გაითავისეთ ჭეშმარიტება?
„შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:2).
1, 2. რატომ არ არის დღეს ადვილი ჭეშმარიტ ქრისტიანად ყოფნა?
ამ უკანასკნელ დღეებში, ‘საზარელ ჟამში’, ქრისტიანად ყოფნა ადვილი არ არის (2 ტიმოთე 3:1). ფაქტია, ადამიანმა, ქრისტეს მაგალითს რომ მიჰყვეს, უნდა სძლიოს წუთისოფელს (1 იოანე 5:4). გაიხსენეთ, რა თქვა იესომ ქრისტიანული გზის შესახებ: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას“. მან აგრეთვე თქვა: „თუ ვინმეს უნდა გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს“ (მათე 7:13, 14; ლუკა 9:23).
2 სიცოცხლისკენ მიმავალი ვიწრო გზის პოვნის შემდეგ ქრისტიანის წინაშე შემდეგი რთული ამოცანა დგება, — ამ გზაზე დარჩენა. რატომ არის ეს რთული? იმიტომ რომ ღვთისადმი მიძღვნა და მონათვლა სატანის მზაკვრული საქმეების ანუ ხრიკების სამიზნედ გვხდის (ეფესელთა 6:11; იხილეთ აგრეთვე იგივე მუხლი სსგ-ში). ის ამჩნევს ჩვენს სისუსტეებს და ჩვენი სულიერობის გასანადგურებლად მათ გამოყენებას ცდილობს. ბოლოს და ბოლოს, ის იესოს შეცდენას ცდილობდა და განა ჩვენ დაგვტოვებს ისე? (მათე 4:1—11).
სატანის მზაკვრული ტაქტიკა
3. როგორ ჩათესა ევას გონებაში ეჭვი სატანამ?
3 ერთ-ერთი ხრიკი, რომელსაც სატანა მიმართავს, გონებაში ეჭვების თესლის ჩათესვაა. ის ჩვენს სულიერ საჭურველში სუსტ ადგილებს ეძებს. მან იმთავითვე ეს ტაქტიკა გამოიყენა ევას მიმართ, როდესაც ჰკითხა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?“ (დაბადება 3:1). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სატანა ამბობდა: განა მართლა აგიკრძალავდათ ღმერთი ამას? განა ასეთ კარგ რამეს დაგიჭერდათ? ღმერთმა ხომ იცის, რომ იმ დღესვე აგეხილებათ თვალები, რა დღესაც შეჭამთ ამ ხის ნაყოფს, და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი გახდებით! სატანამ ეჭვის თესლი ჩათესა და მის გაღივებას დაელოდა (დაბადება 3:5).
4. რაში შეიძლება დაეჭვდეს დღეს ზოგი?
4 როგორ იყენებს სატანა დღეს ამ ტაქტიკას? თუ უგულებელვყოფთ ბიბლიის შესწავლას, პირად შესწავლას, ლოცვას, ქრისტიანულ მსახურებასა და შეხვედრებს, შეიძლება სხვებმა ძალიან ადვილად ჩათესონ ჩვენში ეჭვები. მაგალითად, საიდან ვიცით, რომ ეს ის ჭეშმარიტებაა, რომელსაც იესო ასწავლიდა? დღეს ნამდვილად უკანასკნელი დღეებია? ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ უკვე XXI საუკუნეში ვცხოვრობთ. არის არმაგედონი ძალიან ახლოს თუ ის ჯერ კიდევ შორსაა? თუ ასეთი ეჭვები გაგვიჩნდება, როგორ შეგვიძლია მათი მოშორება?
5, 6. რა უნდა გავაკეთოთ თუ ეჭვები გვიჩნდება?
5 იაკობმა პრაქტიკული რჩევა მოგვცა: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა. ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარის აღძრულსა და მიმოტაცებულს. ნურც ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღვთისაგან მიიღებს რამეს. ორჭოფი კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე“ (იაკობი 1:5—8).
6 მაშ, რა უნდა ვქნათ? ლოცვაში ‘ღმერთს ვთხოვოთ’, რომ რწმენა და გაგება მოგვცეს და ხელი შეგვიწყოს ნებისმიერ საკითხსა თუ ეჭვთან დაკავშირებით პირადი შესწავლის ჩატარებაში. შეგვიძლია დახმარებისთვის რწმენით ძლიერებს მივმართოთ და არასოდეს შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ იეჰოვა გაგვიწევს საჭირო დახმარებას. იაკობმა აგრეთვე თქვა: „დაემორჩილეთ ღმერთს, წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“. დიახ, ჩვენი ეჭვები გაიფანტება, თუ ღმერთს შესწავლისა და ლოცვის საშუალებით მივუახლოვდებით (იაკობი 4:7, 8).
7, 8. რომელი ძირითადი კრიტერიუმით შეგვიძლია ამოვიცნოთ ის თაყვანისმცემლობა, რომლის შესახებაც იესო ასწავლიდა, და ვინ შეესაბამება ამ კრიტერიუმს?
7 ავიღოთ მაგალითად, კითხვა: საიდან ვიცით, რომ ჩვენი თაყვანისმცემლობა სწორედ ის არის, რომლის შესახებაც იესო ასწავლიდა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად რომელ კრიტერიუმს უნდა მივმართოთ? ბიბლია აღნიშნავს, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ (იოანე 13:34, 35). მათ უნდა წმინდაჰყონ ღვთის სახელი, იეჰოვა (ესაია 12:4, 5; მათე 6:9); და აუწყონ ხალხს ეს სახელი (გამოსვლა 3:15; იოანე 17:26).
8 ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის კიდევ ერთი თავისებურება ღვთის სიტყვისადმი, ბიბლიისადმი, პატივისცემაა. ეს არის უნიკალური წიგნი, რომელიც ღვთის პიროვნებასა და მის განზრახვებს გვაცნობს (იოანე 17:17; 2 ტიმოთე 3:16, 17). გარდა ამისა, ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებენ და აუწყებენ ხალხს, რომ ის არის დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებასთან დაკავშირებით კაცობრიობის ერთადერთი იმედი (მარკოზი 13:10; გამოცხადება 21:1—4). ისინი არ ერევიან ამ წუთისოფლის გახრწნილ პოლიტიკაში და არ მისდევენ ამ წუთისოფლის გახრწნილ ცხოვრების წესს (იოანე 15:19; იაკობი 1:27; 4:4). ვინ შეესაბამება დღეს ამ კრიტერიუმს? ფაქტები ცხადყოფს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი პასუხი — იეჰოვას მოწმეები.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ ეჭვები არ გვტოვებს
9, 10. რის გაკეთება შეგვიძლია იმ ეჭვების გასაფანტავად, რომლებიც არა და რა გვშორდება?
9 რა შეიძლება ითქვას იმასთან დაკავშირებით, როდესაც ეჭვები გვიპყრობს? რა უნდა ვქნათ ამ დროს? ამ კითხვაზე ბრძენი მეფე სოლომონი გვპასუხობს: „შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე, ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ გეწეოდეს, რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისშემეცნებას“ (იგავნი 2:1—5).
10 განა ეს საოცარი აზრი არ არის? თუ მოვიწადინებთ და მთელი გულმოდგინებით მოვეკიდებით ღვთის სიბრძნეს, ‘მოვიპოვებთ ღვთის შემეცნებას’. დიახ, ჩვენთვის ხელმისაწვდომია სამყაროს უზენაესი უფლის შესახებ შემეცნება, თუ მზად ვართ მისი სიტყვების მისაღებად და ამ სიტყვების განძივით დასაფასებლად. ამისათვის კი ლოცვის საშუალებით იეჰოვასთვის მიმართვა და პირადი შესწავლაა საჭირო. მის სიტყვაში დაუნჯებულ განძს ნებისმიერი ეჭვის გაფანტვა და ჭეშმარიტების შუქის დანახვაში დახმარების გაწევა შეუძლია.
11. როგორ შეიპყრო ელისეს მსახური ეჭვმა?
11 იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ დაეხმარა დაშინებულ და ეჭვით შეპყრობილ ღვთის მსახურს ლოცვა, მეოთხე მეფეთა 6:11—18-შია მოცემული. ელისეს მსახურს სულიერი ხედვა აკლდა. ის ვერ ხვდებოდა, რომ სირიელთა ჯარის მიერ ალყაში მოქცეული ღვთის წინასწარმეტყველის დასახმარებლად იქ ზეციერი მხედრობა იყო მისული. შეშინებულმა მსახურმა შესძახა: „ვაი, ბატონო, რა გვეშველება?“ რა უპასუხა ელისემ? „ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ“. მაგრამ როგორ უნდა დარწმუნებულიყო ამაში მსახური? ის ხომ ვერ ხედავდა ზეციერ მხედრობას.
12. ა) რამ გაუქრო მსახურს ეჭვი? ბ) როგორ შეგვიძლია ჩვენი ნებისმიერი ეჭვის გაფანტვა?
12 ელისემ ლოცვა დაიწყო: „უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს. აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით“. ამ შემთხვევაში იეჰოვამ ელისეს მსახურს წინასწარმეტყველის დასაცავად მისული ზეციერი მხედრობა დაანახვა. მაგრამ ჩვენ არ უნდა მოველოდეთ, რომ ღმერთი დღეს ასეთსავე დახმარებას გაგვიწევს. გაიხსენეთ, რომ წინასწარმეტყველის მსახურს არ ჰქონდა მთელი ბიბლია სასწავლად და რწმენის განსამტკიცებლად. ჩვენ კი გვაქვს ეს წიგნი, და თუ მას კარგად გამოვიყენებთ, ჩვენი რწმენაც მსგავსადვე განმტკიცდება. მაგალითად, შეიძლება ვიფიქროთ იმ რამდენიმე ცნობაზე, რომლებშიც თავის ზეციერ ეზოებში მყოფი იეჰოვაა აღწერილი. ეს კი გაგვიფანტავს ყოველგვარ ეჭვს და მტკიცედ დაგვარწმუნებს, რომ იეჰოვას ზეციერი ორგანიზაცია აქვს და ეს ორგანიზაცია დღეს ღვთის მსახურებს მთელ დედამიწაზე საგანმანათლებლო საქმიანობის შესრულებაში ეხმარება (ესაია 6:1—4; ეზეკიელი 1:4—28; დანიელი 7:9, 10; გამოცხადება 4:1—11; 14:6, 7).
მოერიდეთ სატანის ხრიკებს!
13. რა საშუალებებით ცდილობს სატანა, მოგვასუსტოს და ჭეშმარიტების გზიდან გადაგვიყვანოს?
13 კიდევ სხვა რომელ ხერხებს მიმართავს სატანა ჩვენი სულიერობის მოსასუსტებლად და ჭეშმარიტების გზიდან გადასაყვანად? ერთ-ერთი მათგანი უზნეობაა, მისი ყოველგვარი გამოვლინებით. სექსზე გაგიჟებულ დღევანდელ წუთისოფელში სასიყვარულო კავშირები (ორგულობის ევფემიზმი) ან ერთი ღამის სიყვარული (შემთხვევით შემხვედრთან მრუშობა) ყოველდღიური ყოფის ნაწილი გახდა ჰედონიზმის მიმდევარი თაობისთვის, რომელიც სიამოვნების მისაღებად მზად არის ყველაფერზე წავიდეს. კინოფილმები, სატელევიზიო გადაცემები და ვიდეოფილმები ხელს უწყობს მსგავსი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, განსაკუთრებით კი ინტერნეტი, გაჟღენთილია პორნოგრაფიით. ცნობისმოყვარეობას აყოლილი ადამიანები ადვილად შეიძლება ცდუნდნენ (1 თესალონიკელთა 4:3—5; იაკობი 1:13—15).
14. რატომ გახდა ზოგი ქრისტიანი სატანის ხრიკების მსხვერპლი?
14 ზოგი ქრისტიანი ცნობისმოყვარეობამ იქამდე მიიყვანა, რომ გონება და გული სხვადასხვაგვარი პორნოგრაფიის ყურებით წაიბილწა. მათ დაუშვეს, რომ სატანის მიერ მიმზიდველად დაგებულ მახეში გაბმულიყვნენ. მსგავს მოქმედებას ხშირად სულიერი გემის მსხვრევა მოჰყოლია. ასეთი ადამიანები „ბოროტისათვის. . . ბალღებად“ არ დარჩნენ. ისინი არ გახდნენ ‘გონებით სრულწლოვანნი’ (1 კორინთელთა 14:20). ყოველწლიურად ათასები იმკიან ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპებისა და ნორმების დაუცველობის მწარე შედეგებს. მათ უგულებელყვეს ‘ღვთის სრული საჭურვლით’ შემოსვა და ამ სამოსის შენარჩუნება (ეფესელთა 6:10—13; კოლასელთა 3:5—10; 1 ტიმოთე 1:18, 19).
ჩვენს განკარგულებაში არსებული საგანძური
15. რატომ არის ზოგისთვის ძნელი თავისი სულიერი მემკვიდრეობის დაფასება?
15 „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“, — თქვა იესომ (იოანე 8:32). მოწმეთა უმეტესობას ძველი ცხოვრების წესის მიტოვება და ყოფილ თანამორწმუნეებთან ურთიერთობის გაწყვეტა მოუწია. ამიტომ ისინი უფრო ადვილად და უფრო მეტად აფასებენ ჭეშმარიტების მიერ მოტანილ თავისუფლებას. მეორე მხრივ, ზოგ ისეთ ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდისთვის, სადაც მშობლები ჭეშმარიტებაში არიან, ძნელია თავისი სულიერი მემკვიდრეობის დაფასება. ისინი არასოდეს ყოფილან ცრუ რელიგიის ან ამ წუთისოფლის ნაწილი, რომელიც სიამოვნების ძიებაზე, ნარკოტიკების გამოყენებასა და უზნეობაზე ამახვილებს ყურადღებას. შედეგად, მათ შეიძლება ვერ დაინახონ აშკარა კონტრასტი, რომელიც ჩვენს სულიერ სამოთხესა და სატანის გახრწნილ წუთისოფელს შორის არსებობს. ზოგი შეიძლება დანებდეს ცდუნებას და იგემოს წუთისოფლის შხამი, რომელიც შორიდან მიმზიდველად ეჩვენება (1 იოანე 2:15—17; გამოცხადება 18:1—5).
16. ა) რომელი კითხვების დასმა შეგვიძლია საკუთარი თავისთვის? ბ) რას ვსწავლობთ და რისკენ მოგვიწოდებენ?
16 განა აუცილებელია თითები დავიწვათ იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რა არის ტკივილი და ტანჯვა? განა არ შეგვიძლია სხვების გამოცდილებიდან ვისწავლოთ? ნუთუ ამ წუთისოფლის „ტალახში საგორაოდ“ უნდა მივბრუნდეთ, რომ დავინახოთ, გვკლებია თუ არა რამე? (2 პეტრე 2:20—22). პეტრემ პირველ საუკუნეში მცხოვრებ იმ ქრისტიანებს, რომლებიც ადრე სატანის წუთისოფლის ნაწილი იყვნენ, შეახსენა: „თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში იქცეოდით წარმართთა ნებისამებრ, რაკი ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში და საძაგელ კერპთაყვანისმცემლობაში“. ფაქტია, იმის დასანახავად, თუ რამდენად გახრწნილი შეიძლება იყოს ცხოვრება, სულაც არ არის აუცილებელი ამ წუთისოფლის ‘უზომო გარყვნილებაში’ ჩაფლობა (1 პეტრე 4:3, 4). პირიქით, სამეფო დარბაზებში, რომლებიც ბიბლიური განათლების ცენტრებია, იეჰოვას მაღალზნეობრივ ნორმებს ვსწავლობთ. იქ გონიერების გამოყენებისკენ მოგვიწოდებენ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჭეშმარიტებას ვფლობთ, და ამგვარად ჭეშმარიტება გავითავისოთ (იესო ნავეს ძე 1:8; რომაელთა 12:1, 2, სსგ; 2 ტიმოთე 3:14—17).
ჩვენი სახელი ჩვენთვის მხოლოდ ეტიკეტი როდია
17. როგორ შეგვიძლია იეჰოვას ეფექტური მოწმეები ვიყოთ?
17 თუ ჭეშმარიტებას გავითავისებთ, ნებისმიერ შესაფერის სიტუაციაში მისი სხვებისათვის გაზიარებას შევეცდებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მის მიღებას დავაძალებთ მათ, ვინც არავითარ ინტერესს არ ავლენს (მათე 7:6). სინამდვილეში, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სხვებისთვის საკუთარი თავის იეჰოვას მოწმედ წარდგენის და, თუ ადამიანი ოდნავ მაინც ავლენს ინტერესს იმით, რომ გულწრფელად სვამს კითხვებს ან ბიბლიურ პუბლიკაციებს იღებს, მზად ვიქნებით მათთვის ჩვენი იმედის გასაზიარებლად. რასაკვირველია, ამისათვის საჭიროა, ყოველთვის გვქონდეს თან რაიმე ლიტერატურა იმისდა მიუხედავად, თუ სად ვიმყოფებით: სახლში, სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ სადმე დასასვენებლად (1 პეტრე 3:15).
18. როგორ შეიძლება სხვებისთვის საკუთარი თავის ქრისტიანად წარდგენამ დადებითად იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე?
18 როდესაც საკუთარ თავს სხვების წინაშე წარვადგენთ ქრისტიანებად, სატანის მზაკვრული შემოტევებისგან დაცვასაც ვიძლიერებთ. თუ ვინმე დაბადების დღეს ან შობის დღესასწაულს აღნიშნავს, ან სამსახურში ლატარიას ითამაშებს, ჩვენი თანამშრომლები იტყვიან: „მაგასთან ლაპარაკი არ ღირს. ეგ იეჰოვას მოწმეა“. ამავე მიზეზის გამო სხვები ჩვენი თანდასწრებით უწმაწურ ხუმრობასაც მოერიდებიან. ამგვარად, სხვებისთვის საკუთარი თავის ქრისტიანად გაცნობა დადებითად იმოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე; ამაზე მიუთითებდა მოციქული პეტრეც: „ცუდს ვინ გაგიკეთებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით? მაგრამ ნეტარნი ხართ თქვენ, რომ იტანჯოთ კიდეც სიმართლისათვის“ (1 პეტრე 3:13, 14).
19. საიდან ვიცით, რომ უკანასკნელი დღეების მიწურულს ვცხოვრობთ?
19 კიდევ ერთი სარგებლობა, რომელიც ჭეშმარიტების გათავისებას მოაქვს, იმაში დარწმუნებაა, რომ ნამდვილად ამ სისტემის უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. თუ ჭეშმარიტებას გავითავისებთ, გვეცოდინება, რომ ბიბლიის მრავალი წინასწარმეტყველება თავის კულმინაციას ჩვენს დღეებში აღწევსa. პავლეს გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ „უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება“, საკმაოდ კარგად დადასტურდა იმ საშინელი მოვლენებით, რომლებიც გასულ საუკუნეში მოხდა (2 ტიმოთე 3:1—5; მარკოზი 13:3—37). არც ისე დიდი ხნის წინათ XX საუკუნესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული საგაზეთო სტატიის სათაური იყო „ის ჩვენს მეხსიერებაში ბარბაროსობის ხანად დარჩება“. სტატია აღნიშნავდა: „1999 წელი ყველაზე მეტი მკვლელობით გამოირჩეოდა ყველაზე მეტი მკვლელობით გამორჩეული საუკუნის მეორე ნახევარში“.
20. რის კეთების დროა ახლა?
20 ახლა არ არის მერყეობის დრო. იეჰოვას კურთხევა აშკარად ჩანს იმ უდიდესი ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობიდან, რომლის მსგავსიც ადრე არასოდეს ყოფილა და რომელიც მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად მიმდინარეობს (მათე 24:14). გაითავისეთ და სხვებსაც გაუზიარეთ ჭეშმარიტება. თქვენი მარადიული მომავალი თქვენს დღევანდელ მოქმედებაზეა დამოკიდებული. ის, ვინც ხელებს ჩამოყრის, იეჰოვას კურთხევებს ვერ მიიღებს (ლუკა 9:62). ნაცვლად ამისა, ახლა იმის დროა, რომ ‘ვიყოთ მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ ვიუხვოთ უფლის საქმეში, რადგან ვიცით, რომ ფუჭი არაა ჩვენი შრომა უფლის წინაშე’ (1 კორინთელთა 15:58).
[სქოლიოები]
a იხილეთ 2000 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 12—14. 13—18 აბზაცებში ის ექვსი საფუძვლიანი მტკიცებაა განხილული, რომლებიც ადასტურებენ, რომ 1914 წლიდან უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ.
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• როგორ შეგვიძლია ეჭვების გაფანტვა?
• რის სწავლა შეგვიძლია ელისეს მსახურის მაგალითიდან?
• უზნეობის ჩადენის რა ცდუნებებთან დაკავშირებით უნდა ვფხიზლობდეთ ყოველთვის?
• რატომ უნდა წარვუდგინოთ სხვებს საკუთარი თავი იეჰოვას მოწმედ?
[სურათები 10 გვერდზე]
ბიბლიის რეგულარულად შესწავლა და ლოცვა ეჭვების გაფანტვაში დაგვეხმარება.
[სურათი 11 გვერდზე]
ელისეს მსახურს ეჭვები ხილვამ გაუფანტა.
[სურათი 12 გვერდზე]
ბენინის აქ აღბეჭდილ სამეფო დარბაზში, ისევე როგორც სხვებში, იეჰოვას მაღალზნეობრივ ნორმებს ასწავლიან.