დაფიქრდით იმაზე, რაც იეჰოვამ თქვენთვის გააკეთა
იესოს აღდგომის შემდეგ მალევე მისი ორი მოწაფე იერუსალიმიდან ემაუსში წავიდა. ლუკას სახარებაში ვკითხულობთ: „როცა . . . ლაპარაკობდნენ და მსჯელობდნენ, იესო მივიდა მათთან და დაემგზავრა. მაგრამ თვალები დაბინდული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი“. შემდეგ იესომ ჰკითხა მათ: «„რაზე კამათობთ?“ ისინი დაღვრემილები შეჩერდნენ». რატომ იყვნენ მოწაფეები დაღვრემილები? ისინი ფიქრობდნენ, რომ იესო დაიხსნიდა ისრაელს უცხოტომელებისგან, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა, რადგან იესო მოკლეს (ლუკ. 24:15—21; საქ. 1:6).
იესომ მსჯელობა „მოსედან დაიწყო და ყველა წინასწარმეტყველის წიგნიდან განუმარტა მათ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი“. იესოს მსახურების პერიოდში მართლაც ბევრი მნიშვნელოვანი და რწმენის განმამტკიცებელი მოვლენა მოხდა! როცა მოწაფეები მას უსმენდნენ, გამხნევდნენ — მათი მწუხარება სიხარულმა შეცვალა. მოგვიანებით, იმავე საღამოს, მათ თქვეს: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა და წმინდა წერილებს გვიხსნიდა?“ (ლუკ. 24:27, 32). რისი სწავლა შეგვიძლია იესოს მოწაფეების რეაქციიდან?
როგორ ვრეაგირებთ, როცა ჩვენი მოლოდინი არ მართლდება?
ემაუსისკენ მიმავალი ორი მოწაფე დაღვრემილი იყო იმის გამო, რომ მათი მოლოდინი არ გამართლდა. მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს იგავების 13:12-ში ჩაწერილი სიტყვები: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“. მსგავსად ამისა, ზოგი ჩვენგანი შეიძლება ათეულობით წელია ვემსახურებით იეჰოვას და ვფიქრობთ, რომ „დიდი გასაჭირი“ უკვე კარგა ხანია უნდა დამდგარიყო (მათ. 24:21; გამოცხ. 7:14). ბუნებრივია, რომ ასეთმა ფიქრებმა დაგვანაღვლიანოს.
ზემოხსენებული ორი მოწაფე გამხნევდა და სიხარულისგან სახე გაუბრწყინდათ, როცა იესომ მათი ყურადღება იმ წინასწარმეტყველებებზე გადაიტანა, რომლებიც უკვე შესრულდა, და ასევე ის მოვლენებიც შეახსენა, რაც მისი დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში მოხდა. მსგავსად ამისა, ჩვენც უნდა შევინარჩუნოთ მსახურებაში სიხარული მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ მიზეზის გამო შეიძლება გული გაგვიტყდეს. ერთმა გამოცდილმა უხუცესმა ძმამ, მაიკლმა, თქვა: „იმაზე კი ნუ იფიქრებთ, რაც ჯერ იეჰოვას არ გაუკეთებია, არამედ იმაზე იფიქრეთ, რაც უკვე გააკეთა“. ამ ძმამ მართლაც შესანიშნავი რჩევა მოგვცა!
რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენთვის?
დავფიქრდეთ იმ განსაკუთრებულ სიკეთეზე, რაც იეჰოვამ გააკეთა ჩვენთვის. იესომ თქვა: „ვისაც მე ვწამვარ, ისიც გააკეთებს საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს“ (იოან. 14:12). დღეს ღვთის მსახურები ისეთ საქმეს ასრულებენ, რაც არასდროს გაუკეთებია არავის. შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი მოუთმენლად ელის დიდ გასაჭირს, როცა მათი ხსნის დღე დადგება. დაფიქრდით, თუ ყოფილა ოდესმე მთელ დედამიწაზე ამდენი ღვთის მსახური აქტიურად ჩაბმული ღვთის საქმეში?! იეჰოვამ შეასრულა თავისი წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც მისი მსახურები ‘მეტს გააკეთებდნენ, ვიდრე იესო აკეთებდა’.
კიდევ რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენთვის? მან გულწრფელ ადამიანებს შესაძლებლობა მისცა, ბოროტი ქვეყნიერება მიეტოვებინათ, და სულიერ სამოთხეში მიიღო ისინი (2 კორ. 12:1—4). ახლა დავფიქრდეთ ზოგ კურთხევაზე, რისი მიღებაც დღეს ამ სულიერ სამოთხეში შეგვიძლია. მაგალითად, თვალი შეავლეთ პირად ან სამეფო დარბაზის ბიბლიოთეკას. გადახედეთ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელს“ ან საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკას. მოუსმინეთ ბიბლიური დრამის ჩანაწერს. გაიხსენეთ წლევანდელ კონგრესზე დადგმული დრამის თითოეული ეპიზოდი და გონებაში წარმოიდგინეთ, რომ ისევ კონგრესზე ხართ და დრამის პერსონაჟებს ადევნებთ თვალს. აგრეთვე დაფიქრდით იმაზე, როგორ ვმხნევდებით და-ძმებთან ურთიერთობით. ჩვენ მართლაც სულიერ სამოთხეში ვცხოვრობთ — იეჰოვა, ჩვენი გულუხვი ღმერთი რეგულარულად გვამარაგებს სულიერი საზრდოთი და გვაკურთხებს მოსიყვარულე საძმოთი!
ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და შეასრულე ის, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული“ (ფსალმ. 40:5). თუ ვიფიქრებთ იმ საოცარ საქმეებზე, რაც იეჰოვამ უკვე გააკეთა ჩვენთვის, აგრეთვე შევიხსენებთ იმ აზრებს, რომლითაც იეჰოვა თავის სიყვარულში გვარწმუნებს, ძალა შეგვემატება და შევძლებთ ბოლომდე მოვითმინოთ და ერთგულად ვემსახუროთ ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას (მათ. 24:13).
[სურათი 31 გვერდზე]
იესო დაეხმარა თავის მოწაფეებს, დაფიქრებულიყვნენ იმაზე, რაც იეჰოვას უკვე გაკეთებული ჰქონდა მათთვის
[სურათები 32 გვერდზე]
გაიხსენეთ წლევანდელ კონგრესზე დადგმული დრამის თითოეული ეპიზოდი და გონებაში წარმოიდგინეთ, რომ ისევ კონგრესზე ხართ და დრამის პერსონაჟებს ადევნებთ თვალს