ებრძოლეთ უარყოფით აზროვნებას!
როდესაც პატრიარქ იობს უბედურებები დაატყდა თავს, ის სამმა მეგობარმა — ელიფაზმა, ბილდადმა და ცოფარმა — მოინახულა. ისინი იობთან თანაგრძნობის გამოსახატავად და სანუგეშებლად მივიდნენ (იობი 2:11). მათ შორის ყველაზე გავლენიანი და, შესაძლოა, ყველაზე უფროსი ელიფაზი იყო. ის ლაპარაკობდა პირველი და ყველაზე დიდხანს მისი საუბარი გრძელდებოდა. როგორ აზროვნებას ირეკლავდა ელიფაზის მიერ სამჯერ წარმოთქმული სიტყვა?
ელიფაზი, რომელსაც ერთხელ ზებუნებრივი ხილვა ჰქონდა, ამბობს: „სულმა სახეზე გადამიქროლა, ტანზე თმები ამებურძგლა. შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, ჩემს თვალწინ იყო ხატება; დუმილი და მერე ხმა მესმის“ (იობი 4:15, 16). როგორმა სულმა იმოქმედა ელიფაზის აზროვნებაზე? კრიტიკული სიტყვები, რომლებსაც ის შემდეგ ამბობს, ცხადყოფს, რომ მასზე მოქმედი სული ნამდვილად არ იყო ღვთის ერთ-ერთი ერთგული ანგელოზი (იობი 4:17, 18). ის იყო ბოროტი სულიერი ქმნილება. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, იეჰოვა არ ამხელდა ელიფაზსა და მის ორ მეგობარს სიცრუის ლაპარაკისთვის (იობი 42:7). დიახ, ელიფაზზე დემონმა მოახდინა გავლენა. მისი სიტყვებიდან ჩანდა, რომ მას არ ჰქონდა ღვთისმოსაწონი აზროვნება.
რა აზრების დანახვა შეგვიძლია ელიფაზის სიტყვებში? რატომ არის მნიშვნელოვანი, თავი დავიცვათ უარყოფითი აზროვნებისგან? და რა ზომების მიღება შეგვიძლია, რათა ვებრძოლოთ უარყოფით აზროვნებას?
„თავის მსახურებსაც კი არ ენდობა“
სამივე შემთხვევაში, ელიფაზის სიტყვებიდან ჩანდა, ღმერთი ისეთი მომთხოვნია, რომ მისმა მსახურებმა რაც უნდა გააკეთონ, ვერაფრით ასიამოვნებენ მას. ელიფაზმა იობს უთხრა: „აჰა, თავის მსახურებსაც კი არ ენდობა, და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს!“ (იობი 4:18). მოგვიანებით მან ღვთის შესახებ ასეთი სიტყვები თქვა: „თავის წმიდებსაც არ ერწმუნება იგი, და მის თვალში ზეცაც კი არ არის სუფთა“ (იობი 15:15). ელიფაზმა ჰკითხა იობს: „ეამება ყოვლადძლიერს შენ რომ მართალი ხარ?“ (იობი 22:3). ბილდადმაც მსგავსი აზრი გამოთქვა: „მთვარე არ ნათობს და ვარსკვლავნი არ არიან სუფთანი მის [ღმერთის] თვალში“ (იობი 25:5).
ჩვენ თავი უნდა დავიცვათ, რომ არ მოვექცეთ ასეთი უარყოფითი აზროვნების ზეგავლენის ქვეშ. ამან შეიძლება იმ აზრამდე მიგვიყვანოს, რომ ღმერთი ძალიან ბევრს მოითხოვს ჩვენგან. ასეთი შეხედულება კი იეჰოვასთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს. გარდა ამისა, თუ უარყოფით აზროვნებას გასაქანს მივცემდით, როგორი რეაქცია გვექნებოდა, როდესაც საჭირო რჩევას მოგვცემდნენ? რჩევების თავმდაბლურად მიღების ნაცვლად, შეიძლება ჩვენი გული „უფალზე გაწყრეს“ და გულში წყენა ჩავიტოვოთ (იგავები 19:3). ეს დიდ ზიანს მიაყენებდა იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას!
„რას არგებს ღმერთს კაცი?“
ის აზრი, რომ ღმერთი ზედმეტად მომთხოვნია, მჭიდროდ უკავშირდება შეხედულებას, რომ ღვთის თვალში ადამიანებს არავითარი ფასი არა აქვთ. ელიფაზმა თავის ბოლო სიტყვაში შეკითხვა დასვა: „რას არგებს ღმერთს კაცი? განა გონიერი თავის თავს არა რგებს?“ (იობი 22:2). ელიფაზი გულისხმობდა იმას, რომ ადამიანს არავითარი ფასი არა აქვს ღვთის თვალში. ბილდადიც ირწმუნებოდა: „რა გაამართლებს კაცს ღმერთთან? და რა განწმედს დედაკაცის ნაშობს?“ (იობი 25:4). ასეთი მსჯელობის შემდეგ როგორ შეეძლო იობს, უბრალო მოკვდავ ადამიანს, ეთქვა, რომ ღვთის წინაშე მართალი იყო?
ზოგს უარყოფითი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა აღზრდა, ცხოვრებისეული პრობლემები, რასობრივი თუ ეთნიკური სიძულვილი. მაგრამ სატანასა და მის დემონებს სიხარულს ანიჭებთ ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. თუ ისინი შეძლებენ, ადამიანს აფიქრებინონ, რომ ვერაფრით ასიამოვნებს ყოვლისშემძლე ღმერთს, ეს უფრო მეტად გაუტეხს მას გულს. დროთა განმავლობაში, ასეთი პიროვნება შეიძლება გზას ასცდეს და ცოცხალ ღმერთსაც კი ჩამოშორდეს (ებრაელები 2:1; 3:12).
ასაკთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გვზღუდავს. შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ სამეფოს ინტერესებისთვის გაცილებით ცოტას ვაკეთებთ, ვიდრე მაშინ, როცა ახალგაზრდები, ჯანმრთელები და ძლიერები ვიყავით. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს ერთი რამ — სატანასა და მის დემონებს სურთ, გვაფიქრებინონ, რომ ღვთისთვის საკმარისი არ არის ჩვენი მსახურება! ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ასეთ აზროვნებას.
როგორ ვებრძოლოთ უარყოფით აზროვნებას?
მიუხედავად იმისა, რომ სატანა ეშმაკმა უბედურებები დაატეხა, იობმა თქვა: „სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას!“ (იობი 27:5). ვინაიდან იობს უყვარდა ღმერთი, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რაც უნდა მომხდარიყო, შეენარჩუნებინა უმწიკვლოება. სწორედ ეს დაგვეხმარება უარყოფით აზროვნებასთან ბრძოლაში. საჭიროა, ჩავწვდეთ ღვთის სიყვარულს და გულწრფელი მადლიერება განვავითაროთ ამ სიყვარულისთვის. აგრეთვე გვესაჭიროება, რომ გავიღრმაოთ ღვთისადმი სიყვარული. ეს მიიღწევა ღვთის სიტყვის რეგულარული შესწავლით, ლოცვით და წაკითხულზე ფიქრით.
მაგალითად, იოანეს 3:16-ში ნათქვამია: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა“. იეჰოვას უყვარს ადამიანები და ამას ყოველთვის ცხადყოფს ადამიანებთან მისი ურთიერთობა. წარსულში მომხდარ მაგალითებზე დაფიქრებამ უნდა გაგვიძლიეროს იეჰოვასადმი პატივისცემა და მისდამი სიყვარული გაგვიღრმავოს, რაც უარყოფით აზროვნებასთან ბრძოლაში დაგვეხმარება.
განვიხილოთ, თუ როგორ მოეპყრო იეჰოვა აბრაამს, როცა სოდომი და გომორა უნდა გაენადგურებინა. აბრაამმა რვაჯერ სთხოვა ღმერთს, რომ გადაერჩინა ის, ვინც მართალი ადამიანი აღმოჩნდებოდა. იეჰოვა არც განრისხებულა და არც განაწყენებულა. პირიქით, მისმა საუბარმა დაამშვიდა და ანუგეშა აბრაამი (დაბადება 18:22—33). მოგვიანებით, როდესაც ღმერთმა გაიყვანა ლოტი და მისი ოჯახი სოდომიდან, ლოტმა სთხოვა, რომ მთებში გახიზვნის ნაცვლად ახლომდებარე ქალაქისთვის შეეფარებინათ თავი. იეჰოვამ უპასუხა: „ამაშიც გაპატიებ, და არ დავამხობ ამ ქალაქს, რომელზეც თქვი“ (დაბადება 19:18—22). განა ეს მაგალითები იმის მაჩვენებელია, რომ იეჰოვა სასტიკი, სიყვარულს მოკლებული, დესპოტური მმართველია? არა. ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ ის მოსიყვარულე, კეთილი, გულმოწყალე და თანამგრძნობი მმართველია.
ძველ ისრაელში მცხოვრები აარონის, დავითისა და მენაშეს მაგალითები გამორიცხავს იმ აზრს, რომ ღმერთი ადამიანებში მხოლოდ ცუდის დანახვას ცდილობს. აარონმა სამი სერიოზული შეცდომა დაუშვა: ოქროს ხბო ჩამოასხა, მოსეს გაკიცხვაში თავის დას, მირიამს, შეუერთდა და მერიბას წყალთან ღმერთი არ განადიდა. ამის მიუხედავად, იეჰოვა მასში კარგი თვისებებს ხედავდა და ნება დართო, რომ სიკვდილამდე მღვდელმთავრად ემსახურა (გამოსვლა 32:3, 4; რიცხვნი 12:1, 2; 20:9—13).
მეფე დავითმა სასიკვდილო ცოდვები ჩაიდინა თავისი მმართველობის დროს. ამაში შედიოდა მრუშობა, უდანაშაულო ადამიანის მოკვლა და ისრაელთა აღრიცხვა. მაგრამ იეჰოვა ხედავდა დავითის მონანიებას და, მასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, ნება დართო, სიკვდილამდე ემეფა (2 მეფეთა 12:9; 1 ნეშტთა 21:1—7).
იუდას მეფე მენაშე ბაალისთვის სამსხვერპლოებს აშენებდა, ცეცხლში ატარებდა შვილებს, ხელს უწყობდა სპირიტიზმის გავრცელებას და ტაძრის ეზოებში ცრუ რელიგიურ სამსხვერპლოებს აგებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მენაშემ გულწრფელად მოინანია, იეჰოვამ აპატია, ტყვეობიდან გაათავისუფლა და მეფობა დაუბრუნა (2 ნეშტთა 33:1—13). ნუთუ იმაზე მეტყველებს ღვთის ეს საქმეები, რომ მის თვალში არავინ ფასობს? რა თქმა უნდა, არა!
ცრუბრალმდებელი თავად არის დამნაშავე
არ უნდა გაგვაკვირვოს იმან, რომ სატანა თვითონ არის ყველა იმ თვისების მატარებელი, რაშიც იეჰოვას სდებს ბრალს. სატანა სასტიკი და მომთხოვნია. ამის აშკარად დანახვა შეიძლება წარსულში ცრუ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული რიტუალიდან, როდესაც ბავშვებს მსხვერპლად სწირავდნენ. განდგომილი ისრაელები თავიანთ ძეებს და ასულებს ცეცხლში წვავდნენ, რაც იეჰოვას გულშიაც არ გაუვლია (იერემია 7:31).
ყველაფერში ცუდის დანახვას სატანა ცდილობს და არა იეჰოვა. გამოცხადების 12:10-ში სატანა მოხსენიებულია როგორც „ჩვენი ძმების ბრალმდებელი, რომელიც ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე დღე და ღამე!“ (გამოცხადება 12:10). ფსალმუნმომღერალმა კი იეჰოვას შესახებ თქვა: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება? მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ“ (ფსალმუნები 129:3, 4).
როცა უარყოფითი აზროვნება აღარ იარსებებს
რამხელა შვებას იგრძნობდნენ ანგელოზები, როდესაც სატანა და მისი დემონები გადმოყრილ იქნენ ზეციდან! (გამოცხადება 12:7—9). მას შემდეგ, ამ ბოროტ სულიერ არსებებს აღარ შეუძლიათ იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა (დანიელი 10:13).
ახლო მომავალში დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები გაიხარებენ. მალე ციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი აქვს, შებოჭავს სატანას და მის დემონებს და უფსკრულში — უმოქმედო მდგომარეობაში — ჩააგდებს (გამოცხადება 20:1—3). მართლაც რა დიდ შვებას ვიგრძნობთ, როცა ეს მოხდება!
მანამდე კი საჭიროა თავი დავიცვათ უარყოფითი აზროვნებისგან. როდესაც არასწორი და უარყოფითი აზრები მოგვდის, ვებრძოლოთ მათ იეჰოვას სიყვარულზე ფიქრით. ამის შედეგად კი ‘ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს ჩვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით’ (ფილიპელები 4:6, 7).
[სურათი 26 გვერდზე]
იობი ებრძოდა უარყოფით აზროვნებას.
[სურათი 28 გვერდზე]
ლოტმა დაინახა, რომ იეჰოვა თანამგრძნობი მმართველია.