-
მემკვიდრეობა, რომელიც იმედს არ გაგიცრუებთსაგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ოქტომბერი
-
-
მემკვიდრეობა, რომელიც იმედს არ გაგიცრუებთ
„თუ უცნობი პირი შეგატყობინებთ, რომ თქვენ მემკვიდრეობა მიიღეთ, ფრთხილად იყავით, შეიძლება დახელოვნებული თაღლითის მახეში გაებათ“.
ასეთი გაფრთხილება მოათავსა შეერთებული შტატების საფოსტო ინსპექციამ თავის ვებ-საიტზე. რატომ? მიზეზი ის არის, რომ ათასობით ადამიანმა მიიღო შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია: „თქვენი ნათესავი დაიღუპა და მემკვიდრეობა დაგიტოვათ“. შედეგად, ანონიმური წერილის ავტორს ბევრმა გაუგზავნა 30 დოლარი ავანსის სახით, რის სანაცვლოდაც, მათ ვითომცდა აუხსნიდნენ, თუ სად იყო მემკვიდრეობა და როგორ უნდა მიეღოთ ის. სამწუხაროდ, ისინი მწარედ მოტყუვდნენ. ყველამ ერთი და იგივე შეტყობინება მიიღო და ცხადია, არავის არანაირი მემკვიდრეობა არ ელოდა.
ასეთი ხრიკის მსხვერპლი ისეთი ადამიანები ხდებიან, ვისაც მემკვიდრეობის მიღების ძლიერი სურვილი აქვთ. ბიბლიის თვალსაზრისი მათ შესახებ, ვინც სხვებს მემკვიდრეობას უტოვებს, დადებითია. მასში ნათქვამია: „კეთილი კაცი შვილთაშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის ქონება კი მართლისათვის ინახება“ (იგავები 13:22). გარდა ამისა, მთაზე ქადაგებისას თვით იესომ წარმოთქვა კარგად ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი სიტყვები: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ (მათე 5:5, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, 1993 [კს]).
იესო შეგვახსენებს ძველი ისრაელის მეფის, დავითის სიტყვებს, რომელმაც ღვთის შთაგონებით სააუკუნეებით ადრე დაწერა: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:11).
„დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“ — მართლაცდა შესანიშნავი იმედია! მაგრამ, რა გარანტია გვაქვს, რომ ეს ხალხის მოსატყუებლად გათვლილი კიდევ ერთი ხრიკი არ არის? ამის გარანტია არსებობს. დედამიწა იეჰოვა ღმერთის დიდებული შემოქმედების ნაწილია, ამიტომ მისი პატრონია და კანონიერი უფლებაც აქვს, მისცეს ის მათ, ვისაც ღირსად ჩათვლის. მეფე დავითის მეშვეობით იეჰოვამ თავის საყვარელ ძეს, იესო ქრისტეს, წინასწარმეტყველური დაპირება მისცა: „მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს — სამკვიდრებლად“ (ფსალმუნები 2:8). ამიტომ, მოციქულმა პავლემ იესოს „ყოვლის მემკვიდრე“ უწოდა (ებრაელები 1:2). ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია იესო ქრისტეს სიტყვებს სრულად ვენდოთ, რომ თავმდაბლები „დაიმკვიდრებენ დედამიწას“. მან ეს კეთილი ზრახვებით თქვა და საამისო ძალა და უფლებამოსილებაც აქვს, რომ შეასრულოს თავისი დანაპირები (მათე 28:18).
და მაინც ღია რჩება გადამწყვეტი საკითხი: როგორ შესრულდება ეს დანაპირები? დღეს, სადაც უნდა გავიხედოთ, ყველგან აგრესიული და ქედმაღალი ადამიანები წარმატებულნი არიან და რაც სურთ, იმას აკეთებენ. თუ ასეა, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ თავმდაბლებს? გარდა ამისა, დედამიწა სერიოზულად ბინძურდება და მის ბუნებრივ რესურსებს ხარბი და წინდაუხედავი ადამიანები ფლანგავენ. მაშ, რაღას დაიმკვიდრებენ თავმდაბლები? წაიკითხეთ მომდევნო სტატია და შეიტყობთ პასუხს ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე.
-
-
„თვინიერნი . . . დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ — როგორ?საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 ოქტომბერი
-
-
„თვინიერნი . . . დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ — როგორ?
„თქვენთვის, ალბათ, ნაცნობია იესო ქრისტეს სიტყვები, რომ თვინიერნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, როგორ ეპყრობიან ადამიანები ერთმანეთს და დედამიწას, როგორ ფიქრობთ, დარჩებათ კი მათ რამე სამემკვიდროდ?“ (მათე 5:5).
მირიამმა, იეჰოვას მოწმემ, ამ შეკითხვით დაიწყო ბიბლიურ თემაზე საუბარი. მამაკაცმა, რომელსაც ის ესაუბრებოდა, უპასუხა, რომ იესო ქრისტე თუ დაგვპირდა, მაშინ დედამიწა გაპარტახებული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი კი არ უნდა გახდეს, არამედ ისეთი, რომ მისთვის შეიძლებოდეს მემკვიდრეობის წოდება.
ეს ნამდვილად ოპტიმისტური პასუხი იყო. მაგრამ აქვს საფუძველი ასეთ დადებით თვალსაზრისს? რასაკვირველია. ბიბლია მტკიცე საფუძველს გვაძლევს, რომ იესო ქრისტეს დანაპირები ნამდვილად შესრულდება. სინამდვილეში, ამ დანაპირების შესრულება მჭიდრო კავშირშია ღვთის განზრახვებთან ადამიანებსა და დედამიწასთან დაკავშირებით. ჩვენ კი დარწმუნებულები ვართ, რომ ღმერთი რასაც გვპირდება, ყველაფერს შეასრულებს (ესაია 55:11). მაშ, რა აქვს ღმერთს განზრახული ადამიანებისთვის და როგორ განახორციელებს ის თავის განზრახვას?
ღვთის მარადიული განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით
იეჰოვა ღმერთმა დედამიწა განსაკუთრებული განზრახვით შექმნა. «ასე თქვა უფალმა, ზეცის გამჩენმა, ის არის ღმერთი, დედამიწის გამომსახველი და მისი შემქმნელი: მან დაამყარა იგი, სიცარიელედ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა: „მე ვარ უფალი და სხვა არ არის“» (ესაია 45:18). ასე რომ, დედამიწა სპეციალურად ადამიანების საცხოვრებლად იყო შექმნილი. უფრო მეტიც, ღმერთს სურს, რომ დედამიწა კაცობრიობისთვის მარადიული სახლი იყოს. „დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე“ (ფსალმუნები 103:5; 118:90).
დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა მაშინაც გახდა ცხადი, როდესაც პირველ წყვილს მან დავალება მისცა. იეჰოვამ ადამსა და ევას უთხრა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს“ (დაბადება 1:28). დედამიწა, რომელიც ღმერთმა ანდო ადამსა და ევას, მარადიული სახლი უნდა ყოფილიყო მათთვის და მათი შთამომავლებისთვის. „ცა — ცად უფლისათვის, — საუკუნეებით ადრე განაცხადა ფსალმუნმომღერალმა, — ხოლო ქვეყანა მისცა კაცთა შვილებს“ (ფსალმუნები 113:24).
ამ სასწაულებრივი პერსპექტივის განსახორციელებლად ადამსა და ევას, ასევე მათ შთამომავლობას, პატივი უნდა ეცათ იეჰოვა ღმერთისთვის, შემოქმედის, სიცოცხლის მომცემისთვის, როგორც უზენაესისთვის და დამორჩილებოდნენ მას. იეჰოვამ ამ მხრივ არაორაზროვანი მითითება მისცა ადამიანს: „ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები“ (დაბადება 2:16, 17). ადამსა და ევას ცხოვრება რომ გაეგრძელებინათ ედემის ბაღში, უნდა დამორჩილებოდნენ ამ მარტივ და ნათელ მითითებას. ასეთი მოქმედებით ისინი გამოხატავდნენ მადლიერებას ყველაფრისათვის, რაც ზეციერმა მამამ გააკეთა მათთვის.
როდესაც ადამი და ევა განზრახ არ დაემორჩილნენ ღმერთს და უგულებელყვეს მისი კანონი, სინამდვილეში ზურგი აქციეს მას, ვინც ისინი ყველაფრით უზრუნველყო (დაბადება 3:6). ასეთი ქმედებით, არა მარტო მათ დაკარგეს ლამაზ სამოთხეში ცხოვრების უფლება, არამედ თავიანთ შთამომავლობასაც წაართვეს ამის შესაძლებლობა (რომაელები 5:12). ჩაშალა პირველი წყვილის დაუმორჩილებლობამ ღვთის თავდაპირველი განზრახვა?
ღმერთი, რომელიც არ იცვლება
იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველის, მალაქიას, მეშვეობით თქვა: „მე, უფალი, არ ვიცვლები“ (მალაქია 3:6). ბიბლიის ფრანგმა მკვლევარმა ლ. ფილონმა ამ მუხლის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ეს სიტყვები პირდაპირ კავშირშია ღვთის დაპირებებთან. „იეჰოვას შეეძლო მოესპო ურჩი ხალხი, — წერდა ფილონი, — მაგრამ ის არ ტეხს სიტყვას; ამიტომ ყველაფრის მიუხედავად, თავისი დაპირებების ერთგული რჩება“. ღმერთი არ ივიწყებს დაპირებებს, იქნება ეს ერთი კაცის, რომელიმე ერის თუ მთელი კაცობრიობის მიმართ ნათქვამი. მისი აღთქმები თავის დროზე შესრულდება. „ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე“ (ფსალმუნები 104:8).
საიდან ვიცით, რომ იეჰოვამ არ გადაიფიქრა თავისი განზრახვის განხორციელება? დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთი შეასრულებს თავის თავდაპირველ განზრახვას, რადგან ბიბლიაში არაერთხელ ვხვდებით მის დაპირებას, რომ მორჩილი ადამიანები დაიმკვიდრებენ დედამიწას (ფსალმუნები 24:13; 36:9, 22, 29, 34). გარდა ამისა ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვას მიერ კურთხეული ადამიანები მშვიდად იცხოვრებენ, თითოეული „თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4; ეზეკიელი 34:28). იეჰოვას რჩეულები „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, დარგავენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს“. ცხოველებთანაც კი მშვიდობიანად იცხოვრებენ (ესაია 11:6—9; 65:21, 25).
ბიბლია სხვა გზითაც გვიჩვენებს, როგორ შესრულდება ღვთის განზრახვა. სოლომონის მეფობის დროს ისრაელში მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევდა. „უშიშრად ისხდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი, თითოეული თავის ვაზის ძირას და თავისი ლეღვის ძირას დანიდან ვიდრე ბეერ-შებაყამდე“ (3 მეფეთა 4:25). ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესო ქრისტე სოლომონზე დიდია და ქრისტეს მეფობაზე ფსალმუნებში ნაწინასწარმეტყველებია: „მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“. იმ დროს „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე“ (ლუკა 11:31; ფსალმუნები 71:7, 16, სსგ).
იეჰოვა სიტყვას არასოდეს ტეხს; ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ თავმდაბლებმა არა მარტო დაიმკვიდრონ დედამიწა, არამედ მას პირვანდელი სილამაზე დაუბრუნონ. გამოცხადების 21:4-ში ღვთის სიტყვა გვეუბნება, რომ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში ღმერთი „მოსწმენდს მათ [ადამიანებს] ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“. ეს სხვა არაფერია თუ არა სამოთხე (ლუკა 23:43).
როგორ მივიღოთ დაპირებული მემკვიდრეობა?
დედამიწას სამოთხედ გადააქცევს ზეციერი მთავრობა — სამეფო, რომელსაც იესო ქრისტე უდგას სათავეში (მათე 6:9, 10). თავიდან ეს სამეფო მოსპობს „დედამიწის მომსპობთ“ (გამოცხადება 11:18; დანიელი 2:44). შემდეგ იესო ქრისტე, მშვიდობის მთავარი, შეასრულებს შემდეგ წინასწარმეტყველებას: „მის უსაზღვრო ხელმწიფობასა და მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7, აქ). ამ სამეფოს ხელმძღვანელობით მილიონები მიიღებენ დედამიწის დამკვიდრების შესაძლებლობას, მათ შორის ისინიც, ვინც მკვდრეთით იქნებიან აღდგენილნი (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15).
ვინ მიიღებს ამ მემკვიდრეობას? დაუკვირდით იესოს სიტყვებს: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.“ (მათე 5:5, კს). რა იგულისხმება თვინიერებაში? ლექსიკონებში ეს სიტყვა განიმარტება, როგორც „წყნარი“, „მშვიდი“, „უწყინარი“, „მორჩილი“. მაგრამ ამ მუხლში გამოყენებული ბერძნული სიტყვა მეტს მოიცავს. «[ამ სიტყვაში] რბილი ხასიათი იგულისხმება, — აღნიშნულია უილიამ ბარკლეის „ახალი აღთქმის სიტყვების ლექსიკონში“, — მაგრამ მის მიღმა ფოლადის სიმტკიცე დგას». მასში იგულისხმება ისეთი განწყობა, როცა ადამიანს მისთვის მიყენებული ზიანი წყენისა და შურისძიების წყურვილის გარეშე გადააქვს. და ამას ღმერთთან კარგი ურთიერთობის წყალობით ახერხებს, რაც მისი შინაგანი ძალის წყაროა (ესაია 12:2; ფილიპელები 4:13).
ის, ვინც თვინიერი, ანუ რბილი ხასიათისაა, ღვთის ნორმებს იზიარებს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში; არ იჟინებს თავისას და არც სხვების აზრებს ჰყვება. ის მზად არის სწავლისთვის და სიხარულით იღებს განათლებას იეჰოვასგან. დავითმა თავის ფსალმუნში დაწერა: „[იეჰოვა] წარუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ“ (ფსალმუნები 24:9; იგავები 3:5, 6).
თქვენც დაიმკვიდრებთ დედამიწას? თუ გულმოდგინედ შეისწავლით ღვთის სიტყვას და უკეთ გაიცნობთ იეჰოვასა და მის ნებას, შემდეგ კი ნასწავლის თანახმად იცხოვრებთ, საფუძვლიანი იმედი გექნებათ, რომ დაიმკვიდრებთ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებთ სამოთხეში (იოანე 17:3).
-