შეხვედით ღვთის სიმშვიდეში?
„ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან“ (ებრაელთა 4:10).
1. რატომ არის დასვენება ასე სასურველი?
სიმშვიდე. რა სასიამოვნო და საუცხოო სიტყვაა! დღეს, როდესაც სწრაფი ტემპების მქონე, დაძაბულ წუთისოფელში ვცხოვრობთ, უმეტესობა ჩვენგანი იმ აზრისაა, რომ დასვენება ძალზე სასურველია. ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები, დაქორწინებულები თუ დაუქორწინებლები შეიძლება ყოველდღიური საზრუნავით ქანცგაწყვეტილები ვიყოთ. მათთვის, ვინც ფიზიკურად შეზღუდული ან დაავადებულია, ყოველი დღე ბრძოლას წარმოადგენს. როგორც საღვთო წერილი აღნიშნავს, „მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“ (რომაელთა 8:22). ადამიანი, რომელიც ისვენებს, სულაც არ არის ზარმაცი. დასვენება საჭიროა და ეს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული.
2. რა დროიდან ისვენებს ღმერთი?
2 თვითონ იეჰოვა ღმერთიც ისვენებს. წიგნში „დაბადება“ ვკითხულობთ: „გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ. გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა“. იეჰოვამ „მეშვიდე დღეს“ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა, ვინაიდან მის მიერ შთაგონებულ ცნობაში შემდგომ ნათქვამია: „აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი“ (დაბადება 2:1–3).
დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან
3. რა არ შეიძლება, იყოს ღვთის დასვენების მიზეზი?
3 რატომ დაისვენა ღმერთმა „მეშვიდე დღეს“? რა თქმა უნდა, ის არ დაღლილა. იეჰოვა ‘ძალამოსილია’ და „არ იღლება და არ იქანცება“ (ესაია 40:26, 28). ღმერთს დასვენება არც შესვენების ან ჩვეული ტემპის შეცვლისთვის სჭირდება, ვინაიდან იესომ გვითხრა: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ“ (იოანე 5:17). „ღმერთი არის სული“ და არ არის შეზღუდული ორგანიზმში არსებული ციკლებითა და ფიზიკური ქმნილებების მოთხოვნილებებით (იოანე 4:24).
4. რით განსხვავდებოდა ‘მეშვიდე დღე’ წინა ექვსისგან?
4 როგორ შეგვიძლია გარკვეულწილად ჩავწვდეთ „მეშვიდე დღეს“ ღვთის დასვენების მიზეზს? თუმცა ღმერთს დიდი სიამოვნება მოჰგვარა ექვსი ხანგრძლივი შემოქმედებითი ‘დღის‘ განმავლობაში შესრულებულმა სამუშაომ, მან განსაკუთრებით ‘მეშვიდე დღე’ აკურთხა და ‘წმინდად’ გამოაცხადა. ერთ-ერთი ლექსიკონი „წმინდას“ შემდეგნაირად განმარტავს: „მხოლოდ (ღვთისთვის ან რაიმე რელიგიური მიზნისთვის) მიძღვნილი ან შესაფერისი“ (Concise Oxford Dictionary). ამგვარად, იეჰოვას მიერ ‘მეშვიდე დღის’ კურთხევა და წმინდად გამოცხადება მიუთითებს, რომ ეს დღე და ამ დროს ‘დასვენება’ როგორღაც დაკავშირებული უნდა იყოს იეჰოვას წმინდა ნებასა და განზრახვებთან და არა მის რაიმე პირად საჭიროებასთან. რა კავშირია ეს?
5. რა მოიყვანა მოქმედებაში ღმერთმა პირველი ექვსი შემოქმედებითი ‘დღის’ განმავლობაში?
5 წინა ექვსი შემოქმედებითი ‘დღის’ განმავლობაში ღმერთმა შექმნა და მოქმედებაში მოიყვანა ყველა ციკლი და კანონი, რომლებიც მართავს დედამიწასა და ყველაფერს მის გარშემო. დღეს მეცნიერები სწავლობენ, თუ რა შესანიშნავადაა ყოველივე ეს მოწყობილი. ‘მეექვსე დღის’ მიწურულს ღმერთმა შექმნა პირველი წყვილი და „ედემში, აღმოსავლეთში“, დაასახლა ისინი. ბოლოს ღმერთმა შემდეგი წინასწარმეტყველური სიტყვებით გამოაცხადა თავისი განზრახვა ადამიანთა ოჯახებსა და დედამიწასთან დაკავშირებით: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28, 31; 2:8).
6. ა) რას გრძნობდა ღმერთი ‘მეექვსე დღის’ მიწურულს თავის შემოქმედებით ნამუშევართან დაკავშირებით? ბ) რა გაგებით არის ‘მეშვიდე დღე’ წმინდა?
6 ‘მეექვსე [შემოქმედებითი] დღის’ მიწურულს, ცნობის თანახმად, „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). ღმერთი თავისი ნამოქმედარით კმაყოფილი იყო. ამგვარად, მან დაისვენა, ანუ გაჩერდა, და დედამიწასთან დაკავშირებით არ განაგრძო შემოქმედებითი საქმიანობა. იმ დროს სამოთხის სრულყოფილი და საუცხოო ბაღი მხოლოდ პატარა ტერიტორიას იკავებდა და დედამიწაზეც მხოლოდ ორი ადამიანი სახლობდა. დედამიწისა და ადამიანთა ოჯახების მიმართ ღვთის განზრახვის შესრულებას დრო სჭირდებოდა. ამ მიზნისთვის მან გამოყო ‘მეშვიდე დღე’, რაც წინა ექვსი ‘დღის’ განმავლობაში შექმნილ ყველა ქმნილებას მისი წმინდა ნების თანახმად განვითარების საშუალებას მისცემდა (შეადარეთ ეფესელთა 1:11). ‘მეშვიდე დღის’ მიწურულისთვის მთელი დედამიწა სრულყოფილ ადამიანთა ოჯახებით დასახლებული სამოთხე იქნება (ესაია 45:18). ‘მეშვიდე დღე’ გამოყოფილი, ანუ მიძღვნილია, დედამიწისა და კაცობრიობის მიმართ ღვთის ნების შესასრულებლად. ამ გაგებით არის ის ‘წმინდა’.
7. ა) რა მხრივ დაისვენა ღმერთმა „მეშვიდე დღეს“? ბ) როგორ წარიმართება მოვლენები ‘მეშვიდე დღის’ დასასრულისთვის?
7 ამგვარად, ღმერთმა „მეშვიდე დღეს“ დაისვენა თავისი შემოქმედებითი საქმეებისგან. ასე ვთქვათ, ის განზე გადგა და საშუალება მისცა მოქმედებაში მოყვანილ სისტემას, აღებული კურსით განეგრძო გზა. ის აბსოლუტურად არის დარწმუნებული, რომ ‘მეშვიდე დღის’ ბოლოსთვის ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც თავად განიზრახა. დაბრკოლებებიც რომ გაჩნდეს, გადაილახება. ღვთის ნების ბოლომდე შესრულებას მთელ მორჩილ კაცობრიობაზე კეთილისმყოფელი გავლენა ექნება. ვერაფერი დააბრკოლებს ამას, რადგან ღმერთმა აკურთხა ‘მეშვიდე დღე’ და „წმიდაჰყო“ იგი. რა დიდებული პერსპექტივაა მორჩილი კაცობრიობისთვის!
ისრაელები ვერ შევიდნენ ღვთის სიმშვიდეში
8. როდის და როგორ დაიწყეს ისრაელებმა შაბათის დაცვა?
8 ებრაელ ერს იეჰოვამ დაუდგინა მუშაობისა და დასვენების ნორმები. სინაის მთაზე რჯულის მიცემამდეც კი ღმერთმა მოსეს მეშვეობით ისრაელებს უთხრა: „გახსოვდეთ, შაბათი მოუცია თქვენთვის უფალს; ამიტომაც მოგცათ მან მეექვსე დღეს ორი დღის სამყოფი პური; დარჩით თქვენ-თქვენს ადგილზე და არსად გახვიდეთ მეშვიდე დღეს“. შედეგად, „უქმობდა ხალხი მეშვიდე დღეს“ (გამოსვლა 16:22–30).
9. რატომ იყო ისრაელებისთვის შაბათის შესახებ კანონი სასიამოვნო ცვლილება?
9 ეს ღონისძიება ახალი იყო ისრაელებისთვის, რომლებიც სულ ახლახან გათავისუფლდნენ ეგვიპტის მონობიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტელები და სხვა ხალხებიც დროს 5—10 დღიან პერიოდებად ყოფდნენ, საეჭვოა, რომ დამონებული ისრალებისთვის ნებადართული ყოფილიყო, ჰქონოდათ დასვენების დღე (შეადარეთ გამოსვლა 5:1–9). ამიტომ გონივრულია დავასკვნათ, რომ ებრაელი ხალხი დიდი სიამოვნებით შეხვდა ამ ცვლილებას. ისინი შაბათის შესახებ მოთხოვნას ტვირთად ან შეზღუდვად კი არ მიიჩნევდნენ, არამედ, ალბათ, სიამოვნებით იცავდნენ მას. ღმერთმა მოგვიანებით ისრაელებს უთხრა, რომ შაბათ დღეს მათთვის ეგვიპტეში მონობა და მისგან გათავისუფლება უნდა შეეხსენებინა (მეორე რჯული 5:15).
10, 11. ა) რის მიღება შეეძლოთ ისრაელებს მორჩილების გამოვლენის შემთხვევაში? ბ) რატომ ვერ შევიდნენ ისრაელები ღვთის სიმშვიდეში?
10 თუ ეგვიპტიდან მოსესთან ერთად გამოსული ისრაელები მორჩილებას გამოავლენდნენ, შევიდოდნენ აღთქმულ ‘ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინებოდა თაფლი და რძე’ (გამოსვლა 3:8). იქ ისინი ნამდვილად დაისვენებდნენ არა მარტო შაბათს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში (მეორე რჯული 12:9, 10). მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მათ შესახებ მოციქულმა პავლემ დაწერა: „ვინ იყო, რომ მოისმინა და დრტვინვა იწყო? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან? მაშ, ვიღაზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? თუ არა ცოდვილებზე, რომელთა ძვლებიც უდაბნოში ჩაიყარა? ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩებს? და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნობის გამო“ (ებრაელთა 3:16–19).
11 რა მნიშვნელოვანი გაკვეთილია ჩვენთვის! იეჰოვასადმი რწმენის უქონლობის გამო იმ მოდგმამ ვერ მიიღო აღთქმული სიმშვიდე. ნაცვლად ამისა, ისინი უდაბნოში დაიხოცნენ. მათ ვერ დაინახეს, რომ, როგორც აბრაამის შთამომავლები, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ღვთის ნებასთან — ეკურთხებინა დედამიწის ყველა ერი (დაბადება 17:7, 8; 22:18). ღვთის ნების შესაბამისად მოქმედების ნაცვლად, ისინი თავიანთი მწიერი საქმეებითა და ეგოისტური სურვილებით იყვნენ შეპყრობილი. დაე ნურასოდეს ავიღებთ მსგავს კურსს! (1 კორინთელთა 10:6, 10).
რჩება შაბათის სიმშვიდე
12. რა პერსპექტივა ჰქონდათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს და როგორ შეეძლოთ მისი მიღწევა?
12 მას შემდეგ, რაც აღნიშნავს, რომ ისრაელები თავიანთი ურწმუნოების გამო ვერ შევიდნენ ღვთის სიმშვიდეში, პავლეს ყურადღება თანამორწმუნეებზე გადააქვს. როგორც ებრაელების მიმართ 4:1–5-შია მოხსენიებული, პავლე არწმუნებს მათ, რომ „რჩება აღთქმა [ღვთის] სიმშვიდეში შესასვლელად“. ის მოუწოდებდა, გამოევლინათ რწმენა ‘სახარების’ მიმართ, რადგან „სიმშვიდეში შევდივართ ჩვენ, მორწმუნენი“. ვინაიდან იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე რჯული უკვე გაუქმებული იყო, პავლე აქ არ მიუთითებდა ფიზიკურ სიმშვიდეზე, რომელიც შაბათთან იყო დაკავშირებული (კოლასელთა 2:13, 14). პავლე ციტირებდა დაბადების 2:2-დან და ფსალმუნის 94:11-დან და ებრაელ ქრისტიანებს მოუწოდებდა, შესულიყვნენ ღვთის სიმშვიდეში.
13. რატომ ამახვილებდა პავლე ყურადღებას სიტყვაზე „დღეს“, როდესაც 94-ე ფსალმუნიდან ციტირებდა?
13 ებრაელი ქრისტიანებისთვის ღვთის სიმშვიდეში შესვლის შესაძლებლობა „სახარება“, კეთილი ცნობა, უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც ადრე ისრაელებისთვის შაბათის დასვენების შესახებ ცნობა იყო კეთილი ცნობა. მაშასადამე, პავლე თანამორწმუნეებს მოუწოდებდა, არ დაეშვათ ისეთივე შეცდომა, როგორიც ისრაელებმა დაუშვეს უდაბნოში. პავლე ციტირებს ფსალმუნის 94:7, 8-დან და ყურადღებას ამახვილებს სიტყვაზე „დღეს“, თუმცა საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ღმერთმა დაისვენა შემოქმედებითი საქმიანობისგან (ებრაელთა 4:6, 7). რაზე მიუთითებდა პავლე? იმაზე, რომ „მეშვიდე დღე“, რომელიც ღმერთმა დედამიწისა და კაცობრიობის მიმართ თავისი განზრახვის ბოლომდე შესასრულებლად გამოყო, ჯერაც გრძელდებოდა. ამიტომ მის თანაქრისტიანებს დაუყოვნებლივ უნდა ემოქმედათ ამ განზრახვის და არა საკუთარი ეგოისტური მისწრაფებების თანახმად. მან კიდევ ერთხელ გააფრთხილა ისინი: „ნუ გაიქვავებთ გულებს“.
14. როგორ ცხადყო პავლემ, რომ ღვთის „სიმშვიდე“ კიდევ რჩებოდა?
14 გარდა ამისა, პავლემ ცხადყო, რომ დაპირებული ‘დასვენება’ იესო ნავეს ძის ხელმძღვანელობით მხოლოდ აღთქმულ ქვეყანაში დამკვიდრებით არ ამოიწურებოდა (იესო ნავეს ძე 21:42). „ვინაიდან, იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, — აღნიშნა პავლემ, — ამის შემდეგ იგი აღარას იტყოდა სხვა დღეზე“. აქედან გამომდინარე, პავლემ დაამატა: „კიდევ რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისათვის“ (ებრაელთა 4:8, 9). რა არის „შაბათის სიმშვიდე“?
ღვთის სიმშვიდეში შესვლა
15, 16. ა) რა მნიშვნელობაა ჩადებული გამოთქმაში „შაბათის სიმშვიდე“? ბ) რას ნიშნავს ‘საკუთარი საქმეებისგან დასვენება’?
15 გამოთქმა „შაბათის სიმშვიდე“ გადმოთარგმნილია ბერძნული სიტყვიდან, რომელიც „შაბათის აღნიშვნას“ ნიშნავს („სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“ [ინგლ.]). პროფესორი უილიამ ლეინი ამბობს: „ამ გამოთქმამ განსაკუთრებული ელფერი მიიღო შაბათის შესახებ სწავლებიდან, რომელიც გამ. 20:8–10-ის საფუძველზე განვითარდა იუდაიზმში და რომელშიც ყურადღება მახვილდება, რომ დასვენება და ხოტბის შესხმა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. . . [ის] ხაზს უსვამს ზეიმისა და სიხარულის განსაკუთრებულ მხარეს, რომელშიც თაყვანისცემა და ღვთის განდიდება გამოიხატება“. ასე რომ, აღთქმული დასვენება მხოლოდ ფიზიკური შრომისგან დასვენება არ არის. ის არის მოსაბეზრებელი, უმიზნო საქმეების გაცვლა სიხარულის მომტან მსახურებაზე, რომელიც პატივს მიაგებს ღმერთს.
16 ამას ადასტურებს პავლეს შემდეგი სიტყვები: „ვინაიდან, ვინც მის [ღვთის] სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა თავისისაგან“ (ებრაელთა 4:10). ღმერთს მეშვიდე შემოქმედებით დღეს დაღლილობის გამო არ დაუსვენია. მან შეწყვიტა დედამიწაზე შემოქმედებითი საქმიანობა, რათა თავისი შემოქმედების ნაყოფისთვის საშუალება მიეცა განვითარებულიყო და სრული სიდიადით გამობრწყინებულიყო, რათა მისთვის დიდება და პატივი მოეტანა. როგორც ღვთის ქმნილებები, ჩვენც უნდა შევესაბამებოდეთ ამ განზრახვას. ჩვენც უნდა ‘დავისვენოთ ჩვენი საქმეებისგან’, ესე იგი შევწყვიტოთ ღვთის წინაშე საკუთარი თავის მართლება იმ მიზნით რომ გადარჩენას მივაღწიოთ. ნაცვლად ამისა, უნდა გვწამდეს, რომ ჩვენი გადარჩენა დამოკიდებულია იესო ქრისტეს გამომსყიდველურ მსხვერპლზე, რის საშუალებითაც ყველაფერი ღვთის განზრახვის შესაბამისობაში იქნება კვლავ მოყვანილი (ეფესელთა 1:8–14; კოლასელთა 1:19, 20).
ღვთის სიტყვა მოქმედია
17. ხორციელი ისრაელების როგორ მოქმედებას უნდა ვერიდოთ?
17 ისრაელები თავიანთი ურჩობისა და ურწმუნოების გამო ვერ შევიდნენ ღვთის აღთქმულ სიმშვიდეში. ამიტომ პავლე ებრაელ ქრისტიანებს მოუწოდებდა: „მაშ, ვეცადოთ, შევიდეთ იმ სიმშვიდეში, რათა არავინ ჩავარდეს ურჩობაში მათი მაგალითისამებრ“ (ებრაელთა 4:11). პირველ საუკუნეში მცხოვრებ იუდეველთა უმეტესობამ არ გამოავლინა იესოსადმი რწმენა და ახ. წ. 70 წელს, იუდეველთა სისტემის აღსასრულის დროს, მრავალს დიდი წამების ატანა მოუწია. რამდენად გადამწყვეტია, რომ დღეს გვწამდეს ღვთის მიერ აღთქმული სიტყვები!
18. ა) რა მიზეზები მოჰყავს პავლეს ღვთის სიტყვისადმი რწმენის გამოვლენასთან დაკავშირებით? ბ) რა გაგებით არის ღვთის სიტყვა „ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი“?
18 ჩვენ მტკიცე საფუძველი გვაქვს, გამოვავლინოთ რწმენა იეჰოვას სიტყვებისადმი. პავლემ დაწერა: „ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სიმშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელთა 4:12). დიახ, ღვთის სიტყვა, ანუ ცნობა, ‘ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრია’. ებრაელ ქრისტიანებს უნდა ხსომებოდათ, თუ რა მოუვიდათ მათ წინაპრებს. მათ უგულებელყვეს იეჰოვას განაჩენი იმის შესახებ, რომ უდაბნოში დაიხოცებოდნენ, და აღთქმულ ქვეყანაში შესვლას ცდილობდნენ. მოსემ გააფრთხილა ისინი: „იქ დაგხვდებიან ყამალეკები და ქანაანელები და მახვილით დაეცემით“. როდესაც ისრაელებმა ჯიუტად განაგრძეს გზა, „დაეშვნენ იმ მთის მცხოვრები ყამალეკები და ქანაანელები, სძლიეს მათ და ხორმამდე გარეკეს“ (რიცხვნი 14:39–45). იეჰოვას სიტყვა ყოველგვარ ორლესულ მახვილზე ბასრია და ყველა, ვინც შეგნებულად უგულებელყოფს მას, უდავოდ მოიმკის ამის შედეგებს (გალატელთა 6:7–9).
19. რამდენად მძლავრად „აღწევს“ ღვთის სიტყვა ჩვენში და რატომ უნდა გვესმოდეს, რომ ღვთის წინაშე ანგარიშვალდებულები ვართ?
19 რა მძლავრად აღწევს ღვთის სიტყვა „სიმშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე“! ის მსჭვალავს ადამიანის აზრებსა და აღძვრებს და, გადატანითი მნიშვნელობით, ძვლის ყველაზე ღრმად მდებარე ნაწილში, ტვინში, აღწევს! მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებული ისრაელები თანახმა იყვნენ, დაეცვათ რჯული, იეჰოვამ იცოდა, რომ გულის სიღრმეში ისინი არ აფასებდნენ მის ღონისძიებებსა და მოთხოვნებს (ფსალმუნი 94:7–11). ღვთის ნების შესრულების ნაცვლად, ისინი საკუთარი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებაზე ზრუნავდნენ. ამიტომ ისინი ვერ შევიდნენ ღვთის მიერ აღთქმულ სიმშვიდეში და უდაბნოში დაიხოცნენ. ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს ეს შემთხვევა, ვინაიდან „არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისი ხედვისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს“ (ებრაელთა 4:13). ამიტომ დაე აღვასრულოთ იეჰოვასადმი ჩვენი მიძღვნა და ‘დასაღუპავად უკან არ მივიქცეთ’ (ებრაელთა 10:39).
20. რა გველის წინ და რა უნდა გავაკეთოთ ახლა, ღვთის სიმშვიდეში რომ შევიდეთ?
20 თუმცა ‘მეშვიდე დღე’ — ღვთის დასვენების დღე — ჯერაც გრძელდება, ის ფხიზლად ადევნებს თვალყურს დედამიწისა და ადამიანების მიმართ თავისი განზრახვის შესრულებას. ძალიან მალე მესიანური მეფე, იესო ქრისტე, მოქმედებას შეუდგება, რათა დედამიწა ღვთის ნების ყველა მოწინააღმდეგისგან, მათ შორის სატანა ეშმაკისგანაც, გაათავისუფლოს. ქრისტეს ათასწლიანი მეფობის პერიოდში იესო და მისი 144 000 თანამმართველი დედამიწასა და კაცობრიობას ღვთის ნების სრულ შესაბამისობაში მოიყვანს (გამოცხადება 14:1 „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა; 20:1–6). ახლაა დრო, დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი იეჰოვა ღმერთის ნების შესრულებაა. ღვთის წინაშე თავის მართლებისა და პირადი ინტერესების წინა პლანზე წამოწევის მცდელობის ნაცვლად, დროა ‘დავისვენოთ ჩვენი საქმეებისგან’ და მთელი გულით სამეფოს ინტერესებს მოვემსახუროთ. ამის გაკეთება და ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვას, მიმართ ერთგულების შენარჩუნება საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ ღვთის სიმშვიდეში ახლაც და მარადიულადაც.
როგორ განმარტავდით?
◻ რა მიზნით დაისვენა ღმერთმა „მეშვიდე დღეს“?
◻ რა სიმშვიდით შეეძლოთ ისრაელებს ესარგებლათ, მაგრამ რატომ ვერ შევიდნენ ამ სიმშვიდეში?
◻ რა უნდა ვქნათ ღვთის სიმშვიდეში შესასვლელად?
◻ რა გაგებით არის ღვთის სიტყვა ცოცხალი, მძლავრი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი?
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
ისრაელები იცავდნენ შაბათს, მაგრამ ვერ შევიდნენ ღვთის სიმშვიდეში. იცით თუ არა რატომ?