‘ერთგული მოწმე ზეცაში’
პოეტები და კომპოზიტორები დიდი ხანია ხოტბას ასხამენ მთვარის სილამაზეს. მაგალითად ღვთის მიერ შთაგონებულ სიმღერაში ლაპარაკია ქალზე, რომელიც „სავსე მთვარესავით ლამაზია“ (ქებათა ქება 6:10). ‘ერთგული მოწმე ზეცაში’ — ასე უწოდებს პოეტური ენით ფსალმუნმომღერალი მთვარეს (ფსალმუნი 89:37). რით არის აღსანიშნავი მთვარის შესახებ ნათქვამი ეს სიტყვები?
მთვარე 27,3 დღეში სრულად უვლის თავის ორბიტას დედამიწის გარშემო. ეს ციკლი არასოდეს ფერხდება. ამიტომ შეიძლება მასზე ითქვას, რომ ის ერთგულია. მაგრამ, შესაძლოა ფსალმუნმომღერალს უფრო მეტი რამ ჰქონდა მხედველობაში, როცა ეს სიტყვები წარმოთქვა. მან მთვარეს „ერთგული მოწმე“ უწოდა სამეფოსთან დაკავშირებულ ერთ-ერთ წინასწარმეტყველურ სიმღერაში. იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ სწორედ ამ სამეფოზე ელოცათ (მათე 6:9, 10).
3 000 წელზე მეტი ხნის წინ იეჰოვა ღმერთმა ძველი ისრაელის მეფე დავითთან შეთანხმება დადო სამეფოსთვის (2 სამუელი 7:12—16). ამ შეთანხმების მიზანი იყო, რომ მას კანონიერი საფუძველი შეექმნა იესო ქრისტესთვის, დავითის მემკვიდრისთვის, რომ ის მარადიულად მჯდარიყო სამეფო ტახტზე (ესაია 9:7; ლუკა 1:32, 33). დავითის „შთამომავლის“ ტახტთან დაკავშირებით ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „მარადიულად იქნება დაფუძნებული მთვარესავით, ერთგული მოწმესავით, ზეცაში რომ არის“ (ფსალმუნი 89:36, 37).
მთვარე, ‘ღამის გამგებელი’, შეგვახსენებს, რომ ქრისტეს მმართველობა მარადიულად იქნება (დაბადება 1:16). ამ სამეფოსთან დაკავშირებით დანიელის 7:14-ში ნათქვამია: „მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ შეწყდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა“. მთვარე, რომელიც მოწმეა, შეგვახსენებს ამ სამეფოს და იმ კურთხევებს, რასაც ის კაცობრიობას მოუტანს.
[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]
Moon: NASA photo