ერთად ვადიდოთ იეჰოვას სახელი
„ჩემთან ერთად განადიდეთ იეჰოვა, ერთად ვადიდოთ მისი სახელი!“ (ფსალმუნი 34:3).
1. რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა იესომ დედამიწაზე მსახურების დროს?
იესო და მისი მოციქულები ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, საღამოს, იერუსალიმში ერთი სახლის ზემოთა ოთახში შეიკრიბნენ და იეჰოვას განსადიდებელი სიმღერები იმღერეს (მათე 26:30). ამ დროს იესომ უკანასკნელად იმღერა მოციქულებთან ერთად. ღვთის სადიდებლებით მათი შეხვედრის დამთავრება მართებული იყო. დედამიწაზე მსახურების დროს იესო განადიდებდა მამას და მთელი გულით აცხადებდა მის სახელს (მათე 4:10; 6:9; 22:37, 38; იოანე 12:28; 17:6). ამგვარად, ის ეხმაურებოდა ფსალმუნმომღერლის გულთბილ მოწვევას: „ჩემთან ერთად განადიდეთ იეჰოვა, ერთად ვადიდოთ მისი სახელი!“ (ფსალმუნი 34:3). იესომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა.
2, 3. ა) საიდან ვიცით, რომ 34-ე ფსალმუნს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს? ბ) რას განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიაში?
2 სადიდებლების შესრულებიდან რამდენიმე საათში, მოციქულმა იოანემ ნახა, რომ იესო წამების ბოძზე დაკიდეს ორ ბოროტმოქმედთან ერთად, რომლებსაც სიკვდილის დაჩქარების მიზნით რომაელმა ჯარისკაცებმა ძვლები გადაუმტვრიეს. იოანემ დაწერა, რომ იესოს არ გადაუმტვრიეს ძვლები. როცა ჯარისკაცები იესოსთან მივიდნენ, ის უკვე მკვდარი იყო. თავის სახარებაში იოანემ აღნიშნა, რომ ამით შესრულდა 34-ე ფსალმუნში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „მისი ძვალი არ გადატყდება“ (იოანე 19:32—36; ფსალმუნი 34:20).
3 ქრისტიანებისთვის 34-ე ფსალმუნი მრავალმხრივ არის საინტერესო. ამ და მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, რა ვითარებაში დაწერა დავითმა ეს ფსალმუნი; ასევე განხილული იქნება გამამხნევებელი აზრები ამ ფსალმუნის თითოეული მუხლიდან.
დავითი გაურბის საულს
4. ა) რატომ სცხო სამუელმა დავითი ისრაელის მომავალ მეფედ? ბ) რატომ შეიყვარა საულმა დავითი?
4 დავითი ახალგაზრდა იყო, როცა საული მეფობდა ისრაელზე. მაგრამ საული დაუმორჩილებელი გახდა და იეჰოვას კეთილგანწყობა დაკარგა. წინასწარმეტყველმა სამუელმა უთხრა მას: „დღეს გამოგგლიჯა იეჰოვამ ისრაელის მეფობა და შენს მოძმეს, შენზე უკეთესს მისცემს მას“ (1 სამუელი 15:28). მოგვიანებით იეჰოვამ სამუელს უთხრა, რომ ისრაელის მომავალ მეფედ იესეს უმცროსი ვაჟი, დავითი ეცხო. ამ პერიოდში მეფე საული ცუდ გუნებაზე იყო, რადგან ღვთის სული დაკარგა. ვინაიდან დავითი კარგად უკრავდა ქნარზე, ის გიბაში წაიყვანეს, რათა თავისი მუსიკით დაემშვიდებინა მეფე საული. „შეიყვარა იგი საულმა“ (1 სამუელი 16:11, 13, 21, 23).
5. რატომ შეეცვალა საულს დავითის მიმართ დამოკიდებულება და როგორ მოიქცა დავითი?
5 დრომ აჩვენა, რომ იეჰოვა დავითთან იყო. იეჰოვა დაეხმარა დავითს, დაემარცხებინა ფილისტიმელი გოლიათი და მხარი დაუჭირა იმით, რომ ისრაელმა განადიდა ის როგორც ნიჭიერი მებრძოლი. ამის გამო შურით აღვსილმა საულმა შეიძულა დავითი. მან ორჯერ ესროლა დავითს შუბი, როცა ის ქნარზე უკრავდა. ორივე შემთხვევაში დავითმა აიცდინა შუბი. როცა საულმა მესამედ სცადა ისრაელის მომავალი მეფის მოკვლა, დავითი მიხვდა, რომ უნდა გაქცეულიყო. საული განაგრძობდა დავითის ძებნას, რომ მოეკლა ის, ამიტომ დავითმა თავშესაფარს ისრაელის გარეთ დაუწყო ძებნა (1 სამუელი 18:11; 19:9, 10).
6. რატომ ამოხოცა საულმა ქალაქ ნობის მოსახლეობა?
6 დავითი საზღვრის გადაკვეთამდე ქალაქ ნობში გაჩერდა, სადაც იეჰოვას კარავი იდგა. დავითს და მის ახალგაზრდა თანმხლებთ, რომლებიც, როგორც ჩანს, მასთან ერთად გაიქცნენ, მოშივდათ. საულმა გაიგო, რომ მღვდელმთავარმა დავითსა და მის კაცებს საკვები და მახვილი მისცა, რომელიც დავითის მიერ მოკლულ გოლიათს ეკუთვნოდა. განრისხებულმა საულმა ამოხოცა ქალაქის მოსახლეობა, მათ შორის 85 მღვდელი (1 სამუელი 21:1, 2; 22:12, 13, 18, 19; მათე 12:3, 4).
დავითი კვლავ გადაურჩა სიკვდილს
7. რატომ არ იყო გათი დავითისთვის უსაფრთხო თავშესაფარი?
7 ნობიდან დავითმა დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრი გაიარა. ის ფილისტიმელთა ქვეყანაში, გოლიათის მშობლიურ ქალაქ გათში, მეფე აქიშთან ეძებდა თავშესაფარს. შესაძლოა, დავითი ფიქრობდა, რომ საული გათში არ დაუწყებდა ძებნას. მაგრამ გათის მეფის მსახურებმა დავითი მალევე იცნეს. როცა დავითი მიხვდა ამას, „ძალიან შეეშინდა აქიშისა, გათის მეფისა“ (1 სამუელი 21:10—12).
8. ა) 56-ე ფსალმუნის თანახმად, რა შეემთხვა დავითს გათში? ბ) როგორ დააღწია თავი დავითმა სიკვდილს?
8 ფილისტიმელებმა დავითი შეიპყრეს. შესაძლოა, მან ამ პერიოდში დაწერა ფსალმუნი, რომელშიც მთელი გულით ევედრებოდა იეჰოვას: „შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში!“ (ფსალმუნი 56:8 და ეპიგრაფი). ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ხედავდა მის მწუხარებას, ის სიყვარულით იზრუნებდა და დაიცავდა მას. დავითმა მოიფიქრა, როგორ მოეტყუებინა ფილისტიმელთა მეფე. მან თავი მოიგიჟიანა. „შეშლილი“ კაცის დანახვაზე მეფე აქიშმა გაკიცხა თავისი მსახურები. ნათელია, იეჰოვა მხარს უჭერდა დავითის გეგმას. დავითი ქალაქიდან გააძევეს. ის კიდევ ერთხელ გადაურჩა სიკვდილს (1 სამუელი 21:13—15).
9, 10. რატომ დაწერა დავითმა 34-ე ფსალმუნი და, შესაძლოა, ვინ ჰყავდა მას მხედველობაში?
9 ბიბლიაში არ არის ნათქვამი, დავითთან ერთად გაიქცნენ მისი მსახურები გათში თუ სათვალთვალოდ დარჩნენ ისრაელის ახლომდებარე სოფლებში. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ გაუხარდებოდათ დავითისგან იმის გაგება, რომ იეჰოვამ კვლავ გადაარჩინა ის სიკვდილს. როგორც ეპიგრაფიდან ჩანს, ამ მოვლენებმა განაპირობა 34-ე ფსალმუნის შექმნა. პირველ შვიდ მუხლში დავითი განადიდებს იეჰოვას მისი ხსნისთვის და მოუწოდებს თავის თანამოაზრეებს, მასთან ერთად განადიდონ იეჰოვა, თავისი ხალხის დიდებული მხსნელი (ფსალმუნი 34:3, 4, 7).
10 დავითმა და მისმა მსახურებმა თავი შეაფარეს ადულამის გამოქვაბულს, რომელიც ისრაელის მთიან მხარეში, გათიდან აღმოსავლეთით 15 კილომეტრში მდებარეობდა. იქ თავი მოიყარეს საულის მმართველობით უკმაყოფილო ისრაელებმა და დავითს შეუერთდნენ (1 სამუელი 22:1, 2). შესაძლოა, დავითს ეს ხალხი ჰყავდა მხედველობაში, როცა ფსალმუნის 34:8—22-ში ჩაწერილ სიტყვებს ამბობდა. ამ მუხლებში მოცემული შეხსენებები დღეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია; 34-ე ფსალმუნის დაწვრილებითი განხილვა დიდ სარგებლობას მოგვიტანს.
თქვენთვისაც უმთავრესია იეჰოვას განდიდება?
11, 12. რა მიზეზები გვაქვს იეჰოვას განსადიდებლად?
11„მუდამ ვაკურთხებ იეჰოვას, გამუდმებით ვაქებ მას ჩემი ბაგეებით“ (ფსალმუნი 34:1). დავითს დევნის დროს ბევრი საზრუნავი ჰქონდა, მაგრამ მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე ზრუნვამ მას იეჰოვას განდიდების სურვილი ვერ დააკარგვინა. ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ მას, როცა სირთულეებს ვხვდებით. ჩვენი უმთავრესი მიზანი იეჰოვას განდიდება უნდა იყოს, იქნება ეს სკოლაში, სამსახურში, თანაქრისტიანებთან ურთიერთობისას თუ მსახურებაში. დავფიქრდეთ, რამდენი მიზეზი გვაქვს იეჰოვას განსადიდებლად. მაგალითად, უსასრულოდ შეგვიძლია იეჰოვას დიდებული შემოქმედების კვლევა, რაც დიდ სიამოვნებას გვგვრის. ასევე დავფიქრდეთ, რამდენი რამ გააკეთა იეჰოვამ თავისი მიწიერი ორგანიზაციის მეშვეობით. გასაოცარია, როგორ იყენებს ჩვენს დროში იეჰოვა არასრულყოფილ, მაგრამ ერთგულ ადამიანებს თავისი ნების შესასრულებლად. განა შეიძლება, რომ ღვთის საქმეები იმ ადამიანების საქმეებს შევადაროთ, რომლებსაც ქვეყნიერება აღმერთებს? ალბათ, თქვენც დაეთანხმებით დავითის სიტყვებს: „არავინ არის შენი მსგავსი ღმერთებს შორის, იეჰოვა, ვერავინ აკეთებს შენებრ საქმეებს“ (ფსალმუნი 86:8).
12 დავითის მსგავსად, აღძრულები ვართ, ყოველთვის განვადიდოთ იეჰოვა მისი შეუდარებელი საქმეების გამო. გვიხარია, რომ ღვთის სამეფოს სათავეში უკვე დგას დავითის მუდმივი მემკვიდრე, იესო ქრისტე (გამოცხადება 11:15). ეს ცხადყოფს, რომ ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა. ექვს მილიარდზე მეტი ადამიანის სიცოცხლე სასწორზე დევს. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვაუწყოთ ადამიანებს ღვთის სამეფოს შესახებ და იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს ის მალე კაცობრიობისთვის, და დავეხმაროთ მათ, ჩვენთან ერთად განადიდონ იეჰოვა. ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ, სანამ დრო გვაქვს, ადამიანებს „სასიხარულო ცნობა“ ვაუწყოთ (მათე 24:14).
13. ა) ვისით ამაყობდა დავითი და ვისზე იმოქმედა მისმა მაგალითმა? ბ) რა აღძრავთ დღეს თვინიერებს, რომ ქრისტიანულ კრებას დაუახლოვდნენ?
13 „იეჰოვათი იამაყებს ჩემი სული, თვინიერები მოისმენენ და გაიხარებენ“ (ფსალმუნი 34:2). დავითი საკუთარი მიღწევებით არ ამაყობდა. მაგალითად, ის არ ტრაბახობდა, რომ გათის მეფის მოტყუება შეძლო. მან იცოდა, რომ გათში ის იეჰოვამ დაიცვა და გადაარჩინა (იგავები 21:1). ამიტომ, დავითი იეჰოვათი ამაყობდა და არა საკუთარი თავით. ასეთი მოქმედებით ის აღძრავდა თვინიერებს, იეჰოვას დაახლოებოდნენ. იესოც მსგავსად განადიდებდა იეჰოვას სახელს. შედეგად თავმდაბალი და მორჩილი ადამიანები ღმერთს უახლოვდებოდნენ. დღესაც თვინიერი ადამიანები ყველა ერიდან უერთდებიან ცხებული ქრისტიანების საერთაშორისო კრებას, რომელსაც სათავეში იესო უდგას (კოლოსელები 1:18). ამისკენ მათ აღძრავს თავმდაბალი მსახურების მიერ ღვთის სახელის განდიდება და ბიბლიის ცნობის მოსმენა. მათ ღვთის წმინდა სული ეხმარება ამ ცნობის გაგებაში (იოანე 6:44; საქმეები 16:14).
ქრისტიანული შეხვედრები რწმენას გვიმტკიცებს
14. ა) მარტო განადიდებდა დავითი იეჰოვას? ბ) რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ შეხვედრებთან დაკავშირებით?
14 „ჩემთან ერთად განადიდეთ იეჰოვა, ერთად ვადიდოთ მისი სახელი!“ (ფსალმუნი 34:3). დავითი მარტო არ განადიდებდა იეჰოვას; ის იწვევდა თავის მეგობრებს, რომ მასთან ერთად განედიდებინათ ღვთის სახელი. მსგავსად ამისა, იესო ქრისტეს, დიდ დავითს, უხაროდა იეჰოვას სახალხოდ განდიდება სინაგოგებში, იერუსალიმის ტაძარში დღესასწაულების დროს და თავის მოწაფეებთან ერთად (ლუკა 2:49; 4:16—19; 10:21; იოანე 18:20). ჩვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს, მივბაძოთ იესოს მაგალითს და ყოველთვის განვადიდოთ იეჰოვა თანამორწმუნეებთან ერთად, განსაკუთრებით ახლა, როცა „ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელები 10:24, 25).
15. ა) როგორ იმოქმედა დავითის მაგალითმა მის ხალხზე? ბ) როგორ გვეხმარება კრების შეხვედრები?
15 „ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა, ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა“ (ფსალმუნი 34:4). იეჰოვასგან ხსნა ბევრს ნიშნავდა დავითისთვის. მან თქვა: „მოუხმო დაჩაგრულმა იეჰოვას და მანაც მოუსმინა, ყველა გასაჭირიდან დაიხსნა იგი“ (ფსალმუნი 34:6). თანამორწმუნეებთან ურთიერთობა საშუალებას გვაძლევს, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს, თუ როგორ გვეხმარება იეჰოვა გასაჭირში. ეს რწმენას უძლიერებს თანამორწმუნეებს ისევე, როგორც დავითთან ურთიერთობა აძლიერებდა მასთან მყოფებს. დავითის ხალხმა‘შეხედა იეჰოვას, სახეები გაუბრწყინდათ; სახეშერცხვენილნი არ იყვნენ’ (ფსალმუნი 34:5). ისინი მეფე საულს გაურბოდნენ, თუმცა შერცხვენილნი არ იყვნენ. მათ სჯეროდათ, რომ ღმერთი მხარში ედგა დავითს, ამიტომ სახე უბრწყინავდათ. დღესაც ბიბლიის შემსწავლელები და ისინი, ვინც დიდი ხანია, ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან, იეჰოვასგან ელოდებიან დახმარებას. მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ღვთის მხარდაჭერა, ამიტომ მათი გაბრწყინებული სახეები მეტყველებს მათ ძლიერ სურვილზე, რომ ღვთის ერთგულები დარჩნენ.
დააფასე ანგელოზების დახმარება
16. როგორ გვეხმარება იეჰოვა ანგელოზების მეშვეობით?
16 „იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო და იხსნის მათ“ (ფსალმუნი 34:7). დავითი არ ფიქრობდა, რომ იეჰოვა მხოლოდ მას ეხმარებოდა. მართალია, დავითი იეჰოვას ცხებული, ისრაელის მომავალი მეფე იყო, მაგრამ მან იცოდა, რომ იეჰოვა განურჩევლად იცავდა ერთგულ თაყვანისმცემლებს ანგელოზების მეშვეობით. დღესაც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს საკუთარი გამოცდილებიდან შეუძლიათ თქვან, რომ იეჰოვა იცავს მათ. ნაცისტურ გერმანიაში, ანგოლაში, მალავიში, მოზამბიკსა და სხვა ქვეყნებში, მთავრობა ცდილობდა იეჰოვას მოწმეების განადგურებას, მაგრამ ამაოდ. ამ ქვეყნებში იეჰოვას მოწმეები კვლავაც განადიდებენ ღვთის სახელს, რაც ცხადყოფს, რომ იეჰოვა ანგელოზების მეშვეობით იცავს და ხელმძღვანელობს თავის ხალხს (ებრაელები 1:14).
17. როგორ გვეხმარებიან ღვთის ანგელოზები?
17 იეჰოვას ანგელოზებს შეუძლიათ ისე წარმართონ საქმე, რომ ჩამოაშორონ იეჰოვას ხალხს ისინი, ვინც სხვებს აბრკოლებს (მათე 13:41; 18:6, 10). შესაძლოა, ჩვენ ვერც კი ვხვდებით, როგორ გვარიდებენ ანგელოზები დაბრკოლებებს ღვთის მსახურებაში და გვიცავენ იმ საფრთხეებისგან, რომლებიც ხელს უშლის იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას. უპირველესად, ისინი გვხელმძღვანელობენ, რომ მთელ კაცობრიობას ვამცნოთ „მარადიული სასიხარულო ცნობა“ იქაც კი, სადაც ქადაგება სახიფათოა (გამოცხადება 14:6). იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ პუბლიკაციებში არაერთი შემთხვევაა მოთხრობილი, თუ როგორ გვეხმარებიან ანგელოზებიa. ამის იმდენად ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ შეუძლებელია ისინი შემთხვევით ხდებოდეს.
18. ა) რა უნდა გავაკეთოთ, რომ ანგელოზები დაგვეხმარონ? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 თუ გვინდა, რომ ანგელოზებმა კვლავაც გვიხელმძღვანელონ და დაგვიცვან, წინააღმდეგობების დროსაც უნდა განვაგრძოთ იეჰოვას სახელის განდიდება. გახსოვდეთ, ღვთის ანგელოზი დაბანაკებულია მხოლოდ „[იეჰოვას] მოშიშთა გარშემო“! მაგრამ, რა იგულისხმება ამაში? რა არის ღვთის შიში და როგორ შეგვიძლია მისი სწავლა? რატომ სურს მოსიყვარულე ღმერთს, მისი გვეშინოდეს? ეს კითხვები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
[სქოლიო]
a იხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდი 550 [რუს.]; 2005 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“, გვერდი 53, 54 [რუს.]; 2000 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 5, 6; 1991 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 27 [რუს.]; 1991 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 26 [რუს.].
როგორ უპასუხებთ?
• რა სირთულეები შეხვდა დავითს ახალგაზრდობაში?
• დავითის მსგავსად, რა უნდა იყოს ჩვენთვის უმთავრესი?
• როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ქრისტიანულ შეხვედრებზე?
• როგორ გვეხმარება იეჰოვა ანგელოზების მეშვეობით?
[რუკა 21 გვერდზე]
(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
რამა
გათი
ციკლაგი
გიბა
ნობი
იერუსალიმი
ბეთლემი
ადულამი
კეილა
ხებრონი
ზიფი
ხორეში
ქარმელი
მაონი
ენ-გედი
მარილოვანი ზღვა
[საავტორო უფლება]
Map: Based on maps copyrighted by Pictorial Archive (Near Eastern History) Est. and Survey of Israel
[სურათი 21 გვერდზე]
დავითი მაშინაც განადიდებდა იეჰოვას სახელს, როცა განდევნილი იყო.
[სურათი 23 გვერდზე]
ჩვენი რწმენა მტკიცდება, როცა ქრისტიანულ შეხვედრებზე გამამხნევებელ შემთხვევებს ვისმენთ.