„ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე“
ის მგოსანი, ხუროთმოძღვარი და მეფე გახლდათ; ნებისმიერ სხვა მიწიერ ხელისუფალზე მდიდარი იყო, რადგან მისი წლიური შემოსავალი 200 მილიონ დოლარს აღემატებოდა. ამ მამაკაცს თავისი სიბრძნითაც ჰქონდა სახელი განთქმული. მასთან სტუმრად მისულ დედოფალზე ყოველივე ამან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ შესძახა: „აჰა, თურმე ნახევარიც არ უთქვამთ ჩემთვის. უფრო მეტი სიბრძნე და დოვლათი გქონია, ვიდრე გამეგონა“ (მესამე მეფეთა 10:4—9). ასეთი მდგომარეობა ეკავა ძველი ისრაელის მეფე სოლომონს.
სოლომონი მდიდარიც იყო და ბრძენიც; ამიტომ მას ყველაზე უკეთ შეეძლო იმის განსაზღვრა, თუ ამ ორიდან რომელი იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი. მან დაწერა: „ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი — ხალას ოქროს. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას“ (იგავნი 3:13—15).
მაგრამ სად შეიძლება სიბრძნის პოვნა? რატომ არის ის სიმდიდრეზე ფასეული? რით არის ასეთი მიმზიდველი? სოლომონის მიერ დაწერილი ბიბლიის წიგნის „იგავნი სოლომონისა“ მე-8 თავი საინტერესოდ პასუხობს ამ კითხვებზე. მასში სიბრძნე ისეა გასულიერებული, რომ თითქოს ლაპარაკი და მოქმედება შეეძლოს. და თავად სიბრძნე გვიჩვენებს როგორც თავის მიმზიდველობას, ისე ფასეულობას.
‘ის ხმამაღლა მოუხმობს’
„იგავნის“ მე-8 თავი რიტორიკული კითხვით იწყება: „განა სიბრძნე არ მოუწოდებს? განა გონიერება არ გამოსცემს ხმას?“ a. დიახ, სიბრძნე და გონიერება მოუწოდებს, მაგრამ იმ უზნეო ქალისგან სრულიად განსხვავებულად, რომელიც ბნელ ადგილებშია ჩასაფრებული და მაცდურ სიტყვებს ჩასჩურჩულებს მარტო მყოფ და გამოუცდელ ყმაწვილს (იგავნი 7:12). «მაღალ მწვერვალებზე, გზასთან არის, გზათა შესაყარზე დგას იგი; კარიბჭეებთან, ქალაქის პირთან, ღია კარებში მღერის [„ხმამაღლა მოუხმობს“ აქ] იგი» (იგავნი 8:1—3). სიბრძნის ძლიერი და მკაფიო ხმა ხმამაღლა და გასაგებად ისმის საზოგადოებრივ ადგილებში — კარიბჭეებთან, გზათა შესაყარსა და ქალაქის შესასვლელებთან. ხალხს ადვილად შეუძლია გაიგონოს ეს ხმა და გამოეხმაუროს მას.
ვის შეუძლია უარყოს ის, რომ ღვთის ინსპირირებულ სიტყვაში, ბიბლიაში, ჩაწერილი ღვთიური სიბრძნის შეძენა შეუძლია დედამიწაზე მცხოვრებ თითქმის ყველა ადამიანს, ვისაც მისი მიღების სურვილი აქვს? „ბიბლია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნია, რომელსაც ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს“, — ნათქვამია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“. ის დასძენს: „სხვა ნებისმიერ წიგნთან შედარებით ბიბლიის უფრო მეტი ეგზემპლარია გავრცელებული. გარდა ამისა, ეს წიგნი უფრო მეტჯერ და უფრო მეტ ენაზე ითარგმნებოდა, ვიდრე რომელიმე სხვა წიგნი“. ბიბლია მთლიანად თუ ნაწილობრივ 2 100-ზე მეტ ენასა და დიალექტზეა ხელმისაწვდომი და ადამიანთა 90 პროცენტზე მეტს შეუძლია ღვთის სიტყვის რომელიმე ნაწილის წაკითხვა მაინც საკუთარ ენაზე.
იეჰოვას მოწმეები ყველგან საჯაროდ აცხადებენ ბიბლიურ ცნობას. 235 ქვეყანაში ისინი აქტიურად ქადაგებენ კეთილ ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ და ადამიანებს ღვთის სიტყვაში მოცემულ ჭეშმარიტებებს ასწავლიან. მათი ბიბლიაზე დაფუძნებული ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“, რომელიც 140 ენაზე ქვეყნდება, და „გამოიღვიძეთ!“, რომელიც 83 ენაზე იბეჭდება, 20 მილიონზე მეტი ტირაჟით გამოდის. უდავოა, რომ სიბრძნე საზოგადოებრივ ადგილებში ხმამაღლა მოუხმობს!
„ჩემი ხმა ადამის ძეთ მიმართავს“
გასულიერებული სიბრძნე საუბარს ამ სიტყვებით იწყებს: «თქვენ მოგიხმობთ, კაცნო ჩემი ხმა ადამის ძეთ მიმართავს. შეიგნეთ, ბრიყვებო [„გამოუცდელებო“, აქ], საზრიანობა, შეიგნეთ, სულელნო, გონიერება» (იგავნი 8:4, 5).
სიბრძნე ყველას მოუხმობს. ის მთელ კაცობრიობას იწვევს. გამოუცდელებსაც კი მოუწოდებს, რომ გახდნენ საზრიანნი ანუ კეთილგონიერნი, სულელნი კი — გონიერნი. მართლაც, იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ ბიბლია ყველასთვის განკუთვნილი წიგნია და ცდილობენ, მიუკერძოებლად წაახალისონ ყველა, მიმართონ ბიბლიას მასში მოცემული ბრძნული სიტყვების საპოვნელად.
„ჭეშმარიტებას გააცხადებს ჩემი ენა“
სიბრძნე, რომელიც განაგრძობს მოხმობას, დასძენს: „მისმინეთ, რადგან საგულისხმოს ვიტყვი. სიმართლის სათქმელად გაიხსნება ჩემი ბაგეები; ვინაიდან ჭეშმარიტებას გააცხადებს ჩემი ენა და სიბილწეა ჩემი ბაგეებისთვის უკეთურება. ჩემი პირის ყოველი სიტყვა მართალია და მზაკვრობა და ცბიერება არ არის მათში.“ დიახ, სიბრძნის სწავლებები საუკეთესო, სწორი, ჭეშმარიტი და სამართლიანია; და არავითარი მზაკვრობა და ცბიერება არ არის მათში. „ყოველი მათგანი სანდოა გამგებისთვის და ყველა სწორია ცოდნის მპოვნელთათვის“ (იგავნი 8:6—9).
სიბრძნე მართებულად მოგვიწოდებს: „მიიღეთ ჩემი შეგონება და არა ვერცხლი, ცოდნა მეტია ხალას ოქროზე.“ ეს მოწოდება გონივრულია, „რადგან სიბრძნე უკეთესია ძვირფას თვლებზე და ვერცერთი სანატრელი საგანი ვერ შეედრება მას“ (იგავნი 8:10, 11). მაგრამ რატომ? რით არის სიბრძნე სიმდიდრეზე ფასეული?
„ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია“
ძღვენი, რომლითაც სიბრძნე აჯილდოებს თავის მსმენელს, ოქროზე, ვერცხლსა თუ მარგალიტებზე ძვირფასია. იმის გადმოსაცემად, თუ რა შედის ამ ძღვენში, სიბრძნე ამბობს: „მე, სიბრძნე, დავანებული ვარ შეგნებაში და ფიქრების ცოდნა მოვიპოვე. უფლის მოშიშებას სძულს ბოროტება; მძულს მე ქედმაღლობა, ამპარტავნობა, ბოროტი გზა და ღალატიანი პირი“ (იგავნი 8:12, 13).
სიბრძნე თავის მფლობელს შეგნებას ანუ გამჭრიახობასა და გონიერებას ანიჭებს. ღვთიური სიბრძნის მქონე კაცი ღვთისმოშიშია, რადგან „უფლის შიში სიბრძნის სათავეა“ (იგავნი 9:10). ამიტომ მას სძულს ის, რაც იეჰოვას სძულს. ქედმაღლობა, ამპარტავნობა, უზნეობა და ღალატიანი პირი შორს არის მისგან. ცუდი საქმეებისადმი სიძულვილი ეხმარება მას იმაში, რომ ეგოისტურად არ გამოიყენოს თავისი ძალაუფლება. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანულ კრებაში მყოფმა პასუხისმგებელმა პირებმა და, ამავე დროს, ოჯახის თავებმა ეძებონ სიბრძნე!
„ჩემია თათბირი და საღი აზრი, — განაგრძობს სიბრძნე. — მე ვარ გონიერება, ჩემია ძალა; ჩემით მეფობენ მეფენი და ჩემით აწესებენ სამართალს მთავარნი; ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი — ქვეყნის ყველა მსაჯული“ (იგავნი 8:14—16). სიბრძნის ნაყოფია გამჭრიახობა, გონიერება და სიძლიერე — თვისებები, რომლებიც განსაკუთრებით მეფეებს, მთავრებსა და დიდებულებს ესაჭიროებათ. სიბრძნე აუცილებელია მათთვის, ვისაც საპასუხისმგებლო მდგომარეობა უკავია და ვინც რჩევა-დარიგებას აძლევს სხვებს.
ჭეშმარიტი სიბრძნე ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომია. მაგრამ ყველა ვერ პოულობს მას. ზოგი უარყოფს ან თავს არიდებს მას მაშინაც კი, როცა ის მათ თვალწინაა. „მიყვარს ჩემი მოყვარულნი, — ამბობს სიბრძნე. — და მიპოვნიან ჩემი მძებნელნი“ (იგავნი 8:17). სიბრძნე მხოლოდ მათთვის არის ხელმისაწვდომი, ვინც მთელი გულით ეძებს მას.
სიბრძნის გზები სწორი და სამართლიანია. ის აჯილდოებს თავის მძებნელებს. სიბრძნე ამბობს: „ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე. ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან. სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით დავიარები. რათა დავამდიდრო ჩემი მოყვარულნი და ავუვსო საგანძურები“ (იგავნი 8:18—21).
ისეთ ღირსებებთან და შესანიშნავ თვისებებთან ერთად, როგორიცაა კეთილგონიერება, გონიერება, თავმდაბლობა, გამჭრიახობა, საღი აზრი და გაგების უნარი, სიბრძნის ძღვენში სიმდიდრე და პატივიც შედის. ბრძენ ადამიანს შეუძლია პატიოსანი გზებით შეიძინოს სიმდიდრე და სულიერად წარმატებული იყოს (3 იოანე 2). სიბრძნეს აგრეთვე პატივი მოაქვს ადამიანისთვის. უფრო მეტიც, ის თავისი შენაძენით კმაყოფილებას, სულის სიმშვიდეს გრძნობს და სუფთა სინდისი აქვს ღვთის წინაშე. დიახ, ბედნიერია ის კაცი, რომელმაც სიბრძნე პოვა. სიბრძნის ნაყოფები, მართლაც რომ, ბაჯაღლო ოქროსა და რჩეულ ვერცხლზე უკეთესია.
რა დროულია ეს რჩევა ჩვენთვის, რადგან მატერიალიზმში ჩაფლულ წუთისოფელში ვცხოვრობთ, სადაც, რა ფასადაც უნდა დაუჯდეთ და რა საშუალების გამოყენებაც უნდა მოუწიოთ, უმთავრესია სიმდიდრის მოპოვება! მოდი ნურასდროს გამოგვრჩება მხედველობიდან ის, თუ რამდენად ძვირფასია სიბრძნე და ნურასდროს მივმართავთ უპატიოსნო გზებს სიმდიდრის მოსაპოვებლად. დაე არასდროს უგულებელვყოთ სწორედ ის ღონისძიებები, რომელთა საშუალებითაც ვბრძენდებით — ქრისტიანული შეხვედრები, ბიბლიისა და ‘ერთგული და გონიერი მონის’ მიერ მოწოდებული პუბლიკაციების პირადი შესწავლა — მხოლოდ იმიტომ, რომ სიმდიდრე მოვიპოვოთ (მათე 24:45—47).
„უკუნითიდან დამადგინა“
„იგავნის“ მე-8 თავში სიბრძნე მხოლოდ იმიტომ კი არ არის გასულიერებული, რომ აბსტრაქტული თვისების დამახასიათებელი თავისებურებები აღგვიწეროს, არამედ იმიტომაც, რომ სიმბოლურად იეჰოვას ყველაზე მნიშვნელოვან ქმნილებაზე მიგვანიშნოს. სიბრძნე განაგრძობს: „უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან. როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო; მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი“ (იგავნი 8:22—26).
რა ზუსტად შეესაბამება ზემოთ აღწერილი გაპიროვნებული სიბრძნე იმას, რაც საღვთო წერილში ‘სიტყვის’ შესახებ არის ნათქვამი. „თავდაპირველად იყო სიტყვა, — დაწერა მოციქულმა იოანემ. — და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი“ (იოანე 1:1). გაპიროვნებული სიბრძნე სიმბოლურად განკაცებამდელ ღვთის ძეს, იესო ქრისტეს, წარმოადგენსb.
იესო ქრისტე არის „პირმშო ყოველი ქმნილებისა, ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი“ (კოლასელთა 1:15, 16). „როდესაც იგი [იეჰოვა] ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, — განაგრძობს გაპიროვნებული სიბრძნე. — როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა, როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა, როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა, მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი, ვლაღობდი სამყაროში მის მიწაზე და ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული“ (იგავნი 8:27—31). იეჰოვას პირმშო, რომელიც მამის გვერდით იყო, აქტიურად მოღვაწეობდა მასთან, ცისა და დედამიწის უბადლო შემოქმედთან, ერთად. როდესაც იეჰოვა ღმერთმა პირველი ადამიანი შექმნა, მისი ძე, როგორც ოსტატი, მასთან ერთად ქმნიდა (დაბადება 1:26). გასაკვირი არ არის, რომ ღვთის ძე ძალიან არის დაინტერესებული კაცობრიობით და უყვარს კიდეც ის.
„ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს“
ღვთის ძე, როგორც გაპიროვნებული სიბრძნე, ამბობს: „ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ! მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ. ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს. ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან მადლს მოიხვეჭს. ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს მოძულეს, სიკვდილი უყვარს“ (იგავნი 8:32—36).
იესო ქრისტე ღვთის სიბრძნის სრულყოფილი განსახიერებაა. მასში „დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი“ (კოლასელთა 2:3). მოდი მთელი გულისყურით ვუსმინოთ მის ხმას და საგულდაგულოდ მივყვეთ მის ნაბიჯებს (1 პეტრე 2:21). მისი უარყოფა საკუთარი თავის დაზარალებისა და სიკვდილის შეყვარების ტოლფასია, რადგან „სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა“ (საქმეები 4:12). მოდი მივიღოთ იესო იმ პიროვნებად, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა ჩვენს ხსნაზე იზრუნა (მათე 20:28; იოანე 3:16). ამგვარად, ჩვენ ‘სიცოცხლეს ვპოვებთ და უფლის მადლს მოვიხვეჭთ’ — ეს კი ბედნიერებას მოგვიტანს.
[სქოლიოები]
a „სიბრძნედ“ თარგმნილი ებრაული სიტყვა მდედრობითი სქესისაა. ამიტომ ზოგი მთარგმნელი სიბრძნის მოხსენიებისას მდედრობითი სქესის ნაცვალსახელს იყენებს.
b თუმცა „სიბრძნედ“ თარგმნილი ებრაული სიტყვა ყოველთვის მდედრობითი სქესისაა, არასწორი არ იქნებოდა მისი გამოყენება ღვთის ძის წარმოსადგენად. გამოთქმაში „ღმერთი სიყვარულია“ გამოყენებული ბერძნული სიტყვა „სიყვარულიც“ მდედრობითი სქესისაა (1 იოანე 4:8). მაგრამ ის გამოიყენება ღმერთთან მიმართებაში.
[სურათები 26 გვერდზე]
სიბრძნე აუცილებელია მათთვის, ვისაც საპასუხისმგებლო მდგომარეობა უკავია.
[სურათები 27 გვერდზე]
ნუ უგულებელყოფთ იმ ღონისძიებებს, რომელთა საშუალებითაც ბრძენდებით.