განადგურდება ოდესმე დედამიწა?
გიფიქრიათ ოდესმე, რა მომავალი ელის დედამიწას? მრავალ ადამიანს, რომელიც ხედავს, თუ რა მოსდის ჩვენს მშვენიერ პლანეტას, სჯერა, რომ დედამიწა შეიძლება განადგურდეს.
მართლაც, დღეს ადამიანები ბოროტად იყენებენ ისეთ ძვირფას რესურსებს, როგორიცაა წყალი, ტყე და ატმოსფერო; რამაც შეიძლება დედამიწის მოსპობა გამოიწვიოს. აგრეთვე, ზოგი მეცნიერის აზრით, დედამიწასა და მასზე არსებულ სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეუქმნას დიდმა მეტეორმა, კოსმოსური წარმოშობის გავარვარებულმა სხეულმა ან მზეზე წყალბადის მარაგის გამოლევამ.
მეცნიერების აზრით, დედამიწაზე თანდათანობით — შესაძლოა, მრავალი მილიარდი წლის განმავლობაში — გაქრეს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობები. ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ამას „განადგურებამდე მიმყვან შეუქცევად პროცესს“ უწოდებს.
საბედნიეროდ, ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთი არც დედამიწის განადგურებას დაუშვებს და არც მის იმ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ მასზე სიცოცხლე შეუძლებელი გახდეს. როგორც შემოქმედს, ღმერთს უსაზღვრო ძალა აქვს, და მას შეუძლია მარადიულად შეუწყოს ხელი სამყაროს არსებობას (ესაია 40:26). ამიტომ, სრული საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ღმერთმა ‘მყარ საფუძველზე დააფუძნა დედამიწა და არ მოირყევა ის მარადიულად, სამარადისოდ’. „ადიდეთ იგი, მზეო და მთვარეო, ადიდეთ იგი, მანათობელო ვარსკვლავებო . . . რადგან მისი ბრძანებით შეიქმნენ! მისით დგანან ისინი მარადიულად“ (ფსალმუნი 104:5; 148:3—6).
ღვთის განზრახვა დედამიწის მიმართ
ღვთის განზრახვა არც დედამიწის ბოროტად გამოყენება ყოფილა და არც მისი დაბინძურება, რასაც დღეს ვხედავთ. პირიქით, ღმერთმა შექმნა პირველი ქალი და კაცი, ადამი და ევა, და მშვენიერ ბაღში დაასახლა. ცხადია, მათი საცხოვრებელი, სამოთხე, თავისით ვერ შეინარჩუნებდა მშვენიერებას; ამიტომ, ღმერთმა ადამს დაავალა, „რომ დაემუშავებინა იგი და ეზრუნა მასზე“ (დაბადება 2:8, 9, 15). რა სასიამოვნო და კმაყოფილების მომგვრელი დავალება მისცა ღმერთმა ჩვენს ერთ დროს სრულყოფილ წინაპრებს!
მაგრამ დედამიწის მიმართ ღვთის განზრახვა მხოლოდ ბაღზე ზრუნვით არ შემოიფარგლებოდა. ღმერთს სურდა, რომ მთელი დედამიწა სამოთხედ გადაქცეულიყო. ამიტომაც მისცა ადამსა და ევას მითითება: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბადება 1:28).
სამწუხაროდ, ღვთის განზრახვას ერთი ამაყი ანგელოზი შეეწინააღმდეგა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც სატანა. მას იმის სურვილი კლავდა, რომ ადამსა და ევას მისთვის ეცათ თაყვანი. სატანა მათ გველის პირით ელაპარაკა და ისინი ღვთის მმართველობის წინააღმდეგ აღძრა (დაბადება 3:1—6; გამოცხადება 12:9). როგორ ატკენდა გულს ჩვენს შემოქმედს მათი ეგოიზმი და უმადურობა! მაგრამ ერთი რამ, რაც მათი წინააღმდეგობის მიუხედავად არ შეცვლილა, დედამიწის მიმართ იეჰოვას განზრახვა იყო. ღმერთი ამბობს: ‘ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა უშედეგოდ არ დამიბრუნდება, არამედ შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე’ (ესაია 55:11).
სრულიად საფუძვლიანად ღმერთმა დაუშვა, რომ სატანის წინააღმდეგობა დღემდე გაგრძელებულიყო. ამ დროის მანძილზე კაცობრიობამ მრავალი მმართველობის ფორმა მოსინჯა, და დრომ აჩვენა, რომ ღვთისგან დამოუკიდებლობამ მას კარგი არაფერი მოუტანაa (იერემია 10:23).
მიუხედავად ამისა, საუკუნეების განმავლობაში ღმერთმა აკურთხა მართალი ადამიანები. მან აგრეთვე ბიბლიაში შემოგვინახა ისტორია, რა შედეგები მოჰყვა ღვთის მმართველობის მორჩილებასა თუ დაუმორჩილებლობას. გარდა ამისა, იეჰოვამ არაჩვეულებრივი რამ გააკეთა იმისათვის, რომ კაცობრიობას კარგი მომავალი ჰქონოდა. მან სიყვარულით იზრუნა და დედამიწაზე მხსნელი, თავისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე გამოგზავნა, რათა მას ადამიანებისთვის ცხოვრების საუკეთესო გზა ეჩვენებინა და საკუთარი სიცოცხლე გაეღო მსხვერპლად (იოანე 3:16). ვინაიდან იესო სიკვდილს არ იმსახურებდა, ღმერთმა მისი სიკვდილი იმის კანონიერ საფუძვლად გამოიყენა, რომ გამოესყიდა ის, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს, კერძოდ, დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების პერსპექტივაb. ამ მიზნის მისაღწევად იეჰოვა ღმერთმა ზეციერი ხელისუფლება დააფუძნა, რომელიც მთელ კაცობრიობას გაუწევს მმართველობას. ამ სამეფოს მეფედ ღმერთმა თავისი ძე, მკვდრეთით აღდგენილი იესო ქრისტე, დანიშნა. სამეფოს არსებობა იმის გარანტიაა, რომ დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა შესრულდება (მათე 6:9, 10).
ამგვარად, შეგიძლიათ სრულიად დარწმუნებული იყოთ ბიბლიაში ჩაწერილი ამ არაჩვეულებრივი დაპირებების შესრულებაში: «„რადგან ბოროტმოქმედნი მოისპობიან, იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას. მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“. „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“. ტახტზე მჯდომმა თქვა: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“» (ფსალმუნი 37:9, 29; გამოცხადება 21:3—5).
ბიბლია არ ეწინააღმდეგება თავის თავს
შეიძლება ვინმემ იკითხოს, როგორ ეთანხმება ზემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლები იმ სხვა ბიბლიურ მუხლებს, სადაც დედამიწის განადგურების შესახებაა საუბარი? განვიხილოთ ზოგი მაგალითი. ასეთი გამოკვლევა დაგვანახვებს, რომ ბიბლია არ ეწინააღმდეგება თავის თავს.
მანამდე დიდი ხნით ადრე, ვიდრე მეცნიერები აღიარებდნენ, რომ დროთა განმავლობაში ყველა ფიზიკური სხეული „გამოდის მწყობრიდან“, ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ღმერთო . . . [შენ] დააფუძნე დედამიწა და ზეცა შენი ნახელავია. ისინი დაიღუპებიან, შენ კი სამუდამოდ დარჩები; ტანსაცმელივით გაცვდებიან ისინი. ტანსაცმელივით გამოცვლი მათ და თავიანთ დროს მოჭამენ. შენ კი იგივე ხარ, არ დასრულდება შენი წლები“ (ფსალმუნი 102:25—27).
ამ სიტყვებით ფსალმუნმომღერალი არ ეწინააღმდეგებოდა დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის მარადიულ განზრახვას. ის ღვთის მარადიულობას მის მიერ შექმნილი ნებისმიერი სხეულის ხრწნილებას ადარებდა. ღმერთს რომ მარადიული განახლების ძალა არ ჰქონდეს, სამყარო — მათ შორის ჩვენი მზის სისტემა, რომელზეც დედამიწის სტაბილურობა, სინათლე და ენერგიაა დამოკიდებული — საბოლოოდ განადგურდებოდა. ამგვარად, პატრონი რომ არ ჰყოლოდა, დედამიწა „გაცვდებოდა“, ანუ სამუდამოდ განადგურდებოდა.
ბიბლიაში არის სხვა მუხლებიც, რომლებიც, ერთი შეხედვით, დედამიწის მიმართ ღვთის განზრახვას ეწინააღმდეგება. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ცა და დედამიწა „მოისპო“ (გამოცხადება 21:1). ეს სიტყვები არ ეწინააღმდეგება იესოს დანაპირებს: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5). მაშ, რას გულისხმობს ბიბლია, როდესაც ცასა და დედამიწაზე ამბობს, რომ „მოისპო“?
ხშირად ბიბლია „დედამიწას“ გადატანითი მნიშვნელობით იყენებს და ადამიანთა საზოგადოებას გულისხმობს. მაგალითად, დავუკვირდეთ შემდეგ მუხლს: „დედამიწავ, დედამიწავ, დედამიწავ, ისმინე იეჰოვას სიტყვა!“ (იერემია 22:29). ცხადია, აქ გამოყენებული სიტყვა „დედამიწა“ დედამიწაზე მცხოვრებ ხალხზე მიუთითებს. კიდევ ერთი მაგალითი ფსალმუნის 113:7-შია მოცემული, საქართველოს საპატრიარქოს თარგმანში, სადაც ვკითხულობთ: „უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე“. აშკარაა, რომ ამ და სხვა მუხლებში სიტყვა „დედამიწა“ გადატანითი მნიშვნელობით არის გამოყენებული და ხალხს გულისხმობს (ფსალმუნი 96:13).
ბიბლია დედამიწაზე მცხოვრებ მმართველებს ზოგჯერ ცას ან ციურ სხეულებს ადარებს. მაგალითად, სასტიკ ბაბილონელ მმართველებს ის ვარსკვლავებს ადარებს, ვინაიდან მათ საკუთარი თავი ირგვლივ მყოფებზე მაღლა დააყენეს (ესაია 14:12—14). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, გადატანითი მნიშვნელობით ბაბილონის ზეცა, ანუ მისი მმართველი კლასი, და დედამიწა, ანუ ამ კლასის მმართველობის მხარდამჭერები, ძვ. წ. 539 წელს განადგურდნენ (ესაია 51:6). ამან მომნანიებელ იუდეველებს იერუსალიმში დაბრუნების საშუალება მისცათ, სადაც „ახალი ცა“, ახალი მმართველები, ხელმძღვანელობას უწევდნენ „ახალ დედამიწას“, ანუ მართალ ადამიანებს (ესაია 65:17).
როგორც ჩანს, ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „მოისპობა“ დღევანდელ გახრწნილ ადამიანთა მთავრობებისა და მათი უღვთო მხარდამჭერების განადგურებაზე მიუთითებს (2 პეტრე 3:7). ეს ღვთის ზეციერ ახალ ხელისუფლებას ადამიანთა მართალი ახალი საზოგადოების კურთხევის საშუალებას მისცემს. ჩვენ „მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13).
ამგვარად, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ღვთის დანაპირები შესრულდება და დედამიწა მარადიულად იარსებებს. უფრო მეტიც, ბიბლია გიჩვენებთ, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმ საოცარ დროს იცხოვროთ, როდესაც დედამიწა ერთ დიდ სამოთხედ იქცევა. იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). მიზნად დაისახეთ, გამოიკვლიოთ, რა არის ბიბლიაში ნათქვამი დედამიწისა და კაცობრიობის მომავლის შესახებ, რაშიც დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდნენ თქვენგან არც ისე შორს მცხოვრები იეჰოვას მოწმეები.
[სქოლიოები]
a დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას, შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 106—114. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
b იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 47—56.
[ჩანართი 12 გვერდზე]
ღვთის დაპირების თანახმად, დედამიწა მარადიულად იარსებებს
[სურათის საავტორო უფლებები 10 გვერდზე]
Background globe: NASA/The Visible Earth (http://visibleearth.nasa.gov/); polar bear: © Bryan and Cherry Alexander Photography