სასწავლო სტატია 49
შრომისა და დასვენების დრო
„მოდი სადმე წავიდეთ . . . და ცოტა დავისვენოთ“ (მარ. 6:31).
სიმღერა 143 იფხიზლეთ, იშრომეთ და დაელოდეთ
მოკლე შინაარსიa
1. რა თვალსაზრისი აქვს ხალხს შრომაზე?
როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენ გარშემო მცხოვრებ ხალხს შრომის მიმართ? დღეს ბევრ ქვეყანაში ადამიანებს უწინდელზე მეტხანს და მძიმედ უწევთ მუშაობა. ზოგი იმდენად არის დაკავებული, რომ ვერც დასვენებისთვის იცლის, ვერც ოჯახისთვის და ვერც ღმერთზე ფიქრისთვის (ეკლ. 2:23). თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც არაფრის კეთება არ უნდათ და თავის გასამართლებლად მიზეზებს ეძებენ (იგავ. 26:13, 14).
2, 3. რა დამოკიდებულება აქვთ იეჰოვას და იესოს შრომის მიმართ?
2 დღეს ბევრს შრომისადმი გაუწონასწორებელი დამოკიდებულება აქვს. მაგრამ დაფიქრდით, რა თვალსაზრისი აქვთ ამ საკითხზე იეჰოვას და იესოს. იეჰოვა რომ შრომისმოყვარე ღმერთია, იესოს სიტყვებშიც კარგად ჩანს: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (იოან. 5:17). ღმერთმა შექმნა უთვალავი სულიერი ქმნილება და უკიდეგანო სამყარო. ჩვენს ულამაზეს პლანეტაზეც ბევრ რამეს ატყვია შემოქმედის ხელი. ფსალმუნმომღერალმა მართებულად თქვა მასზე: „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი. სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით“ (ფსალმ. 104:24).
3 იესო ჰბაძავდა მამას. ის იეჰოვას გვერდით იყო, „როგორც ოსტატი“ და ეხმარებოდა მას, „როცა ცას ქმნიდა“ (იგავ. 8:27—31). დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ არაერთი დიდებული საქმე მოიმოქმედა. იეჰოვას დავალების შესრულება მისთვის საჭმელივით იყო. ყველაფერი, რასაც აკეთებდა, იმაზე მოწმობდა, რომ ის ღმერთმა გამოგზავნა (იოან. 4:34; 5:36; 14:10).
4. რა დამოკიდებულება აქვთ იეჰოვას და იესოს დასვენების მიმართ?
4 როცა იეჰოვასა და იესოს შრომისადმი დამოკიდებულებაზე ვფიქრობთ, უნდა დავასკვნათ, რომ დასვენება საჭირო არ არის? რა თქმა უნდა, არა. იეჰოვა არასდროს იღლება, ამიტომ დასვენება არ სჭირდება, მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მას შემდეგ, რაც ცა და დედამიწა შექმნა, ღმერთმა დაისვენა (გამ. 31:17). როგორც ჩანს, მან შეწყვიტა შემოქმედებითი საქმე, რათა თავისი ნამოქმედარით დამტკბარიყო. დედამიწაზე ყოფნის დროს იესოც ბევრს შრომობდა, თუმცა მეგობრებთან ერთად სადილობისთვისაც გამოყოფდა დროს (მათ. 14:13; ლუკ. 7:34).
5. რისი განსაზღვრა უჭირს ბევრ ღვთის მსახურს?
5 ბიბლია ღვთის ხალხს შრომისკენ მოუწოდებს. იეჰოვას მსახურები შრომისმოყვარეობით უნდა გამოირჩეოდნენ; მათ სიზარმაცე არ შეშვენით (იგავ. 15:19). შესაძლოა ოჯახის სარჩენად მუშაობა გიწევთ და ამასთან ერთად, როგორც ქრისტიანს, სასიხარულო ცნობის ქადაგების პასუხისმგებლობაც გაკისრიათ. ამიტომ ბუნებრივია, საკმარისი დასვენებაც გჭირდებათ. ხომ არ გიჭირთ ზოგჯერ იმის განსაზღვრა, რამდენი დრო დაუთმოთ სამუშაოს, მსახურებას და დასვენებას? რა დაგვეხმარება, გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს შრომასა და დასვენებაზე?
გაწონასწორებული შეხედულება
6. როგორ გამოჩნდა მარკოზის 6:30—34-ში ჩაწერილი შემთხვევიდან, რომ იესოს გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა შრომასა და დასვენებაზე?
6 მნიშვნელოვანია, რომ შრომისადმი სწორი შეხედულება გვქონდეს. მეფე სოლომონმა ღვთივშთაგონებით დაწერა, რომ ყველა საქმეს თავისი დრო აქვს. მან თქვა, რომ არის დარგვის, აშენების, ტირილის, სიცილის, ცეკვა-თამაშის და სხვა საქმეების კეთების დრო (ეკლ. 3:1—8). აშკარაა, რომ შრომა და დასვენება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იესოს შრომასა და დასვენებაზე გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა. ერთხელ მსახურებიდან დაბრუნებულ მოციქულებს იესოსთან იმდენი ხალხი დახვდათ, რომ საჭმელადაც ვერ მოიცალეს. ამიტომ იესომ უთხრა მათ: „მოდი სადმე წავიდეთ, რომ განვმარტოვდეთ და ცოტა დავისვენოთ“ (წაიკითხეთ მარკოზის 6:30—34). მართალია, იესო და მისი მოწაფეები ბევრი საქმის გამო ყოველთვის ვერ ახერხებდნენ საკმარისად დასვენებას, მაგრამ იესოს ესმოდა, რომ დასვენება აუცილებელი იყო.
7. რაში დაგვეხმარება შაბათის დაცვასთან დაკავშირებულ პრინციპზე დაფიქრება?
7 ზოგჯერ აუცილებელია, ცოტა დავისვენოთ ან დროებით მაინც შევიტანოთ გარკვეული ცვლილება ჩვენს ყოველდღიურ განრიგში. ამის საჭიროება იქიდანაც ჩანს, რომ ღმერთმა ისრაელებს ყოველკვირეული შაბათი დაუწესა. მართალია, მოსეს კანონს არ ვექვემდებარებით, მაგრამ შაბათის დაცვასთან დაკავშირებული პრინციპიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. ამ პრინციპზე დაფიქრება დაგვანახვებს, გვაქვს თუ არა სწორი თვალსაზრისი შრომასა და დასვენებაზე.
შაბათი — დასვენებისა და თაყვანისცემის დღე
8. გამოსვლის 31:12—15-ის თანახმად, რისთვის უნდა გამოეყოთ ისრაელებს შაბათი?
8 ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ექვსი შემოქმედებითი „დღის“ შემდეგ ღმერთმა დაასრულა დედამიწაზე თავისი საქმე (დაბ. 2:2). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არაფერს აკეთებს. იეჰოვას უყვარს შრომა, რაც იესოს სიტყვებიდანაც გამოჩნდა: „მამაჩემი აქამდე შრომობს“ (იოან. 5:17). წიგნი „დაბადება“ მოგვითხრობს, რომ ღმერთმა მეშვიდე დღეს დაისვენა. მან სწორედ მეშვიდე დღე ანუ შაბათი დააწესა დასვენებისთვის და თქვა, რომ ეს ნიშანი იქნებოდა მასა და ისრაელ ერს შორის. იეჰოვამ შაბათი წმინდა დღედ გამოაცხადა, რომელიც ისრაელებს „სრული დასვენებისთვის“ უნდა გამოეყოთ (წაიკითხეთ გამოსვლის 31:12—15). კანონის თანახმად ამ დღეს ყველას და ყველაფერს უნდა დაესვენა, მათ შორის ბავშვებს, მონებს და შინაურ ცხოველებსაც კი (გამ. 20:10). ეს ხალხს შესაძლებლობას აძლევდა, რომ სულიერი საკითხებისთვის მეტი დრო დაეთმო.
9. რა არასწორი შეხედულება ჰქონდა ხალხს იესოს დროს შაბათის დაცვასთან დაკავშირებით?
9 შაბათი დღე იეჰოვას ხალხის კეთილდღეობას ემსახურებოდა, მაგრამ იესოს დროს მცხოვრებმა რელიგიურმა წინამძღოლებმა შაბათის დაცვასთან დაკავშირებით მკაცრი წესები დაადგინეს. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ავადმყოფის განკურნება და თავთავების გლეჯაც კი შაბათის კანონის დარღვევა იყო (მარ. 2:23—27; 3:2—5). იესომ ნათლად დაანახვა თავის მსმენელებს, რომ ეს შეხედულება სრულიად ეწინააღმდეგებოდა ღვთის თვალსაზრისს.
10. მათეს 12:9—12-დან გამომდინარე, რა თვალსაზრისი ჰქონდა იესოს შაბათის დაცვასთან დაკავშირებით?
10 იესო და მისი იუდეველი მიმდევრები მოსეს კანონს ექვემდებარებოდნენ, ამიტომ იცავდნენ შაბათს.b მაგრამ იესომ სიტყვითა და საქმით ხალხს დაანახვა, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი უნდა ჰქონოდათ შაბათის დაცვაზე და ამ დღეს სიკეთის კეთება და სხვების დახმარება კანონის დარღვევად არ უნდა მიეჩნიათ. მან არაორაზროვნად თქვა: „შაბათს სიკეთის კეთება ნებადართულია“ (წაიკითხეთ მათეს 12:9—12). იესო არ ფიქრობდა, რომ შაბათს სხვებისთვის კეთილი საქმის გაკეთება დანაშაული იყო. მან თავისი საქმეებით ცხადყო, რომ კარგად ესმოდა შაბათის არსი. სინამდვილეში ეს დღე შესაძლებლობას აძლევდა ღვთის ხალხს, ყოველდღიური საქმეებისგან დაესვენათ და მთელი ყურადღება სულიერზე გადაეტანათ. იესოს ოჯახი ყოველთვის იცავდა შაბათს და ამ დღეს ღვთის თაყვანისცემისთვის გამოყოფდა. ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში ყოფნის დროს იესო „ჩვეულებისამებრ, შაბათს სინაგოგაში შევიდა“ (ლუკ. 4:15—19).
რა დამოკიდებულება გაქვთ შრომის მიმართ?
11. ვინ მისცა იესოს შრომისმოყვარეობის მაგალითი?
11 იოსები დურგლობასაც ასწავლიდა იესოს და ღვთის თვალსაზრისსაც უნერგავდა შრომისმოყვარეობაზე (მათ. 13:55, 56). იესო საკუთარი თვალით ხედავდა, რამდენს შრომობდა იოსები ყოველდღე დიდი ოჯახის სარჩენად. საინტერესოა, რომ იესომ მოგვიანებით თავის მოწაფეებს უთხრა: „მუშა გასამრჯელოს ღირსია“ (ლუკ. 10:7). აშკარაა, იესომ კარგად იცოდა, რას ნიშნავდა მძიმედ შრომა.
12. რომელი ბიბლიური მუხლები გვამცნობს პავლეს შრომისმოყვარეობის შესახებ?
12 შრომის ყადრი პავლემაც კარგად იცოდა. მისი უმთავრესი საქმე ქრისტეს შესახებ დამოწმება იყო, თუმცა თავის სარჩენად ისიც მუშაობდა. თესალონიკელებმა იცოდნენ, რომ პავლე დღედაღამ შრომასა და ჯაფაში იყო, რათა დიდი ხარჯებით არ დაემძიმებინა ისინი (2 თეს. 3:8; საქ. 20:34, 35). სიტყვა „შრომაში“ შესაძლოა პავლე კარვების კერვას გულისხმობდა. კორინთში ყოფნის დროს მოციქული პრისკილასთან და აკვილასთან ცხოვრობდა. ისინი პავლესთან ერთად კარვებს კერავდნენ. დღედაღამ შრომაში პავლეს არ უგულისხმია, რომ მთლიანად სამუშაოში იყო ჩაფლული. მაგალითად, შაბათობით პავლე იუდეველებთან ქადაგებდა, რომელთაც ეს დღე მასავით დასვენებისთვის ჰქონდათ გამოყოფილი (საქ. 13:14—16, 42—44; 16:13; 18:1—4).
13. რისი სწავლა შეგვიძლია პავლესგან?
13 პავლე მოციქულმა შრომისმოყვარეობის კარგი მაგალითი დაგვიტოვა. მართალია, თავის სარჩენად მუშაობა უწევდა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა, „ღვთის სასიხარულო ცნობის წმინდა საქმეში [ყოფილიყო] ჩაბმული“ (რომ. 15:16; 2 კორ. 11:23). რეგულარულად ქადაგებისკენ ის სხვებსაც მოუწოდებდა. პავლეს ნამდვილად შეეძლო ეთქვა, რომ აკვილა და პრისკილა მისი „თანამსახურები [იყვნენ] ქრისტე იესოში“ (რომ. 12:11; 16:3). ის კორინთელებს მოუწოდებდა: „ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში“ (1 კორ. 15:58; 2 კორ. 9:8). გარდა ამისა, მან ღვთივშთაგონებით დაწერა: „ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს“ (2 თეს. 3:10).
14. რა იგულისხმა იესომ იოანეს 14:12-ში ჩაწერილ სიტყვებში?
14 ამ „ბოლო დღეებში“ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ქადაგება და მოწაფეების მომზადებაა. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მისი მოწაფეები მასზე ბევრ საქმეს გააკეთებდნენ (წაიკითხეთ იოანეს 14:12). ცხადია, ის არ გულისხმობდა, რომ სასწაულების მოხდენის უნარი გვექნებოდა. მისი მიმდევრები მასზე მეტს იმ გაგებით გააკეთებდნენ, რომ უფრო დიდ ტერიტორიაზე იქადაგებდნენ, უფრო მეტი ხალხის ყურამდე მიიტანდნენ სასიხარულო ცნობას და უფრო დიდი ხნის მანძილზე შეასრულებდნენ ამ საქმეს.
15. რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს და რატომ?
15 თუ თქვენც გიწევთ მუშაობა, ჰკითხეთ საკუთარ თავს: შრომისმოყვარე ადამიანის რეპუტაცია მაქვს სამსახურში? ვცდილობ, რომ საუკეთესოდ და დროულად შევასრულო დავალებული საქმე? თუ ამ კითხვებზე დადებითად უპასუხებთ, დამსაქმებლის თვალშიც კარგი სახელი გექნებათ და თანამშრომლებსაც უფრო მეტად განაწყობთ სამეფოს ცნობის მოსასმენად. როცა საქმე ქადაგებასა და სწავლებას ეხება, დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: მიცნობენ ღვთის გულმოდგინე მსახურად? კარგად ვემზადები კარდაკარ მსახურებისთვის? დროულად ვაკეთებ განმეორებით მონახულებებს? რეგულარულად ვმონაწილეობ მსახურების სხვადასხვა სფეროში? თუ ამ კითხვებზე დადებითად უპასუხებთ, ღვთის საქმეში სიხარულს იგრძნობთ.
რა დამოკიდებულება გაქვთ დასვენების მიმართ?
16. ა) რა თვალსაზრისი ჰქონდათ იესოსა და მის მოციქულებს დასვენებაზე? ბ) რა თვალსაზრისი აქვს დღეს ბევრს ამ საკითხზე?
16 იესოს ესმოდა, რომ მას და მის მოციქულებს დროდადრო დასვენებაც სჭირდებოდათ. თუმცა მაშინაც და დღესაც ხალხის უმეტესობა იესოს იგავში მოხსენიებულ მდიდარ კაცს ჰგავს, რომელიც საკუთარ თავს ეუბნებოდა: „დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“ (ლუკ. 12:19; 2 ტიმ. 3:4). იგავში მოხსენიებული მამაკაცისგან განსხვავებით, რომელიც განცხრომასა და სიამოვნებას მიეცა, იესო და მისი მოციქულები ცხოვრების უმთავრეს მიზნად საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნვას არ მიიჩნევდნენ.
17. როგორ უნდა გამოვიყენოთ თავისუფალი დრო?
17 ჩვენ ვცდილობთ, იესოს მსგავსად თავისუფალი დრო მხოლოდ დასვენებისთვის კი არ გამოვიყენოთ, არამედ კარგი საქმეებისთვისაც, რაშიც ქადაგება და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება იგულისხმება. მოწაფეების მომზადება და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, რეგულარული მონაწილეობა მივიღოთ ამ ღვთისმოსაწონ საქმეებში (ებრ. 10:24, 25). მაშინაც კი, როცა დასასვენებლად ვართ წასული, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ ჩამოვრჩეთ სულიერ განრიგს, ანუ არ გავაცდინოთ კრების შეხვედრები და ხელიდან არ გავუშვათ ქადაგების შესაძლებლობა (2 ტიმ. 4:2).
18. რას მოელის იესო ქრისტე ჩვენგან?
18 რა მადლიერები ვართ, რომ გვყავს ბრძენი მეფე, რომელიც გვეხმარება, გაწონასწორებული შეხედულება გვქონდეს შრომასა და დასვენებაზე (ებრ. 4:15). მას სურს, რომ საკმარისად დავისვენოთ. ამავე დროს ის მოელის, რომ თავის სარჩენად გულმოდგინედ ვიშრომებთ და ჩავებმებით გამომაცოცხლებელ საქმეში, რასაც მოწაფეების მომზადება ჰქვია. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ გაგვათავისუფლა იესომ ცოდვის მონობისგან.
სიმღერა 38 ის გაგაძლიერებთ
a ბიბლია გვეხმარება, გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს შრომასა და დასვენებაზე. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ყოველკვირეულ შაბათზე, რომლის დაცვაც ისრაელებს მოეთხოვებოდათ. პრინციპი, რომელიც ამ დღეს ედო საფუძვლად, დაგვანახვებს, რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს შრომასა და დასვენებაზე.
b იესოს მოწაფეებისთვის შაბათის კანონის დაცვა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ დღეს სურნელოვანი მცენარეებისა და ნელსაცხებლების მომზადებაც კი შეწყვიტეს, რომელიც იესოს ცხედრისთვის უნდა ეცხოთ (ლუკ. 23:55, 56).
c სურათის აღწერა: შაბათ დღეს იოსებს ოჯახი სინაგოგაში მიჰყავს.
d სურათის აღწერა: მამა, რომელიც ოჯახის სარჩენად მუშაობს, თავისუფალ დროს თეოკრატიული საქმეებისთვის იყენებს. ის მაშინაც ასე იქცევა, როცა ოჯახთან ერთად ისვენებს.