მთავარი თემა
შეაჩერებს ვინმე ეკოლოგიურ კატასტროფას?
„თაობა მიდის, თაობა მოდის, დედამიწა კი მარადიულად რჩება“, — მეფე სოლომონი, ძვ. წ. XI საუკუნე.a
საუკუნეების უწინ მცხოვრები ამ სიტყვების დამწერი მკვეთრ განსხვავებას აკეთებს ადამიანის ხანმოკლე სიცოცხლესა და დედამიწის მარადიულობას შორის. მართლაც ათასობით წელია თაობები ერთმანეთს ცვლიან, მაგრამ დედამიწამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს თვითაღდგენის საოცარი უნარი და დღემდე სიცოცხლისუნარიანია.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არნახული ცვლილებების პერიოდი დადგა. სულ რაღაც სამოცდაათ წელიწადში ადამიანებმა უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და სხვა ტექნოლოგიების სფეროში, რამაც უპრეცედენტო ეკონომიკური ცვლილებები გამოიწვია. ამასობაში დედამიწის მოსახლეობა თითქმის გასამმაგდა. დღეს ბევრი კომფორტულად ცხოვრობს, რაც ერთ დროს წარმოუდგენელი იყო.
თუმცა ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებმა თავიანთი დაუდევრობით დედამიწა ბუნებრივი რელსებიდან გადაიყვანეს, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნეს ჩვენს პლანეტას. ზოგი მეცნიერის აზრით, ჩვენ შევაბიჯეთ ახალ გეოლოგიურ ეპოქაში, რომელსაც ანთროპოგენული პერიოდი ეწოდა. ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი თავისი საქმიანობით ეკოლოგიურ ზიანს აყენებს დედამიწას.
ბიბლიამ იწინასწარმეტყველა დროზე, როდესაც ადამიანები მოსპობდნენ დედამიწას (გამოცხადება 11:18). ზოგს აინტერესებს, ჩვენს დროში სრულდება თუ არა ეს წინასწარმეტყველება. სადამდე გაგრძელდება დედამიწის გაჩანაგება? არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც მდგომარეობა ვეღარ გამოსწორდება? მიაყენებს ადამიანი გამოუსწორებელ ზიანს ჩვენს პლანეტას?
საით მიექანება დედამიწა?
მართლა განადგურების ზღვარზეა დედამიწა? ზოგ მეცნიერს უჭირს იმის განსაზღვრა, თუ საბოლოოდ რა გავლენას მოახდენს დედამიწაზე ადამიანის უხეში ჩარევა. ბევრი შეწუხებულია და ფიქრობს, რომ შესაძლოა ვუახლოვდებით იმ კრიტიკულ ზღვარს, როცა უეცარმა და გაუთვალისწინებელმა კლიმატურმა ცვლილებებმა შეიძლება გამანადგურებელი შედეგები მოიტანოს.
მაგალითისთვის ავიღოთ დასავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი საფარი. ზოგი მეცნიერის აზრით, თუ გლობალური დათბობა გაგრძელდება, ყინულის დნობის პროცესი შეუქცევადი გახდება. როგორც ცნობილია, ყინულის საფარი ბუნებრივად ირეკლავს მზის სხივებს. მაგრამ ყინულის საფრის შეთხელებასა და დაპატარავებასთან ერთად, ოკეანე, რომელიც ნაკლებად ირეკლავს მზის სხივებს, თანდათანობით ყინულის საფრის გარეშე დარჩება. ოკეანის ზედაპირი შთანთქავს მზის სხივებს, რაც თავის მხრივ ყინულის სწრაფ დნობას იწვევს. ამ გამანადგურებელი პროცესის შეჩერება შეუძლებელი გახდება. დნობის შედეგად აიწევს ზღვის დონე, რასაც შესაძლოა ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს.
მზარდი ეკოლოგიური კრიზისი
მეცნიერებმა უამრავი სტრატეგია შეიმუშავეს საგანგაშო მდგომარეობის გამოსასწორებლად. ერთ ასეთ გრძელვადიან სტრატეგიას უწოდეს მდგრადი განვითარება, რომელიც გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკურ ზრდას გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. რა შედეგები მოაქვს ამას?
სამწუხაროდ, გლობალური ეკონომიკური კრიზისის მსგავსად, ეკოლოგიური კრიზისიც კატასტროფულად იზრდება. ადამიანები ბუნებრივ რესურსებს იმაზე სწრაფად მოიხმარენ, ვიდრე დედამიწას შეუძლია ამ მარაგის შევსება. შესაძლებელია მდგომარეობის გამოსწორება? გარემოს დაცვის ერთმა მუშაკმა გულწრფელად აღიარა: „სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს, როგორ განვკარგოთ დედამიწის რესურსები წარმატებით“. ეს სიტუაცია ზუსტად მიესადაგება ბიბლიაში ჩაწერილ ჭეშმარიტებას: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
მეორე მხრივ, ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთი, ჩვენი შემოქმედი, არ დაუშვებს, რომ ადამიანმა ბოლო მოუღოს დედამიწას. ფსალმუნის 115:16-ში ვკითხულობთ: „დედამიწა [ღმერთმა] ადამიანთა ძეებს მისცა“. დიახ, ჩვენი პლანეტა ჩვენი ზეციერი მამისგან ბოძებული „კარგი ძღვენია“ (იაკობი 1:17). განა ღმერთი ისეთ რამეს გვაჩუქებდა, რაც დროებით კარგად იმუშავებდა, შემდეგ კი შეწყვეტდა ფუნქციონირებას? რა თქმა უნდა, არა! ამას ამტკიცებს თუნდაც ის, თუ როგორ არის ჩვენი პლანეტა შექმნილი.
შემოქმედის განზრახვა
ბიბლიის წიგნი „დაბადება“ დეტალურად აღწერს იმას, თუ როგორ საგულდაგულოდ გამოსახა შემოქმედმა დედამიწა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ თავდაპირველად „დედამიწა იყო უფორმო და უდაბური“. შემდეგ მოხსენიებულია წყლები, სიცოცხლისთვის მეტად აუცილებელი რესურსი (დაბადება 1:2). შემდეგ თქვა ღმერთმა: „გამოჩნდეს სინათლე“ (დაბადება 1:3). როგორც ჩანს, მზის სხივებმა შემოაღწია ატმოსფეროში და დედამიწაზე პირველად გამოჩნდა სინათლე. ამას მოჰყვა ხმელეთისა და ზღვების ფორმირება (დაბადება 1:9, 10). ამის მერე „დაიწყო მიწამ ბალახის, თესლოვანი მცენარეებისა და თესლიანი ნაყოფის მომცემი ხეების აღმოცენება“ (დაბადება 1:12). ღმერთმა სიცოცხლისთვის აუცილებელი პროცესები და ციკლები დააწესა, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ფოტოსინთეზი. რა მიზნით მოამზადა შემოქმედმა ასე საგულდაგულოდ დედამიწა?
ძველ დროში მცხოვრებმა წინასწარმეტყველმა ესაიამ ღვთის შესახებ თქვა, რომ ის იყო „დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი, რომელმაც განამტკიცა იგი და ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). აშკარაა, რომ ღმერთს სურს, დედამიწა მარადიულად იყოს დასახლებული.
სამწუხაროდ, ადამიანები იმდენად უდიერად ექცევიან ღვთის ამ შეუდარებელ და შესანიშნავ ძღვენს, რომ ლამის მოსპონ დედამიწა. ყველაფრის მიუხედავად, შემოქმედს არ შეუცვლია თავისი განზრახვა. ძველად მცხოვრებმა ერთმა კაცმა თქვა: „ღმერთი ადამიანი არ არის, რომ ტყუილი თქვას, არც ადამიანის ძეა, რომ ინანოს, თქვას და არ გააკეთოს“ (რიცხვები 23:19). ღმერთი არ დაუშვებს დედამიწის განადგურებას! სინამდვილეში, პირიქით მოხდება — მალე დადგება ის დრო, როცა ღმერთი „მოსპობს დედამიწის მომსპობთ“ (გამოცხადება 11:18).
დედამიწა — ჩვენი მარადიული სახლი
იესო ქრისტემ მთაზე ქადაგებისას აღნიშნა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5). შემდეგ იესომ მოიხსენია, თუ რა იხსნიდა დედამიწას განადგურებისგან. მან მოუწოდა თავის მიმდევრებს ასე ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“. დიახ, ღვთის სამეფო ანუ ხელისუფლება განახორციელებს ღვთის განზრახვას დედამიწაზე (მათე 6:10).
სამეფო არნახულ ცვლილებებს მოახდენს. ღმერთი აცხადებს: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“ (გამოცხადება 21:5). ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი ახლიდან შექმნის დედამიწას? არავითარ შემთხვევაში, რადგან ჩვენს პლანეტას არანაირი ნაკლი არა აქვს. ღმერთი მოსპობს მათ, ვინც პასუხისმგებელია ეკოლოგიურ კრიზისზე, ვინც სპობს დედამიწას; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დღევანდელ სამთავრობო სტრუქტურებს. ადამიანური მმართველობა შეიცვლება „ახალი ცით და ახალი დედამიწით“. ახალი ზეციერი ხელისუფლება ანუ ღვთის სამეფო იმმართველებს დედამიწის ახალ საზოგადოებაზე (გამოცხადება 21:1).
ღმერთი აღადგენს ადამიანის ხელით მიყენებულ ეკოლოგიურ ზიანს. ფსალმუნმომღერალმა ღვთის შთაგონებით დაწერა, თუ რას გააკეთებს იეჰოვა: „ყურადღება გაქვს მიპყრობილი დედამიწისკენ, რომ სიუხვე მისცე“. ღვთის კურთხევით დედამიწაზე გაუმჯობესდება კლიმატური პირობები და ის სამოთხედ გადაიქცევა, სადაც უხვად იქნება საკვები (ფსალმუნი 65:9—13).
ინდოეთის სულიერმა ლიდერმა, აწ განსვენებულმა მოჰანდას განდიმ, ერთხელ განაცხადა: „დედამიწა აკმაყოფილებს ყველა ადამიანის აუცილებელ საჭიროებებს და არა — სიხარბეს“. ღვთის სამეფო ადამიანთა გულებს შეცვლის და ასე აღმოფხვრის დედამიწის პრობლემების გამომწვევ მიზეზებს. წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ სამეფოს მმართველობის დროს ადამიანები „ზიანს აღარ მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ“ (ესაია 11:9). ფაქტობრივად, სხვადასხვა კულტურისა და წარმომავლობის მილიონობით ადამიანი დღეს უკვე ეცნობა ღვთის მაღალზნეობრივ ნორმებს. ისინი სწავლობენ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, მადლიერების გამოვლენას, გარემოზე ზრუნვასა და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილებას. ისინი თავიანთი ცხოვრების წესით ცხადყოფენ, რომ მხარს უჭერენ შემოქმედის განზრახვას და დღესვე ემზადებიან დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში საცხოვრებლად (ეკლესიასტე 12:13; მათე 22:37—39; კოლოსელები 3:15).
ბიბლიის წიგნი „დაბადება“ შემოქმედების პროცესს ასეთი სიტყვებით ასრულებს: „დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). ნამდვილად, ღმერთი არ დაუშვებს ჩვენი უნიკალური დედამიწის განადგურებას! ჩვენთვის დიდი ნუგეშია იმის ცოდნა, რომ ჩვენი პლანეტის მომავალი მოსიყვარულე შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, ხელშია. ღმერთი გვპირდება: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). დაე, თქვენც იყოთ იმ მართლებს შორის, რომელთათვისაც დედამიწა მარადიული სახლი გახდება.
a აღებულია ბიბლიიდან, ეკლესიასტეს 1:4.