ვინ დაიხსნის მათ, ვინც შველას ითხოვს?
„ღმერთო, ასწავლე შენი სამართალი მეფეს . . . ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს“ (ფსალმ. 72:1, 12).
1. რას ვსწავლობთ ღვთის გულმოწყალების შესახებ დავითის შემთხვევიდან?
რა სასიამოვნოა ამ სიტყვების მოსმენა, რომლებიც, როგორც ჩანს, ძველი ისრაელის მეფე დავითს ეკუთვნის! წლების წინ, ვიდრე ამ სიტყვებს დაწერდა, ბათ-შებასთან ჩადენილი მრუშობის გამო მას საშინლად ქენჯნიდა სინდისი. დავითი ევედრებოდა ღმერთს: „შენი წყალობის სიუხვით წარხოცე ჩემი ცოდვები . . . ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას . . . აი, დანაშაულში დავიბადე მშობიარობის ტკივილებით და ცოდვაში ჩავესახე დედაჩემს“ (ფსალმ. 51:1—5). იეჰოვა გულმოწყალეა და ითვალისწინებს, რომ დაბადებიდანვე ცოდვილები ვართ.
2. რას ვიგებთ 72-ე ფსალმუნიდან?
2 იეჰოვას კარგად ესმის, რა სავალალო მდგომარეობაში ვართ. მაგრამ, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ღვთის ცხებული მეფე „დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს“ (ფსალმ. 72:12, 13). როგორ უნდა შესრულდეს ეს სიტყვები? ამ კითხვაზე პასუხს 72-ე ფსალმუნი გვცემს. ეს ფსალმუნი დავითის ძის, სოლომონის მეფობას მიეძღვნა, მაგრამ ამავე დროს ის წარმოდგენას გვიქმნის, როგორ დაიხსნის კაცობრიობას ღვთის ძე, იესო ქრისტე თავისი მმართველობის დროს.
ქრისტეს მმართველობის პირველსახე
3. რა სთხოვა სოლომონმა ღმერთს და რა მიიღო ღვთისგან?
3 მოხუცებულმა დავითმა სოლომონს გამეფების შემდეგ კონკრეტული მითითებები მისცა, რომლებიც მან ზედმიწევნით შეასრულა (1 მეფ. 1:32—35; 2:1—3). მოგვიანებით იეჰოვა სიზმარში გამოეცხადა სოლომონს და უთხრა: „მითხარი, რა გინდა, და მოგცემ“. სოლომონმა ღმერთს მხოლოდ ერთი რამ სთხოვა: „მიეცი შენს მსახურს მორჩილი გული, რომ განსაჯოს შენი ხალხი და გაარჩიოს სიკეთე ბოროტებისგან“. იეჰოვას მოეწონა სოლომონის მოკრძალებული თხოვნა და მას იმაზე მეტი მისცა, ვიდრე სთხოვა (1 მეფ. 3:5, 9—13).
4. როგორ აღწერა სოლომონის მმართველობა მისმა თანამედროვე მმართველმა?
4 იეჰოვას კურთხევით სოლომონის მმართველობის დროს ისეთი მშვიდობა და კეთილდღეობა იყო, როგორიც სხვა არც ერთი მმართველობის დროს არ ყოფილა (1 მეფ. 4:25). სოლომონისა და მისი ქვეყნის სანახავად, თავის დიდ ამალასთან ერთად, საბას დედოფალიც მივიდა. მან სოლომონს უთხრა: „მართალი ყოფილა ის სიტყვა, რაც შენს საქმეებსა და შენს სიბრძნეზე მქონდა გაგონილი ჩემს ქვეყანაში . . . ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის; იმაზე მეტი სიბრძნე და სიმდიდრე გქონია, ვიდრე გაგონილი მქონდა“ (1 მეფ. 10:1, 6, 7). მაგრამ უფრო დიდ სიბრძნეს იესო ფლობდა, რომელსაც შეეძლო საკუთარ თავზე ეთქვა: „აი, აქ არის სოლომონზე დიდი“ (მათ. 12:42).
შვება დიდი სოლომონის მმართველობის დროს
5. რა ჩანს 72-ე ფსალმუნიდან და რის შესახებ შეგვიქმნა იესომ წარმოდგენა?
5 მოდი განვიხილოთ 72-ე ფსალმუნი, რათა უკეთ დავინახოთ, რა კურთხევები გველის იესო ქრისტეს, დიდი სოლომონის, მმართველობის დროს (წაიკითხეთ ფსალმუნის 72:1—4 ). ამ ფსალმუნიდან კარგად ჩანს, როგორ უყურებს იეჰოვა თავისი ძის, იესო ქრისტეს ანუ „მშვიდობის მთავრის“ ხელმწიფობას (ეს. 9:6, 7). ღვთის მითითებით დიდი სოლომონი სამართალს გაუჩენს დაჩაგრულ ხალხს და იხსნის ღარიბის ძეებს. მისი მმართველობა მშვიდობიანი და სამართლიანი იქნება. დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ წარმოდგენა შეგვიქმნა იმაზე, თუ რა მოხდება მისი ათასწლიანი მეფობის დროს (გამოცხ. 20:4).
6. როგორ დაგვანახვა იესომ, რომ თავისი მმართველობის დროს აკურთხებს კაცობრიობას?
6 მოდი მიმოვიხილოთ, რას აკეთებდა იესო ქრისტე დედამიწაზე ყოფნისას, რაც უკეთ დაგვანახვებს, როგორ შეასრულებს ის 72-ე ფსალმუნში ჩაწერილ სიტყვებს მთელ კაცობრიობაზე. ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იესოს უდიდესი თანაგრძნობა, რომელსაც ის დატანჯული ხალხის მიმართ ავლენდა (მათ. 9:35, 36; 15:29—31). მაგალითად, ერთხელ მას კეთროვანი მიუახლოვდა და შეევედრა: „თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. იესომ მიუგო: „მსურს, განიწმინდე!“. ის მაშინვე განიკურნა (მარ. 1:40—42). მოგვიანებით იესო შეხვდა ერთ ქვრივ ქალს, რომლის ერთადერთ ვაჟს მოასვენებდნენ. მას „გული დაეწვა“ და მიცვალებულს მიმართა: „ადექი!“. ჭაბუკი გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა (ლუკ. 7:11—15).
7, 8. რომელი შემთხვევებიდან გამოჩნდა, რომ იესოს განკურნების ძალა აქვს?
7 სასწაულების მოხდენის ძალა იეჰოვამ იესოს მისცა. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როდესაც მან განკურნა „ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლდენით იტანჯებოდა“. მიუხედავად იმისა, რომ „ექიმებისგან ბევრი ტკივილი“ გადაიტანა და „მთელი სახსრები დახარჯა“, მისი მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ქალი ხალხს შეერია და იესოს შეეხო. ამით მან დაარღვია კანონი, რომელიც სისხლდენით გაუწმინდურებულებს ეხებოდა (ლევ. 15:19, 25). იესომ იგრძნო, რომ მისგან ძალა გავიდა და იკითხა, ვინ შეეხო მას. ქალი „შიშითა და კანკალით მივიდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოუყვა“. იესო მიხვდა, რომ ეს ქალი იეჰოვამ განკურნა, ამიტომ მას თბილად მიმართა: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით. განიკურნე მძიმე დაავადებისგან“ (მარ. 5:25—27, 30, 33, 34).
8 იესო ღვთისგან ბოძებული ძალით არა მარტო კურნავდა ავადმყოფებს, არამედ აოცებდა კიდეც თვითმხილველებს. მაგალითად, ბევრზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა იმის ნახვა, თუ როგორ განკურნა იესომ მრავალი, ვიდრე ცნობილ მთაზე ქადაგებას წარმოთქვამდა (ლუკ. 6:17—19). როცა იოანე ნათლისმცემელმა ორი მოწაფე გაგზავნა იესოსთან იმის გასაგებად, მართლა მესია იყო თუ არა, მათ ნახეს, თუ როგორ განკურნა მან მრავალი „სნეულებებისა და მძიმე დაავადებებისგან, გაათავისუფლა ბოროტი სულებისგან და ბევრ უსინათლოს აუხილა თვალი“. იესომ იოანეს მოწაფეებს უთხრა: „წადით და მოუყევით იოანეს, რაც იხილეთ და მოისმინეთ: უსინათლოებს თვალები ეხილებათ, კოჭლები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები ცოცხლდებიან და ღარიბებს სასიხარულო ცნობა ეუწყებათ“ (ლუკ. 7:19—22). როგორ გაამხნევებდა იოანეს ეს სიტყვები!
9. რის წარმოდგენაში გვეხმარება იესოს სასწაულები?
9 შვება, რომელიც იესომ დედამიწაზე მსახურებისას მოჰგვარა ხალხს, დროებითი იყო. ისინი, ვინც იესომ განკურნა და მკვდრეთით აღადგინა, მოგვიანებით მაინც დაიღუპნენ. მაგრამ ის სასწაულები, რომლებსაც იესო დედამიწაზე ყოფნისას ახდენდა, იმის უკეთ წარმოდგენაში გვეხმარება, თუ რა შვებას იგრძნობს კაცობრიობა მესიის მმართველობის დროს.
სამოთხედ ქცეული დედამიწა
10, 11. ა) რამდენ ხანს მოუტანს კურთხევებს კაცობრიობას ღვთის სამეფო და როგორი იქნება იესოს მეფობა? ბ) ვინ იქნება იესოსთან ერთად სამოთხეში და რა შემთხვევაში შეძლებს ის მარადიულად ცხოვრებას?
10 წარმოგიდგენიათ, როგორი ცხოვრება იქნება სამოთხეში? (წაიკითხეთ ფსალმუნის 72:5—9). ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებით გაიხარებენ მარადიულად ანუ ვიდრე მზე და მთვარე არსებობს. მეფე იესო ქრისტე ისევე გამოაცოცხლებს თავის ხალხს, როგორც წვიმა მოთიბულ ბალახს და როგორც შხაპუნა წვიმა მიწას.
11 როცა ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შესრულდება ეს ფსალმუნი, ნუთუ არ გიმტკიცდებათ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი? წარმოიდგინეთ, როგორ ანუგეშებდა ერთ ბოროტმოქმედს იესოს სიტყვები: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკ. 23:43). ეს კაცი იესოს ათასწლიანი მმართველობის დროს აღდგება. თუ დაემორჩილება ქრისტეს მმართველობას, მას სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნება და ბედნიერად იცხოვრებს დედამიწაზე მარადიულად.
12. რისი შესაძლებლობა მიეცემათ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს აღდგენილ უმართლო ადამიანებს?
12 დიდი სოლომონის ანუ იესო ქრისტეს მმართველობის დროს „აყვავდება მართალი“ (ფსალმ. 72:7). ქრისტე სიყვარულსა და მზრუნველობას არ მოაკლებს თავის ხალხს, როგორც ამას დედამიწაზე ყოფნისას აკეთებდა. ღვთის დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში აღდგენილ უმართლო ადამიანებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, რომ იეჰოვას მოთხოვნებს დაემორჩილონ და იცხოვრონ მარადიულად (საქ. 24:15). ცხადია, ვინც ღმერთს არ დაემორჩილება ვერ იცხოვრებს ახალ ქვეყნიერებაში, რათა იქ არსებული სიმშვიდე არ დაარღვიოს.
13. რამდენად მასშტაბური იქნება სამეფოს მმართველობა და რატომ არ დაირღვევა მშვიდობა?
13 ის, თუ რა მასშტაბებს მიაღწევს დიდი სოლომონის მმართველობა, შემდეგი სიტყვებით არის აღწერილი: „მისი მორჩილები იქნებიან ზღვიდან ზღვამდე და მდინარე [ევფრატიდან] დედამიწის კიდეებამდე. მის წინაშე ქედს მოიხრიან უწყლო მხარეში მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ“ (ფსალმ. 72:8, 9). იესო მთელ დედამიწაზე იმეფებს (ზაქ. 9:9, 10). ისინი, ვინც აღიარებენ და დააფასებენ მის მმართველობას, მორჩილების ნიშნად „ქედს მოიხრიან“ მის წინაშე. მოუნანიებელი ცოდვილები კი მოისპობიან, თუნდაც „ასი წლის“ იყვნენ (ეს. 65:20). ისინი „მტვერს ალოკავენ“.
იესო თანამგრძნობია და ჩვენზე ზრუნავს
14, 15. საიდან ვიცით, რომ იესოს ესმის ადამიანური გრძნობები და „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს“?
14 ცოდვილი კაცობრიობა სავალალო მდგომარეობაშია და დახმარება სჭირდება. მაგრამ იმედი არსებობს (წაიკითხეთ ფსალმუნის 72:12—14 ). იესოს, დიდ სოლომონს ესმის ჩვენი არასრულყოფილი მდგომარეობა და თანაგვიგრძნობს. უფრო მეტიც, ის სიმართლისთვის ეტანჯა და ღმერთმა დაუშვა, რომ განსაცდელი მას მარტოს გადაეტანა. იესო ემოციურად ისე იტანჯებოდა, რომ „მისი ოფლი სისხლის წვეთებად იქცა და მიწას ეპკურებოდა“ (ლუკ. 22:44). წამების ბოძზე გაკრულმა ხმამაღლა დაიძახა: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“ (მათ. 27:45, 46). იესომ ბევრი იტანჯა და სატანაც ყოველმხრივ ცდილობდა, ის ღვთისგან ჩამოეშორებინა, მაგრამ ის მაინც იეჰოვა ღმერთის ერთგული დარჩა.
15 ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესო ხედავს ჩვენს ტკივილს. „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს“. მამის მსგავსად, იესოც სიყვარულითა და მზრუნველობით მოუსმენს საწყლებს, განკურნავს გულგატეხილებს და შეუხვევს მტკივნეულ ჭრილობებს (ფსალმ. 69:33; 147:3). ის თანაგვიგრძნობს სისუსტეებში, რადგან „ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში“ (ებრ. 4:15). რა სასიხარულოა, რომ იესო ახლა ზეცაში მეფობს და ძალიან სურს, რომ დატანჯულ ადამიანებს შვება მოჰგვაროს!
16. რატომ შეეძლო სოლომონს, თანაეგრძნო თავისი ხალხისთვის?
16 სოლომონს სიბრძნე და გამჭრიახობა არ აკლდა და ეჭვგარეშეა მას არ გაუჭირდებოდა საწყალი ხალხის მდგომარეობაში შესვლა. გარდა ამისა, მის ცხოვრებაშიც მოხდა ბევრი სამწუხარო რამ. სოლომონის ძმამ, ამნონმა გააუპატიურა თავისი ნახევარდა თამარი. ამის გამო კი თამარის ღვიძლმა ძმამ, აბესალომმა, ამნონი მოკლა (2 სამ. 13:1, 14, 28, 29). აბესალომმა მამის ტახტის უკანონოდ ხელში ჩაგდება სცადა, მაგრამ ის დამარცხდა და ბოლოს იოაბმა მოკლა (2 სამ. 15:10, 14; 18:9, 14). მოგვიანებით სოლომონის კიდევ ერთმა ძმამ, ადონიამაც მოინდომა გამეფება. მას რომ მიზნისთვის მიეღწია, სოლომონს სიკვდილი არ ასცდებოდა (1 მეფ. 1:5). სოლომონისთვის უცხო არ ყოფილა ადამიანთა ტანჯვა, რაც იეჰოვას ტაძრის მიძღვნისას წარმოთქმული მისი ლოცვიდან გამოჩნდა. თავის ქვეშევრდომებზე მან ასე ილოცა: „თითოეულმა იცის თავისი უბედურება და ტკივილი . . . [იეჰოვა] აპატიე და თითოეულს თავისი გზისამებრ მიაგე“ (2 მატ. 6:29, 30).
17, 18. რა ტკივილს უმკლავდება ღვთის ზოგი მსახური და რა ეხმარება მათ ამაში?
17 ჩვენი ტკივილის მიზეზი შეიძლება მძიმე წარსული იყოს. დაახლოებით 30 წლის მერი,a რომელიც იეჰოვას მოწმეა, წერს: „წესით ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ ჩემი წარსულის გამო ხშირად სირცხვილისა და ზიზღის გრძნობა მიჩნდება. გული მიმძიმდება და ვტირი, თითქოს ყველაფერი გუშინ იყო. წარსულის მოგონებები უღირსობისა და დანაშაულის გრძნობას მიღვიძებს“.
18 ღვთის ბევრი მსახურისთვის შეიძლება ნაცნობია ეს გრძნობები, მაგრამ რას შეუძლია მისცეს მათ მოთმინების ძალა? აი, რას ამბობს მერი: „ნამდვილ მეგობრებთან და სულიერი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა მახარებს. ვცდილობ, ვიფიქრო იმაზე, რასაც იეჰოვა გვპირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ცრემლები სიხარულის ყიჟინით შეიცვლება“ (ფსალმ. 126:5). იმედი ღვთის მიერ დანიშნულ მმართველზე, მის ძეზე უნდა დავამყაროთ, რომლის შესახებაც ნაწინასწარმეტყველებია: „ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს. ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმ. 72:13, 14). ნუთუ არ გვანუგეშებს ამის ცოდნა?!
ახალი ქვეყნიერება, სადაც ყველაფერი უხვად იქნება
19, 20. ა) როგორც 72-ე ფსალმუნიდან ჩანს, რა პრობლემას მოაგვარებს ღვთის სამეფო? ბ) ვის ეკუთვნის დიდება ქრისტეს მმართველობისთვის და თქვენ რას ფიქრობთ იმაზე, რასაც ეს მმართველობა მოიტანს?
19 წარმოიდგინეთ, როგორი მომავალი ელით მართალ ადამიანებს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, დიდი სოლომონის მმართველობის დროს. ბიბლიაში ნათქვამია: „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმ. 72:16). მარცვლეული ჩვეულებრივ მთის მწვერვალებზე არ მოდის. ამ სიტყვებით ნაჩვენებია, რამდენად ნაყოფიერი იქნება დედამიწა. მისი ნაყოფი „ლიბანისას დაემსგავსება“. მეფე სოლომონის მმართველობის დროს ლიბანი ნაყოფიერი ტერიტორია იყო. წარმოიდგინეთ, აღარ იქნება საკვების უკმარისობა და აღარავინ იშიმშილებს! მაშინ ყველა ისიამოვნებს „მსუყე კერძებით“ (ეს. 25:6—8; 35:1, 2).
20 ვინ იმსახურებს ამ ყველაფრისთვის განდიდებას? პირველ რიგში მარადიული მეფე და სამყაროს მმართველი, იეჰოვა ღმერთი. მაშინ ჩვენც გავიმეორებთ ამ ლამაზი და გულში ჩამწვდომი ფსალმუნის ბოლო სიტყვებს: „მარადიულად იარსებოს მისმა [მეფე იესო ქრისტეს] სახელმა, გასტანოს მისმა სახელმა, ვიდრე მზე არსებობს, მისი მეშვეობით იყვნენ კურთხეულნი. ყველა ხალხმა ბედნიერი უწოდოს მას. კურთხეული იყოს იეჰოვა ღმერთი, ისრაელის ღმერთი; მხოლოდ ის ახდენს საოცარ საქმეებს. სამარადისოდ კურთხეული იყოს მისი დიდებული სახელი და მისმა დიდებამ აავსოს მთელი დედამიწა. ამინ! ამინ!“ (ფსალმ. 72:17—19).
[სქოლიო]
a სახელი შეცვლილია.
როგორ უპასუხებთ?
• რაზე გვიქმნის წარმოდგენას 72-ე ფსალმუნში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?
• ვინ არის დიდი სოლომონი და რა მასშტაბებს მიაღწევს მისი მმართველობა?
• 72-ე ფსალმუნში ნაწინასწარმეტყველები კურთხევებიდან, განსაკუთრებით რომლის შესრულებას ელით?
[სურათი 29 გვერდზე]
რისი მომასწავებელი იყო სოლომონის მმართველობის დროს არსებული კეთილდღეობა?
[სურათი 32 გვერდზე]
ნამდვილად ღირს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიდი სოლომონის მმართველობის დროს სამოთხეში ვიცხოვროთ