გაქვს „მორჩილი გული“?
როდესაც სოლომონი ძველ ისრაელში გამეფდა, ის თავს უღირსად თვლიდა. ამიტომაც სთხოვა მან იეჰოვას სიბრძნე და ცოდნა (მეორე ნეშტთა 1:10). ის აგრეთვე ლოცულობდა: «მიანიჭე შენს მორჩილს გამგები [„მორჩილი“, აქ] გული, რათა განაგოს შენი ერი» (მესამე მეფეთა 3:9). თუ სოლომონს „მორჩილი გული“ ექნებოდა, დაიცავდა ღვთიურ კანონებსა და პრინციპებს და ამით იეჰოვას კურთხევას დაიმსახურებდა.
მორჩილი გული ტვირთის კი არა, სიხარულის წყაროა. მოციქული იოანე წერდა: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3). ცხადია, რომ უნდა დავემორჩილოთ ღმერთს. სხვა თუ არაფერი, იეჰოვა დიდებული შემოქმედია. დედამიწა და ყოველივე მასზე არსებული, ოქრო-ვერცხლიც კი, მას ეკუთვნის. ასე რომ, ღმერთს, სინამდვილეში, ვერავითარ მატერიალურს ვერ შევთავაზებთ, თუმცა ის საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ ფინანსური შესაძლებლობები მისადმი სიყვარულის გამოსახატავად (პირველი ნეშტთა 29:14). იეჰოვა ჩვენგან სიყვარულს, მოწიწებით მასთან ერთად სიარულს და მისი ნების შესრულებას ელის (მიქა 6:8).
იესო ქრისტემ შეკითხვაზე, თუ რომელი იყო უდიდესი მცნება რჯულში, უპასუხა: „‘შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.’ ეს არის პირველი და დიდი მცნება“ (მათე 22:36–38). ამ სიყვარულის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება ღვთისადმი მორჩილებაა. ამიტომ ყოველი ჩვენგანი ლოცვაში უნდა სთხოვდეს იეჰოვას, რომ მორჩილი გული გვიბოძოს.
მათ მორჩილი გული ჰქონდათ
ბიბლიაში მრავლად შეიძლება მოიძებნოს მორჩილი გულის მქონეთა მაგალითები. თუნდაც ნოე, რომელსაც იეჰოვამ დაავალა, სიცოცხლის შესანარჩუნებლად აეშენებინა ვეებერთელა კიდობანი. ეს უზომოდ რთული დავალება იყო, რომლის შესრულებასაც 40–50 წელი დასჭირდა. თანამედროვე ელექტრო ხელსაწყოები და ახლა არსებული სხვა დანადგარებიც რომ გამოგეყენებინა, საინჟინრო საქმეში დიდი ხელოვნების გამოვლენა იქნებოდა საჭირო, რომ შეკრულიყო ასეთი გიგანტური კონსტრუქცია, რომელიც წყალში არ ჩაიძირებოდა. გარდა ამისა, ნოეს უნდა გაეფრთხილებინა ხალხი, რომელიც დასცინოდა და მასხარად იგდებდა მას. მაგრამ ის ყოველ წვრილმანში მორჩილი იყო. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მან „ასე გააკეთა“ (დაბადება 6:9, 22; 2 პეტრე 2:5). იეჰოვასადმი სიყვარული ნოემ მრავალი წლის განმავლობაში ერთგული მორჩილებით გამოხატა. რაოდენ შესანიშნავი მაგალითია ეს ყოველი ჩვენგანისთვის!
გაიხსენე აგრეთვე პატრიარქი აბრაამი. ღმერთმა უთხრა მას, ქალდეველთა მდიდარ ქალაქ ურიდან საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში გადასულიყო. აბრაამი უსიტყვოდ დაემორჩილა ღმერთს (ებრაელთა 11:8). თავისი სიცოცხლის დარჩენილი წლები მან და მისმა ოჯახმა კარვებში გაატარეს. მრავალი წლის შემდეგ იეჰოვამ აკურთხა უცხო ქვეყანაში მოხეტიალე აბრაამი და მისი მორჩილი მეუღლე სარა — მათ ეყოლათ ვაჟი, სახელად ისაკი. რასაკვირველია, 100 წლის აბრაამს უსაზღვროდ ეყვარებოდა მოხუცებულობაში შეძენილი ძე. მოგვიანებით იეჰოვამ სთხოვა აბრაამს, აღსავლენ მსხვერპლად შეეწირა ისაკი (დაბადება 22:1, 2). ამაზე მხოლოდ ფიქრიც კი გულს ატკენდა აბრაამს. მაგრამ მან მორჩილება ამჯობინა, რადგან უყვარდა იეჰოვა და სწამდა, რომ აღთქმული თესლი ისაკის საშუალებით მოვიდოდა, ღმერთს მისი მკვდრეთით აღდგენაც კი რომ დასჭირვებოდა (ებრაელთა 11:17–19). აბრაამს ის-ის იყო, უნდა შეეწირა თავისი ძე, როცა იეჰოვამ შეაჩერა და უთხრა: „მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ — მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის“ (დაბადება 22:12). სწორედ ასეთი მორჩილების გამო ეწოდა ღვთისმოშიშ აბრაამს „ღვთის მეგობარი“ (იაკობი 2:23).
მორჩილების საუკეთესო მაგალითს იესო ქრისტე წარმოადგენს. განკაცებამდე ზეცაში მამისადმი მორჩილად მსახურება მისთვის ბედნიერება იყო (იგავნი 8:22–31). განკაცების შემდეგაც ყველაფერში ემორჩილებოდა იეჰოვას და ყოველთვის სიხარულით ასრულებდა მის ნებას (ფსალმუნი 39:9; ებრაელთა 10:9). ამიტომაც შეეძლო იესოს ეთქვა: „არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ. ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო“ (იოანე 8:28, 29). და ბოლოს, მან იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების გამართლებისა და მორჩილი კაცობრიობის გამოსყიდვის მიზნით დაუნანებლად გასწირა სიცოცხლე, მოკვდა საშინელ დამცირებასა და ტანჯვაში. ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას, რომ ‘შესახედაობით კაცს დაემსგავსა, დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე’ (ფილიპელთა 2:7, 8). ცხადია, იესო, თავისი მორჩილი გულით, შესანიშნავი მაგალითია ჩვენთვის.
ნაწილობრივი მორჩილება არ კმარა
ზოგი, ვინც ირწმუნებოდა, რომ ღვთის მორჩილი იყო, სინამდვილეში, არ ემორჩილებოდა მას. მაგალითად, ძველი ისრაელის მეფე — საული. ღმერთმა უბრძანა, რომ ბოროტი ყამალეკელები პირწმინდად მოესპო (პირველი მეფეთა 15:1–3). თუმცა საულმა გაანადგურა ისინი, როგორც ერი, მაგრამ დაინდო მათი მეფე და მათი ცხვარ-ძროხის ნაწილი. სამუელმა ჰკითხა: „რატომ არ ისმინე უფლის სიტყვა?“ საულმა უპასუხა: — „არა, მე გავიგონე უფლის სიტყვა. . . ლაშქარმა აიღო ნადავლიდან ცხვარი და ძროხა. . . საუკეთესო ნაწილი, რომ. . . ღმერთისათვის შეეწირა მსხვერპლად“. სრული მორჩილების აუცილებლობაზე ყურადღების გასამახვილებლად სამუელმა უთხრა: „განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება — ცხვრების ლურთებზე. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას“ (პირველი მეფეთა 15:17–23). რამდენი დაკარგა საულმა იმის გამო, რომ მორჩილი გული არ ჰქონდა!
ბრძენი მეფე სოლომონიც კი, რომელიც იეჰოვას ლოცვაში სთხოვდა მორჩილ გულს, არ დარჩა ბოლომდე ღვთის მორჩილი. ღვთის ნების საპირისპიროდ, მან ცოლად შეირთო ისეთი ქალები, რომლებმაც შეაცოდვინეს ღვთის წინააღმდეგ (ნეემია 13:23, 26). სოლომონმა დაკარგა ღვთის კეთილგანწყობილება, რადგან არ შეინარჩუნა მორჩილი გული. რა შესანიშნავი გაკვეთილია ეს ჩვენთვის!
ეს არ ნიშნავს, რომ იეჰოვა სრულყოფილებას ითხოვს ადამიანებისგან, თავისი მიწიერი მსახურებისგან. მას „ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნი 102:14). რა თქმა უნდა, ხანდახან ყველა ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ ღმერთი ხედავს, ნამდვილად გვაქვს თუ არა გულწრფელი სურვილი, ვასიამოვნოთ მას (მეორე ნეშტთა 16:9). თუ ადამიანური არასრულყოფილებით ვცოდავთ, მაგრამ ვინანიებთ, შეგვიძლია ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე პატიება ვთხოვოთ იეჰოვას, მტკიცედ დარწმუნებულებმა, რომ ‘მრავალგზის მოგვიტევებს’ (ესაია 55:7; 1 იოანე 2:1, 2). შესაძლოა საჭირო იყოს მოსიყვარულე ქრისტიანი უხუცესების მხრიდან დახმარება, რათა სულიერად გამოვკეთდეთ და ჯანსაღი რწმენა და მორჩილი გული გვქონდეს (იაკობი 5:13–15; ტიტე 2:2).
რამდენად სრულია შენი მორჩილება?
უეჭველია, უმეტესობა ჩვენგანი ფიქრობს, რომ, როგორც იეჰოვას მსახურს, მორჩილი გული აქვს. ალბათ, შემდეგნაირად ვმსჯელობთ კიდეც: „ხომ ვღებულობ მონაწილეობას სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობაში? სიმტკიცესაც ხომ ვინარჩუნებ, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი წამოიჭრება ხოლმე, როგორიც ნეიტრალიტეტია? ქრისტიანულ შეხვედრებსაც ხომ ვესწრები რეგულარულად, როგორც მოციქული პავლე მოგვიწოდებდა?“ (მათე 24:14; 28:19, 20; იოანე 17:16; ებრაელთა 10:24, 25). ფაქტია, რომ იეჰოვას ხალხი მთლიანობაში გულწრფელად მორჩილია ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჩვენს მოქმედებაზე, თუნდაც ერთი შეხედვით წვრილმანებში? იესომ თქვა: „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; ხოლო ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა“ (ლუკა 16:10). ამიტომ ყოველი ჩვენგანი კარგს იზამდა, თუ შეეკითხებოდა საკუთარ თავს: „მორჩილი გულის პატრონი ვარ, როდესაც საქმე ისეთ წვრილმანებს ეხება, რომლის შესახებაც სხვებმა არაფერი იციან?“
ფსალმუნმომღერალმა დაგვანახვა, რომ საკუთარ სახლშიც კი, სადაც სხვები ვერ ხედავდნენ მას, ‘დადიოდა თავისი გულის უბიწოებით’ (ფსალმუნი 100:2). ვთქვათ, სახლში ყოფნისას ტელევიზორი ჩართე და ფილმის ყურება დაიწყე. სწორედ ამ დროს შეიძლება შენი მორჩილება გამოიცადოს. ფილმში შეიძლება უზნეო სცენა განვითარდეს. განაგრძობ თუ არა ფილმის ყურებას თავის მართლებით, რომ დღეს სულ ასეთ ფილმებს აჩვენებენ ტელევიზიით? თუ მორჩილი გული აღგძრავს, დაემორჩილო ბიბლიურ ბრძანებას, რომ არც ‘სიძვა და არც არავითარი უწმიდურება აღარ იხსენებოდეს თქვენს შორის’? (ეფესელთა 5:3–5). გამორთავ თუ არა ტელევიზორს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიუჟეტი საინტერესოა? ან გადართავ თუ არა სხვა არხზე, თუ გადაცემა ძალადობაზეა? «უფალი მართალს გადაარჩენს [„აკვირდება“, აქ], — თქვა ფსალმუნმომღერალმა, — ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს» (ფსალმუნი 10:5).
მორჩილ გულს კურთხევები მოაქვს
უეჭველია, ცხოვრების მრავალ სფეროში შეგვიძლია შევამოწმოთ თავი, რათა ვნახოთ, ნამდვილად მთელი გულით ვემორჩილებით თუ არა ღმერთს, ვინაიდან ეს სასარგებლოა ჩვენთვის. იეჰოვასადმი სიყვარულმა უნდა აღგვძრას, ვასიამოვნოთ მას და ვაკეთოთ ის, რასაც თავისი სიტყვის, ბიბლიის, საშუალებით გვეუბნება. მორჩილი გული დაგვეხმარება იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში. ჭეშმარიტად, თუ სრულად ვემორჩილებით ღმერთს, ‘სიტყვანი ჩვენი პირისა და ზრახვანი ჩვენი გულისა, სასურველი იქნება უფლისთვის’ (ფსალმუნი 18:15).
იეჰოვას ვუყვარვართ და ამიტომაც გვასწავლის მორჩილებას ჩვენსავე სასიკეთოდ. და, თუ მთელი გულით ყურად ვიღებთ ღვთის სწავლებებს, ისევ ჩვენთვისვე იქნება კარგი (ესაია 48:17, 18). ამიტომ მოდი ჩვენი ზეციერი მამისგან სიხარულით მივიღოთ ბიბლიის, მისი სულისა და ორგანიზაციის მეშვეობით შემოთავაზებული დახმარება. იეჰოვა ისე შესანიშნავად გვასწავლის, რომ თითქოს ხმაც გვესმის მისი: „აჰა, გზა, იარეთ მასზე“ (ესაია 30:21). რადგან იეჰოვა გვასწავლის ბიბლიის, ქრისტიანული პუბლიკაციებისა და ქრისტიანული შეხვედრების საშუალებით, მოდი მთელი გულისყურით შევისწავლოთ, გამოვიყენოთ ის და „ყველაფერში მორჩილნი“ ვიყოთ (2 კორინთელთა 2:9).
მორჩილი გული დიდ სიხარულსა და მრავალ კურთხევას მოგვიტანს. გვექნება სულიერი სიმშვიდე, რადგან გვეცოდინება, რომ გულს ვუხარებთ და სიამოვნებას ვანიჭებთ იეჰოვას (იგავნი 27:11). მორჩილი გული დაგვიცავს, თუ ცდუნების წინაშე აღმოვჩნდებით. ამიტომ ცხადია, უნდა დავემორჩილოთ ჩვენს ზეციერ მამას და უნდა ვილოცოთ: „მიანიჭე შენს მორჩილს მორჩილი გული“.
[საავტორო უფლება 29 გვერდზე]
From the Self-Pronouncing Edition of the Holy Bible, containing the King James and the Revised versions