ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 21
რას მოასწავებს „გამოცხადება“ ჩვენთვის?
„ამინ! მოდი, უფალო იესო!“ (ᲒᲐᲛᲝᲪᲮ. 22:20).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 142 მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჩვენს იმედს
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. რა მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას თითოეული ადამიანი?
ᲓᲦᲔᲡ ყველა ადამიანი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას. მათ ან იეჰოვა უნდა აღიარონ სამყაროს უზენაეს მმართველად, ან მის დაუძინებელ მტერს, სატანა ეშმაკს, დაუჭირონ მხარი. ნეიტრალური პოზიცია არ არსებობს. თითოეული ადამიანის მომავალი ამ არჩევანზეა დამოკიდებული (მათ. 25:31—33, 46). „დიდი გასაჭირის“ დროს ადამიანებს ან დასაღუპავად დაედებათ ნიშანი, ან გადასარჩენად (გამოცხ. 7:14; 14:9—11; ეზეკ. 9:4, 6).
2. ა) რისკენ მოგვიწოდებს ებრაელების 10:35—39? ბ) რაში დაგვეხმარება „გამოცხადების“ გამოკვლევა?
2 წაიკითხეთ ებრაელების 10:35—39. თუ იეჰოვას მხარე დაიკავეთ, მაშინ გონივრული გადაწყვეტილება მიგიღიათ. ალბათ, ახლა იმის სურვილი გაქვთ, რომ სხვებსაც დაეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ამისთვის შეგიძლიათ „გამოცხადებიდან“ ნასწავლი გამოიყენოთ. ამ გასაოცარი წიგნიდან ვიგებთ, რა ბოლო ელით ღვთის მოწინააღმდეგეებს, აგრეთვე, რა ბედნიერი მომავალი ელით მისი მმართველობის ერთგულ მხარდამჭერებს. ამ საკითხების ღრმად კვლევა ღვთის მსახურების სურვილს გაგვიძლიერებს. გარდა ამისა, ნასწავლით შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს, სწორი არჩევანი გააკეთონ და ბოლომდე უერთგულონ ღმერთს.
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ამ სტატიაში განვიხილავთ შემდეგ კითხვებს: რა მომავალი ელით ღვთის მხარდამჭერებს და როგორი აღსასრული ელით „გამოცხადებაში“ აღწერილი ალისფერი მხეცის მხარდამჭერებს?
ᲠᲐ ᲔᲚᲘᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲔᲠᲗᲒᲣᲚᲗ
4. ვის ხედავს იოანე იესოსთან ერთად ზეცაში?
4 იოანე ხილვაში ხედავს ორ ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერენ იეჰოვას მმართველობას და ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს იღებენ. პირველ ჯგუფში შემავალთა რაოდენობა განსაზღვრულია და 144 000-ს შეადგენს (გამოცხ. 7:4). ისინი დედამიწიდან არიან აყვანილი, რომ იესოს გვერდით ზეციერ სამეფოში იმეფონ და უხელმძღვანელონ დედამიწას (გამოცხ. 5:9, 10; 14:3, 4). იოანეს ხილვაში ისინი იესოსთან ერთად დგანან ზეციერი სიონის მთაზე (გამოცხ. 14:1).
5. რა ელით მალე 144 000 რჩეულისგან დედამიწაზე დარჩენილებს?
5 მოციქულების დროიდან მოყოლებული ათასობით ადამიანი იქნა შერჩეული, რომ 144 000 რჩეულს შორის მომხვდარიყო (ლუკ. 12:32; რომ. 8:17). თუმცა როგორც იოანე იგებს, ბოლო დღეებში მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი იქნებოდა დარჩენილი დედამიწაზე. „დიდი გასაჭირის“ დაწყებამდე მათ ღვთის მოწონების ნიშნად საბოლოო ბეჭედი დაესმებათ (გამოცხ. 7:2, 3; 12:17). „დიდი გასაჭირის“ დროს ეს მცირე ჯგუფი აყვანილი იქნება ზეცაში, სადაც შეუერთდება დანარჩენებს, რომლებმაც დედამიწაზე ცხოვრების დროს ბოლომდე უერთგულეს ღმერთს. ისინი იესოსთან ერთად იმმართველებენ ღვთის სამეფოში (მათ. 24:31; გამოცხ. 5:9, 10).
6, 7. ა) რომელ ჯგუფს ხედავს იოანე და რას ვიგებთ მის შესახებ? ბ) რით არის საყურადღებო გამოცხადების მე-7 თავი ღვთის ყველა მსახურისთვის?
6 იოანე კიდევ ერთ ჯგუფს ხედავს, „უამრავ ხალხს“. 144 000-გან განსხვავებით მათი „დათვლა არავის შეეძლო“ (გამოცხ. 7:9, 10). იოანე დამატებით ინფორმაციას გვაწვდის მათ შესახებ: „ამათ დიდი გასაჭირი გამოიარეს, გრძელი სამოსელი გაირეცხეს და კრავის სისხლით გაათეთრეს“ (გამოცხ. 7:14). „დიდი გასაჭირის“ შემდეგ „უამრავი ხალხი“ დედამიწაზე იცხოვრებს და ღვთის კურთხევებით გაიხარებს (ფსალმ. 37:9—11, 27—29; იგავ. 2:21, 22; გამოცხ. 7:16, 17).
7 ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, დარწმუნებული ვართ, რომ საკუთარი თვალით ვიხილავთ გამოცხადების მე-7 თავში ჩაწერილის შესრულებას. ღვთის მსახურებს მართლაც განუმეორებელი დრო გველის! მაშინ განსაკუთრებით დავაფასებთ იმას, რომ იეჰოვას დავუჭირეთ მხარი. კიდევ რას ვიგებთ „გამოცხადებიდან“ „დიდი გასაჭირის“ შესახებ? (მათ. 24:21).
ᲠᲐ ᲔᲚᲘᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲛᲝᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲔᲔᲑᲡ
8. როგორ დაიწყება „დიდი გასაჭირი“ და რას გააკეთებს ხალხის უმეტესობა?
8 როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, მალე პოლიტიკური ძალები თავს დაესხმიან ცრურელიგიურ სამყაროს, იგივე „დიდ ბაბილონს“ (გამოცხ. 17:16, 17). ამას მოჰყვება „დიდი გასაჭირი“. უბიძგებს ეს ხალხს, რომ მასობრივად შემოუერთდნენ იეჰოვას თაყვანისმცემელთა რიგებს? არა, პირიქით, როგორც გამოცხადების მე-6 თავიდან ვიგებთ, ამ კრიტიკულ დროს იმის იმედი ექნებათ, რომ მთებთან შედარებული პოლიტიკური თუ კომერციული სისტემები დაიფარავენ. ვინაიდან ისინი ღვთის სამეფოს მხარეს არ დაიკავებენ, იეჰოვა მათ თავის მოწინააღმდეგეებად ჩათვლის (ლუკ. 11:23; გამოცხ. 6:15—17).
9. რა მხრივ იქნება იეჰოვას ხალხი თვალში საცემი „დიდი გასაჭირის“ დროს და რა მოჰყვება ამას?
9 „დიდი გასაჭირის“ დროს იეჰოვას მსახურების განსხვავებულობა კიდევ უფრო თვალში საცემი გახდება. ღვთის ხალხი ერთადერთი ჯგუფი იქნება დედამიწაზე, რომელიც კვლავაც გააგრძელებს იეჰოვას მსახურებას და მხარს არ დაუჭერს „მხეცს“ (გამოცხ. 13:14—17). მათი მტკიცე პოზიცია იეჰოვას მოწინააღმდეგეებს განარისხებს. შედეგად ერები ერთობლივად გაილაშქრებენ ღვთის ხალხის წინააღმდეგ მთელ დედამიწაზე. ეს გალაშქრება ბიბლიაში წინასწარმეტყველურად არის აღწერილი, როგორც „გოგის“ თავდასხმა (ეზეკ. 38:14—16).
10. გამოცხადების 19:19—21-ის თანახმად, რა რეაქცია ექნება იეჰოვას თავის ხალხზე განხორციელებულ თავდასხმაზე?
10 რა რეაქცია ექნება იეჰოვას ამ თავდასხმაზე? ის თავადვე გვცემს პასუხს: „რისხვით ავენთები“ (ეზეკ. 38:18, 21—23). როგორც გამოცხადების მე-19 თავიდან ვიგებთ, იეჰოვა თავის ძეს გამოგზავნის თავისი ხალხის დასაცავად და მტრების გასანადგურებლად. იესოს ამ გალაშქრებაში შეუერთდება ზეციერი ლაშქარი — ერთგული ანგელოზები და 144 000 თანამმართველი (გამოცხ. 17:14; 19:11—15). რით დასრულდება ეს ბრძოლა? იეჰოვას ყველა მოწინააღმდეგის — ადამიანისა თუ ორგანიზაციის — სრული განადგურებით (წაიკითხეთ გამოცხადების 19:19—21).
ᲝᲛᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲒᲐᲛᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲥᲝᲠᲬᲘᲚᲘ
11. რა დამაგვირგვინებელი მოვლენა უნდა მოხდეს „გამოცხადების“ თანახმად?
11 წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულსა და შვებას იგრძნობენ ღვთის მსახურები მას შემდეგ, რაც ღვთის მტრები განადგურდებიან! მართალია, „დიდი ბაბილონის“ განადგურება ზეცაში დიდ სიხარულს გამოიწვევს, მაგრამ უნდა მოხდეს კიდევ ერთი მოვლენა, რომელსაც უფრო დიდი სიხარული მოჰყვება (გამოცხ. 19:1—3). „გამოცხადება“ ამ დამაგვირგვინებელ მოვლენას აღგვიწერს, როგორც „კრავის ქორწილს“ (გამოცხ. 19:6—9).
12. გამოცხადების 21:1, 2-ის თანახმად, როდის გაიმართება კრავის ქორწილი?
12 როდის გაიმართება ეს ქორწილი? მართალია, არმაგედონამდე 144 000 რჩეული ზეცაში იქნება, მაგრამ კრავის ქორწილი ამ დროს არ გაიმართება (წაიკითხეთ გამოცხადების 21:1, 2). ეს ქორწილი არმაგედონის შემდეგ გაიმართება, როცა ღვთის ყველა მტერს ბოლო მოეღება (ფსალმ. 45:3, 4, 13—17).
13. რა მოჰყვება კრავის ქორწინებას?
13 რა მოჰყვება კრავის ქორწინებას? როგორც ქორწინება აერთიანებს ქალ-ვაჟს, ისე ეს სიმბოლური ქორწინება გააერთიანებს მეფე იესო ქრისტესა და მის „პატარძალს“ ანუ 144 000 რჩეულს. ამ საზეიმო მოვლენით, ასე ვთქვათ, ოფიციალურად ამოქმედდება ახალი ხელისუფლება, რომელიც 1 000 წელი უხელმძღვანელებს კაცობრიობას (გამოცხ. 20:6).
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲘ „ᲓᲘᲓᲔᲑᲣᲚ ᲥᲐᲚᲐᲥᲡ“
14, 15. როგორ არის აღწერილი გამოცხადების 21-ე თავში 144 000? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
14 გამოცხადების 21-ე თავში 144 000 წარმოდგენილია, როგორც ულამაზესი ქალაქი, „ახალი იერუსალიმი“ (გამოცხ. 21:2, 9). ქალაქს საძირკვლად უდევს „12 ქვა კრავის 12 მოციქულის 12 სახელით“. რატომ მიიქცევდა ეს იოანეს ყურადღებას? იმიტომ, რომ ერთ-ერთ ქვაზე თავის სახელს აღმოაჩენდა. რამხელა პატივი ხვდა იოანეს წილად! (გამოცხ. 21:10—14; ეფეს. 2:20).
15 ეს სიმბოლური ქალაქი უჩვეულოდ გამოიყურება. მისი მთავარი ქუჩა ხალასი ოქროსია, 12 კარიბჭე — მარგალიტისა, კედლები და საძირკვლები კი ძვირფასი ქვებითაა ნაგები. ქალაქი იდეალურად სიმეტრიულია (გამოცხ. 21:15—21). მაგრამ მას თითქოს ერთი რამ აკლია. აი, რას ამბობს იოანე: „ტაძარი არ მიხილავს მასში, რადგან მისი ტაძარია ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვა და კრავი. ქალაქს გასანათებლად არც მზე სჭირდებოდა და არც მთვარე, რადგან ღვთის დიდებით იყო განათებული და კრავი იყო მისი ლამპარი“ (გამოცხ. 21:22, 23). მათ, ვინც „ახალ იერუსალიმს“ წარმოადგენს, უშუალო ურთიერთობა ექნებათ იეჰოვასთან. აქედან გამომდინარე, მათ ტაძარი აღარ დასჭირდებათ (გამოცხ. 22:3, 4). გარდა ამისა, ღვთის მსახურებაში მათ ზეციერი მღვდელმთავარი იესო გაუძღვება (ებრ. 7:27). ამიტომაც არიან იეჰოვა და იესო ამ ქალაქის ტაძრად წარმოდგენილი.
16. რას მოუტანს კაცობრიობას ღვთის სამეფოს ათასწლიანი მმართველობა?
16 ცხებულებში ამ ქალაქზე ფიქრი დიდ აღფრთოვანებას იწვევს. მაგრამ ეს ხილვა მათთვისაც საინტერესოა, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს. ღვთის სამეფოს ათასწლიანი მმართველობის დროს „ახალი იერუსალიმი“ მრავალმხრივ აკურთხებს დედამიწის მოსახლეობას. ეს კურთხევები იოანემ სიმბოლური ენით აღწერა, როგორც „სიცოცხლის წყლის მდინარე“, რომლის ორივე მხარესაც „სიცოცხლის ხეები“ იდგა და რომლის ფოთლებიც „ხალხების განსაკურნავად იყო“ (გამოცხ. 22:1, 2). ეს კურთხევები შეეხება იმ დროს მცხოვრებ ყველა ადამიანს. ღვთის მორჩილი ადამიანები თანდათანობით გასრულყოფილდებიან. აღარ იქნება ავადმყოფობა, ტკივილი და გოდება (გამოცხ. 21:3—5).
17. როგორც გამოცხადების 20:11—13-დან ვიგებთ, ვის მოუტანს ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა კურთხევებს?
17 პირველ რიგში ეს კურთხევები შეეხებათ არმაგედონგადატანილ „უამრავ ხალხს“ და მათ, ვინც ახალ ქვეყნიერებაში დაიბადება. გამოცხადების მე-20 თავიდან ვიგებთ, რომ მკვდრებიც აღდგებიან (წაიკითხეთ გამოცხადების 20:11—13). აღდგომა შეეხება, როგორც „მართლებს“ ანუ ღვთის ერთგულ მსახურებს, ისე „უმართლოებს“ ანუ მათ, ვისაც სიცოცხლეში იეჰოვას გაცნობის შესაძლებლობა არ ჰქონია (საქ. 24:15; იოან. 5:28, 29). ეს იმას არ ნიშნავს, რომ ათასწლიანი მმართველობის დროს ყველა აღდგება. ვინც სიკვდილამდე შეგნებულად თქვა უარი იეჰოვას მსახურებაზე, აღდგომას არ დაექვემდებარება. მათ ჰქონდათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოიყენეს, ამიტომ ისინი სამოთხეში ცხოვრებას არ იმსახურებენ (მათ. 25:46; 2 თეს. 1:9; გამოცხ. 17:8; 20:15).
ᲡᲐᲑᲝᲚᲝᲝ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲐ
18. რა მდგომარეობა იქნება დედამიწაზე 1 000 წლის ბოლოს?
18 ათასი წლის ბოლოს დედამიწაზე ყველა ადამიანი სრულყოფილი იქნება. ადამის ცოდვას ძალა დაეკარგება (რომ. 5:12). ამ ცოდვის კვალიც საბოლოოდ წაიშლება. შესაბამისად, 1 000 წლის ბოლოს გასრულყოფილებული ადამიანები, ასე ვთქვათ, გაცოცხლდებიან (გამოცხ. 20:5).
19. რას გამოავლენს საბოლოო გამოცდა?
19 ჩვენ ვიცით, როგორ ცდილობდა სატანა, იესო დათმობაზე წაეყვანა და ეცდუნებინა, მაგრამ უშედეგოდ. იესო ღვთის ერთგული დარჩა. მიჰბაძავენ სრულყოფილი ადამიანები მას, როცა 1 000 წლის ბოლოს უფსკრულიდან გათავისუფლებულ სატანას მათი ცდუნების შესაძლებლობა მიეცემა? იმ დროს ყველას თავად მოუწევს ერთგულების დამტკიცება (გამოცხ. 20:7). ვინც ცდუნებას არ აჰყვება, მარადიულ სიცოცხლესა და ნამდვილ თავისუფლებას მიიღებს (რომ. 8:21). ვინც სატანას შეუერთდება, სამუდამოდ განადგურდება. ეშმაკი და მისი დემონებიც იმავე ხვედრს გაიზიარებენ (გამოცხ. 20:8—10).
20. რა განცდა გეუფლებათ, როცა „გამოცხადებაში“ აღწერილ მოვლენებზე ფიქრობთ?
20 რა განცდა დაგეუფლათ „გამოცხადების“ მოკლე მიმოხილვის შემდეგ? შესაძლოა გონებაში უკვე წარმოისახეთ, როგორ შესრულდება ეს შესანიშნავი წინასწარმეტყველებები. ალბათ, გაგიძლიერდათ იმის სურვილი, რომ სხვებსაც დაეხმაროთ, იეჰოვას მხარე დაიკავონ (გამოცხ. 22:17). მომავალ მოვლენებზე ფიქრით გულანთებულები, ჩვენც ვუერთდებით მოციქულ იოანეს სიტყვებს: „ამინ! მოდი, უფალო იესო!“ (გამოცხ. 22:20).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 27 ღვთის ძეების გამოცხადება
a ეს არის ბოლო სტატია სერიაში, რომელშიც „გამოცხადებას“ მიმოვიხილავთ. როგორც ამ სტატიიდან გავიგებთ, ღვთის ერთგულებს ნათელი მომავალი ელით, მის მოწინააღმდეგეებს კი — სამარცხვინო აღსასრული.