კლდის აკრობატები
მკვდარი ზღვის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარეობდა ძველი ქალაქი, რომელსაც გარს ერტყა უდაბნო, სახელწოდებით ეინ-გედი. ამ მიდამოს კლდოვანი უღელტეხილები და უფსკრულები იდეალურ სახლს წარმოადგენს აღთქმული მიწის გარეული თხისთვის, რომლის მსგავსებსაც აქ ხედავ.
ეს წაუბორძიკებელი ქმნილება საოცარ ცხოველთა რიცხვში შედის. მოდი გადავშალოთ ბიბლია და უფრო ახლოს გავეცნოთ ამ მომხიბლავ ცხოველს.
‘მთანი მაღალნი — გარეული თხებისთვის’
ასე მღეროდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნი 103:18, აქ). გარეული თხები კარგად არიან აღჭურვილები მაღლობებში საცხოვრებლად! ისინი უაღრესად სხარტები არიან და უსწორმასწორო ადგილებზე დიდი დაჯერებულობითა და სისწრაფით მოძრაობენ. ეს ნაწილობრივ მათი ჩლიქების აგებულებაზეა დამოკიდებული. გაყოფილ ჩლიქს თხის წონის გამო შეუძლია გაიშალოს, რაც ვიწრო კლდოვან ფერდობებზე დგომისას თუ მოძრაობისას ამ ცხოველს მტკიცე ჩაჭიდების საშუალებას აძლევს.
გარეული თხები აგრეთვე უჩვეულო წონასწორობას ინარჩუნებენ. მათ შეუძლიათ დიდი ნახტომების გაკეთება და ოთხი ფეხის დასატევად ძლივს საკმარისი ფართობის შვერილზე დაშვება. ბიოლოგი დაგლას ჩედუიკი ერთხელ აკვირდებოდა, თუ როგორ იყენებდა ერთ-ერთი ჯიშის გარეული თხა წონასწორობის უნარს, რომ თავი დაეღწია მოსაბრუნებლად მეტისმეტად ვიწრო შვერილის ჩიხიდან. ის ამბობს: „თავიდან თხამ თვალი გადაავლო დაახლოებით 120 მეტრით ქვემოთ მდებარე შვერილს, შემდეგ გაამაგრა წინა ფეხები და კლდის ზედაპირის გასწვრივ უკანა ფეხების ნელი მოძრაობით თავზე მაღლა ასწია გავა, თითქოს ყირამალა გადადიოდა. სუნთქვა შემეკრა; თხა ნელ-ნელა უშვებდა უკანა ფეხებს ისე, რომ დაუპირისპირდა მიმართულებას, რომლიდანაც მოვიდა“ (National Geographic). გასაკვირი არაა, რომ გარეულ თხებს „კლდის აკრობატებს“ ეძახიან!
‘თუ იცი გარეული თხების დაბადების ჟამი?’
გარეული თხები ძალიან გაუბედავი ქმნილებები არიან. ისინი ადამიანისგან მოწყვეტილად ცხოვრებას ამჯობინებენ. ხალხს მართლაც უჭირს უდაბურ ადგილას საკმაოდ ახლოს მისვლა, რომ თვალყური ადევნოს ამ ცხოველებს, მათს უდაბურ სამფლობელოში. ამიტომ ‘მთებში ათასობით პირუტყვის’ მფლობელს სამართლიანად შეეძლო ეკითხა იობისთვის: «თუ იცი ჯიხვთა [„გარეული თხების“, აქ] დაბადების ჟამი?» (ფსალმუნი 49:10; იობი 39:1).
გარეულ დედალ თხას ღვთის მიერ მიცემული ინსტინქტი კარნახობს დაბადების ჟამს. ის პოულობს საიმედო ადგილს და, ჩვეულებრივ, მაისის ბოლოსა თუ ივნისში ერთ-ორ თიკანს შობს. ახალშობილ თიკნებს ფეხები სულ რამდენიმე დღეში უმაგრდებათ.
‘მოყვარული შველი და ტურფა გარეული თხა’
ბრძენი მეფე სოლომონი ქმრებს მოუწოდებდა: «იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან. მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან [„გარეულ თხასთან“, აქ]» (იგავნი 5:18, 19). ამაში არ იგულისხმებოდა ქალების დამცირება. როგორც ჩანს, სოლომონი მიანიშნებდა ამ ცხოველთა სილამაზეზე, მიმზიდველობასა და სხვა განსაკუთრებულ თვისებებზე.
გარეული თხა იმ უამრავ ‘სულდგმულს’ შორისაა, რომლებიც უსაზღვროდ ამტკიცებენ შემოქმედის სიბრძნეს (დაბადება 1:24, 25). განა ბედნიერები არა ვართ, რომ ღმერთი ამდენი მომხიბლავი ქმნილების გარემოცვაში გვამყოფებს?
[საავტორო უფლება 24 გვერდზე]
Courtesy of Athens University