გავეცნოთ იეჰოვას გზებს
„მაუწყე შენი გზები, რომ შეგიცნო შენ“ (გამოსვლა 33:13).
1, 2. ა) რატომ ჰქონდა მოსეს მძაფრი რეაქცია, როდესაც დაინახა, რომ ეგვიპტელი ცუდად მოექცა ერთ ებრაელს? ბ) რა უნდა ესწავლა მოსეს, რათა იეჰოვას მსახურებისთვის გამოსადეგი ყოფილიყო?
მოსე ფარაონის ოჯახში აღიზარდა. მას ასწავლეს ეგვიპტელთა მთელი სიბრძნე, რომელიც ძალიან ფასობდა ეგვიპტის მმართველ წრეებში. მაგრამ მოსეს ესმოდა, რომ ეგვიპტელი არ იყო. მისი მშობლები ებრაელები იყვნენ. 40 წლის ასაკში ის თავისი ძმების, ისრაელის ძეების, სანახავად მივიდა. მოსეზე ძალიან იმოქმედა იმის დანახვამ, თუ რა ცუდად მოექცა ეგვიპტელი ერთ ებრაელს. მოსემ მოკლა ის ეგვიპტელი. მან იეჰოვას ხალხის მხარეს ყოფნა არჩია და ფიქრობდა, რომ ღმერთი ისრაელთა გადასარჩენად იყენებდა (საქმეები 7:21—25; ებრაელები 11:24, 25). ამ ამბის გახმაურების შემდეგ ეგვიპტის სამეფო კარზე მოსეს ქმედება ამბოხებად მიიჩნიეს და მან თავს გაქცევით უშველა (გამოსვლა 2:11—15). მოსე ღმერთს რომ გამოეყენებინა, მისთვის აუცილებელი იყო, უკეთესად გასცნობოდა იეჰოვას გზებს. გამოავლენდა მოსე სწავლის სურვილს? (ფსალმუნები 24:9).
2 მომდევნო დაახლოებით 40 წლის განმავლობაში სხვა ქვეყანაში გადახვეწილი მოსე მწყემსი იყო. ნაცვლად იმისა, რომ თანამოძმეთა უმადურობაზე გაბრაზებულიყო, მან მორჩილად მიიღო ის, რაც ღმერთმა დაუშვა. გავიდა მრავალი წელი და მოსეს სხვების მხრიდან არავითარი აღიარება არ ჰქონია; მან იეჰოვას მისცა საშუალება, მისი პიროვნების ფორმირება მოეხდინა. მოგვიანებით მოსემ ღვთის სულის გავლენით, და არა საკუთარი შეხედულებისამებრ, დაწერა: „მოსე იყო კაცი ძალზე თავმდაბალი, დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ყველა ადამიანთაგან“ (რიცხვნი 12:3). იეჰოვამ მოსე მნიშვნელოვანი რამისთვის გამოიყენა. იეჰოვა ჩვენც გვაკურთხებს, თუ ვეცდებით, რომ თავმდაბლები ვიყოთ (სოფონია 2:3).
დავალების დაკისრება
3, 4. ა) რა დავალება მისცა იეჰოვამ მოსეს? ბ) რა დახმარებით უზრუნველყო ღმერთმა მოსე?
3 ერთ დღეს იეჰოვას ანგელოზი მთა ხორების მახლობლად, სინის ნახევარკუნძულზე, მოსეს ელაპარაკა. ღმერთმა მოსეს უთხრა: „ხილვით ვიხილე ტანჯვა ჩემი ხალხისა, რომელიც ეგვიპტეშია, და ვისმინე მისი კვნესა აღმსრულებელთაგან, რადგან მე ვიცი მისი სატკივარი. და ჩამოვედი, რათა ვიხსნა ეგვიპტელთა ხელიდან და გამოვიყვანო იმ ქვეყნიდან, და შევიყვანო კარგსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი“ (გამოსვლა 3:2, 7, 8). ამ განზრახვასთან დაკავშირებით ღმერთს მოსესთვის დავალება ჰქონდა, მაგრამ ეს ისე უნდა შესრულებულიყო, როგორც იეჰოვას სურდა.
4 იეჰოვას ანგელოზმა განაგრძო: „ახლა კი წადი და მიგავლენ ფარაონთან, და გამოიყვანე ჩემი ხალხი“. მოსე შეყოყმანდა. ის თავის თავს ამ საქმისთვის შეუფერებლად მიიჩნევდა და, ფაქტობრივად, ეს ასეც იყო. მაგრამ იეჰოვამ მოსე დაარწმუნა: „მე ვიქნები შენთან“ (გამოსვლა 3:10—12). იეჰოვამ მოსეს სასწაულების მოხდენის ძალა მისცა, რაც იმის დამადასტურებელი იქნებოდა, რომ ნამდვილად ღვთის მიერ იყო მიგზავნილი. მოსეს თან უნდა წაეყვანა თავისი ძმა, აარონი, რომელიც მის მაგივრად ილაპარაკებდა ფარაონის წინაშე. იეჰოვა ასწავლიდა მათ, თუ რა უნდა ეთქვათ და ეკეთებინათ (გამოსვლა 4:1—17). ერთგულად შეასრულებდა მოსე ამ დავალებას?
5. რა სირთულე შეუქმნა მოსეს ისრაელების განწყობამ?
5 ისრაელის უხუცესებს თავიდან სჯეროდათ მოსესი და აარონის (გამოსვლა 4:29—31). მაგრამ მალე „ისრაელის ძეთა ზედამხედველებმა“ მოსე და მისი ძმა დაადანაშაულეს და უთხრეს, რომ ისრაელები ფარაონისა და მისი მსახურებისთვის „საძულველი“ გახადეს (გამოსვლა 5:19—21; 6:9). ეგვიპტიდან გამოსვლისას ისრაელები შიშმა შეიპყრო, როდესაც უკან გამოდევნებულ ეგვიპტელთა ეტლები დაინახეს. მათ წინ წითელი ზღვა იყო, უკან კი მტერი. ამიტომ ისრაელები თავს ხაფანგში გამომწყვდეულებივით გრძნობდნენ და ყოველივე ამაში მოსეს ადანაშაულებდნენ. პირადად თქვენ როგორ იგრძნობდით თავს? ისრაელებს ნავები არ ჰქონდათ, მაგრამ მოსემ ხალხს იეჰოვას მითითებისამებრ უთხრა, წასასვლელად გამზადებულიყვნენ. შემდეგ კი ღმერთმა წითელი ზღვის წყალი გააპო და ისრაელებმა ზღვის ფსკერზე უსაფრთხოდ გავლა შეძლეს (გამოსვლა 14:1—22).
უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გათავისუფლება
6. რას გაუსვა ხაზი იეჰოვამ, როდესაც მოსეს დავალება მისცა?
6 მოსესთვის დავალების მიცემისას იეჰოვამ თავისი სახელის მნიშვნელოვნებაზე გაამახვილა ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სახელისა და მის უკან მდგომი პიროვნებისადმი პატივისცემის გამოვლენა. როდესაც მოსემ იეჰოვას სახელი ჰკითხა, მან უპასუხა: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“. შემდეგ მოსეს ღმერთმა დაავალა, ისრაელის ძეებისთვის ეთქვა: „იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან, — შემდეგ იეჰოვამ დასძინა, — ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში“ (გამოსვლა 3:13—15, აქ). იეჰოვას დღესაც ამ სახელით იცნობენ მთელ მსოფლიოში მისი მსახურები (ესაია 12:4, 5; 43:10—12).
7. რა უთხრა ღმერთმა მოსეს მიუხედავად იმისა, რომ ფარაონი თავდაჯერებულად მოიქცა?
7 ფარაონის წინაშე წარდგომისას მოსემ და აარონმა ეგვიპტის მმართველს იეჰოვას სახელით გადასცეს ცნობა. მაგრამ ფარაონმა ქედმაღლურად თქვა: „ვინ არის იეჰოვა, რომ მოვუსმინო მის ხმას და გავუშვა ისრაელი?! მე არ ვიცნობ იეჰოვას, და არც ისრაელის გაშვებას ვაპირებ“ (გამოსვლა 5:1, 2, აქ). ამ დროს ფარაონმა გულის სისასტიკე და ვერაგობა გამოავლინა, მაგრამ იეჰოვამ მოსეს უთხრა, კვლავ და კვლავ გადაეცა ფარაონისთვის მისი სიტყვები (გამოსვლა 7:14—16, 20—23; 8:1, 2, 20). მოსემ დაინახა, რომ ფარაონი გაბრაზდა. განა კარგი რამის მოლოდინი უნდა ჰქონოდა მას ფარაონთან კვლავ მისვლისას? ისრაელებს მთელი გულით ეწადათ გათავისუფლება. ფარაონი კი მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე და არ უშვებდა მათ. თქვენ რას გააკეთებდით, მოსეს ადგილას რომ ყოფილიყავით?
8. რა სარგებლობა მოიტანა ფარაონთან დაკავშირებით იეჰოვას მოქმედებამ და როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე?
8 მოსემ ფარაონს კიდევ ერთი რამ გადასცა: ‘ასე თქვა უფალმა [„იეჰოვამ“, აქ], ებრაელთა ღმერთმა: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს’. ღმერთმა აგრეთვე თქვა: „ამჯერად შევყრი ყველა ჩემს სენს შენს გულს, შენს მსახურებსა და შენს ხალხს, რათა გაიგო, რომ არავინაა ჩემი მსგავსი მთელს ქვეყანაზე. რადგან, ახლა რომ გამეწოდა ჩემი ხელი, ხომ მოგსრავდით შენ და შენს ხალხს შავი ჭირით, და წაიშლებოდი ქვეყნიდან. მაგრამ იმისათვის დაგარჩინე, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რომ აუწყო ჩემი სახელი მთელ ქვეყანას“ (გამოსვლა 9:13—16). იეჰოვას მიზანი იყო, სასტიკი ფარაონისთვის მოვლენილი სასჯელებით თავისი ძალა გამოევლინა და ეს სხვა მოწინააღმდეგეებისთვის გამაფრთხილებელი მაგალითი ყოფილიყო. ამ მოწინააღმდეგეთა შორის იქნებოდა სატანა ეშმაკიც, რომელსაც მოგვიანებით იესო ქრისტემ „ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა (იოანე 14:30; რომაელები 9:17—24). წინასწარმეტყველების თანახმად, იეჰოვას სახელი მთელ დედამიწაზე გაცხადდა. ღვთის სულგრძელობამ ისრაელებსა და იეჰოვას თაყვანისცემაში მათთან გაერთიანებულ მრავალ ადამიანს გადარჩენის საშუალება მისცა (გამოსვლა 9:20, 21; 12:37, 38). მას შემდეგ იეჰოვას სახელის გაცხადებამ იმ მილიონობით ადამიანს მოუტანა სარგებლობა, რომლებიც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ხდებიან.
პრობლემატურ ხალხთან ურთიერთობა
9. როგორ გამოავლინა ხალხმა იეჰოვასადმი უპატივცემულობა?
9 ებრაელებმა იცოდნენ ღვთის სახელი. მოსე ისრაელებთან საუბარში იყენებდა ამ სახელს, მაგრამ ისრაელები ყოველთვის სათანადო პატივისცემას არ ავლენდნენ ამ სახელის მქონე პიროვნების მიმართ. რა მოხდა მალევე მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ისრაელები სასწაულებრივად გაათავისუფლა ეგვიპტიდან და მათ უდაბნოში სასმელი წყალი მაშინვე ვერ იპოვეს? მათ მოსეს წინააღმდეგ დრტვინვა დაიწყეს, შემდეგ საკვებზეც ჩიოდნენ. მოსემ გააფრთხილა ისინი, რომ ეს, უბრალოდ, მისი და აარონის წინააღმდეგ დრტვინვა კი არ იყო, არამედ — იეჰოვას წინააღმდეგ (გამოსვლა 15:22—24; 16:2—12). იეჰოვამ სინას მთასთან ისრაელებს რჯული მისცა; ამ პროცესს თან ზებუნებრივი მოვლენები ახლდა. მაგრამ ხალხმა ურჩობა გამოავლინა — თაყვანსაცემად ოქროს ხბო ჩამოასხა და ამბობდნენ, რომ ეს «უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღესასწაულია» (გამოსვლა 32:1—9).
10. რატომ არის ქრისტიანი უხუცესებისთვის განსაკუთრებით საინტერესო მოსეს თხოვნა, რომელიც გამოსვლის 33:13-შია ჩაწერილი?
10 როგორ უხელმძღვანელებდა მოსე ხალხს, რომელსაც თავად იეჰოვამ ‘ქედფიცხელი’ უწოდა? მოსემ იეჰოვას სთხოვა: „თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მაუწყე შენი გზები, რომ შეგიცნო შენ, რათა ვპოვო მადლი შენს თვალში“ (გამოსვლა 33:13). იეჰოვას დღევანდელ მოწმეებში ქრისტიანი ზედამხედველები ბევრად უფრო თავმდაბალი ხალხისგან შემდგარ ფარაზე ზრუნავენ. მაგრამ ისინიც მსგავსად ლოცულობენ: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი“ (ფსალმუნები 24:4). იეჰოვას გზების ცოდნა უხუცესებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მდგომარეობაში ღვთის სიტყვის შესაბამისად მოიქცნენ და ამ დროს ღვთის თვისებები აირეკლონ.
რას მოელის იეჰოვა თავისი ხალხისგან
11. რა მითითებები მისცა იეჰოვამ მოსეს და რატომ უნდა გვაინტერესებდეს ისინი?
11 სინას მთასთან იეჰოვამ თქვა, თუ რას მოელოდა თავისი ხალხისგან. მოგვიანებით კი მოსემ ქვის ფილებზე წერილობითი სახით მოცემული ათი მცნება მიიღო. მთიდან ჩამოსულმა მოსემ დაინახა, რომ ისრაელები ჩამოსხმულ ხბოს სცემდნენ თაყვანს, რის გამოც განრისხებულმა ქვის ფილები დაამსხვრია. იეჰოვამ მოსეს მიერ გამოთლილ ქვებზე კვლავ ამოტვიფრა ათი მცნება (გამოსვლა 32:19; 34:1). ეს მცნებები ისეთივე იყო, როგორიც პირვანდელი. მოსეს მათ შესაბამისად უნდა ემოქმედა. ღმერთმა აგრეთვე მოსეს აჩვენა, როგორი პიროვნება იყო თვითონ და ამგვარად მოსესთვის ცხადი გახდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ის, როგორც იეჰოვას წარმომადგენელი. ქრისტიანებს არ გვევალება მოსეს მეშვეობით გადმოცემული კანონების დაცვა, მაგრამ იეჰოვას მიერ მოსესთვის ნათქვამი სიტყვები მრავალ ისეთ ძირითად პრინციპს შეიცავს, რომლებიც არ შეცვლილა და, რომელთა გამოყენებაც კვლავაც პრაქტიკულია იეჰოვას თაყვანისმცემლებისთვის (რომაელები 6:14; 13:8—10). მოდი განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
12. როგორ უნდა ემოქმედა ისრაელზე იმ ფაქტს, რომ იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვდა?
12 იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენა. ისრაელმა ერმა თავად მოისმინა იეჰოვას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვდა მათგან (გამოსვლა 20:2—5). ისრაელებმა იმის არაერთი მტკიცება იხილეს, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია (მეორე რჯული 4:33—35). იეჰოვამ მათთვის ნათელი გახადა, რომ ის თავისი ხალხისგან არ შეიწყნარებდა არანაირ კერპთაყვანისმცემლობასა თუ სპირიტიზმს, თუმცა ირგვლივ მყოფი ერები ამას აკეთებდნენ. ღვთისადმი ისრაელების ერთგულება უბრალოდ ფორმალური არ უნდა ყოფილიყო. ერში ყველას უნდა ჰყვარებოდა იეჰოვა მთელი გულით, სულითა და ძალით (მეორე რჯული 6:5, 6). ამაში შედიოდა მათი საუბრებიცა და საქციელიც — დიახ, ეს ეხებოდა მათი ცხოვრების ნებისმიერ სფეროს (ლევიანები 20:27; 24:15, 16; 26:1). იესო ქრისტემაც ყველასთვის ნათელი გახადა, რომ იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას მოითხოვს (მარკოზი 12:28—30; ლუკა 4:8).
13. რატომ უნდა დამორჩილებოდა ისრაელი სრულად იეჰოვას და რამ უნდა აღგვძრას ჩვენ, დავემორჩილოთ ღმერთს? (ეკლესიასტე 12:13).
13 იეჰოვას მითითებების ზედმიწევნით შესრულება. ისრაელებს სჭირდებოდათ შეხსენება, რომ იეჰოვა ღმერთთან შეთანხმების დადებით, ისინი მას სრულ მორჩილებას აღუთქვამდნენ. მათ ბევრ რამეში ჰქონდათ თავისუფლება, მაგრამ იმ საკითხებში, რომლებთან დაკავშირებითაც იეჰოვამ მითითებები მისცა, სრული მორჩილება უნდა გამოევლინათ. ამგვარად მოქმედება იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ მათ უყვარდათ ღმერთი და ეს სასარგებლო იქნებოდა როგორც მათთვის, ისე მათი შთამომავლებისთვის, რადგან იეჰოვას ყველა მოთხოვნა, მათსავე კეთილდღეობას ემსახურებოდა (გამოსვლა 19:5—8; მეორე რჯული 5:27—33; 11:22, 23).
14. როგორ გაუმახვილა იეჰოვამ ისრაელებს ყურადღება იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სულიერის პირველ ადგილზე დაყენება?
14 სულიერის პირველ ადგილზე დაყენება. ისრაელ ერს არ უნდა დაეშვა, რომ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვისთვის იმდენი დრო და ენერგია დაეთმო, რომ სულიერისთვის აღარაფერი დარჩენოდა. ისრაელები მიწიერი მიზნების შესრულებას არ უნდა ყოფილიყვნენ გადაყოლილნი. იეჰოვა მოითხოვდა, რომ ყოველკვირა მათ გარკვეული დრო გამოეყოთ იმისთვის, რასაც ღმერთი წმინდად მიიჩნევდა, და ეს დრო მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთისადმი თაყვანისცემასთან დაკავშირებული საქმეებისთვის გამოეყენებინათ (გამოსვლა 35:1—3; რიცხვნი 15:32—36). ყოველწლიურად დამატებითი დრო უნდა გამოეყოთ წმინდა შეკრებილობებისთვისაც (ლევიანები 23:4—44). ეს მათ საშუალებას მისცემდა, ესაუბრათ იეჰოვას დიდებულ საქმეებზე, მიეღოთ შეხსენებები იეჰოვას გზებთან დაკავშირებით და მადლიერება გამოევლინათ იმ ყველა სიკეთისათვის, რომლებიც ღმერთმა მათ სასარგებლოდ მოიმოქმედა. იეჰოვასადმი თავიანთი ერთგულების გამოხატვით ისინი უფრო ღვთისმოშიშები გახდებოდნენ, ღვთისადმი მეტი სიყვარული განუვითარდებოდათ და ეს ღვთის გზებით სიარულში დაეხმარებოდათ (მეორე რჯული 10:12, 13). პრინციპები, რომლებსაც ის მითითებები შეიცავდა, დღესაც სასარგებლოა იეჰოვას მსახურთათვის (ებრაელები 10:24, 25).
ჩავწვდეთ იეჰოვას თვისებებს და დავაფასოთ ისინი
15. ა) რატომ იყო მოსესთვის იეჰოვას თვისებებში წვდომა და მათი დაფასება სასარგებლო? ბ) რომელი კითხვები დაგვეხმარება, რომ ღრმად დავფიქრდეთ იეჰოვას თითოეულ თვისებაზე?
15 იეჰოვას თვისებებში წვდომაცა და მათი დაფასებაც დაეხმარებოდა მოსეს ღვთის ხალხისთვის ხელმძღვანელობის გაწევაში. გამოსვლის 34:5—7 (აქ) გვამცნობს, რომ ღმერთმა ჩაიარა მოსეს სახის წინაშე და თქვა: „იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში; ათასებისთვის ინახავს სიკეთეს, პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას, მაგრამ დასასჯელს დაუსჯელად არ დატოვებს, მამათა დანაშაულის გამო დასჯის შვილებსა და შვილიშვილებს მესამე და მეოთხე თაობამდე“. გამოყავით დრო და დაფიქრდით ამ სიტყვებზე. საკუთარ თავს დაუსვით კითხვები: რას ნიშნავს აქ ჩამოთვლილი თითოეული თვისება? როგორ გამოავლინა იეჰოვამ ისინი? როგორ შეუძლიათ ამ თვისებების გამოვლენა ქრისტიან ზედამხედველებს? როგორ უნდა იმოქმედოს ამ თვისებათაგან თითოეულმა ჩვენს მოქმედებაზე? განვიხილოთ ამ თვისებათაგან მხოლოდ რამდენიმე.
16. როგორ შეგვიძლია უკეთესად ჩავწვდეთ, თუ რა არის ღვთის გულმოწყალება და რატომ არის ამის გაკეთება მნიშვნელოვანი?
16 იეჰოვა „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია“. თუ თქვენთვის შესაძლებელია, კარგი იქნებოდა წაგეკითხათ „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ „გულმოწყალებასთან“ მოცემული ინფორმაცია. ეს თემა შეგიძლიათ აგრეთვე გამოიკვლიოთ «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებელის» და „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკის (კომპაქტ-დისკი) კომპიუტერული პროგრამითa. სიტყვა „გულმოწყალების“ შემცველი მუხლების საპოვნელად გამოიყენეთ სიმფონია. გამოკვლევის შედეგად დაინახავთ, რომ იეჰოვას გულმოწყალებაში შედის გარკვეულ სიტუაციებში არა მარტო შეარბილოს სასჯელი, არამედ გამოავლინოს თანაგრძნობაც. ეს გრძნობა ღმერთს აღძრავს, რომ თავისი ხალხის დასახმარებლად კონკრეტულ ზომებს მიმართოს. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე ღმერთი ზრუნავდა ისრაელების როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ მოთხოვნილებებზე (მეორე რჯული 1:30—33; 8:4). იეჰოვას გულმოწყალება აღძრავდა, მიეტევებინა შეცდომები. მან ეს თვისება გამოავლინა ძველ დროში თავისი ხალხის მიმართ. ასე რომ, ღვთის დღევანდელ მსახურებს ბევრად უფრო მეტად მართებთ ერთმანეთისადმი თანაგრძნობის გამოვლენა (მათე 9:13; 18:21—35).
17. როგორ უწყობს ხელს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წაწევას ის, რომ გვესმის, თუ რა არის იეჰოვას წყალობა?
17 იეჰოვას გულმოწყალება და წყალობა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. კარგი იქნებოდა ლექსიკონში გენახათ სიტყვა „წყალობის“ განმარტება. შეადარეთ ეს განმარტება იმ ბიბლიურ მუხლებს, რომლებშიც იეჰოვას წყალობაზეა საუბარი. ბიბლია ცხადყოფს, რომ იეჰოვას მიერ წყალობის გამოვლენაში შედის თავის ხალხს შორის მყოფ გაჭირვებულებზე სიყვარულით ზრუნვა (გამოსვლა 22:26, 27). ნებისმიერ ქვეყანაში უცხოელები, ან სხვებიც, შეიძლება გაჭირვებაში ჩაცვივდნენ. იეჰოვა თავის ხალხს ასწავლიდა, მიუკერძოებლობა და სიკეთე გამოევლინათ ასეთების მიმართ, რითაც შეახსენებდა, რომ ერთ დროს თავად ისინიც ხიზნები იყვნენ ეგვიპტეში (მეორე რჯული 24:17—22). როგორ უნდა მოვიქცეთ ღვთის მსახურები დღეს? წყალობის გამოვლენა გვეხმარება, რომ ერთიანობა გვქონდეს და იეჰოვას თაყვანისმცემლობისკენ სხვებიც მივიზიდოთ (საქმეები 10:34, 35; გამოცხადება 7:9, 10).
18. რას ვსწავლობთ იმ შეზღუდვებიდან, რომლებიც იეჰოვამ სხვა ხალხთა მიმართ დაუდგინა ისრაელს?
18 ისრაელებს სხვა ერებისადმი სიკეთე უნდა გამოევლინათ, მაგრამ ამას მათი გულებიდან იეჰოვასა და მისი ზნეობრივი ნორმებისადმი სიყვარული არ უნდა გამოედევნა. ისრაელებს ღმერთი ასწავლიდა, რომ არ დადგომოდნენ ირგვლივ მცხოვრებ ხალხთა გზებს, არ დაეცვათ მათი რელიგიური ჩვევები და არ გადაეღოთ მათი უზნეო ცხოვრების წესი (გამოსვლა 34:11—16; მეორე რჯული 7:1—4). ეს პრინციპი დღესაც მოქმედია. ჩვენ წმინდა ხალხი უნდა ვიყოთ, ისე როგორც ჩვენი ღმერთი, იეჰოვაა, წმინდა (1 პეტრე 1:15, 16).
19. როგორ იცავს ღვთის ხალხს იეჰოვას გზების ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უყურებს ღმერთი შემცოდველებს?
19 თავისი გზების საჩვენებლად, იეჰოვამ მოსეს დაანახვა, რომ ცოდვას არ იწონებს, მაგრამ ამასთანავე რისხვაში ნელია. ის ხალხს დროს აძლევს, რათა გაეცნონ მის მოთხოვნებს და ცხოვრებაში გამოიყენონ ისინი. თუ შემცოდველი მოინანიებს, იეჰოვა პატიობს მას, მაგრამ სერიოზული ცოდვის ჩამდენს დამსახურებული სასჯელისგან არ ათავისუფლებს. მან მოსე გააფრთხილა, რომ ისრაელების მოქმედება სასიკეთოდ ან ცუდად იმოქმედებდა მათ მომდევნო თაობებზე. იეჰოვას გზების ცოდნა ღვთის ხალხს იმისგან იცავს, რომ ღმერთი არ დაადანაშაულონ იმ მდგომარეობაში მოხვედრისთვის, რომელიც თავად დაიტეხეს თავს ან არ დაასკვნან, რომ ღმერთი აყოვნებს და გადამჭრელ ზომებს არ იღებს.
20. რა გვეხმარება სათანადოდ მოვექცეთ თანაქრისტიანებს და მათ, ვისაც მსახურებაში ვხვდებით? (ფსალმუნები 85:11).
20 თუ გსურთ, რომ იეჰოვასა და მისი გზების შესახებ ცოდნა გაიღრმავოთ, განაგრძეთ კვლევა და ბიბლიაში წაკითხულზე დაფიქრება. გულმოდგინედ გამოიკვლიეთ იეჰოვას პიროვნებისთვის დამახასიათებელი თითოეული მიმზიდველი თვისება. ილოცეთ და დაფიქრდით, როგორ შეძლებთ მიბაძოთ ღმერთს და თქვენი ცხოვრება უფრო სრულად შეუსაბამოთ ღვთის განზრახვას. ეს დაგეხმარებათ მახეების არიდებაში, თანამორწმუნეებთან სათანადოდ მოქცევასა და იმაში, რომ სხვებს გააცნოთ და შეაყვაროთ დიდებული ღმერთი.
[სქოლიოები]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ მრავალ ენაზე.
რა ისწავლეთ?
• რატომ იყო თავმდაბლობა მოსესთვის ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ არის ეს თვისება ჩვენთვისაც აუცილებელი?
• რა სარგებლობა მოიტანა ფარაონისთვის იეჰოვას სიტყვის არაერთხელ გადაცემამ?
• რა განსაკუთრებული პრინციპები ასწავლა ღმერთმა მოსეს და როგორ შეგვიძლია ჩვენც ამ პრინციპების გამოყენება?
• როგორ შეგვიძლია უფრო ღრმად ჩავწვდეთ იეჰოვას თვისებებს?
[სურათი 21 გვერდზე]
მოსემ ღვთისადმი ერთგულება გამოავლინა და იეჰოვას სიტყვები ფარაონს გადასცა.
[სურათი 23 გვერდზე]
იეჰოვამ მოსეს თავისი მოთხოვნები ამცნო.
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
იფიქრეთ იეჰოვას თვისებებზე.