შექმნილია დიდებული განზრახვით
როგორც დასაწყისში მოვიხსენიეთ, უკვე საუკუნეებია, რაც ადამიანთა მზერას უნაკლო ცის კაბადონი იტაცებს და ცნობისმოყვარეობას აღვივებს მათში — „რატომ არსებობს ეს ყველაფერი?“. ნიჭიერი მუსიკოსი მადლიერებით მღეროდა დიდი ხნის წინათ: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“ (ფსალმუნი 18:1).
განუმეორებელი დედამიწაც მსგავს გრძნობებს იწვევს ჩვენში. მაგალითად, კოსმოსში მოგზაურობიდან დაბრუნებული კოსმონავტი ჩარლზ დიუკი აღტაცებული ამბობდა: „დედამიწის ხედი ულამაზესია მთელს კოსმოსში ხმელეთის, ზღვებისა და ღრუბლების საოცარი ფერთა შეხამებით“. შემდეგ მან დაამატა: „შავბნელი სივრცის ფონზე მისი ყურება რაღაც ზებუნებრივი განცდა იყო“.
რა გრძნობები გეუფლებათ, როდესაც ვარსკვლავებით მოოჭვილ, მოკამკამე ზეცას შესცქერით? ან როდესაც ბუნების შთამბეჭდავ პეიზაჟს შეჰყურებთ? გიფიქრიათ ოდესმე, როგორ ან რატომ წარმოიშვა ეს ყველაფერი?
ღმერთი გვიმხელს თავის განზრახვას
ძველად მცხოვრებ ერთ მამაკაცს, იობს, იეჰოვამ ასეთი შეკითხვა დაუსვა: „სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი?“ (იობი 38:4). იობმა მოწიწებით მოიდრიკა თავი შემოქმედის წინაშე, რადგან, ბუნებრივია, იმ დროს დაბადებულიც არ იყო. მაგრამ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე იობი მოევლინებოდა ქვეყანას, ღმერთმა თავისივე მსგავსი სულიერი ძეები, ანგელოზები, შექმნა (ფსალმუნი 103:4, 5). ასე რომ, ღმერთი კვლავ ეკითხება იობს დედამიწის შესახებ: „რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები [ანგელოზები]?“ (იობი 38:6, 7).
რატომ უხაროდათ ანგელოზებს ასე ძალიან დედამიწის დაფუძნება? როგორც ჩანს, მათ იცოდნენ, რომ ღვთის მატერიალურ ქმნილებებს შორის დედამიწას განსაკუთრებული ადგილი ეკავა. დედამიწასთან დაკავშირებული თავისი დიდებული განზრახვის შესახებ, შესაძლებელია, გარკვეული წარმოდგენა თვითონ ღმერთმა შეუქმნა ანგელოზებს. მოგვიანებით იეჰოვამ კაცობრიობას გაუმჟღავნა, რომ მას „[დედამიწა] საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, [არამედ] დასასახლებლად გამოსახა“. დიახ, მან დედამიწა ადამიანთა მარადიული ცხოვრებისა და ბედნიერებისთვის შექმნა (ესაია 45:18).
მამაკაცისა და ქალის შექმნის შემდეგ იეჰოვამ დედამიწასთან დაკავშირებული თავისი განზრახვა გვამცნო, როდესაც ადამიანთა პირველ წყვილს უბრძანა: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28). ადამიანთა პირველი წყვილი ღმერთმა გამრავლების სასწაულებრივი უნარით შექმნა და მისი განზრახვაც ის იყო, რომ მთელი დედამიწა სრულყოფილი ადამიანებით დასახლებულიყო, რომლებიც თავიანთი შემოქმედის ბრწყინვალე თვისებებს აირეკლავდნენ.
თუმცა დღეს ადამიანები დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში ცხოვრობენ, ისინი არ ‘ეუფლებიან’ მას ისე, რომ ამან პატივი მიაგოს ჩვენს შემოქმედს. ადამიანები ავადდებიან და კვდებიან. ვერც დედამიწასა და ცხოველთა სამყაროს უწევენ საჭირო მზრუნველობას. იეჰოვამ ადამიანები სრულყოფილი შექმნა და მას განზრახული ჰქონდა, რომ დროთა განმავლობაში მთლიან დედამიწას სამართლიანი კაცობრიობა დაპატრონებოდა, რომელიც გაერთიანებული იცხოვრებდა მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე.
შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს განზრახვა უსათუოდ განხორციელდება, რადგან, როგორც იეჰოვამ აღგვითქვა, რასაც ის განიზრახავს „დიაღაც გააკეთებს“ (ესაია 46:11; 55:11). ბიბლია გვარწმუნებს: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29; გამოცხადება 21:3, 4). თქვენ შეიძლება გახსოვთ კიდეც ღვთის ძის, იესო ქრისტეს, დანაპირები იმ მომნანიებელი ბოროტმოქმედისადმი, რომელიც მის გვერდით მოკვდა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). საინტერესოა, როგორ მოხდება ეს?
როგორ განხორციელდება ღვთის განზრახვა
როდესაც ქრისტე საბოლოოდ აიღებს ხელში დედამიწის მართვის სადავეებს, ეს ბოროტმოქმედი მკვდრეთით იქნება აღდგენილი იმ ზეციური მმართველობის ქვეშ მყოფ დედამიწაზე საცხოვრებლად, რომლის შესახებაც ქრისტიანები დიდი ხანია ლოცულობენ (ფსალმუნი 71:1, 5–8; მათე 6:9, 10; იოანე 18:36, 37; საქმეები 24:15). მაგრამ, ვიდრე მკვდრები აღდგებიან, ჯერ ის ადამიანები განადგურდებიან, რომლებიც ღვთის თაყვანისცემაზე ამბობენ უარს. ბიბლია აღგვითქვამს: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა“. შემდეგ განაგრძობს: „იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).
დიდებული სამყაროს ყოვლადბრძენ შემოქმედს, უეჭველად შესწევს თავისი განზრახვის განხორციელების ძალა, რომ დედამიწა მისი კეთილი თვისებების მიმბაძველი ადამიანებით იყოს დასახლებული (დაბადება 1:27). იმისთვის, რომ ადამიანებს გაეგოთ, როგორ აღასრულებს ღმერთი ყოველივე ამას, მან კაცობრიობა შესანიშნავი წიგნით უზრუნველყო, რომლის წაკითხვა ყველას შეუძლიაa. წიგნის შესახებ თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ერთი დეიტონელი ელექტრიკოსი (ოჰაიო, აშშ):
„ამ წიგნის კითხვა მთელი სიცოცხლე არ მომბეზრდება. დასაწყისში მშვენიერი სახლის შესახებ ვკითხულობთ, რომელიც ამბოხებამ დააქცია. ამას ტრაგედია, უბედურება, მწუხარება, მკვლელობა და სიკვდილი მოჰყვება. რაც უფრო იზრდება ეს ოჯახი, მით უფრო ღრმად იძირება სასოწარკვეთილებისა და წყვდიადის მორევში. საუკუნე საუკუნეს მისდევს, აღზევებას განიცდიან და კვლავ ეცემიან ერები, ჩვენს თვალწინ იშლება ათასობით პერსონაჟის ცხოვრება, ვაწყდებით ყველა სახის ადამიანურ გრძნობას: უკიდურესად მძაფრი, დაუოკებელი სიძულვილიდან დაწყებული მარტვილთა გაუნელებელი სიყვარულით დამთავრებული. იმედის მინავლებული ნაპერწკლები თანდათანობით ჩაუქრობელ ჩირაღდნებად ენთება. უნაკლო მთავრობა მალე აღადგენს მშვენიერ სახლს. მას მეფე იესო ქრისტე განაგებს. მთავრობა ღვთის სამეფოა. ოჯახი — ადამიანთა მოდგმა. ეს წიგნი კი ბიბლიაა!“
მოგიწოდებთ, გულდასმით წაიკითხოთ ეს უმნიშვნელოვანესი წიგნი — ბიბლია. გარდა ამისა, გთავაზობთ, დაწვრილებით გაეცნოთ და დაუკვირდეთ იმ უდავო ფაქტებს, რომ სამყარო და მისთვის დამახასიათებელი მრავალი თავისებურება რაღაც ბრმა შემთხვევით არ წარმოქმნილა. ეს საკითხი მეცნიერული კუთხით განხილულია წიგნში „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. თუ გსურთ ამ წიგნის მიღება, იხილეთ ამ ჟურნალის 32-ე გვერდი.
[სქოლიო]
a იხილეთ ბროშურა „წიგნი ყველასთვის“, გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[სურათი 10 გვერდზე]
„ულამაზესი ხედი კოსმოსში“.
[საავტორო უფლება]
NASA photo