ახალგაზრდების შეკითხვები
რა ვქნა, რომ მშობლების სახელმა არ დამჩრდილოს?
«მამაჩემი უხუცესია. მას ყველა იცნობს იეჰოვას მოწმეთა კრებაში. მამას პატივს ვცემ, მაგრამ ზოგჯერ მწყინს, რომ ყველგან მხოლოდ „ბილის შვილს“ მეძახიან» (ლერი)a.
„იმის გამო, რომ მამა უხუცესია და მას კარგად იცნობენ, ვგრძნობდი, ყველა ბევრს მოელოდა ჩემგან. ძალიან მიჭირდა, ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ვარ“ (ალექსანდრე).
არაფერია უჩვეულო იმაში, თუ ზრდასთან ერთად გიჩნდება სურვილი, ფლობდე გარკვეულ დამოუკიდებლობას — შეგეძლოს საკუთარი სახელის, ანუ რეპუტაციის შექმნა. დაბადებისას მშობლებმა ის სახელი გიწოდეს, რომელიც თავად მოსწონდათ. ახლა კი, როცა უკვე წამოიზარდე, გსურს საკუთარი სახელი დაიმკვიდრო — ანუ საკუთარი რეპუტაცია შეიქმნა.
მეფე სოლომონი წერდა: „უკეთესია [კარგი] სახელი დიდ სიმდიდრეზე, ვერცხლსა და ოქროს კი წყალობა სჯობს“ (იგავები 22:1). ახალგაზრდობის წლებშიც კი შეიძლება გაგიჩნდეს საკუთარი „მე“-ს დამკვიდრების სურვილი.
მშობლების სახელის ჩრდილქვეშ
ლერისა და ალექსანდრეს მსგავსად, ზოგი ახალგაზრდა თვლის, რომ მშობლების სახელითა თუ მიღწევებით იჩრდილებიან. შესაძლოა, მათი მშობლები გამოირჩევიან საზოგადოებაში თავიანთი პროფესიისა თუ განათლების გამო, ან მათ კარგად იცნობენ ქრისტიანულ კრებაში. თუ ასეთი მშობლები გყავს, ზოგჯერ შეიძლება გრძნობდე, რომ ყურადღების ცენტრში ხარ მოქცეული და რასაც უნდა აკეთებდე, სხვები ყველაფერს კრიტიკული თვალით გიმოწმებენ. შესაძლოა, არ გსიამოვნებს ის, რომ ვალდებული ხარ განსაკუთრებულად მოიქცე მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლების რეპუტაცია არ შელახო.
მაგალითად, აივენის მამა უხუცესად მსახურობს იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ კრებაში. აივენი ამბობს: „მამაჩემს ყველა იცნობს და პატივს სცემს, რის გამოც ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სამაგალითო უნდა ვყოფილიყავი სკოლაშიც და სახლშიც. ვხედავდი, რომ სხვა ბავშვების მშობლები მისაბაძ მაგალითად მთვლიდნენ და თავიანთ შვილებსაც იგივე მოთხოვნებს უყენებდნენ. მართალია, ეს სასიამოვნო იყო, თუმცა დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდი, რადგან იძულებული ვიყავი, სხვების თანდასწრებით ყოველთვის სამაგალითოდ მოვქცეულიყავი. შედეგად, ზოგჯერ არც ისე მოკრძალებულად ვიქცეოდი და საკუთარ ნაკლოვან მხარეებს ვერ ვამჩნევდი“. ალექსანდრე ამბობს: „ვგრძნობდი, რომ განუწყვეტლივ მაკვირდებოდნენ და თუ რამე შეცდომა მომივიდოდა, ყოველთვის მზად იყვნენ ჩემს გასაკრიტიკებლად“.
ლერი, რომლის სიტყვებიც დასაწყისში იყო მოყვანილი, თავისი გვარის დამალვით ცდილობდა საყოველთაო ყურადღებისგან გათავისუფლებას. ის ამბობს: «როდესაც წვეულებებზე ახალ ადამიანებს ვეცნობოდი, ვეუბნებოდი: „გამარჯობათ, მე მქვია ლერი“. აქ ვჩერდებოდი და გვარს აღარ ვამბობდი. თუ შესაძლებლობა მეძლეოდა, ხელმოწერის დროსაც კი მხოლოდ სახელს ვწერდი. მეშინოდა, რომ ხალხს სხვა თვალით არ შემოეხედა ჩემთვის, თუ გაიგებდნენ, ვისი შვილი ვიყავი. მინდოდა, რომ თანატოლების თვალში ჩვეულებრივი ადამიანი ვყოფილიყავი».
ცხადია, სრულიად ბუნებრივია, თუ ქრისტიანი უხუცესის ან თანაშემწის შვილი ხარ და ამის გამო სხვები ბევრს მოელიან შენგან. სხვა თუ არაფერი, ასეთი დავალების მქონე მამაკაცები ‘შვილებისა და თავისი სახლის კარგი განმგებლები’ უნდა იყვნენ (1 ტიმოთე 3:5, 12). ამიტომაც ნუ გაიკვირვებ, თუ ხალხი შენგან სამაგალითო ქცევას მოელის! განა ეს ცუდია? ცხადია არა, თუ დაფიქრდები იმაზე, რომ ახალგაზრდა ქრისტიანი ტიმოთე, ალბათ, ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც პავლემ ამოარჩია თავისთან ერთად სამოგზაუროდ და უმნიშვნელოვანეს საქმეში მონაწილეობის მისაღებად (1 თესალონიკელთა 3:1—3). ამიტომ, უხუცესის შვილი ხარ თუ არა, უნდა ეცადო, სამაგალითო იყო.
პროტესტის გამოხატვას კარგი არაფერი მოაქვს
და მაინც, თავიანთი მშობლების სახელით რომ არ „დაიჩრდილონ“, ზოგი ახალგაზრდა პროტესტს გამოხატავს. აივენი იხსენებს: „დროდადრო ვღიზიანდებოდი იმის გამო, რომ სამაგალითო უნდა ვყოფილიყავი. პროტესტს გამოვხატავდი იმით, რომ თმას იქამდე ვიზრდიდი, სანამ შენიშვნას არ მომცემდნენ“.
დავით მეფის ერთ-ერთმა ვაჟმა, აბესალომმა, მოჯანყე სული გამოავლინა. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მამამისი იეჰოვას ერთგული კაცი იყო და უყვარდათ ისრაელში. აბესალომისგან, როგორც დავითის ვაჟისგან, ბევრი მოითხოვებოდა. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ თავისი ცხოვრება ამ გონივრული მოთხოვნილებებისთვის შეესაბამებინა, აბესალომმა არჩია, საკუთარი სახელი მამის წინააღმდეგ გალაშქრებით მოეპოვებინა. და რადგან დავითი იეჰოვას ცხებული იყო, აბესალომი, სინამდვილეში, იეჰოვას წინააღმდეგ წავიდა. მისმა მოქმედებებმა ოჯახი შეარცხვინა და თავად მას უბედურება დაატეხა (2 მეფეთა 15:1—15; 16:20—22; 18:9—15).
პროტესტის გამოხატვამ შეიძლება შენც ცუდი შედეგები მოგიტანოს. აი, რას მოგვითხრობს ბიბლია ნეემიას შესახებ. მისი მტრებიდან ზოგი ცდილობდა, უღვთო საქციელის ჩადენისკენ წაექეზებინა ის. რატომ? „ამით ისინი სახელს გამიტეხდნენ და ჩემს დასაცინად გამოიყენებდნენ“, — თქვა ნეემიამ (ნეემია 6:13). პროტესტის გამოხატვით შეიძლება ცუდი სახელი შეიქმნა, ცუდ სახელს კი ადვილად არ ივიწყებენ.
არც ის უნდა გამოგრჩეს მხედველობიდან, თუ როგორ იმოქმედებს სხვებზე შენი საქციელი. სხვა თუ არაფერი, საკუთარ მშობლებს ზედმეტ ტკივილს მიაყენებ (იგავები 10:1). სხვა ახალგაზრდებზეც შეიძლება უარყოფითად იმოქმედო. აივენი აღიარებს: „ჩემმა საქციელმა ცუდი გავლენა იქონია ჩემს ძმაზე. გარკვეული დროის მანძილზე მან სრულიად მიატოვა ქრისტიანული კრება და აკეთებდა ყველაფერს, რაც ბიბლიურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. საბედნიეროდ, ის გონს მოეგო, კვლავ ემსახურება იეჰოვას და ბედნიერია“.
უკეთესი გზა
აბესალომის ნახევარძმამ, სოლომონმა კი, სულ სხვა გზა აირჩია. მას სურდა თავისი მამისგან, დავითისგან, თავმდაბლურად ესწავლა (3 მეფეთა 2:1—4). ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი სახელის მოხვეჭაზე ეზრუნა, სოლომონმა მოისურვა, ღვთის წინაშე მოეპოვებინა კარგი სახელი. ვიდრე ის ასე იქცეოდა, პატივი მოუტანა ოჯახს და ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეფის სახელიც დაიმკვიდრა (3 მეფეთა 3:4—14).
სოლომონის კარგი მაგალითი ხაზს უსვამს ორ მნიშვნელოვან ფაქტს; პირველი: საკუთარი რეპუტაცია უნდა შეიქმნა არა ოჯახისგან განცალკევებით, არამედ შენი ოჯახის ძლიერი მხარეების გათავისებით. ჟურნალ „ედოლესენსში“ ნათქვამია: «სიყმაწვილე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს იმ დროდ, როდესაც საკუთარი „მე“-ს დამკვიდრების მიზნით შვილები მშობლებისგან განცალკევებას ცდილობენ». ჟურნალში აგრეთვე ნათქვამია, რომ „მშობლები სულაც არ უშლიან ხელს“ შვილებს საკუთარი სახელის შექმნაში, პირიქით „ეხმარებიან კიდეც ამაში“.
საინტერესოა, რომ თვითონ სოლომონი მოგვიწოდებს: „უსმინე შენს მამას, მან გშობა შენ და აბუჩად ნუ აიგდებ შენს დედას, როდესაც მოხუცდება იგი“ (იგავები 23:22). აშკარაა, რომ ამ სიტყვებს სოლომონი ბავშვების მისამართით არ წერდა, რადგან იმ დროისთვის, როცა მშობლები ‘მოხუცდებიან’, შვილები უკვე მოზრდილები იქნებიან. მაშ, რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან? მოწიფულ ასაკშიც კი, როცა უკვე საკუთარი ოჯახი გყავს, შეგიძლია კვლავაც ისარგებლო მშობლების ცოდნითა და სიბრძნით. აივენი მიხვდა ამას. ის ამბობს: „როცა წამოვიზარდე, ვცდილობდი მესარგებლა ჩემი მშობლების გამოცდილებით და მათი შეცდომები არ გამემეორებინა“.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ სოლომონი არა საკუთარი „მე“-ს დამკვიდრებას ცდილობდა, არამედ სურდა, ესიამოვნებინა იეჰოვასთვის. მისგან, როგორც დავითის ძისგან, მართლაც რომ ბევრი მოითხოვებოდა, მაგრამ იეჰოვასადმი მინდობამ შეაძლებინა მას, თავი გაერთვა ამ პასუხისმგებლობისთვის. ალექსანდრესაც მსგავსი თვალსაზრისი განუვითარდა. ის ამბობს: „ახლა უკვე შევეგუე იმას, რომ უხუცესის შვილებისგან, როგორც წესი, უფრო მეტი მოითხოვება. გადავწყვიტე, ამაზე დადებითი თვალსაზრისი ვიქონიო, რაც, თავის მხრივ, მიცავს კიდეც. მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ იეჰოვა რას ფიქრობს ჩემზე. მან იცის, რა პიროვნება ვარ და არა მხოლოდ ის, თუ ვისი შვილი ვარ“.
დარინმაც, რომლის მამამაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“b დაამთავრა (სკოლა, რომელიც მისიონერებს ამზადებს), სწორი დამოკიდებულება განივითარა იმისადმი, რომ ბევრისთვის ცნობილი მშობლების შვილია. ის ამბობს: „როდესაც მოვინათლე, თავი მივუძღვენი იეჰოვას, და არა სხვა ვინმეს. ვცხოვრობ მიძღვნის თანახმად და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო. შედეგად, შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობ, რაც მომდინარეობს იმის ცოდნისგან, რომ იეჰოვას მოვწონვარ, მიუხედავად იმისა, შემიძლია თუ არა გავაკეთო ის, რაც ჩემს მშობლებს აქვთ გაკეთებული“.
მეფე სოლომონმა შემდეგი დაკვირვება მოახდინა: „თვისი საქციელის მიხედვითაც იცნობა ყმაწვილი, თუ სუფთაა ან თუ სამართლიანია მისი საქმე“ (იგავები 20:11). საბოლოოდ, შენი სიტყვებითა და საქმეებით დაგიმახსოვრებს ხალხი. იყავი სამაგალითო „ლაპარაკში, საქციელში, სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში“. თუ ასეთი იქნები, ყველა შეგიყვარებს და პატივს გცემს! (1 ტიმოთე 4:12, აქ).
არიან აგრეთვე ახალგაზრდები, რომლებიც გრძნობენ, რომ თავიანთი და-ძმების სახელით იჩრდილებიან. მომდევნო სტატიაში განიხილება, თუ როგორ შეიძლება ამ სირთულესთან გამკლავება.
[სქოლიოები]
a ზოგი სახელი შეცვლილია.
b სკოლა „გალაადს“ იეჰოვას მოწმეები ხელმძღვანელობენ.
[ჩანართი 26 გვერდზე]
პროტესტის გამოხატვით მშობლებს მხოლოდ ტკივილს მიაყენებ და რეპუტაციას შეილახავ.
[სურათი 26 გვერდზე]
შენი კარგი მაგალითი სხვებზე დადებითად იმოქმედებს.