ამწვანებული ზეთისხილი ღვთის სახლში
ისრაელში იზრდება ხე, რომელიც, პრაქტიკულად, ამოუძირკვავია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოჭრიან, მისი ძირი მალევე ახალ ყლორტებს ამოიყრის ხოლმე და როდესაც მოსავლის აღების დრო დგება, თავის მფლობელს დიდი რაოდენობით ზეთით აჯილდოებს, რომელსაც საკვების მოსამზადებელ, გასანათებელ, ჰიგიენურ თუ კოსმეტიკურ საშუალებებად იყენებენ.
ბიბლიის წიგნ „მსაჯულნში“ ჩაწერილი უძველესი იგავის თანახმად, „გადაწყვიტეს ერთხელ ხეებმა, მეფე აერჩიათ“. ტყის რომელ ხეზე შეაჩერეს პირველად თავიანთი არჩევანი? გამძლე, უხვნაყოფიანი ზეთისხილის გარდა არც ერთზე (მსაჯულნი 9:8).
3 500 წელზე მეტი ხნის წინათ წინასწარმეტყველმა მოსემ ისრაელი აღწერა, როგორც ‘მადლიანი, ზეთისხილის ქვეყანა’ (მეორე რჯული 8:7, 8). დღესაც ზეთისხილის კორომებით მოფენილია მთელი ლანდშაფტი, ჩრდილოეთით ხერმონის მთის მიმდებარე დაბლობებიდან დაწყებული, სამხრეთით ქალაქ ბერშებას გარეუბნებით დამთავრებული. ისინი კვლავ ამკობენ შარონის დაბლობებს, სამარიის კლდოვან ფერდობებსა და გალილეის ნაყოფიერ მინდვრებს.
ბიბლიის დამწერები ხშირად იყენებდნენ ზეთისხილს გადატანითი მნიშვნელობით. ამ ხის სხვადასხვა თავისებურებას ღვთის მოწყალების, აღდგომის იმედისა და ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საილუსტრაციოდ იყენებდნენ. ზეთისხილის უფრო ახლოდან შეთვალიერება დაგვეხმარება საღვთო წერილის ამ ადგილების გაგებასა და ჩვენი მადლიერების გაღრმავებაში ამ უნიკალური ხის მიმართ, რომელიც სხვა ქმნილებებთან ერთად განადიდებს თავის შემოქმედს (ფსალმუნი 148:7, 9).
უსწორმასწორო ზეთისხილი
ზეთისხილი ერთი შეხედვით მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ არის. ის არ არის ლიბანის წარმოსადეგი კედრებივით ცადატყორცნილი. მისი მასალა კვიპაროსის მასალასავით არ ფასობს და მისი ყვავილებიც არ არის ნუშის ყვავილებივით თვალის მაამებელი (ქებათა ქება 1:17; ამოსი 2:9). ზეთისხილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უხილავია, მიწის ქვეშ არის. მისი მძლავრი ფესვები, რომლებიც შეიძლება 6 მეტრამდე აღწევდეს მიწის სიღრმეში და ამაზე გაცილებით მეტ მანძილზე იყოს ჰორიზონტალურად განფენილი, ხის ბარაქიანობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია.
ასეთი ფესვების წყალობით ზეთისხილი ქვიან ფერდობებზე გვალვას უძლებს, მაშინ როდესაც ველებზე ხეები უწყლოობით ხმება. ფესვები საშუალებას აძლევს მას საუკუნეების მანძილზე მოისხას ნაყოფი, მაშინაც კი, თუ მისი დაკოჟრილი ტანი შეიძლება მხოლოდ შეშად გამოსაყენებლად გვეჩვენებოდეს. ყველაფერი, რაც ამ ხეს ესაჭიროება, არის მის გასაზრდელად საკმარისი ადგილი და ჟანგბადით მდიდარი ნიადაგი, კარგად რომ ისუნთქოს. თანაც ეს ნიადაგი თავისუფალი უნდა იყოს სარეველების ან სხვა მცენარეებისგან, რომლებზეც სხვადასხვა მავნებელს შეუძლია დაბუდება. თუ ასეთი უბრალო პირობები აქვს შექმნილი, ერთი ხისგან წელიწადში 57 ლიტრი ზეთის გამოხდა შეიძლება.
უეჭველია, ისრაელებს ზეთისხილი მისი ძვირფასი ზეთის გულისთვის უყვარდათ. პატრუქიანი ლამპები, რომლებშიც ზეითუნის ზეთს იყენებდნენ საწვავად, მათ სახლებში განათების საშუალებას წარმოადგენდა (ლევიანნი 24:2). ზეითუნის ზეთი არსებითი იყო საჭმლის მოსამზადებლად. ის იცავდა კანს მზის სხივებისგან და ისრაელები მისგან საპონსაც ამზადებდნენ. ქვეყანაში ძირითადი მოსავალი მარცვლეული, ყურძენი და ზეთისხილი იყო. ამიტომ ზეთისხილის მოუსავლიანობა ისრაელში ნებისმიერი ოჯახისთვის უბედურებას წარმოადგენდა (მეორე რჯული 7:13; აბაკუმი 3:17).
მაგრამ ქვეყანაში, ჩვეულებრივ, ზეითუნის ზეთის სიუხვე ყოველთვის იყო. მოსე შესაძლებელია იმიტომ მოიხსენიებდა აღთქმულ მიწას ‘ზეთისხილის ქვეყანად’, რომ ყველაზე მეტად ეს ხე ჰქონდათ გაშენებული ამ მხარეში. მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრებმა ნატურალისტმა ჰ. ტრისტრამმა ზეთისხილი აღწერა, როგორც „ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებული ხე“. თავისი ფასეულობისა და სიუხვის გამო ზეითუნის ზეთს მთელ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში საერთაშორისო ვალუტადაც კი იყენებდნენ. იესომაც მოიხსენია ვალი, რომელიც გაანგარიშებული იყო, როგორც „ასი საწყაო ზეთი“ (ლუკა 16:5, 6).
„ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა“
სასარგებლო ზეთისხილი სწორედ რომ სათანადოა ღვთის კურთხევების საილუსტრაციოდ. როგორ იქნებოდა დაჯილდოებული ღვთისმოშიში კაცი? „ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში, — მღეროდა ფსალმუნმომღერალი, — შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო“ (ფსალმუნი 127:3). რას წარმოადგენს ეს „ყლორტები ზეთისხილისა“ და მათ რატომ ადარებს ფსალმუნმომღერალი შვილებს?
ზეთისხილი იმ მხრივ არის არაჩვეულებრივი, რომ გამუდმებით იყრის ახალ ყლორტებს ძირიდანa. როდესაც სიბერის გამო ზეთისხილი აღარ ისხამს ნაყოფს ისე, როგორც ერთ დროს, პატრონმა შეიძლება რამდენიმე ყლორტი დატოვოს გასაზრდელად, ვიდრე ისინი ხის განუყოფელი ნაწილი არ გახდებიან. რამდენიმე ხნის შემდეგ ძველი ხის ირგვლივ სამი-ოთხი მოზრდილი, ძლიერი ყლორტი იქნება, როგორც შვილები სუფრის გარშემო. ამ ნორჩ ხეებს ერთი საერთო ძირი აქვთ და ზეთისხილის კარგ მოსავალს იძლევიან.
ზეთისხილის ეს თვისება კარგი მაგალითია იმისა, თუ მშობლების სულიერად ძლიერი ფესვების წყალობით როგორ შეუძლიათ შვილებს, რწმენაში მტკიცენი გაიზარდონ. როდესაც შთამომავლები მოზრდილები ხდებიან, მათაც მოაქვთ ნაყოფი და ეხმარებიან მშობლებს, რომლებიც ხარობენ, რომ შვილები მათ გვერდით ემსახურებიან იეჰოვას (იგავნი 15:20).
„ხესაც აქვს იმედი“
ხანში შესული მამა, რომელიც ემსახურება იეჰოვას, ხარობს თავისი ღვთისმოსავი შვილებით. მაგრამ ეს შვილები გლოვობენ, როდესაც, საბოლოოდ, მათი მამა ‘მთელი ქვეყნის გზით მიდის’ (მესამე მეფეთა 2:2). ოჯახში დატრიალებული ასეთი უბედურების ასატანად ბიბლიის დანაპირები გვეხმარება, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა (იოანე 5:28, 29; 11:25).
იობს, მრავალშვილიან მამას, შესანიშნავად ესმოდა, რომ ადამიანს ხანმოკლე სიცოცხლე ჰქონდა. მან ის ყვავილს შეადარა, რომელიც მალე ჭკნება (იობი 1:2; 14:1, 2). თავი რომ დაეღწია ტანჯვისთვის, იობი სიკვდილს ნატრობდა, რადგან სამარე თავშესაფარად მიაჩნდა, საიდანაც დაბრუნებას შეძლებდა. „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“ — კითხულობს ის. შემდეგ დარწმუნებით პასუხობს: „მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე; დამიძახებდი [იეჰოვა] და მეც ხმას გაგცემდი, შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა“ (იობი 14:13—15).
როგორ გვიჩვენა თვალსაჩინოდ იობმა იმისადმი რწმენა, რომ ღმერთი გამოიხმობდა სამარიდან? ხის მეშვეობით, რომელიც აღწერის მიხედვით ძალიან ჰგავს ზეთისხილს. „ხესაც აქვს იმედი, — თქვა იობმა, — თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, და ყლორტები არ მოაკლდება“ (იობი 14:7). ზეთისხილი შეიძლება მოჭრა, მაგრამ ეს მაინც ვერ მოსპობს მას. მხოლოდ მაშინ მოკვდება, თუ მას ამოძირკვავ. თუ ფესვები ხელუხლებელი რჩება, ყლორტებს ამოყრის და ხე განახლებული ძალებით შეუდგება ტანის აყრას.
ხანგრძლივმა გვალვამაც რომ გაახმოს ბებერი ზეთისხილი, გამხმარი ძირკვი შეიძლება კვლავ გამოცოცხლდეს. „თუ დაუბერდა მიწაში ფესვი და ღერო ჩაუკვდა ნიადაგში, წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ყლორტებს გამოყრის როგორც ახალნერგი“ (იობი 14:8, 9). იობი უწყლო, მტვრიან ქვეყანაში ცხოვრობდა, სადაც, ალბათ, ბებერი ზეთისხილის ბევრ გამხმარ ძირკვს ხედავდა, რომლებიც უსიცოცხლოდ გამოიყურებოდნენ. მაგრამ, როდესაც წვიმა წამოვიდოდა, ასეთი „მკვდარი“ ხეები ცოცხლდებოდნენ და ფესვებიდან ახალ ყლორტებს ამოიყრიდნენ ხოლმე, როგორც „ახალნერგი“. განახლების ასეთმა შესანიშნავმა უნარმა ერთი ტუნისელი მებაღე აღძრა, აღენიშნა: „სავსებით შეეფერება ჭეშმარიტებას, რომ თქვა: ზეთისხილი უკვდავია“.
ისევე როგორც მებაღე ნატრობს, რომ თავისი გამხმარი ზეთისხილი ყლორტებამოყრილი იხილოს, იეჰოვასაც ძლიერ სურს თავისი ერთგული მსახურების მკვდრეთით აღდგენა. ის მოელის იმ დროს, როდესაც ერთგული ადამიანები, როგორებიც იყვნენ აბრაამი და სარა, ისაკი და რებეკა და სხვა მრავალი, მკვდრეთით აღდგებიან (მათე 22:31, 32). რა შესანიშნავი იქნება მკვდრეთით აღდგენილებთან შეხვედრა და იმის ხილვა, თუ რა სავსე და ნაყოფიერი ცხოვრება ექნებათ!
სიმბოლური ზეთისხილი
ღვთის გულმოწყალება მის მიუკერძოებლობასა და მკვდრეთით აღდგომის ღონისძიებაში ჩანს. მოციქულმა პავლემ ზეთისხილი გამოიყენა იმის საჩვენებლად, თუ როგორ ვრცელდება იეჰოვას წყალობა ხალხზე, მიუხედავად მათი რასისა და წარმოშობისა. საუკუნეების მანძილზე იუდეველები ამაყობდნენ იმით, რომ ღვთის რჩეული ხალხი, „აბრაამის შთამომავალნი“, იყვნენ (იოანე 8:33; ლუკა 3:8).
ღვთის მოწონების დამსახურებისთვის აუცილებელი არ იყო ებრაელად დაბადება. მაგრამ იესოს ყველა პირველი მოწაფე ებრაელი იყო და მათვე ჰქონდათ უპირატესობა, ღვთის პირველი რჩეული ადამიანები ყოფილიყვნენ აბრაამის აღთქმული თესლის წარმოსაშობად (დაბადება 22:18; გალატელთა 3:29). პავლემ ეს ებრაელი მოწაფეები სიმბოლური ზეთისხილის ტოტებს შეადარა.
ებრაელების უმეტესობამ უარყო იესო და ამით დაკარგეს ის შესაძლებლობა, რომ „მცირე სამწყსოს“ ანუ „ღვთის ისრაელის“ წევრები ყოფილიყვნენ (ლუკა 12:32; გალატელთა 6:16). ამგვარად, ისინი გახდნენ სიმბოლური ზეთისხილის რტოები, რომლებიც გადატყდნენ. ვინ დაიკავებდა მათ ადგილს? ახ. წ. 36 წელს არაებრაელები იქნენ არჩეული, აბრაამის თესლის ნაწილი რომ გამხდარიყვნენ. ეს ისე მოხდა, თითქოს იეჰოვამ ველური ზეთისხილის რტოები, ბაღის ზეთისხილზე დაამყნო. იმ ადამიანებს შორის, ვისაც აღთქმული აბრაამის თესლი უნდა შეედგინა, სხვა ერების წარმომადგენლებიც იქნებოდნენ. არაებრაელი ქრისტიანები ახლა „ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი“ უნდა გამხდარიყვნენ (რომაელთა 11:17).
მებაღისთვის ველური ზეთისხილის ტოტების კარგ ზეთისხილზე დამყნობა წარმოუდგენელი და „არაბუნებრივი“ იქნებოდა (რომაელთა 11:24). «ველურზე დაამყნე კარგი და, როგორც არაბები ამბობენ, უკეთეს შედეგს მიიღებ, — ნათქვამია ერთ ნაშრომში, — თუ პირიქით გააკეთებ, გადააჯიშებ» (The Land and the Book). ებრაელი ქრისტიანებიც განცვიფრებული იყვნენ, როდესაც იეჰოვამ „მოხედა . . . პირველად წარმართებს, რომ წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის“ (საქმეები 10:44—48; 15:14). მაგრამ ეს იმის ნათელი ნიშანი იყო, რომ ღვთის განზრახვის შესრულება არ იქნებოდა დამოკიდებული ერთ რომელიმე ერზე. არა, რადგან „ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:35).
პავლემ მიანიშნა, რომ, თუ ორგული ებრაული ზეთისხილის „რტოები“ გადატყდნენ, იგივე დაემართებოდა ნებისმიერს, ვინც სიამაყისა და დაუმორჩილებლობის გამო ვერ შეინარჩუნებდა იეჰოვას კეთილგანწყობილებას (რომაელთა 11:19, 20). ეს ნათლად ცხადყოფს იმას, რომ ღვთის დაუმსახურებელ სიკეთეს დაუდევრად არ უნდა მოვეკიდოთ (2 კორინთელთა 6:1).
ზეთის ცხება
საღვთო წერილი ზეითუნის ზეთის გამოყენებას პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მოიხსენიებს. ძველად ჭრილობასა და დაბეჟილობას ‘მალამოთი [„ზეთით“, აქ] უამებდნენ’ შეხორცებისა და მორჩენისთვის ხელის შესაწყობად (ესაია 1:6). იესოს ერთი იგავის თანახმად, კეთილმა სამარიელმა ზეთით და ღვინით მობანა ჭრილობები მამაკაცს, რომელსაც იერიხონის გზაზე დავარდნილს წააწყდა (ლუკა 10:34).
ზეითუნის ზეთის თავზე წასმა გამომაცოცხლებელი და დამამშვიდებელია (ფსალმუნი 140:5). სულიერად ავადმყოფობის შემთხვევაში ქრისტიანმა უხუცესებმა შეიძლება კრების წევრს «ნელსაცხებელი [„ზეთი“, აქ] სცხონ უფლის სახელით» (იაკობი 5:14). უხუცესების, ბიბლიაზე დაფუძნებული სიყვარულით აღსავსე, რჩევები და სულიერი გაგებით ავადმყოფი თანამორწმუნისთვის მთელი გულით წარმოთქმული ლოცვები ზეითუნის ზეთის დამამშვიდებელ მოქმედებასთან არის შედარებული. საინტერესოა, რომ ებრაელები კარგ კაცზე ზოგჯერ ამბობენ, სუფთა ზეითუნის ზეთიაო.
„ამწვანებული ზეთისხე ღმერთის სახლში“
ზემოხსენებულ საკითხებს თუ გავითვალისწინებთ, არ არის გასაკვირი, რომ შეიძლება ღვთის მსახურთა შედარება ზეთისხილთან. დავითს სურდა, რომ ყოფილიყო როგორც „ამწვანებული ზეთისხე ღმერთის სახლში“ (ფსალმუნი 51:10). როგორც ისრაელ ოჯახებს ხშირად ჰქონდათ ზეთისხილი თავიანთი სახლების გარშემო, ასევე დავითსაც სურდა, ყოფილიყო იეჰოვასთან ახლოს და ღვთის სადიდებელი ნაყოფი გამოეღო (ფსალმუნი 51:11).
იუდას სამეფოს ორი შტო, როდესაც იეჰოვას ერთგულები იყვნენ, „ამწვანებული, მშვენიერი, ნაყოფსავსე ზეთისხილის“ მსგავსი იყო (იერემია 11:15, 16). მაგრამ იუდაელებმა დაკარგეს ეს უპირატესობა, როდესაც „არ სურდათ [იეჰოვას] სიტყვების გაგონება და წაჰყვნენ სხვა ღმერთებს“ (იერემია 11:10).
ამწვანებული ზეთისხილი რომ გავხდეთ ღვთის სახლში, უნდა დავემორჩილოთ იეჰოვას და ვიყოთ მონდომებული, დავექვემდებაროთ მის წვრთნას, რომლითაც „გვსხლავს“, რომ უფრო მეტი ქრისტიანული ნაყოფი განვივითაროთ (ებრაელთა 12:5, 6). გარდა ამისა, როგორც ზეთისხილს სჭირდება მძლავრი ფესვები, გვალვას რომ გადაურჩეს, ჩვენც გვჭირდება ჩვენი სულიერი ფესვების გამაგრება გამოცდებისა და დევნის ასატანად (მათე 13:21; კოლასელთა 2:6, 7).
ზეთისხილი მართლაც რომ შესაფერი სიმბოლოა იმ ერთგული ქრისტიანისა, რომელიც შეიძლება წუთისოფლისთვის უცნობია, მაგრამ ღმერთი იცნობს და აღიარებს. თუ ასეთი ადამიანი ამ სისტემაში მოკვდება, მომავალ ახალ ქვეყნიერებაში კვლავ იცხოვრებს (2 კორინთელთა 6:9; 2 პეტრე 3:13).
თითქმის ამოუძირკვავი ზეთისხილი, რომელსაც წლითიწლობით მოაქვს ნაყოფი, გვახსენებს ღვთის დანაპირებს: „ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:22). ეს წინასწარმეტყველური დანაპირები ღვთის ახალ ქვეყანაში შესრულდება (2 პეტრე 3:13).
[სქოლიოები]
a ჩვეულებრივ, ამ ახალ ყლორტებს ყოველწლიურად სხლავენ, რომ მთავარ ხეს ძალა არ წაართვან.
[სურათი 25 გვერდზე]
ხავეაში (ალიკანტეს პროვინცია, ესპანეთი) ნაპოვნი უძველესი დაკოჟრილი ხე.
[სურათი 26 გვერდზე]
ზეთისხილის კორომები გრანადის პროვინციაში (ესპანეთი).
[სურათი 26 გვერდზე]
უძველესი ზეთისხილის ხე იერუსალიმის გალავნის გარეთ.
[სურათი 26 გვერდზე]
ბიბლიაში მოხსენიებულია ზეთისხილზე ტოტების დამყნობა.
[სურათი 26 გვერდზე]
ამ ბებერი ზეთისხილის გარშემო ახალამოყრილი ყლორტებია.