წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 4
მიდია-სპარსეთი ბიბლიურ ისტორიაში
ეს არის მეოთხე სტატია იმ შვიდი სტატიიდან, რომელიც „გამოიღვიძეთ!“-ის ყოველ მომდევნო ნომერში გამოქვეყნდება. ეს სტატიები განიხილავს ბიბლიაში მოხსენიებულ შვიდ მსოფლიო მპყრობელს. ამ სტატიების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ბიბლია სანდოა და ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. მასში ჩაწერილია იმედის მომცემი ცნობა, რომ ადამიანთა არასწორი მმართველობის შედეგად გამოწვეულ ყოველგვარ ტანჯვას ბოლო მოეღება.
სასახლეებისა და სამეფო სამარხების ნანგრევები მხოლოდ ნაშთია იმ დიდებისა, ძლიერებისა და სიმდიდრისა, რომელსაც ერთ დროს ორი სამეფოსგან, მიდიისა და სპარსეთისგან, შემდგარი იმპერია ფლობდა. ამ ორი სამეფოს გაერთიანებამდე მიდია უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ძვ. წ. 550 წელს მიდიის სამეფო ტახტზე სპარსი მეფე კიროს II ავიდა, რის შემდეგაც მიდია-სპარსეთის სამეფოს ის განაგებდა. მისი ტერიტორია, რომელიც ძირითადად სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით მდებარეობდა, საბოლოოდ ეგეოსის ზღვიდან ეგვიპტემდე და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე გადაიჭიმა. მის ტერიტორიაში იუდეაც შედიოდა.
მიდია-სპარსეთი ებრაელებზე 200 წელზე მეტხანს ბატონობდა — ძვ.წ. 539 წელს ბაბილონის დაპყრობიდან იმ დრომდე, ვიდრე თავადაც არ დამარცხდა საბერძნეთთან ძვ. წ. 331 წელს. ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც ამ პერიოდში მოხდა, ბიბლიის მრავალ წიგნშია აღწერილი.
სანდო ისტორია
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მეფე კიროს II-მ ებრაელები ბაბილონის ტყვეობიდან გაათავისუფლა და მათ იერუსალიმში დაბრუნებისა და ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელების მიერ განადგურებული ღვთის ტაძრის აშენების ნებართვა მისცა (ეზრა 1:1—7; 6:3—5). ამ ფაქტს ადასტურებს კიროსის თიხის ცილინდრი, რომელიც ძველი ბაბილონის ნანგრევებში 1879 წელს აღმოაჩინეს. ცილინდრზე გაკეთებულ წარწერაში მოხსენიებულია კიროსის სახელი და აღწერილია მისი პოლიტიკური კურსი, რომლის თანახმადაც ის დაპყრობილ ხალხებსა და მათ რელიგიურ ნივთებს სამშობლოში აბრუნებდა. ბიბლიაში ესაიამ იეჰოვას შემდეგი წინასწარმეტყველური სიტყვები ჩაწერა კიროსზე: «რაც მსურს, იმას ბოლომდე შემისრულებს; შეასრულებს თვით ჩემს ნათქვამს იერუსალიმზე — „აღდგენილი იქნება“, და ტაძარზე — „საძირკველი ჩაგეყრება“» (ესაია 44:28).
როგორც ეზრას 6:3, 4-დან ვიგებთ, კიროსის ბრძანებისამებრ ტაძრის აღსადგენად საჭირო ხარჯები მეფის სასახლეს უნდა დაეფარა. ეს ფაქტი ეთანხმება ისტორიულ ცნობებს. „სპარსეთის მეფეების პოლიტიკა ყოველთვის ითვალისწინებდა მათ იმპერიაში საწმინდრების აღდგენას“, — ნათქვამია წიგნში „სპარსეთი და ბიბლია“.
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მოგვიანებით ებრაელთა მტრებმა წერილი მისწერეს დარიოს დიდს (იგივე დარიოს I). ისინი ირწმუნებოდნენ, რომ კიროსს არ ჰქონდა მიცემული ებრაელებისთვის ტაძრის აღდგენის უფლება, როგორც ამას თავად ებრაელები ამტკიცებდნენ. დარიოსმა ამ საბუთების მოძიება ბრძანა, რის შედეგადაც მიდიის დედაქალაქ ეკბატანაში აღმოაჩინეს გრაგნილი, რომელშიც კიროსის ბრძანება იყო მოცემული. აი, რა მისწერა საპასუხოდ დარიოსმა ებრაელთა მტრებს: „მე, დარიოსი ვბრძანებ, დაუყოვნებლივ შესრულდეს ეს [ტაძრის აღდგენა]!“. ამის შემდეგ მტრებს ებრაელებისთვის ხელი არ შეუშლიათa (ეზრა 6:2, 7, 12, 13).
ამ დეტალებს ისტორიაც ადასტურებს. ეკბატანაში კიროსის საზაფხულო რეზიდენცია იყო და შესაძლოა ეს ბრძანება მან სწორედ აქ გასცა. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ მიდია-სპარსეთის მეფეები დაინტერესებულნი იყვნენ თავიანთი იმპერიის რელიგიური ცხოვრებით და სხვადასხვა საკამათო საკითხს წერილობით აგვარებდნენ.
უტყუარი წინასწარმეტყველება
ღვთის შთაგონებით ნანახ სიზმარში, წინასწარმეტყველმა დანიელმა იხილა ზღვიდან ერთმანეთის მონაცვლეობით ამომავალი ოთხი მხეცი, რომელთაგან თითოეული ყოველ მომდევნო მსოფლიო იმპერიას განასახიერებდა. პირველი მხეცი, ფრთიანი ლომი, ბაბილონს განასახიერებდა. მეორე მხეცი „დათვს ჰგავდა“. «უთხრეს მას: „ადექი და ჭამე ბევრი ხორცი!“» — ნათქვამია ბიბლიაში (დანიელი 7:5). ეს შიშის მომგვრელი დათვი მიდია-სპარსეთის სამეფოს განასახიერებდა.
როგორც დანიელის წინასწარმეტყველებაში იყო ნათქვამი, მიდია-სპარსეთი მართლაც ვერ ძღებოდა დაპყრობილი ტერიტორიებით. დანიელის ხილვიდან ცოტა ხნის შემდეგ კიროსმა მიდია დაიმორჩილა და მეზობელი ლიდიისა და ბაბილონის წინააღმდეგ გაილაშქრა. მისმა ვაჟმა კამბისე II-მ ეგვიპტე დაიპყრო, მოგვიანებით მიდია-სპარსეთის სხვა მმართველებმა კიდევ უფრო გააფართოვეს იმპერიის საზღვრები.
მაგრამ საიდან ვიცით, რომ დანიელის მიერ ნანახ „დათვში“ მიდია-სპარსეთი იგულისხმება? კიდევ ერთ ხილვაში დანიელმა იხილა ვერძი, რომელიც „დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ ირქინებოდა“. ეს წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდა, როდესაც მიდია-სპარსეთმა სხვა ერებზე გაილაშქრა, მათ შორის ძლიერ ბაბილონზე. ღვთის ანგელოზმა დანიელს ეს ხილვა ასე აუხსნა: „ორრქიანი ვერძი, რომელიც იხილე, მიდიისა და სპარსეთის მეფეები არიან“ (დანიელი 8:3, 4, 20).
ბაბილონის დაცემამდე ორი საუკუნით ადრე წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა ბაბილონის დამპყრობლის, სპარსეთის მეფის სახელი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. მან ისიც იწინასწარმეტყველა, როგორ აიღებდა ის ბაბილონს. ესაიამ დაწერა: „აი რას ეუბნება იეჰოვა თავის ცხებულს, კიროსს, რომლის მარჯვენაც მიჭირავს, რომ დავუმორჩილო მას ერები . . . გავაღო მის წინაშე ორფრთიანი კარები, რომ არ დაიხუროს კარიბჭეები“ (ესაია 45:1). როგორც ესაიამ ასევე იერემიამ იწინასწარმეტყველა, რომ ბაბილონის წყლები ანუ ის არხები, რომლებიც მდინარე ევფრატის წყლით ივსებოდა და ქალაქს იცავდა, დაშრებოდა (ესაია 44:27; იერემია 50:38). ბერძენი ისტორიკოსები, ჰეროდოტე და ქსენოფონტი, ადასტურებენ ბიბლიური წინასწარმეტყველების სიზუსტეს, მათ შორის იმ ფაქტს, რომ ბაბილონელებს ლხინი ჰქონდათ იმ ღამეს, როცა კიროსმა ქალაქი აიღო (ესაია 21:5, 9; დანიელი 5:1—4, 30). კიროსმა ევფრატს მიმართულება შეუცვალა, რის შემდეგაც მისმა ჯარმა თითქმის უბრძოლველად შეძლო მდინარისპირა ღია კარიბჭეებში შესვლა. უძლეველი ბაბილონი ერთ ღამეში დაეცა.
ამ მოვლენამ კიდევ ერთი წინასწარმეტყველების შესრულება განაპირობა. იერემიას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ღვთის ხალხი ბაბილონის ტყვეობაში 70 წელი იქნებოდა (იერემია 25:11, 12; 29:10). ეს წინასწარმეტყველება ზუსტად დათქმულ დროს შესრულდა და ტყვეები სამშობლოში დაბრუნდნენ.
უტყუარი იმედი
მას შემდეგ, რაც მიდია-სპარსეთმა ბაბილონი დაიპყრო, დანიელის მიერ დაწერილმა წინასწარმეტყველებამ ნათელი მოჰფინა უმნიშვნელოვანეს მოვლენას, რომელიც ღვთის განზრახვის განხორციელებას უკავშირდება. ანგელოზმა გაბრიელმა დანიელს ამცნო მესიის, ანუ დაბადების 3:15-ში ჩაწერილი „შთამომავლის“, გამოჩენის ზუსტი დრო. ანგელოზმა მას უთხრა: „იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვის შემდეგ მესიის, წინამძღოლის გამოჩენამდე შვიდი კვირა და სამოცდაორი კვირა გავა“, ანუ მთლიანობაში 69 კვირა (დანიელი 9:25). როდის დაიწყო ეს წინასწარმეტყველური პერიოდი?
მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონის დაცემის შემდეგ კიროსმა ებრაელებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა, იერუსალიმის კედლები მრავალი წლის განმავლობაში კვლავაც დანგრეული იყო. ძვ. წ. 455 წელს მეფე არტაქსერქსემ თავის ებრაელ მერიქიფე ნეემიას უფლება მისცა, რომ იერუსალიმში დაბრუნებულიყო და სამშენებლო საქმისთვის ეხელმძღვანელა (ნეემია 2:1—6). სწორედ ამ დროიდან დაიწყო 69-კვირიანი პერიოდი.
69 კვირაში პირდაპირი გაგებით შვიდდღიანი კვირები კი არ იგულისხმება, არამედ შვიდწლიანი. ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში გამოყენებულია ფრაზა „წლებისგან შემდგარი კვირა“b (დანიელი 9:24, 25). აქედან გამომდინარე, თუ თითოეულ კვირაში 7 წელი იგულისხმება, მესია უნდა გამოჩენილიყო 69 „კვირის“, ანუ 483 წლის შემდეგ. წინასწარმეტყველება შესრულდა ახ. წ. 29 წელს, ძვ. წ. 455 წლიდან 483 წლის გასვლის შემდეგ, როცა იესო მოინათლა.c
დანიელის წინასწარმეტყველების ზედმიწევნით შესრულება იესოს ვინაობის დამადასტურებელი კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ეს წინასწარმეტყველება ჩვენც გვაძლევს მომავლის იმედს. იესო, როგორც ღვთის ზეციერი სამეფოს მეფე, ბოლოს მოუღებს ადამიანთა სასტიკ მმართველობას. ამის შემდეგ ის შეასრულებს ბიბლიაში ჩაწერილ მრავალ წინასწარმეტყველებას, მათ შორის მკვდრეთით აღდგომასა და დედამიწის სამოთხედ გადაქცევასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებებს (დანიელი 12:2; იოანე 5:28, 29; გამოცხადება 21:3—5).
a დარიოსის სახელით, სულ მცირე, სამი მეფეა ცნობილი.
b ფრაზა „წლებისგან შემდგარი კვირა“ გვხვდება ბიბლიის შემდეგ თარგმანებში: „Tanakh—A New Translation of the Holy Scriptures“, „The Complete Bible—An American Translation“, and „The Bible—Containing the Old and New Testaments“, by James Moffat.
c ამ წინასწარმეტყველების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის დიაგრამა 69 შვიდეულის შესახებ, იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 197—199.