მათ შეასრულეს იეჰოვას ნება
იობის უმწიკვლოება ჯილდოვდება
იობი გულმოწყალე კაცი იყო. ის მფარველობას უწევდა ქვრივებს, ობლებსა და გასაჭირში მყოფებს (იობი 29:12–17; 31:16–21). მაგრამ მოულოდნელად იობს თავს დაატყდა საშინელი უბედურებები: დაკარგა სიმდიდრე, შვილები და ჯანმრთელობა. სამწუხაროდ, ამ კეთილშობილმა კაცმა, რომელიც გაჭირვებულთა ძირითად საყრდენს წარმოადგენდა, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება ვერ მიიღო. საკუთარმა ცოლმაც კი აი, რა უთხრა მას: „დაგმე ღმერთი და მოკვდი!“. „მეგობრებმა“: ელიფაზმა, ბილდადმა და ცოფარმა არაფერი სანუგეშო არ უთხრეს. ნაცვლად ამისა, ისინი იობს ჩააგონებდნენ, რომ მან შესცოდა და, მაშასადამე, დაიმსახურა კიდეც ეს ტანჯვა (იობი 2:9; 4:7, 8; 8:5, 6; 11:13–15).
მრავალი ტანჯვის მიუხედავად, იობი ერთგული დარჩა. ამის გამო, გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვამ გულმოწყალება გამოავლინა იობის მიმართ და აკურთხა. ბიბლიაში მოცემული ეს ცნობა ღვთისადმი უმწიკვლოების შემნარჩუნებელ ყველა მსახურს არწმუნებს, რომ თავის დროზე ისინიც დაჯილდოვდებიან.
გამართლება და დაკარგულის აღდგენა
თავდაპირველად იეჰოვამ ელიფაზი, ბილდადი და ცოფარი ამხილა. ელიფაზს, რომელიც, როგორც ჩანს, უფროსი იყო, მან უთხრა: „აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მორჩილი იობივით გულწრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე. ახლა წაიყვანეთ შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი და მიდით ჩემს მორჩილ იობთან, აღავლინეთ აღსავლენი თქვენს საოხად და ჩემი მორჩილი იობი ილოცებს თქვენთვის“ (იობი 42:7, 8). დაფიქრდი, თუ რას ნიშნავდა ეს!
იეჰოვამ ასეთი დიდი მსხვერპლის შეწირვა ელიფაზს, ბილდადსა და ცოფარს შესაძლოა იმიტომ მოსთხოვა, რომ მათ შეეგნოთ თავიანთი ცოდვის სიმძიმე. ფაქტობრივად, ნებსით თუ უნებლიეთ, იმის თქმით, რომ ღმერთს „თავის ყმებში შეაქვს ეჭვი“ და სინამდვილეში არც აინტერესებს ერთგულია თუ არა იობი, მათ ბრალი დასდეს იეჰოვას. ელიფაზმა ისიც კი თქვა, რომ ღვთის თვალში იობსა და მღილს ერთი ფასი ჰქონდათ (იობი 4:18, 19; 22:2, 3). ასე რომ, გასაკვირი არ არის მათ მიმართ იეჰოვას შემდეგი სიტყვები: „გულწრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე“.
მაგრამ ამით ყველაფერი არ ამოწურულა. ელიფაზმა, ბილდადმა და ცოფარმა პირადად იობის წინაშეც შესცოდეს, როდესაც უთხრეს, რომ ამ პრობლემების მიზეზი თვითონვე იყო. მათი უსაფუძვლო ბრალდებები და აბსოლუტური გულცივობა სიმწრით ავსებდა და გულს უკლავდა იობს, რის გამოც წამოიყვირა: „როდემდის უნდა მიშფოთებდეთ სულს და მგვემდეთ სიტყვებით?“ (იობი 10:1; 19:2). წარმოიდგინე ამ მამაკაცების დარცხვენილი სახეები, როდესაც მათ იობისთვის შესაწირავი უნდა მოეტანათ თავიანთი ცოდვების გამოსასყიდად!
მაგრამ იობი არ ხარობდა მათი დამცირებით. და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან იეჰოვა მისგან მისი ბრალმდებლებისთვის ლოცვას მოითხოვდა. იობი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ღმერთმა დაარიგა და ამისთვის კურთხეულ იქნა. თავდაპირველად იეჰოვამ ის საშინელი დაავადებისგან განკურნა. შემდეგ იობის ძმები, დები და ძველი ნაცნობები მივიდნენ მასთან სანუგეშებლად და „თითოეულმა მისცა მას თითო კესიტა და თითო ოქროს ბეჭედი“a. გარდა ამისა, მიეცა მას «თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი [„დედალი“, აქ] სახედარიb». როგორც ჩანს, ცოლიც შეურიგდა იობს. დროთა განმავლობაში იობი ღმერთმა შვიდი ვაჟითა და სამი ასულით დააჯილდოვა და მეოთხე თაობას მოესწრო (იობი 42:10–17).
გაკვეთილი ჩვენთვის
იობმა ღვთის დღევანდელ მსახურებს შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა. ის „ალალი, წრფელი“ კაცი იყო, რომელსაც ღმერთი სიამაყით უწოდებდა ‘ჩემს მორჩილს’ (იობი 1:8; 42:7, 8). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იობი სრულყოფილი იყო. ერთხელ, როდესაც სატანისგან იცდებოდა, მან იფიქრა, რომ მისი უბედურებები ღვთისგან მომდინარეობდა, რაც არასწორი იყო. მან ადამიანთა მიმართ ღვთის მოქმედების ფორმაც კი გააკრიტიკა (იობი 27:2; 30:20, 21). ის საკუთარ თავს ღმერთზე მართლად თვლიდა (იობი 32:2). მაგრამ იობს შემოქმედისთვის ზურგი არ შეუქცევია და მან თავმდაბლურად მიიღო ღვთის მითითებები. „ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, — აღიარებს ის. — ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერში და ნაცარში“ (იობი 42:3, 6).
განსაცდელში ჩავარდნისას ჩვენც შეიძლება უმართებულოდ ვიფიქროთ, ვილაპარაკოთ ან ვიმოქმედოთ (შეადარეთ ეკლესიასტე 7:7, „არქიმანდრიტ მაკარის თარგმანი“). მიუხედავად ამისა, თუ ღვთისადმი დიდი სიყვარული გვაქვს, არ გამოვალთ მის წინააღმდეგ ან წყენას არ დავიგროვებთ გულში იმის გამო, რომ მან დაუშვა ჩვენი განსაცდელში ჩავარდნა. ნაცვლად ამისა, შევინარჩუნებთ უმწიკვლოებას და ამგვარად, საბოლოოდ დიდ კურთხევას მოვიმკით. ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას უთხრა: „გულმოწყალეს წყალობით ექცევი“ (ფსალმუნი 17:26).
იეჰოვამ, სანამ იობს ჯანმრთელობას აღუდგენდა, მისგან მოითხოვა, რომ მის წინააღმდეგ შემცოდველთათვის ელოცა. რა შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის! იეჰოვა, სანამ ჩვენს ცოდვებს მოგვიტევებს, მოითხოვს, რომ ჩვენც მივუტევოთ ჩვენს წინააღმდეგ შემცოდველებს (მათე 6:12; ეფესელთა 4:32). თუ ჩვენ არ ვპატიობთ სხვებს, როდესაც ამისთვის მტკიცე საფუძველი გვაქვს, განა შეგვიძლია მოველოდეთ იეჰოვას გულმოწყალებას? (მათე 18:21–35).
დროდადრო თითოეული ჩვენგანი ვარდება ამა თუ იმ განსაცდელში (2 ტიმოთე 3:12). მაგრამ, იობის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია უმწიკვლოების შენარჩუნება. ასე მოქმედებით დიდ ჯილდოს მოვიმკით. იაკობმა დაწერა: „აჰა, ჩვენ შევნატრით იმ მომთმენთ. იობის მოთმინება გაგიგონიათ და უფლისმიერი ბოლო გინახავთ, რადგან მრავალმოწყალე და შემწყალებელია უფალი“ (იაკობი 5:11).
[სქოლიოები]
a თუ რა რაოდენობის თანხა იყო „კესიტა“ ცნობილი არ არის. მაგრამ „ას კესიტად“ იაკობის დღეებში დიდი ყანა იყიდეს (იესო ნავეს ძე 24:32). მაშასადამე, თითოეული მიმსვლელისგან ‘თითო კესიტას’ მიცემა, ალბათ, საკმაოდ უხვი საჩუქარი იყო.
b ალბათ, სახედრის სქესი მოხსენიებულია იმ მიზეზის გამო, რომ დედალი სახედარი უფრო ფასობდა პატრონისთვის.