მიზეზი ექნება ღმერთის ხალხს?
17. გამოცხადების 11:17-ისა და გამოცხადების 19:6-ის შედარებით, რომელ ორ კონტექსტშია ნათქვამი, რომ იეჰოვა იწყებს მმართველობას, როგორც მეფე?
18. რომელი საზეიმო განცხადება შეიძლება გაისმას დიდი ბაბილონის ჩამოშორებასთან დაკავშირებით?
19. რომელი სხვა მოვლენაა აღწერილი გამოცხადების 19:11–21-ში?
20. რა მოუვა თვით ეშმაკს?
21. რა გადაწყვეტილებით უნდა ვიყოთ აღსავსენი იმ დროს, როდესაც მოუთმენლად მოველით იესო ქრისტეს გამოცხადებას?