სწავლა ჯილდოვდება
გინახავს, როგორ არჩევს ხალხი ხილს? უმრავლესობა ფერითა და ზომით ამოწმებს სიმწიფეს. ზოგი სუნს აქცევს ყურადღებას. სხვები თითებით სინჯავენ ნაყოფს. ზოგი კი ორივე ხელში იჭერს თითო-თითო ნაყოფს და სიმძიმით ხვდება, რომელია უფრო წვნიანი. რაზე ფიქრობს ხალხი ხილის შერჩევისას? ისინი მხედველობაში იღებენ ბევრ რამეს, იხსენებენ, როგორი ხილი უნახავთ ადრე და რით განსხვავდება ამჟამად ნანახი მანამდე ნანახისგან. მათი მონდომება დაჯილდოვდება — თავიანთი გულმოდგინების წყალობით გემრიელ ნაყოფს ამოარჩევენ.
ცხადია, ღვთის სიტყვის შესწავლას ბევრად დიდი ჯილდო მოაქვს. როდესაც შესწავლას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში, რწმენა გვიმტკიცდება, სიყვარული გვიძლიერდება, უკეთესად ვმსახურობთ და გადაწყვეტილებების მიღებისას აშკარა ხდება, რომ გამჭრიახობითა და ღვთიური სიბრძნით ვმოქმედებთ. ასეთი ჯილდოს შესახებ იგავების 3:15-ში ნათქვამია: „ვერ შეედრება ვერაფერი, რაც სიამოვნებას განიჭებს“. შენც განიცდი მსგავს კურთხევას? ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ სწავლობ (კოლ. 1:9, 10).
რა არის შესწავლა? შესწავლა მხოლოდ ზედაპირული კითხვა როდია. მასში გონების დაძაბვა და საკითხის საფუძვლიანად განხილვა იგულისხმება. ამ დროს აანალიზებ წაკითხულს; ადარებ იმას, რაც უკვე იცი და განსაზღვრავ, რის საფუძველზეა გამოტანილი ესა თუ ის დასკვნა. შესწავლისას ღრმად დაუფიქრდი თითოეულ აზრს, რომელიც ახალი იქნება შენთვის. იმაზეც დაფიქრდი, თუ როგორ შეძლებდი პირად ცხოვრებაში ბიბლიის რჩევების საუკეთესოდ გამოყენებას. როგორც იეჰოვას მოწმეს, იმის გაანალიზებაც დაგჭირდება, თუ როგორ გამოიყენებ ამ მასალას სხვების დასახმარებლად. მაშასადამე, შესწავლაში წაკითხულზე დაფიქრებაც იგულისხმება.
სათანადო მიდგომა
შესწავლამდე, ჩვეულებრივ, ამზადებ ყველაფერს, რაც დაგჭირდება — ბიბლიას, საჭირო პუბლიკაციას, ფანქარს ან კალამს და, შესაძლოა, რვეულსაც ჩანაწერებისთვის. მაგრამ ამზადებ გულს? ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ეზრამ გული განაწყო იეჰოვას კანონში რჩევის საძებნელად, მის შესასრულებლად და ისრაელში წესისა და სამართლის სასწავლებლად“ (ეზრ. 7:10). როგორ შეგვიძლია გულის სწორად განწყობა?
ლოცვა გვეხმარება, სათანადოდ მივუდგეთ ღვთის სიტყვის შესწავლას. საჭიროა გულით, შინაგანად ვიყოთ განწყობილი იეჰოვას მითითებების მისაღებად. ყოველი შესწავლის დაწყებამდე სთხოვე იეჰოვას, დაგეხმაროს წმინდა სულით (ლუკ. 11:13). სთხოვე მას, დაგეხმაროს, რომ ჩასწვდე შესასწავლი მასალის მნიშვნელობას; დაინახო, როგორ უკავშირდება ის მის განზრახვას; განსაზღვრო, როგორ დაგეხმარება მასალა კარგისა და ცუდის გარჩევაში, რა გავლენა უნდა მოახდინოს ნასწავლმა იეჰოვასთან შენს ურთიერთობაზე და როგორ უნდა გამოიყენო ღვთის სიტყვის პრინციპები პირად ცხოვრებაში (იგავ. 9:10). შესწავლისას სიბრძნე სთხოვე ღმერთს (იაკ. 1:5). თუ გსურს, რომ იეჰოვა დაგეხმაროს არასწორი აზრებისა და სურვილებისგან გათავისუფლებაში, გულწრფელად შეაფასე საკუთარი თავი შესწავლილის საფუძველზე. ყოველთვის „უპასუხე იეჰოვას სამადლობელი“ სიტყვებით იმისათვის, რასაც მისი დახმარებით სწავლობ (ფსალმ. 147:7). შესწავლის ლოცვით დაწყება გვეხმარება მისი სიტყვების გათვალისწინებაში. ეს კი, თავის მხრივ, გვაახლოებს იეჰოვასთან (ფსალმ. 145:18).
ასეთი დამოკიდებულება განასხვავებს იეჰოვას ხალხს სხვებისგან. ბევრი, ვინც არაა ღვთის ერთგული, ხშირად ეჭვქვეშ აყენებს და სადავოს ხდის ბიბლიაში მოცემულ ინფორმაციას. ჩვენი დამოკიდებულება კი განსხვავებულია. ჩვენ ვენდობით იეჰოვას (იგავ. 3:5—7). თუ რაღაცას ვერ ვიგებთ, თავდაჯერებულად არ ვასკვნით, რომ შეცდომა ვიპოვეთ. პასუხის მისაღებად ვაგრძელებთ კვლევას და მოთმინებით ველოდებით იეჰოვას (მიქ. 7:7). ეზრას მსგავსად, ჩვენც გვსურს, რომ ცხოვრებაში გამოვიყენოთ და სხვებსაც ვასწავლოთ ის, რასაც ვსწავლობთ. თუ ასეთი განწყობა გვექნება, შესწავლა ნამდვილად დიდ ჯილდოს მოგვიტანს.
შესწავლის პროცესი
ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ დაიწყო შესწავლა პირველი აბზაციდან და ბოლოში გახვიდე, ჯერ თვალი გადაავლე მთელ სტატიას ან თავს შესასწავლ პუბლიკაციაში. დაფიქრდი სათაურზე. სათაური თემას დაგანახვებს. შემდეგ დააკვირდი, როგორ უკავშირდება თემას ქვესათაურები. დააკვირდი ილუსტრაციებს, სქემებს ან ჩარჩოებს, რომლებიც შეიძლება ტექსტს ახლდეს. დაფიქრდი: „რას ვისწავლი ამ მასალიდან? რატომ იქნება ეს ჩემთვის სასარგებლო?“ ეს სწორ მიმართულებას მისცემს შენს შესწავლას.
ახლა შეგიძლია შესწავლაზე გადახვიდე. „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები და, აგრეთვე, ზოგი წიგნი კითხვებიანია. კარგი იქნება, თუ თითოეული აბზაცის წაკითხვის შემდეგ გახაზავ პასუხებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესასწავლ მასალას კითხვები არ ახლავს, შეგიძლია მონიშნო ძირითადი აზრები, რომელთა დამახსოვრებაც გინდა. თუ რაიმე აზრი ახალია შენთვის, ცოტა მეტი დრო გამოყავი კარგად გასაგებად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე იმ მაგალითებსა და მსჯელობის ლოგიკას, რომლებიც შეიძლება სამქადაგებლო მსახურებისას ან დავალების მომზადებისას გამოგადგეს. მხედველობაში გყავდეს კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც რწმენას განუმტკიცებდი ნასწავლის გაზიარებით. მოინიშნე აზრები, რომლებსაც გამოიყენებდი და შესწავლის ბოლოს გაიმეორე.
მასალის განხილვისას ბიბლიაში მოძებნე მითითებული მუხლები. დააკვირდი, როგორ უკავშირდება თითოეული მუხლი აბზაცს.
შეიძლება შეხვდე ძნელად გასაგებ საკითხებს ან ისეთ აზრებს, რომელთაც უფრო საფუძვლიანად გამოიკვლევდი. სხვა მიმართულებით რომ არ წაგიყვანოს, ჩაინიშნე ეს საკითხები და მოგვიანებით გამოიკვლიე. ხშირად გაუგებარ აზრებს ნათელი ეფინება, როდესაც მასალას ბოლომდე ჩაიკითხავ. თუ რაღაც მაინც გაუგებარი დაგრჩა, შეგიძლია უფრო ღრმად გამოიკვლიო. რა საკითხები შეიძლება მოითხოვდეს ასეთ ყურადღებას? შეიძლება მოყვანილია მუხლი, რომელიც კარგად არ გესმის ან ვერ ხვდები, როგორ უკავშირდება ის თემას. შეიძლება შენთვის გასაგებია რომელიმე კონკრეტული საკითხი, მაგრამ ხვდები, რომ ვერ შეძლებ სხვისთვის ახსნას. ნუ დატოვებ ასეთ საკითხებს უყურადღებოდ. კარგი იქნებოდა შესწავლის შემდეგ მათი გულდასმით გამოკვლევა.
როდესაც პავლე მოციქულმა წერილი მისწერა და დაწვრილებით გადასცა სათქმელი ებრაელ ქრისტიანებს, შუა წერილში შეახსენა მათ: „ამ მსჯელობის არსი კი ეს არის . . .“ (ებრ. 8:1). ახსენებ შენც დროდადრო საკუთარ თავს ამას? ვნახოთ, რატომ მოიქცა პავლე ასე. ღვთის შთაგონებით დაწერილი ამ წერილის წინა თავებში მას უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ ქრისტე, ღვთის დიდებული მღვდელმთავარი, უკვე ამაღლებული იყო ზეცად (ებრ. 4:14—5:10; 6:20). მაგრამ მე-8 თავის დასაწყისში ამ მთავარი აზრის გამოკვეთითა და ხაზგასმით, პავლემ მკითხველებს უბიძგა, სერიოზულად დაფიქრებულიყვნენ, რა კავშირი ჰქონდა ამას მათთან. მან აღნიშნა, რომ ქრისტე მათთვის წარდგა ღვთის წინაშე და გზა გახსნა, რათა ისინიც შესულიყვნენ ზეციერ „წმიდა ადგილას“ (ებრ. 9:24; 10:19—22). უტყუარი იმედი დაეხმარებოდა მათ, გამოეყენებინათ ამ წერილის შემდეგ ნაწილში მიცემული რჩევები რწმენის, მოთმინებისა და ქრისტიანული ქცევის შესახებ. მსგავსად ამისა, თუ შესწავლისას მთავარ აზრებზე გავამახვილებთ ყურადღებას, უკეთ აღვიქვამთ, როგორ ვითარდება თემა და დავინახავთ, რატომ არის გონივრული წაკითხული მასალის პირად ცხოვრებაში გამოყენება.
აღგძრავს პირადი შესწავლა მოქმედებისკენ? ეს საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია. შესწავლისას დაფიქრდი: „როგორ უნდა იმოქმედოს ამ მასალამ ჩემს განწყობასა და მიზნებზე? როგორ შემიძლია ამ ინფორმაციის გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად, გადაწყვეტილების მისაღებად ან მიზნის მისაღწევად? როგორ გამოვიყენებ ოჯახში, სამქადაგებლო მსახურებასა და კრებაში?“ ილოცე ამ საკითხებზე და დაფიქრდი, რა სიტუაციებში გამოგადგება მიღებული ცოდნა.
თითოეული თავის ან სტატიის შესწავლის შემდეგ დრო გამოყავი გასამეორებლად. შეამოწმე, თუ შეგიძლია მთავარი აზრებისა და მათი მხარდამჭერი არგუმენტების გახსენება. ამგვარად დაიმახსოვრებ ინფორმაციას, რომელიც მომავალში გამოგადგება.
შესასწავლი მასალა
იეჰოვას ხალხს მრავალი რამ გვაქვს შესასწავლი. საიდან დავიწყოთ? კარგი იქნება, ყოველდღე წავიკითხოთ დღიური მუხლი და კომენტარი „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვიდან“. აგრეთვე დიდ სარგებლობას მოგვიტანს კრების ყოველკვირეული შეხვედრებისთვის მომზადება. გარდა ამისა, გონივრულია ისიც, რასაც ზოგი ქრისტიანი აკეთებს — ისინი სწავლობენ იმ პუბლიკაციებს, რომლებიც მანამდე გამოიცა, ვიდრე ჭეშმარიტებას გაიგებდნენ. ზოგი კი რომელიმე მონაკვეთს ირჩევს ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან და საფუძვლიანად იკვლევს.
რა უნდა გააკეთო, თუ შესაძლებლობა არა გაქვს, საფუძვლიანად შეისწავლო კრების ყოველკვირეულ შეხვედრებზე განსახილველი მთელი მასალა? მოერიდე მოვალეობის მოხდის მიზნით მასალის სწრაფად გადაკითხვას. არც ის არის კარგი, რომ არაფერი წაიკითხო მხოლოდ იმის გამო, რომ ყველაფრის წაკითხვას ვერ ახერხებ. განსაზღვრე, რამდენის შესწავლა შეგიძლია და შემდეგ ის შეისწავლე საფუძვლიანად. ასე მოიქეცი ყოველკვირეულად. თანდათანობით უფრო მეტის შესწავლასა და კრების სხვა შეხვედრებისთვის მომზადებასაც შეეცადე.
„აღაშენე შენი ოჯახი“
იეჰოვას ესმის, რომ ოჯახისთავმა ბევრი უნდა იშრომოს ოჯახის სარჩენად. „შეასრულე შენი საქმე გარეთ“, — ნათქვამია იგავების 24:27-ში. მაგრამ არც ოჯახის სულიერი მოთხოვნილებები უნდა იყოს დავიწყებული. ამიტომ მუხლის მეორე ნაწილში ნათქვამია: „შემდეგ კი აღაშენე შენი ოჯახი“. როგორ უნდა შეძლოს ეს ოჯახისთავმა? იგავების 24:3-ში ნათქვამია: „გამჭრიახობით განმტკიცდება იგი [ოჯახი]“.
როგორ დაეხმარება გამჭრიახობა შენი ოჯახის წევრებს? გამჭრიახობა ღრმად წვდომის უნარია. შეიძლება ითქვას, რომ კარგი ოჯახური შესწავლა თავად ოჯახის შესწავლით იწყება. როგორ იზრდებიან სულიერად შენი ოჯახის წევრები? ყურადღებით მოუსმინე მათ. უკმაყოფილების სულს ხომ არ ავლენენ და ადვილად ხომ არ ნაწყენდებიან? მეტისმეტად ხომ არ არიან მატერიალურით დაინტერესებული? როცა სამქადაგებლო მსახურებაში ხართ, უხერხულად ხომ არ გრძნობენ შენი შვილები თავს თანატოლებთან იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმეები არიან? უყვართ თუ არა ოჯახთან ერთად ბიბლიის კითხვა და შესწავლა? ნამდვილად არის იეჰოვას გზა მათი ცხოვრების გზა? დაკვირვება დაგანახვებს, თუ შენ, როგორც ოჯახისთავმა, რა უნდა გააკეთო ოჯახის თითოეული წევრის სულიერობის განსამტკიცებლად.
ჟურნალებიდან „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ შეარჩიე სტატიები ოჯახისთვის აქტუალურ თემებზე. შემდეგ წინასწარ უთხარი ოჯახის წევრებს, რას შეისწავლით. ეს მათ მასალაზე დაფიქრებაში დაეხმარება. შესწავლისას თბილი ატმოსფერო შეინარჩუნე. ნუ გაკიცხავ და უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩააგდებ ოჯახის წევრებს. ყურადღება გაამახვილე განსახილველი მასალის ღირებულებაზე და აღნიშნე, როგორ ეხება ეს თქვენს ოჯახს. ეცადე, ყველამ მიიღოს მონაწილეობა. ოჯახის თითოეულ წევრს დაანახვე, რომ იეჰოვას სიტყვა „სრულყოფილია“ და მოიცავს ყველაფერს, რაც ცხოვრებაში გვჭირდება (ფსალმ. 19:7).
კურთხევები
დაკვირვებული ადამიანები, რომლებსაც სულიერი თვალთახედვა არა აქვთ, სწავლობენ გარე სამყაროს, მსოფლიო მოვლენებს და საკუთარ თავსაც კი, მაგრამ მათ არ ძალუძთ, ჩასწვდნენ ყოველივე ამის ნამდვილ მნიშვნელობას. ღვთის სიტყვის შემსწავლელები კი წმინდა სულის დახმარებით ამ ყოველივეში ხედავენ ღვთის საქმეებს და იმას, თუ როგორ სრულდება ბიბლიის წინასწარმეტყველებები და როგორ ეფინება ნათელი ღვთის განზრახვას მორჩილი ადამიანების საკეთილდღეოდ (მარ. 13:4—29; რომ. 1:20; გამოცხ. 12:12).
ამან არ უნდა გაგვაამაყოს. პირიქით, ღვთის სიტყვის ყოველდღიურმა შესწავლამ თავმდაბლობა უნდა ჩაგვინერგოს (კან. 17:18—20). შესწავლა „ცოდვის მაცდუნებელი ძალისგან“ დაგვიცავს — ცოდვა ვერ შეძლებს ჩვენს ძლევას, თუ გულში გვექნება ღვთის სიტყვა (ებრ. 2:1; 3:13; კოლ. 3:5—10). ამგვარად, ჩვენც ვივლით ‘იეჰოვას ღირსად იმ მიზნით, რომ ყველაფერში ვასიამოვნოთ მას — ყოველ კარგ საქმეში ნაყოფი გამოვიღოთ’ (კოლ. 1:10). ღვთის სიტყვის შესწავლისას ეს არის ჩვენი მიზანი. ამ მიზნის მიღწევა უდიდესი ჯილდოა.