იეჰოვას „მბრწყინავი თვალები“ ყველას ამოწმებს
„[იეჰოვას] მბრწყინავი თვალები ამოწმებენ ადამიანთა ძეებს“ (ფსალმ. 11:4).
1. როგორი ადამიანები გიზიდავს?
რას გრძნობ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც შენი მდგომარეობით გულწრფელად არის დაინტერესებული? როცა რამეს ეკითხები, გულახდილად გეუბნება თავის აზრს; როცა გიჭირს, გვერდიდან არ გშორდება, ხოლო როცა რჩევა გჭირდება, სიყვარულით გაძლევს (ფსალმ. 141:5; გალ. 6:1). არ გიზიდავს ასეთი ადამიანი? სწორედ ასეთ მზრუნველობას იჩენენ ჩვენ მიმართ იეჰოვა და იესო. შენი მდგომარეობა მათ ნებისმიერ ადამიანზე მეტად აღელვებთ და სრულიად უანგაროდ ზრუნავენ შენზე. მათ იმ მიზნით სურთ შენი დახმარება, რომ „მტკიცედ ჩაეჭიდო ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმ. 6:19; გამოცხ. 3:19).
2. რამდენად არის იეჰოვა დაინტერესებული თავისი მსახურებით?
2 ჩვენდამი იეჰოვას გულწრფელი ინტერესი ფსალმუნმომღერალმა დავითმა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „[იეჰოვას] თვალი, მისი მბრწყინავი თვალები ამოწმებენ ადამიანთა ძეებს“ (ფსალმ. 11:4). ღმერთი არა მხოლოდ გვიყურებს ზეციდან, არამედ გვამოწმებს კიდეც. დავითი აგრეთვე წერდა: „შენ იკვლევ ჩემს გულს და მამოწმებ ღამით . . . დაინახავ, რომ ცუდი არაფერი განმიზრახავს“ (ფსალმ. 17:3). როგორც ვხედავთ, დავითმა იცოდა, რომ მისით იეჰოვა გულწრფელად იყო დაინტერესებული. თუმცა მას ისიც ესმოდა, რომ თუ ხორციელ სურვილებს აჰყვებოდა და გულს არ გაუფრთხილდებოდა, იეჰოვას ტკივილს მიაყენებდა და მასთან ურთიერთობას გაიფუჭებდა. დავითისთვის იეჰოვა რეალური პიროვნება იყო. შენთვისაც რეალური პიროვნებაა იეჰოვა?
იეჰოვა გულს ხედავს
3. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა ყურადღებას არ აქცევს ჩვენს უმნიშვნელო შეცდომებს?
3 იეჰოვა უმთავრესად იმით არის დაინტერესებული, თუ შინაგანად როგორი ადამიანები ვართ ანუ როგორი გული გვაქვს (ფსალმ. 19:14; 26:2). იგი ყურადღებას არ აქცევს ჩვენს უმნიშვნელო შეცდომებს. მაგალითად, როცა აბრაამის ცოლმა, სარამ ხორცშესხმულ ანგელოზს სიმართლე არ უთხრა, ანგელოზს მისთვის მკაცრად არ უსაყვედურია, რადგან დაინახა, რომ სარა შეშინდა, და თანაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა (დაბ. 18:12—15). მიუხედავად იმისა, რომ იობმა „საკუთარი სული ღმერთზე მართლად“ ჩათვალა, იეჰოვამ მაინც აკურთხა იგი, ვინაიდან ხედავდა, რომ იობი სატანის ხელში საშინლად იტანჯებოდა (იობ. 32:2; 42:12). იეჰოვას არც სარეფთელი ქვრივის სიტყვებისთვის მიუქცევია ყურადღება, რომელიც მან წინასწარმეტყველ ელიას უთხრა, რადგან ხედავდა ერთადერთი შვილის სიკვდილით გამწარებული დედის მდგომარეობას (1 მეფ. 17:8—24).
4, 5. როგორ გამოავლინა იეჰოვამ დიდსულოვნება აბიმელექის მიმართ?
4 ვინაიდან იეჰოვა ყველას გულს ხედავს, მათ მდგომარეობასაც ითვალისწინებს, ვინც მისი მსახური არ არის. გავიხსენოთ, როგორ მოექცა იგი ფილისტიმის ერთ-ერთი ქალაქის, გერარის მეფეს, აბიმელექს. აბიმელექმა არ იცოდა, რომ აბრაამი და სარა ცოლ-ქმარი იყვნენ, და სარას ცოლად შერთვა დააპირა. მეფე ჯერ არ გაჰკარებოდა სარას, როდესაც იეჰოვამ სიზმარში უთხრა: „ვიცი, რომ ეს პატიოსანი გულით გააკეთე. მე გაკავებდი ჩემ წინააღმდეგ შეცოდებისგან; ამიტომ არ დავუშვი, რომ მას გაჰკარებოდი. ახლა კი დაუბრუნე ცოლი იმ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია იგი, და ის ილოცებს შენთვის. ასე იცოცხლებ“ (დაბ. 20:1—7).
5 იეჰოვას შეეძლო დაესაჯა ცრუ ღმერთების თაყვანისმცემელი აბიმელექი. მაგრამ მან დაინახა, რომ აბიმელექს გულში ბოროტი განზრახვა არ ჰქონია. იეჰოვამ გაითვალისწინა ეს გარემოება. მან დაარიგა კიდეც აბიმელექი, თუ რა უნდა გაეკეთებინა, რომ პატიება მიეღო და ეცოცხლა. განა არ ღირს, რომ ასეთ ღმერთს ემსახურო?!
6. რაში ჰბაძავდა იესო თავის ზეციერ მამას?
6 ზეციერი მამის მსგავსად, იესოც აქცევდა ყურადღებას თავისი მოწაფეების ღირსებებს და მაშინვე პატიობდა შეცდომებს (მარ. 10:35—45; 14:66—72; ლუკ. 22:31, 32; იოან. 15:15). სწორედ ამიტომ თქვა იესომ ის სიტყვები, რომელიც იოანეს 3:17-შია ჩაწერილი: „ღმერთმა იმიტომ კი არ გამოგზავნა თავისი ძე ქვეყნიერებაზე, რომ მას ქვეყნიერება გაესამართლებინა, არამედ იმიტომ, რომ მისი მეშვეობით გადარჩენილიყო ქვეყნიერება“ (იოან. 3:17). იეჰოვას და იესოს ძლიერ ვუყვარვართ და ეს სიყვარული დროებითი არ არის. მათ სურთ, მარადიულად ვიცხოვროთ (იობ. 14:15). სწორედ ასეთი სიყვარულით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ გვამოწმებს იეჰოვა, რატომ ხედავს ჩვენში კარგს და რატომ ცდილობს ჩვენს გამოსწორებას (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:8, 19).
ღმერთი სიყვარულით გვამოწმებს
7. რატომ გვამოწმებს იეჰოვა?
7 იეჰოვა არ არის პოლიციელი, რომელიც ზეციდან იმიტომ გვაკვირდება, რომ ფაქტზე დაგვიჭიროს. სატანას კი ერთი სული აქვს, რაღაცაში გამოგვიჭიროს (გამოცხ. 12:10). იგი უმიზეზოდაც კი გვადანაშაულებს (იობ. 1:9—11; 2:4, 5). ღვთის შესახებ ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?!“ (ფსალმ. 130:3). ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხი თავისთავად ცხადია (ეკლ. 7:20). იეჰოვა დაგვყურებს, როგორც გულმოწყალე, მზრუნველი მშობელი, რომ თავისი საყვარელი შვილები მოსალოდნელი საფრთხისგან დაიცვას. იგი ხშირად მიგვითითებს ისეთ სისუსტეებზე, რომლებიც შეიძლება მახედ გვექცეს (ფსალმ. 103:10—14; მათ. 26:41).
8. რისი მეშვეობით აძლევს იეჰოვა თავის მსახურებს შეგონებებსა და მითითებებს?
8 ღვთის სიყვარულზე ისიც მეტყველებს, რომ იგი ბიბლიისა თუ „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებული სულიერი საზრდოს მეშვეობით საჭირო მითითებებსა და შეგონებებს გვაძლევს (მათ. 24:45; ებრ. 12:5, 6). იეჰოვა მხარში გვიდგას როგორც ქრისტიანული კრების, ისე იმ ძმების საშუალებით, რომლებიც არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფეს. 4:8). უფრო მეტიც, იეჰოვა იმ მიზნით გვაკვირდება, რომ დაინახოს, რამდენად ვითვალისწინებთ მის მითითებებს, და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმაროს კიდეც. ფსალმუნის 32:8-ში ვკითხულობთ: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“. მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ვუსმენდეთ იეჰოვას! მის წინაშე თავი უნდა დავიმდაბლოთ, რადგან იგი, როგორც მზრუნველი მამა, სიყვარულით გვმოძღვრავს და გვმფარველობს (წაიკითხეთ მათეს 18:4).
9. რა არ უნდა დავუშვათ და რატომ?
9 ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ სიამაყემ, რწმენის ნაკლებობამ თუ „ცოდვის მაცდუნებელმა ძალამ“ არ გაგვაჯიუტოს (ებრ. 3:13; იაკ. 4:6). ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც ადამიანი გონებას მავნე აზრებითა და სურვილებით კვებავს. საქმე შეიძლება იქამდეც კი მივიდეს, რომ ასეთმა ადამიანმა უგულებელყოს ბიბლიიდან მიცემული რჩევა. და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამან შეიძლება იგი ღვთის მტრად აქციოს და დაღუპვამდე მიიყვანოს (იგავ. 1:22—31). გავიხსენოთ ადამისა და ევას პირველი შვილის, კაენის ისტორია.
იეჰოვა ყველას ხედავს და შესაბამის ზომებსაც იღებს
10. რატომ არ მიიღო იეჰოვამ კაენის მსხვერპლი, და რა რეაქცია ჰქონდა კაენს?
10 როდესაც კაენმა და აბელმა იეჰოვას შესაწირავი მიუტანეს, მას აინტერესებდა არა მარტო ის, თუ რას შესწირავდნენ, არამედ ისიც, თუ რა მოტივით შესწირავდნენ. ღმერთმა აბელის მსხვერპლი მიიღო, რადგან მან რწმენით გაიღო ეს მსხვერპლი, კაენისა კი არ მიიღო მისივე რწმენის ნაკლებობის გამო (დაბ. 4:4, 5; ებრ. 11:4). იმის მაგივრად, რომ კაენს თავისი ნაკლი დაენახა და გამოესწორებინა, საკუთარ ძმაზე რისხვით აენთო (დაბ. 4:6).
11. საიდან გამოვლინდა, რომ კაენს ვერაგი გული ჰქონდა, და რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?
11 იეჰოვა ხედავდა, რომ კაენს გულში ბოროტება ჰქონდა. ამიტომ რბილად უთხრა, რომ თუ ‘კარგს გააკეთებდა, მიიღებდა მას’. თავისდა საუბედუროდ, კაენმა უგულებელყო შემოქმედის რჩევა და თავისი ძმა სიცოცხლეს გამოასალმა. კაენს რომ ბოროტი გული ჰქონდა, ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ ღმერთს უპატივცემულოდ უპასუხა. იეჰოვამ ჰკითხა: „სად არის შენი ძმა აბელი?“ კაენმა მკვახედ მიუგო: „მე რა ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ?!“ (დაბ. 4:7—9). როგორც ვხედავთ, გული შესაძლოა იმდენად ვერაგი გახდეს, რომ ადამიანმა უშუალოდ ღვთისგანაც რომ მიიღოს რჩევა, შეიძლება ისიც კი უგულებელყოს (იერ. 17:9). კაენის შემთხვევიდან ვსწავლობთ იმას, რომ აუცილებელია, უმალვე მოვიცილოთ მავნე აზრები და სურვილები (წაიკითხეთ იაკობის 1:14, 15). და თუკი ბიბლიიდან რჩევას მოგვცემენ, მადლიერები ვიყოთ და ამაში იეჰოვას სიყვარული დავინახოთ.
ცოდვა არ დაიმალება
12. რის მიხედვით გამოაქვს იეჰოვას განაჩენი?
12 შეიძლება ზოგი ფიქრობს, რომ თუ დანაშაულზე ვერავინ წაასწრებს, დასჯას გადაურჩება (ფსალმ. 19:12). სინამდვილეში დაფარული ცოდვა არ არსებობს. „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრ. 4:13). იეჰოვა ისეთი მოსამართლეა, რომელიც იკვლევს გულის ზრახვებს, და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სრულიად სამართლიანი განაჩენი გამოაქვს. ის „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“. თუმცა მოუნანიებელს, ვინც ‘შეგნებულად სცოდავს’ ან მზაკვრული ზრახვები აქვს, „დაუსჯელად არ ტოვებს“ (გამ. 34:6, 7; ებრ. 10:26). ეს იქიდანაც გამოჩნდა, თუ როგორ მოექცა იეჰოვა აქანს, ანანიასა და საფირას.
13. სადამდე მიიყვანა სიხარბემ აქანი?
13 აქანმა არაფრად ჩააგდო ღვთის მითითება და იერიხონის განადგურების შემდეგ ნაძარცვიდან აიღო ის, რაც მოეწონა, და თავის კარავში გადამალა. როგორც ჩანს, ამის შესახებ მისი ოჯახის წევრებმაც იცოდნენ. როდესაც აქანის დანაშაული გამოაშკარავდა, მან აღიარა თავისი ცოდვის სიმძიმე: „შევცოდე იეჰოვას“ (იესო. 7:20). კაენის მსგავსად, არც აქანი გაუფრთხილდა გულს. მას სიხარბემ სძლია და ამიტომაც მოიქცა მზაკვრულად. მან მიითვისა ის, რაც არ ეკუთვნოდა, რადგან ნადავლი, რომელიც ისრაელებმა ხელთ იგდეს იერიხონის აღების შემდეგ, იეჰოვას საკუთრება იყო. აქანსა და მის ოჯახს ეს ძალიან ძვირად დაუჯდათ (იესო. 7:25).
14, 15. რატომ დაიტეხეს ანანიამ და საფირამ ღვთის რისხვა, და რას ვსწავლობთ აქედან?
14 ანანია და მისი მეუღლე, საფირა, პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების წევრები იყვნენ. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ ქრისტიანებმა ნებაყოფლობით დაიწყეს ფულის შეგროვება იმ ახალმოქცეულთა დასახმარებლად, რომლებიც შორიდან იყვნენ იერუსალიმში ჩასულები და იქ დროებით რჩებოდნენ. ანანიამ მინდორი გაყიდა და თავის მეუღლესთან შეთანხმებით საფასურის მხოლოდ ნაწილი გაიღო, თუმცა თავი ისე დაიჭირა, თითქოს მთელი თანხა შესწირა. ანანიამ და საფირამ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ კრების წინაშე თავი წარმოეჩინათ, მაგრამ ეს იყო მზაკვრული საქციელი. ამის შესახებ იეჰოვამ სასწაულებრივად გაუმჟღავნა მოციქულ პეტრეს. მოციქულმა ამხილა ანანია, რის შემდეგაც ანანია ძირს დაეცა და სული განუტევა. მალე საფირასაც იგივე ბედი ეწია (საქ. 5:1—11).
15 ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ანანიასა და საფირას წამიერმა სისუსტემ სძლია. მათ განზრახ იცრუეს და მოციქულების შეცდომაში შეყვანა სცადეს. გაცილებით მძიმე დანაშაული კი ის იყო, რომ ანანია და საფირა ‘წმინდა სულისა და ღვთის მოტყუებას’ შეეცადნენ. იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენი უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ იგი კრებას ნებისმიერ დროს დაიცავს თვალთმაქცებისგან. მართლაც „საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა“ (ებრ. 10:31).
ყველაფერში ერთგული იყავი
16. ა) რით ცდილობს სატანა ჩვენი გულის გარყვნას? ბ) იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, რა მეთოდებს მიმართავს სატანა ხალხის გასარყვნელად?
16 სატანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გარყვნას ჩვენი გული და იეჰოვას კეთილგანწყობა დაგვაკარგვინოს (გამოცხ. 12:12, 17). ეშმაკის ბოროტ ზრახვებს არაჩვეულებრივად ირეკლავს ქვეყნიერება, სადაც გარყვნილებასა თუ ძალადობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. დღეს პორნოგრაფიის ყურება, მაგალითად კომპიუტერის საშუალებით, არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. ნურასდროს წამოეგები სატანის ანკესს. იქონიე ისეთივე განწყობა, როგორიც ფსალმუნმომღერალ დავითს ჰქონდა: „გონივრულად მოვიქცევი უბიწობის გზაზე . . . უმწიკვლო გულით ვივლი ჩემს სახლში“ (ფსალმ. 101:2).
17. ა) რატომ ააშკარავებს იეჰოვა დაფარულ ცოდვებს? ბ) რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?
17 მძიმე ცოდვები თუ მზაკვრული საქციელი იეჰოვას სასწაულებრივად აღარ გამოაქვს სააშკარაოზე, თუმცა ყველას ხედავს და დაფარულს თავის დროზე აუცილებლად გამოააშკარავებს, თანაც ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. პავლემ აღნიშნა: „ზოგიერთების ცოდვები ყველასთვის ცხადია და პირდაპირ გასამართლებისკენ მიჰყავს ისინი. სხვების ცოდვები კი მოგვიანებით გახდება ცხადი“ (1 ტიმ. 5:24). იეჰოვა ცოდვებს იმიტომ ააშკარავებს, რომ ვუყვარვართ; მას უყვარს კრება და სურს, რომ კრების სიწმინდე არ შეიბღალოს. თუმცა იეჰოვა გულმოწყალედ ეპყრობა მათ, ვინც ცოდვის ტყვეობაში აღმოჩნდა, მაგრამ გულწრფელად ინანიებს (იგავ. 28:13). ამიტომ გავუფრთხილდეთ გულს და მოვერიდოთ ყველაფერს, რამაც შეიძლება გული გაგვირყვნას.
ემსახურე ღმერთს მთელი გულით
18. რისი სურვილი ჰქონდა დავითს?
18 დავითმა თავისი ვაჟი სოლომონი ასე დაარიგა: „იცნობდე მამაშენის ღმერთს და მთელი გულითა და ხალისიანი სულით ემსახურე მას, რადგან იეჰოვა გულებს იკვლევს და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას“ (1 მატ. 28:9). დავითს უნდოდა, რომ სოლომონს მხოლოდ კი არ ერწმუნა ღმერთი, არამედ ბოლომდე შეეგრძნო, რა ძლიერ უყვარს იეჰოვას თავისი მსახურები და მადლიერი ყოფილიყო ამისთვის. შენც გრძნობ იეჰოვას სიყვარულს და ხარ ამისთვის მადლიერი?
19, 20. ფსალმუნის 19:7—11-ის თანახმად, რა დაეხმარა დავითს, რომ დაახლოებოდა იეჰოვას, და ჩვენ როგორ მივბაძოთ მას?
19 იეჰოვამ იცის, რომ როდესაც გულწრფელი ადამიანი გაიცნობს მას და დაინახავს მის თვისებებს, უეჭველად დაუახლოვდება. ამიტომ მას უნდა, რომ უფრო ახლოს გავიცნოთ და უკეთ დავინახოთ მისი შესანიშნავი თვისებები. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ შევისწავლით მის სიტყვას და ისე ვიცხოვრებთ, რომ მისგან კურთხევები მივიღოთ (იგავ. 10:22; იოან. 14:9).
20 მადლიერებით კითხულობ ღვთის სიტყვას ყოველდღიურად და ლოცულობ იმისთვის, რომ გამოიყენო იქ ჩაწერილი რჩევები? თუ ხედავ, რამდენად სასარგებლოა ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება? (წაიკითხეთ ფსალმუნის 19:7—11). თუ ასეა, ღვთის მიმართ რწმენა და სიყვარული თანდათანობით გაგიღრმავდება. თავის მხრივ, იეჰოვაც დაგიახლოვდება და, ასე ვთქვათ, ხელი-ხელჩაკიდებულნი ივლით (ეს. 42:6; იაკ. 4:8). თუ გაჰყვები სიცოცხლის ვიწრო გზას, გაკურთხებს იეჰოვა და სულიერად დაგიცავს, რითაც დაგიმტკიცებს, რომ უყვარხარ (ფსალმ. 91:1, 2; მათ. 7:13, 14).
როგორ უპასუხებთ?
• რატომ გვამოწმებს იეჰოვა?
• რატომ იქცა ღვთის ზოგიერთი მსახური მის მტრად?
• რით ცხადვყოფთ, რომ იეჰოვა ჩვენთვის რეალური პიროვნებაა?
• რა დაგვეხმარება, რომ ღმერთს მთელი გულით ვემსახუროთ?
[სურათი 4 გვერდზე]
იეჰოვა მზრუნველი მშობელივით დაგვყურებს
[სურათი 5 გვერდზე]
რას ვსწავლობთ ანანიას შემთხვევიდან?
[სურათი 6 გვერდზე]
რა დაგვეხმარება, რომ მთელი გულით ვემსახუროთ იეჰოვას?