საათი
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში გამოყენებული ბერძნული სიტყვა ჰორა (საათი) გამოხატავს დროის მოკლე პერიოდს; დადგენილ, განსაზღვრულ პერიოდს; დღის ნაწილს. ებრაულ წერილებში არ გვხვდება სიტყვა „საათი“. ძველ ისრაელში დღეს შესაძლოა ოთხ ნაწილად ყოფდნენ (ნემ. 9:3). ებრაულ წერილებში დროის საჩვენებლად კონკრეტული საათების ნაცვლად გამოყენებულია სიტყვები: დილა, შუადღე და საღამო (დბ. 24:11; 43:16; კნ. 28:29; 1მფ. 18:26). გარდა ამისა, უფრო ზუსტ დროზე მიუთითებს გამოთქმები: „მზის ამოსვლისთანავე“ (მსჯ. 9:33), „საღამო ხანს, როცა ნიავი უბერავს“ (დბ. 3:8), „შუადღის პაპანაქება სიცხე“ (დბ. 18:1; 1სმ. 11:11) და „მზის ჩასვლა“ (იეს. 10:27; ლვ. 22:7). საპასექო მსხვერპლი „ორ საღამოს შორის“ უნდა დაკლულიყო, რაც სავარაუდოდ გულისხმობდა მზის ჩასვლასა და დაბნელებას შორის პერიოდს (გმ. 12:6). ამ თვალსაზრისს იზიარებს ზოგი მეცნიერი, აგრეთვე კარაიმები და სამარიელები, თუმცა ფარისევლებისა და იუდაური ტრადიციის დამცველების აზრით, ეს იყო მზის გადახრიდან მზის ჩასვლამდე პერიოდი.
ღვთის მითითებით დასაწვავი შესაწირავი „დილით“ და „ორ საღამოს შორის“ უნდა აღევლინათ სამსხვერპლოზე. ორივე მსხვერპლთან ერთად უნდა აღევლინათ მარცვლეული შესაწირავიც (გმ. 29:38—42). შესაბამისად, გამოთქმები „როცა მარცვლეული შესაწირავი აღევლინებოდა“ (კონტექსტიდან ჩანს, დილა იგულისხმებოდა თუ საღამო; 1მფ. 18:29, 36) და „საღამოს საძღვნო შესაწირავის შეწირვის დრო“ (დნ. 9:21) უფრო კონკრეტულ დროზე მიანიშნებდა.
ღამე დაყოფილი იყო სამ პერიოდად, რომელთაც გუშაგობა ეწოდებოდა. ბიბლიაში მოხსენიებულია „ღამის გუშაგობა“ (ფს. 63:6), „შუაღამის გუშაგობა“ (მსჯ. 7:19) და „დილის გუშაგობა“ (გმ. 14:24; 1სმ. 11:11).
24-საათიანი დღე. მიიჩნევენ, რომ დღე-ღამის 24 საათად დაყოფა (12-საათიანი დღე და 12-საათიანი ღამე) ეგვიპტელებმა შემოიღეს. ამ საათების ხანგრძლივობა წლის დროების ცვლასთან ერთად იცვლებოდა. ზაფხულში დღის საათები ღამის საათებზე მეტი იყო (გარდა ეკვატორისა). დღე-ღამის 24 საათად დაყოფა, რომელთაგან თითოეულში 60 წუთია, არის ეგვიპტელთა დროის ათვლისა და ბაბილონელთა სამოცობითი თვლის სისტემის კომბინაცია. მოგვიანებით ხალხმა (შესაძლოა რომაელებმა) დღის ათვლა შუაღამიდან შუაღამემდე დაიწყო, რის შედეგადაც მოიხსნა საათების ხანგრძლივობის ცვალებადობის პრობლემა, რომელიც წლის დროების ცვლილებით იყო გამოწვეული.
პირველ საუკუნეში. ახ. წ. პირველ საუკუნეში იუდეველები დღეს, რომელიც მზის ამოსვლით იწყებოდა, 12 საათად ყოფდნენ. იესომაც თქვა: „თორმეტი საათი არ არის დღეში?“ (ინ. 11:9). თუმცა ამ საათების რაოდენობა წელიწადის დროების მიხედვით იცვლებოდა. მხოლოდ ბუნიობის დროს ემთხვეოდა მათი რაოდენობა დღის თანამედროვე დაყოფას. როგორც ჩანს, პალესტინაში ეს უმნიშვნელო ცვლილება დიდ სირთულეს არ ქმნიდა. დღე ჩვენი დროით დაახლოებით დილის 6 საათზე იწყებოდა. ვენახში მომუშავეებზე მოყვანილ იგავში იესომ მოიხსენია მე-3, მე-6, მე-9 და მე-11 საათი და თქვა, რომ ერთი საათის შემდეგ „მოსაღამოვდა“ (დაახლ. მე-12 საათი). ეს საათები შეესაბამებოდა ჩვენი დროით დილის 8-9 საათს, 11-12 საათს, 14-15 საათს, 16-17 საათსა და 17-18 საათს (მთ. 20:3, 5, 6, 8, 12; სქ. 3:1; 10:9). ამასთან, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში დროის აღსანიშნავად გამოყენებულია სიტყვები „შუაღამე“ და „მამლის ყივილი“ (მრ. 13:35; ლკ. 11:5; სქ. 20:7; 27:27; იხ. მამლის ყივილი). რომაელების ბატონობის დროს იუდეველებმა, როგორც ჩანს, შემოიღეს რომაული სისტემა, რომლის მიხედვითაც ღამე სამი გუშაგობის ნაცვლად ოთხ გუშაგობად იყო დაყოფილი (ლკ. 12:38; მთ. 14:25; მრ. 6:48).
სხვადასხვა დრო. ზოგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თითქოსდა წინააღმდეგობა არსებობს მარკოზისა და იოანეს სახარებებს შორის. მარკოზის 15:25-ში ნათქვამია, რომ იესო მესამე საათზე გააკრეს ბოძზე, იოანეს 19:14-ში კი წერია, რომ „მეექვსე საათი იქნებოდა“, როცა პილატეს მიერ იესოს საბოლოო გასამართლება დასრულდა. იოანეს ხელი მიუწვდებოდა მარკოზის სახარებაზე და შეეძლო მარკოზის ნათქვამის გამეორება, მაგრამ მას უდავოდ საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, განსხვავებული დრო დაესახელებინა.
რით იხსნება ეს სხვაობა? არაერთი მოსაზრება არსებობს, თუმცა არც ერთი მათგანი ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ არის. არასაკმარისი ინფორმაციის გამო შეუძლებელია ამ მონათხრობებს შორის განსხვავების ზუსტად ახსნა. შესაძლოა ან ერთმა, ან მეორემ დრო დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად დაწერა და არა მოვლენების ქრონოლოგიურად აღსაწერად. როგორც უნდა ყოფილიყო, ფაქტი ერთია — ორივე წმინდა სულის შთაგონებით წერდა.
სინოპტიკური სახარებებიდან აშკარად ჩანს, რომ მეექვსე საათისთვის, ანუ დღის 12 საათისთვის, იესო უკვე იმდენ ხანს ეკიდა ძელზე, რომ ჯარისკაცებმა წილი ჰყარეს მის ტანსაცმელზე, უფროსმა მღვდლებმა, მწიგნობრებმა, ჯარისკაცებმა და გამვლელებმა კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ სახარებებიდან იმასაც ვიგებთ, რომ იესო დაახლოებით 15 საათზე გარდაიცვალა (მთ. 27:38—45; მრ. 15:24—33; ლკ. 23:32—44). ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს იესო ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა (მთ. 27:46—50; მრ. 15:34—37; ლკ. 23:44—46).
სხვა მნიშვნელობები. ხშირ შემთხვევაში ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიტყვა ჰორა ნიშნავს „მაშინვე“ ან „მალევე“. ქალი, რომელიც იესოს ტანსაცმლის ფოჩზე შეეხო, „მაშინვე გამოჯანმრთელდა“ (მთ. 9:22; შდრ. აფ, კს). „საათში“ შეიძლება აგრეთვე იგულისხმებოდეს განსაკუთრებული ან მნიშვნელოვანი დროის მონაკვეთი, რომელიც არ არის განსაზღვრული, ან ამ პერიოდის დასაწყისი. მაგალითად, იესომ თქვა: „იმ დღესა და საათზე ... არავინ იცის“ (მთ. 24:36), „მოდის საათი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს“ (ინ. 16:2) და „მოდის საათი, როცა შედარებებით აღარ დაგელაპარაკებით“ (ინ. 16:25).
ამასთან, ბერძნულში სიტყვა „საათი“ შეიძლება მიუთითებდეს დღის ნებისმიერ დროზე, როგორც ეს მოწაფეების იმ სიტყვებიდან ჩანს, რომლებიც იესოს უთხრეს უკაცრიელ ადგილას მასთან მისული ხალხის შესახებ: «უკაცრიელი ადგილია, თანაც უკვე გვიანია [ბერძ. „საათი გადასულია“]. გაუშვი ეს ხალხი» (მთ. 14:15; მრ. 6:35).
გადატანითი და სიმბოლური მნიშვნელობები. სიმბოლური ან გადატანითი მნიშვნელობით „საათი“ მიუთითებს შედარებით მოკლე პერიოდზე. იესომ მის შესაპყრობად მისულ ბრბოს უთხრა: „ეს თქვენი საათია და სიბნელის ძალაუფლება“ (ლკ. 22:53). ალისფერი მხეცის ათ რქაზე ნათქვამია, რომ ისინი წარმოადგენს ათ მეფეს, რომლებიც მხეცთან ერთად „ერთი საათით“ იღებენ სამეფო ძალაუფლებას (გმც. 17:12). ბიბლიაში დიდი ბაბილონის შესახებ ნათქვამია: „ერთ საათში მოვიდა შენი გასამართლება!“ (გმც. 18:10). ხორბლისა და სარეველას შესახებ იესოს მიერ ნათქვამი სიტყვების (მთ. 13:25, 38) და მოსალოდნელი განდგომილების შესახებ პავლესა (სქ. 20:29; 2თს. 2:3, 7) და პეტრეს (2პტ. 2:1—3) მიერ მიცემული გაფრთხილების საფუძველზე იოანეს, მოციქულთაგან უკანასკნელს, შეეძლო ეთქვა: „შვილებო, ახლა უკანასკნელი საათია და, როგორც უკვე მოისმინეთ, ანტიქრისტე მოდის, უკვე მოვიდა კიდეც მრავალი ანტიქრისტე; აქედან ვიგებთ, რომ უკანასკნელი საათია“. ეს ნამდვილად იყო დროის მოკლე მონაკვეთი, ანუ „უკანასკნელი საათი“, მოციქულთა მოღვაწეობის ბოლო პერიოდი, რის შემდეგაც განდგომილება ფართოდ გავრცელდებოდა (1ინ. 2:18).
როგორც გამოცხადების 8:1—4-დან ვიგებთ, მოციქულმა იოანემ ზეცაში ჩამოვარდნილი ნახევარ-საათიანი დუმილის დროს იხილა ანგელოზი, რომელიც საკმეველს აკმევდა წმინდების ლოცვის დროს. ეს შეგვახსენებს იერუსალიმის ტაძარში „საკმევლის კმევის საათს“ (ლკ. 1:10). ამ „საათს“ ალფრედ ედერშაიმი თავის ნაშრომში იუდაური ტრადიციის მიხედვით აღწერს: „საკმევლის მკმეველი მღვდელი და მისი დამხმარეები წმინდა ადგილზე მისასვლელად ნელა მიუყვებოდნენ საფეხურებს ... შემდეგ დამხმარეთაგან ერთი ოქროს სამსხვერპლოზე მოწიწებით დებდა ნაკვერჩხალს, სხვას კი საკმეველი ეჭირა. ბოლოს შემწირველი მღვდელი მარტო რჩებოდა წმინდა ადგილას და ზედამხედველისგან ელოდებოდა ნიშანს, რათა საკმეველი ეკმია ... ზედამხედველის მიერ ბრძანების გაცემის შემდეგ, რაც იმის ნიშანი იყო, რომ საკმევლის კმევის დრო დადგა, გარეთ მყოფი მთელი ხალხი ტოვებდა შიდა ეზოს, უფლის წინაშე ემხობოდა და ხელაპყრობით ჩუმად ლოცულობდა. სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი — ტაძრის უზარმაზარ ტერიტორიაზე თაყვანსაცემად მისულ უამრავ ხალხში სრული სიჩუმე იდგა, საწმინდარში კი მღვდელი საკმეველს ოქროს სამსხვერპლოზე დებდა და სურნელოვანი ღრუბელი უფლის წინაშე ადიოდა“ (The Temple, 1874, გვ. 138).