იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „პირველი ნეშტთა“
დაახლოებით 77 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. მთავარ ზერუბაბელის მიერ აღდგენილი ტაძარი უკვე 55 წელია, რაც ფუნქციონირებს. იუდეველთა დაბრუნების მთავარი მიზანი იერუსალიმში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენა იყო. მაგრამ ხალხი არ ავლენს იეჰოვას თაყვანისცემისადმი გულმოდგინებას. ისრაელებს ძალიან სჭირდებათ გამხნევება და სწორედ ამით უზრუნველყოფს მათ წიგნი „პირველი ნეშტთა“.
გენეალოგიური მონაცემების გარდა, ეს წიგნი მოგვითხრობს დაახლოებით 40-წლიანი პერიოდის შესახებ, რომელიც მეფე საულის სიკვდილით იწყება და მეფე დავითის სიკვდილით მთავრდება. ფიქრობენ, რომ ეს წიგნი ძვ. წ. 460 წელს მღვდელმა ეზრამ დაწერა. „პირველი ნეშტთა“ ჩვენთვის იმიტომ არის საინტერესო, რომ ის მოგვითხრობს ტაძარში თაყვანისმცემლობის შესახებ და გვაწვდის დეტალებს მესიის საგვარეულო ხაზთან დაკავშირებით. ეს წიგნი ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვის ნაწილია; ამიტომ მისი ცნობა რწმენას გვიძლიერებს და ბიბლიის უფრო ღრმად წვდომაში გვეხმარება (ებრაელები 4:12).
სახელების მნიშვნელოვანი ნუსხა
დაწვრილებითი საგვარეულო ნუსხა, რომელსაც ეზრა გვაწვდის, სულ მცირე, სამი მიზეზით არის მნიშვნელოვანი: დაგვარწმუნოს, რომ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ მღვდლებად მსახურება; დაგვეხმაროს, განვსაზღვროთ, რომელ ტომს რა მემკვიდრეობა ჰქონდა; მასში აგრეთვე შემონახულია მესიამდე მიმყვანი საგვარეულო ნუსხა. ამ ნუსხაში შეტანილია ებრაელთა თაობები და ის, თუ ვინ იყვნენ მათი წინაპრები; აღნიშნულ ნუსხას პირველ ადამიანამდე მივყავართ. მასში მოყვანილია 10 თაობა ადამიდან ნოემდე და შემდგომი ათი — აბრაამამდე. ისმაელის, აბრაამის ხარჭის კეტურას და ესავის ძეების მოხსენიების შემდეგ, ეს წიგნი ყურადღებას ამახვილებს ისრაელის (იაკობის) 12 ძეთაგან წამოსულ საგვარეულო ხაზზე (1 ნეშტთა 2:1).
იუდას შთამომავლებს დიდი ყურადღება ექცევა, რადგან იუდასგან მოდის დავითის სამეფო ხაზი. აბრაამიდან დავითამდე 14 თაობაა და კიდევ 14 ბაბილონში გადასახლებამდე (1 ნეშტთა 1:27, 34; 2:1—15; 3:1—17; მათე 1:17). შემდეგ ეზრას მოჰყავს იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროს მკვიდრ ტომთა საგვარეულო ნუსხა, ამის მერე კი — ლევის ძეთა (1 ნეშტთა 5:1—24; 6:1). შემდგომ ზოგადად არის მოცემული იორდანეს დასავლეთით მკვიდრი ზოგი ტომის საგვარეულო ხაზი და დაწვრილებით არის მოცემული ბენიამინის საგვარეულო ნუსხა (1 ნეშტთა 8:1). ამ წიგნში აგრეთვე მოყვანილია ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებული პირველი ისრაელების სახელები (1 ნეშტთა 9:1—16).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:18. ვინ იყო შელახის მამა — კეინანი თუ არფაქშადი? (ლუკა 3:35, 36). შელახის მამა იყო არფაქშადი (დაბადება 10:24; 11:12). „კეინანი“, რომელიც ლუკას 3:36-ში გვხვდება, შეიძლება „ქალდეველის“ დამახინჯებული ფორმა იყოს. თუ ეს ასეა, მაშინ აღნიშნული ფრაზა დედანში შეიძლება ასე წავიკითხოთ: „ქალდეველი არფაქშადის ძე“. ან, შესაძლოა, სახელები კეინანი და არფაქშადი ერთი და იმავე ადამიანს ერქვა. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ გამოთქმა „კეინანის ძე“ ზოგ ხელნაწერში არ გვხვდება (ლუკა 3:36).
2:15. იესეს მეშვიდე ვაჟი იყო დავითი? არა. იესეს რვა ვაჟი ჰყავდა და მათგან დავითი უმცროსი იყო (1 მეფეთა 16:10, 11; 17:12). იესეს ერთ-ერთი ვაჟი, როგორც ჩანს, ისე მოკვდა, რომ შვილი არ ჰყოლია. ვინაიდან საგვარეულო ნუსხაში ამ ვაჟის მოხსენიებას არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა, ეზრამ გამოტოვა მისი სახელი.
3:17. რატომ მოიხსენიებს ლუკას 3:27 იექონიას ძეს, შეალთიელს, ნერის ძედ? შეალთიელის მამა იექონია იყო. მაგრამ, როგორც ჩანს, შეალთიელს ცოლად ნერის ასული ჰყავდა. ლუკამ ნერის სიძე მოიხსენია მის ძედ, სწორედ ისე, როგორც ეს იოსების შემთხვევაში გააკეთა და ის მარიამის მამის, ელის, ძედ მოიხსენია (ლუკა 3:23).
3:17—19. რა კავშირი იყო ზერუბაბელს, ფედაიასა და შეალთიელს შორის? ზერუბაბელი იყო ფედაიას ძე, ხოლო ფედაია — შეალთიელის ძმა. მაგრამ ბიბლია ზოგჯერ ზერუბაბელს შეალთიელის ძეს უწოდებს (მათე 1:12; ლუკა 3:27). ეს შეიძლება იმით იყოს განპირობებული, რომ ფედაია გარდაიცვალა და ზერუბაბელი შეალთიელმა გაზარდა. ან, შესაძლოა, შეალთიელი ისე მოკვდა, რომ შვილი არ ჰყოლია და ფედაიამ ლევირატის წესით მისი ცოლი შეირთო. ამ ქორწინების შედეგად გაჩენილი პირველი შვილი კი ზერუბაბელი იყო (მეორე რჯული 25:5—10).
5:1, 2. რას ნიშნავდა იოსებისთვის პირმშოობის უფლების მიღება? ეს იმას ნიშნავდა, რომ იოსებმა მემკვიდრეობად ორმაგი წილი მიიღო (მეორე რჯული 21:17). ამგვარად ის ორი ტომის — ეფრემისა და მენაშეს — მამა გახდა. ისრაელის დანარჩენი ძეები მხოლოდ ერთი ტომის მამები იყვნენ.
რას ვსწავლობთ:
1:1—9:44. რეალურად არსებული ხალხის საგვარეულო ნუსხა ადასტურებს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მითზე კი არ არის დაფუძნებული, არამედ ფაქტზე.
4:9, 10. იეჰოვამ უპასუხა იაყბეცის მხურვალე ლოცვას საზღვრების მშვიდობიანი გზით გაფართოების შესახებ, რათა ეს ტერიტორია ღვთისმოშიში ხალხით დასახლებულიყო. ჩვენც მთელი გულით უნდა ვილოცოთ ღვთის თაყვანისმცემლების რაოდენობის ზრდაზე და გულმოდგინედ მივიღოთ მონაწილეობა მოწაფეების მომზადებაში.
5:10, 18—22. მეფე საულის დღეებში იორდანეს აღმოსავლეთით დასახლებულმა ტომებმა დაამარცხეს აგარელები მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნი რაოდენობით ორჯერ მეტნი იყვნენ. ამ გამარჯვების მიზეზი ის იყო, რომ ისრაელთა აღნიშნული ტომების გულადი მეომრები იეჰოვაზე იყვნენ მინდობილნი და მისგან მოელოდნენ დახმარებას. მოდი ჩვენც ბოლომდე მივენდოთ იეჰოვას საშიში მტრების წინააღმდეგ სულიერ ომში (ეფესოელები 6:10—17).
9:26, 27. კარიბჭეების მცველ ლევიანებს დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდათ მინდობილი. მათ მიბარებული ჰქონდათ ტაძრის წმინდა ტერიტორიაზე შესასვლელის გასაღები. ეს ლევიანები ყოველდღე ერთგულად აღებდნენ კარიბჭეებს. ჩვენ მონდობილი გვაქვს პასუხისმგებლობა, მივაკითხოთ ჩვენს სამქადაგებლო ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს და დავეხმაროთ მათ, გახდნენ იეჰოვას თაყვანისმცემლები. განა ჩვენც ისეთივე საიმედო და სანდო არ უნდა ვიყოთ, როგორც კარიბჭეების მცველი ლევიანები?
დავითის მეფობა
თხრობა იწყება გილბოაყის მთაზე ფილისტიმელების წინააღმდეგ ბრძოლაში მეფე საულისა და მისი სამი ძის სიკვდილის შესახებ ცნობით. იუდაზე იესეს ძე, დავითი მეფდება. მამაკაცები ყველა ტომიდან მასთან მიდიან ხებრონში და მთელი ისრაელის მეფედ აცხადებენ (1 ნეშტთა 11:1—3). ამის შემდეგ მალე ის იღებს იერუსალიმსაც. მოგვიანებით ისრაელებს შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში „ყიჟინით, ბუკისცემით, საყვირების . . . ბობღნებისა და ქნარების დაკვრით“ მიაქვთ (1 ნეშტთა 15:28).
დავითი გამოთქვამს სურვილს, სახლი ააშენოს ჭეშმარიტი ღვთისთვის. მაგრამ იეჰოვა ამბობს, რომ ამას სოლომონი გააკეთებს, ხოლო დავითთან სამეფოს შესახებ შეთანხმებას დებს. დავითი მოქმედებას იწყებს ისრაელის მტრების წინააღმდეგ და იეჰოვა ერთიმეორეზე მიყოლებით ამარჯვებინებს მას. მოსახლეობის აღწერას, რაც კანონის დარღვევაა, 70 000 ისრაელის სიცოცხლე ეწირება. ანგელოზისგან იეჰოვასთვის სამსხვერპლოს აგების შესახებ მითითების მიღების შემდეგ, დავითი ორნან იებუსელისგან კალოს ყიდულობს. იეჰოვას „ყველაზე დიდებული“ სახლის ასაშენებლად დავითი იწყებს „ბევრის გამზადებას“ (1 ნეშტთა 22:5). ის ორგანიზებას უწევს ლევიანთა მსახურებას და ეს საღვთო წერილში ყველაზე დაწვრილებით ამ წიგნშია აღწერილი. მეფე და ხალხი ტაძრისათვის უხვ შესაწირავს იღებს. 40-წლიანი მეფობის შემდეგ დავითი კვდება ‘მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით, და მის ნაცვლად სოლომონი, მისი ძე მეფდება’ (1 ნეშტთა 29:28).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
11:11. რატომ არის ამ მუხლის პარალელურ ადგილას, კერძოდ კი 2 მეფეთა 23:8-ში, დახოცილთა რაოდენობა 300-ის ნაცვლად 800? დავითის სამ უმამაცეს მოყმეთა მეთაური იყო იაშობყამი (იოშებ-ბაშებეთი). ამ სამიდან დანარჩენი ორი ძლიერი მამაკაცი იყო ელეაზარი და შამა (2 მეფეთა 23:8—11). აღნიშნულ ორ ბიბლიურ ადგილს შორის განსხვავების მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მათში ერთი კაცის მიერ ჩადენილ სხვადასხვა ქმედებაზეა საუბარი.
11:20, 21. რა მდგომარეობა ეჭირა აბიშაის დავითის სამ უძლიერეს მამაკაცთან შედარებით? აბიშაი არ იყო იმ სამ უძლიერეს მამაკაცთაგანი, რომლებიც დავითს ემსახურებოდნენ. მაგრამ, როგორც 2 მეფეთა 23:18, 19-შია მოხსენიებული, ის იყო 30 კაცის მეთაური და მათგან გამოირჩეოდა. აბიშაის ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორც იმ სამ უძლიერეს მამაკაცს, რადგან ისიც იაშობყამივით ძლევამოსილ საქმეებს აკეთებდა.
12:8. რა მხრივ იყვნენ გადელი მეომრები ‘სახით ლომის მსგავსი’? ეს გულადი მამაკაცები უდაბნოში დავითთან ერთად იყვნენ. მათ იქ თმები გაეზარდათ; წამოზრდილი გრძელი თმა კი მათ ლომისმაგვარ შესახედაობას აძლევდა.
13:5. რა არის „ეგვიპტის შიხორი“? ზოგის აზრით, ეს შეიძლება იყოს მდინარე ნილოსის შენაკადი. მაგრამ, გავრცელებული შეხედულების თანახმად, აქ საუბარია „ეგვიპტის ხევზე“, რომელიც აღთქმულ მიწას სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრებოდა (რიცხვნი 34:2, 5; დაბადება 15:18).
16:30. რას ნიშნავს გამოთქმა ‘ათრთოლდი იეჰოვას წინაშე’? აქ გამოყენებულია ხატოვანი ენა, რომელიც მიუთითებს მოწიწებით აღსავსე შიშსა და იეჰოვასადმი დიდ პატივისცემაზე.
16:1, 37—40; 21:29, 30; 22:19. თაყვანისმცემლობის საკითხში, რა დარჩა უცვლელად იერუსალიმში კიდობნის მიტანიდან ტაძრის აშენებამდე? მას შემდეგ, რაც დავითმა კიდობანი იერუსალიმში მიიტანა და თავის მიერ გაკეთებულ კარავში მოათავსა, კიდობანი მრავალი წლის განმავლობაში აღარ იმყოფებოდა ადრინდელ კარავში. ადრინდელი კარავი გაბაონში იყო, სადაც მღვდელმთავარი ცადოკი და მისი ძმები რჯულის თანახმად მსხვერპლს სწირავდნენ. მსხვერპლშეწირვას იერუსალიმში ტაძრის აშენებამდე განაგრძობდნენ. ტაძრის აშენების შემდეგ, კარავი გაბაონიდან იერუსალიმში გადაიტანეს და კიდობანი ტაძრის წმიდათაწმიდაში დადგეს (3 მეფეთა 8:4, 6).
რას ვსწავლობთ:
13:11. როდესაც რამე არ გამოგვდის, ნაცვლად იმისა, რომ გავბრაზდეთ და იეჰოვა დავადანაშაულოთ, საჭიროა გავაანალიზოთ სიტუაცია და ვეცადოთ, დავინახოთ, თუ რა არის მარცხის მიზეზი. ცხადია, დავითი ასე მოიქცა. მან თავის შეცდომაზე ისწავლა და მოგვიანებით კიდობანი იერუსალიმში სათანადო სახით გადაიტანაa.
14:10, 13—16; 22:17—19. ყოველთვის იეჰოვას უნდა მივმართოთ ლოცვით და მისი ხელმძღვანელობა ვეძიოთ ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც ჩვენს სულიერობაზე იმოქმედებს.
16:23—29. ცხოვრებაში ყველაფერზე მეტად იეჰოვასადმი ჩვენი თაყვანისმცემლობა უნდა გვაღელვებდეს.
18:3. იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს. მან შეასრულა თავისი დანაპირები, აბრაამის თესლისთვის მიეცა მთელი ქანაანის ქვეყანა „ეგვიპტის მდინარიდან ევფრატის დიდ მდინარემდე“ (დაბადება 15:18; 1 ნეშტთა 13:5).
21:13—15. იეჰოვამ თავის ანგელოზს უბრძანა, შეეწყვიტა განადგურება, რადგან მისთვის მტკივნეული იყო, როდესაც ხედავდა თავისი ხალხის ტანჯვას. მართლაც, „დიდია მისი მოწყალება“b.
22:5, 9; 29:3—5, 14—16. დავითს ღმერთმა არ მისცა ტაძრის აშენების უფლება, მაგრამ მან ხელგაშლილობა გამოავლინა. რატომ? დავითს ესმოდა, რომ მას ყველაფერი იეჰოვას სიკეთის წყალობით ჰქონდა. მადლიერების მსგავსმა სულისკვეთებამ ჩვენც უნდა აღგვძრას, გამოვავლინოთ გულუხვობა.
24:7—18. დავითის მიერ მსახურებისთვის 24 მღვდლის განწესება ჯერაც მოქმედებაში იყო, როდესაც იეჰოვას ანგელოზი მოევლინა ზაქარიას, იოანე ნათლისმცემლის მამას, და იოანეს მომავალი დაბადების შესახებ ამცნო. როგორც „აბიას ცვლის“ წარმომადგენელი, მაშინ ზაქარია ტაძარში მსახურობდა (ლუკა 1:5, 8, 9). ასე რომ, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა დაკავშირებულია ისტორიულ, და არა მითოლოგიურ, პიროვნებებთან. ჩვენ მრავალ კურთხევას ვიღებთ, როცა იეჰოვას კარგად ორგანიზებულ თაყვანისმცემლობაში მთელი გულით ვთანამშრომლობთ „ერთგულ და გონიერ მონასთან“ (მათე 24:45).
ვემსახუროთ იეჰოვას „ხალისიანი სულით“
წიგნში „პირველი ნეშტთა“ მხოლოდ საგვარეულო ნუსხა როდია მოცემული. ის აგრეთვე მოგვითხრობს დავითის მიერ აღთქმის კიდობნის იერუსალიმში გადატანის, დავითის დიდი გამარჯვებების, ტაძრის მშენებლობისთვის მზადებისა და ტაძარში მსახურებისთვის ლევიან მღვდელთა განწესების შესახებ. ისრაელებისთვის მართლაც სასარგებლო იყო ეზრას მიერ ამ წიგნში ჩაწერილი ინფორმაცია და ის, ალბათ, მათ ტაძარში იეჰოვას თაყვანისმცემლობისადმი გულმოდგინების აღდგენაში დაეხმარა.
დავითმა ცხოვრებაში პირველ ადგილზე იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის დაყენების შესანიშნავი მაგალითი მოგვცა! თავისი ინტერესების ძიების ნაცვლად, დავითი ღვთის ნების შესრულებას ცდილობდა. კარგი იქნება, თუ მივყვებით მის რჩევას და ვემსახურებით იეჰოვას „მთელი გულითა და ხალისიანი სულით“ (1 ნეშტთა 28:9).
[სქოლიოები]
a 2005 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 16—19, შეგიძლიათ ნახოთ, თუ კიდევ რის სწავლა შეგვიძლია დავითის მიერ იერუსალიმში კიდობნის გადატანის მცდელობიდან.
b ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის სწავლა შეგვიძლია დავითის მიერ მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებული მოვლენებიდან, შეგიძლიათ იხილოთ 2005 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 16—19.
[ცხრილი⁄სურათები 8-11 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ძვ. წ. 4026 ადამი თაობები ადამიდან
ნოემდე (1 056 წელი)
130 წელი ⇩
შეთი
105 ⇩
ენოში
90 ⇩
კეინანი
70 ⇩
მაჰალალელი
65 ⇩
იარედი
162 ⇩
ენოქი
65 ⇩
მეთუშალახი
187 ⇩
ლამექი
182 ⇩
ძვ. წ. 2970 ნოე ძვ. წ. 2970 დაიბადა ნოე
თაობები ნოედან აბრაამამდე
502 წელი ⇩ (952 წელი)
სემი
წარღვნა ძვ. წ. 2370
100 ⇩
არფაქშადი
35 ⇩
შელახი
30 ⇩
ებერი
34 ⇩
ფელეგი
30 ⇩
რეღუ
32 ⇩
სერუგი
30 ⇩
ნახორი
29 ⇩
თერახი
130 ⇩
ძვ. წ. 2018 აბრაამი ძვ. წ. 2018 დაიბადა აბრაამი
14 თაობა აბრაამიდან
100 წელი დავითამდე (911 წელი)
ისაკი
60 ⇩
იაკობი
დ. 88 ⇩
იუდა
⇩
ფერეცი
⇩
ხეცრონი
⇩
რამი
⇩
ამინადაბი
⇩
ნახშონი
⇩
სალმონი
⇩
ბოაზი
⇩
ობედი
⇩
იესე
⇩
ძვ. წ. 1107 დაიბადა დავითი