ნუგეშის პოვნა „შავეთის ველზე“
მოგვითხრო ბარბარა შვაიცერმა
ზოგჯერ, როდესაც საქმე კარგად მიდის, ჩემი ცხოვრება სასიამოვნო „ხასხასა მოლს“ ჰგავს. მაგრამ ისიც ვიცი, თუ როგორია „შავეთის ველზე“ სიარული. მჯერა, რაც არ უნდა მოხდეს, ნებისმიერ პრობლემას გადავლახავთ, რადგან იეჰოვაა ჩვენი მწყემსი (ფსალმუნი 22:1–4).
როცა მე და ჩემი მეუღლე დაახლოებით 70 წლის ვიყავით, 1993 წელს გადავწყვიტეთ წამოგვეწყო ახალი მოღვაწეობა — გვემსახურა ეკვადორში, სადაც ბიბლიის მასწავლებლებზე უდიდესი მოთხოვნილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ამერიკელები ვიყავით, ესპანურად ვლაპარაკობდით და არც მატერიალური ვალდებულებები გვქონია. ვიცოდით, რომ ეკვადორში ‘ადამიანთა მებადურებად’ ყოფნა შედეგიანი იყო, ამიტომაც განვიზრახეთ ჩვენი ბადეები ამ მადლიან წყალში ჩაგვეშვა (მათე 4:19).
ეკვადორში, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალში, შთაბეჭდილებებით აღსავსე რამდენიმე დღე გავატარეთ, შემდეგ გავემართეთ გუაიაკილში, ავტობუსის სადგურისკენ. მთელი გულით გვსურდა ქალაქ მაჩალაში გამგზავრება, სადაც მქადაგებლებზე განსაკუთრებული მოთხოვნილება იყო. ავტობუსის ლოდინისას, მოულოდნელად, ჩემი მეუღლე, ფრედი, ავად გახდა, რის გამოც გადავწყვიტეთ მგზავრობა გადაგვედო. ფრედი ბარგთან დაჯდა, მე კი სატელეფონო ჯიხურისკენ გავემართე, რათა ფილიალში დასაბრუნებლად რაიმე მეღონა. როდესაც რამდენიმე წუთში უკან დავბრუნდი, მეუღლე სადღაც გაუჩინარებულიყო!
მას შემდეგ ფრედი ცოცხალი აღარ მინახავს. ზუსტად ავტობუსის სადგურში, ჩემი მცირე ხნით გასვლის დროს, ძლიერი შეტევის შედეგად მას გული გაუჩერდა. გაშმაგებული დავეძებდი, ამ დროს სადგურის მუშაკი მომიახლოვდა და მაცნობა, რომ ფრედი საავადმყოფოში წაეყვანათ. საავადმყოფოში მისვლისას შევიტყვე, რომ ის უკვე მომკვდარიყო.
უცბად მივხვდი, რომ ამ უცნობ ქვეყანაში მარტო დავრჩი, უსახლკაროდ და ქმრის მხარდაჭერის გარეშე. „მხარდაჭერის“, რადგან ფრედი უძღვებოდა და ხელმძღვანელობდა ორივე ჩვენგანის საქმეებს. ძლიერი პიროვნება არა ვარ და მიხაროდა, რომ ის იღებდა გადაწყვეტილებებს. მაგრამ ახლა მე უნდა მიმეღო გადაწყვეტილებები, მომეწყო ჩემი ცხოვრება და ამავე დროს დამეძლია ჩემი მწუხარება. გამაოგნებელი გრძნობა დამეუფლა, თითქოს „შავეთის ველზე“ გზას ვეღარ ვიკვლევდი. ვისწავლიდი ოდესმე, თავად გამერთვა თავი ყველაფრისთვის?
ჭეშმარიტების შეცნობა და ცხოვრების გაიოლება
მეც და ფრედიც ერთმანეთის გაცნობამდე ერთხელ უკვე დაქორწინებულები და გაშორებულები ვიყავით. კარგი მეგობრობა ახლო ურთიერთობაში გადაიზარდა და დაქორწინება გადავწყვიტეთ. სიეტლში, (ვაშინგტონი, აშშ) ჩვენ ნომინალურად დავდიოდით ეკლესიებში. მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში, რელიგია არ იყო მნიშვნელოვანი იმ დრომდე, სანამ მომხიბლავმა ახალგაზრდა პიონერმა (სრული დროით მაუწყებელი), სახელად ჯეიმიმ, არ შემოგვიარა. ის ისეთი სასიამოვნო პიროვნება იყო, რომ, როცა ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა, დავეთანხმე.
რადგან ფრედმაც გამოავლინა ინტერესი, შესწავლას ჯეიმის მშობლები ხელმძღვანელობდნენ და ერთი წლის შემდეგ, 1968 წელს, მოვინათლეთ. დასაწყისიდანვე დიდი სურვილი გვქონდა, ღვთის სამეფოს ინტერესები ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაგვეყენებინა (მათე 6:33). ლორნი და რუდი ნუსთები, რომლებიც ბიბლიას გვასწავლიდნენ, ამ მხრივ კარგ მაგალითს გვაძლევდნენ. ჩვენი მონათვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, ისინი შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ ქალაქში გადასახლდნენ, რათა ემსახურათ იქ, სადაც მქადაგებლების უდიდესი მოთხოვნილება იყო. მათმა მოქმედებამ ჩვენს გულებში თესლი ჩათესა.
გადასახლებაზე ფიქრისთვის კიდევ ერთი მიზეზი გვქონდა. ფრედი დიდი უნივერმაღის გამგე იყო. სამუშაო მეტისმეტ ყურადღებას მოითხოვდა და ის მიხვდა, რომ სხვაგან გადასახლება შესაძლებლობას მისცემდა, ცხოვრება გაეადვილებინა და მეტი ყურადღება დაეთმო ჭეშმარიტებისა და ჩვენი ორი შვილისთვის. მე პირველი ქორწინებიდანაც მყავდა ქალიშვილი, რომელიც იმ დროისთვის გათხოვილი იყო და ორივემ, მან და მისმა მეუღლემაც, მიიღო ჭეშმარიტება, ასე რომ, ჩვენი გადაწყვეტილება, დაგვეტოვებინა სიეტლი, იოლი არ იყო. მიუხედავად ამისა, მათ ესმოდათ ჩვენი მოტივები და ჩვენს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.
ამგვარად, ისე მოხდა, რომ 1973 წელს ესპანეთში გადავსახლდით, ქვეყანაში, სადაც იმ დროისთვის კეთილი ცნობის მქადაგებლებსა და ხელმძღვანელ ძმებზე უდიდესი მოთხოვნილება იყო. ფრედმა გამოითვალა, რომ, თუ ესპანეთში ეკონომიურად ვიცხოვრებდით, ჩვენი დანაზოგი საკმარისი იქნებოდა ხარჯების დასაფარავად და მსახურებისთვის უფრო მეტ დროსაც გამოვყოფდით. ასეც მოვიქეცით. მალე ფრედი უხუცესად დაინიშნა და 1983 წლიდან, დავიწყეთ პიონერული მსახურება.
ესპანეთში 20 წელი ვიმსახურეთ, ვსწავლობდით ენას და დიდ სიამოვნებას განვიცდიდით ბევრი ჩინებული შემთხვევით. ხშირად მე და ფრედი ერთად ვქადაგებდით და გვქონდა ბიბლიის შესწავლები დაქორწინებულ წყვილებთან. რამოდენიმე მათგანი ახლა მონათლული მოწმეა. ესპანეთში ჩასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენმა ორმა უმცროსმა შვილმაც — ჰაიდიმ და მაიკმა — დაიწყეს პიონერული მსახურება. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად გვიჭირდა, ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე ბედნიერი დრო იყო. ჩვენ უბრალო ცხოვრებას ვეწეოდით. ოჯახის წევრები ხშირად ერთად ვიკრიბებოდით და, როგორც ბიბლია გვამცნობს, ქვრივის ზეთის მსგავსად, დანაზოგი არ გამოგვლევია, რადგან ფულს ეკონომიურად ვხარჯავდით (მესამე მეფეთა 17:14–16).
კიდევ ერთხელ შევიცვალეთ ადგილი
1992 წელს კვლავ დავიწყეთ ფიქრი სხვა ქვეყანაში გადასვლის შესახებ. ჩვენი შვილები უკვე გაიზარდნენ და ესპანეთში ჩვენი დარჩენაც უწინდელთან შედარებით, საჭირო აღარ იყო. ჩვენ ვიცნობდით ეკვადორში მომსახურე ერთ მისიონერს, რომელმაც გვითხრა, რომ იქ პიონერებისა და უხუცესების დიდი საჭიროება იყო. ძალზე მოხუცები ხომ არ ვიყავით, რომ კვლავ ახალ ქვეყანაში გადასვლის შესახებ გვეფიქრა? ასე არ ვფიქრობდით, რადგან ორივეს კარგი ჯანმრთელობა გვქონდა და სამქადაგებლო მსახურებაც გვიყვარდა. ამგვარად დავუკავშირდით საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალს ეკვადორში და დავიწყეთ გეგმების შედგენა. ჩემმა ქალიშვილმა, ჰაიდიმ, და მისმა მეუღლემ, ხუან მანუეელმა, რომლებიც ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მსახურობდნენ, ჩვენთან ერთად მსახურების დიდი სურვილი გამოთქვეს.
ბოლოს, 1993 წლის თებერვლისთვის, ყველა საქმე მოვაგვარეთ და ეკვადორში ჩავედით. პიონერად მსახურების მოლოდინით აღფრთოვანებულნი ვიყავით, რადგან ძალზე ბევრ ადამიანს ჰქონდა ბიბლიის შესწავლის ძლიერი სურვილი. ფილიალში გულთბილი მიღების შემდეგ, გადავწყვიტეთ რამდენიმე შემოთავაზებულ ქალაქს ვწვეოდით, სადაც განსაკუთრებული მოთხოვნილება იყო. მაგრამ, ჩემი ქმარი მალევე გარდაიცვალა.
„შავეთის ველზე“
ჯერ თავზარი დამეცა, მერე კი მომხდარს ვერ ვიჯერებდი, რადგან უწინ ფრედი თითქმის არ ხდებოდა ავად. ვერც კი წარმომედგინა, სად უნდა წავსულიყავი ან რა გამეკეთებინა.
ჩემი ცხოვრების ამ უსაშინლეს წუთებში კურთხეული ვიყავი იეჰოვასგან, რადგან სულიერმა ძმებმა და დებმა გულითადი მხარდაჭერა გამიწიეს, მათი უმრავლესობა თითქმის არც მიცნობდა. ფილიალში მომსახურე ძმებმა დიდი დახმარება გამიწიეს და ყველაფერზე იზრუნეს, თვით დაკრძალვაზეც კი. განსაკუთრებით მახსოვს დისა და ძმის, ბონოების, მიერ გამოვლენილი სიყვარული. მათ დამარწმუნეს, რომ მარტო არასოდეს ვიყავი და მარტო რომ არ მეგრძნო თავი, ედიტ ბონოს რამოდენიმე ღამე ჩემს გვერდითაც კი ეძინა. სინამდვილეში, ბეთელის მთელმა ოჯახმა გამოავლინა ასეთი სიყვარული და ყურადღება, რის გამოც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თბილ, დამცავ სიყვარულის საბანში გამახვიეს.
რამდენიმე დღეში ჩემი სამი შვილიც ჩემთან გაჩნდა და მათაც ფასდაუდებელი დახმარება აღმომიჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ბევრი მოსიყვარულე ადამიანი თავს დამტრიალებდა, გრძელი ღამეების გადატანა მაინც ძალიან მიძნელდებოდა. ამ დროს იეჰოვა მაძლიერებდა. როგორც კი საშინელი მარტოობა შემიპყრობდა, იეჰოვას მივმართავდი ლოცვით და ის მანუგეშებდა.
დაკრძალვის შემდეგ ერთი კითხვა წამომეჭრა, თუ შემდგომ რა უნდა მეკეთებინა. მინდოდა ეკვადორში დავრჩენილიყავი, რადგან ეს ჩვენი საერთო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მარტო ვერ შევძლებდი ამის გაკეთებას. ამიტომაც ჰაიდი და ხუან მანუეელებმა, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ ახლო მომავალში ეკვადორში გადმოსახლება, გეგმები ისე შეცვალეს, რომ დაუყოვნებლივ ჩამოსულიყვნენ და ყველას ერთად გვემსახურა.
ერთ თვეში, ფილიალის მიერ შემოთავაზებულ ერთ-ერთ ქალაქ ლოხაში, ბინა მოვნახეთ. მალე ახალ სახლში გადასვლასთან დაკავშირებით საქმე გამიჩნდა და ახალ ქვეყანაში ქადაგებაც დავიწყე. ყველა იმ საქმიანობამ თითქოს ტკივილი შემიმსუბუქა. უფრო მეტიც, შემეძლო ჩემს ქალიშვილთან მეტირა, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ფრედთან და ეს მეხმარებოდა, გრძნობებისგან დავცლილიყავი.
ორი თვის შემდეგ, როცა ყველაფერი კალაპოტში ჩადგა, ვხვდებოდი, რომ დანაკლისი, რომელსაც განვიცდიდი, უფრო და უფრო მძაფრდებოდა. მივხვდი, ფრედთან ერთად გატარებული ბედნიერი დროის გახსენება არ შემეძლო, რადგან ცუდ ხასიათზე მაყენებდა. წარსულს აღარ ვიხსენებდი, დღევანდელი დღით ვცხოვრობდი და არც მომავალზე ბევრი ფიქრის თავი მქონდა. თუმცა ვცდილობდი, თითოეული დღე რაღაც მნიშვნელოვნით შემევსო, განსაკუთრებით კი აქტიური ქადაგებით. სწორედ ეს მამაგრებდა.
ქადაგება და ბიბლიის სწავლება ყოველთვის მიყვარდა, ეკვადორში მცხოვრებლები იმდენად მონდომებულები იყვნენ, რომ ეს საქმიანობა სიამოვნებას მანიჭებდა. პირველ ხანებში კარდაკარ მსახურებისას შევხვდი ერთ ახალგაზრდა გათხოვილ ქალს, რომელმაც მითხრა: „დიახ, მე მსურს ბიბლიის შესწავლა!“ პირველად მასთან დავიწყე ეკვადორში ბიბლიის შესწავლა. ასეთი შემთხვევა ჩემს ყურადღებას მოითხოვდა და საშუალებას არ მაძლევდა საკუთარ მწუხარებაზე ბევრი მეფიქრა. იეჰოვამ უხვად აკურთხა ჩემი სამქადაგებლო მსახურება. როგორც ჩანდა, თითქმის ყოველთვის, როცა კეთილი ცნობის საქადაგებლად მივდიოდი, შესანიშნავი შემთხვევები მქონდა.
ეჭვგარეშეა, პიონერული მსახურების გაგრძელება კურთხევა იყო. ეს მავალდებულებდა, გამემართლებინა და ყოველდღიურად რაიმე კარგის კეთებისკენ აღმძრავდა. სულ მალე ბიბლიის ექვს შესწავლას ვატარებდი.
იმისთვის, რომ გამოვხატო მსახურებაში მიღებული კმაყოფილება, გავიხსენებ საშუალო ასაკის მანდილოსანს, რომელმაც ამას წინათ ნამდვილი მადლიერება გამოავლინა ბიბლიური სწავლებებისადმი. როდესაც ბიბლიიდან მუხლებს ვუჩვენებ, ცდილობს, ჯერ საფუძვლიანად ჩაწვდეს აზრებს, შემდეგ კი სურს, მისი რჩევები პრაქტიკაში გამოიყენოს. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში უზნეო ცხოვრებას ეწეოდა, როცა ამას წინათ ერთმა მამაკაცმა ქორწინების გარეშე ცხოვრება შესთავაზა, მან მტკიცე უარი განუცხადა. მან მითხრა, თუ როგორ ბედნიერად გრძნობდა თავს ბიბლიური ნორმების მტკიცედ დაცვისას, რადგანაც ამჟამად განიცდის სულიერ სიმშვიდეს, რომლის შესახებაც უწინ არაფერი იცოდა. ასეთი შესწავლები გულს მითბობს და ვგრძნობ, რომ სარგებლობის მოტანა შემიძლია.
სიხარულს ვინარჩუნებ
თუმცა მოწაფეების მომზადების საქმე დიდ სიხარულს მანიჭებს, ჩემი მწუხარება სწრაფად არ განელებულა. დროდადრო სევდა მეძალება. ჩემი ქალიშვილი და სიძე საოცარ მხარდაჭერას მიწევენ, მაგრამ ხანდახან, როცა დროის რაღაც მომენტში მათ ერთად ვხედავ, ჩემს დანაკარგს მწვავედ განვიცდი. ძალიან მენატრება მეუღლე, არა მარტო იმიტომ, რომ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, არამედ იმიტომაც, რომ ბევრ რამეში მასზე ვიყავი დამოკიდებული. იმ წუთებს, როცა არ შეგიძლია მასთან საუბარი, რაიმე რჩევის კითხვა, ან სამქადაგებლო მსახურების გამოცდილების გაზიარება, მწუხარება და სიცარიელე მოაქვს, რომლის გამკლავება სულაც არ არის იოლი.
რა მეხმარება ასეთ შემთხვევებში? დაჟინებით მივმართავ იეჰოვას დახმარებისთვის, რომ რაიმე უკეთესზე ფიქრი შემაძლებინოს (ფილიპელთა 4:6–8). ის ნამდვილად მეხმარება. ახლა, რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე შემიძლია ერთად გატარებული სასიამოვნო დროის გახსენება. როგორც ჩანს, მკურნალობის პროცესი ნელ-ნელა შედეგს იძლევა. ფსალმუნმომღერალი დავითის მსგავსად ვგრძნობ, რომ „შავეთის ველზე“ დავდიოდი. მაგრამ იეჰოვა მანუგეშებდა და ერთგული ძმები გულთბილად მიჩვენებდნენ სწორ მიმართულებას.
გაკვეთილი, რომელიც ვისწავლე
ინიციატივას ყოველთვის ფრედი იღებდა, ამიტომაც ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე შევძლებდი წინსვლასა და რაიმეს კეთებას. მაგრამ იეჰოვას, ჩემი ოჯახისა და ძმების დახმარებით შევძელი ამის მიღწევა. ზოგიერთ შემთხვევაში ახლა უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე უწინ. ახლა უფრო ხშირად მივმართავ იეჰოვას, ვიდრე ადრე და ვსწავლობ, თავად მივიღო გადაწყვეტილებები.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე და ფრედიმ 20 წელი ესპანეთში ვიმსახურეთ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. არ ვიცით, დღეს თუ ხვალ რა გველის ამ წუთისოფელში, ამიტომ, სანამ ამის შესაძლებლობა გვაქვს, ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია, საუკეთესო გავაკეთოთ იეჰოვასთვის და ჩვენი საკუთარი ოჯახისთვის. იმ წლებმა ჩვენი ცხოვრება და ქორწინება გააუმჯობესა და მჯერა, რომ მწუხარების გადატანისთვის მომამზადა. რადგან პიონერული მსახურება ჯერ კიდევ ფრედის სიკვდილამდე ჩვენი ცხოვრების წესად იქცა, მან ჩემს ცხოვრებას აზრი შესძინა, როცა ჩემს ახალ მდგომარეობასთან შესაგუებლად ბრძოლა მიწევდა.
პირველად მეჩვენებოდა, რომ ფრედის სიკვდილთან ერთად, ჩემი ცხოვრებაც დასრულდა. მაგრამ, ცხადია, ეს ასე არ იყო. იეჰოვასთვის უნდა მემსახურა და ხალხს უნდა დავხმარებოდი. თუ გავითვალისწინებდი იმ ფაქტს, რომ ჩემს გარშემო კვლავ ბევრ პიროვნებას ესაჭიროებოდა ჭეშმარიტება, როგორღა უნდა მიმეტოვებინა მსახურება? როგორც იესომ თქვა, სხვების დახმარება ჩემთვის ნეტარება იყო (საქმეები 20:35). სამქადაგებლო მსახურების შემთხვევები მოლოდინისა და დაგეგმვის საშუალებას მაძლევდა.
რამოდენიმე დღის წინ კვლავ შემიპყრო მარტოობის ნაცნობმა გრძნობამ. მაგრამ, როდესაც სახლიდან გავედი ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად, მაშინვე ვიგრძენი, რომ კარგ ხასიათზე დავდექი. ორი საათის შემდეგ სახლში კმაყოფილი და გამხნევებული დავბრუნდი. როგორც ფსალმუნმომღერალმა თქვა, ჩვენ შეიძლება ხანდახან ‘ცრემლებით ვთესავთ’, მაგრამ შემდეგ იეჰოვა აკურთხებს ხოლმე ჩვენს მცდელობას და ‘სიმღერით ვიმკით’ (ფსალმუნი 125:5, 6).
ახლახან მაღალი წნევის გამო, გეგმის ოდნავ შეცვლა მომიწია და ახლა რეგულარულად ვმსახურობ დამხმარე პიონერად. მიუხედავად იმისა, რომ არა მგონია ამ წუთისოფელში მთლიანად ოდესმე შევძლო მწუხარების დაძლევა, სასიამოვნო ცხოვრებით ვცხოვრობ. სიხარულს მანიჭებს ჩემი სამი შვილის ცქერა, რომლებიც სრული დროით მსახურები არიან. უპირველესად, მოუთმენლად ველი ფრედის კვლავ ხილვას ახალ ქვეყნიერებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მას აღაფრთოვანებს იმის გაგება, რომ მე შევძელი ჩვენი გეგმების განხორციელება ეკვადორში.
ვლოცულობ, რათა ფსალმუნმომღერლის სიტყვები ისევ და ისევ მართლდებოდეს ჩემს შემთხვევაში. „ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი“ (ფსალმუნი 22:6).
[სურათი 23 გვერდზე]
მსახურებისას სან-ლუკასში (ლოხა, ეკვადორი).