-
შეაჩერებს ვინმე ეკოლოგიურ კატასტროფას?საგუშაგო კოშკი — 2014 | 1 სექტემბერი
-
-
შეაჩერებს ვინმე ეკოლოგიურ კატასტროფას?
„თაობა მიდის, თაობა მოდის, დედამიწა კი მარადიულად რჩება“, — მეფე სოლომონი, ძვ. წ. XI საუკუნე.a
საუკუნეების უწინ მცხოვრები ამ სიტყვების დამწერი მკვეთრ განსხვავებას აკეთებს ადამიანის ხანმოკლე სიცოცხლესა და დედამიწის მარადიულობას შორის. მართლაც ათასობით წელია თაობები ერთმანეთს ცვლიან, მაგრამ დედამიწამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს თვითაღდგენის საოცარი უნარი და დღემდე სიცოცხლისუნარიანია.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არნახული ცვლილებების პერიოდი დადგა. სულ რაღაც სამოცდაათ წელიწადში ადამიანებმა უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და სხვა ტექნოლოგიების სფეროში, რამაც უპრეცედენტო ეკონომიკური ცვლილებები გამოიწვია. ამასობაში დედამიწის მოსახლეობა თითქმის გასამმაგდა. დღეს ბევრი კომფორტულად ცხოვრობს, რაც ერთ დროს წარმოუდგენელი იყო.
თუმცა ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებმა თავიანთი დაუდევრობით დედამიწა ბუნებრივი რელსებიდან გადაიყვანეს, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნეს ჩვენს პლანეტას. ზოგი მეცნიერის აზრით, ჩვენ შევაბიჯეთ ახალ გეოლოგიურ ეპოქაში, რომელსაც ანთროპოგენული პერიოდი ეწოდა. ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი თავისი საქმიანობით ეკოლოგიურ ზიანს აყენებს დედამიწას.
ბიბლიამ იწინასწარმეტყველა დროზე, როდესაც ადამიანები მოსპობდნენ დედამიწას (გამოცხადება 11:18). ზოგს აინტერესებს, ჩვენს დროში სრულდება თუ არა ეს წინასწარმეტყველება. სადამდე გაგრძელდება დედამიწის გაჩანაგება? არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც მდგომარეობა ვეღარ გამოსწორდება? მიაყენებს ადამიანი გამოუსწორებელ ზიანს ჩვენს პლანეტას?
საით მიექანება დედამიწა?
მართლა განადგურების ზღვარზეა დედამიწა? ზოგ მეცნიერს უჭირს იმის განსაზღვრა, თუ საბოლოოდ რა გავლენას მოახდენს დედამიწაზე ადამიანის უხეში ჩარევა. ბევრი შეწუხებულია და ფიქრობს, რომ შესაძლოა ვუახლოვდებით იმ კრიტიკულ ზღვარს, როცა უეცარმა და გაუთვალისწინებელმა კლიმატურმა ცვლილებებმა შეიძლება გამანადგურებელი შედეგები მოიტანოს.
მაგალითისთვის ავიღოთ დასავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი საფარი. ზოგი მეცნიერის აზრით, თუ გლობალური დათბობა გაგრძელდება, ყინულის დნობის პროცესი შეუქცევადი გახდება. როგორც ცნობილია, ყინულის საფარი ბუნებრივად ირეკლავს მზის სხივებს. მაგრამ ყინულის საფრის შეთხელებასა და დაპატარავებასთან ერთად, ოკეანე, რომელიც ნაკლებად ირეკლავს მზის სხივებს, თანდათანობით ყინულის საფრის გარეშე დარჩება. ოკეანის ზედაპირი შთანთქავს მზის სხივებს, რაც თავის მხრივ ყინულის სწრაფ დნობას იწვევს. ამ გამანადგურებელი პროცესის შეჩერება შეუძლებელი გახდება. დნობის შედეგად აიწევს ზღვის დონე, რასაც შესაძლოა ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს.
-