იკვებები თუ არა კარგად სულიერი საზრდოთი?
„სწორი კვება ყველაზე აუცილებელია ადამიანისთვის. . . საკმარისი საკვების გარეშე სიკვდილი გარდაუვალია“ („საკვები და სასარგებლო კვება“ [Food and Nutrition].
ეს ფუნდამენტალური ჭეშმარიტება ნათელი ხდება, როცა ხედავ მოშიმშილე მამაკაცების, ქალებისა თუ ბავშვების დაუძლურებულ სხეულებს, რომლებიც მოკლებული არიან ‘ყველაზე აუცილებელს’. სხვები ასე თუ ისე კმაყოფილდებიან აუცილებელი მინიმუმით. მაგრამ მრავალი, ვინც კარგად იკვებება, ღებულობს არასრულფასოვან საკვებს, რომელიც ორგანიზმის ნამდვილად გამოსაკვებად ძალიან მცირეს შეიცავს. პუბლიკაცია „ჯანსაღი კვება“ ამბობს: „საკვებს ყველაზე ხშირად ვიყენებთ არასწორად იმასთან შედარებით, რაც ჩვენს განკარგულებაშია“.
მსგავსი მდგომარეობაა სულიერ საკვებთან, ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, ჩაწერილ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით. ზოგს ყველაზე აუცილებელი სულიერი საკვები აკლია; ისინი სულიერ შიმშილს განიცდიან. სხვები უბრალოდ უარს ამბობენ უპირატესობაზე, მიიღონ მათთვის ხელმისაწვდომი სულიერი საკვები. რა შეიძლება ითქვას პირადად შენზე? იკვებები თუ არა კარგად სულიერი საზრდოთი? უარს ხომ არ ამბობ სულიერი საზრდოს მიღებაზე? მნიშვნელოვანია, გულწრფელი ვიყოთ საკუთარ თავთან ამ საკითხში, რადგან ფიზიკურ საკვებზე მეტად სულიერი საკვები გვესაჭიროება (მათე 4:4).
საზრდო სულიერი ზრდისთვის
სახელმძღვანელო — „საკვები და სასარგებლო კვება“ — რომელშიც განხილულია სწორი კვების დიდი მნიშვნელობა, გვთავაზობს სწორი კვების სამ საფუძვლიან მიზეზს. საკვებმა „ხელი უნდა შეუწყოს ზრდას, გაცვეთილი და მკვდარი უჯრედების აღდგენას“. იცოდი თუ არა, რომ ყოველდღიურად შენი ორგანიზმის ტრილიონი უჯრედი იღუპება და მათ შემცვლელი სჭირდება? სათანადო ზრდისა და სხეულის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის აუცილებელია ჯანსაღი კვება.
ეს ასევეა სულიერადაც. მაგალითად, როდესაც პავლე მოციქულმა მისწერა ეფესოს კრებას, ხაზგასმით აღნიშნა, თუ როგორ ესაჭიროება ყოველ ქრისტიანს კარგი სულიერი საზრდო, რომ გახდეს ‘სრული კაცი’ (ეფესელთა 4:11–13). როდესაც სათანადოდ ვიკვებებით კარგი სულიერი საზრდოთი, ჩვენ მეტად აღარ ვართ სუსტი ბავშვები, რომლებსაც არ შესწევთ საკუთარ თავზე ზრუნვის უნარი და ყველანაირი საშიშროების მსხვერპლი ხდებიან (ეფესელთა 4:14). პირიქით, ჩვენ ვიზრდებით, რომ ვიყოთ ძლიერი ჩამოყალიბებული პიროვნებები, რომ შეგვწევდეს რწმენისთვის მთელი ძალებით ბრძოლის უნარი, რადგან ‘კეთილი სწავლით ვართ ნაზარდი’ (1 ტიმოთე 4:6).
შეიძლება თუ არა ამის თქმა შენზეც? ხარ თუ არა სულიერად მოწიფული? იქნებ სულიერად ისევ ბავშვი ხარ — მგრძნობიარე, სავსებით სხვებზე დამოკიდებული და არც ქრისტიანული პასუხისმგებლობის ბოლომდე საკუთარ თავზე აღების უნარი შეგწევს? გასაგებია, რომ ცოტა თუ აღიარებს მაშინვე, რომ სულიერად ბავშვია, მაგრამ სათანადო იქნებოდა ყველას გულწრფელად შეემოწმებინა საკუთარი თავი. პირველ საუკუნეში ზოგი სულითცხებული ქრისტიანიც სულიერად ბავშვივით იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი „მასწავლებლები“ უნდა ყოფილიყვნენ, ჰქონოდათ უნარი და სურვილი ღვთის სიტყვა სხვებისთვისაც ესწავლებინათ, პავლე მოციქული სწერდა: „თქვენ კვლავ უნდა გასწავლონ ღვთის სიტყვის პირველი საწყისები. თქვენ მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ“. თუ გსურს, სულიერად გაიზარდო, შეეცადე მაგარი, კარგი სულიერი საზრდოს მისაღებად კარგი მადა განივითარო. ნუ დაკმაყოფილდები სულიერად ბავშვის სამყოფი საკვებით! (ებრაელთა 5:12).
ჩვენ მაგარი სულიერი საზრდო აგრეთვე გვჭირდება იმ ჭრილობის მოსაშუშებლად, რომელსაც ამ ბოროტ წუთისოფელში ყოველდღიური განსაცდელების დროს ვღებულობთ. მას ჩვენი სულიერი ძალების შერყევა შეუძლია. მაგრამ ღმერთს შეუძლია აღგვიდგინოს ძალები. პავლე ამბობდა: „არ ვცხრებით, მაგრამ თუ გარეგანი კაცი იხრწნება, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე“ (2 კორინთელთა 4:16). როგორ ‘ვახლდებით დღითი დღე’? ნაწილობრივ ღვთის სიტყვიდან რეგულარული კვებით, რაც საღვთო წერილზე, ბიბლიაზე, დაფუძნებული პუბლიკაციების პირადი და ჯგუფური შესწავლით ხდება.
საკვები სულიერი ენერგიისთვის
საკვები აგრეთვე საჭიროა „სითბოსა და ენერგიის გამოსაყოფად“. საკვები ჩვენს ორგანიზმს უზრუნველყოფს კარგი მუშაობისთვის აუცილებელი ენერგიით. თუ ცუდად ვიკვებებით, ცოტა ენერგია გვექნება. საკვებში რკინის ნაკლებობის გამო თავს ვგრძნობთ დაღლილად და სუსტად. ასევე ხომ არ გრძნობ ზოგჯერ თავს, როდესაც საქმე სულიერ საქმიანობას ეხება? ხომ არ გიჭირს ქრისტიანული ვალდებულებების შესრულება? ზოგს, რომლებიც დაუფარავად აცხადებენ, რომ ქრისტეს მიმდევრები არიან, ბეზრდებათ სიკეთის კეთება და ქრისტიანული საქმეების კეთებისთვის ძალა აღარ ჰყოფნით (იაკობი 2:17, 26). თუ ხედავ, რომ შენს შემთხვევაშიც ასეა, აუცილებელი იქნება სულიერი საზრდოთი კვების გაუმჯობესებისთვის ზომების მიღება ან უფრო მეტი რაოდენობის სულიერი საზრდოთი კვება (ესაია 40:29–31; გალატელთა 6:9).
ნუ იქნები უგუნური და ნუ მიეჩვევი სულიერი საზრდოთი ცუდ კვებას. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიცრუე, რომელსაც სატანა საუკუნეების მანძილზე იყენებდა, არის ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ არ სჭირდებათ ბიბლიის კითხვა და მისგან ზუსტი შემეცნების მიღება. ის იყენებს მრავალი წლის ნაცად მეთოდს, რომელსაც მებრძოლები იყენებდნენ შემოსევების დროს ქალაქის ასაღებად — აჩერებდნენ საკვების მიწოდების სისტემას და იქამდე აშიმშილებდნენ, სანამ არ დაიმორჩილებდნენ. მაგრამ ის მხოლოდ ამისთვის არ იყენებს ამ მეთოდს. ის ისე ატყუებს „ალყაში“ მყოფთ, რომ თვითონვე იმშევენ საკუთარ თავს იმ დროს, როდესაც მათ გარშემო უხვადაა სასარგებლო სულიერი საზრდო. არ არის გასაკვირი, რომ მისი შემოტევის დროს ამდენი მსხვერპლია! (ეფესელთა 6:10–18).
საკვები სულიერი ჯანმრთელობისთვის
მესამე საფუძველი საკვების მიღებისთვის, როგორც „საკვები და სასარგებლო კვებაშია“ ნათქვამი, არის „სხეულის ჯანმრთელობის რეგულირება. . . და ავადმყოფობისგან დაცვა“. კარგი საკვები რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, პირველივე წუთებიდან არ ჩანს. როდესაც ვამთავრებთ კარგი საკვების მიღებას, იშვიათად ვფიქრობთ, ‘ეს ჩემი გულის მუშაობისთვის (ან თირკმელებისთვის, კუნთებისთვის და ა. შ.) იყო ძალიან კარგიო’. მაგრამ, აბა სცადე, გარკვეული დროის მანძილზე არაფერი ჭამო და შედეგები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თვალსაჩინო იქნება. რა შედეგები? ერთ-ერთ სამედიცინო ნაშრომში ნათქვამია: „საერთოდ დამახასიათებელი სურათი უარყოფითია: ზრდის შეჩერება, ინფექციებთან ბრძოლის უუნარობა, ენერგიის ან რამის კეთების უნარის ნაკლებობა“. ცუდი სულიერი ჯანმრთელობის მსგავსი შემთხვევები ერთ დროს ძველ ისრაელშიც ხდებოდა. მათ შესახებ ესაია წინასწარმეტყველმა თქვა: „მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული — შეღონებული. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ“ (ესაია 1:5, 6).
კარგი სულიერი საზრდო გვაძლევს ძალებს, გავუძლოთ ასეთ სულიერ უძლურებასა და სულიერი ინფექციის შედეგებს. ღვთის შემეცნება გვეხმარება, რომ სულიერად კარგი მდგომარეობა შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ამ შემეცნებით ვიკვებებით! იესო ქრისტემ აღნიშნა, რომ იმ დროს ადამიანთა უმრავლესობამ ვერაფერი ისწავლა მამა-პაპისგან, რომლებიც დაუდევრად ეპყრობოდნენ სათანადო სულიერ კვებას. მათაც უარი თქვეს, ეკვებათ იმ ჭეშმარიტებით, რასაც იესო ასწავლიდა. რა მოჰყვა ამას შედეგად? იესომ თქვა: „გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ გაიგონ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი“ (მათე 13:15). უმრავლესობა არ სარგებლობდა ღვთის სიტყვის განმკურნებელი ძალით. ისინი სულიერად ავადმყოფები რჩებოდნენ. თვით სულითცხებულთაგანაც კი ზოგი ‘დაუძლურდა და დაავადმყოფდა’ (1 კორინთელთა 11:30). დაე არასოდეს შევხედოთ ზიზღით ღვთისგან მოწოდებულ სულიერ საზრდოს (ფსალმუნი 106:20).
სულიერი მოწამვლა
სულიერი შიმშილის საშიშროების გარდა, არსებობს კიდევ ერთი საშიშროება, რომელსაც უნდა მოვერიდოთ — ისეთ საკვებს, რომელიც შესაძლოა მომწამლავია. საშიში დემონური იდეებით დაბინძურებული სწავლების ათვისება მოგვწამლავს ისევე, როგორც გაფუჭებული საჭმელი თავისი მიკრობებითა თუ ტოქსინებით (კოლასელთა 2:8). ყოველთვის ადვილი არაა მომწამლავი საკვების ამოცნობა. ერთ-ერთი ავტორიტეტული პიროვნება ამბობს, რომ „ზოგი საკვები ზოგჯერ საკმაოდ სასაგრებლო გვგონია, მაგრამ სინამდვილეში პათოგენური ბაქტერიების ბუდეა“. ასე რომ, კარგს ვაკეთებთ, თუ ვამოწმებთ სიმბოლური საკვების წყაროს და მუდამ გვახსოვდეს, რომ ზოგი ლიტერატურა, მაგალითად, განდგომილთა ნაწერები შესაძლოა მოწამლული იყოს არაბიბლიური სწავლებებითა და ფილოსოფიებით. ზოგი საკვების მწარმოებელი კომბინატი დამაბნეველ ეტიკეტსაც იყენებს, რომ მოატყუოს მომხმარებელი პროდუქციის შემადგენლობასთან დაკავშირებით. ჩვენც გარკვეულწილად უნდა ველოდეთ, რომ სატანა, ყველაზე დიდი მატყუარა, იმავეს გააკეთებს. ამიტომ დარწმუნდი, რომ სიმბოლურ საზრდოს სარწმუნო წყაროდან ღებულობ და ‘საღი რჩები რწმენაში’ (ტიტე 1:9, 13).
ტომას ადამსი, მეჩვიდმეტე საუკუნის მქადაგებელი, თავისი ეპოქის ადამიანებზე ამბობდა: „ისინი სამარეს საკუთარი კბილებით ითხრიან“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასაც ისინი ჭამდნენ, მომაკვდინებელი იყო. დარწმუნდი, რომ შენი სულიერი საკვები მომაკვდინებელი არ არის. ეძებე კარგი სულიერი საზრდოს მარაგი. „რისთვის ხარჯავთ ვერცხლს, თუ პურს ვერ შოულობთ? — იკითხა იეჰოვა ღმერთმა, როდესაც იმ ხალხმა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მისი იყო, ცრუ მასწავლებლებისა და წინასწარმეტყველებისკენ იბრუნა პირი. — მე მომისმინეთ და შეჭამთ საუკეთესოს, ნოყიერი საკვებით დაიტკბობთ სულს. ყური მომაპყარით და ჩემთან მოდით; მისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული“ (ესაია 55:2, 3; შეადარე იერემია 2:8, 13).
სულიერი საკვების სიუხვე
არ გვეგონოს, რომ კარგი სულიერი საკვები დეფიციტია. როგორც იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, დღეს ჰყავს ერთგული და გონიერი მონის კლასი, რომელიც დაკავებულია მსურველთათვის ‘საზრდოს დროული მიწოდებით’ (მათე 24:45). ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვამ წარმოთქვა აღთქმა: „მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით!“ ცხადია, რომ ნადიმს იეჰოვა მათ გაუმართავდა, რომლებსაც ჭამის სურვილი ექნებოდათ. „გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს. . . ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლისტვინიანი მსუყე კერძებით“ (ესაია 25:6; 65:13, 14).
მაგრამ დაფიქრდი: ჩვენ შეიძლება ნადიმის დროსაც ვიშიმშილოთ! საკვების სიუხვეც რომ იყოს გარშემო, შეიძლება შიმშილით მოვკვდეთ, თუ არ გავანძრევთ ხელს და არ შევჭამთ. იგავნის 26:15-ში პირდაპირაა აღწერილი: „ზარმაცი ხელს ჯამში კი ჩაყოფს, მისი პირთან მიტანა კი ეზარება“. რა გულსაკლავი მდგომარეობაა! შესაძლებელია ჩვენც იმდენად გავზარმაცდეთ, რომ საკუთარ თავს ვაიძულებდეთ სულიერი საზრდოს მიღებაში დამხმარე ღვთის სიტყვისა და ბიბლიური პუბლიკაციების სწავლას. შესაძლოა ძალიან მომაბეზრებლადაც მოგვეჩვენოს ქრისტიანული კრების შეხვედრებზე მონაწილეობის მისაღებად მომზადება.
კარგი კვების ჩვევა
ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ გამოვიმუშავოთ სულიერად კარგად კვების ჩვევა. ფაქტია, რომ ბევრი ძუნწად ღებულობს სულიერ საზრდოს, ზოგი კი თავს იმშევს. ისინი იმ პიროვნებებს ჰგვანან, რომლებიც აუცილებლად არ მიიჩნევენ სწორ კვებას მანამდე, სანამ მოგვიანებით შედეგებს არ იწვნევენ. ჯანსაღი კვება გვაძლევს იმის საფუძველს, არ ვიყოთ უყურადღებო საკუთარი კვების ჩვევის მიმართ, რადგან ვიცით, რომ კარგი კვება სიცოცხლისთვის აუცილებელია: „პრობლემა ისაა, რომ [ცუდი კვების შედეგად] არ ხდება ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესება, ისე სწრაფი შედეგი არ მოჰყვება, როგორც, მაგალითად, უყურადღებობით ქუჩის გადაკვეთის დროს ხდება. პირიქით, ნელა, შეუმჩნევლად მიმდინარეობს ჯანმრთელობის შერყევა, ინფექციის შეჭრა უფრო ადვილად შეიძლება, ძვლები შეიძლება უფრო მყიფე გახდეს, ჭრილობების შეხორცება და ავადმყოფობისგან განკურნება, შესაძლოა, უფრო ნელი“.
უკიდურეს შემთხვევაში პიროვნება შეიძლება დაემსგავსოს ახალგაზრდა ქალს, რომელიც იტანჯება ნერვული ანორექსიით. ის საკუთარ თავს არწმუნებს, რომ მხოლოდ ძალიან ცოტა საკვები სჭირდება და საუკეთესოდ გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ნადგურდება. საბოლოოდ, საერთოდ ეკარგება ჭამის სურვილი. „ეს საშიში მდგომარეობაა“ — ნათქვამია სამედიცინო ნაშრომში. რატომ? „ავადმყოფი იშვიათად იღუპება შიმშილის მიზეზებით, ის იფიტება და შეიძლება დაიღუპოს სრულიად უბრალო ინფექციით“.
ერთი ქრისტიანი ქალი ამბობდა: „წლების მანძილზე ვიცოდი შეხვედრებისთვის რეგულარულად მომზადების აუცილებლობა და ვიბრძოდი, მქონოდა პირადი შესწავლა, მაგრამ ვერ შევძელი“. საბოლოოდ მან მოახდინა ცვლილებები, ასე რომ, გახდა ღვთის სიტყვის კარგი შემსწავლელი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბოლომდე შეიგრძნო თავისი მდგომარეობის გადაუდებლობა.
ასე რომ, გულთან მიიტანე პეტრე მოციქულის რჩევა. იყავი ‘ახალშობილივით’ და ‘ინატრე სულიერი სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდო ხსნისთვის’ (1 პეტრე 2:2). დიახ, ‘ნატვრა’ — ძლიერი სურვილის განვითარება — რომ გონება და გული გაიჟღინთოს ღვთის შემეცნებით. სულიერად მოწიფულ პიროვნებებსაც ესაჭიროებათ საკვების მისაღებად სურვილის გაღვივება. ნუ დაუშვებ, რომ სულიერი საკვები იქცეს საკუთარ ‘განკარგულებაში არსებულთა შორის, ყველაზე არასწორად გამოყენებულად’. კარგად იკვებე სულიერად და ბოლომდე აითვისე ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული ‘საღი სიტყვები’ (2 ტიმოთე 1:13, 14).
[სურათი 28 გვერდზე]
გესაჭიროება კვების გაუმჯობესება?