‘სიბრძნით გამრავლდება შენი დღენი’
ვის შეუძლია უარყოს, რომ სიბრძნე მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისას? ცოდნის შეძენისა და მისი ჯეროვნად გამოყენების უნარს ნამდვილი სიბრძნე გვაძლევს. მას საერთო არაფერი აქვს უგუნურებასა და სიბრიყვესთან. საღვთო წერილი მოგვიწოდებს, შევიძინოთ სიბრძნე (იგავნი 4:7). ფაქტობრივად, ბიბლიური წიგნი „იგავნი სოლომონისა“, უპირველეს ყოვლისა, დაწერილია სიბრძნისა და შეგონების მისაღებად. იგი იწყება შემდეგი სიტყვებით: „იგავები სოლომონისა, დავითის ძისა, იერუსალიმის მეფისა. სიბრძნისა და შეგონების გასაგებად“ (იგავნი 1:1, 2).
განვიხილოთ „იგავნის“ პირველ რამდენიმე თავში მოცემული ბრძნული სწავლებები. როგორც მოსიყვარულე მამა სთხოვს შვილს, ისე სოლომონი ემუდარება მკითხველს, მიიღოს შეგონება და ყურად იღოს სიბრძნე (1-ლი და მე-2 თავები); ის გვიხსნის, როგორ განვავითაროთ იეჰოვასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა და როგორ დავიცვათ ჩვენი გული (მე-3 და მე-4 თავები); შეგვაგონებს, შევინარჩუნოთ მორალური სიწმინდე (მე-5 და მე-6 თავები); ფასდაუდებელია უზნეო ადამიანის მოქმედების მეთოდების მამხილებელი თვალსაჩინო მაგალითი (მე-7 თავი). რა შესანიშნავი იქნებოდა, ყველას რომ თხოვნით მიემართა გაპიროვნებული სიბრძნისთვის! (მე-8 თავი). ცალკეული იგავების განხილვამდე, მეფე სოლომონმა მე-9 თავში მოკლედ წარმოადგინა ის, თუ შემდგომ რა გამამხნევებელ საკითხებზე იმსჯელებდა.
‘მოდით, ჭამეთ ჩემი პური და სვით ჩემი ღვინო’
„იგავნის“ მეცხრე თავში მოცემული დასკვნა არ არის მხოლოდ პირველ ცხრა თავში მოხსენიებული რჩევების უბრალო შეჯამება. ის წარმოგვიდგენს ამაღელვებელ და შთამბეჭდავ ილუსტრაციას, რომელიც აღძრავს მკითხველს, სიბრძნეს მისდიოს.
ბიბლიური წიგნის „იგავნი სოლომონისა“ მე-9 თავი იწყება შემდეგი სიტყვებით: „სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა“ (იგავნი 9:1). ტერმინი „შვიდი ბოძი“, ერთი სწავლულის აზრით, „აღნიშნავს ეზოში აშენებულ საცხოვრებელ სახლს, რომლის ჭერიც ეყრდნობა ერთმანეთის საპირისპირო გვერდებზე განლაგებულ სამ-სამ და მესამე გვერდის ცენტრში მდებარე ერთ ბოძს. მეოთხე გვერდი გახსნილია და შესასვლელად გამოიყენება“. ნებისმიერ შემთხვევაში, ნამდვილმა სიბრძნემ ააგო მყარი სახლი მრავალი სტუმრის მისაღებად.
ყველაფერი მზად არის ნადიმისთვის; ხორციც არის და ღვინოც. სიბრძნემ თავად იზრუნა საკვების მომზადებასა და სუფრის გაწყობაზე. „დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა“ (იგავნი 9:2). ჩვენი აზროვნებისთვის განკუთვნილი სულიერად განმანათლებელი საკვები, როგორც ჩანს, მხოლოდ ამ სიმბოლურ სუფრაზე მოიპოვება (ესაია 55:1, 2).
ვის ეპატიჟება ჭეშმარიტი სიბრძნე ნადიმზე? „გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა: მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ“ (იგავნი 9:3—6).
სიბრძნემ ქალწულები დააგზავნა ხალხის მოსაწვევად. ისინი წავიდნენ ხალხმრავალ ადგილებში, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეწვდინათ ხმა. მოწვეულია ყველა ‘ჭკუათხელი’, ანუ ის, ვისაც აკლია როგორც ცოდნა, ისე გამოცდილება (იგავნი 9:4). მათ სიცოცხლის აღთქმა იმედს უსახავს. ღვთის სიტყვა, წიგნის „იგავნი სოლომონისა“ ჩათვლით, შეიცავს სიბრძნეს და უდავოდ სასარგებლოა თითქმის ყველასთვის. დღეს, როგორც ჭეშმარიტი სიბრძნის მაცნეები, იეჰოვას მოწმეები, ყველგან, სადაც კი შეხვდებიან ადამიანებს, ბიბლიის შესასწავლად იწვევენ. ამ შემეცნების შეძენით, სინამდვილეში, მარადიული სიცოცხლის მიღებაა შესაძლებელი (იოანე 17:3).
ქრისტიანებს სიბრძნისგან დარიგების მორჩილად მიღება მართებთ. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ახალგაზრდებისთვის და მათთვის, ვინც არც ისე დიდი ხნის წინათ დაიწყო იეჰოვას შესახებ შემეცნების მიღება. ღვთის გზებზე სიარულის ნაკლები გამოცდილების გამო ისინი შეიძლება ‘ჭკუათხელები’ გახდნენ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათი აღძვრა ცუდია, მაგრამ დროსა და მოწადინებას მოითხოვს გულის ისე განწყობა, რომ ნამდვილად ღვთის მოსაწონები გახდნენ. ამისათვის საჭიროა ჩვენი აზრების, სურვილების, მიდრეკილებებისა და მიზნების ღვთის ნებასთან შეთანხმება. რამდენად მნიშვნელოვანია, ‘ვინატროთ სულიერი სუფთა რძე’ (1 პეტრე 2:2).
ნუთუ თითოეული ჩვენთაგანი არ უნდა გავცდეთ ‘სიტყვის საწყისებს’? ცხადია, ჩვენ ყველას გვმართებს ‘ღვთის სიღრმეებისადმი’ ინტერესისა და მაგარი საჭმლით კვების ჩვევის განვითარება, რათა მოწიფულები გავხდეთ (ებრაელთა 5:12—6:1; 1 კორინთელთა 2:10). „ერთგული და გონიერი მონა“, რომელსაც უშუალოდ იესო ქრისტე ხელმძღვანელობს, გულმოდგინედ აწვდის ყველას დროულ სულიერ საზრდოს (მათე 24:45—47). მოდი ვიკვებოთ სიბრძნის სუფრიდან ღვთის სიტყვისა და მასზე დაფუძნებული, მონის კლასის მიერ მოწოდებული, პუბლიკაციების გულმოდგინე შესწავლით.
«ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს [„დამცინავს“, აქ]»
სიბრძნის სწავლება მოიცავს აგრეთვე გამოსწორებას და მხილებას. ყველას არ მოსწონს სიბრძნის ასეთი თავისებურება. ამიტომ წიგნის „იგავნი სოლომონისა“ პირველი ნაწილის დასკვნაში მოცემულია გაფრთხილება: „ღვთისგმობელის [დამცინავის, აქ] დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი — შეურაცხყოფას; ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს [დამცინავს, აქ], თორემ შეგიძულებს“ (იგავნი 9:7, 8ა).
დამცინავი იგროვებს გულისწყრომას და უარყოფს დახმარებას მისგან, ვისაც შეუძლია მისი გზის გასწორება. ბოროტი არ აფასებს მხილებას. რა უგუნურებაა, ეცადო, ღვთის სიტყვაში მოცემული ბრწყინვალე ჭეშმარიტება ასწავლო ამ ჭეშმარიტების მოძულეს ან დამცინავს! როდესაც მოციქული პავლე ანტიოქიაში ქადაგებდა, ის წააწყდა იმ იუდეველებს, რომელთაც არ უყვარდათ ჭეშმარიტება. ისინი მკრეხელურად ეწინააღმდეგებოდნენ პავლეს და ამგვარად ცდილობდნენ მის ჩაბმას კამათში. მაგრამ პავლემ უბრალოდ განაცხადა: „პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და თქვენ თვითონვე საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ“ (საქმეები 13:45, 46).
როდესაც სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გულწრფელ ადამიანებამდე მიწვდენას ვცდილობთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ ჩავებათ დაუსრულებელ დებატებში და არ ვიკამათოთ დამცინავებთან. ქრისტე იესომ დაარიგა თავისი მოწაფეები: „სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: მშვიდობა ამ სახლს. თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. ხოლო ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ, სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფერხთაგან“ (მათე 10:12—14).
დამცინავისგან განსხვავებით, ბრძენი მხილებაზე სხვანაირად რეაგირებს. სოლომონი ამბობს: „ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს; მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება“ (იგავნი 9:8ბ, 9ა). ბრძენმა იცის, რომ „ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომში სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა“ (ებრაელთა 12:11). მიუხედავად იმისა, რომ რჩევა შეიძლება მტკივნეულად მივიღოთ, რატომ უნდა მივუზღათ სამაგიერო ან თავი ვიმართლოთ, თუ მისი მიღებით უფრო დავბრძენდებით?
„ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს“, — განაგრძობს ბრძენი მეფე (იგავნი 9:9ბ). არავინ არის ისეთი ბრძენი, რომ სწავლა არ სჭირდებოდეს, ან ისეთი მოხუცი, რომ სწავლა ვერ შესძლოს. რაოდენ სასიხარულოა, როცა ხედავ, რომ ხანდაზმულებიც კი იღებენ ჭეშმარიტებას და თავს უძღვნიან იეჰოვას! მოდი არც ჩვენ დავიშუროთ ძალ-ღონე, რათა განვაგრძოთ სწავლა და აქტიური გონება გვქონდეს.
„მოგემატება სიცოცხლის წლები“
სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად სოლომონმა სიბრძნის მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაც მოიხსენია. ის წერს: „უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება“ (იგავნი 9:10). ჩვენ ვერ შევიძენთ ღვთიურ სიბრძნეს, თუ არ გვექნება მოკრძალებული შიში ჭეშმარიტი ღვთის მიმართ. შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს საკმაო შემეცნება, მაგრამ, თუ მას აკლია იეჰოვას მიმართ შიში, ვერ გამოიყენებს ამ შემეცნებას შემოქმედისთვის პატივის მისაგებად. მან შეიძლება ნაცნობი ფაქტებიდან არასწორი დასკვნები გააკეთოს და ამით მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდეს. გარდა ამისა, წმიდათაწმიდა იეჰოვას შესახებ შემეცნება გონიერების საწინდარია, რაც ასე დამახასიათებელია სიბრძნისთვის.
რა ნაყოფი მოაქვს სიბრძნეს? (იგავნი 8:12—21, 35). ისრაელის მეფე ამბობს: „რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები“ (იგავნი 9:11). სიცოცხლის დღეთა და წელთა სიმრავლე სიბრძნესთან ურთიერთობის შედეგია. დიახ, ‘სიბრძნე დაიფარავს კაცს’ (ეკლესიასტე 7:12).
სიბრძნის შესაძენად ძალისხმევა ჩვენი პირადი პასუხისმგებლობაა. სოლომონმა ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია: „თუ ბრძენი ხარ, შენთვის ხარ ბრძენი, თუ ღვთისმგმობელი ხარ, შენვე აგებ პასუხს“ (იგავნი 9:12). ბრძენი მიიღებს სარგებლობას სიბრძნისგან, დამცინავი კი თავად აგებს პასუხს თავის უბედურებაზე. ნამდვილად, რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით. დაე ‘გვქონდეს ყური სიბრძნისაკენ მიპყრობილი’ (იგავნი 2:2).
„სულელი ქალი მყვირალაა“
ამის საპირისპიროდ სოლომონმა თქვა: „სულელი ქალი მყვირალაა, ბრიყვი და არაფრის მცოდნე; თავისი სახლის კართან ტახტზე ზის, ქალაქის მაღლობზე, რათა მოიწვიოს სწორი გზით მოარულნი; ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს!“ (იგავნი 9:13—16ა).
სულელი ქალი აღწერილია, როგორც ხმაურიანი, თავშეუკავებელი და უვიცი ადამიანი. მანაც ააგო სახლი და მიზნად დაისახა, თავისთან მიიწვიოს ყველა გამოუცდელი. გამვლელებს არჩევნის საშუალება აქვთ. სიბრძნის მოწვევას მიიღებენ ისინი თუ უმეცრების?
„ტკბილია მოპარული წყალი“
სიბრძნეცა და უმეცრებაც იწვევენ მსმენელებს, ‘აქეთ მობრუნდითო’. მიუხედავად ამისა, მათი მოწვევები განსხვავდება ერთმანეთისგან. სიბრძნე ხალხს პატიჟებს ნადიმზე ღვინით, ხორცითა და პურით გასამასპინძლებლად. უმეცრება კი უზნეოთა გზებზე სასიარულოდ გვიწვევს. სოლომონი ამბობს: „ჭკუათხელს იგი ეუბნება: ტკბილია მოპარული წყალი, გემრიელია გადამალული პური“ (იგავნი 9:16ბ, 17).
„სულელი ქალი“, განზავებული ღვინის მაგივრად, ხალხს მოპარულ წყალს სთავაზობს (იგავნი 9:13). საღვთო წერილში საყვარელ ცოლთან სქესობრივი ურთიერთობით მიღებული სიამოვნება გამაგრილებელი წყლის სმათან არის შედარებული (იგავნი 5:15—17). მოპარული წყალი ფარულ სქესობრივ ურთიერთობაზე მიანიშნებს. ასეთი წყალი ტკბილი აღმოჩნდა, ღვინოზე უკეთესი, იმიტომ რომ მოპარული და სხვებისგან დაფარულია. ფარული პურის ჭამა უფრო მიმზიდველი ჩანს, ვიდრე სიბრძნის პური და ღვინო, იმიტომ რომ მას უპატიოსნოდ იღებენ. ყოველივე აკრძალულის საიდუმლო და მიმზიდველ რამედ მიჩნევა უგუნურების ნიშანია.
მაშინ როცა სიბრძნის მოწვევაში სიცოცხლის აღთქმა შედის, სულელი ქალი არ მიუთითებს თავისი გზებით სიარულის შედეგებზე. მაგრამ სოლომონი გვაფრთხილებს: „არ კი იცის, რომ იქ აჩრდილნი არიან, რომ მისი წვეულნი შავეთის უფსკრულებში იმყოფებიან“ (იგავნი 9:18). „სულელი ქალის სახლი სინამდვილეში ღრმა სამარეა“, — აღნიშნავს ერთი სწავლული. „იქ შესვლა სიცოცხლის ფასად დაგიჯდება“. უზნეო ცხოვრება არ არის ბრძნული; მისი ბოლო სიკვდილია.
იესო ქრისტემ თქვა: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). დაე ყოველთვის ვსაზრდოობდეთ სიბრძნის სუფრიდან და ვიყოთ მათ შორის, რომლებიც სიცოცხლის გზით დადიან.
[სურათები 31 გვერდზე]
ბრძენი სიხარულით იღებს შენიშვნას.
[სურათები 31 გვერდზე]
სიბრძნის შეძენა ყველას პირადი პასუხისმგებლობაა.