თქვენც ივლით ღმერთთან ერთად?
‘მოკრძალებულად იარე შენს ღმერთთან ერთად’ (მიქა 6:8, აქ).
1, 2. როგორ შეგვიძლია იეჰოვას მიერ ჩვენდამი გამოვლენილი გრძნობები შევადაროთ მშობლის მიერ შვილისთვის სიარულის სწავლებას?
პატარა ბავშვი, როცა სიარულს სწავლობს, ხელებს იწვდის მშობლების გამოწვდილი ხელებისკენ და თავის პირველ ნაბიჯებს დგამს. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ დედ-მამისთვის ეს იმედით აღსავსე მომავლის საწინდარია. მშობლები მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა თავიანთ შვილთან ერთად ხელიხელჩაკიდებულნი ივლიან თვეებისა და წლების მანძილზე. ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალში შვილებს ხელმძღვანელობას გაუწევენ და მატერიალურად თუ ემოციურად მხარს დაუჭერენ.
2 იეჰოვა ღმერთს მსგავსი გრძნობები აქვს თავისი მიწიერი შვილების მიმართ. ერთხელ მან თავის ხალხთან, ისრაელთან, კერძოდ კი ეფრემთან, დაკავშირებით თქვა: „მე ვასწავლე ეფრემს სიარული; ხელი მის მკლავში მქონდა ჩაჭიდებული . . . ვიზიდავდი მათ ადამიანური გრძნობის საკვრელებით, სიყვარულის ძაფებით“ (ოსია 11:3, 4). აქ იეჰოვა საკუთარ თავს მოსიყვარულე მშობლად წარმოგვიდგენს, რომელიც მოთმინებით ასწავლის შვილს სიარულს და შესაძლოა, ხელშიც კი იყვანს, როცა პატარა ძირს ეცემა. იეჰოვა, ჩვენი საუკეთესო მშობელი, გულით არის მოწადინებული, რომ გვასწავლოს სიარული. ის აგრეთვე სიამოვნებით მოგვყვება გვერდით, როცა წინ მივიწევთ. როგორც ჩვენი სტატიის ძირითადი მუხლი ცხადყოფს, ჩვენ შეგვიძლია ღმერთთან ერთად სიარული! (მიქა 6:8, აქ). მაგრამ რას ნიშნავს ღმერთთან ერთად სიარული? რატომ გვჭირდება ამის კეთება? როგორ შეგვიძლია ღმერთთან ერთად სიარული? რა კურთხევები მოაქვს ღმერთთან ერთად სიარულს? მოდი ეს ოთხი კითხვა თანმიმდევრობით განვიხილოთ.
რას ნიშნავს ღმერთთან ერთად სიარული?
3, 4. ა) რა არის განსაკუთრებით აღსანიშნავი „ღმერთთან ერთად სიარულთან“ დაკავშირებით? ბ) რას ნიშნავს ღმერთთან ერთად სიარული?
3 რა თქმა უნდა, ადამიანს, რომელიც სისხლისა და ხორცისგან შედგება, არ შეუძლია პირდაპირი გაგებით იაროს იეჰოვასთან, სულიერ პიროვნებასთან ერთად (გამოსვლა 33:20; იოანე 4:24). ასე რომ, როდესაც ბიბლია ლაპარაკობს ადამიანების ღმერთთან ერთად სიარულზე, ის ხატოვან ენას იყენებს. იგი შესანიშნავად არის აღწერილი, არ არის მოქცეული რომელიმე ერისა თუ კულტურის ჩარჩოებში და ყველა დროში გამოიყენება. მართლაც, რომელ ადგილას ან დროის რომელ მონაკვეთში ვერ შეძლებდნენ ადამიანები იმის გაგებას, რომ ერთი ადამიანი მეორესთან ერთად დადის? რამხელა სითბო და სიახლოვე გამოსჭვივის ამ სიტყვებში, არა? ამ გრძნობებით გარკვეულწილად ვხვდებით, თუ რას ნიშნავს ღმერთთან ერთად სიარული. მაგრამ მოდი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი.
4 გაიხსენეთ ერთგული მამაკაცები — ენოქი და ნოე. რატომ არის მათზე ნათქვამი, რომ ისინი ღმერთთან ერთად დადიოდნენ? (დაბადება 5:24, აქ; 6:9, აქ). ბიბლიაში სიტყვა „სიარული“ ხშირად მოქმედების განსაზღვრული კურსის მიყოლას ნიშნავს. ენოქმა და ნოემ ცხოვრების ისეთი გზა აირჩიეს, რომელიც იეჰოვა ღმერთის ნებასთან იყო შეთანხმებული. გარშემო მცხოვრებთაგან განსხვავებით, ისინი ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მიმართავდნენ და მის მითითებებს ემორჩილებოდნენ. ისინი ენდობოდნენ მას. ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვა მათ მაგივრად იღებდა გადაწყვეტილებებს? არა. იეჰოვამ ადამიანებს ნების თავისუფლება მისცა და მოითხოვს კიდეც ჩვენგან, რომ ეს საჩუქარი „გააზრებულად“ გამოვიყენოთ (რომაელები 12:1). მაგრამ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თავმდაბლურად უნდა დავუქვემდებაროთ ჩვენი აზროვნება იეჰოვას უსაზღვროდ აღმატებულ აზროვნებას (იგავები 3:5, 6; ესაია 55:8, 9). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცხოვრების გზას იეჰოვასთან ერთად ვადგებით.
5. რატომ ლაპარაკობდა იესო ადამიანის სიცოცხლის ერთი წყრთით გახანგრძლივებაზე?
5 ბიბლია სიცოცხლეს ხშირად მოგზაურობას ან სიარულს ადარებს. ზოგ შემთხვევაში ეს შედარება პირდაპირია, მაგრამ სხვა შემთხვევებში იგულისხმება. მაგალითად, იესომ თქვა: „რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს?“ (მათე 6:27). ამ სიტყვებმა შეიძლება საგონებელში ჩაგაგდოთ. რატომ მოიხსენია იესომ „ერთი წყრთა“ — საზომი ერთეული — სიცოცხლის გახანგრძლივებასთან — დროის მონაკვეთთან?a იესომ სიცოცხლე აშკარად ისე წარმოადგინა, როგორც მგზავრობა. ის ასწავლიდა, რომ წუხილით თქვენი ცხოვრების გზას ერთ პატარა ნაბიჯსაც კი ვერ შემატებთ. მაგრამ უნდა დავასკვნათ, რომ ვერაფერს შევცვლით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს ვივლით ღმერთთან ერთად? რა თქმა უნდა, არა! ეს წამოჭრის მეორე კითხვას: რატომ გვჭირდება ღმერთთან ერთად სიარული?
რატომ გვჭირდება ღმერთთან ერთად სიარული?
6, 7. რა აუცილებელი საჭიროება გააჩნიათ არასრულყოფილ ადამიანებს და რატომ უნდა მივმართოთ იეჰოვას ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად?
6 პირველი მიზეზი, თუ რატომ გვჭირდება იეჰოვა ღმერთთან ერთად სიარული, ახსნილია იერემიას 10:23-ში: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არაა მისი გზა, რომ მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. ასე რომ, ადამიანებს არც შესაძლებლობა გვაქვს და არც უფლება, რომ ჩვენი ცხოვრება წარვმართოთ. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ხელმძღვანელობა. ისინი, რომლებიც ჯიუტად ადგანან ღვთისგან დამოუკიდებლობის გზას, ადამისა და ევას შეცდომებს იმეორებენ. პირველმა წყვილმა მიითვისა უფლება, რომ თავად გადაეწყვიტათ, რა იყო სწორი და რა — არასწორი (დაბადება 3:1—6). ეს უფლება, უბრალოდ, ჩვენ „არ გვეკუთვნის“.
7 არ გრძნობთ ცხოვრებაში ხელმძღვანელობის საჭიროებას? ჩვენ ყოველდღე გვიწევს უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ზოგი მათგანი რთულია და შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც ჩვენს, ისე ჩვენი ახლობლების მომავალზე. მაგრამ წარმოიდგინე, რომ არსებობს ისეთი პიროვნება, ვინც ჩვენზე ასაკით უფროსი და ბრძენია; ის მოხარულია, სიყვარულით გვიხელმძღვანელოს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას! სამწუხაროდ, დღეს ადამიანთა უმრავლესობა ამჯობინებს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და თავად წარმართოს თავისი ნაბიჯები. ისინი უგულებელყოფენ იგავების 28:26-ში ჩაწერილ ჭეშმარიტებას: „თავის გულზე დაიმედებული ბრიყვია, ხოლო სიბრძნით მავალი გადარჩება“. იეჰოვას სურს, თავიდან ავირიდოთ ადამიანის ცბიერ გულზე დაიმედებით გამოწვეული უბედურება (იერემია 17:9). მას სურს, რომ სიბრძნით ვიაროთ და მივენდოთ მას, როგორც ჩვენს ბრძენ ხელმძღვანელსა და მასწავლებელს. როდესაც ასე ვიქცევით, ჩვენი ცხოვრება მშვიდი, სასიამოვნო და დამაკმაყოფილებელია.
8. რომელი ადგილისკენ მიჰყავს ცოდვასა და არასრულყოფილებას ბუნებრივად ადამიანები, მაგრამ რა სურს იეჰოვას ჩვენთვის?
8 მეორე მიზეზი იმისა, თუ რატომ გვჭირდება იეჰოვა ღმერთთან ერთად სიარული, არის მანძილი, რომლის გავლაც გვსურს. ბიბლიაში ჩაწერილია მწარე სინამდვილე. ცნობილია, რომ ყველა არასრულყოფილი ადამიანი ერთი და იმავე ადგილას მიდის. აღწერს რა იმ პრობლემებს, რომლებიც ადამიანებს წლებთან ერთად ემატებათ, ეკლესიასტეს 12:5 ამბობს: „მიდის ადამიანი თავის მარადიულ სახლში, მოტირალნი კი უბანში ტრიალებენ“. რა არის „მარადიული სახლი“? ეს არის საფლავი, სადაც ცოდვისა და არასრულყოფილების გამო ბუნებრივად მივდივართ (რომაელები 6:23). მაგრამ იეჰოვას უფრო მეტი სურს ჩვენთვის, ვიდრე აკვნიდან საფლავამდე საწუხარით აღსავსე მოკლე გზის გავლაა (იობი 14:1). მხოლოდ ღმერთთან ერთად სიარულით გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ იქამდე ვიაროთ, სადამდეც ღმერთს აქვს განზრახული — მარადიულად. განა ეს ის არ არის, რაც თქვენ გსურთ? მაშინ ნათელია, რომ თქვენს მამასთან, იეჰოვასთან ერთად უნდა იაროთ.
როგორ შეგვიძლია ღმერთთან ერთად სიარული?
9. რატომ ემალებოდა იეჰოვა დროდადრო თავის ხალხს, თუმცა, ესაიას 30:20-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, რაში არწმუნებდა მათ?
9 ჩვენი მხრიდან ძალიან დიდ ყურადღებას იმსახურებს მესამე კითხვა: როგორ შეგვიძლია ღმერთთან ერთად სიარული? პასუხი მოცემულია ესაიას 30:20, 21-ში: «შენი მოძღვარი აღარ დაიმალება და იხილავენ შენი თვალები შენს მოძღვარს. და შენი ყურები მოისმენენ სიტყვას, ნათქვამს შენს უკან: „აი გზა, მას გაჰყევით“, როცა მარჯვნივ წახვალთ ან მარცხნივ». ამ გამამხნევებელ მონაკვეთში იეჰოვას სიტყვებს, რომლებიც 20-ე მუხლშია ჩაწერილი, უნდა გაეხსენებინა მისი ხალხისთვის, რომ მისადმი ურჩობის გამოვლენის შემთხვევაში, ფაქტობრივად, იეჰოვა იმალებოდა მათგან (ესაია 1:15; 59:2). თუმცა, ამ მუხლიდან ისიც ჩანს, რომ იეჰოვა თავისი ერთგული ადამიანებისთვის ხილულია. თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მასწავლებელი, რომელიც თავისი მოსწავლეების წინაშე დგას და აჩვენებს, თუ რის სწავლება სურს მათთვის.
10. რა გაგებით შეიძლება ‘მოესმას თქვენს ყურებს დიდებული მოძღვრისგან თქვენ უკან ნათქვამი სიტყვა’?
10 სრულიად განსხვავებული სურათია აღწერილი 21-ე მუხლში. იეჰოვა ისეა წარმოდგენილი, თითქოს თავისი ხალხის უკან მიდის და ხელმძღვანელობს მათ სწორ გზაზე სასიარულოდ. ბიბლიის მკვლევარები ამბობენ, რომ ეს გამონათქვამი შეიძლება დაფუძნებული იყოს მწყემსის მოქმედებაზე, როცა ის ხანდახან უკან მისდევს თავის ცხვარს, შეძახილებით აძლევს მიმართულებას და იცავს მათ სახიფათო გზაზე სიარულისგან. ჩვენ როგორ გვეხება ეს? როდესაც ღვთის სიტყვას მივმართავთ ხელმძღვანელობისთვის, ათასობით წლის წინათ ჩაწერილ სიტყვებს ვკითხულობთ. მათ ჩვენამდე უძველესი დროიდან მოაღწიეს. მიუხედავად ამისა, ისინი ისევე აქტუალურია დღეს, როგორც მათი დაწერისას იყო. ბიბლიურ რჩევას შეუძლია გვიხელმძღვანელოს ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების დროს და დაგვეხმაროს, რომ ჩვენი ცხოვრება სამომავლოდაც დავგეგმოთ (ფსალმუნები 118:105). იეჰოვა ჩვენი ხელმძღვანელი მაშინ ხდება, როცა გულმოდგინედ ვეძებთ ასეთ რჩევებს და ცხოვრებაში ვიყენებთ მათ. ჩვენ ღმერთთან ერთად დავდივართ.
11. იერემიას 6:16-ის თანახმად, რა გულთბილი სიტყვებით იწვევს იეჰოვა თავის ხალხს, მაგრამ როგორ რეაგირებენ ისინი?
11 ნამდვილად ვაძლევთ ღვთის სიტყვას იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ საკითხში გვიხელმძღვანელოს? დროდადრო ღირს, დავფიქრდეთ ამაზე და საკუთარი თავი გულწრფელად შევამოწმოთ. განვიხილოთ ერთი ბიბლიური მუხლი, რომელიც ამაში დაგვეხმარება: «ასე თქვა უფალმა: „შეჩერდით გზებზე და გაიხედეთ, და გაიკითხეთ უძველეს ბილიკებზე — რომელი გზაა უკეთესი? — და იარეთ მასზე და მოუპოვეთ შვება თქვენს სულებს“» (იერემია 6:16). ამ სიტყვებმა შეიძლება გაგვახსენოს მოგზაური, რომელიც გზაჯვარედინზე ჩერდება და კითხულობს, რომელი გზით წავიდეს. სულიერი გაგებით, იეჰოვას ურჩ ხალხს ისრაელში იგივე უნდა გაეკეთებინა. მათ უნდა ეპოვათ უკან დასაბრუნებელი გზა „უძველეს ბილიკებზე“. ეს „უკეთესი გზა“ იყო ის გზა, რომელზეც მათი ერთგული წინაპრები დადიოდნენ; ეს იყო გზა, საიდანაც ერმა დაუფიქრებლად გადაუხვია. სამწუხაროდ, ისრაელმა სიჯიუტით უპასუხა იეჰოვას ამ მოსიყვარულე შეხსენებას. იმავე მუხლში ნათქვამია: „არ ვივლით!“. თუმცა დღეს ღვთის ხალხი ამ რჩევაზე სხვანაირად რეაგირებს.
12, 13. ა) როგორ ეხმაურებიან ქრისტეს ცხებული მიმდევრები იერემიას 6:16-ში ჩაწერილ რჩევას? ბ) როგორ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი, თუ დღეს რომელ გზას ვადგავართ?
12 მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ქრისტეს ცხებულმა მიმდევრებმა გამოიყენეს იერემიას 6:16-ში ჩაწერილი რჩევა. როგორც ჯგუფმა, მათ გადაწყვიტეს, მთელი გულით დაბრუნებოდნენ „უძველეს ბილიკებს“. განდგომილი ქრისტიანული სამყაროსგან განსხვავებით, ისინი ერთგულად მისდევენ „ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს“, რომელიც იესო ქრისტემ დატოვა და რომელსაც პირველ საუკუნეში ერთგული მიმდევრები უჭერდნენ მხარს (2 ტიმოთე 1:13). დღესაც, ცხებულები ეხმარებიან ერთმანეთს და თანამსახურ „სხვა ცხვრებს“, მისდიონ ჯანსაღ, ბედნიერ ცხოვრების გზას, რომელიც ქრისტიანულმა სამყარომ მიატოვა (იოანე 10:16).
13 სულიერი „საზრდოს დროულად“ მიცემით, ერთგული მონის კლასი მილიონობით ადამიანს ეხმარება „უძველესი ბილიკების“ პოვნასა და ღმერთთან ერთად სიარულში (მათე 24:45—47). თქვენც ხართ ამ მილიონებს შორის? თუ დიახ, რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ გზას არ ასცდეთ და სწორად მიჰყვეთ თქვენ მიერ არჩეულ კურსს? გონივრულია, დროდადრო შეჩერდეთ და გადახედოთ თქვენი ცხოვრების გზას. თუ რეგულარულად კითხულობთ ბიბლიასა და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს და ესწრებით შეხვედრებს, რომლებსაც დღეს ცხებულები უწევენ ხელმძღვანელობას, მაშინ უკვე სწავლობთ ღმერთთან ერთად სიარულს. და როცა თავმდაბლურად იღებთ მოცემულ რჩევას, თქვენ ნამდვილად ღმერთთან ერთად დადიხართ „უძველეს ბილიკებზე“.
სიარული ისე, ‘თითქოს ვხედავთ მას, ვინც უხილავია’
14. თუ იეჰოვა რეალური პიროვნებაა ჩვენთვის, როგორ იმოქმედებს ეს ჩვენს პირად გადაწყვეტილებებზე?
14 იეჰოვასთან ერთად რომ ვიაროთ, ის ჩვენთვის რეალური პიროვნება უნდა იყოს. გახსოვდეთ, იეჰოვა არწმუნებდა ძველ ისრაელში მცხოვრებ ერთგულ ადამიანებს, რომ არ დაიმალებოდა მათგან. დღესაც თავის ხალხს ის დიდებულ შემოქმედად წარუდგენს თავს. იმდენად რეალურია იეჰოვა თქვენთვის, რომ თითქოს თქვენ წინ დგას და ისე გხელმძღვანელობთ? ჩვენ ასეთი რწმენა გვჭირდება, რომ ღმერთთან ერთად ვიაროთ. მოსეს ჰქონდა ასეთი რწმენა, „ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებრაელები 11:27). თუ იეჰოვა რეალურია ჩვენთვის, გადაწყვეტილებების მიღების დროს გავითვალისწინებთ მის გრძნობებს. მაგალითად, გულშიც კი არ გავივლებთ ცუდი საქციელის ჩადენას და არ შევეცდებით, რომ ჩვენი ცოდვები ქრისტიანი უხუცესების ან ოჯახის წევრებისგან დავმალოთ. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, მაშინაც კი ღმერთთან ერთად ვიაროთ, როცა არავინ გვხედავს. ძველ დროში მცხოვრები დავით მეფის მსგავსად, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება: „ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლს შორის“ (ფსალმუნები 100:2).
15. როგორ გვეხმარება ჩვენს ქრისტიან და-ძმებთან ურთიერთობა იმის შეგრძნებაში, რომ იეჰოვა რეალური პიროვნებაა?
15 იეჰოვას ესმის, რომ ჩვენ არასრულყოფილი, ხორციელი ქმნილებები ვართ და შეიძლება დროდადრო გაგვიჭირდეს, ვირწმუნოთ ის, რასაც ვერ ვხედავთ (ფსალმუნები 102:14). ის დიდ დახმარებას გვიწევს, რომ დავძლიოთ ეს სისუსტე. მაგალითად, ის ერთად კრებს „ხალხს თავისი სახელისათვის“ ყველა ერიდან (საქმეები 15:14). მხარდამხარ გაერთიანებულად მსახურებით ჩვენ ძალას ვმატებთ ერთმანეთს. იმის მოსმენისას, თუ როგორ ეხმარება იეჰოვა ჩვენს სულიერ და-ძმებს სისუსტეების დაძლევასა თუ რთული განსაცდელების გადატანაში, ჩვენთვის ღმერთი უფრო რეალური პიროვნება ხდება (1 პეტრე 5:9).
16. როგორ გვეხმარება იესოს შესახებ ცოდნა ღმერთთან ერთად სიარულში?
16 პირველყოვლისა, იეჰოვამ თავისი ძის მაგალითი მოგვცა. იესომ თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). დედამიწაზე იესოს განვლილი ცხოვრების შესწავლა საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ იეჰოვა ჩვენთვის უფრო რეალური გახდეს. ყველაფერი, რასაც იესო ამბობდა ან აკეთებდა, მისი ზეციერი მამის პიროვნებისა და მოქმედებების სრულყოფილი ანარეკლი იყო (იოანე 14:9). გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებით უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გადაჭრიდა იესო ამ პრობლემებს. თუ ჩვენი გადაწყვეტილება ასეთი სიფრთხილით მივიღეთ და ლოცვით ავწონ-დავწონეთ, მაშინ ჩვენ ქრისტეს ნაკვალევს მივყვებით (1 პეტრე 2:21). შედეგად, ჩვენ ღმერთთან ერთად დავდივართ.
რა კურთხევებს მივიღებთ შედეგად?
17. თუ იეჰოვას გზებით დავდივართ, რა „შვებას“ მოვგვრით ჩვენს სულებს?
17 იეჰოვასთან ერთად სიარულს ბედნიერება მოაქვს ჩვენთვის. გახსოვდეთ, რა უთხრა იეჰოვამ თავის ხალხს „უკეთესი გზის“ ძებნასთან დაკავშირებით. მან თქვა: „იარეთ მასზე და მოუპოვეთ შვება თქვენს სულებს“ (იერემია 6:16). რას ნიშნავს „შვება“? ნიშნავს ის ისეთ ცხოვრებას, რომელიც სავსეა სიამოვნებითა და ფუფუნებით? არა. იეჰოვა გაცილებით უკეთესით უზრუნველგვყოფს — იმით, რასაც ყველაზე მდიდარიც კი იშვიათად აღწევს ამ ქვეყნიერებაში. თქვენი სულებისთვის შვების მოგვრა ნიშნავს შინაგან სიმშვიდეს, სიხარულს, კმაყოფილების გრძნობასა და სულიერ კეთილდღეობას. ასეთ შვებაში იგულისხმება იმაში დარწმუნებაც, რომ ცხოვრებაში საუკეთესო არჩევანი გააკეთეთ. ასეთი სულის სიმშვიდე იშვიათი კურთხევაა ამ პრობლემებით აღსავსე მსოფლიოში!
18. რა კურთხევები სურს იეჰოვას თქვენთვის და როგორია თქვენი გადაწყვეტილება?
18 რა თქმა უნდა, სიცოცხლე უკვე კურთხევაა. საერთოდ არ ყოფნას, მცირე ხნით სიცოცხლე სჯობია. მაგრამ იეჰოვას არასდროს უფიქრია, რომ თქვენი ცხოვრება ხანმოკლე ყოფილიყო — ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდობიდან ტკივილებით გატანჯულ მოხუცებულობამდე. არა, იეჰოვას სურს, რომ ყველაფერში უდიდესი კურთხევები გქონდეთ. მას უნდა, რომ მარადიულად იაროთ მასთან ერთად! ეს კარგად ჩანს მიქას 4:5-დან: „ყველა ხალხი თავისი ღვთის სახელით ივლის, ჩვენ კი მარადიულად, სამარადისოდ, იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით“ (აქ). გსურთ ამ კურთხევების მიღება? გსურთ იცოცხლოთ „ჭეშმარიტი სიცოცხლით“, რომელსაც იეჰოვა გთავაზობთ? (1 ტიმოთე 6:19). მაშ, გამოიყენეთ ნებისმიერი საშუალება, რომ იეჰოვასთან ერთად იაროთ დღეს, ხვალ და მარადიულად!
[სქოლიოები]
a ბიბლიის ზოგ თარგმანში ამ მუხლში სიტყვა „წყრთა“ შეცვლილია დროის საზომი ერთეულით — „ერთი წამით“ (The Emphatic Diaglott) ან „ერთი წუთით“ (A Translation in the Language of the People, by Charles B. Williams). მაგრამ ორიგინალში გამოყენებული სიტყვა სიტყვასიტყვით ნიშნავს წყრთას, რაც დაახლოებით 45 სანტიმეტრს შეადგენს.
როგორ უპასუხებდით?
• რას ნიშნავს ღმერთთან ერთად სიარული?
• რატომ გჭირდებათ ღმერთთან ერთად სიარული?
• რა დაგეხმარებათ ღმერთთან ერთად სიარულში?
• რა კურთხევებს იღებენ ისინი, რომლებიც ღმერთთან ერთად დადიან?
[სურათები 23 გვერდზე]
ბიბლიის ფურცლებიდან იეჰოვას ხმა ჩაგვესმის, რომელიც ჩვენ უკან ამბობს: „აი გზა“.
[სურათი 25 გვერდზე]
კრების შეხვედრებზე დროულად ვიღებთ სულიერ საზრდოს.